Home Blog Page 1883

ვალერი ზალუჟნის ოფისში მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ოფისში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს.

აღნიშნულის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია მედიამ გაავრცელა, რომელიც შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს არა ზალუჟნის კაბინეტში, არამედ ერთ-ერთ ოთახში, სადაც შესაძლებელი იყო, რომ მას ემუშავა.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მათივე ინფორმაციით, ნაპოვნი მოწყობილობა უმოქმედო იყო და ის ექსპერტებს უკვე გადაეცათ.

“ხელისუფლებაში მსხდომი მსახიობები, რომლებიც პრემიერის და მინისტრების როლს ასრულებენ, მართავენ სპექტაკლს, სახელწოდებით „2023 წლის ანგარიში“

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, საქართველოს ხელისუფლებაში მსხდომი მსახიობები, რომლებიც პრემიერის და მინისტრების როლს ასრულებენ, მართავენ მორიგ სპექტაკლს, სახელწოდებით „2023 წლის ანგარიში“.

ბატონო მსახიობებო, ძალიან მალე მოგიწევთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების წინაშე არა როლის შესრულება, არამედ ყველა დანაშაულის აღიარება, რაც 2012 წლიდან გაქვთ ჩადენილი. ვეჭვობ, ამ უკანონოდ გამდიდრებული მსახიობების ხარჯზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი გაორმაგდება.

აბა, კარგად იყავით!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

“პრემიერის ანგარიშამდე ბოდიშია მოსახდელი” – პაატა მანჯგალაძე

ანგარიში არის ის, რომ ხალხი გარბის ქვეყნიდან, ყოველი მესამე ბავშვი სკოლაში შიმშილობს – არ ვიცი, რაზე უნდა ილაპარაკოს ღარიბაშვილმა, მგონი უნდა დაიმალოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, მისი მოპოვება ქართველი ხალხის დამსახურებაა და „ქართული ოცნება”, რომელიც იქამდე ამბობდა, რომ „სტატუსი სათაგურია”, ახლა მის მიღებას ზეიმობს.

„რა უნდა გაგვიკვირდეს, არ ვიცი, რას იტყვიან. ანგარიში არის ის, რომ ქართველი ხალხი გარბის ქვეყნიდან, მათ ნაცვლად მკვიდრდებიან რუსები საქართველოში, ეს არის მოცემულობა რომ შევხედოთ. შობადობა შემცირებულია, გარდაცვალება მეტია, უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან ვიდრე შემოდის, ბავშვთა შიმშილი დარჩა ბავშვთა შიმშილად, ყოველი მესამე ბავშვი სკოლაში კვლავ განიცდის შიმშილს, არ ვიცი, რაზე უნდა ილაპარაკოს ღარიბაშვილმა, მგონი უნდა დაიმალოს.

სტატუსი მიიღო ქართველმა ხალხმა და არ მგონია, „ქართული ოცნება” ამბობდეს, რომ ქართველ ხალხზე მეტია. ქართველ ხალხში იგულისხმება ყველა, ვინც გულწრფელად იყო ჩართული ამ პროცესში და ვიდრე რაიმეზე დაიწყებს „ქართული ოცნება“ საუბარს, აუცილებელია ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, ანგარიშამდე ბოდიშია მოსახდელი, რადგან წელიწადნახევრის განმავლობაში სტატუსის ჩაგდებას ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ. ქართველმა ხალხმა აიძულა ისინი, ხალხთან ერთად ეზეიმათ ეს წარმატება. ეს არის დიდი გამარჯვება. ხალხმა, რომელიც ამბობდა, რომ სტატუსს ჩალის ფასი აქვს, რომ სათაგურია სტატუსი და ევროპა ომს გვაძალებს, შემდეგ იზეიმა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები წარადგინა

საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა.

საია-ს ინფორმაციით, საქმეში არსებული გარემოებების მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საია-მ იუსტიციის უმაღლეს სკოლას ჯერ კიდევ 2023 წლის 11 ივლისს, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – 2023 წლის 9 აგვისტოს მიმართა.

როგორც საია-ში აღნიშნავენ, იმის მიუხედავად, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომლის გაცემასაც ამ დაწესებულებებს კანონმდებლობა ავალდებულებს, სარჩელის შეტანის დროისთვის, მოპასუხედ მითითებულ საჯარო დაწესებულებებს საია-სთვის არც უცნობებიათ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მათ განცხადებები ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვეს.

„საია ხსენებული განცხადებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვდა ისეთ ინფორმაციებს, როგორებიცაა კონკრეტულ მოსამართლეთა დატვირთულობა, სასამართლო სისტემაში მოქმედი მოსამართლეების/სასამართლოს თავმჯდომარეების სია, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა, მოსამართლეების დანიშვნის ვადები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მოსამართლეების ვინაობა, საბჭოს სხდომების და მიღებული აქტების შესახებ ინფორმაცია, ხოლო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მასში მონაწილე კონკურსანტების რაოდენობა, შეფასების ფორმები და სხვა.

ბოლო წლების მანძილზე გამოიკვეთა, რომ გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, ეს იმ ფონზე როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციებში, სასამართლოს ძირეული რეფორმის საჭიროებაზე მიუთითებენ, საუბრობენ, რაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად, გულისხმობს სისტემის მოდიფიცირებას გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდით. გამჭვირვალობა სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობის პირობებში, მის საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა, ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო/იუსტიციის უმაღლესი სკოლა იმ ინფორმაციასაც კი არ გასცემს, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მათ პროაქტიულადაც აქვთ, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს ანგარიშვალდებულების ნაკლებობასა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებების უგულებელყოფა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების დარღვევას და საზოგადოებას ფაქტობრივად აკარგვინებს სასამართლოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დაკვირვების შესაძლებლობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთს არ შეუძლია, ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვინმეს სატელიტი გახდეს-პუტინი

რუსეთს არ შეუძლია, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვინმეს სატელიტი გახდეს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთი ან სუვერენული ძალა იქნება, ან – საერთოდ არ იარსებებს.

„უნდა გვახსოვდეს, არასოდეს დავივიწყოთ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ რუსეთი ან იქნება სუვერენული, თვითკმარი ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს“, – განაცხადა პუტინმა.

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში დაუდგენელი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

იაპონიის სანაპირო დაცვისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ დაუდგენელი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ BBC წერს.

გასროლიდან 20 წუთში, რაკეტა ზღვაში, იაპონიის ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა.

სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

“ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ გვყავდეს დიდი რეზერვი” – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემა „იმედი Live“-ში „თავდაცვის კოდექსზე“ ისაუბრა. მისი განცხადებით,  თავდაცვის ახალი კოდექსი უწყებაში არეგულირებს სამართლებრივ სფეროს. მინისტრმა განაცხადა, რომ გათვალისწინებულია ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება და მორგებულია ჩვენს რეალობას. მან, შვედეთის მაგალითზე, „ნებაყოფლობითი ვალდებულების“ პრინციპზეც გაამახვილა ყურადღება. „კონკრეტულ ჯგუფებს უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს, ჩვენ ტოტალურად ყველას გავიწვევთ ჯარში. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რომელიც შეიძლებოდა მარტივად ინტეგრირებულიყო ჩვენს რეალობაში, მათ შორის, ბალტიის ქვეყნების, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიისა და ფინეთის. შვედებს აქვთ ასეთი ტერმინი – „ნებაყოფლობითი ვალდებულება“, რომელიც გულისხმობს ჯარისგან თავის არიდების მექანიზმების ჩაკეტვასა და  სამხედრო მოსამსახურეებისათვის პირობების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა მან.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასაწვევ პირთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებზე და გასაწვევ პირებს სთავაზობს მოქნილ პირობებს. „ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ გვყავდეს დიდი რეზერვი. კონვერსიული შესაძლებლობების პარალელურად, უნდა განვავითაროთ სამოქალაქო თავდაცვა, ტერიტორიული თავდაცვა. ჩვენ წელიწადში, დაახლოებით, 5 ათას წვევამდელს გადავამზადებთ.  ეტაპობრივად მივაღწევთ იმას, რომ გვეყოლება ძლიერი რეზერვი“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო მოსამსახურეებისთვის პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური გარანტიების შესახებაც გაამახვილა ყურადღება. „წვევამდელის ანაზღაურება იყო 60 ლარი, 2025 წლიდან კი, 600 ლარი იქნება“,  – განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. „თავდაცვის კოდექსზე“ საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წვევამდელებს გადაამზადებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და ისინი მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის ფუნქციებს შეასრულებენ.

თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა კონკრეტული ჯგუფის მიერ წარმოებულ გაწვევების საწინააღმდეგო კამპანიაზეც და აღნიშნა, რომ სამართლებრივ ხარვეზებზე უწყებას მყისიერი რეაგირება ექნება. „თუ იქნება მცდელობა, რომ გაწვევის წინააღმდეგ კიდევ ახალი სამართლებრივი მექანიზმი მოიგონოს რომელიმე ჯგუფმა, ამაზე გვექნება ძალიან სწრაფი რეაგირება“, – აღნიშნა მან.

“უკრაინელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცები მდინარე დნეპრის ფორსირების დროს “თვითმკვლელობის მისიას’ ასრულებენ”-The New York Times

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცები მდინარე დნეპრის ფორსირების დროს „თვითმკვლელობის მისიას“ ასრულებენ“ (ავტორები – კარლოტა გალი, ოლექსანდრ ჩუბკო და ოლღა კონოვალი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ცოტა ხნის წინ დაჭრილ საზღვაო ქვეით ჯარისკაცს ხმა უკანკალებდა, როცა იგი მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მიმდინარე გააფთრებულ და სისხლისმღვრელ ბრძოლებზე გვიყვებოდა. „ღამით წყალში ვისხედით. ყოველი მხრიდან გესროდნენ“, – გვეუბნება საზღვაო ქვეითი მეომარი მაქსიმი, – ჩემი მეგობრები ჩემს თვალწინ დაიხოცნენ“.

ორი თვის განმავლობაში უკრაინის საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფის მებრძოლები, ხერსონიდან სამხრეთით, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ცდილობენ, რომ რუსებისათვის წართმეული პლაცდარმი გააფართოონ. ამ ოპერაციას კიევის არმიის უკვე შეჩერებული კონტრშეტევის ბოლო აკორდები შეიძლება ვუწოდოთ – კონტრშეტევისა, რომლის მიზანს რუსების თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა და ომში გარდატეხის შეტანა წარმოადგენდა.

საზღვაო ქვეითებმ,ა, რომლებიც დნეპრზე გადასვლაში მონაწილეობენ, ამ ოპერაციას უწოდეს როგორც „უსარგებლო“ და იმავდროულად „საშინლად სისხლისმღვრელი“ – იმიტომ, რომ უამრავი მებრძოლი ჩაიხოცა მდინარეში ჯერ კიდევ მანამ, სანამ ნავებით მარცხენა ნაპირს მიაღწევდნენ.

დნეპრის მარცხენა ნაპირზე ბრძოლის პირობები უმძიმესია. საუბრისას ათზე მეტმა ჯარისკაცმა აღნიშნა, რომ დესანტის გადასხმის ადგილზე სანგრებისა და ტრანშეების გათხრა შეუძლებელია – ნიადაგი ძალზე ნესტიანი და დაჭაობებულია, ირგვლივ მხოლოდ დაბომბვისგან გაჩენილი წყლით და ლაფით სავსე ორმოები მოჩანს.

საზღვაო ქვეითები ჩვენთან საუბრისას ანონიმურობის დაცვას გვთხოვდნენ – არ სურდათ, რომ გაზეთში მათი სახელები გაჟღერებულიყო. რაც შეეხებათ ზოგიერთ ოფიცერს, ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ პრესის თხოვნა არ შეესრულებინათ ხერსონის ოლქში დისლოცირებულო უკრაინის არმიის სამხედრო ნაწილებში ჟურნალისტების შესვლაზე.

ჩვენ მაინც მოვახერხეთ ათამდე სამხედრო მოსამსახურეს შევხვედროდით, რომლებმაც საუბარი მოისურვეს ჯარის დიდი დანაკარგების შესახებ – იმ დროს, როცა ოფიციალური პირები ზედმეტად ოპტიმისტურ მონაცემებს აქვეყნებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა შეგვატყობინა, რომ ჯერ-ჯერობით შეუძლებელია კომენტარი გაუკეთონ ჯარისკაცთა ბრალდებებს, თუმცა აღნიშნეს, რომ პასუხებს აუცილებლად გასცემენ გარკვეული დროის განმავლობაში.

დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლის დროს ყველაზე გაცხარებული ბრძოლა სოფელ კრინკის ახლო-მახლო მიმდინარეობს, სადაც უკრაინელებმა მდინარისპირა ვიწრო 20 კილომეტრიანი ზოლი დაიკავეს, მეთევზეთა დასახლებით, ანუ ფაქტობრივად ესაა ერთადერთი ადგილი, სადაც მათ მეტ-ნაკლებად გამაგრება მოახერხეს.
როცა დრონის მიერ გადაღებული ადგილები დავათვალიერეთ, აფეთქებული ბომბებით გაჩენილი წყლით სავსე ორმოებით, სახლების ნანგრევებით და დაჩეხილ, ნაფოტებად ქცეული ხეებით, ჩვენ, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტები, დავრწმუნდით, რომ ჯარისკაცები მართალს ამბობდნენ.

„ჯარისკაცების ის ახალი ჯგუფი, რომლებიც დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადადიან, იძულებულნი არიან უკვე დახოცილ და ტალახიან თანამებრძოლთა გვამებს გადააბიჯონ“, – ამბობს ალექსი, გამოცდილი ჯარისკაცი, რომელიც კრინკში ოქტომბრიდან იბრძვის და მდინარის მარჯვენა ნაპირზე რამდენჯერმე დაჭრილი მეომრების გადაყვანა მოახერხა.

„დაღუპული ჯარისკაცების გვამები სოფელ კრინიკთან ორ თვეზე მეტ ხანს იყო დაგროვილი, რადგან ცხედრების ევაკუაცია ვერ ხერხდებოდა ინტენსიური დაბომბვის გამო“, – ამბობს ვლადიმერი, ასეულის მეთაურის მოადგილე, რომელიც მარჯვენა ნაპირზე თავისი ჯარისკაცის, სახელად დენისის, დაკრძალვაში მონაწილეობდა, – „კრინკთან ბრძოლები უაღრესად მძიმეა. იქ ვინც იბრძვის, ნამდვილი გმირები არიან, ისინი უდიდეს ნებისყოფას ავლენენ“.

უკრაინელი ჯარისკაცები პატივს მიაგებენ მოკლული თანამებრძოლების ხსოვნას, რომლებიც დნეპრის ნაპირის ფორსირებისას დაიღუპნენ. ამავე დროს ისინი აცხადებენ, რომ მარცხენა ნაპირზე უსარგებლო ბრძოლა უკრაინის არმიას ძალზე ძვირად უჯდება.

იმ დროს, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევა უკვე ჩაიშალა, ხოლო უკვე იყო მინიშნებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს და ევროკავშირსაც კი, დახმარების გაწევა გაუჭირდებოდათ, უკრაინის არმიის სარდლობამ დნეპრის მარცხენა ნაპირზე დესანტის გადასხმა გადაწყვიტა – იმ იმედით, რომ საზღვაო ქვეითთა კორპუსის მებრძოლები დაკავებულ პლაცდარმს სწრაფად გააფართოებდნენ და სამხრეთიდან (ყირიმიდან) რუსეთის ჯარების მომარაგების გზებს გადაჭრიდნენ.

რუსეთის ჯარის თავდასხმის დღიდან უკრაინის ოფიციალური პირები ცდილობდნენ ჯარისკაცებში ოპტიმისტური განწყობა შეექმნათ და სამხედრო მოსამსახურეთა მაღალი მორალური სულისკვეთება შეენარჩუნებინათ – როგორც ქვეყნის შიგნით – თანამემამულეთა დასანახად, ასევე ქვეყნის გარეთ – უცხოეთის ქვეყნების მიერ დახმარების გაწევის მიზნით. დღემდე არმიის სარდლობა არც ცოცხალი ძალის დანაკარგების რაოდენობას არ აქვეყნებს და არც იმ წარუმატებელ ფაქტებს, რომლებიც კონტრშეტევის პერიოდში მოხდა (და ახლაც ხდება).

ამას წინათ დნეპრის მარცხენა ნაპირზე მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საზღვაო ქვეითებს მტკიცედ აქვთ დაკავებული პოზიციები, მოწინააღმდეგეს გმირულად უმკლავდებიან და რომ რამდენიმე გამაგრებული პუნქტიც შექმნეს.
მაგრამ ის ჯარისკაცები, რომლებიც კრინკთან იბრძოდნენ, ამბობენ, რომ პრეზიდენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებები გადაჭარბებულია..
„[დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე] ისეთი სიტუაციაა, რომ იქ პოზიციის რაიმე განმტკიცებაზე და გამაგრებული პუნქტის შექმნაზე ლაპარაკი ზედმეტია, – ამბობს ალექსი, – სანგრებისა და ტრანშეების გათხრა შეუძლებელია. ასევე წარმოუდგენელია რაიმე სამხედრო ტექნიკისა და მოწყობილობების გადატანაც… გაღმა ნაპირზე რაც ხდება, იმას ბრძოლასაც ვერ ვუწოდებ. ის არის
თვითმკვლელობის მისია“.

ალექსის თქმით, მისი ბატალიონი მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით ცუდად იყო აღჭურვილი, ამიტომ თითქმის მთლიანად განადგურდა. ნავები დაჭრილების გადასაყვანად არ ჰყოფნიდათ, ხოლო რაც იყო, ისიც რუსების ინტენსიური დაბომბვის გამო დაზიანდა… ამის შემყურე უკრაინელი ჯარისკაცების მორალური სული შესამჩნევად დაეცა. „ის ადამიანები, რომლებიც იქ იგზავნებიან, ფსიქოლოგიურად არ არიან მომზადებულები“, – ამბობს ალექსი, – მათ ისიც კი არ იციან, თუ სად მიდიან – მეთაურები არაფერს არ ეუბნებიან“.

ალექსი დათანხმდა, რომ „ნიუ-იორკ თაიმსს“ მისი უკმაყოფილო საუბარი გამოექვეყნებინა დანაკარგებთან დაკავშირებით: „მე ბახმუტშიც და სოლედარშიც ვიბრძოდი, მაგრამ ის რაც კრინკთან ხდება, მისი მსგავსი არსად არ მინახავს… ეს ჩვენი ძალების გაფლანგვასა და უთავბოლოდ ხარჯვას ნიშნავს“.

ალექსის ნათქვამს რუსეთის ავიაციის დარტყმების შედეგებიც ადასტურებს. უკრაინის გეოლოკაციურ რუკაზე მონიშნულია ის ადგილები, რომლებიც მასირებული დაბომბვის ქვეშაა, მათ შორის დნეპრის აღმოსავლეთი ნაპირის 20 კილომეტრიანი მონაკვეთიც.

ზოგიერთი მონაცემით, რუსების არმიასაც მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს: „ჩვენ, როგორც წესი, რუსებზე ვნადირობთ“, – ამბობს 36 წლის ევგენი კარასი, მე-14 პოლკის მეთაურის მოადგილე, რომელიც დრონებით შეიარაღებულ ქვედანაყოფს კურირებს. „ჩვენი პრიორიტეტია რუსული არტილერიის განადგურება. ორი თვის განმავლობაში დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან კრინკის მიმართულებით მსროლელი რუსული ქვემეხები და ჰაუბიცები თითქმის მთლიანად გავანეიტრალეთ… „რუსები შეშინებულები არიან, რომ უკრაინა ან ახლა, ან მოგვიანებით, გაზაფხულზე დაკავებულ ტერიტორიას გააფართოებს და აღმოსავლეთ ნაპირს გაათავისუფლებს. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი შეტევა კი არაა, არამედ რაც შეიძლება მეტი რუსული ქვედანაყოფის მიზიდვა და მათი განადგურება“.

დრონები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ამ ბრძოლებში როგორც დაზვერვის, ასევე უკრაინის არტილერიის დამიზნების თვალსაზრისით. დრონი-„კამიკაძით“ სარგებლობა შედარებით უფრო იაფია საარტილერიო ჭურვზე, რომელიც უკრაინის არმიას სულ უფრო ცოტა რჩება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვკითხულობთ გაზეთებს და ვიცით, თუ ვინ როგორ გვეხმარება. იმასაც კარგად ვხვდებით, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს“, – ამბობს ევგენი კარასი, რომელსაც მხედველობაში აქვს აშშ-ის კონგრესში და ევროპის პოლიტიკურ წრეებში მიმდინარე დებატები. სამწუხაროდ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებული სიტუაცია გასულ კვირაში უფრო გაუარესდა – ჯერ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ვერ დააჯერა ამერიკელი კანონმდებლები 60-მილიარდიანი დახმარების გაწევის აუცილებლობაზე, შემდეგ კი ევროსაბჭოშიც ვერ გავიდა წინადადება კიევისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე.
როგორც მაქსიმი ამბობს (იგი ხერსონის ჰოსპიტალში წევს ნოემბრის ბოლოს კრინკის ბრძოლების შემდეგ), რუსების ცეცხლი იმდენად ინტენსიური იყო, რომ მისი ოცეული წინ ვერანაირად ვერ მიდიოდა. როცა რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა, მას უბრძანეს, რომ ოცეულის დარჩენილი ნაწილის დნეპრის მარჯვენა ნაპირზე ევაკუაცია მოეხდინა. „ ევაკუაცია ქაოსური და კატასტროფული აღმოჩნდა. ჯარისკაცები რუსების მასირებული ცეცხლის ქვეშ მოექცნენ და როცა მდინარის ნაპირზე მივიდნენ, მათ უთხრეს, რომ სამი საათი უნდა მოეთმინათ, სანამ ნავები გათავისუფლდებოდა.

„მოკლედ, დნეპრის მარცხენა ნაპირი, შეიძლება ითქვას, განსაწმენდლის როლს ასრულებს. შენ ჯერ მკვდარი არ ხარ, მაგრამ აღარც ცოცხლებში არ წერიხარ“, – ამბობს მაქსიმი. მისი ოცეულიდან 10 ჯარისკაცი დაიღუპა, ამდენივე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, ცოცხლად გადარჩენილები კი მძიმედ არიან დაჭრილ-დასახიჩრებულნი.

წყარო:

გაერო-ს უშიშროების საბჭო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალ რეზოლუციას უყრის კენჭს

გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ და მდგრად შეწყვეტას მოითხოვს.

მედიის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორში უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომისთვის საჭიროა საომარი მოქმედებების სასწრაფო და მდგრადი შეწყვეტა. ამასთან, დოკუმენტი მოითხოვს ყველა მძევლის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას.

ისევე როგორც წინა რეზოლუცია, რომელსაც ვეტო აშშ-მა ვეტო დაადო, ახალი რეზოლუციის პროექტი გმობს განურჩეველ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

დოკუმენტი ასევე ადასტურებს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტის მიმართ მხარდაჭერას.

“2019 წლიდან დღემდე, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები 45%-ით გაიზარდა, ხოლო იანვრიდან კიდევ 10%-ით გაიზრდება”

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2019 წლიდან, რაც თავდაცვის მინისტრი პრემიერი გახდა, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები დღემდე 45%-ით გაიზარდა.

„თუ ანაზღაურება იყო 900 ლარი, გახდა 1500 ლარი. იანვრიდან ჩვენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს კიდევ 10%-ით გავუზრდით ანაზღაურებას და ჩვენთან მინიმალური დარიცხული ხელფასი 1700 ლარი გახდება. ამას ემატება დანამატები და საშუალო რგოლის სამხედრო მოსამსახურეებზე ეს კიდევ უფრო მეტია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს პროცესი გავაჩეროთ. ქვეყნის განვითარების პარალელურად ეს პროცესი წინ წავა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უკვე ასრულებს ნატოს იმ მოთხოვნას, რაც დაფინანსებასთან დაკავშირებით მას აქვს წევრი ქვეყნების მიმართ და 2024 წელს თავდაცვის ბიუჯეტი 26%-ით გაიზრდება.

„ჩვენი ბიუჯეტი 2024 წელს 2023 წელთან მიმართებაში გაიზრდება 26%-ით. თუ ჩვენი ეკონომიკა, პირობითად, იზრდება 10%-ით და ეს ძალიან დიდი შედეგია ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი პროპორციულად კიდევ უფრო მეტით იზრდება“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის აღნიშნულ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“სამხედრო განათლების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს დიდ გამოცდილებას სძენს და ნატოსთან თავსებად ძალად აყალიბებს”

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემა „იმედი Live“-ში უწყების თავდაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა შეაჯამა. „თავდაცვის უწყებისთვის 2023 წელი რეკორდული იყო – ვუმასპინძლეთ 27 სხვადასხვა ღონისძიებას, სწავლებას და, ასევე, საზღვარგარეთ 40 სხვადასხვა სწავლებაში მივიღეთ მონაწილეობა. მათ შორის იყო ისეთი სწავლებები, სადაც ევროპის ქვეყნების, ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოებიდან, 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, სამხედრო განათლების კუთხით  საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს დიდ გამოცდილებას სძენს და ნატოსთან თავსებად ძალად აყალიბებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტებზე.  მისი განცხადებით, ალიანსის წარმომადგენელთა მრავალრიცხოვანი დელეგაციის ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა მიუთითებს საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თავსებადობაზე. „ნატოს ქვეყნებშიც კი, უმრავლესობაში, კომიტეტი, თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სრული შემადგენლობით არ არის ნამყოფი. რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორი თავსებადი ვართ მათთან“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

სოფელ ყიზილაჯლოში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 2 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

შემთხვევიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამართალდამცავებმა ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.