Home Blog Page 1893

“სწორია, ხელმოცარულები უნდა იყვნენ პატარა ჯგუფებად, მათი ადგილი არა საზეიმო, არამედ ლუზერების პლატფორმაზეა”

სწორია! ეს ხელმოცარულები ასე უნდა იყვნენ ცალკე რაღაცა პატარა ჯგუფებად და იქ იზეიმონ. მათი ადგილი არა საზეიმო პლატფორმაზე, არამედ ლუზერების პლატფორმაზეა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, “რას ნიშნავს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების აღნიშვნას ცალკე გეგმავენ”.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დამსახურებულად მიენიჭა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას, ვინც ამ ქვეყნის შვილია.

ზარქუას განცხადებით, “ხელმოცარულმა ოპოზიციონერებმა” ბევრი იშრომეს, რომ ეს დღე არ დამდგარიყო, მაგრამ არ გამოუვიდათ.

“სწორია! დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი დაემთხვა. ერთი – ვზეიმობთ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მონიჭების დღეს, მეორე კი ნაძვის ხის ანთება, საახალწლო განწყობა, ხოლო ეს ხელმოცარულები ასე უნდა იყვნენ ცალკე, რაღაცა პატარა ჯგუფებად და იქ იზეიმონ. იმათი ადგილი არის სწორედ მანდ, არა რუსთაველზე, არა საზეიმო პლატფორმაზე, არამედ ლუზერების პლატფორმაზე, ასე ცალკე და სწორიც არის.

მინდა განსაკუთრებით მივულოცო ქალბატონ სალომე სამადაშვილს – სალო, გილოცავ, ჩვენ ეს შევძელით. მიუხედავად შენი მცდელობისა, რომ ბრიუსელში წინააღმდეგ გამოდიოდი და ამბობდი, რომ არ მიანიჭოთ ახლა საქართველოს, იმიტომ, რომ შემდეგ “ქართული ოცნების” დამარცხება არჩევნებზე რთული იქნებაო. არ გამოგივიდა. სალო, გილოცავ, ჩემი კარგო და ყველა დანარჩენ შენსავით ხელმოცარულებს,” – განაცხადა ზარქუამ.

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად ილჰამ ალიევი ოფიციალურად წარადგინა

აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „ენი აზერბაიჯანმა“ მომავალი წლის არჩევნებში საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად ილჰამ ალიევი ოფიციალურად წარადგინა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს გამართულ პარტიის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს.

პარტიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ილჰამ ალიევი იმ პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებს, მარადიული პრეზიდენტის ტიტულს იმსახურებს.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარების შესახებ.

“მინდა ყველას მივულოცო სტატუსის მიღება და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება საქართველოს უახლეს ისტორიაში”

მინდა ყველას მივულოცო სტატუსის მიღება და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ხალხის დამსახურება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა, რომელიც როგორც დეპუტატს აქვს, კარგად აქვს გააზრებული და მის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ საქართველომ შეასრულოს 9 დათქმა, თუმცა, ეს იქნება თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს უახლოეს პერიოდში სერიოზული რეფორმების ჩატარებას. მარტში დაიწყება უკვე შეფასების პირველი კრიტერიუმი, ეს შეფასება უნდა გაკეთდეს საქართველოს პროგრესზე იმ 9 დათქმიდან, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი შესასრულებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა გავიაზროთ ყველამ და განსაკუთრებით ეს პასუხისმგებლობა ეხება საქართველოს ხელისუფლებას. გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მალე და დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას. გაფართოების ეს ტალღა დასრულდება 2030 წელს და საქართველომ მნიშვნელოვანია გააკეთოს ყველაფერი რეფორმების კუთხით, თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიმართულებით. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება უპირველესი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი ყველას კარგად ჰქონდეს გააზრებული,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ერთგული მომხმარებელს საახალწლო აქციებს სთავაზობს

თიბისის ლოიალობის პროგრამა ერთგული  ზუსტად 1 თვის წინ განახლდა და მომხმარებლები უკვე თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას აგროვებენ ერთგულ ქულებს.

ქულები გროვდება ყველგან, სადაც თიბისის პოს ტერმინალია, ხოლო თიბისის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში მომხმარებლები, ყოველ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას აგროვებენ.

წინასაახალწლოდ მომხმარებლები გულმოდგინედ არჩევენ ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს, რაც ერთგულმაც გაითვალისწინა და მათ მოლოდინებს სპეციალური საახალწლო შეთავაზებებით უპასუხა.

9 ტოპ შეთავაზება მომხმარებელს სოციალურ მედიაში, ერთგულის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდზე დახვდება. შეთავაზებები ვრცელდება, როგორც სადებეტო,  ისე – საკრედიტო ბარათებზე. აღნიშნული შეთავაზებებით შესაძლებელია მეტი ერთგული ქულის დაგროვება საყვარელ ობიექტებში შოპინგისას, ან ქულების დახარჯვა სპეციალური ფასდაკლებით.

საახალწლო შეთავაზებების პარალელურად, ციფრულ ბანკში მომხმარებლებს ერთგულის თამაში – გულების მარათონი ელოდება. თამაშში მონაწილეებს განხორციელებული ტრანზაქციების სანაცვლოდ, ერთგული 10-დან 1000-მდე ერთგული ქულის  და 4 მთავარი ფულადი პრიზის — 20 000 ლარის მოპოვება შეუძლიათ.

R

“დღეს ისტორიული დღეა, სწორედ ისეთი დღეა, როგორი დღეებისთვისაც ღირს ცხოვრება” – გიორგი ტყემალაძე

„მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა გულშემატკივარს, რადგან დღეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული“- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სიმბოლურია, რომ სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას საკრებულოში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში შეეგებნენ. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული სახელმწიფო, ისეთი, რაზეც ოცნებობდნენ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ანწუხელიძე და ის გმირები, რომლებმაც საქართველოს შესწირეს თავიანთი სიცოცხლე.

„გილოცავთ ყველას, დღეს ისტორიული დღეა, სწორედ ისეთი დღეა, როგორი დღეებისთვისაც ღირს ცხოვრება. როგორც არ უნდა შეეცადონ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნენი, არაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ისევე როგორც ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში და  რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებითა და მუხლჩაუხრელი შრომით მოხდა“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობას, „ქართულ ოცნებას“, მის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს  და პარტიის   გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს გადაუხადა.

„მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს,  რომლებიც, ჩვენთან ერთად, ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან და ტრიბუნიდან, მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შარლ მიშელი ადასტურებს, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს არ მისცა საშუალება, მიეღო საბიუჯეტო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის დახმარების საშუალოვადიან პროგრამას მოიცავს, – ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან საუბარში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ დაადასტურა.

მისი განმარტებით, განხილვის თემა მხოლოდ უკრაინის დაფინანსება არ ყოფილა და ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზეს „მეგაპაკეტის“ მიღება, რომელიც მოიცავდა დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, მიგრაციის პროგრამების ხარჯებს და ევროკავშირის სოლიდარობის ფონდისა და თავდაცვის დაფინანსებას.

„ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი სახელმწიფო ვერ დათანხმდა. ამ „მეგაპაკეტს“ დათანხმდა დანარჩენი 26 ლიდერი, მათ შორის შვედეთიც, რომლის პრემიერ-მინისტრმა, შიდა პროცედურების შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტთან უნდა განიხილოს“, – განაცხადა მიშელმა.

კითხვაზე, იყო თუ არა ვიქტორ ორბანი ევროკავშირის 27-ე ლიდერი, რომელიც არ დაეთანხმა „მეგაპაკეტის“ მიღებას, შარლ მიშელმა უპასუხა: „ვფიქრობ, თქვენ ძალიან ინფორმირებული ხართ, როგორი იყო ჩვენი დებატების ხასიათი“.

ამასთან, მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, „მეგაპაკეტი“ არ იქნა უარყოფილი, არამედ მისი მიღება გადაიდო და რომ ლიდერები შეთანხმდნენ საგანგებო სამიტზე, რომელიც ამ საკითხს დაეთმობა.

„ამ საკითხს მომავალი წლის დასაწყისშივე დავუბრუნდებით და ვეცდებით ერთსულოვნებას მივაღწიოთ, რომ ამ მეგაპაკეტის განხორციელება შესაძლებელი გახდეს“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

“ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში”

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ევროკომისიის მიერ მიღებული გუშინდელი გადაწყვეტილება მიულოცა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

როგორც მან დედაქალაქის საკრებულოში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია.

„ვულოცავ საქართველოს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიწოდეს ხელი და გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში. საქართველომ ისტორიული არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა.  დღეს კი გვაქვს შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების, საქართველოს მოსახლეობის, ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგია. ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რაც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია. პარტია „ქართული ოცნების“ დაპირება შესრულებულია – ჩვენი ქვეყანა არასდროს მდგარა ასე მტკიცედ ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აღნიშნულ პროცესში იყო ჩართული.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც ჩართული იყო რეფორმების განხორციელების მნიშვნელოვან პროცესში. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას. მადლობა ევროპულ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რამაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დააყენოს  საქართველო ევროპული მომავლის რელსებზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“მივესალმებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატები მიესალმება ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ, როგორც ევროკავშირის კანდიდატებისა და პერსპექტიული კანდიდატების ევროპული მომავლის ძლიერ დასტურს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განაცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება აძლევს იმედს და სტიმულს ამ ქვეყნებს, განაგრძონ საჭირო რეფორმები.

„გადაწყვეტილებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, როგორც კი დაკმაყოფილდება აუცილებელი კრიტერიუმები, აძლევს იმედს და სტიმულს ამ ქვეყნებსა და მათ ხალხს განაგრძონ საჭირო რეფორმები, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის ამბიციების წინსვლისთვის. ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის.

შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის კანდიდატ და პერსპექტიულ კანდიდატ ქვეყნების მხარდაჭერას, როდესაც ისინი განაგრძობენ კრიტიკულ რეფორმებს ევროკავშირის წევრობის გზაზე. ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ მოვუწოდებთ მათ გამოიყენონ იმპულსი, რათა გააცნობიერონ თავიანთი სრული დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალი და უზრუნველყონ თავიანთი მომავალი ევროპაში“, – აღნიშნულია სახლემწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

“ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულზე – ამ საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფა დაბლოკა.

„ღამის ცვლის შედეგები: ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულზე. ევროპულ საბჭოში ამ საკითხს მომავალ წელს, შესაბამისი მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელ X-ში.

შეგახსენებთ, ევროკავშირი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავდა.

“ევროკავშირი განაგრძობს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც მათ წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად”

ევროკავშირი განაგრძობს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც მათ წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.

„ევროპული საბჭო ასევე იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით“,- ნათქვამია დასკვნაში.

ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.

მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას მიღწევა-სალომე ზურაბიშვილი

მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, ვისაც არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, დღეს ყველა არის გახარებული, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი, სერიოზული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხის მონდომების გარეშე, ის მიღწევა, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია, არ იქნებოდა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა, პირადადაც ვუთხარი, დამირეკა და ვისაუბრეთ, შარლ მიშელს, რომლის ძალიან დიდი წვლილია დღევანდელ დღეში. მისი დიპლომატიური ძალისხმევა იყო ძალიან სერიოზული და ეს ძალისხმევა არამხოლოდ დღევანდელ დღეს, მთელ ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა შარლ მიშელის სახით. საქართველოს ძალიან დიდი მეგობარია და ამისთვის დიდი მადლობა პირადად ვუთხარი თქვენი სახელით. მინდა, დღეს, საჯაროდ ვუთხრა მადლობა ამისთვის. მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას, ჩვენი ერთიანი მიღწევა. ეს არ არის სიტყვები, ერთად ვიყოთ და ყველანი ერთსულოვანი, ეს მართლაც ასეა, რომ არა ერთად, არაფერს მივაღწევდით არასდროს, არც დამოუკიდებლობას ადრე, არც დღეს ამ ნაბიჯის მიღწევას და არც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს თუ ვერ შევიგენით, ჩვენ ამას ვგებულობთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება ისევ. უნდა შევიგნოთ ბოლომდე და გავატაროთ, ვიტყოდი, ყოველდღიურად, რომ ერთიანობა, ერთობა არის ჩვენი უდიდესი ძალა, სხვა დიდი ძალა არ გაგვაჩნია. ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაფერს მიგვაღწევინებს და ასეც ჩანს, რადგან ვერავინ იტყოდა ადრე, რომ ჩვენ ამას მივაღწევდით ასე მალე. ჩვენ ბევრ რამეზე ვოცნებობთ საერთოდ, მაგრამ მიღწევები არ მოდის ასე მარტივად, ჩქარა და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ვინც ვამბობთ დღეს, რომ ერთად მივაღწიეთ ამას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს.

„მადლობა მინდა, ვუთხრა კიდევ უკრაინის პრეზიდენტს, ახლა ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის და ეს არის მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება, რადგან ეს აჩქარებული პროცესი, რომელსაც ვიმსახურებთ სხვა მხრივ სრულიად, მაგრამ ეს აჩქარებული პროცესი, რაც დღეს ხდებოდა ბრიუსელში, ეს არ მოხდებოდა, თუ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და ეს ორწლიანი უსასტიკესი ომი, ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენ, ეს გვევალება როგორც ქართველებს, თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა. მე მინდა, მივულოცო ასევე მაია სანდუს, უძლიერესი ქალი დღევანდელ დღეში, რომელმაც გაუძლო უდიდეს შეტევებს, უდიდეს სირთულეებს ამ პერიოდში, მაგრამ შეძლო და თავისი ქვეყანა მიიყვანა, სადაც არავის სჯეროდა, რომ მიიყვანდა და გაუძლებდა და გაუძლო. ეს მაგალითები არის ის და ასევე ჩვენი ქვეყნის მაგალითი და არანაკლები, მთელს ამ დიდ გავლილ ისტორიულ პერიოდში, ჩვენ ეს ქვეყნები უკრაინა, მოლდოვა, საქართველო ვართ მაგალითები იმის, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ევროპისთვის ბრძოლა, იმ ღირებულებებისთვის, რაც არის ერთიანი ღირებულებები ევროპისთვის და ჩვენთვის ამისთვის ერთგულება და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვზეიმობთ დღეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის დაესწრება ხვალ დაგეგმილ ღონისძიებას.

„პრემიერმა მგონი, გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი ყველასი, მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შეუერთდეთ, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი. მე მზად ვარ, რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა, თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე მით უფრო წარმატებული იქნება, რაც უფრო მეტად იაქტიურებთ. გაითვალისწინეთ, რომ გუნდური მუშაობა გაცილებით ნაყოფიერი იქნება. ხელსაყრელია დღეა გრძელვადიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

კურო

რთული დღეა. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა უადგილო შენიშვნით ან კომენტარით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. შესაძლოა საღამოს მნიშვნელოვანი სიახლეები მიიღოთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ.

ტყუპები

ნუ იქნებით გულწრფელი ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, ნუ უამბობთ მათ თქვენი გეგმების ან პირადი ცხოვრების შესახებ. თუ ვინმესთვის გულის გადაშლა გჭირდებათ, ეს ახლო მეგობრების გარემოცვაში უნდა გააკეთოთ. ამ დღეს მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას – სიტუაცია მალე შეიცვლება. დღე გამოიყენეთ იმისთვის, რომ პირადი ანგარიშები ან სხვა დოკუმენტები ზედმეტი აჩქარების გარეშე მოაწესრიგოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შეგიძლიათ, ემოციები ბოლომდე გამოამჟღავნოთ და თავისუფლება მისცეთ თქვენს გრძნობებს. თუმცა დროა, თქვენც ისწავლოთ კრიტიკის მშვიდად მიღება – ეს პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას გასწავლით. ამ დღეს შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავლის მიღება.

ლომი

ამ დღეს იღბალი თქვენს მხარეს იქნება – შეძლებთ, რომ საკამათო საკითხი სამართლიანად გადაწყვიტოთ, ზედმეტი აურზაურის გარეშე და წარმატებული შედეგი გარანტირებული იქნება. არ ინერვიულოთ შურიანი ადამიანების გამო: ამ დღეს ისინი თქვენ ვერ მოგწვდებიან.

ქალწული

თქვენს ცხოვრებაში ბევრი სიახლე იქნება, ამიტომ მათთან შეგუება და მორგება გიწევთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, შესრულებული სამუშაო პერიოდულად შეამოწმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ, თუმცა ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან.

სასწორი

თქვენს ცხოვრებაში ხელსაყრელი პერიოდი დგება. შეგიძლიათ, სამომავლო გეგმები დასახოთ – ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ელოდებით, თუმცა ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. იმოქმედეთ სიტუაციის მიხედვით და გაუფრთხილდით დროს. უარს ნუ ეტყვით საყვარელ ადამიანს დახმარებაზე – მალე დაგჭირდებათ მისი მხარდაჭერა.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე არ დაგეგმოთ – გარემოებები სწრაფად იცვლება და ინტუიციურად მოქმედება მოგიწევთ. შესაძლოა ახალი შესაძლებლობები დაინახოთ, რითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება, ამიტომ მოულოდნელობისთვის უნდა მოემზადოთ. გახსოვდეთ, რომ დასკვნის გამოტანამდე ფაქტები უნდა გადაამოწმოთ. ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, ეს კი აუცილებლად დანაკარგს გამოიწვევს.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდით. მთავარია, არ ინერვიულოთ. ეცადეთ, მომხდარი მშვიდად გააანალიზოთ და სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემის გადაჭრა გიწევთ, დასვენებისა და პირადი საქმეებისთვის დრო მაინც უნდა გამოყოთ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.

თხის რქა

თქვენი მონდომება და შეუპოვრობა ყველა დაკეტილ კარს გააღებს. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ იღბალი და გარემოებები თქვენ სასარგებლოდ იქნება. ეცადეთ, საქმიან მოლაპარაკებებში მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ. სახლის მშვიდი გარემო სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

მერწყული

დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ გაყინული საქმე ადგილიდან დაძრათ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ აქტივობებს, რომლებიც განწყობას გიმაღლებთ. საინტერესო, უჩვეულო ადამიანთან შეხვედრა იდეებით აგავსებთ, ახლა მხოლოდ მათი განხორციელება გჭირდებათ.

თევზები

ეცადეთ, უარყოფითი აზრებისგან გათავისუფლდეთ და პოზიტიურად განეწყოთ. თქვენ დაიმსახურეთ, რომ ის აკეთოთ, რაც გიყვართ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელზედაც თქვენი მომავალია დამოკიდებული. ხელსაყრელი დღეა პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად.