Home Blog Page 19

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სავარაუდოდ, მეგობრებისგან ფინანსურ შეთავაზებას მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ფულის გამომუშავების შესაძლებლობა ან სესხის მოთხოვნა თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით. უარის თქმას ნუ იჩქარებთ, ამ წინადადებაზე კარგად უნდა დაფიქრდეთ. ხელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. ეცადეთ ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული – ამ გზით წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვთ.

კურო

ეცადეთ, თქვენ სამუშაო უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოთ. ამაში პრობლემების გადაჭრის ახლებური ხედვა დაგეხმარებათ. მეგობრების გულისხმიერი დამოკიდებულება ძალიან გაგახარებთ. გირჩევთ საღამოს ქალაქგარეთ გასვლა დაგეგმოთ – გარემოს შეცვლა განწყობას გააუმჯობესებს და შთაგონებით აგავსებთ.

ტყუპები

ეს დღე აქტიური, ინტელექტუალური საქმიანობისა და სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელია. არ არის გამორიცხული, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით აზრი შეიცვალოთ. ახალი გამოცდილების მისაღებად შესაფერისი დროა. ეს შეიძლება იყოს ხანმოკლე მოგზაურობა ან შემეცნებითი საქმიანობა. ინტუიცია გიკარნახებთ, სწრაფად როდის იმოქმედოთ და როდის უნდა გააკეთოთ პაუზა, რომ ინიციატივა სხვებს დაუთმოთ.

კირჩხიბი

ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, სახლში ცვლილებები განახორციელოთ. ეს შეიძლება ინტერიერის შეცვლა ან სახლის უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება იყოს. გამორიცხული არ არის, რომ დაასრულოთ ურთიერთობა, რომელიც უსიამოვნო და მოსაბეზრებელი გახდა. ამ დღეს იპოვით გზას, რომ საქმიანი კავშირები გააძლიეროთ და იმ ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რომლებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ლომი

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობა განსაკუთრებით აქტუალური იქნება. ამ მხრივ გარკვეული სიურპრიზები გელით. არც საკუთარ თავს და არც სხვებს არ ატყუებთ და ამჩნევთ იმას, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. ადრე თუ გვიან ეს წარმატებას მოგიტანთ. მშვენიერი დღეა სასიყვარულო პაემნებისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის.

ქალწული

გირჩევთ, ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, როგორც სახლში, ისე სამსახურში მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულეთ და დაისვენეთ. ყველაზე კარგი იქნება, თუ დახმარებას ახლობლებსა და კოლეგებს სთხოვთ. სახლისთვის შეიძლება დაუგეგმავი შესყიდვები მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნება, რომ ძალები აღიდგინოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

სასწორი

მშვენიერი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის. გირჩევთ საყვარელ ადამიანთან ერთად, ლამაზ ადგილზე წახვიდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ეს განწყობას აამაღლებს და თქვენს შორის ურთიერთობას გააუმჯობესებს. საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა მოგიწევთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. შესაძლოა, რჩევამ, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, ცხოვრება გაგიადვილოთ. თანამოსაუბრის განწყობას ადვილად ხვდებით და საერთო ენას არაკეთილგანწყობილ ადამიანებთანაც კი ადვილად პოულობთ. ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

მშვილდოსანი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. ხელსაყრელია ინტელექტუალური საქმიანობა, დისკუსიებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, რადგან პროცესი თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება. გამორიცხული არ არის, რომ ახალი მოკავშირეები იპოვოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ.

თხის რქა

თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარებას შეძლებთ. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის. ეცადეთ ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ.

მერწყული

დროა საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყოთ. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, გარდერობზე, ჯანმრთელობაზე. გააკეთე ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ, მაგრამ სამომავლოდ ინახავდით. ბოლოს და ბოლოს, ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. ხელსაყრელი დროა სამსახურში ინიციატივების გამოჩენისა და ლიდერის თვისებების დემონსტრირებისთვის.

თევზები

ეს დღე მუშაობისთვის არის ხელსაყრელი, თუმცა მუშაობისთვის განწყობილი საერთოდ არ ხართ. შეიძლება ვიღაცის სატელეფონო ზარმა ან რაღაც სიახლემ ძალიან გაგაოცოთ. ახლობელი ადამიანის სიტყვების ან საქციელის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ – შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.

14-19 სექტემბერს დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით ყოველ-დღე 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება სოფ. ყიტაანზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით.

 სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოება განხორციელდა მის მიერ შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ფაქტზე-საგარეო უწყება

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის, ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ დისციპლინარული წარმოება განხორციელდა მის მიერ შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ფაქტზე. კერძოდ, ალექსანდრე გოგოლაძემ შესაბამისი პროცედურის დარღვევით, საპატიო მიზეზის გარეშე, გრძელვადიანი მივლინებით ადგილსამყოფელი ქვეყანა, სომხეთის რესპუბლიკაში თვითნებურად დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული რეგულაციის მიხედვით, სამუშაო დღეებში ადგილსამყოფელი ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, საჭიროა მივლინების/შვებულების ან სხვა მიზეზით დადგენილი წესით გაფორმება, რაც გოგოლაძეს არ განუხორციელებია, ასევე მას ქვეყნის დატოვების და სამუშაო საათებში სამსახურში არგამოცხადების მიზეზი არ განუმარტავს პროცედურით დადგენილი არცერთი წესის შესაბამისად.

„აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე გოგოლაძე სამსახურში არ გამოცხადდა 2 სამუშაო დღე. საზღვარგარეთ გრძელვადიანი სამუშაო მივლინებით მყოფი მოხელე, გარდა თანამდებობრივი სარგოსი, სარგებლობს გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებით, სწორედ იმის გათვალისწინებით რომ იგი უნდა იმყოფებოდეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს.

ჩატარებული დისციპლინური წარმოების შედეგად დადგინდა, რომ ალექსანდრე გოგოლაძის მხრიდან დაირღვა როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესი, რომელიც გულისხმობს ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი ნებართვის გარეშე დატოვების აკრძალვას, რის გამოც მას გამოეცხადა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – საყვედური. ამასთან, დისციპლინარული წარმოებისას მას მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა შესაბამისი ახსნა-განმარტება, მის მიერ შინაგანაწესის დარღვევის მიზეზთან დაკავშირებით, რაც მას ფაქტობრივად არ განუხორციელებია. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ალექსანდრე გოგოლაძე დღემდე იკავებს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის პოზიციას, თუმცა გამოვლენილი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით გაგზავნილ იქნა შესაბამის ტრენინგზე.

მოვუწოდებთ, როგორც თავად ალექსანდე გოგოლაძეს, ასევე ამ საქმით დაინტერესებულ ყველა აქტორს, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან და საგარეო საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეტანილ სარჩელში ითხოვს, გოგოლაძის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

“ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა -ლაშა ტალახაძე

„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა. წინ არის რთული გზა გასავლელი და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, – ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ტალახაძემ ღონისძიებაზე მთავრობის მეთაურისა და წევრების არ დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი აზრით, პრემიერ-მინისტრს გარკვეული მიზეზები ჰქონდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს გარკვეული მიზეზები ჰქონდა. მე აქ ვარ. მე რა ჯილდოც მეკუთვნოდა, ჩავიბარე. ყველას წარმატება მინდა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ და ევროპაში შევალთ”,- განაცხადა ტალახაძემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის მისამართით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებებს, ტალახაძე ასე პასუხობს: „ქვეყნის მოღალატე მე არავისთვის არ მიწოდებია და არც ვუწოდებ“.

„ვიცი, რომ გუშინდელ დაჯილდოებაზე იყო მოწვეული პრეზიდენტი, მაგრამ არ მოვიდა, ეს მე, როგორც სპორტსმენს, არ მწყენია”,- აღნიშნა მან.

ამასთან, ლაშა ტალახაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაჯილდოებისთვის გამო მადლობა გადაუხადა.

„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა. ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არის ხალხის სამსახურში. შეიძლება უხეშად გამომივიდეს, მაგრამ მოვალეობაც კი არის, როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი აღწევს დიდ წარმატებას, უნდა გადასცე ჯილდო. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის. ნამდვილად დასაფასებელია თითოეული სპორტსმენის მხრიდან. აქედან გამომდინარე დიდ მადლობას ვუხდი მას. წინ არის რთული გზა გასავლელი და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში”, – განაცხადა ტალახაძემ.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ და XVII პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ოლიმპიელები და პარალიმპიელები ორდენებით დააჯილდოვა.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ:

ლაშა ტალახაძე – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში;

ლაშა ბექაური – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში;

გიგა ოჩხიკიძე – პარალიმპიური ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრაში);

გენო პეტრიაშვილი – ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში;

ლაშა შავდათუაშვილი – სხვადასხვა დროის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ძიუდოში;

ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ:

ტატო გრიგალაშვილი – ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში;

ზურაბ ზურაბიანი – პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში;

გივი მაჭარაშვილი – ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში;

ილია სულამანიძე – ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში;

გიორგი ქალდანი – პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში;

რევაზ ჩიკოიძე – პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში;

ვლადიმერ ჭინჭარაული – პარალიმპიური პრიზიორი პარასროლაში;

ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:

ლაშა გურული – ოლიმპიური პრიზიორი კრივში;

ნინო თიბილაშვილი – პარალიმპიური პრიზიორი ეტლით ფარიკაობაში;

ინა ქალდანი – პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში;

ანა ჯაფარიძე – პარალიმპიური პრიზიორი პარატაეკვონდოში;

აკაკი ჯინჭარაძე – პარალიმპიური პრიზიორი პარაწოლჭიმში;

გურამ თუშიშვილი – 2020 წლის ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ძიუდოში, 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი;

ვაჟა მარგველაშვილი – 2020 წლის ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ძიუდოში, 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი;

ლაშა გუჯეჯიანი – საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი;

ამბაკო ავალიანი – საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი;

გურამ მოდებაძე – საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი;

ლომერ ჟორჟოლიანი – საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი;

ლევან ქოჩიევი – საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი;

ბესიკ რაჯებაშვილი – საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი;

გიორგი იანტბელიძე – საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი;

დავით ხურცია – საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი;

გიორგი ასანიძე – საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი;

ავთანდილ გახოკიძე – საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი;

ბეჟან ჭიჭინავა – საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი;

ილია ტლაშაძე – საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი;

მერაბ ბაზაძე – საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი;

არჩილ უგულავა – საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი;

შოთა გოჩიაშვილი – საქართველოს პარატაეკვონდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი;

ალექსანდრე გვასალია – საქართველოს პარატაეკვონდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი;

დავით ილარიანი – საქართველოს პარამძლეოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი;

ზაზა ხოსმაზარაშვილი – საქართველოს პარამსროლელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი;

არჩილ ბარამიძე – 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი;

გია ობოლაძე – 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი;

ლევან ქობულაშვილი – 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი;

ალექსი ღვინიაშვილი – 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი;

კახა წიკლაური – 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი;

მირზა ხაბარელი – 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი;

ლევან გერლიანი – 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი;

ვიქტორია გოგოლაშვილი – 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი;

სპარტაკ გორგაძე – 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი;

დავით მანთიძე – 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი;

მალხაზ მესხი – 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი;

გიორგი წასიძე – 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი;

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში პარალიმპიური მოძრაობისა და პარასპორტის განვითარებისათვის გაწეული უდიდესი ძალისხმევისათვის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო თასის მფლობელი ეტლით ფარიკაობაში, 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი ირმა ხეცურიანი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოში საქართველოსა და ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ათგზის მონაწილე ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ და XVII პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობისა და სპორტული მიღწევებისათვის, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა:

ეთერ ასკილაშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში;

სანდრო ბაზაძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ფარიკაობაში;

ლაშა გობაძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში;

ვლადიმერ გამყრელიძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში;

ლუბა გოლოვინა – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბატუტზე ხტომაში;

რამაზ ზოიძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში;

რობერტ კობლიაშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში;

ეთერ ლიპარტელიანი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში;

შოთა მიშველიძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძალოსნობაში;

გიორგი ნიკოლაძე – საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარატაეკვონდოში;

ანა ნიჟარაძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ცურვაში;

გიორგი სარდალაშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში;

სოფიო სომხიშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში;

ნოე ფანცხავა – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ცურვაში;

დავით ქავთარაძე – საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარამძლეოსნობაში;

ლაშა ყიზილაშვილი – საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარაძიუდოში;

გიორგი ყუშიტაშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი კრივში;

ლია ჩაჩიბაია – საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარატაეკვონდოში;

ირაკლი ჩხეიძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძალოსნობაში;

გოდერძი ძებისაშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში;

ლიკა ხარჩილავა – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი მძლეოსნობაში;

მამუკა ხაბარელი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი;

გიორგი ესაკია – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი;

ივანე მეკრავიშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი;

რუსუდან აფციაური – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

თეონა ომანაძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

რატი იონათამიშვილი – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი;

შალვა მაისურაძე – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი;

გიორგი ოკრიბელაშვილი – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი;

რევაზ რევაზიშვილი – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი;

გიორგი მაისურაძე – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი;

თინათინ რევაზაშვილი – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარალიმპიადის მისიის ატაშე;

ნინო მეუნარგია – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი;

თინათინ ჯავახიშვილი – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრი;

სოფიო გიორგიძე – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრი;

თეიმურაზ ბახტურიძე – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პერსონალური ასისტენტი;

ირაკლი დაუშვილი – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარაძიუდოს დამხმარე;

უშანგი ზაალიშვილი – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეტლით მოფარიკავეთა დამხმარე;

ბექა ოჩხიკიძე – პარალიმპიური ჩემპიონის პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრაში) დამხმარე;

ზურაბ კახაბრიშვილი – საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი;

ვახტანგ ღოლიჯაშვილი – საქართველოს პარალიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი;

ავთანდილ ხმიადაშვილი – საქართველოს პარალიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი;

ფირუზ ტუნაძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელი;

ავთანდილ თელია – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი;

გიორგი მგელაძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი;

თეიმურაზ მგელაძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი;

ვაჟა ომარაშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი;

რუსლან ღიბრაძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი;

ლაშა ღონღაძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი;

გიორგი ჭინჭარაული – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი.

“თუ დასავლეთს უკრაინის გადარჩენა სურს, უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს, თორემ მალე გვიან იქნება”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით “თუ დასავლეთს უკრაინის გადარჩენა სურს, უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს, თორემ მალე გვიან იქნება” (ავტორი – ლიზა ხაზელდინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც მოსალოდნელია, თეთრი სახლი უახლოეს დღეებში – შეიძლება ხვალ ან ზეგ – გააუქმებს იმ აკრძალვას, რომელიც უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენებისას აქვს დაწესებული: მალე კიევს შესაძლებლობა ექნება ამერიკული რაკეტებით რუსეთის ზურგსაც დაარტყას. სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთიც იგივეს გააკეთებს, თუმცა მოგვიანებით.

ამ ფონზე კვლავ იბადება კითხვა: განა ეს დაგვიანებული არ არის? განა უკეთესი არ იყო, რომ დასავლეთს დროულად მიეწოდებინა საკმარისი იარაღი, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე, რომ უკრაინას წარმატებით მოეგერიებინა ვლადიმერ პუტინის ჯარების თავდასხმა?
უკვე თითქმის ერთ თვეზე მეტია, რაც უკრაინას რუსეთის კურსკის ოლქში პლაცდარმი აქვს დაკავებული. კიევის მტკიცებით, მისი სამხედრო ქვედანაყოფები დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრს ფართობის მქონე ტერიტორიას აკონტროლებენ.

მოსკოვი იძულებული გახდა 150 ათასი ადამიანის ევაკუირება განეხორციელებინა. როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, კრემლს 60 ათასი მებრძოლის გადასროლა მოუწია – ისინი დონბასის ფრონტიდან კურსკის ოლქში იქნენ გაგზავნილნი. ბოლო თვეში კიევმა რამდენიმე საგრძნობი და მტკივნეული დარტყმა მიაყენა რუსეთს.

მაგრამ არის იმის საფრთხე, რომ უკრაინა ომში იმპულსს კარგავს. მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება [ჯერ-ჯერობით ოფიციალურად] დაუდასტურებელი ცნობები, რომ რუსეთის არმიამ კურსკის ოლქში „ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო და უკვე რამდენიმე სოფელი უკრაინული ქვედანაყოფებისაგან გაწმინდაო“.
აშკარაა, რომ გარკვეული ეფექტურობის მიუხედავად. უკრაინის არმიის კურსკში ოლქში შეჭრამ საკმარისი შედეგი ვერ მოიტანა: რუსეთის შეტევა დონბასში არ შესუსტებულა. პუტინის ჯარები სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ პოკროვსკს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან და მის დასაკავებლად დამრტყმელ ბირთვს ქმნიან. ქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობა ამას გრძნობს და ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში ევაკუაციას აგრძელებენ. როგორც ჩანს, მოსახლეობასთან ერთად, უკრაინის არმიაც იძულებული იქნება უკან დაიხიოს.
რასაკვირველია, უკრაინის გართულებულ მდგომარეობაში ლომის წილი დასავლეთს მიუძღვის. დასავლეთი აგვიანებს გადაწყვეტილებებს მიღებას – აშშ და დიდი ბრიტანეთი იარაღს კი აწვდის, მაგრამ დროის ეფექტის ყოველგვარი დარღვევით. ასე მოხდა, მაგალითად, როგორც რიგი მოდიფიკაციის რაკეტების, ასევე ავიაგამანადგურებელ F-16-ების საკითხში…

დასავლეთი უკრაინას აწამებს. რას ნიშნავს იარაღის მიწოდების დაგვიანება? იმას, რომ უკრაინა იძულებულია ბრძოლა გააგრძელოს, მაგრამ არათანაბარ პირობებში, რასაც უარყოფითი შედეგები მოსდევს – უკან დახევა.
თუ რატომ სუსტდება დასავლეთის დახმარება, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: უპირველესი ისაა, რომ კიევის დასავლელი მოკავშირეები მუდმივად ეშინიათ „ყბადაღებული საფრთხისა“, რომ ვაითუ ომის ესკალაცია მოხდეს… ვაითუ ვლადიმერ პუტინს ჭკუა აერიოს და ბირთვული რაკეტების გაშვების ღილაკზე თითი დააჭიროს… ვაითუ კრემლმა სხვა ქვეყნები ჩართოს უკრაინასთან ომში. მეორე მიზეზი, რომელსაც პირველთან აქვს კავშირი: დასავლეთში უკრაინის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა დაქვეითდა, რაც მთავრობებს (მმართველ პარტიებს) უკრაინის მიმართ მტკიცე დახმარების პოლიტიკის გატარებას პრობლემებს უქმნის; მესამე – ევროპული შეფასებით, კიევს დამატებით ასობით მილიარდი დოლარის დახმარება დაჭირდება, რომ რუსეთის ჯარები თავისი ტერიტორიიდან გააძევოს. შესაბამისად, დასავლელი მოკავშირეები ვოლოდიმირ ზელენსკის [ჯერ-ჯერობით, არაოფიციალურად] მოუწოდებენ გადასინჯოს პოზიცია და დროულად შეეცადოს მოლაპარაკების დაწყებას (რა თქმა უნდა, კიევის სასარგებლო პირობებით, სანამ მას კურსკის ოლქი აქვს დაკავებული).

ამასთან, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის მუქარები – რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა მკაცრად დაისჯებაო (სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის გამოყენებით) – მხოლოდ ცარიელი სიტყვები გამოდგა. ერთი თვე გავიდა, რაც უკრაინა კურსკის ოლქის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს და კრემლის მხრიდან არავითარი ბირთვული დარტყმა არ განხორციელებულა. შესაბამისად, დასავლეთმა უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს, უკრაინას ბოლომდე უნდა დაეხმაროს, რომ ევროპაში მშვიდობა აღდგეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, პრემიის ფინალისტ პედაგოგებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 2024 წლის აპრილში დაიწყო და ივლისში დასრულდა. კონკურსში მთელი საქართველოს მასშტაბით ჯამში 2000-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეირჩა მასწავლებლები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდგომ ათი გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით.

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები არიან:

• გორის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ვერა სომხიშვილი;
• თბილისის 28-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, თამარ ადამია;
• ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ივანე გოქაძე;
• დედოფლისწყაროს პირველი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ეკა სეფიაშვილი;
• ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის სკოლის სპორტის მასწავლებელი, ნანი კირკიტაძე;
• გორის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, ნანა წიწუაშვილი;
• სენაკის პირველი სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, მამუკა კუჭავა;
• თელავის მე-4 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, ეკატერინე გურგენაშვილი;
• ბათუმის მეორე სკოლის დაწყებითი კლასების და გეოგრაფიის მასწავლებელი, ანა ანუშიძე;
• ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, ზურაბ ინასარიძე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემია დაწესდა.

შესაბამისად, ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა- კახა კალაძე “ლეგენდების მატზე”

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება.

ამხანაგური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერან ფეხბურთელებთან – ლევან კობიაშვილთან, შოთა არველაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, სოციალურ ქსელის საშუალებით, ვიდეომიმართვაში გააცნო.

“სტადიონზე ვიხილავთ ქართველ ვარსკვლავებს, როგორიცაა გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, შოთა არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და ბევრი სხვა. ასევე, „მილანთან“ ერთად იქნება რივალდო, კაკა, კაფუ, კოსტაკურტა, ზეედორფი, მარკო ბორიელო და ბევრი სხვა საინტერესო ფეხბურთელი. საქართველოში “მილანს” ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყა,ვს, ქართველი მაყურებელი ღამეებს ათენებდა იმ საუკეთესო წლებში, რომელიც “მილანს“ ჰქონდა. ვიცი, როგორ ელოდებოდნენ  ხოლმე ამ თამაშებს. მიხარია, რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა, საქართველოში 21 სექტემბერს გაიმართოს საქართველოს ნაკრების ვეტერანებისა და “მილანის” ლეგენდების  შეხვედრა, სადაც ქართველ გულშემატკივარს ექნება საშუალება, მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა. ზოგადად, ასეთი შეხვედრები ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელების მოტივირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გულშემატკივარს საფეხბურთო ზეიმი ელის. მერის ინფორმაციით,  ბილეთების გაყიდვა დაწყებულია.

ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული პრეზიდენტი – ლაშა ბექაური

სრულიად ვემიჯნები ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქაღთველოს უნდა ჰყვადეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი.

„ვფიქრობ, ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს. ვფიქრობ, ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი“, – აღნიშნა ლაშა ბექაურმა.

“მილანისა” და საქართველოს ლეგენდების მატჩის შემადგენლობები ცნობილია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება.

მატჩს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების და იტალიური მილანის ვეტერანები მიიღებენ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 19:00 საათზე უმასპინძლებს.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: ლეგენდების მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 16 სექტემბრის ჩათვლით, მითითებული ბმულის გამოყენებით.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი – 10, 30 და 50 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო

გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, დავით მუჯირი, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

მილან გლორი

დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივიო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა.

მწვრთნელი: იბრაჰიმ ბა

GFF.GE

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე თავისუფლები არიან-სუსი

 

 

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ლაშა ხეთერელი უჩა ჯოხაძე თავისუფლები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს:

“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ლაშა ხეთერელის და უჩა ჯოხაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,”- აღნშნულია განცხადებაში. 

 

ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის ანაზღაურება, ხელფასების ზრდა გაგრძელდება -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მასწავლებლის შრომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, განსაკუთრებული პატივისცემით მოგესალმებით ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს, ყველას, ვინც თქვენი ცხოვრება ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას – მომავალი თაობების აღზრდას დაუკავშირეთ.

ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ.

მასწავლებლის შრომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა და ამიტომ, ჩვენი ქვეყნის  განვითარების საუკეთესო ინტერესებშია, განსაკუთრებით დავაფასოთ თქვენი ამაგი, ვიზრუნოთ იმაზე, რომ მასწავლებლის პროფესიამ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი კუთვნილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის.

„როგორც მოგეხსენებათ, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა მომავალშიც მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ვალია, მუდმივ რეჟიმში ვიზრუნოთ თქვენთვის უკეთესი პირობების შექმნაზე. მე პირადად, 18 წელია, უწყვეტ რეჟიმში ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და განსაკუთრებულად სოლიდარული ვარ თითოეული თქვენგანის მიმართ და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი აისახება იმ საქმეებზე, რაც გაკეთდება განათლების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით.

მინდა, მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების, ახალგაზრდობის მინისტრს, რომლის ინიციატივითაც შარშან, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმისა და დაფასებისთვის დაწესდა ეს  დღე, მასწავლებლის ეროვნული დღე და დაწესდა მასწავლებლებისთვის მაღალი პრემია.

როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, საბავშვო მწერლისა და დიდი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, რასაც დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. დღეს შევიკრიბეთ და მოხარული ვარ, რომ ვარ თქვენთან ერთად, რათა აღვნიშნო ეს მნიშვნელოვანი დღე და ეროვნული პრემიები გადავცეთ გამორჩეულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს.

პრემიის თითოეულ ლაურეატს გიხდით მადლობას თქვენი ფასდაუდებელი შრომისთვის, გილოცავთ ამ განსაკუთრებულ აღიარებას და მომავალშიც მინდა, ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენგან. უღრმესი მადლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.