Home Blog Page 1869

თეოფანე დავითაიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება

თეოფანე დავითაიას ქუჩის ნაწილზე წყლისა და წყალარინების ქსელი ეწყობა, რის გამოც, 20 დეკემბრიდან 20 თებერვლამდე, 09:00-დან 19:00 საათამდე, დავითაიას ქუჩაზე, ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისა და დავითაიას ქუჩის კვეთიდან ზურაბ პატარიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას მხოლოდ ცალმხრივად შეძლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირისა და თეოფანე დავითაიას ქუჩის კვეთიდან დავითაიას ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება სიმონ და თინა ყაუხჩიშვილის ქუჩისა და დავითაიას II მ/რ-ს გამოყენებით, ხოლო გიორგი დეკანოზიშვილის, დავითაიას II მ/რ-დან და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევიდან მოძრავი ავტომობილები დავითაიას ქუჩაზე ჩვეული მარშრუტით გადაადგილდებიან.

შეიცვლება N455 მიკროავტობუსის მოძრაობის სქემაც. მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს ჯუმბერ ლეჟავას ქუჩისა და ლეჟავას პირველი შესახვევის გავლით. უკუმიმართულებით მოძრაობისას, N455-ის მარშრუტი არ შეიცვლება.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიდან, პირველი – კანდიდატის სტატუსი, უკვე მიღწეულია.

მისი თქმით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

„ეს დამსახურებული გადაწყვეტილება არის ჩვენი მტკიცე ერთგულების და სტაბილური პროგრესის დასტური. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს მეორე უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს – ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას!“ – წერს შალვა პაპუაშვილი X-ზე (ყოფილი “ტვიტერი”).

„835 000 პენსიონერი, მომავალი წლიდან, გაზრდილ პენსიას მიიღებს” – თამარ ბარკალაია

„პრემიერის წლიურ ანგარიშში ნათლად გამოჩნდა თუ რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა“, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ ბარკალაიამ, აქცენტი პენსიებსა და სოციალური გასაცემლების ზრდაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება.

„2023 პენსიები გაიზარდა და მომდევნო წელსაც გაიზრდება. პენსიების 20 ლარიანი ზრდა შეეხება 70 წლამდე პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებული პირებისთვის კი პენსია 50 ლარით გაიზრდება. ამ ყველაფერს ემატება 20%-იანი დანამატი, იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობენ. ამისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი და 835 000 პენსიონერი, მომავალი წლიდან, გაზრდილ პენსიას მიიღებს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ ბარკალაიას თქმით, ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ოჯახების გაძლიერება სახელმწიფოს პრიორიტეტია, რისთვისაც გასულ და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვის სოციალური გასაცემელი.

„ბავშვის ბენეფიტი 2015 წლამდე საერთოდ არ არსებობდა, შარშან 150 ლარამდე გაიზარდა და წელს ივლისიდან 200 ლარია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც განხორციელდა – გაიზარდა იმ ბავშვების მოცვაც, ვინც აღნიშნულ დანამატით სარგებლობს. ნაცვლად 100 000 ქულისა, 120 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები იღებენ აღნიშნულ ბენეფიტს. ამან გაზარდა მიმღებთა რაოდენობა, რაც სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკაა, იმისათვის, რომ უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

საფრანგეთის ახალი საიმიგრაციო კანონისადმი პროტესტის ნიშნად, ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საფრანგეთის ახალი საიმიგრაციო კანონისადმი პროტესტის ნიშნად, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ორელიან რუსო თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ france 24 ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის მთავრობის სპიკერი ოლივიე ვერანი აცხადებს, მინისტრის თანამდებობას დროებით რუსოს მოადგილე დაიკავებს. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვია თუ არა ახალმა კანონმა არეულობა მინისტრთა კაბინეტში, ვერანი პასუხობს, რომ მინისტრთა კაბინეტში არეულობა არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა ახალი, გამკაცრებული საიმიგრაციო კანონი მიიღო, რომელიც არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და მათთვის სოციალური დახმარების მიღების გართულებას ითვალისწინებს. ასევე, რთულდება მიგრანტების მიერ მათი ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

ჰერალდიკის საბჭო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერიაში დედაქალაქის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს – დროშისა და გერბის ნიმუშების შესარჩევი კომისიის  პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

შეხვედრაზე კომისიის წევრებმა კონკურსის ჩატარების პირობებსა და ვადებზე იმსჯელეს.  კომისიის წევრების მოსაზრებით, თბილისის დღევანდელი სიმბოლიკა გარკვეული ფორმით ფუნქციონირებას გააგრძელებს მას შემდეგაც,  რაც დედაქალაქს შესაბამისი გერბი და დროშა ექნება.  კომისიის წევრის, ისტორიკოს მამუკა წურწუმიას განცხადებით,  ახალი სიმბოლიკა ჰერალდიკის კანონების დაცვით უნდა შეიქმნას, რადგან  არსებული ემბლემა არ პასუხობს  მოთხოვნებს.

„სხდომამ გადაწყვიტა, რომ თბილისს ჰქონოდა გერბი და დროშა. მინდა დავაზუსტო, რომ აქ არ არის საუბარი ახალ გერბზე,  რადგან არსებული ემბლემის, რომელიც ცნობილი მხატვრის მიერ არის  შექმნილი და მხატვრულად მაღალი ღირებულების ნაწარმოებია, ამოღება დღის წესრიგში არ დგას. ძველი ემბლემა არ პასუხობდა გერბის მოთხოვნებს, ის რეალურად ემბლემაა და არა გერბი. ახალი გერბი და დროშა უნდა მომზადდეს ჰერალდიკის კანონების დაცვით. თუ რას უნდა პასუხობდეს გერბი, ეს ყველაფერი ახალი კონკურსის პირობებში იქნება ასახული. დადგინდება კონკურსის ვადები და პირობები, რომელიც ჰერალდიკის ყველა კანონის დაცვით უნდა ჩატარდეს და შედეგად გვექნება ქალაქის  გერბი, რომელიც უპასუხებს ჰერალდიკის ყველა მოთხოვნას“, – განაცხადა   მამუკა წურწუმიამ.

მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, დედაქალაქის გერბის და დროშის შესარჩევი კონკურსი, შეხვედრაზე გამოხატული მოსაზრებების გათვალისწინებით, მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.

„დღესპირველი სამუშაო შეხვედრა შედგა კომისიისა, რომელმაც უნდა განსაზღვროს სამომავლოდ ქალაქის გერბისა და დროშის ბედი. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის კონკურსთან დაკავშირებით. უკვე მომავალი წლის დასაწყისში იქნება ინიცირებული კონკურსი იმ მოსაზრებების გათვალისწინებით, რაც გამოითქვა სხდომაზე“, – განაცხადა  ანდრია ბასილაიამ.

 

შეხვედრას გერბისა და დროშის შესარჩევი კომისიის წევრები –  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე,  საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრები, „ჰერალდიკის, ვექსილოლოგიისა და სიმბოლიკის კვლევის ცენტრის“ საბჭოს წევრები,  ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ჰერალდიკის საკითხებზე მომუშავე მეცნიერები ესწრებოდნენ.

 

 

სააკაშვილმა არა თუ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, ევროკავშირიც მისი შექმნილია თავისივე ილუზორული გაგებით”- სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილმა არა თუ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – ევროკავშირიც მისი შექმნილია მისი ილუზორული გაგებით, – აღნიშნული განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს ვერასდროს მიიღებდა.

„სააკაშვილის ასეთი ხმამაღალი განცხადებები ან ხუმრობად უნდა გავიგოთ, ხოლო თუ ის არ ხუმრობს, ჩვენ ხუმრობით ვუპასუხოთ. ყველამ კარგად იცის, მათ შორის ვინ რა გააკეთა ევროპული მიმართულებით საქართველოში. თუ ფიქრობს, რომ შეუძლია ბუტაფორიული რეფორმები და ქვეყნის ბევრი წარუმატებლობა, რასაც იმხანად ჰქონდა ადგილი, ევროპისკენ წარმატებულ სვლად ჩათვლად, ეს მხოლოდ სააკაშვილის პრობლემაა. საქართველოში კარგად ხვდებიან, რომ იმ ციხეებით, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა, სახელმწიფო მმართველობის რეპრესიული აპარატით, ჩვენ ევროკავშირში ვერასდროს შევიდოდით. ადამიანის უფლებების იმ მდგომარეობით, რომელიც საქართველოში 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე იყო, კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლებელი იქნებოდა. უფრო მეტიც, ვერც ვიზალიბერალიზაციას მივიღებდით და ვერც ასოცირების შეთანხმებას გავაფორმებდით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

,,უკრაინასთან მოლაპარაკებების თემა ახლა აქტუალური არაა” – პესკოვი

უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის წინაპირობები ამჟამად არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების თემა ახლა აქტუალური არაა. „ჩვენ დანამდვილებით ვთვლით, რომ მოლაპარაკებების თემა ახლა აქტუალური არაა. ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ რომ ამ მოლაპარაკებებისთვის არ არსებობს არანაირი ფუნდამენტი და წინაპირობები“, – ამბობს პესკოვი.

საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 33 წელი გავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას დაარსებიდან 33 წელი შეუსრულდა. პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. მინისტრმა შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართა და თავდაცვის ძალებში ეროვნული გვარდიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებას თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საშტატო იარაღებით, სამკერდე ნიშნებითა და უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“ და „თეთრი გიორგი“ დაჯილდოვდნენ. 2023 წლის საუკეთესო ბატალიონს კი, „თეთრი გიორგის გამარჯვების გარდამავალი დროშა“ გადაეცა.

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა. დღეს ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, სამხედრო ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, თავდაცვის ძალებისთვის მოქალაქეთა რეკრუტირება, საომარი და საგანგებო სიტუაციების/მდგომარეობის დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს. ეროვნული გვარდია სამხედრო სარიტუალო სამსახურისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიასა და ღონისძიებას ატარებს.

“2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ 800 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტუქტურის განვითარებაში” – მარიამ ქვრივიშვილი

„დღეს გუდაურისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ გვაქვს დადებითი მოლოდინები მიმდინარე ზამთრის სეზონთან მიმართებაში, რაც განპირობებულია იმ წარმატებული ტურისტული სეზონით, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველოს აქვს ტურიზმის სექტორის გაძლიერების თანმიმდევრული პოლიტიკა, რომლის თანახმადაც ქვეყანა აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს სამთო კურორტების სათხილამურო და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ 800 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტუქტურის განვითარებაში. „ჩვენ გაქვს 28 ახალი საბაგირო კომპლექსი და 40 კმ-ზე მეტი ხელოვნური გათოვლიანების ტრასა, რაც დამატებით სტიმულს აძლევს კურორტების განვითარებას. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკის კვალდაკვალ, სამთო – სათხილამურო კურორტებზე, მათ შორის, გუდაურშიც, მზარდია ინვესტიციები ბიზნესის მხრიდან,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, გუდაურში იხსნება ახალი განთავსების ობიექტები, რაც ქმნის დასაქმების შესაძლებლობას მაღალმთიან რეგიონებში. „ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოფთ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას ჩვენს სამთო – სათხილამურო კურორტებზე. ყველაფერი ეს განაპირობებს იმას, რომ ძლიერდება მცირე და საშუალო ბიზნესი, იზრდება დასაქმების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ შეგვაქვს კიდევ უფრო მეტი წვლილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ზამთრის კურორტების პოპულარიზების მარკეტინგულ კამპანიებზე, რომელთაც ქვეყანა წარმატებით მართავს სამიზნე ქვეყნებში. „ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ზამთრის კურორტების პოპულარიზებას საერთაშორისო ბაზრებზე, ჩვენს სამიზნე ქვეყნებში, მათ შორის, ევროპისა და ყურის რეგიონებში. პარალელურად ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ პირდაპირი ფრენების სიხშირეები იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლა, რათა გაიზარდოს ტურიზმიდან შემოსავლები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლოს ერთობლივად ვიზეიმებთ იმ წარმატებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ზამთრის ტურისტულ სეზონზე მიაღწევს,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გეგმური სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 21 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

დროის აღნიშნული მონაკვეთში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

21 დეკემბრის ლარის კურსი ცნობილია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6854 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6854 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6822 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9413 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9338 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0075 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“მიხეილ სააკაშვილს ყველაზე კარგად ესმის, დღეს რა არის საჭირო რუსული რეჟიმის დასამარცხებლად” – თინა ბოკუჩავა

პრეზიდენტ სააკაშვილს ყველაზე კარგად ესმის, დღეს რა არის საჭირო რუსული რეჟიმის დასამარცხებლად და ეს არის ერთიანი ფრონტი ოპოზიციურ ველზე, ეს შესაძლებელია იყოს იმგვარი ერთობის კომიტეტის, ან ნებისმიერი კოორდინაციის სტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში პროდასავლურ ოპოზიციას გვექნება ერთიანი ფრონტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელიც ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს და აღნიშნა, რომ იზიარებს ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას.

„ეს შესაძლებელია არ იყოს ფორმალური ერთიანი სია ან კოალიცია, მაგრამ იმგვარი ერთობის კომიტეტის, ან ნებისმიერი კოორდინაციის სტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში პროდასავლურ ოპოზიციას გვექნება ერთიანი ფრონტი. ეს არის მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახდება გადამწყვეტი გამარჯვებისთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის 2024 წლის არჩევნებში. ამიტომ აბსოლუტურად ვიზიარებ ამ ინიციატივას. თქვენ გახსოვთ მათ შორის ერთობის მანიფესტი. ახლა ერთობის კომიტეტზეა საუბარი და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა გამარჯვებისთვის ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავა აცხადებს, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ერთობის კომიტეტის მუშაობაში.

„რა თქმა უნდა. მე აბსოლუტურად ყველა ჩემს საჯარო კომუნიკაციაში , ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმას, პერსონალურად რამდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ერთობა ოპოზიციურ ველზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული უსამართლობაა მისი უკანონო და უსამართლო ტყვეობა, პუტინის საამებლად, ისიც, ყველაზე რეალისტურად და სწორად აღიქვამს დღევანდელ მოცემულობას და იმას, თუ რა უნდა გახდეს გადამწყვეტი გამარჯვებისთვის და ეს არის სწორედ საერთო, ერთიანი ოპოზიციური ფრონტი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, იმედი აქვს, რომ ერთიანობის იდეის სისწორეში დარწმუნდება ყველა პროდასავლური პარტია.

„ეს არ არის მაინც და მაინც რაღაც ფორმალისტური გაერთიანება, თუნდაც კოალიციის სახით. იცით, რომ ჩვენ გვაქვს გამარჯვების კოალიცია, მაგრამ მნიშვნელოვანია საერთო კოორდინაციის მექანიზმის შექმნა. მე იმედი მაქვს, რომ საერთო გამარჯვების მიზნის მისაღწევად ყველა პროდასავლელი ოპოზიციონერი ამ იდეის სისწორეში და მის მნიშვნელობაში დარწმუნდება, უკვე დარწმუნებული არ არის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს.