Home Blog Page 19

რუსული თავდასხმების ბოლო ტალღას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა – BBC

რუსული თავდასხმების ბოლო ტალღას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო დონეცკის ოლქის ქალაქი დობროპილია და ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ბოჰოდუხივი.

“კონფლიქტის შემსუბუქების ნიშნები ჯერ არ ჩანს”, – წერს BBC.

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ არ იჩქარებთ, ამ დღეს საქმეების დაწყება მარტივად გამოგივათ და იღბალიც თქვენს მხარეს იქნება. პრობლემების სწრაფად გადაჭრას ნუ ეცდებით – უმჯობესია, ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ. ყურადღება არ მოადუნოთ, რომ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არ გამოგრჩეთ. არსებობს შანსი, რომ ძველი, დაკარგული ნივთი იპოვოთ. მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება ურთიერთობებში მცირე პრობლემები ან დანაკარგები გამოიწვიოს.

რჩევა: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს.

კურო

მშვიდი და გაწონასწორებული დღეა. შესაძლოა, სასიამოვნოსა და სავალდებულოს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს, საეჭვო ნაცნობებს და ყველაფერს, რაც ჯანმრთელობას დაგიზიანებთ. თუ სიფრთხილეს და მიზანდასახულობას გამოიჩენთ, დღემ სასიამოვნოდ და უპრობლემოდ ჩაიაროს.

რჩევა: ფრთხილად – დიდი ფულის ადვილად შოვნის სურვილმა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

ტყუპები

მოვლენებით დატვირთული, წინააღმდეგობრივი დღეა, როცა იღბალი და მცირე სირთულეები ერთმანეთს ენაცვლება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს და არავის მისცეთ დაპირება, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ. კარგი დროა ურთიერთობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გახსოვდეთ რომ ცხოვრება ომია და თუ გამარჯვება გსურთ, მხოლოდ წინ უნდა იაროთ.

რჩევა: ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

ემოციურად რთული დღეა. შესაძლოა, მოულოდნელმა შემთხვევამ დაგაბნიოთ. მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ და პრობლემა მშვიდად განიხილოთ. ახლობლებთან ურთიერთობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატარეთ. ბავშვებთან ურთიერთობა ენერგიით აგავსებთ.

რჩევა: ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და საყვარელი ადამიანების რჩევები გაითვალისწინოთ.

ლომი

დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. იღბალი როგორც შემოქმედებით, ისე პირად საქმეებში თქვენს მხარესაა, თუმცა გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ შესაძლოა, ურთიერთობებში სირთულეები შეგიქმნათ.

რჩევა: ეცადეთ, პირად ცხოვრებაში დიდსულოვნება გამოიჩინოთ და წყენა დაივიწყოთ.

ქალწული

თუ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ ზედმეტად კრიტიკული არ იქნებით, ეს დღე ნაყოფიერი გამოდგება. გამორიცხული არ არის, რომ სასურველსა და სავალდებულოს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. პლანეტები გირჩევენ, რომ დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ.

რჩევა: გაზრდილია ინფექციური დაავადების რისკი, ამიტომ ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.

სასწორი

ეს დღე ხელსაყრელია შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლოა, მცირე გაუგებრობები წარმოიშვას, მაგრამ მათი მოგვარება არ გაგიჭირდებათ. დაუსრულებელი საქმე მძიმე ტვირთს ჰგავს, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ ამ ტვირთისგან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეთ.

რჩევა: ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

მორიელი

წინააღმდეგობრივი დღეა. თქვენი ძლიერი მხარე — ინტუიცია — მოულოდნელობებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, თუმცა მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ემოციურ კონფლიქტებს, რადგან შეიძლება მნიშვნელოვანი ურთიერთობა დააზიანოს.

რჩევა: ემოციებს ნუ მისცემთ უფლებას, რომ თქვენს გადაწყვეტილებებზე იმოქმედოს. ენდეთ ინტუიციას და იმპულსურ ქმედებებს მოერიდეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს იღბალი გაუღიმებს მათ, ვისაც მოგზაურობა და ურთიერთობები უყვარს. თქვენი გეგმები და იდეები გარშემომყოფებისთვის მიმზიდველი იქნება, თუმცა გადაჭარბებული ოპტიმიზმი შეიძლება, არასწორი გადაწყვეტილების მიზეზი გახდეს.

რჩევა: ეცადეთ, გარშემო მყოფებს კრიტიკული შენიშვნებით თავი არ მოაბეზროთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ისე გააკეთეთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

თხის რქა

მშვიდი და სტაბილური დღეა. შესაძლოა, გავლენიანი ადამიანებისგან მხარდაჭერა მიიღოთ, თუმცა შეიძლება თქვენი ემოციური დაძაბულობა გამოიწვიოს. თუ თქვენს ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

რჩევა: ეცადეთ მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი დაიცვათ.

მერწყული

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ. მცირე წინააღმდეგობაზე მზად ხართ დენთივით იფეთქოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს კონტაქტები შეზღუდოთ და ნაკლები ისაუბროთ.

რჩევა: სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

თევზები

ემოციურად დატვირთული დღეა. მოულოდნელი მოვლენები შეიძლება სტრესის მიზეზი გახდეს, თუმცა დღის ბოლოს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და შრომის ნაყოფიერება იმდენად გაიზრდება, რომ ყველა რთული და უსიამოვნო დავალების დასრულებას შეძლებთ.

რჩევა: შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი და თვითკრიტიკას მოერიდეთ.

როგორი ამინდი იქნება 9 მარტს საქართველოში

9 მარტს საქართველოს ყველა ქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი  ტემპერატურა, +20 გრადუსი ზუგდიდშია მოსალოდნელი. დედაქალაქში კი +17 მზიანი ამინდია ნავარაუდევი. 

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +18 – უმეტესად ღრუბლიანი 

სოხუმი +16 – უმეტესად მზიანი 

ზუგდიდი +20 – უმეტესად ღრუბლიანი 

მესტია +12 – უმეტესად ღრუბლიანი 

ფოთი +16 – მზიანი 

ბათუმი +14 – მზიანი 

ოზურგეთი +18 – მზიანი 

ქუთაისი +20 – მზიანი 

ამბროლაური +17 – უმეტესად მზიანი 

ახალციხე +13 – მზიანი 

ბორჯომი +12 – უმეტესად მზიანი 

ბაკურიანი +9 – მზიანი 

გორი +16 – მზიანი 

ცხინვალი +14 – მზიანი 

სტეფანწმინდა +6 – მზიანი 

გუდაური +2 –  მზიანი 

თელავი +15 – მზიანი 

რუსთავი +19 – მზიანი 

თბილისი +17 – მზიანი 

ბელგიამ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების დაწყება 2026 წლამდე გადადო

ბრიუსელში ევროკავშირის სხვა ლიდერებთან შეხვედრის წინ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდება 2026 წლამდე გადაიდო. 

შეფერხება გამოწვეულია იმით, რომ ბელგია ელოდება ახალი F-35 გამანადგურებლების მიღებას, რომლებიც უნდა შეიცვალოს. 

ბელგიის პრემიერს დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 

F-16-ები განკუთვნილია უკრაინაში საბრძოლო გამოყენებისთვის, მაგრამ მიწოდების განახლებული განრიგი ნიშნავს, რომ გამანადგურებლებს უკრაინა 2026 წლამდე ვერ მიიღებს. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტის წინ ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

„მადლობა გადავუხადე მთავრობას და ყველა ბელგიელს გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებით F-16 თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ვაფასებთ ამ მტკიცე ნაბიჯებს უკრაინის სიცოცხლის დასაცავად“, – დაწერა მან Telegram-ზე შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების, დანიისა და ნიდერლანდების მეთაურობით 2023 წელს შექმნილმა მებრძოლთა კოალიციამ უკრაინაში F-16 გამანადგურებლების მიწოდება 2023 წელს დაიწყო. 

აშშ ევროპაში სამხედრო წვრთნების დაგეგმვაში მონაწილეობის შეწყვეტას განიხილავს

შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ აპირებს, შეწყვიტოს მონაწილეობა ევროპაში მომავალი სამხედრო წვრთნების დაგეგმვაში. ამის შესახებ შვედური გამოცემა Expressen წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება შვედეთში რამდენიმე სწავლებასაც შეეხება.

ამერიკული მონაწილეობის გაყინვა გავლენას არ მოახდენს წვრთნების დაგეგმვაზე, რომელიც უკვე შეთანხმებულია და 2025 წელს გაიმართება, აცხადებენ წყაროები.

„ეს ეხება წვრთნებს, რომლებიც ამჟამად „სახატავ დაფაზეა“, ანუ ცოტა მოგვიანებით“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

თუ განზრახვები განხორციელდება, ეს ნიშნავს, რომ შვედეთი და ნატოს სხვა ქვეყნები იძულებულები იქნებიან, დაგეგმონ წვრთნები ამერიკის მონაწილეობის გარეშე, ან მხოლოდ მცირე ამერიკული ქვედანაყოფებით.

აშშ-ს სურს ევროპაში სამხედრო ხარჯების შემცირება და სხვაგან მიმართვა. ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, უპირატესობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს მიანიჭოს, განსაკუთრებული აქცენტით ჩინეთზე.

ამასთან, The Telegraph-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანისა და უნგრეთში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავს.

,,გუდაურში მიმდინარე სნოუბორდ კროსის შეჯიბრის ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა” – მარიამ ქვრივიშვილი

დღევანდელი შეჯიბრის ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა, – ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო.

მისი შეფასებით, ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა მნიშვნელოვანია სამთო-ტურისტული კურორტების პოპულარიზებისთვის.

„საქართველოში ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრი მიმდინარე ზამთრის სეზონზე უკვე მესამედ ტარდება. წელს გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. დღევანდელი შეჯიბრის ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა. დადებითი შეფასებები მიიღო ორგანიზებისთვის მთის ტრასების სააგენტომ და სათხილამურო ფედერაციამ. ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და სამთო-ტურისტული კურორტების პოპულარიზებისთვის. მით უფრო, რომ საერთაშორისო მედია აქტიურად აქვეყნებს სიუჟეტებსა და სტატიებს მსოფლიო თასის მიმდინარეობაზე. გამონაკლისი არც დღევანდელი შეჯიბრია, რომელიც ევროსპორტზე პირდაპირი ტრანსლირებით გადაიცემოდა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ სნოუბორდ კროსში გამარჯვებული სპორტსმენები – იაკობ დუშეკი (ავსტრია), ადამ ლამბერტი (ავსტრალია) და ელიოტ გრონდინი (კანადა) დააჯილდოვა. სულ მსოფლიო თასის ეტაპზე 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი ასპარეზობს. მათ შორისაა, კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, უნგრეთი, იაპონია და სხვა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) ეგიდით მაღალი რანგის შეჯიბრების ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს, როგორც განვითარებული სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას. მისი თქმით, აღნიშნული პოზიტიურად აისახება როგორც უშუალოდ ტურიზმის სექტორზე, ასევე სამთო კურორტების პოპულარიზებასა და ტურისტული ნაკადების ზრდაზე.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

აღსანიშნავია, რომ წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ საქართველო, კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი, მუდმივ კალენდარში ჩასვა.

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა.

აღნიშნულის თაობაზე დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. მანამდე, დამსწრეებს წარუდგინეს ვიდეო-რგოლი მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებიდან პარტიად ჩამოყალიბებამდე გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, პარტიის წევრებმა დაამტკიცეს პარტიის წესდება, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა.

როგორც პარტიის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ქმნის, „ნამდვილი თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია იქნება, რომლის ამოცანასაც სახელმწიფოს დაბრუნება წარმოადგენს“.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ წამყვანი პოლიტიკური ძალა საქართველოში. ეს იქნება ნამდვილი თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია. ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება სახელმწიფოს დაბრუნება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ სახელმწიფო, რომელსაც გვართმევს „ქართული ოცნება“ და ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. ამ ბრძოლაშიც „თავისუფლების მოედანი“ ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტია იქნება. შემდეგ, სახელმწიფო უნდა გავხადოთ დემოკრატიული. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ნამდვილი, მრავალპარტიული დემოკრატია. ეს აქამდე, სამწუხაროდ, არასდროს გაგვიკეთებია. შემდეგ მრავალპარტიული დემოკრატიული საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ასე დამკვიდრდება ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ყველა ამ საქმეში „თავისუფლების მოედანი” იქნება წამყვანი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

აღსანიშნავია, რომ „თავისუფლების მოედანი“, როგორც მოძრაობა, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი იყო.

,,ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს”- პეტრე ცისკარიშვილი

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ამბობს, რომ ამით საერთო საქმეს დააზიანებენ და ბიძინა ივანიშვილის თამაშში შევლენ.

„ასეთ არჩევნებში ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ. ზოგ მუნიციპალიტეტში ერთ, ორ საკრებულოს წევრს შეიყვანენ და თუ ამით ბედნიერები იქნებიან ღმერთმა ხელი მოუმართოთ, უბრალოდ საერთო საქმეს ძალიან დააზიანებენ. ძალიან ცუდი თუ აპირებენ. ანუ, ბიძინა ივანიშვილის თამაშში შედიან და მისი ძალაუფლების ლეგიტიმაციას ახდენენ უკვე ადგილობრივ დონეზე. ამ არჩევნებთან თუ პრობლემა არ გაქვს, ე.ი არც წინა არჩევნებთან გქონია დიდი პრობლემა“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

ცისკარიშვილის თქმით, ვინც მართლა ოპოზიციონერად თვლის თავს ამ თამაშში არ უნდა შევიდეს.

„ეს ამდენი ხალხი, გახარიას თუ არ ჩავთვლით გაუგებარია მისი პოზიცია, ნახევრად არის თუ არ არის. 61 დეპუტატი პარლამენტში არ შევიდა, ბოიკოტი გამოუცხადა, ამით მათი ლეგიტიმაცია არ მოახდინა და როგორ შეიძლება ქართველმა, დეპუტატად არჩეულმა სუბიექტმა მოახდინოს იმ ადამიანების ლეგიტიმაცია და მათთან ერთად ერთ დარბაზში იჯდეს, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სტრასბურგში ევროპელმა პარლამენტარებმაც კი არ ისურვეს მათთან საერთო დარბაზის გაზიარება და ლეგიტიმაცია მერე ამათ თავისით მოიხსნეს ვითომ, დატოვეს იქაურობა, თორემ არც ისინი აძლევდნენ.

ასე რომ, სწორი გადაწყვეტილება იყო პარლამენტში რომ არ შევედით. პარლამენტში არ შედიხარ, არჩევნებს არ აღიარებ, მაგრამ ამ ადგილობრივ არჩევნებზე რა, “ნიჩურტა” მაქვს და მოდი ვცადოთ ბედი, იქნებ ერთი ორი საკრებულოს წევრი სადმე გავაძვრინო და ამ თამაშში მოგყვები? ეს იქნება სწორი მესიჯი ბიძინა ივანიშვილის გასაგონად ისევე, როგორც მთელი დასავლური სამყაროს მიმართ? მე არ ვფიქრობ, რომ ვინც მართლა ოპოზიციონერად თვლის თავს ამ თამაშში უნდა შეყვეს იმ მოცემულობაში, რაც დღეს გვაქვს, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მაგრამ მოდი იქამდე დაველოდოთ, იქნება და ფეხზე დადგეს ის ცოცხალი ორგანიზმი რუსთაველის გამზირზე, გაიზარდოს, მეტი ჯანი შეემატოს და საქმეც ბოლომდე მივიდეს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ზელენსკიმ დაასახელა უკრაინის დელეგაციის წევრები, რომლებიც საუდის არაბეთში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავენ

უკრაინა საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან შესახვედრად ოთხი ოფიციალური პირის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის დელეგაციაში შევლენ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, მისი მოადგილე პავლო პალისა, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

„მომავალ კვირას დავიწყებ საუდის არაბეთში ვიზიტით. ორშაბათს [10 მარტს] გვირგვინოსან პრინცთან ჩემი შეხვედრის შემდეგ უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები იქ დარჩებიან, რათა სამშაბათს ამერიკის გუნდს შეხვდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინული მხარე „კონსტრუქციული დიალოგის ერთგულია“. 

„ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, განვიხილოთ და შევთანხმდეთ საჭირო გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე. უკრაინა ამ ომის პირველივე წამიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის. რეალისტური წინადადებები მაგიდაზეა. მთავარია, სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ“, – დასძინა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

,,ორი საუკუნის მოვლენა!” – ირაკლი გოგავა

ორი საუკუნის მოვლენა! 11 თებერვლის პოსტში https://www.facebook.com/share/p/1K7VCPcLSe/ ვივარაუდეთ, რომ ტრამპი, „Deep State“-ის ამერიკული სტრუქტურების დარბევის შემდეგ, მის რეალურ პატრონებს ანუ აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემას მიადგებოდა. ფედერალური სარეზერვო სისტემა ლიბერალ-გლობალისტების ღერძული სტრუქტურაა, ის კერძო საბანკო სახლების მიერ არის შექმნილი და 1913 წლიდან აშშ-ს საბანკო-ფინანსურ სისტემას აკონტროლებს. მსოფლიო ვაჭრობის 55% დოლარით ხდება, რაც მათ დამატებით $10 ტრილიონიან ეფექტს აძლევს. აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის ($1,8 ტრილიონი 2024წ.) დიდი ნაწილის შევსება ფედერალური სარეზერვო სისტემისგან სესხის აღებით ხდება, მეორე ნაწილის – უცხო ქვეყნებზე გაყიდული სახაზინო ობლიგაციებით. ამ პროცესის შედეგად აშშ-ს სახელმწიფო ვალმა 2025 წლისთვის $36,6 ტრილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც ამერიკული ეკონომიკა 2024 წელს $29,7 ტრილიონი იყო. შედარებისთვის: ჩინეთის ეკონომიკა 20024 წელს $18,8 ტრილიონი იყო ნომინალით, ხოლო მსყიდველობითი უნარის პარიტეტით PPP – $37 ტრილიონი. 2025 წელს აშშ-ს ფედერალურ ბიუჯეტმა სახელმწიფო ვალის მომსახურებისთვის $952 მილიარდი უნდა გადაიხადოს, 2026 წელს -$1 ტრილიონი, ხოლო 2035 წელს $1,8 ტრილიონის გადახდა მოუწევს და ეს მხოლოდ დარიცხული პროცენტია. აშშ-ს ბიუჯეტის მთელი ხარჯი 2025 წელს $7 ტრილიონით არის განსაზღვრული. გამოდის, რომ სახელმწიფოს ხარჯების თითქმის 14% ვალის პროცენტის მომსახურებას უნდა მოხმარდეს, საიდანაც ლომის წილი ფედერალურ სარეზერვო სისტემას მიაქვს. 7 მარტს სენატორებმა თომას მასიმ, მაიკ ლიმ და კიდევ 10-მა კონგრესმენმა აშშ-ს კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომლის მიხედვით ფედერალური სარეზერვო სისტემა უქმდება!!! შემდეგი შეტევის ობიექტი ოფშორული ზონები გახდება, რომლის 80% გლობალისტების მეორე დასაყრდენის – დიდი ბრიტანეთის კონტროლირებად ტერიტორიებზეა განთავსებული. ქართველ ბიზნესმენებს ვურჩევ, ოფშორებში განთავსებული თანხები საქართველოში გადმოიტანონ და კიდევ ერთი რეკომენდაცია: იმ ქართულ ბანკებში გადმოიტანეთ, რომელთა აქციები უცხოურ საფონდო ბირჟაზე არ ივაჭრება. ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევით, ქართველებს უცხოურ საბანკო სისტემაში $45 მილიარდი აქვთ. ჩამოიტანეთ ეგ ფული და მოახმარეთ ქართულ ეკონომიკას – აყვავდება ქვეყანა! არ გარისკოთ ოფშორში გაჩერება! ახლა ხომ გასაგებია, ოფშორებიდან ფულის საქართველოში გადმოტანის გამარტივების კანონი ორიოდე თვის წინ რატომ მიიღეს?! – წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა

,,საქართველო არ უნდა გახდეს სირია, ლიბია, ან უკრაინა!”- სოსო მანჯავიძე

,,10 დეკემბერს დადებული პოსტია. ზოგიერთმა მომწერა. არაფერი ეგეთი არ მოხდება, სირიაში დემოკრატიული ძალები მოვიდნენ სათავეში და ეგ კარგია ჩვენთვისო))))) საინტერესოა, ახლა რას იტყვიან. ევროპული მედია კი ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებს ალავიტების და ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტას. მათ უსირცხვილობას და უზნეობას საზღვარი მართლაც არა აქვს. თურმე ნუ იტყვით, სირიის ხელისუფლებაში მოსული ტერორისტული დაჯგუფებები ლეგიტიმური და დემოკრატიული ხელისუფლება ყოფილა, ხოლო საქართველოს მთავრობა კი არალეგიტიმური და არადემოკრატიულია. სირიაში ასადის გაქცევის შემდეგ ხელისუფლებაში ადრე ყველასგან ტერორისტულ დაჯგუფებებად ცნობილი პროთურქული ჰაიათთაჰრირ ალ შამი და ჯაბჰათ ალ ნუსრა მოვიდნენ. დღეს ნეთანიაჰუ კმაყოფილი სახით გადაჰყურებდა გოლანის მაღლობებიდან სირიას. ,,ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილების შემდეგ ჩვენ აღარ ვართ შეზღუდული იმ ვალდებულებებით , რომელიც აღებული გვქონდა”-განაცხადა მან. ამიტომ ისრაელის არმია სირიის ტერიტორიაზე კონტროლის ზონას აფართოებს. ჩრდილოეთ სირია თურქეთის კონტროლის ქვეშაა. ამერიკელები ქურთებით დასახლებულ რეგიონებში არიან გამაგრებული. რუსები ტარტუსსა და ხმეიმიმში ელოდებიან სიტუაციის განვითარებას. დაიწყო დამასკოს, ჰომსის, ჰამას და სხვა ქალაქების ძარცვა. ისლამისტი მებრძოლები ჰარამხანებს ქმნიან ტყვე ქალებისგან. დაიწყო ლინჩის წესით დასჯები თავის მოკვეთით. გენოციდის საფრთხის ქვეშ არიან ალავიტები, დრუზები და ქრისტიანები. სირია ძველი ფორმით ვეღარ იარსებებს და იწყება ომი ყველა- ყველას წინააღმდეგ. რაც გლობალურ დაპირისპირებას გამოიწვევს. ამ დროს კი ჩვენი ლიბერდეგენერატები ზეიმობენ, რადგან ამ მოვლენას რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების კონტექსტში განიხილავენ. ამ დროს, ეს მოვლენები ჩვენთვის გაფრთხილება უნდა ყოფილიყო-ჩვენს თვალწინ უზარმაზარი ტრაგედია თამაშდება. იშლება ქვეყანა და ის ნაწილდება სხვადასხვა გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის, რასაც ასეთ დროს ჩვეულებრივი ეთნიკური წმენდები მოჰყვება. გარდა ამისა. ისლამისტი მებრძოლების შემდეგი სამიზნე, დიდი ალბათობით, კავკასია იქნება. 2011 წლის დაწყებული ფერადი რევოლუციის შედეგი სახეზეა. 5 მილიონი დევნილს, ნახევარ მილიონი დაღუპულს, კიდევ გაურკვეველი რაოდენობის დევნილი და დაღუპული დაემატება. ჰოდა, აქ ზოგიერთი პოლიტაფოფინებული ქალბატონი აღტაცებას გამოთქვამს. ეტყობა, ძალიან მოსწონს ჰაიათთაჰრირ ალ-შამის რომელიმე მებრძოლის ჰარამხანაში მოხვედრის პერსპექტივა. იქ აუცილებლად დაიცავენ მათ უფლებებს და მოძალადე რეჟიმისგან დაიხსნიან, ასევე ექნებათ საშუალება კარგად გაიხსენონ საქართველოს ისტორია 16-18 საუკუნეებში. თუმცა, მათიც მესმის, ისეთი დამცველები ჰყავთ, რომ აქ ვერ შემოგვბედავენ, ჯერ მარტო პაველჰერჩინსკი რად ღირს. ახლა სერიოზულად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მოვლენების ძალისმიერ სიბრტყეში გადაყვანა, სათავეშივე უნდა აღიკვეთოს შეიარაღებული ჯგუფების ჩამოყალიბება. საქართველო არ უნდა გახდეს სირია, ლიბია, ან უკრაინა! უკაცრავად და -სულ არ მაინტერესებს ილუზიებში მყოფი სუბიექტების სენტიმენტალიზმი და ე.წ. ცნობადი სახეების იდიოტური გამოხტომები. მათ შორის მათივე ინტერესებშია ქვეყანაში შენარჩუნდეს კონსტიტუციური წესრიგი. ამაზე პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებასთან ერთად თითოეულ შეგნებულ საქართველოს მოქალაქეს ეკისრება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუტაროთ ბულინგი და ზიზღის ფრქვევა, პასუხი უნდა გავცეთ, მაგრამ არ გვძულდეს, გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანები ძირითადად სადაზვერვო პროპაგანდის მსხვერპლნი არიან. ის, რომ საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო და ბევრი რამ არ გაკეთდა, რაც უნდა გაკეთებულიყო, ან გაკეთდა ის , რაც არ იყო გასაკეთებელი-ცალკე საკითხია. მთავარია, ქვეყანა არ გადავაყოლოთ ნგრევისა და სისხლისღვრის ჟინით შეპყრობილ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს. მერე თვითონ გვეტყვიან რატომ არ გაგვაჩერეთო, როგორც მაგალითად, ახლა გვეუბნება პუტჩისა და ვარდების რევოლუციის ბევრი აქტიური
მონაწილე.” – წერს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

,,სანქცირებულთა სიები შედგენილია საქართველოში და გადაგზავნილია საქართველოდან”- ვლადიმერ ბოჟაძე

„სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს საქართველოს და საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ახლა, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ასე ღიად ებრძვიან ჩვენს ქვეყანას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სანქცირებულთა სიები შედგენილია საქართველოში და გადაგზავნილია საქართველოდან.

„აქ არ არის ხელისუფლებაზე საუბარი, აქ არის საქართველოს მტრობაზე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მტრობაზე საუბარი.

სიები, რომლებიც ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნიდან, შედგენილია საქართველოში და გადაგზავნილია საქართველოდან. როგორც წესი, შემდეგ ყოველგვარი აპელაციის გარეშე, ისე, რომ კონკრეტული ადამიანების თანამდებობასაც კი აღარ კითხულობენ ხანდახან, ვის რა თანამდებობა უკავია, პირდაპირ, უაპელაციოდ წერენ სიაში.

სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს საქართველოს და საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ერთად შევძელით, თავი დაგვეღწია საბჭოთა კავშირისთვის, ახლა, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ასე ღიად ებრძვიან ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბოჟაძემ.