Home Blog Page 19

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე რჩება

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე  დასარეგისტრირებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. განაცხადების მიღება მომდევნო 5 დღის განმავლობაში, 15 ივნისამდე გაგრძელდება, პროექტის ვებ-გვერდზე – https://www.businessaward.ge/ .

 ამ დრომდე, მონაწილეობის სურვილი უკვე 300-ზე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რიგით მე-9 ბიზნესდაჯილდოებაზე, ფინალისტების და გამარჯვებულების ვინაობა დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი და მათ, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით- საუკეთესო ფრილანსერი. ბიზნესებს წელს, 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება: 

  1. საუკეთესო პროდუქტი 
    2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 
    3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა 
    4. გამორჩეული როლი რეგიონში 
    5. საუკეთესო ფრილანსერი 

გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის  მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერი –  აჭარა ჯგუფი. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia. 

 

®

თიბისი აგრობიზნესისთვის – შალვა იოსელიანის მეფუტკრეობა სოფელ ბაშში

ფუტკრები დიდ როლს თამაშობენ ეკოსისტემაში. მათ გარეშე მცირდება ბიომრავალფეროვნება, ირღვევა საკვები ჯაჭვი და მცენარეთა სახეობები საფრთხის წინაშე დგებიან. თუმცა საბედნიეროდ ჯერ კიდევ შეგვიძლია ერთ-ერთი უძველესი პროდუქტის თაფლის მიღება.


თავს  უსაფრთხოდ  გრძნობს შალვა იოსელიანის 800 -მდე ოჯახი სკა ფუტკარიც. პროფესიით ელექტრონიკის ინჟინერი, გამოთვლების ცენტრებს ამონტაჟებდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ  ახალ საქმეს მოჰკიდა ხელი.

„იმ პერიოდში ფუტკრის შხამის ბუმი იდგა. ის აქტიურად გამოიყენება როგორც ფარმაცევტულ მრეწველობაში, ასევე კოსმეტოლოგიაში და საქართველოდან ექსპორტზე გადიოდა. ჩვენ ფუტკრის შხამის გენერატორებს ვაწარმოებდით.  თუმცა, მალე მოთხოვნა შემცირდა და ფუტკრის ოჯახების გამრავლება დავიწყეთ“- იხსენებს შალვა იოსელიანი.

დღეს სამტრედიის სოფელ ბაშში მას  მეურნეობა აქვს და წელიწადში  20 ტონამდე თაფლს აწარმოებს. ფუტკრები კი სამეგრელოში, გურიაში და იმერეთის სხვადასხვა სოფლებში ჰყავს განთავსებული.

„ორი და სამი კილომეტრის  დაშორების რადიუსში განთავსებულ საფუტკრეში გემოც კი განსხვავდება“-გვიხსნის შალვა.

მზიანი, თბილი და მშრალი ამინდები – იდეალურია ფუტკრებისთვის. ასეთ პირობებში  თაფლის რაოდენობა და ხარისხი იზრდება. ცუდ ამინდში მათ  სკიდან გასვლა უჭირთ, ნექტარიც ნაკლებია ბუნებაში, რაც თაფლის წარმოებას ამცირებს, დიდი შანსია ფუტკრები დაიხოცნონ.

როცა ისეთ საქმიანობას ეწევი, სადაც  მხოლოდ დაუღალავი შრომა საკმარისი არაა და  გარემო პირობებზეც ხარ დამოკიდებული, მნიშვნელოვანია სტაბილური პარტნიორის ყოლა. 10 წელზე მეტია შალვა იოსელიანი თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს.

“თიბისის მხარდაჭერა საშუალებას  მაძლევს  მყავდეს ადამიანები დასაქმებული და ზაფხულის სამუშაოები გავწიო”- ამბობს  მეფუტკრე.

როგორც შალვა  იოსელიანი გვიხსნის, საქართველოში სარეალიზაციოდ ყველაზე პოპულარული  წაბლის და აკაციის თაფლია.

“ადამიანი შედეგით არასდროს არაა კმაყოფილი და ბუნებრივია უნდა თაფლის მეტი რაოდენობა მიიღოს. 64 წლის ვარ, ვაპირებ ამ საქმეში კიდევ 6 წელი ვიყო”- ამბობს”- ამბობს მეფუტკრე.

გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო თუ არა, სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ რუსები და მათაც გააკეთეს საგუშაგო, წაიღეს სოფლის ტყე – ელგუჯა ხარაზიშვილი

გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, გავიდა ცოტა ხანი და სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და რუსებმა გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღვლის ტყე, შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრნახევარი. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით, – ამის შესახებ ჩორჩანის მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზიშვილმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილება.

ხარაზიშვილის განცხადებით, ოკუპანტებმა ტერიტორია მავთულხლართებით შემოღობეს და სოფლის მოსახლეობისთვის ტყით სარგებლობა შეუძლებელი გახდა.

“როდესაც რუსების საგუშაგო გაკეთდა, ის ტერიტორია შემოიღობა მავთულხლართებით. სოფელში ჩამოდიოდა მდინარე, ისინი მდინარის გამოღმა მანამდე არასდროს გადმოსულან, მაგრამ ჩვენებმა რომ საგუშაგო გააკეთეს, ამათ შემოიწიეს კილომეტრ ნახევარი, ის მდინარეც გადმოლახეს. სოფელი მანამდე იმ ტყით ვსარგებლობდით, შეშა იქიდან გამოგვქონდა, ჯონჯოლზე დავდიოდით, პირუტყვი დაგვყავდა. ახალა ვერანაირად ვეღარ შევდივართ იქ, ერთ მწყემსს, რუსმა “სალდატმა” ისიც კი უთხრა, რომ 200 მეტრზე ახლოს არ მოხვიდე, თორემ გესვრიო.” – განაცხადა ელგუჯა ხარაზიშვილმა.

საქართველოს 7-ქალა ევროპული რაგბის ელიტაში – რაგბი ევროპის ჩემპიონატი იწყება

მოახლოვდა საქართველოს 7-ქალასთვის და ქართული რაგბისთვის ისტორიული დღეები. 13-15 ივნისს, ჩვენი ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

ჯაბა მალაღურაძემ და მისმა გუნდმა, ელიტაში ყოფნის შესაძლებლობა მძიმე და დაუღალავი შრომით მოიპოვეს. იმედია, საქართველოს 7-ქალა ნაკრები, რაგბის ევროპულ ელიტაში თავს მალე დაიმკვიდრებს.

რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე, რომელიც მაკარსკაში (ხორვატია) გაიმართება, საქართველოს 7-ქალა ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში იქნებიან საფრანგეთი, ჩეხეთი და ირლანდია.

13 ივნისს, საქართველოს ნაკრები მაკარსკაში ორ შეხვედრას გამართავს:
საფრანგეთი Vs საქართველო (14:20 თბილისის დროით)
ჩეხეთი Vs საქართველო (20:30 თბილისის დროით)

14 ივნისს კი, ტურნირზე გამოსვლას ირლანდიასთან მატჩით (12:00 თბილისის დროით) დაასრულებს.

ჯაბა მალაღურაძის გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი გერმანიასა და საფრანგეთში გაიარა; ბონში 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა; ხოლო საფრანგეთში, ქალაქ ტურის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის, ჩვენი 7-ქალას შემადგენლობა ასეთია:

სალომე მაკასარაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, ანა პოღოსიანი, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე, კირა დანელია, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანა ხაბულიანი, ანასტასია ახვლედიანი, ანნა რურუა.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდება – ხორვატიასა და გერმანიაში.

თიბისი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს 7-ქალა ნაკრებს და საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებას. წარმატებას ვუსურვებთ მათ ამ მნიშვნელოვან ტურნირზე  და ვამაყობთ თითეული მათგანით, რადგან 7-ქალა ნაკრების მოთამაშეებმა უკვე გვაჩვენეს, რა ძალა, მოტივაცია და მიზანმიმართულობაა მათში;  რწმენა იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა და სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მთავარია, გჯეროდეს.

#ერთადგავიმარჯვებთ

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირებაში მონაწილე, სამმართველოს შენობაში შეუძლოდ გახდა და 2 დღეში კლინიკაში გარდაიცვალა – ჯგუფური ძალადობის ბრალდებით კი სამი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ასაჯაროებს ინფორმაციას. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაპირისპირებაში ერთ-ერთი მონაწილე, გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს შენობაში „დროის მოკლე პერიოდში, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, სამართალდამცავებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა“, 2 დღის შემდეგ კი ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა სამი პირი უკვე დააკავეს.

„მსურს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი – ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ორი პირის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხეულის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მოგვიანებით ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს 1998 წელს დაბადებულმა ს.უ-მ და 1996 წელს დაბადებულმა დ.ს-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავის არეში დაზიანებები მიაყენეს 1987 წელს დაბადებულ ა.ყ-ს. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ა.ყ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა ს.უ.-სა და დ.ს.-ს, ხოლო ა.ყ-ს თანმხლებმა პირმა, ი.ტ-მ ფიზიკურად იძალადა კონფლიქტში მონაწილე ს.უ-სა და დ.ს-ზე. მომხდარი ფაქტის შემდეგ, როგორც დაპირისპირებაში მონაწილე, ისე მომხდარის შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში იქნენ წარმოდგენილები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებულია დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც საზოგადოებისთვის ვასაჯაროებთ.

მოგახსენებთ, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს შენობაში ა.ყ. დროის მოკლე პერიოდში, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. სამართალდამცავებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა. პოლიციამ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ორ დღეში ა.ყ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი უკვე დააკავა, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვთ პატიმრობა. გამოძიების მიერ დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და საგამოძიებო ორგანო ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს. შს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს და აქტიურ კომუნიკაციაშია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. მოვუწოდებთ, საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირებსა და მედიასაშუალების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ხელს შეუშლის გამოძიებას ობიექტურობის დადგენაში“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვარ, როდესაც ირკვევა, რომ სპეცოპერაციის შედეგად კრიალაშვილი დახვრიტეს, სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ოთანაძეს 9 და ამირიძეს – 8 – კობა კობალაძე

ფასადური პიარი საკმაოდ ხელოვნების დონეზე ჰქონდათ აყვანილი [„ნაცმოძრაობას”]. მერე მოხდა ის, რომ ვიღაცები არიან ძებნილები, ვიღაცებზე სახელმწიფომ ჯილდო დააწესა და ა.შ. მე უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვარ, როდესაც ირკვევა, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კრიალაშვილი გიორგი დაიღუპა, დახვრიტეს, ოთანაძე კობა და ამირიძე ლევანი ფაქტობრივად მოკლეს, ესენიც დახვრიტეს, მაგრამ ცოცხლები გადარჩნენ, – განაცხადა გენერალმა კობა კობალაძემ, 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

კობალაძის თქმით, როგორც ჩანს, დაკავების მცდელობა კრიალაშვილის, ამირიძისა და ოთანაძის მიმართ არ ჰქონდათ, ვინაიდან, მიცვალებულები არ ლაპარაკობენ, მაგრამ, ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე ცოცხლები გადარჩნენ.
მისივე თქმით, სამივე სამხედრო პირი დამსახურებული და ღირსეული ადამიანი იყო, რომელთა
სამშობლოს საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართვა წარმოუდგენელი იყო.


„გიორგი კრიალაშვილს, თუ არ ვცდები, სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ოთანაძეს 9 და ამირიძეს – 8. ასე ვთქვათ, ყველანი მკვდრები იყვნენ, ვიღაცას რომ მცდელობა ჰქონოდა დაკავების, ეტყობა არ იყო ინტერესში – მიცვალებული არ საუბრობს, მაგრამ, ღვთის ნებით, ეს ორი გადარჩა. გიორგი კრიალაშვილი იყო ერთ-ერთი დამსახურებული ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან
გამომდინარე,ჩვენი თანამებრძოლი იყო, ჩვენ გვქონდა ურთიერთშეხება, უდიდესი პატივისცემით ვიყავი განწყობილი და ჩემზე მეტი თუ არა, ნაკლები დამსახურების არ იყო და ჩვენთვის ეს იყო წარმოუდგენელი, რომ გიორგი სამშობლოს წინააღმდეგ იყო რამეში ჩართული. სამივეს ერთი და იმავე ტიპის ბრალდება ჰქონდა.
რაც შეეხება ლევან ამირიძეს, ის დაჯილდოებულია 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში, ის იყო ერთ-ერთი საბრძოლო შენაერთის, ბატალიონის ხელმძღვანელი, რომელმაც, სტრატეგიული რუსული ბომბდამშენის მფრინავები ტყეში აიყვანა, გამოიყვანა და ჩააბარა – ერთი მკვდარი და მეორე ცოცხალი ჩააბარა საჩხერის პოლიციის ხელმძღვანელს. დამსახურებული ადამიანი, პირველი სპეცდანიშნულების ბატალიონის სამშვიდობო მისიაში ჩართული და წარმოუდგენელი იყო, რომ ის ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში იყო ჩართული. ოთანაძესთან მე შეხება არ მქონია, მაგრამ, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელი იყო ყოველთვის, მერე, ციხეში უფრო დავახლოვდით და დავმეგობრდით. ეს იყო ის შემადგენლობა, რომელიც პირველად სამსხვერპლოზე გამოიტანეს, რომლებიც უნდა დაღუპულიყვნენ.” – განაცხადა კობა კობალაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს ნდობა გამოუცხადეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინეს და ნდობა გამოუცხადეს.

პარლამენტი გაბიტაშვილს ახალ თანამდებობაზე, სავარაუდოდ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

გაბიტაშვილმა კომიტეტის წევრებს გენერალური აუდიტორის პოსტზე საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.

გაბიტაშვილის წინამორბედმა ცოტნე ყავლაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობა ვადაზე ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები შედეგი მოუტანა უკვე ჩვენს ქვეყანას – ალექსანდრე წულაძე

დღეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში, ფაქტობრივად, მთელი მთავრობის შემადგენლობით, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები შედეგი მოუტანა უკვე ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდება თანამშრომლობის სფეროები საქართველოსა და უნგრეთს შორის, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება მნიშვნელოვანი შეთანხმებები სამინისტროებს შორის, რაც პირდაპირ აისახება როგორც საქართველოს, ისე უნგრეთის მოქალაქეებზე.

„უმაღლესი განათლების სამივე დონეზე, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა – „Stipendium Hungaricum“ რომლის საშუალებითაც, ქართველ სტუდენტებს აქვთ საშუალება განათლება მიიღონ უნგრულ უნივერსიტეტებში და ეს ყველაფერი სრულად ფინანსდება უნგრული მხარის მიერ. ასევე, მათ ენიშნებათ სპეციალური სტიპენდია საქართველოს მთავრობის მხრიდანაც. აღნიშნული პროგრამით ათეულობით სტუდენტი სარგებლობს და ჩვენი მიზანია ამ ფორმატის გაფართოება. ასევე, გვსურს, კვლევით ნაწილში ქართველ და უნგრელ ახალგაზრდა მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და ახალგაზრდული მიმართულებით სხვადასხვა ახალი პროექტის დაწყება“, – აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.

მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთპატივისცემით, ჩვენ შევძლებთ საქართველოსა და იტალიას შორის კავშირების გაძლიერებას და მშვიდობიანი ევროპის მომავალზე ერთობლივად ზრუნვას – მაკა ბოჭორიშვილი

იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც, როგორც საქართველოს, ისე იტალიის მხრიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. ,,ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ ცენტრში – ქალაქ მილანში საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა, რომელიც იტალიის 8 რეგიონს ფარავს, საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა გენერალური საკონსულოს ფუნქციონირების მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სათანადოდ დაცვისთვის.

„არსებული კავშირები, ჩვენი ისტორია, კულტურა და ყველაფერი ის, რაც ორ ერს აერთიანებს, იტალიას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ჩვენი თანამემამულეებისთვის. ამის გათვალისწინებით, მათი ინტერესების სათანადოდ დაცვისთვის და სერვისების ხელმისაწვდომობისთვის, მილანში ჩვენი წარმომადგენლობის არსებობა საჭირო და მნიშვნელოვანია. გენერალური საკონსულო, ბუნებრივია მხოლოდ საკონსულო ფუნქციებით არ შემოიფარგლება. გენერალური საკონსულოს მუშაობა იმ რვა რეგიონთან, რომელიც იტალიის ეკონომიკაში, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში უმნიშნველოვანეს როლს თამაშობს, მიმართული იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ და დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებებსაც მივაღწევთ. მჭიდრო თანამშრომლობით, მეგობრობით და ერთმანეთის პატივისცემით ჩვენ შევძლებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ორი ქვეყნის კავშირების გაძლიერებას, მშვიდობიანი ევროპის მომავალზე ერთობლივად ზრუნვას და მასში ჩვენი წვლილის შეტანას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მილანის მერმა ჯუზეპე სალამ, მილანის პრეფექტმა კლაუდიო ზგარალიამ და ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა მარკო ალპარონემ.

საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილანში, ვისკონტების სასახლეში, ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი და ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ფარავს ჩრდილოეთ იტალიის რვა რეგიონს: ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია ჯულია, ლიგურია, ლომბარდია, პიემონტე, ტრენტინო-ალტო ადიჯე, ვალე დ’აოსტა, ვენეტო.

წვიმა და სეტყვა – გარემოს ეროვნული სააგენტო უახლესი დღეების პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 28-33 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 33 გრადუსი იქნება.

დედაქალაქშიც მოსალოდნელია წვიმა და მაქსიმალური ტემპერატურა 35 გრადუსი იქნება.14 ივნისიდან სინოპტიკოსების ინფორმაციით, ამინდი გაუარესდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა და ტემპერატურის კლება.

გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ელჩის ამოცანაც – ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში ქართველ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად დანიშნული ელჩი.

„ნამდვილად იყო სპეკულაციები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ მიიღო ე.წ. აგრემანი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ოფიციალურად დანიშნული ელჩი, უკვე წარდგინება არის გაგზავნილი პრეზიდენტთან და თამარ ტალიაშვილი, რომელიც არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, იქნება დანიშნული ელჩის პოზიციაზე. რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არის აბსოლუტურად ცხადი – ჩვენ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება.

პირველ რიგში ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე და უფრო მეტიც, ჩვენ ვაცხადებთ ღიად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ელჩის ამოცანაც, რომ დაარწმუნოს ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირებულებითი თანხვედრის პირობებში ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება სრულად წარმატებული ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ, ამიტომ ხშირად უფრო ენერგიულ და სიცოცხლით სავსე ადამიანებთან ურთიერთობა გიზიდავთ. წარსულის გამოცდილება თქვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს – არ ენდოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც იმედები ერთხელ უკვე გაგიცრუეს. მათ შეუძლიათ ეს კვლავ გაიმეორონ და თქვენი შინაგანი ჰარმონია დაარღვიონ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

კურო

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას და სხვა ადამიანის შესახებ დასკვნების გამოტანას – ამ დღეს ინტუიციამ შეიძლება გიღალატოთ. დროა, საკუთარ თავთან მარტო ყოფნა ისწავლოთ. დღევანდელი დღე რომანტიკული შეხვედრებისთვის არახელსაყრელია. ნუ ეცდებით შეინარჩუნოთ ის, რაც თქვენთვის უკვე უსაფუძვლო და უმნიშვნელოა.

ტყუპები

ამ დღეს მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ასე რომ არ მოხდეს, ეცადეთ ძილი მოიწესრიგოთ, სრულფასოვნად იკვებოთ და ძალები აღიდგინოთ. დღევანდელი დღე გადაწყვეტილების მიღებისას გააზრებულ და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და თავი შეიკავეთ ისეთი დაპირებების მიცემისგან, რომლებსაც ვერ შეასრულებთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, დაგროვილი პრობლემები საყვარელ ადამიანებთან ერთად განიხილოთ. თუ მეგობრებთან ან ახლობლებთან ურთიერთობაში უთანხმოება წარმოიშვა, არ ინერვიულოთ – თქვენი შეხვედრები მაინც თბილ ატმოსფეროში ჩაივლის. გრძელვადიანი კონფლიქტის შემდეგ შესაძლებელია შერიგება. ეცადეთ, პრობლემას მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან არ შეხედოთ და გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს თანაბრად ეკისრება.

ლომი

შესაძლოა, ძველმა შეცდომამ თავი იჩინოს და პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ – ასე გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფად და მარტივად მიიღებთ. ემოციები აკონტროლეთ და კონფლიქტებს მოერიდეთ. ფრთხილად იყავით – დღეს შეიძლება თქვენი მტრები გააქტიურდნენ და თქვენი ავტორიტეტის შელახვა სცადონ.

ქალწული

შესანიშნავი დღეა მსუბუქი რომანების, ფლირტისა და შეხვედრებისთვის. თქვენი კეთილგანწყობა, გულუხვობა, მომხიბვლელობა და იუმორის გრძნობა გარშემომყოფებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს – შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ ან არასასურველ ადამიანებს შეხვდეთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა რემონტის დაწყების ან ინტერიერის ნივთების შეძენისთვის – არჩევანი იმედებს გაგიმართლებთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგს მოგიტანთ და თავს გამარჯვებულად გაგრძნობინებთ. რთულ სიტუაციაში დახმარება ოჯახის წევრებსა სთხოვეთ – ისინი იმედს არ გაგიცრუებენ. მარტოხელა სასწორი შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, შეხვდეს მას, ვისზეც მთელი ცხოვრება ოცნებობს.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება ახალი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც დაგეხმარებათ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. ახალი ნაცნობობისთვის შეუფერებელი დღეა. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე – დროა მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ, ხშირად დაისვენოთ და ვარჯიში დაიწყოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სამსახურში ინიციატივის გამოჩენას უნდა ერიდოთ – დიდი ძალისხმევის მიუხედავად, შეიძლება სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ. ამის გარდა, შეიძლება წინ ბევრი სირთულე და წინააღმდეგობა დაგხვდეთ. სამუშაო ადგილზე კონფლიქტებიც არაა გამორიცხული, ამიტომ ეცადეთ უფრო დამთმობი და ტაქტიანი იყოთ. დღის ბოლოს ბევრი საინტერესო ვარიანტი და შესაძლებლობა გამოგიჩნდებათ.

თხის რქა

ნუ გაჩერდებით – ამ დღეს საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაოთ. ნიჭი ნამდვილად გაქვთ, უბრალოდ საჭიროა, სწორად გამოავლინოთ. მოერიდეთ ხმაურიან საზოგადოებას და უპირატესობა მყუდრო გარემოს მიანიჭეთ. საქმემ, რომელიც უიმედო გეგონათ, შეიძლება მალე შემოსავალი მოგიტანოთ. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

მერწყული

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. ახალი ნაცნობობა რამდენიმე პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებიან. ეცადეთ გააცნობიერეთ, რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რის გარეშე შეგიძლიათ უპრობლემოდ გაძლოთ.

თევზები

საქმიანი მოგზაურობა წარმატებით ჩაივლის. მეგობრების მხარდაჭერა სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომლის ბოლომდე მიყვანას ვერ შეძლებთ. ნუ ეცდებით, თქვენი სურვილები ადამიანებს თავზე მოახვიოთ.