Home Blog Page 19

„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“-  გიორგი სოსიაშვილი

„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა. 

„ასეთი გამოხტომები მათი მხრიდან არახალია. ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფრით უკვე დაიღალა – რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე. გახსოვთ, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა რამდენჯერმე მიიტანეს შტურმი ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუციის – პარლამენტის წინააღმდეგ, ძალადობდნენ პოლიციელებზე, ლამის გადაწვეს ჩვენი დედაქალაქი, თავიდანვე დამარაგებული ჰქონდათ აღჭურვილობა, მსხვილი, მდიდარი „ენჯეოების“ დაფინანსებით. ამჯერად, უკვე ინერციით მოდიან. დავესესხები ჩვენს ერთ დიდებულ მწერალს, გურამ რჩეულიშვილს – სასაცილომდე მისული ინერციაა ეს ყველაფერი“, – აცხადებს სოსიაშვილი. 

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდნენ „ლელოს“ ლიდერები, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიები „ლელოს“ ისევ ღალატში ადანაშაულებენ.

,, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით კენჭისყრა შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს”- „ევრონიუსი“ 

რადიკალი მემარცხენეები და ულტრამემარჯვენეები ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებას კიდევ ერთხელ ეცდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით ევროპარლამენტის ჯგუფები უახლოეს ხანში გამოვლენ და კენჭისყრა შესაძლოა, უკვე ოქტომბერში გაიმართოს.

„ევრონიუსის“ ცნობით, „მემარცხენეების“ პოლიტიკური ჯგუფი და „ევროპის პატრიოტები“ ორ განსხვავებულ ინიციატივას ამზადებენ, რომელთა წარდგენაც მომდევნო კვირაში მოხდება.

მემარცხენეთა ჯგუფის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პოლიტიკა ეწინააღმდეგება „ყველაფერს, რასაც ისინი უჭერენ მხარს, მსხვერპლად წირავს დასაქმებულებს და ანადგურებს მწვანე შეთანხმებას“. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მემარცხენეები ასევე უკმაყოფილოები არიან ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაციაზე ევროკომისიის უმოქმედობით.

ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ მოთხოვნის კენჭისყრაზე დაყენებას, სულ მცირე, 72 ევროდეპუტატის თანხმობა სჭირდება. ამ ხელმოწერების შეგროვებისა და მათი ვალიდურობის დადასტურების შემდეგ, ევროპარლამენტს 24 საათი ექნება ამ საკითხზე პლენარული დებატების დასანიშნად.

ცნობისთვის, ზაფხულში ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა ულტრამემარჯვენეების მოთხოვნით შედგა, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ შეგროვდა.

„სლოვაკეთის რესპუბლიკა არ განათავსებს ჯარისკაცებს უკრაინაში”- რობერტ ფიცო

სლოვაკეთი მზად არის, ხელი შეუწყოს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა სამშვიდობო მისიაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს, – აცხადებს რობერტ ფიცო. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად დასრულებას არ ელოდება.

„სლოვაკეთის რესპუბლიკა არ განათავსებს ჯარისკაცებს უკრაინაში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ უსაფრთხოების გარანტიების განხორციელებაში, მაგალითად, ლოგისტიკის კუთხით. ვგულისხმობ ლოგისტიკას, როგორიცაა სატრანსპორტო მარშრუტების გამოყენება.

უკრაინაში ომის სწრაფი დასრულების მიმართ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა ფიცომ.

,,ეს ხალხი, თავისი ნაბიჯით, უპირისპირდება თავისივე ამომრჩეველს”- ირაკლი ფავლენიშვილი “ლელოზე”

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდნენ “ლელოს” ლიდერები, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს.

კოლეგების მხრიდან ბულინგისა და ზეწოლის მიუხედავად, “ძლიერი საქართველო”, მარათონში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არ ცვლის. ამბობენ, რომ ყოფილი პარტნიორების აზრი მათზე გავლენას ვერ მოახდენს.

“ჩვენს მიდგომაში არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენ არ ვაპირებთ, ვიყოთ ოპოზიციის ოპოზიცია. ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი გზა – ბრძოლაში შევედით და ამას ვერაფერი შეცვლის”, – აცხადებს პარტია ”ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე.

“ნაციონალური მოძრაობა” და ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიები “ლელოს” ისევ ღალატში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებზე.

“მათ ოპოზიციურ ამომრჩეველში სანდოობა აბსოლუტურად დაკარგეს. ისინი იხილავენ იმ კატასტროფულ რეიტინგს, რომელიც მათ ოპოზიციურ ამომრჩეველში აქვთ. ეს გადაწყვეტილება არის არა ოპოზიციური, არამედ სახელისუფლებო საქმე. ეს ხალხი, თავისი ამ ნაბიჯით, უპირისპირდება თავისივე ამომრჩეველს და აყენებს ზიანს თავის რეპუტაციასა და პოლიტიკურ მომავალს”, – აცხადებს პარტია ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

8 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში დროებით  შეიზღუდება

ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო,  მიმდინარე  წლის 8 სექტემბერს, 06:00 საათიდან 14:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის N76 – დან  (უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია)  წყნეთის გზატკეცილის N6 – მდე საგზაო მონაკვეთში.  

შეზღუდვის პერიოდში,  ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ  თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით,  ხოლო წყნეთის გზატკეცილისა  და ბაგების დასახლების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგები-უნივერსიტეტის  ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით. ასევე,  გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომდე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N309, N351 და N358 ავტობუსები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში შეზღუდული მარშუტით მოძრაობდნენ, ამჯერად იმოძრავებენ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიამდე.

8 სექტემბრის 14:00 საათიდან რეაბილიტირებულ არეალში სრულად აღდგება როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველა მიმართულებით. რეაბილიტაციამდე მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.

ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს”- კალაძე

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა დედაქალაქში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, მოსახლეობას გააცნო სამოქმედო გეგმა.

მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე.

„მეგობრებო, თქვენ კარგად იცით, რომ არასდროს გაგვიწყვეტია კავშირი მოსახლეობასთან, რადგან ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე, ვინც გვანდო ქვეყნის და ქალაქის ბედი. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანია დავიწყეთ ადრიანად, რათა ყველასთან მივსულიყავით, მიგვეტანა ჩვენი სათქმელი, გაგვეზიარებინა სამომავლო გეგმები, მოგვესმინა თქვენთვის. ყველა ხედავს, როგორი მუდმივი რყევების და ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის ქვეშ გვიწვეს ცხოვრება.

ის რაზეც „ქართული ოცნება“ ბოლო წლებია ხმამაღლა და დაუფარავად საუბრობდა, დღეს მსოფლიოსთვის გახდა ცხადი. გჯეროდეთ, არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას გვმართოს და დაგვიმონოს. ამისთვის არ უბრძოლიათ ჩვენ გმირ წინაპრებს, მათ სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა. ჩვენი ვალია დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი იდენტობა, რწმენა და კულტურა. ამის საფუძველს გვაძლევს თქვენი მხარდაჭერა, ჩვენი ერთოანობა,“- განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

სამგორის რაიონის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.

7 სექტემბრის ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6930 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1492 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1394 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს კვირის მანძილზე დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. მოერიდეთ მუშაობას – ახლა ყველაზე მეტად დასვენება, კარგი გამოძინება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. თავშეკავება გამოიჩინეთ გარშემომყოფების მიმართ. თუ თითოეულ პატარა უსიამოვნებას მნიშვნელობას მიანიჭებთ, დღის ბოლომდე ძალა და ნერვები არ მიგყვებათ. სასარგებლოა ახალი ცოდნის მიღება და რაიმე სახის ინტელექტუალური საქმიანობა.

კურო

თეატრალური წარმოდგენის ან გამოფენის ნახვა და შემოქმედებითი სამუშაოს შესრულება საშუალებას მოგცემთ, გონებრივი წონასწორობა აღიდგინოთ და პრობლემებისგან დაისვენოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა – თქვენი ესმით და მხარს გიჭერენ. ცდუნებებს ნუ აჰყვებით, ეს პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თუ სამყარო თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის და ამით არ ისარგებლებთ, დიდი დანაკარგი იქნება.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლოა, რაღაც შემთხვევამ შეხედულებების შეცვლა გაიძულოთ და განვითარების ახალი შესაძლებლობები დაგანახვოთ. არ შეუშინდეთ სიყვარულის აღიარებას, თუ ეს გულიდან მოდის. თავი შეიკავეთ სპონტანური შესყიდვებისა და დაუგეგმავი ხარჯებისგან და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატარეთ. შეეცადეთ, სტრესი ფიზიკური ვარჯიშით ან ბუნებაში სეირნობით მოიხსნათ.

კირჩხიბი

ოცნებებმა და ფანტაზიებმა შესაძლოა საინტერესო, პერსპექტიულ იდეამდე მიგიყვანოთ, რომელსაც მოგვიანებით წარმატებით განახორციელებთ. ასევე, თქვენი ორიგინალურობა ახალ ადამიანებს მიიზიდავს, რაც ურთიერთობას სასიამოვნოს და სასარგებლოს გახდის. ეცადეთ, თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა სასარგებლოდ გამოიყენოთ. რთულ დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ.

ლომი

შეგიძლიათ, პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და 7 სექტემბერი ისე გაატაროთ, როგორც დიდი ხანია გინდოდათ. ეცადეთ, ინიციატივა გამოიჩინოთ და ყურადღების ცენტრში იტრიალოთ. ღია ცის ქვეშ ფიზიკური მუშაობა ან ვარჯიში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

ქალწული

საიდუმლოს, რომელიც დიდხანს გაწვალებთ, ამ დღეს ნათელი მოეფინება და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ. თუ საინტერესო გეგმა ან უჩვეულო პროექტი გაქვთ, მშვენიერი დღეა მის განსახორციელებლად. ოჯახის ან მეგობრების დახმარება რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას თუ მათთან ურთიერთობას უფრთხილდებით. დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს და თავი შეიკავეთ რთული და საპასუხისმგებლო საქმის დაწყებისგან. მოწვევაზე უარს ნუ იტყვით – ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, შეცდომის თავიდან ასაცილებლად ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უსმინოთ. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები – მძიმე კვირის შემდეგ დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. მეგობრებთან კამათი პერსპექტიული იდეისკენ გიბიძგებთ. შესაძლოა, თქვენმა აქტიურობამ გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოს და მომავალი პროექტებისთვის სპონსორი აღმოაჩინოთ.

მშვილდოსანი

რთული და დაძაბული დღეა. ყველაფერი გაღიზიანებთ და ემოციების მოთოკვა გიჭირთ. სერიოზული კონფლიქტი რომ არ დაიწყოს, ვარსკვლავები თანამოსაუბრის პატივისცემას და კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნას გირჩევენ. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც სულიერ სიმშვიდეს გაპოვნინებთ.

თხის რქა

სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ამ დღეს ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. დღის პირველ ნახევარში პლანეტების კეთილგანწყობა ეცადეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

მერწყული

ეცადეთ, საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოთ – რაიმე ლამაზი და უჩვეულო იყიდოთ ან რესტორანში ეგზოტიკური კერძები დააგემოვნოთ. ეს განწყობას აგიმაღლებთ და ემოციებით აგავსებთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ და ყველა ინიციატივის დროს მხარი დაუჭიროთ.

თევზები

ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. აჩვენეთ, რომ მასზე ზრუნავთ და საკუთარ გრძნობებზე ესაუბრეთ. სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება იმდენად გიჭირთ, რომ ზოგი საქმის გადადება მოგიწევთ. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

,,ქართველები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ დღეს ემოცია ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, ცივი გონებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ”- კალაძე

„ქვეყნის შიგნით წარმოდგენილი აგენტურა გარედან მიღებული მითითებით ცდილობს, რომ ყველაფერი ქართული და ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, წაბილწოს სხვადასხვა ქმედებით“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას საზოგადოება „ქართულის“ განცხადებას.

კახა კალაძის თქმით, როცა საქართველოს ხელისუფლება გარედან შემოსული თანხების შესახებ საუბრობდა, საზოგადოების ნაწილი ქილიკობდა, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა  ყველაფერს ფარდა ახადა.

„ეროვნულ ცნობიერებას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს ვინ ებრძვის ხომ ვიცით – ქვეყნის შიგნით წარმოდგენილი აგენტურა გარე დავალებებით. ისინი გარედან მიღებული მითითებით ცდილობენ, რომ ყველაფერი ქართული და ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, იყოს წაბილწული სხვადასხვა ქმედებით. თუნდაც სარწმუნოების მხრივ, პატრიარქის, ჩვენი კულტურის, ტრადიციების წინააღმდეგ გამოდიან. ეს შემთხვევითი არ არის, ყველაფერი იმართება და ფინანსდება გარედან.

არიან სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, ნებისმიერ სიბინძურეს გააკეთებენ და დავალებებს შეასრულებენ. ეს მიმართულია საზოგადოების გახლეჩვის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები აქვთ და ა.შ. ამაზე როცა ვსაუბრობდით, დაგვცინოდნენ, ქილიკობდნენ – რა გლობალური ომის პარტია, რაგ არედან შემოსული თანხებიო. გამოვიდა დონალდ ტრამპი და ყველაფერს ახადა ფარდა, დაარქვა თავისი სახელი, თუ როგორ ხდებოდა სხვადასხვა სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით თანხების შემოდინება და ქვეყნის შიგნით რევოლუციას ხმარდებოდა. ქართველები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ დღეს ემოცია ყველაზე ნაკლებად გვჭირდება. ცივი გონებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესები იყოს გათვალისწინებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მამუკა ხაზარაძე – ჟურნალისტების სტანდარტი არის ასაწევი

ტრენდია, რომ თურმე პოლიტიკოსებს შეიძლება, გადაუარო, იმიტომ რომ მედიაში ზიხარ და არავის აქვს უფლება, ობიექტური აზრი თქვას ჟურნალისტებზე, ამიტომ ვართ ამ დღეში. ისევე როგორც პოლიტიკოსების ჟურნალისტების სტანდარტიც არის ასაწევი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი ევროპული მასმედია, განსაკუთრებით ტელევიზია, ისეთი ადგილი უნდა იყოს, სადაც ჟურნალისტი განსხვავებულ არგუმენტებს შეაფასებს და არ იტყვის, რომ მე ამას ვუჭერ მხარს. მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს უკვე პოლიტიკოსობაა.

„გუშინ, იმის მაგივრად, რომ ოპოზიციიდან ან იმ ხალხისგან, ვინც ბიძინა ივანიშვილის ამ პროვოკაციას წამოეგო აქცენტი გაკეთებულიყო, რომ როგორ შეიძლება, ერთი და იგივე, ტყუპისცალივით ერთნაირი დანაშაულისთვის მყოფი რვა პოლიტმაპტიმრისგან ორის გათავისუფლება ხდება და დანარჩენის არა, აქცენტი არავის არ გაუკეთებია, რომ ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა და ნიღბის ჩამოხსნა სისტემის. იმ სისტემის, სადაც ჩვენ ვაძლევთ უფლებას, კანონი ფეხქვეშ გათელონ, თავზე გადაგვახიონ, დააპირისპირონ ადამიანები. და იმის მაგივრად, რომ გუშინ მედიას ამაზეც გაეკეთებინა აქცენტები, ზოგმა ჟურნალისტმა თავს უფლება მისცა, რომ პოლიტიკოსობა დაეწყო და პირობები დაეყენებინა – ახლა ხაზარაძე გამოვა და პასუხს გასცემს, იღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხმას წყალს. როდესაც ჟურნალისტი ან გარკვეული ჟურნალისტები მოცემულობას ქმნიან, სამი საათის განმავლობაში და თქვენ იცით, როგორ იქმნება საზოგადოებრივი აზრი, უკვე იმაზე კი არ არის საუბარი, მოდი, გავერკვეთ, რა მოხდა, არამედ ამათ თურმე იმიტომ უშვებენ, რომ რაღაცა თეორიაა, მოლაპარაკება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ზოგიერთი ჟურნალისტი არის მხარე.

„არა მარტო გუშინ, ზოგიერთი ჟურნალისტები არიან მხარე, ეს უნდა ითქვას. მე არ ვიცი, ვინმეს ეწყინება თუ არ ეწყინება, მაგრამ მე ტელევიზია და მომავალი ევროპული მასმედია, განსაკუთრებით ტელევიზია, მიმაჩნია ისეთ ადგილად, სადაც ჟურნალისტი ამ არგუმენტსაც და იმ არგუმენტსაც შეაფასებს და არ იტყვის, რომ იცი რა, მე ამას ვუჭერ მხარს. ეს უკვე პოლიტიკოსობაა. პედესტალიდან პოლიტიკოსებს ნურავინ ნუ გველაპარაკება. ტრენდია, რომ თურმე პოლიტიკოსებს შეიძლება, გადაუარო, იმიტომ რომ მედიაში ზიხარ და არავის აქვს უფლება, ობიექტური აზრი თქვას ჟურნალისტებზე. ამიტომ ვართ ამ დღეში. ეს სტანდარტი, ისევე როგორც პოლიტიკოსების სტანდარტი, ჟურნალისტების სტანდარტიც არის ასაწევი. გინდა ვინმეს ეწყინოს, გინდა არა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Bloomberg: ევროპა აღიარებს კრიტიკულ სამხედრო ხარვეზებს და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის აშშ-ზეა დამოკიდებული

ევროპა აღიარებს კრიტიკულ სამხედრო ხარვეზებს და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის აშშ-ზეა დამოკიდებული, – წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე კონტინენტი ვერ უზრუნველყოფს ვერც უკრაინის უსაფრთხოებას და ვერც საკუთარ თავდაცვას რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის ფონზე.

ევროპის ქვეყნები, რომლებიც საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდულობას აღიარებენ, მოუწოდებენ აშშ-ს, დარჩეს თავდაცვის სფეროში საკვანძო პარტნიორად.

ყველაზე დიდი პრობლემებია კოსმოსური დაზვერვის, ასევე ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ნაკლებობა, – ნათქვამია სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ანგარიშში.

ვაშინგტონი უზრუნველყოფს ნატოს სადაზვერვო და სათვალთვალო რესურსების, მათ შორის თანამგზავრების, დიდ ნაწილს. ამ შესაძლებლობების ჩანაცვლება ევროპას დაახლოებით 4.8 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

„ეს შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს, რადგან… თვალების გარეშე ბრმა ხარ“, – განაცხადა ვერონიკა სტრომსიკოვამ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების საკითხებში დირექტორმა.

ევროპელებს ასევე არ აქვთ საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრა შეუძლიათ. თითქმის მთლიანად ამ ამოცანას ამერიკული „პატრიოტის“ კომპლექსები ასრულებენ.

პრაღის თავდაცვის სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა ხუთჯერ უნდა გაზარდონ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.

„მხოლოდ ფული ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები: რეალური ძალა, მძიმე შეიარაღება, ასევე ახალი ტექნოლოგიები“, – ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.

თავდაცვის ხარჯების ზრდის მიუხედავად, ევროპელი ლიდერები აღიარებენ – კონტინენტი დამოუკიდებლად ვერ აიძულებს კრემლს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვერ შევძლებთ საკმარისი ზეწოლა მოვახდინოთ პუტინზე, რომ მან ეს ომი შეაჩეროს. ჩვენ დამოკიდებული ვართ ამერიკულ დახმარებაზე“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

ცესკო – 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაერების დარიგება.

„ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად და სრულფასოვნად შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზება, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე voters.cec.gov.ge, სწრაფი გადახდის აპარატის და მობილური აპლიკაციის გამოყენებით.

მობილური აპლიკაციის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ, სად უნდა მისცეთ ხმა 4 ოქტომბერს.

აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე (voters.cec.gov.ge) ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან სტანდარტს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ამასთან, იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. ამომრჩეველი ხმის მიცემას ასევე შეძლებს მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისას (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) გაცემული მოქმედი არაელექტრონული  პირადობის მოწმობითაც.

ამასთან, შეგახსენებთ ინფორმაციას გადასატანი საარჩევნო ყუთისა და ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის პროცედურასთან დაკავშირებით.

ამომრჩეველმა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 23 სექტემბრისა.  გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. მარკირება იმ ამომრჩევლებსაც გაუკეთდებათ, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მან, ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით, უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით, შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 23 სექტემბრისა. ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ განახლებული ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე ბანერში „საარჩევნო რუკა“ https://ems-map.cec.gov.ge/.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, მიმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცვლილებების შესატანად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე – 2 51 00 51“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.