Home Blog Page 19

ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე შედგა საფუძვლიანი განხილვა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საფუძვლიანი განხილვა შედგა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ისევე როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე.

„სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მქონდა პატივი შევხვედროდი სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს. საფუძვლიანი განხილვა შედგა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე.

საქართველოსა და სომხეთს შორის მტკიცე კავშირები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და მე მტკიცედ ვრჩები ერთგული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების იდეისადმი საერთო ინტერესის სფეროებში.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევით შევძლებთ უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში, რაც გახსნის გზას ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გერმანიის საგარეო უწყების პოზიცია არის ლოგიკური – ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი -ირაკლი კობახიძე

გერმანიის საგარეო უწყების პოზიცია არის ლოგიკური – ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს უნდოდა დარჩენილიყო პრეზიდენტად, თუმცა, მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებზე და ამით უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილს.

„გერმანიის ელჩი რას ამბობს, საინტერესო არ არის. ის, მას შემდეგ, რაც დაბინავდა ხაზარაძის პირად საკუთრებაში, ემსახურება რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს. შესაბამისად, ყველა მისმა განცხადებამ დაკარგა აზრი და ინტერესი. რაც შეეხება ოფიციალურ პოზიციას, რომელიც გახმოვანდა გერმანიის საგარეო უწყების მხრიდან, უწყების ეს პოზიცია არის ლოგიკური. ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი. სალომე ზურაბიშვილს უნდოდა, დარჩენილიყო პრეზიდენტად, თუმცა, მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებზე და ამით უთხრა უარი სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ექვსი წელი ემსახურებოდა არა საკუთარ ქვეყანას, პრეზიდენტის პოსტზე, არამედ უცხო ძალებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ადამიანი როდესაც შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული, რათა სახელმწიფო იყოს დაცული -ირაკლი კობახიძე

ადამიანი როდესაც შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული, პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციაზე და პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინც ახალისებს ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, ამ ადამიანების მიზანია სახელმწიფოს ჩამოშლა.

„არის შემთხვევები, სადაც წარიმართება გამოძიება, სადაც საქმე ეხებოდა ძალის გადაჭარბებას, გადამეტებას. თქვენ იცით, რომ იქ იყო ნიღბები, შესაბამისად, რთულია კონკრეტული დანაშაულების იდენტიფიცირება და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია დანაშაულზე, რომელიც ღიად ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა კამერების წინაშე. ანუ, აბსოლუტურად ცხადია ეს დანაშაული. რაც შეეხება თანაზომიერებას, შეგახსენებთ, რომ ჯერ სასჯელიც არ არის შეფარდებული, არის წინასწარი პატიმრობა. ყველას მინდა ვუთხრა, ამას პრევენციისთვისაც აქვს მნიშვნელობა, მე ამას ვამბობ როგორც იურისტი, როდესაც ადამიანი შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული, რათა სახელმწიფო იყოს დაცული, პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციაზე და პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი, ეს არის ის მიდგომა, რომელსაც იყენებენ სამართალდამცველი სტრუქტურები და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. ვინც ახალისებს ასეთი ტიპის ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, ამ ადამიანების მიზანი რა არის, მათ უნდათ, ჩამოშალონ სახელმწიფო, პოლიცია. ამას ადრე აკეთებდნენ გახარიას ხელით, სხვა ფორმით და ახლა ცდილობენ, ასეთი პროვოკაციებით შეასუსტონ ჩვენი პოლიცია. რა თქმა უნდა, ვერავის მივცემთ ამის საშუალებას, ვერც ელჩებს, ვერც ჩინოვნიკებს და ვერც რადიკალურ ოპოზიციას, ვერც „ენჯეოებს“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ასეთი პროვოკაციების მოსაწყობად“, – განაცხადა პრემიერმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

Emaar ჯგუფი უმსხვილესი ინვესტორია უძრავი ქონების სფეროში, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებაზე ხელმოწერა ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი სამუშაო ადგილის შექმნას -ირაკლი კობახიძე

Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში და ერთი რამ უნდა ითქვას, რომ სადაც ხელი მოჰკიდა კონკრეტულ პროექტს Emaar ჯგუფმა, ყველგან მიიყვანა სათანადო ვადებში ბოლომდე სრული მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ამ პროექტის დაწყებას. 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას ძალიან მნიშვნელოვნად, დამატებით შეუწყობს ხელს. რომ წარმოიდგინოთ ჩვენი ეკონომიკა დღეს არის 30 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი და ამ ინვესტიციის მოცულობა არის 6 მილიარდი, ეს არის დაახლოებით 18% ჩვენი ეკონომიკის, ის ინვესტიცია, რაც ჩაიდება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, თან საუბარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ყველა თვალსაზრისით არის უპრეცენდენტო და უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები-ირაკლი კობახიძე

მზია ამაღლობელის ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც მან განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა დონორი, თანხის თითოეული ჩამდები მზია ამაღლობელის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა.

„რაც შეეხება კონკრეტულად მზია ამაღლობელის შემთხვევას, თქვენ იცით, რომ ჩვეულებრივად  კამერების თვალწინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, სამართალდარღვევა, როდესაც ხელი დაარტყა კონკრეტულმა ადამიანმა პოლიციელს, პოლიციის ხელმძღვანელს კონკრეტულ რეგიონში. ეს სამართალდარღვევა არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, შესაბამისად, ამ ყველაფრის მედიასთან დაკავშირება არის ცარიელი სპეკულაცია. მინდა, ყველას ერთი რამ ვუთხრა, როდესაც საუბარია რაღაცების წაქეზებაზე, ყველა ის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანს უწოდებდა არამშვიდობიან პროტესტს, არის იმ დანაშაულის წამქეზებელი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ”,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც ახალისებდა ძალადობას თბილისის ქუჩებში, არის ასეთი სამართალდარღვევების წამხალისებელი.

„მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ კვირებისა და თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის ესენი არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც არიან საქართველოში, რადიკალურ ოპოზიციასა და სხვებზე აღარ ვსაუბრობ. მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა მზია ამაღლობელის პატიმრობაზე, რადგან მათ წაახალისეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ. ისინი ამას აკეთებდნენ ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული, განსაკუთრებული აქტიურობით, არჩევნების მეორე დღიდან მოყოლებული ვინც ახალისებს ძალადობას ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით პოლიციელებზე ძალადობას, მას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ რაიმეზე ისაუბროს საერთოდ. როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე,  პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი. მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად. თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისათვის.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მე კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ შეხვედრისთვის, მთავარია, ეს შეხვედრა იყოს საქმიანი და დეტალებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გონჩარენკო უკმაყოფილოა, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი, სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები, ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ -ირაკლი კობახიძე

გონჩარენკო უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები, ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამით ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსულ მხარესთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სამი წლის წინ პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.

„აქ იყო კოორდინაცია ისევე, როგორც თავის დროზე იყო კოორდინაცია მეორე ფრონტთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ იმის პარალელურად, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვდა მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, სანქციებთან მიერთებას და ა.შ. რუსეთთან დაკავშირებით უკრაინელი დეპუტატები პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტის გახსნაზე. პირდაპირი მოწოდებები იყო ამასთან დაკავშირებით. დღეს ერთ-ერთი მათგანი PACE-ს წევრი, უკრაინელი გონჩარენკო, რომელიც თავის დროზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსულ მხარესთან, სახელმწიფოსთან, დღეს საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სამი წლის წინ პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.

დღეს, ვითომც არაფერი, საუბრობს, თურმე არავის სდომებია საქართველოში მეორე ფრონტი. ის პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან მეორე ფრონტის გახსნას. ახლა აბსოლუტურად ლოგიკურია, თუ რა მოტივები ამოძრავებს გონჩარენკოს. ის უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი და სწორედ ამას უკავშირდება მისი და მისი თანამოაზრეების ანტიქართული ნაბიჯები. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა ამით ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ შეარყევენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე, ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის – ყველა დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში არეულობის შემოტანისკენ და რევოლუციისკენ, უნდა გაჩერდეს -ირაკლი კობახიძე

ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, უნდა გაჩერდეს.

„ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, თუმცა, გამჭვირვალობაზე ჩვენზე მეტად სხვები ზრუნავენ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი ასეთი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის. მთავარია, რომ ასე გაგრძელდეს პროცესები. იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ სამ თვიანი შეჩერება. ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, რა თქმა უნდა, უნდა გაჩერდეს და ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ტრამპის ადმინისტრაციას, იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა პრემიერმა.

ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა რაც შეეხება ევროსაბჭოს, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა -ირაკლი კობახიძე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, ფუნქციას, ამას აკეთებდა საკუთარი ხელით და გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამის გაგრძელებაა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ერევანში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოს დელეგაციის მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ასეთ პირობებში, საქართველოსთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა ქვეყანა რჩება ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა.

„დღეისთვის, სამწუხაროდ, PACE, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი. ასეთ პირობებში, ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა რაც შეეხება ევროსაბჭოს, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან. ამას დავპირდით ჩვენ ევროსაბჭოს მდივანს, როდესაც ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში და რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით,“- აღნიშნა პრემიერმა.

ქრისტიანული ცნების თანახმად, გიყვართ თქვენი ოჯახი, შემდეგ მეზობელი, შემდეგ თქვენი თანამოქალაქეები და ამის შემდეგ, შეგიძლიათ ფოკუსირება დანარჩენ მსოფლიოზე – ჯეი დი ვენსი

არსებობს ძველი სკოლა და სხვათა შორის, ვფიქრობ, ეს ძალიან ქრისტიანული ცნებაა: გიყვართ თქვენი ოჯახი, შემდეგ გიყვართ მეზობელი, შემდეგ გიყვართ თქვენს გარშემო საზოგადოება, შემდეგ გიყვართ თქვენსავე ქვეყანაში მცხოვრები თქვენი თანამოქალაქეები და ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირება დანარჩენ მსოფლიოზე, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუს დროს.

მისი თქმით, მემარცხენეების დიდმა ნაწილმა აღნიშნული კონცეფცია მთლიანად შეცვალა, ვინაიდან ჩანს, რომ მათ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები სძულთ და სხვა სახელმწიფოებში მცხოვრებ ხალხზე უფრო ზრუნავენ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის მმართველობაში მნიშვნელოვანი განსხვავება შემოიტანა, რაც გულისხმობს ამერიკის და მისი მოქალაქეების ინტერესების დაყენებას პირველ ადგილზე.

„ულტრამემარცხენეების დიდმა ნაწილმა ეს მთლიანად შეცვალა. როგორც ჩანს, მათ სძულთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები და უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთ საზღვრებს გარეთ მყოფ ადამიანებზე. საზოგადოება ასე არ იმართება. ვფიქრობ, დიდი განსხვავება, რაც დონალდ ტრამპმა ამ ქვეყნის მმართველობაში შემოიტანა, არის მარტივი კონცეფცია – ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე სხვა გძულს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ლიდერობა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან მკაფიო იყო ამ საკითხში, რაც პირველ ადგილზე ამერიკის მოქალაქეების ინტერესების დაყენებას გულისხმობს. ისევე, როგორც უნდა ზრუნავდეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრიტანელებზე და ფრანგი – ფრანგებზე, ჩვენ გვყავს ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ზრუნავს პირველ რიგში ამერიკელებზე და ეს ძალიან მისასალმებელი ცვლილებაა. სი ძინპინი ჩინელებზე ზრუნავს, პუტინი კი – რუსებზე. ეს არის მათი მოვალეობა. მადლობა ღმერთს, ჩვენ ახლა გვყავს ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ზრუნავს ამ ქვეყნის მოქალაქეებზე.“ – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

დონალდ ტრამპი და ‘გიჟის თეორიის’ კონცეფცია – ავთანდილ წულაძე

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯები მძაფრ რეაქციას იწვევს როგორც თავად შეერთებულ შტატებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ამრიგად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, გაეყინა მთავრობის მიერ დაფინანსებული ყველა მხარდაჭერის პროგრამა სკანდალში გადაიზარდა. ფედერალურმა მოსამართლემ გასცა ბრძანება დახმარების პროგრამების გაყინვის უკანონობაზე, მიუხედავად ამისა, თეთრი სახლი ცდილობს  გადაწყვეტილების შესრულებას.

Another judge is preparing to block Trump’s spending freeze, despite White House cleanup – POLITICO

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ტრამპს ადანაშაულებენ სკანდალური „პროექტი 2025“-ის განხორციელებაში. ეს დოკუმენტი მემარჯვენე კონსერვატორმა ანალიტიკოსებმა შექმნეს ვაშინგტონის ბიუროკრატიის „დაჩოქების“ მიზნით. ამრიგად, დემოკრატმა სენატორმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ მხარდაჭერის პროგრამების გაყინვა არის „პროექტი 2025“-ის განხორციელება, მაგრამ სხვა სახელით“. https://www.politico.com/news/2025/01/29/trump-federal-spending-freeze-project-2025-007378

 საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე ტრამპის განცხადებები და ქმედებები იწვევს დაბნეულობას და შეშფოთებას. ტრამპმა  დაიწყო არალეგალური ემიგრანტების შეერთებული შტატებიდან გაძევება. კოლუმბია ცდილობდა შეეჩერებინა მიგრანტების უკან დაბრუნება, მაგრამ იძულებით დათანხმდა მას შემდეგ, რაც ტრამპი ტარიფების გაზრდით დაემუქრა.

ტრამპის განცხადებებმა გრენლანდიის, პანამის არხის ანექსიის და კანადის შტატად გადაქცევის სურვილმა შოკი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. დონალდ ტრამპი გიჟია? ტრამპის ფსიქიკური ჯანმრთელობა მრავალი სტატიის, ვიდეოს და წიგნის თემა გახდა. მსოფლიოს პირველ ზესახელმწიფოს მართლა გიჟი მართავს?

სინამდვილეში, დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ახორციელებენ სტრატეგიას, რომელსაც „გიჟის თეორიას“ უწოდებენ. 60-იან წლებში რიჩარდ ნიქსონი და მისი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჰენრი კისინჯერი ცდილობდნენ საბჭოთა კავშირის დაშინებას ვიეტნამის ომის დროს იმით, რომ შეექმნათ შთაბეჭდილება თითქოს აშშ-ს პრეზიდენტს იმდენად სძულდა კომუნიზმი, რომ გადადგამდა ნებისმიერ “გიჟურ ნაბიჯს”, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებას. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, საბჭოთა დაზვერვამ დაადგინა, რომ ამერიკული ბომბდამშენების და წყალქვეშა ნავების მანევრები სსრკ-ს საზღვრებთან არის მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლის გეგმის ნაწილი და რომ შეერთებული შტატების ქმედებები არ წარმოადგენდა რეალურ საფრთხეს საბჭოთა კავშირისთვის.

რიჩარდ ნიქსონის წარუმატებელი მცდელობა, გამოეყენებინა „გიჟის თეორია“ საერთაშორისო პოლიტიკაში, დავიწყებას მიეცა. შეერთებული შტატები აღარ იყენებდა ამ კონცეფციას დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლამდე.

მისი პირველი ვადის განმავლობაში ტრამპი „გიჟურად“ იქცეოდა ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობაში და იმუქრებოდა აშშ-ის ნატოდან გასვლით. ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დაშინებას თავისი „სიგიჟით“ ცდილობდა. მაგრამ ტრამპის პირველი ვადის დროს მის „გიჟურ“ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს არ ჰქონდა კარგად გააზრებული სტრატეგიის ხასიათი. ამიტომ ანალიტიკოსები დონალდ ტრამპის „გიჟურ“ ნაბიჯებს უკავშირებდნენ მის იმპულსურობასა და არაკომპეტენტურობას საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

დონალდ ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადას იწყებს გუნდთან ერთად, რომელშიც შედიან ილონ მასკი და დიდი IT ბიზნესის სხვა წარმომადგენლები. ამ გუნდის სისტემატურმა მუშაობამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპს საშუალება მისცა, მოეგო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ჰარისმა რეკლამაზე გაცილებით მეტი ფული შეაგროვა და დახარჯა, ვიდრე ტრამპმა. ტრამპის მხარდამჭერმა IT ინდუსტრიის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს “გიჟის თეორია” ახალ დონეზე – ხელოვნური ინტელექტის, სუპერკომპიუტერებისა და დიდი მონაცემთა ანალიზის გამოყენებით. დონალდ ტრამპი თავის „გიჟურ“ განცხადებებს აკეთებს არა ემოციების ან ცუდი განწყობის გავლენის ქვეშ. ის ახორციელებს საგულდაგულოდ გათვლილ სტრატეგიას, რათა შეცვალოს თანამედროვე მსოფლიო წესრიგი შეერთებული შტატებისა და ამერიკული კორპორაციების სასარგებლოდ.

ტრამპისა და მისი გუნდის გეგმები შეერთებული შტატების რიგი ანალიტიკოსების შეშფოთებას იწვევს. მაგალითად, ჟურნალმა Foreign Affairs-მა გამოაქვეყნა როზანა მაკმანუსის სტატია „გიჟის თეორიის შეზღუდვები“, სადაც ავტორი ასახავს ამ კონცეფციის საერთაშორისო პოლიტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს. კერძოდ, ავტორი ხაზს უსვამს, რომ „გიჟმა“ შეიძლება შეაშინოს ოპონენტები, მაგრამ ნდობას არ შთააგონებს მათ და ამიტომ მასთან შეთანხმების დადება უიმედო საქმედ ითვლება. https://www.foreignaffairs.com/united-states/limits-madman-theory

ამავე ჟურნალმა გამოაქვეყნა ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ივო დაალდერისა და საგარეო პოლიტიკის საბჭოს ანალიტიკოსის ჯეიმს ლინდსის სტატია სათაურით „ტრამპის ზეწოლის პოლიტიკის ფასი“. https://www.foreignaffairs.com/united-states/price-trumps-power-politics

ავტორები თვლიან, რომ დონალდ ტრამპის მცდელობამ აიძულოს სხვა ქვეყნები, მიიღონ მისი პირობები ზეწოლის ქვეშ, მისმა მკვეთრმა ნაბიჯებმა საერთაშორისო არენაზე შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები შეერთებული შტატებისთვის.

რამდენად წარმატებული იქნება დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის მიერ „გიჟის თეორიის“ გამოყენება, შეიძლება ვიმსჯელოთ აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის მეორე ვადის შედეგებით. ცხადია, რომ ეს სტრატეგია უქმნის რისკებს აშშ-ს როგორც შიდა პოლიტიკაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა, ტრამპის „სიგიჟე“ პარადოქსულად ამშვიდებს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ბოლო დროს მსოფლიოს საფრთხის წყაროდ ითვლებოდნენ: რუსეთი აცხადებს მზადყოფნას დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად; ირანი ეძებს გზებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ესკალაციის შესამცირებლად; ჩინეთი ტაივანის გარშემო ვითარებას არ ამძაფრებს.

დონალდ ტრამპსა და რიჩარდ ნიქსონს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ ნიქსონი რაციონალური პოლიტიკოსი იყო და მისმა ოპონენტებმა ეს იცოდნენ. ამიტომაც სსრკ-ს არ სჯეროდა ნიქსონის “სიგიჟის”. დონალდ ტრამპს აქვს იმპულსური ადამიანის იმიჯი, რომელიც მიდრეკილია მოულოდნელი და მკაცრი გადაწყვეტილებებისკენ. ამიტომ, დონალდ ტრამპის „გიჟის თეორიას“ შესაძლოა გაცილებით დიდი ცვლილებები მოჰყვეს მთელ მსოფლიოში. IT სპეციალისტები, როგორიცაა ილონ მასკი, მხარს დაუჭერენ დონალდ ტრამპის ქმედებებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

რა ეღირება დოლარი და ევრო 31 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8761 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8761 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8784 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9929 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9941 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0012 ლარი შეადგინა.

საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარების აუცილებელი პირობაა – პრემიერი

ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, ყოველ წელიწადს საქართველოს მილიონამდე სომეხი ტურისტი სტუმრობს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის არის შთამბეჭდავი რაოდენობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორივე მხარე აქტიურად მუშაობს რეგიონში უცხოელი ტურისტების მოსაზიდად.

„ტურიზმს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ტურიზმი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, რასაც ისედაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურისტული კავშირების გამყარებას საქართველოსა და სომხეთს შორის.

სასიხარულოა, რომ ჩვენი ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ უცხოელი ტურისტების მოსაზიდად რეგიონში. ჩვენ უცხოელ ტურისტებს ვთავაზობთ ერთობლივ პაკეტებს და ტურებს, ამ მიმართულებითაც თანამშრომლობის გაღრმავება არის მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის. ასეთი ინიციატივები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების საზღვარგარეთ ცნობადობის გაზრდას და მეტ ერთობლივ ეკონომიკურ აქტივობას.

მთლიანობაში კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო, დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის, ამისთვის არის მოწოდებული მთელი ჩვენი გუნდი და გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მომავალშიც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.