Home Blog Page 19

საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც შეუერთდა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობა საქართველოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.

მიმდინარე წლის მაისში, GM PHARMA-ამ – ერთადერთმა საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიამ საქართველოდან, კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ერთგულება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართ და აქტიური მონაწილეობა მიიღო არტერიული ჰიპერტენზიის წინააღმდეგ გლობალურ ინიციატივაში. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას შესთავაზეს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და დიაგნოსტიკური კვლევები, რაც ხაზს უსვამს GM PHARMA-ს სოციალურ პასუხისმგებლობასა და პრევენციული მედიცინის მხარდაჭერისადმი მზაობას.

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე, რომელიც 2005 წელს ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგამ (WHL) დააფუძნა, წარმოადგენს გლობალურ ინიციატივას, რომლის მიზანია საზოგადოებაში არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლება. არტერიული ჰიპერტენზია კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია. გლობალურად, ჰიპერტენზია მილიარდზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს, თუმცა მათი დიდი ნაწილი შესაძლოა ვერც კი აცნობიერებდეს დაავადების არსებობას. აღნიშნული გლობალური კამპანია მიზნად ისახავს არტერიული წნევის რისკების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას და ხაზს უსვამს წნევის რეგულარული მონიტორინგისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას. დაავადების ადრეული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ჰიპერტენზია სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და პაციენტები ექიმს უკვე სერიოზული გართულებებით მიმართავენ.

GM PHARMA-ს სოციალური პასუხისმგებლობა და ჩართულობა არტერიული ჰიპერტენზიის კამპანიაშ

ყოველწლიურად, GM PHARMA აქტიურად უჭერს მხარს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის სულისკვეთებას – კომპანია აქტიურად აწყობს უფასო გამოკვლევებსა და სკრინინგებს, რაც საზოგადოებაში დაავადების ადრეულ გამოვლენასა და სერიოზული გართულებების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. წელს კამპანია,  პარტნიორ კლინიკებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოში უფასო გასინჯვები თავდაპირველად რუსთავში, თელავში, ქუთაისსა და მესტიაში დაიწყო, რასაც შემდგომ თბილისიც შეუერთდა. დედაქალაქის მაცხოვრებლებს უფასო კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა ორ კლინიკაში – „ნიუ ჰოსპიტალსსა“ და „ჩაფიძის გულის ცენტრში“ ჰქონდათ. ჰიპერტენზიის მსოფლიო კამპანიას შეუერთდა ქ. გორიც.

როგორც საერთაშორისო კომპანიამ, GM PHARMA-მ გულის უფასო სკრინინგის სერვისი ცენტრალური აზიის ქვეყნების მოსახლეობასაც შესთავაზა, მათ შორის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში – რაც კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს კომპანიის ერთგულებას გლობალური ჯანდაცვის ხელშეწყობის მიმართ.

კამპანიის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასოდ ესარგებლათ შემდეგი სამედიცინო მომსახურებით:

  • კარდიოლოგის კონსულტაცია
  • ელექტროკარდიოგრაფია (ე.კ.გ.)
  • ექოკარდიოსკოპია (საჭიროებისამებრ)

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, მათ შორის პენსიონერებს, ვეტერანებს, ინვალიდებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას.

მსოფლიო ჰიპერტენზიის ლიგის მისიის ფარგლებში, GM PHARMA აქტიურად იყო კამპანიის მთავარი გზავნილის – „გაიზომე და აკონტროლე წნევა, გაიხანგრძლივე სიცოცხლე!“ – ერთგული მხარდამჭერი.

GM PHARMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვარდუაშვილმა, ინიციატივის ფართო მიზნებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი:

„არტერიული ჰიპერტენზია მრავალი კარდიოვასკულარული გართულების წინაპირობაა და ქრონიკულ მდგომარეობად არის აღიარებული. GM PHARMA-ს პროდუქციის ჩამონათვალში 10-ზე მეტი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტია წარმოდგენილი, რომლებიც პაციენტებს დაავადების ეფექტურად მართვაში ეხმარება. აღნიშნული პრეპარატები ასევე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული.

კამპანიის ფარგლებში, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების – პენსიონერების, ვეტერანების, შშმ პირებისა და ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და მათ საჭიროებებზე ორიენტირება იყო. მიგვაჩნია, რომ ჰიპერტენზიის ადრეული დიაგნოსტირება და საზოგადოების სწორად ინფორმირება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია გრძელვადიანი გართულებების თავიდან ასაცილებლად“.

მან ასევე აღნიშნა: „უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენი კომპანიის კვლევა-განვითარების ლაბორატორია აქტიურად მუშაობს ახალი ფარმაცევტული პრეპარატების, მათ შორის ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების შექმნაზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ აღნიშნული პროდუქტების დანერგვას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ხომ ადამიანების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაა“.

წელს GM PHARMA არსებობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიის ისტორიაში. მეოთხედ საუკუნეში, GM PHARMA გარდაიქმნა გლობალური აღიარების მქონე საერთაშორისო კომპანიად, რომელიც მუდმივად ავლენს ლიდერულ პოზიციებს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში და ერთგულად ემსახურება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს. აღსანიშნავია, რომ გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები, GM PHARMA-ს პროდუქციის ფართო ჩამონათვალში, ყველაზე დიდ და მრავალფეროვან ჯგუფს წარმოადგენს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!“

(R)

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

დღეს, როცა მსოფლიო აქტიურად ეძებს გარემოსდაცვითად უსაფრთხო და ეკონომიურად გამართულ ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებს, მზის პანელები არა მხოლოდ ალტერნატიულ რესურსს წარმოადგენს, არამედ გარდაუვალი აუცილებლობაც კია.

ასე ვთქვათ, მზის ენერგია აღარ განიხილება, როგორც „შორეული მომავლის“ კონცეფცია; ის უკვე ჩვენი დღევანდელი რეალობაა. სწორედ ამ მიზნის გარშემო გაერთიანდა დარგის ხუთი სპეციალისტი და საფუძველი ჩაეყარა კომპანიას — შპს ჯგუფი 2805, რომელიც პირდაპირ მზის ელექტროსადგურისთვის შექმნილ SPV ერთეულს წარმოადგენს.

შპს ჯგუფი 2805-ის დაარსების მთავარი მოტივაცია იყო თანამედროვე, ტექნოლოგიურად გამართული და მდგრადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნა. კომპანიამ მიზნად დაისახა იმგვარი სადგურის განვითარება, რომელიც მაღალი ხარისხის კომპონენტებზე, გამართულ საინჟინრო გადაწყვეტილებებსა და, რაც მთავარია, ეთიკურ მიდგომაზე იქნებოდა დაფუძნებული. ხუთივე მეწილე პროფესიონალია საკუთარი სფეროში, რაც საფუძველს ქმნის ტექნიკურად გამართული, ხარისხზე ორიენტირებული პროცესისთვის.

„ჩვენს მზის სადგურს გამოარჩევს უნიკალური ადგილმდებარეობა, მარტივად მისასვლელი გზა, სიახლოვე ელექტრო ქსელთან. ასევე, ძლიერი ტექნიკური გადაწყვეტილებები, ვინაიდან ხუთივე მეპატრონე დარგის სპეციალისტი ვართ; უმაღლესი ხარისხის მონტაჟი, საუკეთესო მოწყობილობები. როგორც პანელები, აგრეთვე ინვერტორები, მსოფლიო ტოპ ბრენდებია. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ჩვენს სადგურს ჩაუტარდა ტესტირება ექსპლუატაციაში გაშვებამდე“, — აღნიშნავს ილია რაზმაძე, შპს ჯგუფი 2805-ის თანადამფუძნებელი.

რა თქმა უნდა, დაარსების დღიდან ბევრმა გამოწვევამ იჩინა თავი. თუმცა შპს ჯგუფი 2805 არ შეჩერდა და ყოველი ნაბიჯი სტრატეგიულად გადადგა — მათ შორის მიწის შერჩევა: სპეციალურად შეიძინეს ტერიტორია, რომელიც ქვიანია, სახნავ-სათესად უვარგისი და ამჟამადაც გამოიყენება ცხვრის საძოვრად. ეს ეკოლოგიურად გონივრული მიდგომაა.

მსგავსი პროექტის განვითარებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ასპექტი ფინანსური რესურსია, რაშიც  შპს ჯგუფ 2805-ს მხარდაჭერა თიბისიმ გაუწია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს —შპს ჯგუფი 2805  მზადაა, თავისი  ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო მეტად განავითაროს.

(R)

“უკრაინის მიმართ დასავლეთის მიერ ჩადენილი ღალატი, რომელიც დღემდე გრძელდება”-The Times

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსის“ (The Times) 30 მაისი ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი ინგლისელი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის ედვარდ ლუკასის სტატია სათაურით: “უკრაინის მიმართ დასავლეთის მიერ ჩადენილი ღალატი, რომელიც დღემდე გრძელდება”. პუბლიკაციაში განხილულია რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთდამოკიდებულების ასპექტები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ავტორი იხსენებს ცნობილი პოლიტოლოგის ზბიგნევ ბზეჟინსკის პოზიციას რუსეთის მიმართ: „აშშ-მა დიდი ხანია იცოდა, რომ რუსეთის გავლენის სფეროზე პრეტენზიების გაცხადება მას რაიმე სარგებელს არ მოუტანდა – ამის შესახებ თეთრ სახლს ჯერ კიდევ ზბიგნევ ბზეჟინსკი აფრთხილებდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ზბიგნევ ბზეჟინსკი ცივი ომის დროინდელი გამოჩენილ ამერიკელ მოაზროვნეს და სახელმწიფო მოღვაწეს წარმოადგენდა. ახლახან წავიკითხე წიგნი სახელწოდებით „ზბიგ“, რომელიც ოსტატურად დაწერა ჩემმა სეხნიამ „ფაინენშელ თაიმსიდან“ – ედვარდ ლიუსმა. დავფიქრდი, თუ რას იტყოდა ცივ ომში დასავლეთის გამარჯვების არქიტექტორი იმ ფიასკოზე, რომელიც იმავე დასავლეთისათვის დღეს უკრაინაში მზადდება და ახლოვდება. სავარაუდოდ, ალბათ, ასე: „მე ხომ გეუბნებოდით, გაფრთხილებდით რუსეთთან დაკავშირებით…“.

1928 წელს დაბადებული ზბიგნევ ბზეჟინსკის  ცხოვრებამ დასავლეთის ღალატის ფონზე გაიარა. ყველა, ვინც კი ჩვენ [დასავლეთს] გვენდო და ჩვენი იმედი ჰქონდა, საბოლოოდ სწორედ ჩვენს გამო იტანჯებოდნენ და ზარალდებოდნენ. ბზეჟინსკისაც ასეთი ბედი დაჰყვა. მისი მომავალი ცოლის სამშობლო – ჩეხოსლოვაკია – ჩვენ ჰიტლერს გადავეცით, მიუნხენის გარიგებით, 1938 წელს. მისი მშობლიური პოლონეთი და დანარჩენი აღმოსავლეთი ევროპა – ჯერ გერმანიას, შემდეგ კი იოსებ სტალინს, იალტის 1945 წლის კონფერენციით. ჩვენ ყველანაირად ვაქეზებდით უნგრელთა აჯანყებას 1956 წელს კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ როცა კრემლმა ის სისხლში ჩაახშო, ჩვენ, დასავლეთი, განზე გავდექით. დასავლეთი მაინცდამაინც დიდად არ შეშფოთებულა საბჭოთა ჯარების შეჭრითაც ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს და „პრაღის გაზაფხულის“ განადგურებით…

ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს (1977-1981 წლებში), ჩამოთვლილი კატასტროფებიდან სწორი დასკვნა გააკეთა: ნუ მისცემ ისეთ პირობას, რისი შესრულებაც არ შეგიძლია. მას არ მოსწონდა როგორც ფატალიზმის (გარდაუვალობის) მიმდევრები (მაგალითად, თავისი მეტოქე ჰენრი კისინჯერი, რომელიც თვლიდა, რომ ევროპაში რუსეთის გავლენა გარდაუვალი იყო), ასევე უსაფუძვლო, მოჩვენებითი „მეომრული განწყობა“ და თავისუფლების მხარდამჭერი ცარიელი გზავნილები, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ზბიგნევ ბზეჟინსკი უპირატესობას ანიჭებდა ხანგრძლივ თამაშს, რომლის წარმატებით დასრულებაში დარწმუნებული იყო. მისი ერთ-ერთი დამსახურება გახლდათ ის, რომ ხელი შეუშალა საბჭოთა გეგმას პოლონეთში შესაჭრელად, „სოლიდარობის“ მიერ გამოწვეული კრიზისის დროს. ზბიგნევ ბზეჟინსკი ხისტ დიპლომატიას ატარებდა კრემლის წინააღმდეგ ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში, მაგრამ იმავდროულად პოლონელ ოპოზიციონერებს აფრთხილებდა, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას პირდაპირ ბრძოლაში ნუ გამოიწვევდნენ – მას სჯეროდა, რომ კომუნისტური წყობა დაემხობოდა და სოციალისტური ბანაკი დაიშლებოდა. ზბიგნევ ბზეჟინსკის გაფრთხილებამ შედეგი გამოიღო: პოლონეთში 1980 წლის კრიზისი სამოქალაქო ომში არ გადაზრდილა. ათი წლის შემდეგ კი საბჭოთა სისტემა დაემხო.

საბჭოთა ეპოქის შემდეგ უკრაინა მიყრუებული და იმავდროულად კორუმპირებული ქვეყანა გახდა, რომელზეც  რუსეთი დომინირებდა. ამასთან, როცა რუსეთ-უკრაინის ერთობაში დასავლეთი ვერაფერს სახიფათოს ვერ ამჩნევდა, ზბიგნევ ბზეჟინსკი წინასწარმეტყველურად ამბობდა: „უკრაინასთან ერთად რუსეთი ავტომატურად ხდება იმპერია, კიევთან ერთად მოსკოვი ყოველთვის გამოამჟღავნებს თავის იმპერიალისტურ ბუნებას, უკრაინის გარეშე კი რუსეთი იმპერია აღარ (და ვერ) გახდება“ (…)

მიუხედავად იმისა, რომ ზბიგნევ ბზეჟინსკის რადიკალური, „ქორული“ პოზიცია ჰქონდა რუსული იმპერიალიზმის მიმართ, იგი მტკიცედ გამოდიოდა უკრაინის ნატოში მიღების წინააღმდეგ. თავის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“, რომელიც 1997 წელს გამოქვეყნდა, იგი გამაფრთხილებლად აცხადებდა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრად მიღება „ყველაზე სახიფათო სცენარამდე მიგვიყვანს“ – ანტიდასავლურ კოალიციამდე ჩინეთის, რუსეთისა და სავარაუდოდ, ირანის მონაწილეობით, რომელიც ჩამოყალიბდება არა იმდენად იდეოლოგიით, არამედ ერთმანეთისადმი არადიპლომატიური დამოკიდებულებით“.

დღეს ჩვენ დაახლოებით სწორედ ისეთი სურათი გვაქვს, როგორიც ზბიგნევ ბზეჟინსკიმ იწინასწარმეტყველა. გარდა იმისა, რომ ჩვენი მტრები ერთმანეთის მეგობრები გახდნენ, ის ქვეყანა, რომლის დახმარებასაც ჩვენ ვცდილობდით, ფაქტობრივად დანგრეულია. დასამალი არაა, რომ ეს სწორედ ჩვენი ბრალია. დასავლეთი აქეზებდა უკრაინის ნატოსაკენ სწრაფვას – კერძოდ, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციამ 2008 წელს კიევს ნატოში მიღება აღუთქვა.

დღეს რუსეთი უპირატესობას ფლობს – პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო თვალსაზრისით. კრემლმა უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვებები. რუსეთმა აჩვენა, რომ მისი ბირთვული შანტაჟი მოქმედებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება შეიძლება და რომ დონალდ ტრამპისათვის სულ ერთია, რას ფიქრობენ აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები. სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ რაც დრო გადის, უფრო უარესია მოსალოდნელი.

ჩვენს უკრაინელ მეგობრებს წინ უმძიმესი ზაფხული და მრისხანე ზამთარი ელოდება. ვლადიმერ პუტინს სრულებით შეუძლია თავისი უპირატესობით ისარგებლოს და კიდევ უფრო ფართო შეტევა განავითაროს. ყველასთვის ცნობილია, რომ ისეთ ომში, რომელიც ერთმანეთის გამოფიტვამდე გრძელდება, უძლიერესი იმარჯვებს. (…)

თუ რუსეთის საბოლოო ჯამში 30-დღიან დაზავებას დათანხმდება, ცეცხლის შეწყვეტის დროის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს შეუძლია იმდენი რაკეტა და დრონი დააგროვოს, რომ როცა საომარი მოქმედებები განახლდება, მისთვის ძნელი არ იქნება უკრაინის დასუსტებული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საბოლოო განადგურება. სხვათა შორის, ამ მხრივ ნიშანდობლივია ის, რომ გასულ კვირას უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ვერ შეძლო. „ისკანდერებმა“ კიევს შეუტიეს, რომელსაც ამერიკული „პეტრიოტის“ სულ მცირე ორი ბატარეა მაინც იცავს, თუმცა ისინი საკმარისი არ აღმოჩნდნენ. ახლახან უკრაინის თხოვნას „პეტრიოტების“ დამატებით გადაცემის თაობაზე დონალდ ტრამპმა დაცინვით უპასუხა.

ამასობაში დიდი ბრიტანეთი და მისი ევროპელი მოკავშირეები აშკარად არ არიან მზად უკრაინას საიმედო შემკავებელი ძალებით დაეხმარონ. მათ არ სურთ ამის გაკეთება და რომ მოისურვონ დახმარება, უკვე დაგვიანებულია. ჩვენ თავის დროზე ვერ გავრისკეთ კიევისათვის საჭირო იარაღი მიგვეცა, როცა მას გამარჯვების შანსი ჰქონდა და განა ახლა დავუდგებით გვერდით, როცა ომში მარცხდება? დონალდ ტრამპისათვის სულ უბრალო დაზავებაც კი საკმარისია, რომ მან რუსეთს სანქციები მოუხსნას ან შეურბილოს. ვლადიმერ პუტინი კი შეძლებს ნებისმიერ მომენტში განაახლოს საომარი მოქმედებები. ამისათვის ერთი პროვოკაციის იმიტაციაც კი საკმარისია, რომ კრემლმა ყველაფერი უკრაინას დააბრალოს. უფრო მეტიც: იმის გამო, რომ ნატოს ავტორიტეტი საკმაოდ არის შერყეული, რუსეთს შეუძლია უფრო მზაკვრული ნაბიჯები გადადგას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.

მოსამართლის განცხადებით, ნიკა მელიამ მიზანმიმართულად არ გადაიხადა გირაო. მისივე თქმით, დღეისთვის გირაოს გადახდის ვადა ამოწურულია.

ამასთან, როგორც პროცესზე ირაკლი შვანგირაძემ განაცხადა, ნიკა მელიას სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება და შეეძლო, ამით უზრუნველყო გირაოს გადახდა. მოსამართლემ პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ქცევასაც. ირაკლი შვანგირაძის თქმით, ნიკა მელია არის არაკანონმორჩილი მოქალაქე.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 29 აპრილს შეეფარდა. მელიას გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ამოეწურა. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ამასთან, ნიკა მელია სამართალდამცველებმა გუშინ, 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ის ცნობით, იგი დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

მელიამ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.

„შუშის თვალებით მიყურებთ. კითხვაც კი არ გიჩნდებათ, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა, რატომ გამიტაცა. მეტიც, თქვენ ხართ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე, გამოსაცდელი ვადით, ეს ყველამ ვიცით. მომდევნო სამი წელი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე-მურუსიძე, რამდენად მორჩილი იქნებით და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებას, ეს კაცი ხართ, უნამუსო“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიამ, რის შემდეგაც მოსამართლეს წყალი შესხა.

მანამდე ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე გუშინ მისი დაკავების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო გატაცება და არა დაკავება.

„მოკლედ ვიტყვი, საზოგადოებამ რომ იცოდეს. საღამოს 09:00 საათზე ვიყავი ორი მანქანით ლისის მიმდებარედ, სოციალურ პლატფორმაზე გადაცემა არის და მივდიოდი მონაწილეობის მისაღებად. იქ მისვლამდე მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება. გაგვაჩერა საპატრულო პოლიციამ, მძღოლს სთხოვა მართვის მოწმობა და ცხადი იყო, რომ ყველაფერი აინტერესებდა, მოწმობის გარდა. ამ პროცესში მის რაციაში გაისმა ხმა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ტაქსიში, ვინც გამიტაცა. არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. როცა პირს აკავებ, უნდა განუმარტო, რა ხდება. მე გამიტაცეს გუშინ, წამართვეს ტელეფონი. ერთ-ერთს ჰქონდა სურვილი, გაეხსნა ტელეფონი. არავინ ვიცით, რატომ მოხდა ეს. გუშინ თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ პროცესი. ფორმალურად 12:00 საათამდე მქონდა გირაოს გადახდის ვადა, 09:00 საათზე გაიტაცეს ის ადამიანი, ვინც ახლა გელაპარაკებათ. ახლა მეკითხებით, რატომ არ ვიხდი გირაოს, მაგრამ არ გაინტერესებ, რატომ ვარ აქ? ან ვინ გამიტაცა? არათუ არ იღებდნენ გატაცების მომენტს, ჩემს ორივე მანქანაში არის ვიდეოჩამწერი, ოთხივე ჩამწერი არის გატეხილი და გატაცებული, რომ არ გენახათ ჩანაწერი. ეს არის რეალობა, რაც მოხდა და ახლა თქვენ უნდა იმსჯელოთ, ვინ არის მტყუანი და მართალი? რა სამართალი უნდა დაადგინოთ თქვენ? კითხვა არ გიჩნდებათ, როგორ აღმოვჩნდი აქ? ათასობით ადამიანი მოჰყავდათ აქ ნაცემი და დალეწილი, იმათ არ ეკითხებოდით, ვინ აწამა და ისე უშვებდით პატიმრობაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ სხდომის დაწყებამდე ნიკა მელიას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მისი აცილების შუამდგომლობა, რაზეც მელიამ უპასუხა: „უდიდესი სურვილია, ყველასი – თქვენი, მურუსიძის, ჩინჩალაძის. პროცესიდან არა, ზოგადად, სისტემიდან, ჯანდაბისკენ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზედაც გირაოს გადაუხდელობასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 ათასი ლარის ოდენობის გირაო 29 აპრილს შეეფარდა, რომლის გადახდის ვადა გუშინ ამოეწურა.

პროკურატურამ მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ამასთან, ნიკა მელია სამართალდამცველებმა გუშინ, 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ის ცნობით, იგი დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიმართვა მოქალაქეებისადმი მავნებლობაა და მიმართულია ეკონომიკური პრობლემების შექმნისკენ-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიმართვა საკუთარი მოქალაქეებისადმი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით არის მავნებლობა, რომელიც მიმართულია გარკვეული ეკონომიკური პრობლემების შექმნისკენ.

როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ტურისტული მიმართულება საქართველოსთვის  ერთ-ერთი  პრიორიტეტულია და ნებისმიერ უცხოელს შეუძლია საქართველოში შემოსვლა, თუ მას ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებს.

„ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა, სხვას ვერაფერს დავარქმევ და მიმართულია იმისკენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შექმნან ქვეყანაში. ტურისტული მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების რაოდენობა და ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც ყველანაირ  საფუძველს მოკლებულია, მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ ამ სექტორის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქალაქის შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

„შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა ძალიან კარგი სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეფარდებაა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა  არშემოშვებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეების არშეშვებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას ვიღაცის შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობთ ქვეყნის ინტერესებით.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ უცხოელს შეუძლია, საქართველოში შემოვიდეს და გაატაროს გარკვეული დრო ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, თუ ის ბოროტი ზრახვებით არ არის განმსჭვალული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საფრანგეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოში გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, მათთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნიდეს, მათ შორის საქართველოში დემონსტრაციებში მონაწილეობა ან აქტივობა სოციალურ ქსელებში.

მანამდე მსგავსი გაფრთხილება გაავრცელა საქართველოში პოლონეთის საელჩომ.

დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ -კახა კალაძე

ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებაზე რუსეთის შეშფოთებას ეხება.

„ამაზე მიმდინარეობდა საუბარი დიდი ხნის განმავლობაში, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თუ იქნებოდა მიღებული, რუსეთისთვის ეს იქნებოდა წითელი ხაზები და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა მათთვის. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ აღნიშნულთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, რომ შევაფასოთ, ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მოგვიწია ძალიან პრინციპული პოზიციის დაკავება, მისი დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ცილისწამება, განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული, იყო უამრავი შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება. ეს ყველაფერი იყო იმის გამო, რომ ვიცავდით ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს სათავისოდ. პირიქით, ჩვენ გვჭირდება ბევრი მეგობარი, ძლიერი პარტნიორი. საქართველო ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის ამ ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სენატორ სტივ დეინსის ვიზიტს საქართველოში, ჟურნალისტებთან საუბრისას მერი აცხადებს, რომ აშშ-თან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება და მეგობრობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ურთიერთობები გადაიტვირთოს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით „დიფ სთეითი“ რა განცხადებებს აკეთებდა, როგორ ეპყრობოდა ქართულ სახელმწიფოს, რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენთან მიმართებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, მზად არის, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და გადაიტვირთოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონს მრავალფეროვანი პროგრამით აახლებს.

ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე ივნისში სცენას აცოცხლებს ამბებით, რომლებიც გვაცინებენ, გვაფიქრებენ და მრავალფეროვანი ემოციებით გვავსებენ.

თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და Visa.

თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

 გაეცანით ივნისის თვის აფიშას:

ბენზინგასამართი სადგური – 1, 7 და 14 ივნისი, 2025

როდესაც ცხოვრება უმართავი სისწრაფით მიგვაქანებს, ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სპექტაკლი გვიამბობს ექვსი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ბედისწერის წყალობით „ბენზინგასამართ სადგურზე“ აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან ყოველდღიური გიჟური რიტმის ფონზე სულ რამდენიმე საათით შეისვენონ. ამ ხანმოკლე პაუზაში მათ ეძლევათ შანსი, თავიდან დაინახონ ერთმანეთი

 

ცხვირი – 4 ივნისი, 2025d

თქვენი სახელი? სტატუსი? გავლენა? და თუ ერთ დილას აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი სხვას გადაეცა – თქვენ ვინ იქნებით? იღვიძებ და ცხვირი აღარ გაქვს. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის კი არ არის, რომ ის გაქრა – არამედ ის, რომ ის უკვე სხვაგანაა. შენთვის განკუთვნილ ადგილას. შენს სამუშაო მაგიდასთან. შენს ტანსაცმელში. მას შენი სახელი ჰქვია, მას შენი გავლენა აქვს და შენზე მეტად სცემენ პატივს. რა რჩება ადამიანისგან, როცა მას საკუთარი ცხვირი აღარ ეკუთვნის? რა რჩება პიროვნებისგან, როცა მისი როლი და თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თავად?

 

TooTsie – 5 ივნისი, 2025

სპექტაკლის იდეა ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის, თუმცა მთავარი აქცენტი მსახიობის პროფესიისადმი სიყვარულზე და თავგანწირვაზეა. ეს არის ამბავი მსახიობის უამრავი ფიქრის, ტკივილის, გრძნობების და იმ მთავარი მისიის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა და ამ მისიის შესასრულებლად ყოველ დღე იბრძვის.

 

დირიჟორი – 6 და 13 ივნისი, 2025

1946 წელს ნიუნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს – ფურტვენგლერს ასამართლებენ. დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა: შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშაო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება.

 

1921-1924 – 15 ივნისი, 2025

სპექტაკლში მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების და ბოლშევიკური რეპრესიების ფონზე ვითარდება. საქართველოს გასაბჭოებამ თაობებს წაართვა მომავალი, ოცნება, მთლიანად ცხოვრება და დიდი ხნით გამოუვალ, ტრაგიკულ მდგომარეობაში გამოკეტა.

(R)

სენატორი სტივ დეინსი აცხადებს, რომ ადასტურებს საქართველოს გადამწყვეტ როლს მშვიდობის, კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ

აშშ-ის კონგრესის სენატორი, სტივ დეინსი დღეს თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი აცხადებს, რომ მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ სტივ დეინსის განცხადებაში.

„სენატორი დეინსი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით“, – ნათქვამია აშშ-ის სენატორ სტივ დეინსის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, იმედი მაქვს, ეს შეხვედრა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე -მაკა ბოჭორიშვილი

პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენს პრიორიტეტებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ, სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისა და ამ ურთიერთობების შინაარსზე ორიენტირებულად წარმართვისთვის მზად არის.

„სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ის საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე; იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კოდორის ხეობაში მოდიოდა თავდაცვის მაღალჩინოსანი და გვეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არის, მალე ჩავალთ სოხუმში, სააკაშვილს მანდ ყველაფერი დალაგებული აქვსო -თორნიკე გერლიანი

კოდორის ხეობაში ადგილობრივებთან მიდიოდა თავდაცვის თანამშრომელი და გვეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არის, მალე ჩავალთ სოხუმშიო. ჩვენთვის უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ამბობდნენ, სააკაშვილს მანდ ყველაფერი დალაგებული აქვსო, – ამის შესახებ კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კოდორის ხეობა ჯარმა 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვა, ადგილობრივებმა – 11 აგვისტოს. მანამდე ხეობაში მყოფი მაღალჩინოსნები კოდორის ხეობის მცხოვრებლებს არწმუნებდნენ, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკონტროლებს და ევაკუაციისთვის არანაირი პირობა არ არსებობს.

„კოდორის ხეობაში დავიბადე და გავიზარდე. კოდორის ხეობის ადგილობრივი დანაყოფის მეთაური, მის დაშლამდე, ბოლომდე, გახლდათ მამაჩემი, ზურაბ გერლიანი. თავიდან იყო ემზარ კვიციანი, შემდეგ – ზურაბ გერლიანი. ყველაფრის მომსწრე ვარ, როგორი იყო კოდორის ხეობიდან 2008 წელს ჯარის გასვლა. სამწუხაროდ, ჯერ მიდიოდა ჯარი და შემდეგ – მოსახლეობა. მე გამოვედი 11 აგვისტოს, თითქმის დაცლილი იყო ხეობა, ჩემთან ერთად, შეიძლება, 2-3 ადგილობრივი მოსახლე გამოდიოდა. ბოლო დანაყოფი, ოცეული ძალიან აგრესიულად შეგხვდა. 2008 წლის 11 აგვისტოს ჩვენით გამოვედით იქიდან, 10-ში კი ჯარი გამოვიდა, ეს გაქცევა იყო, ისინი გაიქცნენ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციასო და არანაირი პირობა, რომ გახვიდეთ, ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობსო. ამას გვეუბნებოდა ჯარი და იქ ვინც იყვნენ წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

თორნიკე გერლიანის თქმით, 2006 წელს სპეცრაზმი მის სახლში „წმენდაზე“ შევიდა.

„2006-ში ჩვენთან სახლში შემოვიდნენ, ჩვენ ზედა სოფელში ვცხოვრობდით, ორი სოფელი გვქონდა და როცა შემოვიდნენ, იძახდნენ, რომ წმენდაზე შემოვიდნენ, ერთ-ერთ სპეცრაზმელს ყურსასმენი არ ჰქონდა გაკეთებული და რაციაში რომ გადასცემდა, ერთი მაღალჩინოსანი იყო, ოქრუაშვილმა გამოაცხადა, გენერალ-გუბერნატორი ხარო. სანამ თავდაცვის სამინისტრო მანდ იყო, ის განაგებდა ყველაფერს – პოლიციას, გამგებლებს, აბსოლუტურად ყველაფრის უფროსი იყო ხვიჩა გუჯეჯიანი. ის იყო ყველაზე აგრესიული. ადგილობრივი იყო, ხეობელი იყო და ის შემოვიდა ყველაზე მეტი აგრესიით. ის გადასცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე, სად არის, ხომ არ გინახავთო და როგორც კი ნახავთ, ეგრევე „იქსი“ მკერდზეო. ეს „იქსი“ ნიშნავს გადაჭრას მკერდზე. პირდაპირ „იქსი“, არანაირი აყვანა, აქამდე ცოცხალი არ ჩამოიყვანოთო. ზევიდან არის მინისტრის ბრძანებაო, რომ პირდაპირ „იქსი“ დაახალეთ მკერდზეო“, – თქვა თორნიკე გერლიანმა.

როგორც თორნიკე გერლიანმა განაცხადა, 2006 წელს კოდორში ოპერაცია რომ დაიწყო, თავდაცვის სამინისტრო ვერტმფრენებით შევიდა, ამ ოპერაციას „კოდორის ხეობის გათავისუფლებას“ ეძახდნენ.

„დაიწყეს სახლების დაბომბვა. სახლებს ვერტმფრენებიდან ესროდნენ, ვერტმფრენს აქვს ორივე მხრიდან ტყვიამფრქვევი, მსხვილკალიბრიანი ტყვია, 50 კალიბრის, არ არის ადამიანზე გათვლილი, ტექნიკის გასაჩერებლად არის. სახლს რომ ბომბავდნენ, გარეთ 49 წლის ქალი გამოვიდა, მთიდან იყო ახალი ჩამოსული და პირდაპირ სამი ტყვია ამოატარეს. ორი ჰქონდა მუცელში მოხვედრილი, ერთი ყელში და რომ შემოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პირადად ოქრუაშვილმა ჩხალთაში თქვა, რომ, აბა, რა გეგონათ, ჩვენ ასე უბრალოდ ვამბობდით, რომ ყველაფერს გავაკეთებთო? მერე ერთი ქალბატონი იყო ჩემი ნათესავი მანდ და იმას უთხრა, თუ თქვენგან აგრესია წამოვა, წინააღმდეგობა იქნება, დანა ჰქონდა ფეხზე მობმული, ტაქტიკური სამაგრი ჰქონდა, ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, აიღო ეს დანა და ანახა, ძალიან დიდი დანა იყო და ამ დანით გამოგჭრითო ყელს. თან შენობით მიმართა, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო და გამოგჭრით ყველას ყელსო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო. მადლობა თქვითო, რომ ერთი ქალი დაიღუპაო და არა 10 და 20 და 30, თორემ თქვენ სადაც დგახართ, ის მიწა უნდა დაიწვას წესით, იმდენად იყო აქ ბანდფორმირება და არ ემორჩილებოდით ცენტრალურ ხელისუფლებასო“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ დროს, 2006 წელს, მამიდამისი, რუსიკო გერლიანი ეზოში  დაცხრილეს, რაზეც თქვეს, რომ გათვალისწინებული მსხვერპლი იყო და არაუშავსო.

ქართული ლარის შემოღებიდან გამძაფრდა შეგრძნება, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა, დღეს ლარი უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი სიმბოლო -ირაკლი კობახიძე

წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ლარი ჩამოყალიბებულია, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო.

„წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი აღინიშნება. კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ლარის შემოღების თაობაზე. მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა. ამასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული ჩვენი ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება. ჩვენ თვალწინ დაიბადა ლარი, აიდგა ფეხი და დღეს ლარი არის უკვე ჩამოყალიბებული, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო. ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მაგრამ გვაქვს ძალიან მდიდარი ისტორიული ტრადიციები და უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ქართული ფული – „კოლხური თეთრი“ ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ მოიჭრა, 800 წლის წინ თამარ მეფის სახელით მოჭრილი ფული რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ვალუტად იქცა, ერეკლე მეფის მიერ გამოშვებული ფული 260 წლის წინ ამიერკავკასიაში ყველაზე სანდო სავაჭრო ერთეული იყო. ზუსტად ამ ტრადიციების გაგრძელებაა ქართული ლარი, რომელიც უკვე 30 წელია, ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.