Home Blog Page 1862

ჩეხეთის პოლიცია უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ჩეხეთის პოლიციის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების პრევენციულ ზომებს ახორციელებს და ასევე გრძელდება მუშაობა გუშინ, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპული პირების იდენტიფიცირებისთვის.

„დღეიდან ჩვენ ვიღებთ პრევენციულ ზომებს ქვეყნის მასშტაბით დაუცველ სამიზნეებთან და სკოლებთან მიმართებაში“, – აცხადებენ ჩეხეთის პოლიციაში და ამასთან, განმარტავენ, რომ რაიმე კონკრეტული საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

„ამჟამად 11 გარდაცვლილის ვინაობაა დადგენილი და ვმუშაობთ სხვების ვინაობის იდენტიფიცირებაზე“, – აცხადებენ ჩეხეთის პოლიციაში.

შეგახსენებთ, 24 წლის ჩეხმა სტუდენტმა ხუთშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში სროლა მოაწყო. ჯამში, 15 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 14 უშუალოდ უნივერსიტეტში. ამავე დროს დაშავდა 25 პირი. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც. მომხდარის გამო, ქვეყანაში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები ცნობილია

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023-ი ფინალისტი კომპანიები გამოავლინა. ფინალისტები 5 ნომინაციაში 400-ზე მეტი კომპანიიდან შეირჩა, რომლებიც წლევანდელ დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ.

ბიზნეს დაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000 – ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.

გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს ჟიური მომავალი წლის თებერვალში გამოავლენს:

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

  • სტოქტონი
  • ცვალებადი ნიშნები
  • HIGHWAY VFX

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

  • ტენე
  • ბაბალე
  • პეტიტ ბაზარი

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

  • Signify
  • KLIPY
  • ge

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

  • ჰერბია
  • ალტიჰათი
  • სვანიძის ზეთისხილი

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

  • ციმ.ციმ
  • ენთები
  • აუკი

R

„საქართველოში, „ქუჩის უპატრონო ბავშვებთან“ ერთად…“ – Kronen Zeitung

„საქართველოს ქალაქების ქუჩებში არამარტო მიუსაფარი ძაღლები დახეტიალობენ, არამედ ბავშვებიც, რომლებიც მშობლებისა და მზრუნველების გარეშე არიან დარჩენილები, განსაკუთრებით თბილისში, 1,4 მილიონი მცხოვრებით. „ქუჩის უპატრონო ბავშვები“ – როგორც მათ უწოდებენ – ხელისუფლებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობა ცდილობს პრობლემის მოგვარებას, ამ საქმეში ჩართულია ავსტრიული საქველმოქმედო ორგანიზაციაც World Vision Austria (WVÖ), რომლის ახალგაზრდული ცენტრი ბევრ „უპატრონო პატარას“ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ მოზარდ ბავშვებს ეხმარება. „კრონენ ცაიტუნგის“ ჟურნალისტს შესაძლებლობა მიეცა გასცნობოდა „თბილისელ ქუჩის ბავშვებს“, რომლებიც World Vision Austria-ს მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან სებასტიან კორტისთან ესაუბრა“ – ასე იწყება ავსტრიის გაზეთ „კრონენ ცაიტუნგში“ (Kronen Zeitung) 22 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საქართველოში, „ქუჩის უპატრონო ბავშვებთან“ ერთად…“ (ავტორი – მათიას ლასნიგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

9 წლის ბორისი ფეხბურთზეა შეყვარებული – იგი ჩემს თვალწინ ბურთით უამრავ ფინტს აკეთებს. „მე ძალიან მომწონს ნეიმარ ჟუნიორის თამაში, მას ხშირად ვბაძავ, მაგრამ ჩვენს „კვარადონას“ ყველაზე მაგარ ფეხბურთელად ვთვლი“, – ამბობს ბორისი.

„კვარადონა“ – ეს ის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც იტალიის „ნაპოლის“ საფეხბურთო კლუბში თამაშობს და რომელმაც ვეზუვის ძირში მდებარე ქალაქს ძველი სპორტული დიდება დაუბრუნა. ნეაპოლში ხვიჩას „კვარადონა“ იმიტომ შეარქვეს, რომ ჯერ ერთი – მისი გვარი იტალიურად ძნელი წარმოსათქმელია და მეორე – იგი ჰგავს „ფეხბურთის მეფეს“ – არგენტინელ დიეგო მარადონას.

ბორისი სპორტულ მოედანზე სკოლიდან მოდის, გაკვეთილების შემდეგ და თითქმის საღამომდე რჩება, შემდეგ სახლში მიდის, მშობლებთან, რომლებიც დილიდან საღამომდე, მთელი დღის განმავლობაში ბევრს მუშაობენ და მცირე ხელფასს იღებენ. შედარებისათვის: თბილისში მაღაზიის თანამშრომელი თვეში ხელფასის სახით 100 ევროს იღებს, ხოლო უნივერსიტეტის ახლად კურსდამთავრებული ექიმი-სტომატოლოგი – თვეში 500 ევროს.

ახალგაზრდული ცენტრი ისეთ შენობაშია, რომელიც ეტყობა, ადრე ლამაზი იყო, მაგრამ დღეისათვის გარეგნულად ისეთ მდგომარეობაშია, რომ აშკარად მრავალი ჭირ-ვარამი აქვს გადატანილი. ავსტრიაში ასეთ შენობას, ალბათ, ქოხმახს თუ ვუწოდებთ, თუმცა შიგნით რომ შევალთ, სულ სხვა სურათის მოწმენი ვხდებით – ოთახები და სათავსოები ძალიან კარგად არის მოწყობილი, სითბო და სიყვარული სუფევს… სამზარეულოდან მადის აღმძვრელი სუნი მოდის.

ვესაუბრები 23 წლის გიორგის (სახელი შეცვლილია), რომელიც ბავშვობაში, მამის გარდაცვალების შემდეგ, ქუჩაში იზრდებოდა, შემდეგ კი ამ ახალგაზრდულ ცენტრში მოხვდა. აქაური აღმზრდელების დახმარებით გიორგიმ სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა. დღეს იგი IT-სპეციალისტი და თავის საქმის პროფესიონალია, მაგრამ ახალგაზრდულ ცენტრს არ ივიწყებს.

ინტერვიუ სებასტიან კორტისთან, World Vision Austria-ს აღმასრულებელ დირექტორთან, რომელიც საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებზე ჰყვება.

– ჰერ კორტი, რას იტყოდით საქართველოზე – რა უჭირს და რა ულხინს ამ კავკასიურ ქვეყანას და ხალხს?

– როგორც მე ვაკვირდები და ვხედავ, საქართველო ვითარდება და მიზანმიმართულად არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრირებისათვის, მაგრამ წლები უნდა გავიდეს, რომ ქვეყანამ განვითარების ისეთ დონეს მიაღწიოს, როგორიც ჩვენ ავსტრიაში გვაქვს. საქართველო იმიტომ არის ასეთ მდგომარეობაში, რომ ეს ქვეყანა საბჭოთა ხელისუფლებისაგან დაზარალდა. ქართველებს წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ. საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, რომელიც არასტაბილურია და მეზობლებიც ერთმანეთთან მტრულად არიან განწყობილნი. აქ ცხოვრება მუდმივი გამოწვევის პირობებში ყოფნას ნიშნავს. სიღარიბის დონე ძალიან მაღალია – მოსახლეობის დაახლოებით 20% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

– როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველებს თქვენს ორგანიზაციასთან?

– ჩვენი გუნდის მუშაობა ისეთია, რომ კარი ყველა გაჭირვებულის დასახმარებლად ღია გვაქვს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. ჩემი კოლეგები მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით ეკიდებიან თავიანთ საქმიანობას, ისინი საკუთარი საქმეში კომპეტენტურები არიან. რა თქმა უნდა, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების გარდა, ისინი სუფთა ადამიანურ თბილ დამოკიდებულებასაც ამჟღავნებენ, სურთ, რომ დამატებით რაღაც კარგი საქმე გააკეთონ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო და ურთიერთნდობაზე დამყარებული დამოკიდებულება გვაქვს.

– საქართველოში, მწარე სიღარიბის გარდა, ალბათ, არის პოზიტიურიც… მაგალითად, ტურიზმი…

– დიახ, საქართველო უკვე მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ითვლება, თუმცა ავსტრიელები ამ ქვეყანას ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ. საქართველოში ბევრია ისტორიული ძეგლები, მოსახლეობა ამაყობს თავისი მრავალსაუკუნოვანი ქვეყნით და აქაური ხელშეუხებელი ბუნებით – მოგზაურებს სწორედ ასეთი ქვეყნები იზიდავს. ჩვენ გარკვეულ კავშირებს ვამყარებთ ავსტრიულ კომპანიებთან, შევქმენით სპეციალური პროგრამა მობილური ტელეფონებისათვის სხვადასხვა ენებზე, რომელიც ქვეყანას ახალ პერსპექტივებს უმზადებს.

წყარო

“დაგვისახელოს „ოცნებამ“ ერთი პატიმარი მაინც, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა კერძო კლინიკაში 1,5 წლის განმავლობაში ემკურნალა და სასამართლო გამოეყენებინა პარტიული აგიტაციისთვის?”

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და „ქართული ოცნებისგან“ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები „ქართულ ოცნებას“ მიმართავს კითხვით, დაასახელოს ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სასჯელს იხდიდა ან იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში და ჰქონდა შესაძლებლობა კერძო კლინიკაში 1,5 წლის განმავლობაში ემკურნალა.

„ჩვენი გუშინდელი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ბრიფინგის შეკითხვის მთავარი ადრესატები „ოცნებიდან“ ისევ დაიმალნენ! “ოცნებამ”, რომელსაც პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ გამოთქმული ლეგიტიმური ეჭვები უნდა გაეფანტა და კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა, გუშინდელი საინფორმაციო ხმაურით ისარგებლა და კიდევ ერთხელ დაიმალა! გასაგებია, რომ უცებ ვერ გასცემდნენ პასუხს ისეთ შეკითხვას, რომელზეც აგებულია 2024 წლის საარჩევნო სტრატეგია. სააკაშვილი ამ სტრატეგიის მთავარი ღერძი და ერთადერთი ფარია, რომელსაც ის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეფექტიანად იყენებდა წარსულშიც (მაგ. 2021 წელს) და იგივეს გაკეთებას ცდილობს 2024 წლის არჩევნებისთვისაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ გუშინდელ შეკითხვას: – რატომ არღვევს „ოცნება“ საქართველოს კანონმდებლობას და მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, რატომ ატარებინებს “ნაციონალების” გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების პოლიტიკურ კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან, ხოლო თუკი ის იმდენად ჯანმრთელია, რომ ამის ენერგია და შემართება აქვს, რატომ არ არის ის თანაბარ პირობებში სხვა პატიმრებთან? რატომ არ გადაგყავთ საპატიმრო დაწესებულებაში! დაგვისახელოს „ოცნებამ“ ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სასჯელს იხდიდა ან იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში და ჰქონდა შესაძლებლობა კერძო კლინიკაში 1,5 განმავლობაში ემკურნალა? დაგვისახელეთ პატიმარი, რომელსაც საშუალება მიეცა და სასამართლო პროცესები გამოეყენებინა პარტიული აგიტაციისთვის? დაგვისახელეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთი პატიმარი მაინც, რომელიც სარგებლობს ან ოდესმე უსარგებლია მსგავსი პრივილეგიებით? ეს კითხვა ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, პირველ რიგში, თქვენი – „ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც და, ჩვენ თუ არა, იქნებ, მათ მაინც უპასუხოთ, როდემდე აპირებთ მათ შეშინებას და შანტაჟს სააკაშვილით, როდემდე აპირებთ იგი გყავდეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და ეხმარებოდეთ დაშლილი „ნაცების“ გაერთიანებაში? გამოდით და გაგვეცით პასუხი, ნუ იმალებით!“, – განაცხადა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ღრმად შეგვძრა პრაღაში მომხდარმა სროლამ, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას და ოჯახებს”

პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი სამძიმარს უცხადებს ჩეხეთის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს.

„პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მარკეტა პეკაროვა-ადამოვას, მილოშ ვისტრჩილს, ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას და ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ პერიოდში ჩვენ ვდგავართ ჩეხეთის გვერდით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპი 17 ქვეყნის პირდაპირ ეთერში გადაიცემა

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში დაიწყო.

საერთაშორისო ღონისძიებაში, მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის (აშშ, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი ასპარეზობს.

ჩემპიონატში ტოპ-10 და ასევე სხვა მედალოსანი სპორტსმენები მონაწილეობენ.

„შეჯიბრის ყურადღების ცენტრში არიან მსოფლიო ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერები: ჯაკარა ენტონი (ავსტრალია) და მიქაელ კინგსბერი (კანადა), რომლებიც დომინირებენ მაგნატთა რეიტინგში. ხაგზასასმელია, რომ კინგსბერი საქართველოში ბრუნდება, როგორც კოხტა მოგოლთა კურსზე მოქმედი ორმაგი მსოფლიო ჩემპიონი. რაც შეეხება ენტონის, რომელმაც გასულ წელს ნაკლები წარმატება განიცადა, მას გადაწყვეტილი აქვს გააძლიეროს თავისი ადგილი მსოფლიო ჩემპიონატის რეიტინგში” – აღნიშნა ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ.

 

მისივე თქმით, ქალთა შეჯიბრში, გამორჩეული სპორტსმენები არიან რინო იანაგიმოტო (იაპონია) და ოლივია ჯაჩიო (აშშ), -ეს უკანასკნელი აშშ-ის ძლიერი გუნდის ლიდერია და მსოფლიო ჩემპიონატის ტოპ-ათეულში შედის.

ჩემპიონატი მოგულის დისციპლინაში 23 დეკემბერსაც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია 17 ქვეყანაში მიმდინარეობს.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა” (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება, შეჯიბრების პარტნიორები არიან კომპანიები “სილქნეტი” და „ბორჯომი”.

ბათუმში ღამით მკვლელობა მოხდა

გვიან ღამით ბათუმში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლული შუა ხნის მამაკაცი სანაპიროზე გამვლელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.

გარდაცვლილ მამაკაცს სავარაუდოდ, ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მკვლელობის მოტივი და მიზეზი უცნობია.

შსს-ის ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება.

ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისიმ EIB-სგან 70 მილიონი მოიზიდა

ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისი ბანკმა  ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 70 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული დაფინანსება საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისა (SMEs) და საშუალო კაპიტალის მქონე კომპანიების მხარდაჭერას ითვალისწინებს. სესხი აგრეთვე განკუთვნილია მწვანე ინვესტიციებისთვის, გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი  და ქალთა გაძლიერების ინიციატივებისთვის.

„ჩვენ ვამაყობთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) წარმატებული პარტნიორობით, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია გრძელდება. ამ უმნიშვნელოვანესი ტრანზაქციის განხორციელება ჩვენს ორგანიზაციებს შორის მტკიცედ დამყარებული, ძლიერი პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია და ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ღირებულებას – ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. მიღებული ფინანსური რესურსი თიბისის საშუალებას მისცემს, გააგრძელოს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა – უფრო ხელმისაწვდომი, გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფით, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას და სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ფოკუსირებას მოვახდენთ კლიმატთან დაკავშირებულ ინვესტიციებსა და ქალ მეწარმეებზე, რათა გაუმჯობესდეს მდგრადი ბიზნეს გარემო ქვეყანაში“. – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

სესხს მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული კლიმატის საერთაშორისო ინიციატივა, ტექნიკური დახმარების პროგრამის „ფინანსური სისტემების გამწვანება” ფარგლებში.

„ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის არის ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი საყრდენი მომავალი წლებისთვის. მას დასახული აქვს  ამბიციური მიზნები და განსაზღვრავს მნიშვნელოვან საფლაგმანო ინიციატივებს, მათ შორის, ჩვენს მხარდაჭერას 80,000 ქართული მცირე და საშუალო საწარმოსთვის. ევროკავშირი მოხარულია, რომ მხარს უჭერს დღევანდელ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც მდგრადი და ინკლუზიური მიდგომაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და სამუშაო ადგილების შექმნის უზრუნველსაყოფად. უფრო ინკლუზიური, უფრო მწვანე ეკონომიკური სექტორი გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებისა და მდგრადობისთვის. ევროკავშირის ამ პრიორიტეტებზე მუშაობა – უფრო ინკლუზიური, უფრო მწვანე ეკონომიკა – დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის.” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის საქმიანობაზე საქართველოში, აღნიშნა: „EIB მოხარულია, რომ მხარს უჭერს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ამ ინოვაციური სესხის მეშვეობით, რომლის შუამავალს წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკი, თიბისი ბანკი. იგი ინოვაციურია, რადგან სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი კონკრეტულად არის გამოყოფილი მწვანე და ინკლუზიური დაფინანსებისთვის, რომელიც ორიენტირებულია გენდერულ თანასწორობაზე. მცირე საწარმოების მხარდაჭერის ვალდებულება, ევროკავშირთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით მწვანე და ინკლუზიურ დაფინანსებაზე ფოკუსირებასთან ერთად, ჰარმონიულად შეესაბამება EIB-ის პრიორიტეტებს.”

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის გრძელვადიანი საკრედიტო ინსტიტუტი, რომელიც ეკუთვნის მის წევრ სახელმწიფოებს. იგი უზრუნველყოფს გრძელვადიან დაფინანსებას ჯანსაღი ინვესტიციებისთვის ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, პროექტების მხარდაჭერას ოთხ პრიორიტეტულ სფეროში: ინფრასტრუქტურა, ინოვაცია, კლიმატი და გარემო და მცირე და საშუალო საწარმოები.

EIB Global არის EIB ჯგუფის სპეციალიზებული ფილიალი, რომლის მიზანია საერთაშორისო პარტნიორობისა და განვითარების დაფინანსების გავლენის გაზრდა, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის სამ მთავარ პრიორიტეტს: მწვანე შეთანხმება, გლობალური კარიბჭეები, სამუშაო ადგილები და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. ევროპის გუნდის ფარგლებში, EIB Global ხელს უწყობს ძლიერ, ორიენტირებულ პარტნიორობას განვითარების პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სხვა მრავალმხრივ განვითარების ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით. EIB Global აახლოებს EIB ჯგუფს ადგილობრივ მოსახლეობასთან, კომპანიებთან და ინსტიტუტებთან ჩვენი ოფისების მეშვეობით მთელ მსოფლიოში.

R

სახალხო დამცველი ჩეხ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმისა და 14 სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.

საქართველოს ომბუდსმენის თქმით, პრაღაში მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა.

„ვუსამძიმრებ ჩეხ ხალხს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. თქვენს გვერდით ვდგავართ ამ მძიმე წუთებში“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

“გახარიას ცრემლების, ვაიმე, საქართველოს რა ვუყოთ და „ნაცებისგან“ როგორ გავათავისუფლოთ, არავის აღარ სჯერა” – გურამ მაჭარაშვილი

მგონი, გიორგი გახარიას განცხადებას არავინ დაიჯერებს, თითქოს ის ითხოვს სააკაშვილის ციხეში გადაყვანას, რადგან ერთი წლის წინ მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში შევიდა და დღემდე ქორწინებაში არიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, გახარიას პარტიას სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აქვს შექმნილი უმრავლესობა რამდენიმე საკრებულოში და თავს ერთად მშვენივრად გრძნობენ.

„ამიტომ, ეს კუდი საზოგადოებაში უკვე ძალიან კარგად ჩანს. გახარია „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობას ვერ მოიცილებს, თუმცა მცდელობები ექნება, რადგან როგორც ჩანს, მასსა და ხაზარაძეს პატრონებმა უთხრეს, რომ ნელ-ნელა „ნაცმოძრაობის“ იარლიყი ჩამოირეცხონ, მაგრამ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციაში წამყვანი ძალა სწორედ „ნაცმოძრაობა“ იყო. მის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რასაც „ნაცმოძრაობა“ იტყოდა, იმას აკეთებდნენ – გახარიაც, ხაზარაძეც და სხვა რადიკალური ოპოზიცია. ამიტომ, ახლა გახარიას ცრემლების, ვაიმე, საქართველოს რა ვუყოთ და „ნაცებისგან“ როგორ გავათავისუფლოთ, არავის აღარ სჯერა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს. „მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.

რუსეთმა უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა თავდასხმა

ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე მიმართულებით დაესხა თავს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში, სოლომენსკისა და დარნიცკის რაიონებში დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე ბინაში კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა, ზოგან კი, მინები ჩაიმსხვრა. დაშავებულია, სულ მცირე, ორი ადამიანი.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გლოვის დღეს სახელმწიფო შენობებზე ჩეხეთის დროშა დაეშვება.

„მთავრობის სხდომის დასაწყისში, წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას. ამავდროულად, მოვუწოდებთ ჩეხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, ეროვნული გლოვის დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგოს დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა ფიალამ.

მინისტრების გარდა, მთავრობის რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი პეტრ პაველი, რომელმაც საფრანგეთში ვიზიტი შეწყვიტა  და ჩეხეთში დაბრუნდა.

პრესკონფერენციაზე პეტრ პაველმა ყველას მოუწოდა, მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ბოროტად არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზეზებისთვის და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია.

„ჩვენ უპირველეს ყოვლისა გვჭირდება ღვთისმოსაობა, თავშეკავება და თანმიმდევრულობა. ეს თავშეკავება შესაძლებელს გახდის ყველაფრის დეტალურად გამოკვლევას. ამავდროულად, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გონივრული გამოსავალი ამ სიტუაციაში, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაციები მომავალში, თუ ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა პაველმა.

ამასთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის წინ განაცხადა, რომ ეს არ იყო საერთაშორისო ტერორიზმი ან ორგანიზებული ჯგუფის აქტი და მოქალაქეები დაარწმუნა, რომ მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ.

შეგახსენებთ, შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გუშინ გახსნა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, სროლის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, მათგან ათი მძიმე მდგომარეობაშია.