Home Blog Page 19

,,ვინმეს თუ აქვს პროვოკაციის ინტერესი, ეს არის ოპოზიცია”- გურამ მაჭარაშვილი

არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ იმაზე მეტად ვინმემ დაარბიოს, როგორც არის დარბეული, შვიდ ნაწილად არის დაყოფილი და გამოდიან სხვადასხვა ნუმერაციით, არავის ინტერესი არ არის, უპირველესად ხელისუფლების, რომ რაიმე ტიპის პროვოკაცია იყოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინმეს თუ აქვს პროვოკაციის ინტერესი, ეს არის ოპოზიცია.

„ოპოზიციაში იციან, აგებენ არჩევნებს, ამ პროვოკაციაზე უნდათ, რომ წამოაგონ უცხოელები თუ ქართველები. ამიტომ უპირველესად ჩვენ გვინდა, რომ მშვიდად, როგორც აქამდე მიდის, ისე ჩატარდეს არჩევნები. ახლა თუ ვინმეს აწყობს პროვოკაციები და არეულობა, ეს არის თავად ოპოზიცია, ეს იგივეა დაახლოებით მოუმზადებელი აბიტურიენტი რომ მიდის უნივერსიტეტში და თავის უცოდინრობას დააბრალებს საგამოცდო კომისიას, ასეა ოპოზიცია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისს თავს დაესხნენ.

„ქართული ოცნება“ საქართველოში უნდა დავამთავროთ”- მამუკა ხაზარაძე

13 დღეში გვაქვს უზარმაზარი შანსი გამარჯვების და ეს შანსი აუცილებლად ჩვენს ხელშია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ჩვენი სამშობლო, საქართველო დავიბრუნოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ – ახალი, ძლიერი საქართველოს მშენებლობა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ბედი ბედი თითოეული მოქალაქის ხელშია.

„სამეგრელო, ზუგდიდი არის არაჩვეულებრივი ქალაქი. არაჩვეულებრივი ტრადიციებით, ხალხით და რაც ყველაზე მთავარია, ეს ქალაქი პოლიტიკური სამართლიანობით გამოირჩევა. მინდა, რომ აი, ახლა, ამ მომენტში ყველამ ერთად წარმოვიდგინოთ, რომ 13 დღეში გვაქვს უზარმაზარი შანსი გამარჯვების და ეს შანსი აუცილებლად ჩვენს ხელშია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ჩვენი სამშობლო, საქართველო დავიბრუნოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ, ახალი ძლიერი საქართველოს მშენებლობა. სამშობლოს ბედი თითოეული თქვენგანის ხელშია. ბოლო 13 დღე სრული მობილიზაცია უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანა დავიხსნათ იმ მარწუხებისაგან, მთავრობისაგან, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მმართავს.

მინდა „ქართული ოცნების“ სამი ფაქტორი გამოვყო. პირველი ფაქტორი არის ის, რომ ისინი მთელი 12 წლის განმავლობაში ქვეყანას ტყუილში აცხოვრებენ. მგონია, რომ ზედმეტია იმის კიდევ შეხსენება და გამეორება, თუ რამდენი ტყუილი ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანაში დაარიგა და მსგავსი არაფერი არ შესრულებულა. კერძოდ, 100 ქარხანა, უფასო ფული, 5 მილიონი ყოველ სოფელს, გავაკვირვებთ ევროპას დემოკრატიით ა.შ. და შედეგად რა გვაქვს? – შედეგად გვაქვს ის, რომ დღეს მათი არცერთი დაპირება არ შესრულებულა.

2023 წელს 117 ათასი 30 წლამდე ახალგაზრდა არის წასული ქვეყნიდან. ეს არის საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემი. ეს მონაცემი 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 70%-ით. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მსხდომები და ვინც გვიყურებს, იმათი ოჯახებიდანაც ძალიან ბევრი ახალგაზრდაა წასული. ეს ვისი ბრალია? ვისი ბრალია ფასების კატასტროფული ზრდა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანა გახდა, მომხმარებელი ქვეყანა გახდა და ევროპის ქვეყნებს უტოლდება ფასებით, მაგრამ წარმოება არ არის, ექსპორტი არ არის, სამუშაო ადგილები არ არის, ხელფასები არ არის. ვისი ბრალია? – აი, ამ მოღალატეობრივი და ცრუ მატარებელი მთავრობის ბრალია.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, რითაც „ქართული ოცნება“ გამოირჩევა, 2020 წელს ანაკლიაში ჩვენ პირველი გემი უნდა მიგვეღო, რომელიც შეცვლიდა არა მარტო სამეგრელოს, არამედ მთელი საქართველო ცხოვრებას. ჩვენ გავხდებოდით ფუნქციის მატარებელი, გავხდებოდით ტვირთის გამანაწილებელი და ჩვენ მთელ რეგიონში სერიოზული მოთამაშე გავხდებოდით. რეალურად რა მივიღეთ? – 5 წელი გავიდა და თითი-თითზე არ არის დაკარებული.

მესამე ფაქტორი, რითაც ისინი გამოირჩევიან, ეს არის კორუფციის ძალიან მაღალი დონე. ჩვენგან 100 მეტრში არის ზუგდიდის სტადიონი, რომლისთვისაც 30 მილიონი გამოიყო, ამას მერე 16 მილიონი დაამატეს, რომ ეს პირველი შეჭმული ფული მერე 16 მილიონით გადაეფარათ. ზუგდიდში სტადიონი გვაქვს? – არა, არ გვაქვს. ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი მოსულია იმისთვის, რომ თქვენი გადასახადები და ბიუჯეტი, რომელსაც თქვენი შრომით ავსებთ, ჯიბეში ჩაიდონ. ეს არის მათი სახე. კერძოდ, ტყუილი დაპირებები, გაჩერებული პროექტები და კორუფცია. ამიტომ 13 დღეში თითოეული ჩვენგანის ვალია და განსაკუთრებით, ამაში სამეგრელომ ავანგარდის როლი უნდა ითამაშოს იმიტომ, რომ თქვენ ყოველთვის წინ იყავით და ტემპერამენტით გამოირჩეოდით და ყოველთვის იცოდით სად იყო სწორი სვლა, 13 დღეში „ქართული ოცნება“ საქართველოში უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

,,კარს უკან ჩუმად, ჩურჩულით მიღებული გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია სწორად”- ლევან ხაბეიშვილი

კარს უკან ჩუმად, ჩურჩულით მიღებული გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია სწორად. არის არჩევნები და შესაბამისად, დემოკრატიულად პარტიები დააკომპლექტებენ ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, იზიარებენ სალომე ზურაბიშვილის ქარტიის სულისკვეთებას, თუმცა ხალხის ზურგს უკან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და კონსულტაციები მოქალაქეებისთვის გაუგებარია.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები უკავშირდება არჩევნებს, უბნების დაცვას, ხმების დაცვას. მაგალითად მე, მოხარული ვიქნებოდი თუ ამ მიმართულებით იაქტიურებს პრეზიდენტიც და ყველა, მათ შორის აქტიური ადამიანები, ჯგუფები და მოგვეხმარებიან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის დაცვაში. დარწმუნებული ვარ ხალხის გამარჯვებაში და საბოლოო ჯამში ამ ქარტიის სულისკვეთებასაც ვიზიარებთ. შესაბამისად, ძალიან დემოკრატიულად, გამჭვირვალედ იქნება ყველა მოლაპარაკება და არა ხალხისგან მალულად, ზურგს უკან და სადმე მალულად ზურგს უკან, რომელიმე ბნელ კაბინეტში. ეს არ მომწონს, არ ვიზიარებ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. არჩევნები გვაქვს წინ, ივანიშვილი და რუსული რეჟიმი გვაქვს დასასრულებელი, ეს ძალიან იოლად ჟღერს, თუმცა რთული იქნება პრაქტიკაში. მნიშვნელოვანია, ყველა კონცენტრირდეს არჩევნების დაცვაზე“,  – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მიმართავს 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მიმართავს და მოუწოდებს, ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების ( UNIFIL) ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებების ადგილებიდან გაიყვანოს.

„ბატონო გენერალურო მდივანო, გაარიდეთ UNIFIL-ის ძალები საფრთხის ზონას. ეს უნდა გაკეთდეს ახლავე და დაუყოვნებლივ. უარი UNIFIL-ის ჯარისკაცების ევაკუაციაზე მათ „ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც მათი, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ვწუხვართ, UNIFIL-ის ჯარისკაცების დაშავების გამო და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი არ დაშავდნენ, მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად მარტივი და აშკარა გზა არის უბრალოდ მათი საფრთხის ზონიდან გაყვანა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ ანტონიო გუტერეშისათვის გაგზავნილ მიმართვაში.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააკრიტიკონ არა ისრაელი, არამედ „ჰეზბოლა“, რომელიც გაერო-ს დროებით ძალებს ცოცხალ ფარად იყენებს.

შეგახსენებთ, გაერო-ს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს გაერო-ს სამშვიდობო მისიის 5 წევრი დაშავდა.

უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგვეძლო – იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება – ვილი სანიოლი

უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი – იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არ არის – მთავარია, ალბანეთთან მატჩი უკეთ დაიწყოს და დავალებები შესრულდეს.

“უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი. იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება.

რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, მისი არგამოძახების მიზეზი არა მხოლოდ დამღლელი მზავრობაა, არამედ ის, რომ ჩემს სისტემასთან მორგება უჭირს.

უკრაინასთან მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, ასე იყო ჩეხეთთან შეხვედრის გარკვეულ პერიოდშიც. მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ლოჩოშვილის ბრალი არ არის, ის შეტევებში კარგად ერთვებოდა. კიტეიშვილი კი ჯანმრთელადაა და ალბანეთთან მატჩისთვის მზადაა.

ვის დავაყენებ ქოჩორაშვილის ნაცვლად და ხომ არ შევცვლი ტაქტიკას? ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ამას ხვალ ნახავთ. უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგვეძლო და ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, ალბანეთთან უკეთ დავიწყოთ მატჩი და დავალებები შევასრულოთ.

ჩვენ იგივე გუნდი ვართ, რომელმაც ევრო 2024-ზე წარმატებას მიაღწია. აუცილებელია, ჩვენი ღირებულებები, დისციპლინა შევინარჩუნოთ და წინსვლა გავაგრძელოთ”, – თქვა ვილი სანიოლმა.

ცნობისთვის, ხვალ, 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს „მიხეილ მესხი არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

ამავდროულად, გულშემატკივრებისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

უწყების მხრიდან არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში.

როგორც უწყება აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შევიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს.

ასევე, შსს განვმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.

ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა

ქარიშხალმა “მილტონმა”, რომლის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იძულებული გახდა ევროპაში ვიზიტი გაეუქმებინა, დაახლოებით, 50 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მესამე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ფლორიდას სამი თვის განმავლობაში დაატყდა თავს.„ექსპერტების შეფასებით, და ეს არის წინასწარი შეფასებით, მხოლოდ ქარიშხალმა „მილტონმა“, დაახლოებით. 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია”, – აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, „მილტონის“ გამო 3 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მაგრამ ელექტროგადამცემი ხაზის 50 ათასი სპეციალისტის წყალობით, რომლებიც ფლორიდაში აშშ-ის 43 შტატიდან და კანადიდან ჩავიდნენ, 1 მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. ჯო ბაიდენის თქმით, არმიის კორპუსი და ფლორიდის ეროვნული გვარდია ადგილზე არიან და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, მათ შორის გზების გახსნაში, მონაწილეობენ, რათა მოხდეს საკვების, წყლის და სამაშველო აღჭურვილობის მიწოდება.

ენმ-ის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს – ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.

როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ვარკეთილის ენმ -ის ოფისი სუს-ის და მილიციის ნასედკებმა დაარბიეს”.

მისი თქმით, მათ ხალხი საკადრის პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.

ამასთან, ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ოფისის ფოტოებს, სადაც ჩანს კედლები და ინვენტარი, რომელიც სავარაუდოდ, საღებავით არის შეღებილი.

რუსებმა კურსკში 9 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს – უკრაინული მედია

რუსებმა კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდილი 9 უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია პროექტ Deepstate-სა და ქვეყნის ომბუდსმენზე, დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს.

Deepstate-ს ცნობით, უკრაინელი ტყვეები დასახლება ზელიონი შლიახის ტერიტორიაზე დახვრიტეს.

ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დიმიტრი ლუბინეციც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები არის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობასთან დაკავშირებით ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა.

„კიდევ ერთხელ გავუგზავნე წერილები გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რუსების მორიგი დანაშაულის შესახებ. ეს ქმედებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და მტერმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა. რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა, რომელიც ომის ყველა წესა არღვევს. საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დახუჭოს თვალი მსგავს დანაშაულებზე!“ , – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს.

არჩევნებისთვის, დაახლოებით 2.4 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ლიეტუვის პარლამენტის, ანუ სეიმის, 141 წევრს ოთხი წლის ვადით, ორ-ტურიანი არჩევნების ჩატარების შედეგად აირჩევენ.

დღეს, 70 დეპუტატს აირჩევენ პარტიული სიებით, რომლებსაც შეუერთდებიან ერთმანდატიანი ოლქებიდან ის კანდიდატები, რომლებიც ხმების 50%-ზე მეტს მოიპოვებენ. მეორე ტური 27 ოქტომბერს გაიმართება, როდესაც ერთმანდატიანი ოლქების უმრავლესობაში ამომრჩევლები არჩევანს ორ ყველაზე კარგი შედეგის მქონე კანდიდატს შორის გააკეთებენ.

საზოგადოებრივი აზრისა და ბაზრის კვლევის დამოუკიდებელი ინსტიტუტის, „ვილმორუსის“ მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგად, არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს, რომელსაც ვილია ბლინკევიჩიუტე ხელმძღვანელობს, და მას პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს პარტია „სამშობლოს კავშირზე“ ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს. გამოკითხვის თანახმად, რეიტინგის მიხედვით აღნიშნულ ორ პარტიას შორისაა მემარჯვენე პოლიტიკოსის, რემიგიუს ზემაიტაიტის ახლად დარეგისტრირებული პარტია „ნემუნო აუშრა“.

ამასთან, გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლების ხმების 20%-ზე მეტს ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ფორმირებისთვის ალიანსის შექმნა იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ „სოციალ-დემოკრატებმა“ ზემაიტაიტის პარტიასთან ალიანსი გამორიცხეს.

ლიბანში „ჰეზბოლას“ 200-მდე ობიექტს დავარტყით და ათამდე მებრძოლი გავანადგურეთ – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანის სხვადასხვა რაიონში 200-ამდე ობიექტს დაარტყეს და „ჰაზბოლას“ ათობით მებრძოლი გაანადგურეს, – ინფორმაციას მედია ისრაელის არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის ჯარებმა ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, აღმოაინეს გვირაბები და სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის გამშვებები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საბრძოლო მასალა და სხვა. ისრაელის საჰაერო ძალებმა დარტყმა მიაყენეს „ჰეზბოლას“ დაახლოებით 200 სამიზნეს ლიბანის სიღრმესა და ქვეყნის სამხრეთში, მათ შორის ტერორისტულ უჯრედებს, რაკეტების გაშვების ადგილებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტებსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნულია ისრაელის არმიის განცხადებაში.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აგრძელებენ ოპერაციებს ღაზას სექტორში, სადაც, მათი მონაცემებით, ერთ დღეში 40-ამდე ტერორისტულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს და ათობით პალესტინელი რადიკალის ლიკვიდაცია განახორციელეს.

საჭიროა ლიბანში სამხედრო ოპერაციებიდან დიპლომატიურ გზაზე რაც შეიძლება მალე გადასვლა – ლოიდ ოსტინი

ლიბანში, გაერო-ს სამშვიდობო მისიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს ტელეფონით ესაუბრა და ღრმა შეშფოთება გამოხატა გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ისრაელის ძალებმა ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს და ასევე, ორი ლიბანელი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით.

„მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა UNIFIL-ის ძალების [გაეროს დროებითი ძალები ლიბანში] და ლიბანის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობა და ლიბანში სამხედრო ოპერაციებიდან დიპლომატიურ გზაზე რაც შეიძლება მალე გადასვლის საჭიროება“, – აღნიშნულია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ოსტინმა ასევე ისაუბრა ღაზაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები მის მოსაგვარებლად.

„მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი და მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მან განაცხადა, რომ მძევლები ოჯახებში რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ“, – აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში.