Home Blog Page 1880

ჩვენი პრემიერი ყოველ ჯერზე გვაოცებს უნარით, როგორ შეაქოს ბიძინა ივანიშვილი, ამ ნაწილში ნამდვილად ჩემპიონები ვართ – სანდრო რაქვიაშვილი

რა მოხდებოდა ივანიშვილი რომ ყოფილიყო 2008 წელს პრეზიდენტი, რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ივანიშვილი იმ პერიოდში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა სააკაშვილთან, ეხმარებოდა რეფორმების ჩატარებაში და პირიქით, ამაყობდა ამით, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც 2008 წლის ომსა და წინა ხელისუფლებაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

რაქვიაშვილის თქმით, 2012 წლამდე რაც ხდებოდა, ივანიშვილის წვლილიც არის და თუ ამასაც სათანადოდ შეაფასებს ღარიბაშვილი, კარგი იქნება.

„ჩვენი პრემიერ-მინისტრი ყოველ ჯერზე გვაოცებს უნარით, როგორ შეაქოს ბიძინა ივანიშვილი, სი ძინ პინი და მისთვის მნიშვნელოვანი სხვა ადამიანები – ამ ნაწილში ნამდვილად ჩემპიონები ვართ. რაც ეხება, თუ რა მოხდებოდა ივანიშვილი რომ ყოფილიყო 2008 წელს პრეზიდენტი, რთულად წარმოსადგენია ეს, მაგრამ როგორც მახსოვს, ივანიშვილი იმ პერიოდში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა სააკაშვილთან, ეხმარებოდა რეფორმების ჩატარებაში და პირიქით, ამაყობდა, რომ ბევრი რამ, რაც გაკეთდა, მისი დამსახურება იყო. იმდენად იყო ჩართული, რომ მერე ბევრი მაღალჩინოსანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიფარა და დააწინაურა კიდეც, დაწყებული სასამართლოთი, დამთავრებული პროკურატურით და სხვადასხვა უწყებებით. ამიტომ მე მგონია, ივანიშვილის წვლილიც არის იმ ყველაფერში, რაც 2012 წლამდე მოხდა და თუ ამასაც სათანადოდ შეაფასებს ღარიბაშვილი, კარგი იქნება,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს იმ ძალებთან, რომლებსაც აინტერესებთ ქვეყნის წინსვლა, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით- ირაკლი კობახიძე

დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს იმ ძალებთან, რომლებსაც აინტერესებთ ქვეყნის წინსვლა, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ყველაზე სწორი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ყველა საპარლამენტო პარტიის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სამუშაო პროცესში.

„დეპოლარიზაცია ჩვენ გვაინტერესებს და გვჭირდება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც არიან დაინტერესებული საქართველოს წინსვლით, მათ შორის ევროპულ გზაზე. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ყველა საპარლამენტო პარტიის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სამუშაო პროცესში. ეს არის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, როგორც ამას გვირჩევდა ევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ცხრავე პრიორიტეტი შესრულდება, რათა გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცხრა პრიორიტეტი შესრულდება და „ქართული ოცნება“ წარადგენს დეტალურ გეგმას, როგორ ხედავს თითოეული პუნქტის შესრულებას.

ამასთან, რაც შეეხება ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს თავად სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული.

„სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია სამთავრობო კომისიის ფორმატში. შეგვიძლია, დეტალურად წარვადგინოთ თითოეული პუნქტი, როგორ არის ასახული ეს პუნქტები სამოქმედო გეგმაში. ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, მყისიერად დაიწყება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელება. ინტენსიურად წარიმართება სამუშაო პროცესი უკვე იანვრიდან. პარლამენტი ჩაერთვება აქტიურად სამუშაო პროცესში იანვარ-თებერვალში. შესაბამისად, ცხრავე პრიორიტეტის შესრულება იქნება უზრუნველყოფილი, რათა გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე, გაიხსნას მოლაპარაკებები და ა.შ. ეს არის შრომატევადი პროცესი, საბოლოო ჯამში ევროკავშირში გაწევრიანებას დასჭირდება არა ერთი და ორი წელი, მაგრამ მთავარია, ჩვენ თანმიმდევრულად ვიაროთ ამ მიზნისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6816 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9252 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9406 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0154 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

პრემიერ-მინისტრის ანგარიში შთამბეჭდავი იყო -ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში შთამბეჭდავი იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან ეფექტური იყო პრემიერის მხრიდან დღევანდელი მთავრობის საქმიანობის წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარება.

„საზოგადოებამ დღეს მოისმინა პრემიერის წლიური ანგარიში, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო. თქვენ მოისმინეთ კონკრეტული ციფრები. აქ არ შეიძლება ცდომილების რაიმე დიაპაზონი იყოს იმიტომ, რომ ჩვენ დღეს მოვისმინეთ აბსოლუტური არითმეტიკა. ძალიან ეფექტური იყო განვლილ პერიოდთან შედარებაც. ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, თუ რა ცვლილება მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ ამ 10 წლის განმავლობაში“,-განაცხადა ბურჭულაძემ.

გარდა ამისა, მან საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

უპირველეს ყოვლისა, ეს იყო დიდი ისტორია, რომელიც საქართველოს ისტორიის ფურცელზე დაიწერა. ბოლო დეკადების განმავლობაში ვერ ვიხსენებ ანალოგიური მასშტაბის მოვლენას, რომელიც ასე გასახარებელი და მისალოცია ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ევროკავშირმა პირველად საქართველოს თავდაცვის უწყებას თანხა 2021 წელს გამოუყო.

„ჩვენ ევროკავშირის დახმარებით 2022 წელს თითქმის გაორმაგებული დახმარება მივიღეთ. შემდეგ 30 მლნ ევრო და ეს პროგრესულად გაგრძელდება. რაც შეხება ამ თანხებს, ძირითადად მიემართება საინჟინრო საშუალებების და სხვა მობილური საშუალებების განვითარებას“, -განაცხადა ბურჭულაძემ.

“2012 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყო 330 ლარი და დღეს არის 1230 ლარი” – ირაკლი ღარიბაშვილი

2012 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყო 330 ლარი და დღეს არის 1230 ლარი, უკვე გაზრდილია 270%-ით, 2024 წლიდან მასწავლებლის ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი და ზევით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2027 წლისთვის ყველა სკოლა იქნება დასრულებული და აშენებული-რეაბილიტირებული ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით.

„ასევე, ანაზღაურების საკითხს მინდა შევეხო. 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყო 330 ლარი და ხელფასი აქაც უკვე გაზრდილია 270%-ით, დღეს არის 1230 ლარი.

ჩვენ ასევე მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 500 ლარით და მეტით გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასები 2024 წლიდან. ამისთვის 160 მილიონი ლარი დამატებით გამოვყავით ბიუჯეტიდან და ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი და ზევით.

300 ლარი იყო, შეგახსენებთ, 330 ლარი იყო ხელფასი მასწავლებლების 2012 წლამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად იქნას დაფასებული მასწავლებლის ღვაწლი, მათი წახალისება გაგრძელდება მომავალში, ისევ როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელზეც ახალი მინისტრი აქტიურად მუშაობს.

დაწყებულია რა თქმა უნდა, ამის თაობაზე მოგახსენეთ, რომ სკოლების რეაბილიტაცია- მშენებლობა. ამჟამად დაკონტრაქტებული არის 250 ზე მეტი სკოლის მშენებლობა. სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა 2022-2023 წლებში 250 ზე მეტი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია და როგორც მოგახსენეთ, 2027 წლისთვის ყველა სკოლა იქნება დასრულებული და აშენებული-რეაბილიტირებული ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“საზოგადოების განწყობა, კვლევები მეტყველებს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს და 2024 წელს დიდი მხარდაჭერით გაიმარჯვებს” – კახა კალაძე

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2024 წელს დიდი მხარდაჭერით გაიმარჯვებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე.

„ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, პოლიტიკაში არ არის. ადამიანმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი იყო, დატოვა პარტია. „ქართული ოცნება“ დღეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2024 წელს დიდი მხარდაჭერით გაიმარჯვებს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს დამოკიდებულება, განწყობა, რაც საზოგადოებაშია და ყველა კვლევა მეტყველებს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს. 2024 წელს საზოგადოების მხარდაჭერით, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა -ლევან ხაბეიშვილი

რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა. 2024 წელს დაწყებულ საქმეს ქართველი ხალხი ბოლომდე მიიყვანს, – ასე ეხმაურება  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას: „2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა“.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართველ ხალხს ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებით რუსულ დეზინფორმაციას და რუსულ პროპაგანდას ავრცელებს.

„როცა პუტინს გადაწყვეტილი აქვს კონკრეტული ტერორისტული მოქმედებების ჩატარება, ცხადია, ამას წინ ვერავინ აღუდგება. იგივე ხდება დღეს უკრაინასთან მიმართებით. როგორ იქცევა ჰააგაში გასამართლებული ოფიციალური მკვლელის სტატუსით რუსეთის დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი.

რაც შეეხება რუსული პარტიის გაგრძელებას- ირაკლი ღარიბაშვილს და მის ბატონ ივანიშვილს, დეოლიგარქიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი და პლასტიკური ბარათების დამზადებული იყო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო სუს-ის უფროსი, მისი დაცვის წევრი იყო შს მინისტრი და ზოგადად, ყველა ბანკი „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილის თანამშრომელი იყო. ისინი ასე უყურებენ, რომ შპს არის საქართველო. მთავრობის სხდომა რომ ტარდება უნდა გვესმოდეს, რომ ბანკის „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლები იკრიბებიან ბიძინა ივანიშვილის საკეთილდღეოდ ანუ ბიძინა რა სიკეთეს მიიღებს, ისე მართავენ ქვეყანას. დღეს, როცა კანდიდატის სტატუსზე და ივანიშვილის დამსახურებებზე ლაპარაკობენ, ესეც შევახსენოთ მოსახლეობას – მათ არ უნდოდათ განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობისთვის. ქართველ ხალხს აქციები დასჭირდა ამისთვის, ისინი ანტიდასავლურ კამპანიასა და დეზინფორმაციაში იყვნენ ჩართულები. კობახიძე ამბობდა, რომ ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს, კალაძე ამბობდა, თუ არ მოგცემენ სტატუსს, რაც უნდა ის გააკეთონო. საქართველოს მოქალაქეს არ აქვს მოკლე მეხსიერება, ყველას კარგად გვესმის, სად ვიყავით, სად ვართ და 2024 წელს სად უნდა ვიყოთ. ახლა რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა. 2024 წელს დაწყებულ საქმეს ქართველი ხალხი ბოლომდე მიიყვანს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“2012 წლამდე 16 ახალი სკოლა იყო აშენებული, მანამდე რამდენიმე ასეული სკოლა გარემონტდა „ქართუ“ ფონდისა და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით” – პრემიერი

2012 წლამდე 16 ახალი სკოლა იყო აშენებული, ჩვენს დროს აშენებული და რეაბილიტირებულია 450 სკოლა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ -მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლებას არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით, მხოლოდ „ქართუ” ფონდისა და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გარემონტდა რამდენიმე ასეული სკოლა.

„რაც შეეხება სკოლების პროექტს. მოგეხსენებათ, რომ ასევე ჩვენ შარშან დავაანონსეთ, დავიწყეთ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის ყველა სკოლა ქვეყანაში უნდა იყოს დასრულებული, გარემონეტებული და აშენებული ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით. აქაც საინტერესო იქნებოდა შედარება, 2012 წლამდე, გაგეცინებათ და 16 ახალი სკოლა იყო აშენებული მხოლოდ. 16 სკოლა აშენდა მხოლოდ. მანამდე რამდენიმე ასეული სკოლა გარემონტდა, ისიც მხოლოდ „ქართუ” ფონდისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით.

მთავრობას, წინა ხელისუფლებას არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით. 16 სკოლა აშენდა, მაშინ, როცა ჩვენს დროს უკვე აშენებულია 450 სკოლა და რეაბილიტირებულია. ახლა მიმდინარეობს უკვე, მოგახსენეთ, რომ 880-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა. აი, ეს არის რეალური განსხვავება იმისა, თუ როგორ ზრუნავს დღევანდელი მთავრობა განათლებაზე და მომავალ თაობაზე და როგორ ზრუნავდა წინა ხელისუფლება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ამჟამად ქვეყანაში ბუნებრივი გაზის 1 500 000 აბონენტია – აქაც 2-ჯერ მეტი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში”

ბოლო 11 წელში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებაზე გამოიყო 500 მლნ ლარამდე. ამჟამად ქვეყანაში ბუნებრივი გაზის 1 500 000 აბონენტია. აქაც 2-ჯერ მეტი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2024 წელს ბოლოს მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე.

„ასევე გაზიფიცირების პრობლემა იყო. 2012 წლამდე გაზიფიცირებული იყო მოსახლეობის დაახლოებით 55%, დაახლოებით 700 000 აბონენტი.
ბოლო 11 წელში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებაზე გამოიყო 500 მლნ ლარამდე. ამჟამად ქვეყანაში ბუნებრივი გაზის 1 500 000 აბონენტია. აქაც 2-ჯერ მეტი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. 2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე”, – განაცხადა პრემიერმა.

“აწარმოე საქართველოში” პროგრამის ამოქმედების დღიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 12,000-მდე პროექტი -პრემიერი

პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონ ლარამდე მიმართა. პროგრამის ამოქმედების დღიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12 000-მდე პროექტი, შეიქმნა 70 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიცა 400 მლნ ლარზე მეტი დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ჯამში დაფინანსებულია 12 000-ზე მეტი ბენეფიციარი.

„ბოლო 11 წელიწადში არაერთი პროგრამა დავნერგეთ და განვახორციელეთ, რომელიც ახლაც გრძელდება. გავიხსენებდი პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც შეიქმნა 2014 წელს. დღემდე სააგენტომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონ ლარამდე მიმართა. ამ პროგრამის ამოქმედების დღიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12 000-მდე პროექტი, შეიქმნა 70 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და გაიცა 400 მლნ ლარზე მეტი დაფინანსება. ასევე, მინდა, შევეხო მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას. ჯამში დაფინანსებულია 12 000-ზე მეტი ბენეფიციარი, 9 000-ზე მეტი ბიზნესპროექტი. ბენეფიციარების 43 პროცენტი ქალი მეწარმეა. წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1 140 პროექტი, მათი 50 პროცენტი ასევე ქალი მეწარმეა. ჯამურად გაცემული გრანტების მოცულობა შეადგენს 116 მილიონ ლარს. ჩვენ ასევე დავიწყეთ სრულიად ახალ სექტორებზე მუშაობა, უმსხვილესი კომპანიების მოზიდვით ქვეყანაში შეიქმნა ორი ახალი მიმართულება – ეს არის IT მიმართულება და ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, ე.წ. BPO. დღეს ეს მიმართულებები საქართველოში ათი ათასობით ადამიანს ასაქმებს. ბოლო წლებში ქვეყანაში დაიწყეს ოპერირება მსოფლიოს წამყვანმა ცნობილმა კორპორაციებმა, როგორებიცაა: Girteka, Concentrix-ი, Indorama, Teleperformanc-ი და სხვა“, – განაცხადა პრემიერმა.

“2012 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 ავიაკომპანია, წელს 50 ავიაკომპანიაა შემოსული საქართველოში, 67 მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს”

2012 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 ავიაკომპანია, წელს – 50 ავიაკომპანიაა შემოსული საქართველოში, 67 მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის აეროპორტმა სექტემბერში მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რეკორდული მაჩვენებელი იყო ბათუმშიც და წელს ბათუმის აეროპორტი 650 000 მგზავრს მოემსახურება.

„ასევე შედარებისთვის, მეგობრებო, 2012 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე საქმიანობდა 28 ავიაკომპანია, წელს – 50 ავიაკომპანიაა შემოსული საქართველოში, 67 მიმართულებით ახორციელებენ ფრენებს.

ქუთაისის აეროპორტი 2023 წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურება – 1.7 მილიონ მგზავრს ველოდებით წელს, აეროპორტმა სექტემბერში მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, მოგეხსენებათ; ბათუმშიც ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო, 650 000 მგზავრს მოემსახურება ბათუმის აეროპორტი წელს.

ეს ტენდენციები გრძელდება, ძლიერდება. უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია, ჩვენ ჩინეთთანაც გავხსენით ახლა, რამდენიმე თვის წინ უვიზო რეჟიმი, მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ ბაზართან თანამშრომლობის გაღრმავებას, რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ასევე აქტიური მუშაობის შედეგად, ჩინეთის ერთ-ერთი წამყვან ავიაკომპანიასთან მოვახერხეთ მოლაპარაკება და დაინიშნა უკვე რეგულარული ფრენები, სექტემბრიდან გაიზარდა, დაიწყო პირდაპირი ფრენები ინდოეთშიც. ჩვენ ცხადია გვჭრდება აეროპორტების მეტი განვითარება, იცით, რომ ჩვენ დავაანონსეთ ახალი აეროპორტის განვითარების შესახებ, რომელზეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაიხარჯება და ჩვენი ამბიცია და მიზანი არის რომ შექიმნას ქვეყანაში საერთაშორისო დონის კლასის აეროპორტი, რომელიც შეიძლება იყოს ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი, მაღალი დონის სატვირთო და სამგზავრო ტერმინალებით.

ქუთაისის აეროპორტში აშენდება 3.5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც მოემსახურება ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს, მიიღებს მეტ ავიარეისს, უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების შეუზღუდავ ოპერირებას.

ჩვენ თელავში უკვე დავიწყეთ და ვიწყებთ აქტიურად უკვე მშენებლობას, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, რომლის გამტარუნარიანობაც იქნება 50 000-ამდე მგზავრი და ოთხივე სეზონის განმავლობაში შესრულდება შიდა ფრენები ქუთაისის, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.