Home Blog Page 1902

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერების მიმართ, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერების მიმართ, შრომით ურთიერთობაში, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

კერძოდ, როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2023 წლის 4 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კომპანიამ ორ კურიერს პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა.

საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ შემუშავებულ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

„ამასთან, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციულად შეაფასა „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სხვა, 142 კურიერისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინება, რომლითაც კომპანია მათ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.

სახალხო დამცველმა, პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირების საქმიანობა შრომით ურთიერთობად პირველად „ბოლტის“ (Bolt Food) კურიერების საქმეზე შეაფასა, ხოლო მოგვიანებით იგივე სტანდარტები ასახა „გლოვოს“ მიმართ გაცემულ რეკომენდაციაში.

აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციის მიღების შემდეგ, „გლოვომ“ დისკრიმინაციის მსხვერპლ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა აღუდგინა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ხაბეიშვილის საქმიანობა მიმართულია დაძაბულობის კერების შექმნისკენ” – ირაკლი ქადაგიშვილი

ხაბეიშვილის საქმიანობა მიმართულია დაძაბულობის კერების შექმნისკენ, რაც პოლარიზაციის სურათის წარმოჩენას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი მოუწოდებს ლევან ხაბეიშვილს, პროვოკაციების მოწყობისგან თავი შეიკავოს.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, შუღლი და დაპირისპირება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.

„ყოველგვარი ექსცესი, რომელიც წარმოიშობა, ხელისუფლების ინტერესში არ შედის, რადგან ეს ხელს უწყობს შუღლისა და დაპირისპირების გაღვივებას. შემდგომში ეს გამოიყენება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ ფაქტორად, როგორც პოლარიზაციის არგუმენტად. ამაში ხელისუფლება დაინტერესებული არ არის. ხაბეიშვილის საქმიანობისა და პოლიტიკური არტიკულაციის სტილი მიმართულია იმისკენ, რომ კონფლიქტის, დაძაბულობის კერები შექმნას, რაც პოლარიზაციის სურათის წარმოჩენას ემსახურება. ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ მოყვანის მიზანი იყო, მელიასგან განსხვავებით, მრავალი პროვოკაცია განეხორციელებინა. მოვუწოდებ, პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეს საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და პარტიის წევრებს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ ლევან ხაბეიშვილის მოქალაქეებთან შეხვედრას დაპირისპირება მოჰყვა კასპშიც.

კანადამ ცხოველებზე კოსმეტიკის ტესტირება ოფიციალურად აკრძალა

კანადამ კოსმეტიკის ცხოველებზე ტესტირება ოფიციალურად აკრძალა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ასევე აიკრძალა იმ პროდუქციის გაყიდვა, რომელიც ცხოველებზე ტესტირების მონაცემებს იყენებს. ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ცხოველებზე კოსმეტიკის ტესტირება კანადაში „იშვიათად ხდებოდა“.

ცხოველებზე კოსმეტიკის ტესტირება სულ 44 ქვეყანაშია აკრძალული. მათ შორის არიან ევროკავშირის სახელმწიფოები, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ კორეა. აკრძალვა ასევე მოქმედებს აშშ-ის რამდენიმე შტატში.

კანადის მთავრობა ასევე მუშაობს იმაზე, რომ ცხოველებზე ტესტირება კოსმეტიკის გარდა სხვა სფეროებშიც აიკრძალოს.

“აფხაზი სეპარატისტების ლიდერი თურქეთსა და „ჩრდილოეთ კვიპროსში” – Voice of America

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ Voice of America-მ („ამერიკის ხმა“ – აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რედაქცია – ვაშინგტონში) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „აფხაზი სეპარატისტების ლიდერი თურქეთსა და „ჩრდილოეთ კვიპროსში”.

გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:

თურქეთსა და არაღიარებულ „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაში“ ამ დღეებში აფხაზი სეპარატისტების ე.წ „საგარეო მინისტრის“ ინალ არძინბა იმყოფებოდა კერძო ვიზიტით. ანკარაში ინალ არძინბა ოპოზიციური პარტია „დედა სამშობლოს“ („ვათან“) ლიდერმა დოღუ ფერინჩექმა მიიღო, რომელიც ღიად პრორუსული და პროაფხაზური პოზიციით გამოირჩევა.

დოღუ ფერინჩექი თურქეთში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ერთ-ერთი მთავარი ლობისტია. მას არაერთხელ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ. ბოლოს დოღუ ფერიჩექი დიდ დელეგაციასთან ერთად, ოკუპირებულ სოხუმში 2019 წელს იმყოფებოდა.

ინალ არძინბასთან შეხვედრის დროს დოღუ ფერინჩექმა კვლავ გაიმეორა, რომ თურქეთმა უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და „ეს უახლოეს მომავალში“ მოხდება. მან ასევე მნიშვნელოვანი უწოდა ურთიერთობების გაღრმავებას აფხაზეთსა და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ, ჩრდილოეთ კვიპროსს შორის, რომელიც 1974 წლიდან თურქეთის ოკუპაციის ქვეშ არის.

თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში, თურქეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, რადგან, ასეთი საკითხები, „დოღუ ფერინჩექის და სხვა ლობისტების დონეზე არ წყდება“.
„თუკი თურქეთი მართლაც გადაწყვეტს, რომ ოდესმე აფხაზეთი აღიაროს, ვფიქრობ, მოსამზადებელ ნაბიჯებს სწორედ, ჩრდილოეთ კვიპროსის ტიპის სატელიტების საშუალებით გადადგამს. მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს ძალიან ჰიპოთეზური სცენარია და ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. იმის გათვალისწინებით, რომ დოღუ ფერინჩექის გავლენა თურქეთის შიგნით საკმაოდ მცირეა, ამ განცხადებას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, თურქეთის საგარეო პოლიტიკა იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს და უშუალოდ, ერდოღანის დონეზე“, – უთხრა „ამერიკის ხმას“ სანდრო ბაკურაძემ.

დოღუ ფერინჩექის გარდა, ინალ არძინბა თურქეთში ვიზიტის დროს, ასევე შეხვდა თურქეთის დიდი მეჯლისის ახალ დეპუტატს, აფხაზ თალიჰ ოზჯანს (ხვატიშს). საინტერესოა, რომ ოზჯანი 2007-2013 წლებში, ოკუპირებულ სოხუმში ცხოვრობდა და ე.წ „აფხაზური პარლამენტის“ „დეპუტატი“ იყო.

თურქეთის პარლამენტში თალიჰ ოზჯანი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან“ მოხვდა, მან 2023 წლის მაისის არჩევნები, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, დუზჯეს პრივინციაში მოიგო. ოზჯანი ახალ მეჯლისში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს და სწორედ ამ რანგში მიიღო აფხაზი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი.

„ძალიან მიხარია, რომ თურქეთში ვარ და ვხდები აფხაზურ დიასპორას. აქ ვართ, რადგან ხელი შევუწყოთ აფხაზეთში მცხოვრები აფხაზებისა და აქ მაცხოვრებელი აფხაზების ინტეგრაციას. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალური გამოწვევების და საფრთხეების წინაშე, აფხაზეთმა, თურქეთმა და რუსეთმა მოახერხონ გაერთიანება და ძალისხმევის კოორდინირება“, – განაცხადა თურქეთში ყოფნისას, ერთ-ერთი ჩერქეზული ინტერნეტის არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ინალ არძინბამ.

თურქული წყაროების ცნობით, თურქეთის ახალ მეჯლისში თალიჰ ოზჯანის დაწინაურება, აფხაზეთის დამოუკიდებლობის კიდევ ერთი აქტიური მომხრის, აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლის ენგინ ოზქოჩის მხარდაჭერის შედეგია. ოზქოჩი ბოლო ოთხი მოწვევის მეჯლისის წევრი იყო 2011-2023 წლებში, საქარიის პროვინციიდან.

ბოლო წლებში და 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც, ენგინ ოზქოჩს მაღალი თანამდებობა ეჭირა ოპოზიციურ „სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში“, იყო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეც.

პარტიის ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ენგინ ოზქოჩი თურქეთის შინაგან საქმეთა ან ინფრასტრუქტურის მინისტრი უნდა გამხდარიყო. სწორედ მინისტრის პორტფელის გამო თქვა ენგინ ოზქოჩმა პარლამენტის მანდატზე უარი და საბოლოოდ, ქემალ ქილიჩდაროღლუს რეჯეფ ერდოღანთან მარცხის შემდეგ, მეჯლისს მიღმა დარჩა. ამჟამად, ენგინ ოზქოჩი პარტიაში ქემალ ქილიჩდაროღლუს მთავარი მრჩეველია.

აფხაზურ ლობს თურქულ პოლიტიკაში, თალიჰ ოზჯანის და ენგინ ოზქოჩის გარდა, ასევე წარმოადგენენ: დიდი მეჯლისის დეპუტატი, აფხაზი მუჰამედ ლევენთ ბულბულია – „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიიდან“ და დეპუტატი უმით დიქბაირი „კარგი პარტიიდან“. მათ გარდა, ადიღურ-ჩერქეზული წარმოშობის დეპუტატებიც, რომლებიც დიდ მეჯლისში ჩრდილოეთ კავკასიურ ლობს ქმნიან.

„თურქეთში ჩრდილოკავკასიური და აფხაზური ლობი, არა კონკრეტულად პარტიული, არამედ, უფრო მეტად დიასპორულ-ეთნიკური საკითხია. აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები ყველა პარტიაში არიან წარმოდგენილები, თუმცა მათი შესაძლებლობები მცირეა“, – ამბობს თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე.

მისი თქმით, „ერთადერთი, რამაც ეს სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეცვალოს, სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსის მკვეთრი ჩამოშლაა, თურქეთის სასარგებლოდ. ამის ნიშნები, უკრაინის ომის დასრულებამდე გამოკვეთილი არ არის. რაც შეეხება, თურქეთისა და აფხაზეთის კავშირებს, ისინი წლებია უკვე საკმაოდ აქტიურია, როგორც ეკონომიკურ, ისე სპეცსამსახურების დონეზე, უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთსა და „ჩრდილოეთ კვიპროსში“ აფხაზი სეპარატისტების ე.წ „საგარეო მინისტრის“ ვიზიტიც უკომენტაროდ დატოვა. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა „ნომერ პირველ პრიორიტეტად“ რჩება.

„ჩვენი მტრებისთვისაც და მოყვარებიისთვისაც მინდა განვაცხადო, რომ დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ნომერ პირველი პრიორიტეტია არაღიარების პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ, ყველა პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას რომ დაგვეხმარონ არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში“, – განაცხადა პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის „საათის“ დროს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

თურქეთში, სადაც არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზი მუჰაჯირების 500 ათასი შთამომავალი ცხოვრობს, კერძო ვიზიტის ფარგლებში, ინალ არძინბამ მოინახულა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი. ასევე, ოსმალეთის სულთნის მეჰმედ III-ის ხარჭისა და სულთან მუსტაფა I-ის დედის, აფხაზური წარმოშობის ჰალიმე სულთანის საფლავი, რომელიც აია-სოფიაში, მუსტაფა I-ის მავზოლეუმშია დაკრძალული.
არძინბა ყვავილებით მივიდა, ანკარაში, რუსეთის საელჩოშიც, სადაც 2016 წელს მოკლული რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის ბიუსტი დგას. თურქეთსა და “ჩრდილოეთ კვიპროსში” ვიზიტისას ინალ არძინბას, რუსეთის სენატორი ალექსანდრე ნეკრასოვი ახლავს.

თურქული წყაროების ცნობით, სტამბულის აეროპორტში ინალ არძინბა დიდი ხნით შეაყოვნეს, ვინაიდან უკრაინა არძინბას 2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე, წითელი ცირკულარით ეძებს.

ინალ არძინბას ბრალი ედება უკრაინის სახელმწიფო საზღვრების ხელყოფის მცდელობაში, ე.წ „დონეცკის“ და „ბესარაბიის“ „რესპუბლიკების“ შექმნის გზით. იმ პერიოდში, არძინბა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გუნდის წევრი იყო.

საბოლოოდ, თურქეთში რუსეთის ელჩისა და თურქეთის მეჯლისის პროაფხაზი დეპუტატების ჩარევის შემდეგ, ინალ არძინბა თურქეთში მაინც შეუშვეს.

წყარო

“შენნაირების გამო 15 მილიონი უკრაინელი საკუთარ სახლში აღარ ცხოვრობს” – ნიკოლეიშვილი არახამიას

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის – ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

ექსპერტი დავით არახამიას ნაძირალას უწოდებს და აღნიშნავს, რომ სწორედ მისნაირების გამო 15 მილიონი უკრაინელი აღარ ცხოვრობს საკუთარ სახლში.

„არახამია, შე ნაძირალა, შენნაირების გამო 15 მილიონი უკრაინელი საკუთარ სახლში აღარ ცხოვრობს!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“ასე ძალიან თუ უნდოდათ სააკაშვილი, საქართველოში რას შემოაპარეს” – გურამ მაჭარაშვილი

ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არა მხოლოდ პირდაპირ აზიანებს, არამედ პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რა მიზნითაც შემოაპარეს სააკაშვილი საქართველოში, იმ მიზნით უნდათ, ციხიდან გაუშვან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„სააკაშვილმა თავად აღიარა და თქვა, რომ უკრაინიდან თავისი ნებით არ შემოიპარა და მოატყუეს. შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ იცოდა, თუ როგორ აპირებდა სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას. თუ ასე ძალიან უნდოდათ სააკაშვილი, საქართველოში რას შემოაპარეს, უკრაინაში ხომ ჰყავდათ და იქ გამოეყენებინათ მისი რესურსი. სამწუხაროდ, დღესაც იმას აღიარებენ, რომ თურმე საქართველოში ხელისუფლება შესაცვლელია და ამიტომაც უნდათ სააკაშვილის გამოშვება ციხიდან. ბუნებრივია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ლევან გადელიას ფსიქიკური პრობლემები აქვს” – ადვოკატი

45 წლის ლევან გადელიამ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მკვლელობა ჩაქუჩით, დანითა და სახრახნისით სცადა. აღნიშნულის შესახებ გადელიასთვის წარდგენილ ბრალდებაშია მითითებული.

ლევან გადელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატი, გიორგი მდინარაძე  აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, ვინაიდან მომხდართან დაკავშირებით არაფერი ახსოვს.

„დუმილის უფლებას იყენებს არა იმის გამო, რომ ამის უფლება აქვს, არამედ, იმის გამო, რომ მას არაფერი ახსოვს. ყველაფერი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარეა, კლინიკაშიც იწვა და მკურნალობდა კიდეც“, – განაცხადა მდინარაძემ.

ლევან გადელია შესაბამის კლინიკაში მკურნალობას უახლოეს პერიოდში გადიოდა. იმის დასადგენად, დანაშაულის ჩადენის მომენტში, იმყოფებოდა თუ არა ის შერაცხად მდგომარეობაში, მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.

განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის მკვლელობის მცდელობას თვითმხილველი არავინ ჰყავს.

ცნობისთვის, ლევან გადელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19/109-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

უკრაინაში საქართველოს ელჩმა კიევი დატოვა

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია.

კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.

სუს-ი 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება 153 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა, ხოლო გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის საფუძველზე, აღნიშნული ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა 11 მათგანს.

ანგარიშის მიხედვით, საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმის წარმოების კომისიური შემოწმება 113 ორგანიზაცია-დაწესებულებაში განხორციელდა.

„2022 წელს, სამსახური განაგრძობდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვებისა და სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვებისთვის სანდოობისა და საიმედოობის დასადგენად სპეციალური ღონისძიებების გატარებას.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება გაიცა 153 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე, ხოლო გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის საფუძველზე, აღნიშნული ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა 11 მათგანს.

ამასთან, საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმის წარმოების კომისიური შემოწმება განხორციელდა 113 ორგანიზაცია-დაწესებულებაში, 5 556 ფიზიკურ პირზე განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შემოწმების პროცედურა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზედამხედველი მოსამართლის მიერ 33 ბრძანებაა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების თაობაზე გაცემული.

„2022 წელს უფლებამოსილმა საგამოძიებო ორგანოებმა სსიპ – ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში, საერთო ჯამში, წარადგინეს მოსამართლის 2 300 განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების, პროკურორის 137 მოტივირებული დადგენილება გადაუდებელი წესით ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზედამხედველი მოსამართლის მიერ გაცემული 33 ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების თაობაზე.

2022 წელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, კონტროლის სპეციალური ელექტრონული საშუალებებისა და ინსპექტირების პროცედურების გამოყენებით, განაგრძობდა სააგენტოს საქმიანობის შემოწმებას და კანონმდებლობის შესაბამისად, იყენებდა ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას.

საანგარიშო პერიოდში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა ფარული მიყურადებისა და ფარული ჩაწერის საგამოძიებო მოქმედებების არაგეგმური ინსპექტირება, რომელიც მიმდინარეობდა 2022 წლის 28 ივლისიდან 2022 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.

ინსპექტირების განხორციელებისას აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შესულიყვნენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში შეემოწმებინათ სააგენტოს საქმიანობა, მისი მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტები (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი) და მიეღოთ ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ.

შემოწმების შედეგად, სააგენტოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა“, – ნათქვამია სუს-ის 2022 წლის ანგარიშში.

ლევან ხაბეიშვილს საგარეჯოში მოსახლეობა დაუპირისპირდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს საგარეჯოში მოსახლეობა დაუპირისპირდა. ხაბეიშვილის გამოჩენას ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე საგარეჯოში მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით ჩავიდა, საუბრის მთავარ თემას საპენსიო რეფორმა წარმოადგენდა.

ადგილობრივების განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ლიდერები არ უნდა იყვნენ საგარეჯოში, ვინაიდან ეს პარტია 2012 წელს გარდაიცვალა და მათი რეინკარნაცია არ მოხდება. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლები, მათ შორის კახეთის სამხარეო დეპარტამენტის უფროსი. პოლიცია ვითარების განმუხტვას ცდილობს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი!” – თამთა მეგრელიშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი! ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი სწორედ სააკაშვილის უგნური პოლიტიკის შედეგად იქნა ოკუპირებული – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სამხედრო ბაზები, რომლებიც შევარდნაძის დროს სტამბოლის ხელშეკრულების შედეგად გაყვანილი იქნა კვლავ დაბრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლიდერის წყალობით.

ექსპერტის თქმით, ყველა სტრატეგიული ობიექტი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 2008 წლამდე და მის შემდეგ გადასცა რუსეთს და ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე, სირცხვილია!

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი!
ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი სწორედ სააკაშვილის უგნური პოლიტიკის შედეგად იქნა ოკუპირებული. სამხედრო ბაზები, რომლებიც შევარდნაძის დროს სტამბოლის ხელშეკრულების შედეგად გაყვანილი იქნა კვლავ დაბრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლიდერის წყალობით. თბილისიდან, 50კმ დაშორებით იქნა მოყვანილი რუსის ჯარი. ყველა სტრატეგიული ობიექტი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 2008 წლამდე და მის შემდეგ გადასცა რუსეთს.
1. ენგურჰესი – რუსული კომპანია „რაოესი“;
2. ჟინვალჰესი – რუსული კომპანია „რაოესი“;
3. რიონჰესი – რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“;
4. გუმათი 1- რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
5. გუმათი 2 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
6. ლაჯანურჰესი – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
7. შაორჰესი – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
8. ვარციხე1 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
9. ვარციხე 2 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
10. ვარციხე 3 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
11.ვარციხე 4 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
12. ხრამი 1 – რუსული კომპანია „რაოესი“;
13. ხრამი 2 – რუსული კომპანია „რაოესი“;
14. ხრამი 3 – რუსული კომპანია „რაოესი“;
15. ხრამი 4 – რუსული კომპანია „რაოესი“;
16. ხრამი 5 – რუსული კომპანია „რაოესი“;
17. ყაზტრანსგაზ თბილისი – რუსული კომპანია „გაზპრომი“;
18. გაზ.კომპანია „იტერა“ – რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;
19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ – რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;
20. გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები – რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
23. „მადნეული“ – რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
24. „კვარციტი“ – რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან „რუსეთის რკინიგზა“;
26. კომპანია „ბილაინი“ – რუსული კომპანია;
27. „აზოტი“ – რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
28. „გაერთიანებული ქართული ბანკი“ – რუსული კომპანია „ვითიბი“;
29. „ლუკოილ ჯორჯია“ – რუსული კომპანია „ლუკოილი“;
30. ზესტაფონის “ფერო”-რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
31. ელმავალთმშენებელი ქარხანა – რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“;
32. არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო – რუსული კომპანია „ბატუსი“;
33. თბილისის წყალი – რუსული კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი“.
და ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე, სირცხვილია!

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

6-7 ივლისს, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამასთან, განმარტავენ, რომ 8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, ასევე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

„აღმოსავლეთ საქრთველოში 10 ივლისამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა.

ქ. თბილისში მხოლოდ 7 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.