Home Blog Page 19

თემქის პოლიციის განყოფილებასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს

თემქის პოლიციის განყოფილებასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს განმარტებით, მათგან ერთი დაკავებულია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხუთი კი ნიღბის მოხსნის შესახებ სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.

„2024 წლის 30 დეკემბერს ძალაში შევიდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეებს აეკრძალათ სახის ნიღბით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით დაფარვა.

თემქის პოლიციასთან მისულ აქციის მონაწილეებს პოლიციამ არაერთგზის მოუწოდა კანონის დაცვისკენ, თუმცა არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას. ერთ-ერთი მათგანი დაკავდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხოლო 5 პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას ნიღბის მოხსნის შესახებ“, – აცხადებენ შსს-ში.

თემქის პოლიციის განყოფილებასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცველებმა ნიღბების ტარების გამო დააკავეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

თემურ ჭყონია: ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა

ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ამის ანალიტიკოსები. მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად რომ შევხედოთ, საჭიროა არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეიძლება იზოლაციაში ცხოვრება, – განაცხადა ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ სხვა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს თუ როგორ გეგმავს მმართველი პარტია ბიუჯეტის შევსებას და 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ის, რომ საუბრობენ 100 მილიონი არ მოგვცა, 50 მილიონი არ მოგვცა, ჩვენ ბიუჯეტს მაინც შევავსებთ, უნდა გვითხრან მეგობრებო რით შევავსებთ, უნდა გვითხრან ჩვენ არ ინერვიულოთ ჩვენ ამით შევავსებთ. ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ 30 წელს შევალთ ევროპაში, ასე მეც გეტყვით, რომ მე გპირდებით, რომ 2035 წელს მთვარეზე გავფრინდებით ყველა და დამელოდეთ. ეგრე სად არის? არ შეიძლება ესე მართვა, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ ჩვენი მომავალი“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

წინასაინაუგურაციო მიღებაზე ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საკვანძო პირებს ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადავეცი: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება – სალომე ზურაბიშვილი

წინასაინაუგურაციო მიღებაზე ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საკვანძო პირებს ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადავეცი: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„პატივი მქონდა დავსწრებოდი „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაინაუგურაციო მიღებას დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში საკვანძო გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადამეცა: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება,” – წერს ზურაბიშვილი.

ტრამპი, ინაუგურაციიდან 24 საათის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დეპორტაციას გეგმავს

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ინაუგურაციიდან 24 საათის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დეპორტაციას გეგმავს. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

ტრამპის ადმინისტრაცია ფართომასშტაბიანი რეიდის განხორციელებას, ჩიკაგოში დაიწყებს. თუმცა, ტომ ჰომენი, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ე.წ. საზღვრის მეფის თანამდებობას დაიკავებს, აცხადებს, რომ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს.

“ჩვენ ვაპირებთ ოპერაციების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით,” – განაცხადა მან.
სიაში პირველი ჩიკაგოა, სადაც 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, 50 000-ზე მეტმა მიგრანტმა მოიყარა თავი.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტო, აღნიშნული სამუშაოს ჩასატარებლად, 100-200 ოფიცერს გაგზავნის.

,,ტრამპის ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება ” – ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ჩვენ სულ სხვა თემაზე გვაქვს საუბარი, იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს, გამომდინარე მის მიერ დაანონსებული ცვლილებებიდან გეოპოლიტიკაში, შესაძლებლობა მიეცემა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა თვისობრივად გადაიტვირთოს. საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა იყოს განსხვავებული, ვიდრე ეს იყო წარსული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში. აქ ეს არის მთავარი, დანარჩენი, რითიც დღეს ოპოზიცია სპეკულირებს, მეათეხარისხოვანია, რომელსაც, სპეკულაციის გარდა, სხვა რაიმე მნიშვნელობა თუ კონკრეტული მიზანი საქართველოსთვის არ აქვს. რაზე ისაუბრებენ ისინი იქ – რა თქმა უნდა, ისაუბრებენ საქართველოს საწინააღმდეგო საკითხებზე, დასანქცირება და ა.შ., რადგან საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ტრამპის მიმართვას ინაუგურაციის ცერემონიაზე მისული სტუმრები კონგრესის შენობაში მოისმენენ. საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება.

ვაშაძე, ხაზარაძე და ზურაბიშვილი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ისეთი რანგის ფიგურები არიან, რომ ტრამპმა დაპატიჟა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ინაუგურაციაზე დასწრება -ლევან მაჭავარიანი

ვაშაძე, ხაზარაძე, ზურაბიშვილი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ისეთი რანგის ფიგურები არიან, რომ ტრამპმა ინაუგურაციაზე დაპატიჟა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შეიძინოს ბილეთი და დაესწროს ინაუგურაციას, თუ შესაბამის თანხას გადაიხდის.

„თუ არ ვცდები, 200 000-მდე ბილეთია გაყიდული. რა თქმა უნდა, ფასები განსხვავებულია. თვითონ ვაშაძე, ხაზარაძე, ზურაბიშვილი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ტრამპის მიერ არიან მიწვეულები. დონალდ ტრამპს ოფიციალურად მიწვეული ჰყავს ხუთი ქვეყნის ლიდერი. შესაბამისად, ამითაც ცდილობენ, ხალხი შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ეს ოპოზიციონერები ისეთი რანგის ფიგურები არიან, რომ ტრამპმა ინაუგურაციაზე დაპატიჟა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ზოგადად, გზავნილები, რაც ოპოზიციის მხრიდან ევროპაში, ამერიკაში ჩადის, ყოველთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებს.

„არ შემიძლია არ გავიხსენო, მაგალითად, 18 ნოემბერი იყო, როდესაც ამ ოთხმა რადიკალურმა პარტიამ, ვისაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით, გააგზავნეს ე.წ. დანოსი ბრიუსელში, სადაც პირდაპირ მოუწოდებდნენ ევროკავშირს და მის სტრუქტურებს, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეეჩერებინათ საქართველოსთან.  დიპლომატიურ დონეზე ვიზიტები შეეჩერებინათ, არანაირი კონტაქტი არ ყოფილიყო ჩვენთან, ტრანშები რაც ევროკავშირს გათვალისწინებული ჰქონდა დახმარების სახით, მიემართათ ენჯეოსექტორისკენ და ა.შ. შესაბამისად, ჩვენთვის აქ გასაკვირი არაფერი არ არის“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

“კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტს აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება” – ირაკლი ქადაგიშვილი

“ის, რასაც ქართული ოპოზიცია დღეს წარმოადგენს, მათი ქმედებები პირდაპირ უკავშირდება ხშირ შემთხვევაში ისეთ ქმედებებს, რომელიც უკვე არა რომელიმე პარტიას ან პოლიტიკურ პროცესს, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს,” – ამის შესახებ  “ქარღუკი ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტს აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება. 

“ჩვენ ვხედავთ, რომ ის, რასაც ქართული ოპოზიცია დღეს წარმოადგენს, მათი ქმედებები პირდაპირ უკავშირდება ხშირ შემთხვევაში ისეთ ქმედებებს, რომელიც უკვე არა რომელიმე პარტიას ან პოლიტიკურ პროცესს, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. აქედან გამომდინარე, რამდენად არის მათი ეს საქმიანობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი, ამას შესაბამისი საგამოძიებო შეფასება და ქმედებების ჩატარება სჭირდება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტს აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება. საკითხები, რომელთა გარშემოც იქნება ეს პოლიტიკური გამოძიება ჩატარებული, უამრავია. დაწყებული ადამიანის უფლებების დარღვევით, დამთავრებული 2008 წლის ომის საკითხებით. აქ საუბარია როგორც ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, ბიზნესის წართმევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არჩევნებში ჩარევის და არჩევნებით მანიპულაციის საკითხებზე. ამიტომ, საკითხთა წრე ძალიან ფართოა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ინტერესი საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს,“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

 საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით -საბა ბუაძე(ვიდეო)

საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ბუაძე ვიდეოსაც აქვეყნებს.

„ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ვთაგავ“, – წერს ბუაძე.

https://www.facebook.com/saba.buadze.92/videos/1328502541636893

ეუთო ბელარუსში 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გაგზავნის

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო ბელარუსში 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გაგზავნის.

ამის შესახებ ბიუროს პრესსამსახური ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„არჩევნებამდე10 დღით ადრე ბელარუსისგან მოწვევა არ აძლევს ოდირს საშუალებას მიიღოს წვდომა საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე, რაც შეუძლებელს ხდის შინაარსობრივ დაკვირვებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მინსკიდან დამკვირვებლების მიწვევა დაგვიანებით მოხდა. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ განცხადება 9 იანვარსაც გამოაქვეყნა, სადაც გამოხატა სინანული, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ ეუთო-ს დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მიიწვია.

„ღრმად ვწუხვართ, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, არ მიეწვია ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები ODIHR-ის მეშვეობით მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც ქვეყნის მოქალაქეებს პროცესის გამჭვირვალე და სრულ შეფასების გარეშე ტოვებს“, – განაცხადა ოდირის დირექტორმა, მარია თელალიანმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, პია კაუმამ კი განაცხადა, რომ მინსკი ვალდებულია მიიწვიოს არჩევნებზე დამკვირვებლები ეუთო-ს სხვა ქვეყნებიდან, რადგან ხელი აქვს მოწერილი 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტისთვის.

ეუთო-ს 9 იანვრის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ODIHR-ს არ შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს ბელარუსში დროული მიწვევის არარსებობის გამო.

თავის მხრივ, აშშ-ში განაცხადეს, რომ ბელარუსში დაგეგმილი „არჩევნები არ არის სანდო“. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გმობს „ფიქტიურ არჩევნებსა და განგრძობად რეპრესიებს ბელარუსში“. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ „ლუკაშენკოს რეჟიმს საკუთარი ხალხის ეშინია“.

ცნობისთვის, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი დაარეგისტრირა. არჩევნები მასშტაბური რეპრესიების ფონზე ტარდება, რომლებიც 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეწყვეტილა. საზღვარგარეთ მცხოვრებ ბელარუსებს 2022 წლიდან აღარ აქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცენ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ინვარს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ გაუგზავნის მიწვევას ოდირს არჩევნებზე დაკვირვებისთვის. მინსკში ასევე აღნიშნეს, რომ დღეისათვის ცესკო-მ აკრედიტაცია 49 ქვეყნიდან 456 საერთაშორისო დამკვირვებელს მიანიჭა. მათივე ინფორმაციით, მიწვევები უკვე მიიღეს დსთ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ, სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო კრებამ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს ჩატარდება.

ვარდისუბანი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ116-კმ137 (ვარდისუბანი-ლარსი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი, მეოთხე და მეხუთე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე, ხოლო დანარჩენი გვირაბების შემოვლით გზებზე აკრძალულია. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მეორე და მესამე გვირაბებში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში აქამდეც გამოირჩეოდა არატრადიციული მიდგომებით, რამაც გამოიწვია უამრავი რეალური და ჰიპოთეზური პროგნოზი -დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კონსერვატიულ პორტალზე ბლოგს აქვეყნებს და დონალდ ტრამპის გეგმებს ეხმიანება.

„როდესაც ვაანალიზებთ დონალდ ტრამპის ყველაზე ამბიციურ სლოგანს − Make America Greath Again (MAGA), რა თქმა უნდა, პირველი ასოციაცია ასევე უმძიმეს მემკვიდრეობასთანაა, რომელიც მას ბაიდენის ადმინისტრაციიდან ხვდა წილად“, – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობის გარდა, 2026 წელს ამერიკის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წელი სრულდება და ტრამპის ეს სლოგანი ამ ფაქტსაც ემსახურება.

ექსპერტის თქმით, დონალდ ტრამპს ამბიციური გეგმები აქვს და მისი მთავარი მიზანია გახადოს ამერიკა ისევ დიადი ( Make America Great Again). ექსპერტი წერს თუ რა გზებით სურს ტრამპს მიზნის მიღწევა და რატომ სჭირდება ესა თუ ის პროცესი.

„აშშ-ის სახელმწიფოს ისტორიაში − მისი არცთუ მრავალწლიანი პერიოდის გათვალისწინებით, უკანასკნელი „მრგვალი“ თარიღი დაემთხვა 1976 წლის 4 ივლისს, როდესაც ქვეყანას წესით ზარ-ზეიმით უნდა აღენიშნა საკუთარი დაარსებიდან 200 წლისთავი, მაგრამ ეს იყო პერიოდი, რომელიც შერაცხეს „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე მძიმე ხანად ქვეყნის ისტორიაში. პერიოდი, რომელსაც რიჩარდ ნიქსონის უმძიმესი მემკვიდრეობის შემდეგ მართავდა ერთ-ერთი უსუსტესი პრეზიდენტი – ჯერალდ ფორდი.

როდესაც ვაანალიზებთ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყველაზე ამბიციურ სლოგანს − Make America Greath Again (MAGA), რა თქმა უნდა, პირველი ასოციაცია ასევე უმძიმეს მემკვიდრეობასთანაა, რომელიც მას ბაიდენის ადმინისტრაციიდან ხვდა წილად, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ 2026 წლის 4 ივლისს აშშ-ის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წელი უსრულდება. და რასაკვირველია, დონალდ ტრამპის დევიზი MAGA – ამ ისტორიულ თარიღსაც მიესადაგება. დიახ, ტრამპს სურს დიადი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ამბიციური და წარმატებული პრეზიდენტის სახელით შევიდეს.
და რას გააკეთებს ის ამ მიზნით? ახალ პანდემიას მოიგონებს და მილიარდებს იშოვის საუკუნის მორიგ ფარმაცევტულ აფერაზე? თუ უკრაინის ომს გააგრძელებს, ისევ და ისევ მილიარდების გამომუშავების მიზნით საკუთარი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასამდიდრებლად? თუ ევროპის ამერიკული გაზით მომარაგებით დაკმაყოფილდება? თუ მორიგი „ფერადი რევოლუციებით“ შეეცდება შორეულ კოლონიაში ასკინკილათი მოხტუნავე ვასალების სასარგებლოდ „სოროსისტულ-მარქსისტული“ გადატრიალებების მოწყობას? ნურას უკაცრავად. მას ისეთი გეგმები აქვს გაცხადებული, რაც ამ ეტაპზე სრულ ფანტასტიკად და სიურრეალიზმად გამოიყურება, მაგრამ ექსცენტრული არ ვარო – ტრამპს ვინმესთვის უთქვამს?.. სანამ მისი წინამორბედები მსოფლიოში „ტარაკნების რბოლით“ ერთობოდნენ, ტრამპი აანონსებს, გლობალური ახალი წესრიგით განახორციელოს საკუთარი ზე-ამბიციური გეგმები და „კვლავ გახადოს ამერიკა დიად“ სახელმწიფოდ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში აქამდეც გამოირჩეოდა არატრადიციული მიდგომებით, რამაც გამოიწვია უამრავი რეალური და ჰიპოთეზური პროგნოზი. აქ მოცემულია ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე ფანტასტიკური და პოტენციურად შესაძლებელი სცენარები შემდეგ რეგიონებთან მიმართებით:

1. გრენლანდია
გრენლანდიის ყიდვა: ტრამპის ადმინისტრაცია უკვე გამოთქვამდა გრენლანდიის დანიიდან შეძენის იდეას, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. ფანტასტიკურ სცენარში ეს გეგმა შეიძლება მოიცავდეს: კუნძულზე სამხედრო ბაზის ან ახალი „ტრამპის კურორტის“ აშენებას, გრენლანდიაში რეფერენდუმის ჩატარებას აშშ-ში გაერთიანების შესახებ, ნავთობის, გაზისა და იშვიათი მინერალების მასშტაბურ გამოყენებას.

2.კანადა
„ენერგეტიკული პარტნიორობა“ ან ეკონომიკური ზემოქმედება: მოლაპარაკებების გამკაცრება ნავთობისა და გაზის მოპოვების შესახებ არქტიკის საზღვრისპირა რეგიონებში, ტერიტორიის ნაწილობრივი ანექსიის მცდელობა ჰიპოთეზური „ენერგეტიკული კრიზისის“ შემთხვევაში, აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, ჩრდილოეთ საზღვარზე ახალი „კედლის“ აშენების მუქარა მიგრაციისა და ვაჭრობის კონტროლის მიზნით.

3.პანამის არხი
ამერიკული კონტროლის აღდგენა: პანამის არხის მართვაზე პრეტენზია „გლობალური სტაბილურობის“ მოტივით, რეგიონში სამხედრო ყოფნის გაზრდა „სტრატეგიული ინტერესების დაცვისთვის“, სანქციების დაწესების მუქარა პანამაზე, თუ აშშ-ის გეგმებს არ დაეთანხმება.

4.მექსიკის ყურე
ეკოლოგიური და ენერგეტიკული კონტროლი: მექსიკის ყურეში არსებული რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, კონტროლის ხელში აღება; თევზჭერის შეზღუდვების დაწესება მეზობელი ქვეყნებისათვის „ეკოლოგიური დაცვის“ მოტივით; ყურეს მილიტარიზაცია სავაჭრო მარშრუტების კონტროლისთვის.

5.მექსიკა
„კედლის გაფართოება“ და ეკონომიკური დაქვემდებარება: გასწვრივ კედლის სრულად აშენება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (მაგალითად, ელექტრიფიკაცია ან ვიდეოკონტროლი); ეკონომიკური პროტექტორატის შექმნა, რომელიც მექსიკისგან მოითხოვს ვაჭრობის სრულ შეჯერებას აშშ-ის ინტერესებთან; მექსიკაში პოლიტიკური არჩევნების გავლენის მცდელობა, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს პროამერიკული მთავრობა; მექსიკის რამდენიმე შტატად აშშ-ში გაერთიანების ჰიპოთეზური სცენარი.
დონალდ ტრამპის გეგმებში თითქოსდა სრულიად ფანტასტიკური ელემენტები ამ ეტაპზე შემდეგნაირად გამოიყურება:

• „ჩრდილოეთ ამერიკის სუპერსახელმწიფოს“ შექმნა, რომელიც გააერთიანებს აშშ-ს, კანადასა და მექსიკას ერთიანი მთავრობის ქვეშ, რომელიც ვაშინგტონს დაექვემდებარება;
• სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების (გრენლანდია, პანამის არხი) აშშ-ის „გლობალურ საკუთრებად“ აღიარება;
• გეოპოლიტიკური კონფლიქტების გააქტიურება ჩინეთთან და რუსეთთან, არქტიკასა და ლათინურ ამერიკაში.

ეს სცენარები ჰიპოთეზურია და ტრამპის ადმინისტრაციის უჩვეულო განცხადებებზეა დაფუძნებული. მათი რეალიზაცია ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არსებული პერიოდის რიტორიკის სულისკვეთებას შეესაბამება. მანამდე კი − მის ინაუგურაციამდე სულ რაღაც საათები რჩება…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ111-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.