Home Blog Page 19

2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ალკოჰოლის მიღებას უნდა მოერიდოთ. ასევე, მოერიდეთ კამათს და ვინმესთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას, რადგან ეს შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოს. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა საიდუმლო გაგიმხილოთ, რომელიც გაიძულებთ რამდენიმე ადამიანის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ.

კურო

თუ თქვენს ცხოვრებაში მეტისმეტად ბევრი პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

ტყუპები

შესაძლოა, ამ დღეს სტუმრად დიდი ხნის უნახავი ადამიანები გეწვიონ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და ურთიერთობაში ნაკლებად აგრესიული იყოთ. ლიდერობაში ვერავინ შეგეცილებათ და გარშემო მყოფებს ამასთან შეგუება მოუწევთ. მეგობრები თქვენს ნებისმიერ წამოწყებას მხარს დაუჭერენ. ხანდაზმული ტყუპები ზედმეტად ცხიმიანი კერძების და ალკოჰოლური სასმელების მიღებას უნდა მოერიდონ.

კირჩხიბი

შეხვედრები და საზეიმო სუფრებზე დასწრება ამ დღის განუყრელი ნაწილია. ეცადეთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვის და ბასრი საგნებთან ურთიერთობის დროს. მთელი დღე ცდუნებას ებრძვით, რომ ფული უსარგებლო ნივთის შეძენაში არ დახარჯოთ ან საეჭვო საქმეში არ დააბანდოთ. ამ ცდუნებას არ დანებდეთ. მშვენიერი დღეა საოჯახო საქმეებისთვის.

ლომი

საზეიმო განწყობაზე ხართ და დილიდან გეგმას ადგენთ, რათა დღე მხიარულად გაატაროთ. დიდხანს იფიქრებთ, სტუმრად წახვიდეთ თუ სტუმრები თქვენთან მიიწვიოთ. გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო დღე არ არის ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული პაემნებისთვის.

ქალწული

ამ დღეს ადამიანების მიმართ ცოტა აგრესიული ხართ და საპასუხოდაც აგრესიას იღებთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას და ეცადეთ, ყურადღება საზეიმო სუფრაზე და გემრიელი კერძების დაგემოვნებაზე გადაიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სადღესასწაულო შეკრებებს სახლში მაინც მოერიდოთ. საქმემ, რომელსაც დიდი დრო და ძალისხმევა მიუძღვენით, შეიძლება სასიამოვნო ნაყოფი გამოიღოს.

სასწორი

შეიძლება ვიღაცის სიტყვებმა გული გატკინოთ, ამიტომ უმჯობესია, მთელი დღე სახლში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. უფროს ნათესავებთან შესაძლებელია უთანხმოება გემოვნების საკითხებში. ენერგია, რომელსაც ეს დღე გჩუქნით, სრულიად საკმარისია როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი კავშირების დასამყარებლად.

მორიელი

ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, არახელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ფული ჰაერში ფანტოთ. გამორიცხული არ არის, საოჯახო ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით საყვარელ ადამიანთან იკამათოთ. მეგობრებთან ურთიერთობაშიც სირთულეებია მოსალოდნელია, ამიტომ უმჯობესია აქტიური მოქმედებებისგან თავი შეიკავოთ და უბრალოდ დაისვენოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს რომელიღაც ოჯახური ტრადიციის გათვალისწინება მოგიწევთ, რაც თქვენს უკმაყოფილებას გამოიწვევს. უფროს ნათესავებთან ურთიერთობამ შეიძლება თქვენი განწყობა გაგიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობის გარკვევის ცდუნებას არ აჰყვეთ – ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. უბრალოდ რაიმე გემრიელი მიირთვით, რომ წყენა დაივიწყოთ.

თხის რქა

უმჯობესია, ამ დღეს ნაკლები იაქტიუროთ და მთელი დღე სახლში დარჩეთ. წვეულებებზე სიარული, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. სიახლემ, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, შეიძლება რაღაც საკითხზე პოზიციის შეცვლა გაიძულოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვინმესთან შეჯიბრება მოგინდეთ. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, რათა კონკურენცია საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მცდელობად არ იქცეს.

მერწყული

შესაძლოა მეგობრებთან ურთიერთობაში რაღაც ისეთი მოხდეს, რაც აგანერვიულებთ. ამ დღეს ფულს ნუ გაასესხებთ, თორემ დიდხანს ვეღარ დაიბრუნებთ. კარგი დღეა ალკოჰოლზე უარის თქმისა და ორგანიზმის განტვირთვისთვის. ზუსტად იცით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ცდილობთ, სხვებსაც უკარნახოთ, როგორ იმოქმედონ – გაითვალისწინეთ, რომ ეს, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით! შეიძლება პარტნიორთან მცირე გაუგებრობა წარმოიშვას. სავარაუდოდ, ის ბევრ ყურადღებას მოითხოვს, თქვენ კი უბრალოდ დასვენება გსურთ, თუმცა მეორე დღეს ეს უთანხმოება არცერთს აღარ გემახსოვრებათ.

,,დანაშაულის დონე ჩვენს ქვეყანაში ისეთ დონეზეა, რაც აქამდე არავის უნახავს”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახალ ორლეანში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.

მანამდე სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით შევარდა ხალხში. ახალი ორლეანის მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებული 30 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში და, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) განაცხადეს, რომ ახალ ორლეანში მომხდარ ინციდენტს იძიებენ, როგორც ტერორისტულ აქტს.

„როდესაც მე ვთქვი, რომ შემოსული კრიმინალები ბევრად უარესები არიან, ვიდრე ის კრიმინალები, რომლებიც ჩვენ გვყავს ჩვენს ქვეყანაში, ამ განცხადებას მუდმივად უარყოფდნენ „დემოკრატებ“ და „ფეიკ ნიუს“ მედია, მაგრამ ეს სიმართლე აღმოჩნდა. დანაშაულის დონე ჩვენს ქვეყანაში ისეთ დონეზეა, რაც აქამდე არავის უნახავს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნისციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გერმანიის მთავრობამ დაგმო ახალი წლის ღამეს მომხდარი ინციდენტები, როდესაც პოლიციელები და მეხანძრეები პიროტექნიკით თავდასხმის შედეგად დაშავდნენ

გერმანიის მთავრობამ დაგმო ახალი წლის ღამეს მომხდარი ინციდენტები, როდესაც პოლიციელები და მეხანძრეები დაშავდნენ, ძირითადად პიროტექნიკით თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ბერლინში, 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად. სამართალდამცველებმა 400 ადამიანი დააკავეს.

ასობით პოლიციელი დედაქალაქში განათავსეს შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა პიროტექნიკის გამოყენების შედეგად.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით.

,,თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა” ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსი

თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა, – ამის შესახებ ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ენ კირკპატრიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მამაკაცი, რომელიც პიკაპს მართავდა ბურბონის ქუჩაზე ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა და ეს წინასწარგანზრახული საქციელი იყო. ეს კაცი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის დაერტყა“, – განაცხადა ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თავდამსხმელმა ორ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციას თავდამსხმელის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა NBC News-ის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

შეგახსენებთ, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე საახალწლო ზეიმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა.

დედამიწის მოსახლეობა 2024 წელს 71 მილიონი ადამიანით გაიზარდა

პლანეტა დედამიწის მოსახლეობა 2024 წელს 71 მილიონი ადამიანით გაიზარდა და 8,09 მილიარდი შეადგინა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გასულ წელს დედამიწის მოსახლეობა 2023 წელთან შედარებით 0,9%-ით გაიზარდა. 2025 წლის იანვარში ვარაუდობენ, რომ წამში ერთხელ საშუალოდ 4,2 ახალშობილი დაიბადება, ხოლო 2 ადამიანი გარდაიცვლება.

გარდა ამისა, გამოქვეყნდა აშშ-ის მოსახლეობის მონაცემები, რომლის თანახმად 2024 წელს ის 2,6 მილიონი ადამიანით გაიზარდა და 2025 წლისთვის 341 მილიონს შეადგენს.

აშშ-ში, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ბურბონ სტრიტზე სატვირთო მანქანა ხალხს შეეჯა, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების განცხადებით, შემთხვევა პოპულარულ ტურისტულ უბანში მოხდა, სადაც ახალი წლის აღსანიშნავად უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც CBS News-სს თვითმხილველებმა განუცხადეს, თეთრი სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით შევარდა ხალხში ბურბონ სტრიტზე, შემდეგ მძღოლი გადმოვიდა და იარაღიდან სროლა დაიწყო, რასაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

ნიუ ორლეანის მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებული 30 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში და, სულ მცირე, 10 ადამიანია დაღუპული.

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 63 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 63 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 111 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 63 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 46 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 2 რუსეთსა და ბელარუსში გაფრინდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ხმელნიცკის, კიროვოგრადისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.

2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება

2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება, შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იანვრიდან, 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 10 დეკემბერს პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი;

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2025 წლიდან გაიზრდება კომპენსაციების მოცულობაც. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 8 მილიარდ 820 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 990 მილიონ ლარზე მეტით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია: „მოსახლეობის სოციალური დაცვა – 6 მილიარდ 353 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის: საპენსიო უზრუნველყოფა – 4 მილიარდ 498 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და 2025 წლის იანვრიდან განისაზღვრება 350 ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია, ასევე, იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20 პროცენტიანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი;

პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციის ოდენობები, რომელთა დაანგარიშება დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე. სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 035 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 235 ლარით. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება – 1 მილიარდ 639 მილიონ ლარამდე;

აღნიშნული თანხის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების, ასევე, დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ასევე, გათვალისწინებულია 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დაფინანსება;

სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში – 113,0 მლნ ლარი. პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება შეადგენს 95,0 მილიონ ლარს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა – გათვალისწინებულია 1 მილიარდ 859 მილიონი ლარი, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 220 მილიონ ლარს.

პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების ზრდა; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა – 100 მილიონი ლარი; დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა – 112 მილიონ ლარზე მეტი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა – 268 მილიონი ლარი“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა

უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორის ცნობით, კიევის დროით 7:00-ზე კომპანიასა და „გაზპრომს“ შორის 2019 წლის 30 დეკემბერს დადებული შეთანხმების ვადა ამოიწურა.

„ოპერატორმა საერთაშორისო პარტნიორებს დადგენილი წესით აცნობა. ამრიგად, 1-ელი იანვრიდან უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემა რუსული გაზის ტრანზიტის რეჟიმში არ მუშაობს“, – აცხადებს უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას ისტორიული მოვლენა უწოდა. „რუსული გაზის ტრანზიტი შევაჩერეთ. ეს ისტორიული მოვლენაა. რუსეთი ბაზრებს კარგავს, ფინანსურ ზარალს განიცდის. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ გაზზე უარი თქვას”, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის გაფართოების ტემპსა და ხარისხს უზრუნველყოფს, როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით.

ამასთან, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობისას მიზანი თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ევროკავშირის ინსტრუმენტების გამოყენება იქნება.

პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა

გზისპირა ზონებში გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება

2025 წლიდან, გზისპირა ზონებში, გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. იანვრიდან ძალაში შედის “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას “M2“, “M3“, “N1“, “N2“, “N3“, “O3“, “O4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.

შემოწმდება შემდეგი საკითხები: – სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა; მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება; სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა; საკონტროლო მოწყობილობის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა; სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები.

გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევაზე დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დარღვევის ხარისხის შესაბამისად – 500 ლარიდან 5 000 ლარის ოდენობით.