Home Blog Page 1893

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს თბილისში კიდევ ერთი ახალი ავტომატური სადგური შეემატა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს თბილისში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2023 წლის ბოლომდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 8 ავტომატური და ერთი მობილური სადგურით გაფართოვდება.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი, ასევე, სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიმართულებით ფასდაუდებელია პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

„ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წელს არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივები გვქონდა საკანონმდებლო დონეზე. შემოვიღეთ სხვადასხვა რეგულაციები სამრეწველო სექტორის, ასევე, ავტოტრანსპორტის მიმართულებით, რომელიც დიდ ქალაქებში არის მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სრულიად თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი მონიტორინგის სადგური გავხსენით და აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე, ასევე მათი მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით დამატებით ახალი რვა სადგური გვექნება. ეს პროექტი გრძელდება და მომავალი წლიდან უკვე ევროკავშირის მხარდაჭერით, მთლიანად დაიფარება მთელი ქვეყნის ტერიტორია. ქვეყნის მასშტაბით 27 ასეთი სადგური გაიხსნება, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს უტყუარი ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

როგორც საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მხრიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ტრანსპორტის, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„საქართველოს ჰაერის ხარისხის მართვის კუთხით დღეს მნიშვნელოვანი დღეა. დამონტაჟდა კიდევ ერთი ავტომატური სადგური თბილისში, რომელიც იძლევა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ტრანსპორტის, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც დადებითად აისახა ევროკავშირის მოხსენებაში. ასევე, აღსანიშნავია ის დიდი წვლილი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიტანა მონიტორინგის გაუმჯობესებაში. შვედეთის მთავრობა, თავის მხრივ, გააგრძელებს მხარდაჭერას, რათა საქართველოს ამ მიმართულებით ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის სისტემა“, – აღნიშნა საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა.

უწყების ცნობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგურიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, დაიგეგმოს ახალი ღონისძიებები და პროექტები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. აღნიშნული მონაცემები განთავსდება სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge.

“ჩვენ გვყავს ოპოზიციური პარტიები, ვისაც წევრი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი”-რატი იონათამიშვილი

ჩვენ გვყავს ოპოზიციური პარტიები, ვისაც წევრი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში არიან ვადაგასული პოლიტიკოსები და მათ ამომრჩევლის მხარდაჭერა არასდროს ექნებათ.

„ჩვენ გვყავს ოპოზიციური პარტიები, ვისაც წევრი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი. ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილის რეალობა და კურიოზი. ასეთი პარტიები გაერთიანებაზე ილაპარაკებენ, თუ ცალ-ცალკე ოპონირებაზე ამას არანაირი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს, ვინაიდან ერთად და ცალ-ცალკე ისინი არიან ვადაგასული პოლიტიკოსები და ცხადია, მათ ამომრჩევლის მხარდაჭერა არასდროს ექნებათ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

“რუსეთი ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში და იზრდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის შანსები” – დიმიტრი ხუნდაძე

შეუძლებელია არ შევეხო ამერიკაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებს, ჩინეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრას და პარალელურად, ამერიკის სენატის მიერ უკრაინისთვის და ისრაელისთვის დაფინანსების შეწყვეტას – მეორე საკითხი პირველის შედეგია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სახელისუფლებო გუნდის სწორი, მშვიდობიანი და გამჭრიახი პოლიტიკა იმდენად ხილულია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომ ამის უარყოფა და გადაფარვა უკვე შეუძლებელია.

„მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება – ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელსაც ერთადერთი ლიდერი სახელმწიფო ჰყავდა – ამერიკა, ორპოლუსიანად იქცა ჩინეთ-ამერიკის სახით. ამის დასტური იყო გუშინ, სან-ფრანცისკოში პრეზიდენტებს შორის გამართული ისტორიული შეხვედრა.

რას მიიღებს მსოფლიო ამით და სად იქნება საქართველოს ადგილი? – ალბათ, ეს კითხვა ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და პასუხიც აუცილებელია: ორივე ქვეყნის პრეზიდენტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მშვიდობის სასარგებლოდ, უკვე მოჰყვა პირველი ნაბიჯი ამერიკის მხრიდან – სენატმა მომავალი წლის ბიუჯეტში დაფინანსება აღარ გამოუყო უკრაინასა და ისრაელს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ომის პერიოდი უნდა დასრულდეს და მშვიდობიანი თანაცხოვრება დაიწყონ სახელმწიფოებმა.

მშვიდობიან პოლიტიკაში საქართველოს უდიდესი უპირატესობა აქვს. ვინც ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას აკრიტიკებდა, ამერიკა-ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, პოზიციას აუცილებლად შეიცვლის. ამის ფონზე ოპოზიცია ფიასკოს ყოველდღიურად განიცდის, ჩვენ კი ძლიერი და გონივრული პოლიტიკის შედეგად, მხარდამჭერები ყოველდღე გვეზრდება.

ამერიკაც და ჩინეთიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორებია. გუშინდელი დღის შემდეგ ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ამის შეჩერება უკვე შეუძლებელია. რაც შეეხება რუსეთს, ის ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში და იზრდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის შანსები მშვიდობიან ვითარებაში და არა – ომის პირობებში, როგორც ამას გვთავაზობდნენ.

მსურს ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, საქართველო აუცილებლად იქნება სუვერენული, ეკონომიკურად ძლიერი და რაც მთავარია, ერთიანი სახელმწიფო. ეს იყო და არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისია და ამ გზას ბოლომდე მივიყვანთ, როგორი შეურაცხმყოფელი პროპაგანდაც არ უნდა აწარმოონ ჩვენ წინააღმდეგ ოპონენტებმა.

სახელისუფლებო გუნდის სწორი, მშვიდობიანი და გამჭრიახი პოლიტიკა იმდენად ხილულია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომ ამის უარყოფა და გადაფარვა უკვე შეუძლებელია“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე, რომლის მოსაზრებასაც „ხალხის ძალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

“IRI-ს კვლევაში 40% ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10%-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს”- ნიკა მელია

IRI-ს კვლევაში 40% ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე, ეს არის კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მმართველობის შედეგი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსლეში წერს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი პრობლემა, ბარიერი, რომელიც გამარჯვებისათვის ბრძოლაში გვიშლიდა ხელს, იყო ნეგატიური რეიტინგი, ხალხი, რომელიც ამობდა, რომ ამ პარტიას არასოდეს მისცემს ხმას.

ამის შეცვლას ვცდილობდით, ამ ნეგატივის შემცირებას და ახლა IRI-ს კვლევაში 40% ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე.

მობეზრდა ვინმეს კეზერაშვილზე და მერაბიშვილზე ლაპარაკი თუ არა, ეს არის მათი მმართველობის შედეგი, მათი პარტიის მმართველობაში ყოფნის შედეგი.

ამ განწყობის არსებობა, მითუმეტეს ამ განწყობის ზრდა, თუ ვინმეს აძლევს ხელს, აძლევს ხელს „ოცნების“ პროპაგანდას“, – წერს მელია.

“ჩვენ გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს”-ანა ბუჩუკური

ჩვენ გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს – დიდი რისკია, „ოცნებამ“ ბარიერი დაწიოს იმ მიზნით, რომ საკუთარი სატელიტები გაიყვანოს პარლამენტში და ასე შეკრას უმრავლესობა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კვლევა, მათ შორის IRI-იც აჩვენებს ტენდენციას, რომ პარტიას „საქართველოსთვის“ მზარდი რეიტინგი აქვს.

„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენს გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს, მეტ-ნაკლებად ყველა კვლევა ამას ადასტურებს. IRI-ის კვლევამაც აჩვენა და ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალური კვლევა აჩვენებს, ორ ტენდენციას, ეს არის ჩვენი გუნდის მხარდაჭერის ზრდა და „ნაცმოძრაობის“და „ოცნების” რეიტინგის კლება. ჩვენი გაცხადებული მიზანი, რომ „ნაცმოძრაობამ” და „ოცნებამ“ 50 პროცენტი ვერ უნდა აიღონ, არის რეალური. მნიშვნელოვანია სხვა პატარა, პროდასავლური პარტიები გაძლიერდნენ. 30 პროცენტს არ უნდა „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, 40-ს „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა. სურათი ნათელია ქართველ ხალხს არ უნდა „ოცნება” ხელისუფლებაში და კიდევ უფრო არ უნდა „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა და ფეიკ-კვლევებით ერთმანეთს უწევენ რეიტინგებს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ბუჩუკურმა ბარიერის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბარიერის შემცირება შესაძლოა, “ქართული ოცნებისთვის” იყოს ხელსაყრელი.

„გავიმეორებ და ყველამ იცის, ჩვენს გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება ბარიერს, ნორმალურ პირობებში, დაბალი ბარიერი შესაძლოა ჩაითვალოს ერთ-ერთ ინსტრუმენტად, რომ მრავალპარტიული პლურალისტური პარლამენტი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენ ნორმალურ პირობებში არ ვცხოვრობთ, ამიტომ დიდი რისკია იმის, რომ „ოცნებამ“ ბარიერი დაწიოს იმ მიზნით, რომ საკუთარი სატელიტები გაიყვანოს პარლამენტში და ასე შეკრას უმრავლესობა, ამიტომ როცა ბარიერის დაწევაზე ვსაუბრობთ, ამ რისკზეც არის დასაფიქრებელი”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ბარიერზე საუბარი არის დაგვიანებული, ეს საკითხი დასრულებულია – ხატია დეკანოიძე

ბარიერზე საუბარი კონკრეტული პარტიების, კონკრეტული პოლიტიკოსების ან ჩვენს მიერ არის დაგვიანებული, რადგან ბარიერის საკითხი დადგა რამდენიმე თვის წინ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ბარიერზე საუბარი აღარ არის.

„ჩვენ გვახსოვს, რომ პირველი მოსმენით იყო მიღებული, სხვათა შორის, ესეც ვუთხარით ჩვენ ვენეციის კომისიას, რომ პირველი მოსმენით მიღებული საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი გაჩერებულია საქართველოს პარლამენტში, რადგან „ქართულ ოცნებას“ უნდა, მხოლოდ ორი პარტია იყოს საქართველოს პარლამენტში, რაც მათ საშუალებას მისცემს, ძალაუფლება შეინარჩუნონ. ბარიერის საკითხი დასრულებულია. ამიტომ ახლა ოპოზიცია უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, როგორ მოძებნოს ახალი კონფიგურაცია, როგორ წარმოაჩინოს ახალი ალტერნატივა, შესთავაზოს ახალი ალტერნატივა, კონტრასტი „ქართული ოცნებასთან“ ადამიანებს, მოქალაქეებს იმისთვის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს. თუ ალტერნატივა შეიქმნება, თუ იქნება ახალი კონფიგურაცია სხვადასხვა ჭკვიანური გათვლის, რა თქმა უნდა, შანსი არსებობს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“პირველი ხელისუფლება ვართ, ვის პირობებშიც ომი არ ყოფილა” – ირაკლი კობახიძე

თუ ე.წ. საზღვართან რაიმე მშენებლობა წარიმართება, ესეც იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა – ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ყველა თემასთან, მათ შორის ე.წ. საზღვართან და ე.წ. საბაჟოებთან დაკავშირებით და გვაცადეთ იმ პოლიტიკის წარმოება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, ვის პირობებშიც ომი არ ყოფილა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ენგურის ხიდთან, სავარაუდოდ, საბაჟო ტერმინალის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია არის ის მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წინა ხელისუფლებამ დაუტოვა.

„ეს არის სამწუხარო რეალობა, ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა. ეს არის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია. თუ რაიმე მშენებლობა წარიმართება ე.წ. საზღვართან ესეც იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. ჩვენ არ ვაღიარებთ არავითარ საზღვარს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცხადი და ნათელია, მილიონჯერაა გაკეთებული შესაბამისი განცხადება“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება საკითხს, განიხილება თუ არა რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, კობახიძე ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი საერთოდ არ განიხილება.

„მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი საკითხი საერთოდ არ განიხილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თუ განხორციელდება ქვეყნის დეოკუპაცია, თუ აღდგენა საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ყველა თემას განვიხილავთ“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ფრენების აღდგენა და სარკინიგზო მიმოსვლა აბსოლუტურად განსხვავებული თემაა“.

„ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას კი მოლაპარაკება სჭირდება“,- განაცხადა კობახიძემ.

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე უარი განაცხადა

რუსეთმა უარი თქვა ოკუპირებული აფხაზეთისთვის უფასო ელექტროენერგიის მიწოდებაზე.

ამის შესახებ JAMnews-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ ახლა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობას სასწრაფოდ სჭირდება 2 მილიონ დოლარზე მეტი, რათა საჭირო ელექტროენერგიის საფასური გადაიხადოს.

აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეული ჯენტლმენური შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთი იღებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი გენერაციის 40%-ს. 2020 წლამდე ეს სავსებით საკმარისი იყო.

გამოცემა განმარტავს, რომ ბოლო წლებში არალეგალურმა მაინინგმა აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ორიდან სამ მილიარდ მეგავატამდე გაზარდა. შექმნილ დეფიციტს ნაწილობრივ ფარავდა რუსეთისგან „ჰუმანიტარული დახმარების“ სახით მიღებული ელექტროენერგია, თუმცა ახლა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ამ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს. ამასთან, მათ ეს თანხა კვირის ბოლომდე უნდა იშოვონ.

ამასთან, დე ფაქტო მთავრობა პრობლემის გადაწყვეტას ელექტროენერგიაზე ტარიფის მომდევნო 2 წელში სამჯერ გაზრდაში ხედავს.

“არანაირი ფული არ გიშველის, როცა შენი სახეა: გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი” – ირაკლი კობახიძე

„ლელოს“, ძირითადად, ტელევიზიების იმედი აქვს. ეს არის პოლიტიკური კლუბი, რომელიც არსებობს მხოლოდ რაღაც სატელევიზიო პლატფორმაზე. არის ორი ტელევიზია – 200 ათას ლარს „ტვ პირველს” უხდის, 240 ათასს „მთავარ არხს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „არანაირი ფული არ გიშველის, როდესაც შენი სახეები არიან გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი, ასეთი სახეებით როგორ შეიძლება, გინდოდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვა“.

„ლელოს“, ძირითადად, ტელევიზიების იმედი აქვს. ეს არის პოლიტიკური კლუბი, რომელიც არსებობს მხოლოდ რაღაც სატელევიზიო პლატფორმაზე. არის ორი ტელევიზია. ერთს თვეში 200 ათას ლარს უხდის, მეორეს 240 ათასს. 200 ათასს “ტვ პირველს”, 240 ათასს “მთავარ არხს”. მთავარია ამ ორმა ტელეკომპანიამ ერთმანეთში არ იეჭვიანონ. მთავარი გარიგების არსი ისაა, რომ „ლელო“ უფრო მეტად უნდა გაშუქდეს ამ ტელევიზიების მიერ. ამის იმედი აქვს „ლელოს“. თუ სარედაქციო პოლიტიკას დააკვირდებით, ნახავთ, რომ „ლელო“ დღეს უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი. ეს იყო კეზერაშვილი- ხაზარაძის გაერთიანება. „ლელო“ დღეს უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი “მთავარ არხზე” და “ტვ პირველზე”, ვიდრე მანამდე იყო. ამის საფასური „ლელოსთვის“ 440 ათასი ლარია. თუმცა არანაირი ფული არ გიშველის, როდესაც შენი სახეები არიან გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი. ასეთი სახეებით როგორ შეიძლება, გინდოდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. რა თქმა უნდა, რაც ნაკლები სამადაშვილი და ასეთი სახეები იქნებიან შემდეგ პარლამენტში, მით უკეთესი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის, რატომაც არ უნდა იყოს დაწეული დაბლა საარჩევნო ბარიერი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე რისი იმედი აქვს „ლელოს“ საპარლამენტო არჩევნებზე? კობახიძემ აღნიშნა, რომ „5%-იანი ბარიერის გადალახვის იმედი ვერ ექნებათ. შეიძლება, 1%-იანი ბარიერი გადალახონ და ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღონ“.

ამ თემაზე საუბრისას ჟურნალისტმა კობახიძეს უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები შეახსენა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ მისი ჩამოთვლილი „კომიკური ფიგურებისგან“ განსხვავებით, „ესენი პატრიოტი ადამიანები არიან“.

„მიშა ყაველაშვილი ვაჟკაცი და პატრიოტი კაცი, რომელსაც თავის ქვეყანაზე გული შესტკივა და ამ ქვეყნისთვის ასჯერ მეტი აქვს გაკეთებული. ლიდერზე და არალიდერზე კი არ არის საუბარი, კომიკური ფიგურები არიან“,- განაცხადა კობახიძემ.

“თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში საპარლამენტო საქმიანობა სრულ ბუტაფორიად იქცა” – იაგო ხვიჩია შალვა პაპუაშვილს

ბატონო შალვა, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში საპარლამენტო საქმიანობა სრულ ბუტაფორიად იქცა – თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო! – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.

სესიაზე პოლემიკა “პენიტენციური კოდექსის“ პროექტის განხილვის პროცედურამ გამოიწვია. პარლამენტმა საკმაოდ მოცულობითი საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა. უმრავლესობამ მეორე მოსმენით წარდგენილი პროექტის მუხლობრივი და პუნქტობრივი განხილვის ნაცვლად, მისი თავებად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც „გირჩის“ დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მეორე მოსმენის დროს პროექტის თავებად განხილვა მის განხილვაზე უარის თქმას ნიშნავს და ამას პარლამენტი მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ განხილვის პროცესი სწრაფად დაასრულოს.

„რატომ ამბობს პარლამენტი უარს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე?! „პენიტენციური კოდექსის“ პროექტს – ამხელა კანონს იდეაში არ ვიხილავთ. დაისვა საკითხი, პროექტი თავებად განვიხილოთო და ამის არგუმენტაცია არავის მოუყოლებია. ასე თავებად განვიხილეთ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი და ამის შემდეგ ყოველ დღე ცვლილებების შეტანა გვჭირდება, რადგან რაღაც საკითხებზე ნაფიქრი არ არის. რატომ არ ვიხილავთ სწორად კანონებს?! თუ ეს ასე უნდა ვაკეთოთ და კანონები წესიერად არ უნდა განვიხილოთ, მაშინ ვთქვათ, რომ 20-გვერდზე დიდ კანონს ყოველთვის თავების მიხედვით განვიხილავთ“, – მიმართა შალვა პაპუაშვილს იაგო ხვიჩიამ.

თავის მხრივ პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს კომიტეტებში გააქტიურებისკენ მოუწოდა და როგორც აღნიშნა, კანონის პროექტების დეტალური განხილვის ადგილი კომიტეტია და არა პლენარული სხდომა.

„შესაძლოა სხვა პარლამენტებთან ერთად რაიმე ტრენინგი მოვიფიქროთ და ამ ტრენინგზე სიამოვნებით გაგიშვებდით, რათა გაერკვეთ თუ როგორ მიდის საპარლამენტო მუშაობა, რა არის კომიტეტის როლი და რა – პლენარული სხდომის, რა არის დისკუსია და რა არის ეპატაჟი. ამაზე სიღრმისეული ტრენინგი არ გაწყენდათ“, – მიმართა „გირჩის“ წევრებს შალვა პაპუაშვილმა.

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის 15 პირს პატიმრობა შეეფარდა

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე ბრალდებულ 15 პირს, მათგან ერთს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს, სადაც სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის ყველაზე მკაცრი ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000, 7 000, 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.

15 ბრალდებულიდან ერთი პირი ქალია, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა.

რაც შეეხება 19 ბრალდებულიდან 4 პირს, მათ აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდათ.

გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ. ასევე, რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.

„6 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, მათგან 1 პირს დაუსწრებლად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 8 პირს – 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში -ირაკლი კობახიძე

გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წამოვიდა პარტიიდან და არ გაუხმაურებია ამის შესახებ, შეგვხვდა და მოგვიყვა, რომ ქვეყნის მასშტაბით ოფისი არ არსებობს, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა. ჩვეულებრივი გადამგდებია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ გახარიას პარტიას ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ.

„საბოლოო ჯამში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი არ აქვს ამ სუბიექტს, რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. როცა გადამგდები ხარ და შეგიძლია, საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგდო, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდინა პარტიის წევრებს არჩევნების წინ და შემდეგ გადააგდო, ჰპირდებოდა სამმაგად ფულის დაბრუნებას არჩევნების შემდეგ და გადააგდო ისინი. როგორ გააჩერებს ასეთ ხალხს პარტიაში. ძალიან ვრცელი ინფორმაცია გვაქვს ამ თემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.