Home Blog Page 19

“დამამცირებელი დარტყმა პუტინზე: მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების შედეგების მნიშვნელობა რუსეთის პრეზიდენტისთვის”-The Daily Telegraph

„მოლდოვაში 28 სექტემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული მმართველი პარტიის PAS-ის (Partidul Acțiune și Solidaritate – „მოქმედება და სოლიდარობა“) გამარჯვება (50,2%) ოპოზიციურ პრორუსულ „პატრიოტულ საარჩევნო ბლოკზე“ (BEP), რომელმაც ხმების მხოლოდ 24%-ის მიღება შეძლო, პრეზიდენტ მაია სანდუს ტრიუმფს ნიშნავს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „დამამცირებელი დარტყმა პუტინზე: მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების შედეგების მნიშვნელობა რუსეთის პრეზიდენტისთვის“ (ავტორი – სემიუელ რამანი). „მოლდოვაში მმართველი პარტიის ისტორიული გამარჯვება კრემლის აღმოსავლეთ ევროპული სტრატეგიული ამბიციების მიმართ ისეთი დარტყმაა, რომელიც რუსეთისთვის ძნელად გადასატანი იქნება“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

რუსეთი სამი ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა მოლდოვას შენარჩუნებას თავის ორბიტაზე, განსაკუთრებით დნესტრისპირეთში გაღვივებული სეპარატიზმის წყალობით 1990-1992 წლებში, რომელსაც კიშინიოვის ხელისუფლება დღემდე ვერ აკონტროლებს – იქ რუსეთის არმიის ქვედანაყოფები იმყოფებიან. სხვათა შორის, კრემლის დაპირებით, დნესტრისპირეთიდან რუსული ქვედანაყოფები 2002 წელს უნდა გაყვანილიყვნენ, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა შეთანხმება დაარღვია – მდინარე დნესტრის ნაპირებზე მდებარე რეგიონი – მოლდოვას აღმოსავლეთ ნაწილი – ფაქტიურად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა მაია სანდუმ პრორუსული ორიენტაციის მქონე მეტოქე იგორ დოდონი დაამარცხა, რუსეთმა მკვეთრად გააქტიურა ჰიბრიდული მუქარები მოლდოვას წინააღმდეგ. 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის იმდროინდელმა ენერგეტიკულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ მოლდოვასათვის გაზის მიწოდების 30%-იანი შემცირება გამოაცხადა, რასაც უკრაინიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტა მოჰყვა, რუსეთის მიერ უკრაინის ელექტროსადგურების დაბომბვის გამო. კრემლს იმედი ჰქონდა, რომ მოლდოვას მოსახლეობის პროტესტებით ქვეყნის მთავრობა დაეცემოდა, მაგრამ მაია სანდუმ სიმტკიცე გამოავლინა და უარი თქვა რუსულ გაზზე.

როცა კრემლის იძულებითმა ტაქტიკამ მარცხი განიცადა, რუსეთმა სხვა ხერხს მიმართა – დაიწყო დეზინფორმაციის მასობრივი გავრცელება, პროკრემლური მასალების პროპაგანდა მოლდოვას მოსახლეობისათვის. რუსული მასმედია ხაზს უსვამდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ოპოზიცია ანუ პრორუსული ძალა მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს და ამომრჩევლებს აზრს უნერგავდა – არჩევნებში იგორ დოდონის ბლოკი გაიმარჯვებდა. გარდა ამისა, რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტია და პირადად მაია სანდუ მხარს უჭერდნენ „ლგბტ“-საზოგადოების იდეებს.

რუსეთი ასევე აქტიურად ცდილობდა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიაც: მოლდოველ მღვდლებს აფინანსებდა, მიჰყავდა ისინი რუსეთში სალოცავად და ანტიდასავლური დეზინფორმაციის მქადაგებლებად ამზადებდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საინფორმაციო ომი და კიბერნეტიკული შეტევები გააერთიანა და გაორმაგებული ძალით მიმართა მოლდოვას საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, კრემლმა სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია. სხვათა შორის, უფრო ადრე კრემლმა მარცხი განიცადა მოლდოვას მეზობელ რუმინეთში, სადაც ამომრჩეველმა უპირატესობა პროდასავლელ საპრეზიდენტო კანდიდატს დან ნიკუშორს მიანიჭა, ვიდრე პრორუსულ ჯორჯე სიმონის.

წინ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებია, 3-4 ოქტომბერს. არ არის გამორიცხული, რომ კრემლის დახმარებით გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იგორ ბაბიშმა და მისმა პარტიამ, მაგრამ იმავდროულად რუსეთმა შეიძლება დაკარგოს ერთგული ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირში, რუსეთის სასარგებლოდ, განხეთქილება შეაქვს. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის აპრილში უნდა ჩატარდეს.
ბოლო წლებში გარკვეული ტენდენცია გამოიკვეთა: როცა რომელიმე ევროპული ქვეყნის არჩევნებში კრემლისათვის უპირატესი კანდიდატი ან პარტია იმარჯვებს, რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა გამარჯვებული პარტიის მიერ შექმნილი მთავრობა ანტიუკრაინულ ნაბიჯების გადადგმაზე აიძულოს. მაგალითად, თავის დროზე, როცა იტალიის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კრემლისათვის სასურველი კანდიდატი ჯორჯა მელონი გახდა, ვლადიმერ პუტინისათვის სამწუხაროდ, სენიორა მელონიმ მხარი დაუჭირა უკრაინას და რუსული აგრესია დაგმო. საპასუხოდ კრემლმა იტალიის წინააღმდეგ კიბერშეტევები და საინფორმაციო ომი განახორციელა, მაგრამ წარუმატებლად.

მოლდოვას საპარლამენტო არჩევნები შედეგები ქვეყნის ევროპული ორიენტაციის ტრიუმფს და რუსული დეზინფორმაციის მარცხს წარმოადგენს. ეს არის ორმაგი დამამცირებელი დარტყმა ვლადიმერ პუტინზე, რაც ხაზს უსვამს რუსეთის გავლენის შესუსტებას მეზობლებზე.

წყარო:

პრეზიდენტი Responsible Statecraft-თან: ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა პოლიტიკურ ველზე საღი აზრის დაბრუნება და პოლიტიკის ეროვნულ ინტერესებზე მორგება

„ქართულმა ოცნებამ“ მთელი რიგი ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები გაატარა და როგორც პრეზიდენტი ყაველაშვილი დაბეჯითებით უსვამს ხაზს, რეფორმების შედეგად საქართველო საგრძნობლად უსწრებდა მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების გზაზე, – ვკითხულობთ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Responsible Statecraft-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ნიუ-იორკში ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ.

„ბატონ ივანიშვილს მტრები ყოველთვის მოსკოვის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არასდროს წარმოუდგენიათ. თუმცა, უდავოა ის ფაქტი, რომ ბატონი ივანიშვილის უზარმაზარი სიმდიდრე, პოლიტიკური გავლენები, ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო საქმიანობა და პირადი პრესტიჟი იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 2012-2013 წლებში იყო, იგი კვლავ რჩება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ და დომინანტურ ფიგურად“, – წერია სტატიაში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

„პრეზიდენტ ყაველაშვილის თქმით, „სწორედ მისი დამსახურებაა ქართულ პოლიტიკურ ველზე საღი აზრის დაბრუნება და ქართული პოლიტიკის ჩვენს რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგება. მისნაირი პიროვნებების რიცხვი საქართველოს ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია. ის ჩვენი ერის სამაგალითო პიროვნებაა“, – ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში, რომელიც მან გავლენიან ამერიკული გამოცემას Responsible Statecraft-ს ნიუ-იორკში მისცა.

საინფორმაციო შეხვედრა ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებითსაქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით,  ყრუ და სმენადაქვეითებულ  ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ასევე ამომრჩეველთა საჭიროებების გაცნობა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა  და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. ცესკოს წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიური იყო და შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე. 

შეხვედრა 29 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში,ქუთაისში გაიმართა. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საარჩევნო პროცესში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცესკო მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება.

„ძუძუს კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად,  მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას ჩვენი დედაქალაქიც უერთდება და თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს hchbc vff gსაშუალება, რაც შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა დაავადების შორსწასული ფორმებისა და ლეტალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ. 

თბილისის სატელევიზიო ანძა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

აღსანიშნავია, რომ 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ ძუძუს კიბოს უფასო გამოკლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.

კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.

 ,,500-დან ერთი პუნქტის გარღვევას ექნება დომინოს პრინციპი, რაც გამოიწვევს რეჟიმის დამხობას”- ზვიად კუპრავა

ასი ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია, – აცხადებს ოპოზიციონერი, ზვიად კუპრავა, ვიდეო მიმართვაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კუპრავას განცხადებით, 500-დან ერთი პუნქტის გარღვევას ექნება დომინოს პრინციპი, რაც გამოიწვევს რეჟიმის დამხობას.

„როგორ ვახერხებთ ამას – 4 ოქტომბერს, თბილსის მასშტაბით, გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის, საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტი. 500 პუნქტი ივანიშვილმა იცის, რომ არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ გააკონტროლებს. დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მიიღებს დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა“, – აცხადებს კუპრავა.

მისივე თქმით, კომპრომისზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა და 5 ოქტომბრამდე სახლში იჯდება, თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს და პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს.

„ვიღაც, ალბათ, იფიქრებს, დაგიჭერენო, ვერ დამიჭერენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, რომ მე დამიჭიროს, ან ვინმე დაიჭიროს და მეორე – თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი დაიჭერს საკრებულოს წევრს, საკრებულოს არჩევნებზე მისი სტრატეგიული ამოცანა მშვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ვერ იქნება მიღწეული, შესაბამისად, ის მაინც დაემხობა.

არის კიდევ მესამე გზა – თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე, როგორც ერთი ადამიანი, იმ წუთიდან დავჯდები სახლში და 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი, ბატონო ივანიშვილო, გნებავთ, ვაჭრობა დაარქვით, გნებავთ, მუქარად მიიღეთ, თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობით“, – აცხადებს ზვიად კუპრავა.

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, მარინა რამაზაშვილსა და ალექსანდრე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით ბაჩიაშვილის მშობლებმა საქართველო 2025 წლის 26 თებერვალს დატოვეს და ისინი ქვეყანაში არ იმყოფებიან.

დაცვის მხარე მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. მათივე განმარტებით, საქმეში ბაჩიაშვილის მშობლების ბრალეულიბა არ არსებობს და ისინი მინდინარე სისხლის სამართლის საქმეზე არც ერთხელ არ გამოკითხულან.

ცნობისთვის,  გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების, მარინა რამაზაშვილსა და ალექსანდრე ბაჩიაშვილს წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ორივე პირის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7252 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1999 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0260 ლარი შეადგინა.

რამდენი ლარით გაიზრდება პენსია 2026 წელს

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 800,0 მლნ ლარზე მეტითაა გაზრდილი, რომლის ფარგლებში, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზრდება და 495 ლარი გახდება, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და 370 ლარით განისაზღვრება, 2026 წლიდან ასაკით პენსიონერთა პენსია გაიზრდება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წლისა და მეტი ასაკის კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება.

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება. ამასთან, პროექტის მიხედვით, გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.

ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს; ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.

2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია საქართველოს მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა გაიმართება – რა მოლოდინები აქვთ მონაწილეებს

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და „გაყიდვების ასოციაციის“ ორგანიზებით, 8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში, მასშტაბური გამოფენა, „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება, რომელიც მონაწილეებისთვის ახალი ბაზრისა და შესაძლებლობების ათვისებას შეუწყობს ხელს.

ორდღიანი კონფერენცია, “საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა” სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს გააერთიანებს და 4000-მდე სტუმარს ელის.

ბოლო წლებში, უზბეკეთის საკანონმდებლო ინიციატივები უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად. მთავარი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებია, რომელიც ახალ გარემოში ბიზნესის წამოწყებას ამარტივებს.

ქართული კომპანიებისადმი რომ ინტერესი მაღალია, ეს “სოფტგენის” მიერ ჩატარებულ კვლევაშიც გამოჩნდა.  ბაზრის შესწავლის შემდეგ, კომპანიამ  ფილიალი უზბეკეთში გახსნა. საქართველოში “სოფტგენი” 2008 წლიდან ოპერირებს და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 17-წლიანი  გამოცდილების მქონე ბრენდი გამოფენის მონაწილეა და მისი მთავარი მოტივაცია ახალი კონტაქტების დამყარებაა.

“ადრე უზბეკეთის ბაზარი არ იყო ხელმისაწვდომი და ის  უცხოელი ინვესტორებისთვის ახლახან გაიხსნა. ჩვენი ბიზნესმოდელი B2B-ია. გამოცდილებაზე მოთხოვნა  ნამდვილად არსებობს, აინტერესებთ სიახლეების დანერგვა. მსგავსი ფორმატის კონფერენციები ყოველთვის ძალიან ეფექტური და წარმატებულია. გამოფენა საუკეთესო საშუალებაა ჩვენი კომპანია წარვადგინოთ და უფრო მეტი ბიზნესის წარმომადგენელი გავიცნოთ”, – ამბობს იასონ ზარქუა “სოფტგენ ჯგუფის” დამფუძნებელი.

უზბეკეთში თანამედროვე, მომხმარებელზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. ამ პროცესს კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჭიროებაც ახლავს თან, როგორც საბანკო და ფინტექ სფეროში, ასევე ჯანდაცვაში.

“დოქტორიუმი გამოფენაზე წარდგენილი იქნება სტენდით, სადაც წარმოვაჩენთ, თუ როგორ შეიძლება AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა და ციფრული პლატფორმა გახდეს სანდო მხარდამჭერი როგორც ექიმებისთვის, ისე – პაციენტებისთვის. შევისწავლით, თუ რა საჭიროებები და ტენდენციებია უზბეკეთში ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით“, – აღნიშნავს მულტიპროფილური კლინიკა, ,,კანის” დამფუძნებელი და დირექტორი, მაია წურწუმია. მისი თქმით, მთავარი მოლოდინია პარტნიორობა ადგილობრივ კლინიკებთან და სამედიცინო ცენტრებთან, ასევე ციფრული ჯანდაცვით დაინტერესებულ სადისტრიბუციო კომპანიებთან კოლაბორაცია.

რადგან ინტერესი და ნდობა ქართული კომპანიებისადმი მზარდია, გამოფენაში მონაწილე  ბრენდებს შესაძლებლობა ექნებათ, მომავალ პარტნიორებს პირისპირ შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმონ.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

ცესკო-ს თავმჯდომარე არჩევნებისთვის მზადების პროცესს მარნეულში გაეცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა.

მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკო-ს პრესსპიკერთან, ნათია იოსელიანთან ერთად მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა.

„ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი კალანდარიშვილმა, ნათია იოსელიანთან და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულში არსებული დროებითი სასაწყობე სივრცე დაათვალიერა.

აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია 4 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაცია და ელექტრონული ტექნოლოგიები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე კანონით დადგენილ ვადებში გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.

საქართველოს დებიუტი AI მსოფლიო ოლიმპიადაზე და გიგი მოლაშხიას განათლების ამბავი

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტებული მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, პეკინში, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზა. საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა, და პირველი გამარჯვებაც – ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

საერთაშორისო AI ოლიმპიადა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. წელს მათ შორის იყვნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებსაც სჯეროდათ – წინ გამოწვევები და დიდი გამარჯვება ელოდათ. გაიცანით ნაკრების მონაწილე – გიგი მოლაშხია. გიგის ამბავი ხელოვნური ინტელექტის სამყაროს მიმართ უზომო ინტერესით იწყება. მას სურვილი ჰქონდა სიღრმისეულად შესწავლა თუ როგორ მუშაობს AI მოდელები და როგორ შეიძლება მათ რეალურ პრობლემებზე გამოყენება.

„AI-ს წელს პირველად შევეხე, ამიტომ ბევრი რამ ნულიდან ვისწავლე. ადრე ხელოვნურ ინტელექტს უფრო როგორც ტექნიკურ ინსტრუმენტს ისე აღვიქვამდი, მაგრამ ოლიმპიადის შემდეგ დავინახე, რომ AI არის კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ცოდნა მხოლოდ კოდის დონეზე არ სრულდება; ოლიმპიადის დროს მივიღე ისეთი ცოდნა, რომელიც საშუალებას მაძლევს პრობლემას სხვადასხვა კუთხით შევხედო და უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები შევქმნა”.

ოლიმპიადა გიგისთვის მხოლოდ კონკურსი არ ყოფილა. მისთვის ეს გახდა ახალი შესაძლებლობები ახალი ამბების შესაქმნელად.

„ეს ოლიმპიადა არის საუკეთესო შესაძლებლობა, რადგან აძლევს ახალგაზრდებს შანსს რეალურ, პრაქტიკულ ამოცანებზე გამოცადონ საკუთარი ცოდნა და დაინახონ, სად არის მათი სიძლიერე და სად სჭირდებათ განვითარება. გარდა ტექნიკური უნარებისა, ოლიმპიადაში მონაწილეობა გაძლევს საერთაშორისო მეგობრობას, გუნდური მუშაობის გამოცდილებას, მოტივაციას და ყველაზე მთავარს – თვითრწმენას, რომ შეგიძლია გლობალურ მასშტაბზე კონკურენცია”.

მუდმივი შრომა, ცნობისმოყვარეობა და საკუთარი თავის რწმენა – ის სამი გასაღებია, რომლებიც გიგიმ გამარჯვებისთვის მომავალ მონაწილეებს დაუტოვა. ანუ, როგორც თვითონ მრავალჯერ აღნიშნავს: „ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს.”

„მომავალ მონაწილეებს ვეტყოდი, რომ კურსზე დარეგისტრირება ნამდვილად ღირს! ეს არ არის მხოლოდ შეჯიბრება – ეს არის თავგადასავალი, უნიკალური შანსი, გახდე გლობალური AI საზოგადოების ნაწილი და ერთ-ერთი მათგანი, ვინც მომავალს შექმნის”.

გახსოვდეს, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. ახლა თუ ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველმა ცდამ ერთ დროს შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს.

გადადგი პირველი ნაბიჯები მომავლის შექმნაში და 8 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე.

(R)

 

საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება – 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7,9 პროცენტი შეადგინა

წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6,6 პროცენტით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მიმდინარე წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს: 2025  წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 9.8% იყო, მეორე კვარტლის ზრდა 7.3%-ს გაუტოლდა, ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.5%, ხოლო აგვისტოში 6.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.9%-ით განისაზღვრა.

მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლის აგვისტოში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 9.0%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4,632 ერთეულს გაუტოლდა. 2025 წლის აგვისტოში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი, პოზიტიური წვლილი შეიტანეს ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ასევე ვაჭრობის სექტორებმა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებს, ამ პერიოდში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა, მათ შორის ხაზგასასმელია ექსპორტი, რომელიც  6.7%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა  მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები (წლიური ზრდა – 3.8%).

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2024 წელიც, როცა  საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. 2024 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს  გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. ამის დასტურია სავალუტო ფონდის მიერ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-დან 7.2%-მდე გაზრდა, ასევე EBRD-ის მიერ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის  6%-დან 7%-მდე ზრდა. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს 2025-2030 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც,  საშუალოდ, 5.4% იქნება.