Home Blog Page 1863

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თიბისის ტექ გუნდი ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია AutomationSTAR- ს დაესწრო

თიბისის ტესტერთა გუნდი ბერლინში კონფერენციას AutomationSTAR-ს დაესწრო. AutomationSTAR 2-დღიანი ღონისძიებაა, 2023 წელს 31-დ ჩატარდა და მთელი მსოფლიოდან ტესტირების სფეროს ასობით ლიდერს და ინჟინერს უმასპინძლა.

კონფერენციის სპიკერებმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. მათ შორის, ტესტირების ზოგად სტრატეგიებზე, ავტომატიზაციის სამიზნე ფუნქციონალის სწორად შერჩევაზე მთლიან სისტემაში, გუნდებში როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილებაზე, რისკების მართვაზე, პროექტის ჩარჩოზე, ტესტირების ავტომატიზაცია-ზე CI/CD pipeline-ებში და სხვა.

„AutomationSTAR და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბევრი სხვადასხვა კომპანიის გამოცდილების, მიდგომების და ხედვების შესახებ იღებ ინფორმაციას და ფართო მასშტაბზე გადიხარ. ასევე, ჩვენი განვითარებისა და მოტივაციისთვისაც უმნიშვნელოვანესია”. – ალინა ტყაბლაძე, თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის მენეჯერი და დივიზიის ლიდი.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, არამხოლოდ ადგილობრივ პრაქტიკებს, არამედ საერთაშორისო მაგალითებსაც აქტიურად აკვირდება და ახალ გადაწყვეტილებებამდე სწორედ მათზე დაყრდნობით მიდის.

R

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დადებითი ენერგიის დახმარებით, რომელსაც ასხივებთ, ბევრ ადამიანს ცხოვრებას ულამაზებთ, მაგრამ ცოტა ენერგია თქვენთვისაც დაიტოვეთ. ხელსაყრელი დღეა საკუთარი ცოდნისა და იდეების წარმოჩენისთვის. მეგობრებიც არ დაივიწყოთ და ეცადეთ, დრო მათთვისაც გამონახოთ. ელექტროხელსაწყოებთან კონტაქტის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

კურო

დილიდან ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, ამ დღეს რაც შეიძლება მეტი მოასწროთ. ბევრ კუროს მეგობრებთან შეხვედრა და დროის მხიარულად გატარება მოუნდება. შეეცადეთ, იპოვოთ ბალანსი თქვენს პირად საჭიროებებსა და პასუხისმგებლობებს შორის.

ტყუპები

ამ დღეს ყველაზე საინტერესო პარტნიორებთან ურთიერთობა იქნება და მნიშვნელობა არ აქვს, ეს პირადი ურთიერთობაა თუ საქმიანი. მოემზადეთ სერიოზული საუბრებისთვის, შესაძლოა კამათისთვისაც კი. არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს საიდუმლო შეიტყოთ, თუმცა ეს, უსიამოვნების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ ეცადეთ, სწრაფად დაივიწყოთ.

კირჩხიბი

თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, ამის თქმის ნუ შეგეშინდებათ. დღეს ყველა საქმის ერთდროულად კეთებას მოახერხებთ და თქვენი აქტივობით გარშემომყოფებსაც ენერგიით აავსებთ. ამ დღეს ნებისმიერი ფულადი ტრანზაქცია წარმატებული იქნება.

ლომი

შეიძლება, ემოციური სიტუაცია შეიქმნას სამსახურში ან უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში. ეს არ ნიშნავს რომ ის უარყოფითი იქნება. მალე ბევრი მწვავე პრობლემა მოგვარდება, რაც საშუალებას მოგცემთ, ოდნავ დაისვენოთ და შფოთვაც შეამციროთ.

ქალწული

ქალწულს კარგი დღე აქვს. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა და დამაჯერებელი არგუმენტების წარმოდგენა. ამის წყალობით ბევრი ადამიანი აღიარებს თქვენს კომპეტენციასა და უნარებს. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის.

სასწორი

ნუ აირჩევთ ზედმეტად რთულ გზას, როდესაც გამოსავალი თქვენ წინაშეა და შეგიძლიათ, სიტუაცია მარტივად მოაგვაროთ. გამუდმებით საქმეებსა და პრობლემებზე ზრუნვა დიდ ენერგიას გართმევთ, ამიტომ ეცადეთ და ზოგჯერ გარკვეული დრო საკუთარ თავსაც დაუთმეთ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, რომელიც მომავალში შესანიშნავ შედეგს მოგცემთ.

მორიელი

თუ რამე არ იცით, ნუ მოგერიდებათ, რომ რჩევა მეგობარს ან კოლეგას ჰკითხოთ. ეს ადამიანი შეძლებს თქვენს დახმარებასა და დამშვიდებას. თქვენი ცუდი განწყობა შეიძლება იმის ნიშანია, რომ დაღლილი ხართ და დასვენება გჭირდებათ. ჯობია, ცოტა ხანს აქტიურ მოქმედებებს მოერიდოთ და დამკვირვებლის პოზიციაზე დარჩეთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, თქვენსა და თქვენს კოლეგებს შორის უთანხმოება წარმოიშვას. შეეცადეთ, პრობლემა მშვიდად საუბარში გაარკვიოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით, იმოქმედეთ გააზრებულად, აწონეთ ყოველი ნაბიჯი და დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს, რათა ვინმემ თქვენი ნათქვამი მომავალში თქვენ წინააღმდეგ არ გამოიყენოს.

თხის რქა

ნუ დადგებით განზე და ნუ დაელოდებით, ვინმეს როდის გაახსენდებით. უმნიშვნელო როლების თამაში არ არის თქვენი საქმე – ამ დღეს გამოიჩინეთ ინიციატივა, იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, მოახდინეთ შთაბეჭდილება და მიიღეთ ის, რაც თქვენ, როგორც ნიჭიერ ადამიანს გეკუთვნით.

მერწყული

დღეს გუნდური მუშაობა სასურველი და პროდუქტიული იქნება. თუ რაიმეს ყიდვას აპირებთ, მაშინ დაგეგმეთ ყველაფერი ყურადღებით, დაფიქრდით, რა გჭირდებათ აუცილებლად და რაზე შეგიძლიათ უარი თქვათ. ოჯახის წევრებისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

თევზები

დღეს თევზებისთვის განსაკუთრებით აქტიური დღეა – ზოგიერთ საკითხში უმცირეს დეტალებსაც კი ამჩნევთ. ეს უნარი დაგეხმარებათ ისეთ რთულ სიტუაციებში, სადაც სხვები უძლურები იქნებიან. ისარგებლეთ ამ ხელსაყრელი პერიოდით, რათა მიმდინარე საკითხები მაქსიმალურად მოაწესრიგოთ. ეცადეთ, იყოთ პოზიტიური და დაეხმაროთ მეგობარს, რომელსაც ახლა თქვენი რჩევები ძალიან სჭირდება.

“ღაზაში ომი არ შეჩერდება, ვიდრე ისრაელი არ მიაღწევს ყველა მიზანს”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ღაზაში ომი არ შეჩერდება, ვიდრე ისრაელი არ მიაღწევს თავის ყველა მიზანს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„არჩევანი, რომელსაც მე ვთავაზობ „ჰამასს“, ძალიან მარტივია: დანებდი ან მოკვდი. მათ არ აქვთ და არც ექნებათ სხვა არჩევანი. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“, მე გამოვიყენებ მთელ ჩემს ძალას, რათა ღაზა აღარასოდეს დაემუქროს ისრაელს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

“ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ” – ირაკლი ღარიბაშვილი

ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

“დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო.

დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

“სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხსა და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო”

თბილისის მერი კახა კალაძე პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხსა და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო! მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ. ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა!“, – წერს კახა კალაძე „ტვიტერში“.

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

“დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა შეწყვიტეს უკრაინის დახმარებაზე მწვავე დებატები” – დმიტრო კულება

დემოკრატები და რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომ დახმარებაზე მწვავე დებატებს აღარ ატარებენ, ახლა მოლაპარაკებები აშშ-ის საზღვრის საკითხს ეხება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

“დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა შეწყვიტეს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით რაიმე მწვავე დებატები. ანუ ამ მომენტისთვის საერთო პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს, რომ უკრაინაზე, ისრაელსა და ტაივანზე არ ვკამათობთ: მხარი უნდა დავუჭიროთ, გავაგრძელოთ. მაგრამ საზღვრის საკითხია მოსაგვარებელი. სხვა საკითხია, რომ შესაძლებელო იყო უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარება მიბმული არ ყოფილიყო საზღვრის საკითხთან, მაგრამ ამერიკა არჩევნებში შედის, და, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ყველა ექსკლუზიურად შიდა პოლიტიკის კატეგორიებით იწყებს აზროვნებას”, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საზღვრის საკითხი – ამომრჩევლების ხმებია, და “ამომრჩეველთა ძალიან მგრძნობიარე კატეგორიის ხმებია.”

“8 რიცხვში [იანვარში] არდადეგებიდან გამოდის სენატი, 9 იანვარს არდადეგებიდან გამოდის წარმომადგენელთა პალატა. და, გადაჭარბების გარეშე, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემდეგ დღეს შესაძლოა იქნას მიღებული…

ახლა, როგორც იცით, ორი გუნდია – რესპუბლიკური და დემოკრატიული, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ მხოლოდ და მხოლოდ საზღვრის საკითხზე. და მინდა ვთქვა, რომ მოლაპარაკებების საგანი – ეს საზღვარია, არა უკრაინა. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ხვალაც, შემდეგ კვირასაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა არდადეგებზეა. კომუნიკაცია იქნება და პროგრესი ამ მოლაპარაკებებში არის”, – აღნიშნა კულებამ.

“სამძიმარს ვუცხადებ პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ჩეხ ხალხს”

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„შოკირებული ვარ იმით, რასაც დღეს პრაღაში რამდენიმე სიცოცხლე შეეწირა. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და მთელ ჩეხ ხალხს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და თქვენთან ერთად ვგლოვობთ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია ათი ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 25-ს აღწევს.

ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი განეიტრალებულია.

იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

“გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო” – პრეზიდენტი

გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო. ჩემი გული და ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა”, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დღეს პრაღის ცენტრში მდებარე კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობის ტერიტორიაზე მასობრივი სროლა მოხდა, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, 11 ადმაიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.

საქართველოს საელჩო ჩეხეთში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ჩეხეთში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს ქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც საელჩოში აცხადებენ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულებს და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან“, – აღნიშნულია ჩეხეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

“ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, სრულად, დაახლოებით, 400 000 ადამიანს დაუფინანსდება”

„ერთის მხრივ, ვაფართოებთ ქრონიკული მედიკამენტების სიას, მეორეს მხრივ კი, მნიშვნელოვნად ვზრდით პროგრამის ბიუჯეტს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, სრულად მიიღონ მთელი წლის განმავლობაში საჭირო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ცვლილება, პენსიონერ პირებსა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, დაახლოებით, 400 000 ადამიანს შეეხება. 2024 წელს, პროგრამის ბიუჯეტი, 60 მილიონ ლარამდე იქნება“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ცვლილების მიზანი მედიკამენტებზე,  მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჯიბიდან გადახდების კიდევ უფრო შემცირებაა.

ჯანდაცვის მინისტრმა, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდება.

„პრემიერ – მინისტრის ინიციატივა იყო, მოქალაქეებს, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობა ჰქონოდათ. როგორც კი ეჭვი გაჩნდება სიმსივნესთან დაკავშირებით, სახელმწიფო, სრულად დააფინანსებს დიაგნოზის დასმისთვის საჭირო პროცედურებს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, პირველ რიგში, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ და ასევე, უფრო ეფექტიანად დაიხარჯოს ბიუჯეტის სახსრები“, – განაცხადა ზურაბ  აზარაშვილმა.

პრაღაში სროლის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა

წინასწარი ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრაღის სამაშველო სამსახურები ავრცელებენ.

მათი ცნობით, კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტში სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავად მსროლელიც, რომლის ლიკვიდაციაც პოლიციამ მოახერხა.

ასევე, ცხრა ადამიანმა სერიოზული ჭრილობები მიიღო, ხუთმა-ექვსმა საშუალო სიმძიმის ჭრილობები, ხოლო კიდევ 10-მა მსუბუქი ჭრილობები. სამაშველო სამსახურები აღნიშნავენ, რომ მონაცემები საბოლოოო არ არის და შესაძლოა ინფორმაცია შეიცვალოს.

ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ იან პალახის მოედანი და უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.