Home Blog Page 1872

20 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

20 დეკემბერს ქუთაისში +14 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით მზე და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +7, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +3გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც გამოიდარებს. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალაქო დღე და +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +2, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +8 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების მორიგი პროცესი დღეს გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილსისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება.

სავარაუდოდ, პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად დაესწრება პატიმარი სააკაშვილი.

სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

პარალელურად სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.

როგორც „როიტერი“ წერს, სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე, არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. სასამართლომ მხარი დაუჭირა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში და ასევე გააუქმა მისი დასკვნა, რომ აკრძალვა არ ეხება პრეზიდენტს.

ტრამპმა პირობა დადო, რომ გაასაჩივრებდა გადაწყვეტილებას აშშ-ს უზენაეს სასამართლოში, რაზეც კოლორადოს სასამართლომ განაცხადა, რომ გადადებს განჩინების მოქმედებას მინიმუმ 2024 წლის 4 იანვრამდე, რათა ტრამპმა გასაჩივრება შეძლოს.

კოლორადოს საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკითხი 5 იანვრამდე უნდა გადაწყდეს, რაც კანონით დადგენილი ვადაა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზის კანდიდატთა სიის დასადგენად.

ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „არადემოკრატიული“ უწოდეს.

როგორც „როიტერი“ წერს, შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კოლორადოს, მაგრამ აუცილებლად მოახდენს გავლენას 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე.

“სამხედროებმა 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შემომთავაზეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უმაღლესმა სამხედრო მეთაურებმა დამატებით 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შესთავაზეს. „მათ შემომთავაზეს დამატებით 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება. ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, გეგმის შესრულებამდე მას უფრო ღრმა დისკუსია და მეტი არგუმენტი სჭირდება. „იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ხალხის საკითხია. მეორეც, ეს არის სამართლიანობის საკითხი. ეს არის თავდაცვისუნარიანობის და ფინანსების საკითხი. რაც შეეხება ხალხს, მე მჭირდება სპეციფიკა : რა ბედი ეწევა უკრაინის მილიონიან არმიას, რა ბედი ეწევათ იმ ბიჭებს, რომლებიც ორი წელია იცავენ ჩვენს სახელმწიფოს?“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ არის როტაციის საკითხები, მაშინ ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი გეგმა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ არ მოაწერს ხელს ქალთა მობილიზაციის შესახებ კანონს, თუ მას რადა მიიღებს.

“უკრაინაში კონფლიქტის განვითარება აჩვენებს, რომ მომავალ წელს ვიხილავთ მნიშვნელოვან ცვლილებას, ეს კიევისთვის არ იქნება ხელსაყრელი”

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მომავალ წელს მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარებას ელოდება და ეს კიევისთვის არ იქნება ხელსაყრელი.

„უკრაინაში კონფლიქტის განვითარება აჩვენებს, რომ მომავალ წელს დიდი ალბათობით ჩვენ ვიხილავთ მნიშვნელოვან ცვლილებას და ეს არ იქნება ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს“, – აღნიშნა პაველმა.

ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გავლენას მოახდენ მომავალ წელს აშშ-ში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები.

„არჩევნების მოლოდინი ასევე მოიტანს გარკვეულ ცვლილებებს ბრძოლის ველზე, რადგან პუტინმა თქვა, რომ ის აშშ-ს მიიჩნევს ერთადერთ პარტნიორად შესაძლო მოლაპარაკებებისთვის, რაც შეიძლება, მოხდეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ. პუტინის მხრიდან მოლოდინია, თუ დონალდ ტრამპი წარმატებას მიაღწევს, ის შეძლებს მასთან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს უკრაინა ან დანარჩენი ევროპა და დაუბრუნებს რუსეთს საკვანძო მოთამაშის სტატუსს“, – აღნიშნა პაველმა.

,,შარშან საქმე ევროკავშირში არ იყო“- კობახიძე

„გარკვეულ ძალებს ჰქონდათ ზემოქმედების ბერკეტი კონკრეტულ სახელმწიფოებზე და ვფიქრობთ, რომ ასე დაიბლოკა საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

წამყვანის შეკითხვაზე, რამ გადაწყვიტა ის, რომ ახლა გახდა ევროკავშირი მზად, პოლიტიკური გზავნილი გაეკეთებინა, რაც არ გააკეთა წელიწად-ნახევრის წინ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „აქ საქმე ევროკავშირში არ იყო“.

„მგონია, რომ აქ საქმე ევროკავშირში არ იყო და ჩვენ ამაზე ღიად ვაკეთებდით განცხადებებს. შარშან, ივნისში, ევროკავშირის ინტერესებში იყო, ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. არაფერში სჭირდებოდა ევროკავშირს ის სცენარი, რომელიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში.

შეგახსენებთ რა იყო ეს პროცესები, რომელიც ქვეყანაში ვიხილეთ. ეს იყო ივნისში რევოლუციის მცდელობა, პოლარიზაციის გაღრმავება და ოპოზიცია წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სწორედ კანდიდატის სტატუსის თემას იყენებდა დამატებით პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ეს ევროკავშირს არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმ რეალობას რომელიც არის. ევროკავშირში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის წესით. 27 ქვეყანა ერთხმად იღებს გადაწყვეტილებებს. ერთი ქვეყანაც რომ გამოაკლდეს ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ვეღარ იქნება მიღებული.

ვფიქრობთ, რომ შარშან ასეთი რაღაც მოხდა. გარკვეულ ძალებს ჰქონდათ ზემოქმედების ბერკეტი კონკრეტულ სახელმწიფოებზე და ვფიქრობთ, რომ ასე დაიბლოკა საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ეს იყო არა ევროკავშირის ინტერესებიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება, არამედ ეს იყო გარკვეული გარე ზემოქმედებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთი ქვეყანა საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყნის სასარგებლოდ არ იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, მათ შორის ეს ეხება კანდიდატის სტატუსს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,9 დათქმის შესრულება უკვე დაწყებულია”- კობახიძე

არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც დაამტკიცა სამთავრობო კომისიამ. ამ სამოქმედო გეგმაში დეტალურად არის გაწერილი თითოეული ღონისძიება. ალბათ სასურველი იქნება რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს, რეალურად სავარაუდოდ კონსულტაციების გამო არ გასაჯაროვდა დღემდე. კომპეტენტურ კომისიასთან წარიმართება კონსულტაციები, თუმცა რა თქმა უნდა არის საზოგადოების და მედიის ინტერესი და ჩემი გადმოსახედიდან სასურველია რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს, ალბათ უნდა დაველაპარაკოთ ამაზე ევროკომისიის წარმომადგენლებს. გასასაიდუმლოებელი არაფერი არ არის სამოქმედო გეგმაში, არის მარტივად გაწერილი თითოეული პუნქტი, არის 9 პრიორიტეტი და 9-ვე პრიორიტეტის გასწვრივ მითითებულია კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, 9 დათქმის შესრულება უკვე დაწყებულია და სასურველია მალე გახდეს საზოგადოებისთვის ნათელი თუ როგორ მოხდება ამ პრიორიტეტების შესრულება.

„ თქვენ გახსოვთ, ჩვენ წარვადგინეთ თავის დროზე ამ ფორმით 12 პრიორიტეტის შესრულების გეგმა. ეს მოხდა შარშან ივნისში და ზუსტად მივყევით ამ გეგმას. პასუხისმგებელი სუბიექტები, ვადები და ა.შ ყველაფერი იყო დაცული. ზუსტად ასევე ვგეგმავთ ამ ახალი სამოქმედო გეგმის შესრულებასაც, ძალიან მკაფიო მიდგომით ვფიქრობთ, რომ უნდა შესრულდეს თითოეული პუნქტი, არიან პასუხისმგებელი სუბიექტები, არის გაწერილი კონკრეტული ვადები და შესრულება უკვე დაწყებულიც კი არის, თქვენ თუ ჩახედავთ სამოქმედო გეგმას, როცა ამის საშუალება იქნება, ნახავთ რომ გარკვეულ შემთხვევებში ვადად მითითებული იყო დეკემბრის დასაწყისიც კი, ან დეკემბრის ბოლო, გარკვეულ შემთხვევაში იანვარი, თებერვალი და ა.შ. ანუ ეს ვადები არ არის გაწერილი მაინცდამაინც მომავალი წლის დეკემბრის ბოლოსთვის, მუდმივ რეჟიმში უნდა შესრულდეს ცალკეული პუნქტები, იმისდა მიხედვით თუ რა პრიორიტეტია შესასრულებელი. ამიტომ უკვე დაწყებულია რეალურად მუშაობა. სასურველია რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს ეს სამოქმედო გეგმა, იმისათვის რომ საზოგადოებას უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს იმის შესახებ თუ როგორ გვესახება ჩვენ ამ პრიორიტეტების შესრულება. ბუნებრივია არაფერია დასამალი და ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გასაჯაროვდეს.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ფრთხილად იყავით, თუნდაც უახლოეს მეგობრებთან საუბრის ან, უბრალოდ, ხუმრობის დროს – არავინ იცის, კიდევ ვის ესმის თქვენი სიტყვები. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, შეიძლება სამომავლო პრობლემები თავიდან აიცილოთ. თუ გეჩვენებათ, რომ პარტნიორი რაღაცას გიმალავთ, გამუდმებით ეჭვიანობს, სჯობს, პირდაპირ ჰკითხოთ. იფრთხილეთ საყოფაცხოვრებო საქმეებში – უყურადღებობის გამო შეიძლება მცირე ტრავმა მიიღოთ.

კურო

თუ რაღაც ვერ გაიგეთ, ვარაუდებით მოქმედებას სჯობს, ახლობელ ადამიანებს რჩევისთვის მიმართოთ. თვითკრიტიკასა და დამარცხების აღიარებაში ცუდი არაფერია. პირიქით, ამ დროს გაიგებთ, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი. ნუ გადადებთ ხვალამდე იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ტყუპები

რთული დღეა. ცდილობთ, რომ ცნობისმოყვარე თვალებს და პრობლემებს გაექცეთ. ყველასგან მოშორებით ყოფნა ზოგჯერ სასარგებლოც კია, მთავარია, ასეთი მდგომარეობა არ გაგრძელდეს. ერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს და ეცადეთ, ერთად ყოფნისთვის დრო გამონახოთ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ.

კირჩხიბი

სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით – შეიძლება ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და გაგინაწყენდეთ. სირთულეების მიუხედავად, საქმეს სწრაფად გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მეგობრების გამო პარტნიორთან იკამათოთ.

ლომი

პრობლემებს ვერ გაექცევით, ამიტომ უნდა იბრძოლოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა.

ქალწული

გაანალიზეთ, რას გრძნობთ და მიხვდებით, სინამდვილეში რა გინდათ. კარგი დღეა ახალი კავშირების დასამყარებლად. საკუთარი ჭკუისა და უნარებს გამოვლენის არ მოგერიდოთ – დამსაქმებლები ამას დააფასებენ. ყურადღება არ მიაქციოთ შურიან კოლეგებს. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თქვენს ცხოვრებისეულ პრინციპებს არ ეთანხმებიან.

სასწორი

ფიქრობთ, რომ გაცილებით მეტს იმსახურებთ. ამიტომ, ახლა მხარდაჭერა ყველაზე მეტად გჭირდებათ – გირჩევთ საყვარელ ადამიანებს დაურეკოთ და გულწრფელად ესაუბროთ. ამ დღეს მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით უმჯობესია, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ.

მორიელი

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას ოსტატურად იყენებთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. მარტოხელა მორიელებს რომანტიკული პაემანი გელით. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსანს სასიყვარულო ამბავი ელის, რომელსაც, რაღაც მიზეზით, ყველასგან საიდუმლოდ შეინახავს. თუ საჩქარო საქმე არ გაქვთ, შეგიძლიათ სამუშაო რეჟიმი ოდნავ შეანელოთ. ესაუბრეთ კოლეგებს, დალიეთ ჩაი ან ყავა და ქალაქის ახალი ჭორები მოისმინეთ. მშვენიერი დღეა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. გირჩევთ, სილამაზის სალონში ან სპორტდარბაზში შეიაროთ და მოახლოებული დღესასწაულისთვის მოემზადოთ.

თხის რქა

მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ნუ აჩქარდებით და ტანსაცმელი გულმოდგინედ შეარჩიეთ – ამ დღეს ძალიან კარგად უნდა გამოიყურებოდეთ. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ხელსაყრელი დროა, მენეჯმენტს დაელაპარაკოთ. საღამოს შეიძლება, ძველ ნაცნობებს შეხვდით, რომლებთანაც ბევრი განსახილველი თემა დაგიგროვდათ.

მერწყული

იმედს ნუ დაკარგავთ, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ყოველთვის წარმატებას ვერ მიაღწევთ, განსაკუთრებით, თუ სამუშაო განწყობა არ გაქვთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები მაინც უნდა დაასრულოთ. პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულე გელით, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. საღამოს შესაძლოა, მოულოდნელად საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება მოგიწიოთ.

თევზები

ნუ შეგეშინდებათ გარშემო მყოფებთან გულწრფელად საუბრის. მშვენიერი დღეა მოკავშირეებთან ერთად საერთო გეგმების განხორციელება დაიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ, სხვების აზრიც გაითვალისწინოთ. მშვენიერი დღეა შოპინგისთვის.

ბორის აკუნინი (გიორგი ჩხარტიშვილი) რუსეთის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანეს

2022 წელს ბორის აკუნინი (გიორგი ჩხარტიშვილი) გახდა ყველაზე პოპულარული ავტორი რუსეთში, შემოსავლების მიხედვით.
ბორის აკუნინი არის მწერალი, იაპონიის შემსწავლელი მეცნიერი და მთარგმნელი. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა სერია “ერასტ ფანდორინის თავგადასავალი” და ციკლი “რუსული სახელმწიფოს ისტორია”.
მწერალი და ლიტერატურათმცოდნე ბორის აკუნინი 18 დეკემბერს ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაშია შეყვანილი. ამის შესახებ Rosfinmonitoring-ის პრესსამსახური იტყობინება.

განახლებულ ნუსხაში ​​გამოჩნდა სტრიქონი „გრიგორი შალვოვიჩ ჩხარტიშვილი, დაბადებული 1956 წლის 20 მაისს, ზესტაფონი, საქართველოს სსრ“.

14 დეკემბერს, პრანკერებმა ვოვანმა (ვლადიმერ კუზნეცოვი) და ლექსუსმა (ალექსეი სტოლიაროვი) თავიანთ ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნეს აკუნინთან საუბრის ჩანაწერი. მწერალს უთხრეს, რომ მისით დაინტერესდნენ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი. აკუნინმა აღიარა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებების მხარდაჭერა და განაცხადა, რომ უკრაინას „აბსოლუტურად ყველაფრის უფლება აქვს“, მათ შორის უპილოტო თვითმფრინავებით რუსეთზე თავდასხმებისა.
15 დეკემბერს, ყველაზე ცნობილმა გამომცემლობამ, რომელიც წლების განმავლობაში „ბეჭდავდა“ აკუნინს,  გადაწყვიტა შეაჩეროს მისი წიგნების გავრცელება. შეზღუდვებს შეუერთდა წიგნის მაღაზიათა საცალო ქსელი „ჩიტაი-გოროდ – ბუკვოედ“. განცხადება ბიკოვისა და აკუნინის წიგნების ციფრული ვერსიების გაყიდვის შეჩერების შესახებ 15 დეკემბრიდან გამოაქვეყნა კომპანია Liters ჯგუფმა (რომელიც მოიცავს სერვისებს Liters, Liters Subscription, MyBook) თავის ვებსაიტზე.

დღეს ბორის აკუნინის წიგნების ყველა გამოცემა მთლიანად ამოღებულია ზახაროვის გამომცემლობისგანაც.
მოსკოვის გამომცემლობა „ზახაროვს“ ყველა წიგნი ჩამოართვეს. ამის შესახებ SHOT წყაროზე დაყრდნობით წერს.

უსაფრთხოების ძალები ასევე ამოწმებენ გამომცემლობის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს მწერალთან კავშირზე და აფრთხილებენ მათ, შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

„იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა“ – საგანგებო განცხადება

იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის” ბენზინგასამართ სადგურთან, ძაღლმა გაკაწრა. შესაბამის განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა

“თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის” ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები. შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას. ამავდროულად, სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ და გამოხმ აურებისკენ მოუწოდებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

,,”დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვღალატებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინას გაუწევს დახმარებას და საკითხი მხოლოდ თარიღებს ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ფინანსური დახმარების გაწევაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა აშშ-ისგან დახმარებას მიიღებს.

“დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვღალატებს და ის, რაზეც შევთანხმდით, სრულად განხორციელდება”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

“მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან და სენატორებთან ვიპოვე ურთიერთგაგება. ორივე მხარეს შევხვდით. ვნახოთ. საკითხი თარიღებს ეხება”, – დასძინა მან.

პრეზიდენტმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა – „საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში“

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეული COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უმაღლესი პროფესიონალიზმისა და ქვეყნისათვის თავდაუზოგავი შრომისათვის, წარმატებული პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობისათვის ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა.

ამირან გამყრელიძეს სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე პირადად გადასცა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა იმ საქმის მიმართ, რომელსაც თქვენ აკეთებთ. საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში, რადგან ის მიმართულია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და სტანდარტების ამაღლებისათვის, იქნებოდა ეს პრევენცია თუ იმ დაავადებებთან ბრძოლა, რომელიც ძალიან მძიმედ აწვებოდა საზოგადოებას. მათთან ბრძოლის ის პროგრესი კი, დიდწილად თქვენთანაა დაკავშირებული.

მინდა თქვენ მიმართ ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების დაფასება და პოზიტივი, რათა ვიცოდეთ რა არის დადებითი, რა არის პროგრესი, რომელიც უნდა დავაფასოთ, ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის.

„თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა და დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტისგან ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს მიღება, რომელიც სხვათა შორის, პირველი ჯილდოა ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში, არ ვიყავი მიჩვეული ზოგადად ჯილდოების მიღებას, მაგრამ დღეს ჩემთვის ეს განსაკუთრებულია, განსაკუთრებით, თქვენგან, ქალბატონო პრეზიდენტო.

ასევე განსაკუთრებულია დღეს ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის, როდესაც საქართველო მიუახლოვდა თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საოცნებო მიზანს – ჩვენ თანდათან ვხდებით ევროპის ნაწილი და უკვე კანდიდატის სტატუსით ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი და დიდი მუშაობა გვჭირდება იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, ამიტომაც მიზანშეწონილად ჩავთვალე ჩემი შვილები და ჩემი შთამომავლობა ყოფილიყო დღეს ამ ჯილდოს მიღებაზე, რათა მათ კარგად გაითავისონ თუ რა გზა გვაქვს დღეს ერთად გასავლელი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას.

მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, აკეთებდით და გააკეთებთ ამ დიდი გზაზე, რომელიც ჩვენი ყველა თაობის საოცნებო მიზანი გახლავთ და იმედია, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ ნამდვილ, ძლიერ, უსაფრთხო და ევროპულ საქართველოში. მადლობა ამისთვის თქვენ!

ჩვენ ძლიერები ვიქნებით, თუ გვეყოლება განათლებული და ჯანმრთელი ერი. ჯანმრთელი და განათლებული ერი ყოველთვის შექმნის ცოდნაზე დამყარებულ კეთილდღეობას და ეკონომიკას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ჯანმრთელი იყოს ჩვენი საზოგადოება, თანამედროვე განათლებით და მაშინ უფრო გაადვილდება ყველა იმ მიზნის მიღწევა, რაც ჩვენ ძალიან გვინდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.