Home Blog Page 1861

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, გარშემო მყოფთა მხრიდან ზედმეტ ყურადღებას ერიდოთ. ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა გაგიჭირდებათ, ამიტომ ცოტა უნდა მოიცადოთ. სამაგიეროდ, შესანიშნავი დღეა მომავალი წარმატების მოსამზადებლად. შეაგროვეთ საჭირო ინფორმაცია, იმუშავეთ საინტერესო პროექტებზე, მოიფიქრეთ დამარწმუნებელი არგუმენტები და როცა ყურადღების ცენტრში ყოფნის დრო მოვა, შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ!

კურო

ამ დღეს ისეთ იშვიათ და საინტერესო ფენომენს შეეჯახებით, როგორიც დეჟავიუა. არ გაგიკვირდეთ, თუ მოულოდნელად შეხვდით ადამიანს საკუთარი წარსულიდან ან მას, ვინც ამ ადამიანს ძალიან ჰგავს. გახსოვდეთ, რომ არა მხოლოდ რეალობა აისახება შინაგან სამყაროზე, არამედ პირიქითაც ხდება და დღეს ამაში თავად დარწმუნდებით.

ტყუპები

ეცადეთ, მუშაობისთვის განეწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ იქნება! ეს დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციას და უამრავ საქმესთან გამკლავებას მოითხოვს. ეცადეთ, რომ ხმაურს და აურზაურს ცოტა ხნით გაერიდოთ და წყნარი და განცალკევებული ადგილი იპოვოთ, სადაც კარი გასაღებით იკეტება – მხოლოდ ეს გჭირდებათ, რათა საკუთარ თავში უზარმაზარი ძალა აღმოაჩინოთ და ჩანაფიქრი განახორციელოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს არაფრისმთქმელი, ზედაპირული საუბრები გაღიზიანებთ და წყობიდან გამოჰყავხართ, ამიტომ ეცადეთ, საყვარელ ადამიანს, კოლეგას თუ ბიზნესპარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ და მისი ნამდვილი მიზნები გაარკვიოთ. ეს შეიძლება თქვენი განსაკუთრებული ურთიერთობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს.

ლომი

ამ დღეს გეჩვენებათ, რომ მთელი ძალით ცდილობთ კონფლიქტების თავიდან აცილებას, თუმცა ისინი ყველგან გპოულობენ. დაპირისპირება და უკმაყოფილება შეიძლება „ცარიელ ადგილზე“ გაჩნდეს. თქვენ კი ემოციებით ხართ სავსე და აფეთქებისთვის პატარა ნაპერწკალიც გყოფნით. თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე კამათში გაატაროთ, ეცადეთ, წვრილმან პროვოკაციებს უფრო მშვიდად შეხვდეთ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი, გრანდიოზული პროექტების განხორციელებას მოერიდოთ. ამ დღეს არც საკუთარ თავს და არც გარშემო მყოფებს არაფერი უნდა უმტკიცოთ. მთავარი საქმე უკვე გაკეთებულია, სხვები კი დაიცდიან, ამიტომ ჯობს, ცოტა ხანი დაისვენოთ და განიტვირთოთ.

სასწორი

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიჭირთ – დილიდან გაღიზიანებული ხართ და კონფლიქტის დასაწყებად უმცირესი მიზეზი გყოფნით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დახმარება არავის სთხოვოთ და საკუთარ თავს დაეყრდნოთ – ამ დღეს წარმატებას მხოლოდ მარტო მოქმედების შემთხვევაში მიაღწევთ.

მორიელი

ამ დღეს დარწმუნდებით, რომ „ცხოვრება თეატრია“ და ამ სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებთ. ყურადღების ცენტრში ყოფნის გაცდა მთელი დღე თან გდევთ და შესაბამისად მოქცევას გაიძულებთ. უფრო მეტიც, იმის დემონტრირებისთვის, რამდენად ვერ გიგებენ და არ გაფასებენ, შეიძლება ტრაგიკული როლის მორგება სცადოთ. ტრაგედია რომ კომედიაში არ გადაიზარდოს, საკუთარი თავის შეცოდება უნდა შეწყვიტოთ. თუ ამის მიზეზი არსებობს, ჯობს სხვებმა შეგიცოდონ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები მშვიდ დღეს გპირდებიან, რომელიც უმჯობესია საოჯახო საქმეებს დაუთმოთ. ეცადეთ საცხოვრებელი ადგილი და საკუთარი აზრები მოაწესრიგოთ, შემდეგ კი ბოლოდროინდელი საქმეების შედეგები შეაჯამოთ და სამომავლო გეგმები დასახოთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან დაპირისპირებას – გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს უმნიშვნელო წყენასაც კი შეიძლება სერიოზული ჩხუბი მოჰყვეს.

თხის რქა

ცნობისმოყვარეობა არ გასვენებთ. თუ სხვა დროს ნაკლებად გაინტერესებთ, თუ ვინ რას გიმალავთ, ამ დღეს მზად ხართ ამის გასაგებად დიდი ძალისხმევა დახარჯოთ. შესაძლოა, ვითარება ისე განვითარდეს, რომ უნებლიედ ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ ან შემთხვევით, საკუთარი გაამჟღავნოთ. ამის თავიდან ასაცილებლად ვარსკვლავები განმარტოებას და ჭორებისგან დისტანცირებას გირჩევენ.

მერწყული

გარემოება გაიძულებთ, გამუდმებით მიმდინარე საქმეების ფინანსურ მხარეზე იფიქროთ და მათი მოწესრიგება სცადოთ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ პირად ბიუჯეტში გაერკვეთ, მოსალოდნელი მოგება გამოთვალოთ და მომავალი დღეების ბიზნესგეგმა შეადგინოთ.

თევზები

საკუთარი შრომისუნარიანობა თავადაც გაოცებთ, რომ არაფერი ვთქვათ კოლეგებსა და ახლობელ ადამიანებზე. თუ პრობლემის სათავეში გაერკვევით, მასზე ფოკუსირებას და უნივერსალური გასაღების პოვნას შეძლებთ. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ყურადღებას და მოთმინება მოითხოვს, ისე კარგად გამოგდით, როგორც არასდროს. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა სასარგებლოდ გამოიყენოთ.

 

ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ განახლებული პარკი საზეიმოდ გაიხსნა

ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ განახლებული, სამ ჰექტრამდე ფართობის პარკი გაიხსნა.

პარკი დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

„ეს არის სიცოცხლით სავსე თბილისი, სიცოცხლით სავსე სამგორის რაიონი. მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში მცხოვრებ რიგით მოქალაქეს, ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, გავხსნათ შესანიშნავი პარკი – რეკრეაციული სივრცე, რომელიც გათვლილია ყველა თაობის ადამიანზე. ეს იქნება ადგილი, სადაც თქვენ შეძლებთ დასვენებას, გართობას, ვარჯიშს. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, ამ პარკს ყველამ ერთად მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ, რადგან, სამწუხაროდ, ხდება ვანდალიზმის ფაქტები. ეს ყველაფერი თქვენია, მეგობრებო. ამ პატარა ანგელოზების, ჩვენი შვილების, მომავალი თაობების არის, ამიტომ გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სამგორის მოსახლეობა ხვალისთვის სამგორობის ღონისძიებაზე მიიწვია.

„მინდა, ხვალ ყველანი დაგპატიჟოთ სამგორობაზე. ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე გვექნება ძალიან დიდი ღონისძიება და აბსოლუტურად ყველას, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით გელით. ერთად ვიზეიმოთ სამგორის რაიონის 50 წლისთავი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა. პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. კერძოდ, დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 524 მწვანე ნარგავი და მოეწყო სარწყავი სისტემა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

“საერთოდ არ მაინტერესებს ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებები” -კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აშკარაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა.

მისივე თქმით, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ცხადი და აშკარაა, რომ დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში, ამიტომ, არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. საერთოდ არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა,“ არც მათი დაპირისპირებები, რადგან უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხელისუფლებას. ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ხალხს დღეს რაც სჭირდება ყველაზე მეტად, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, რათა კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხაბეიშვილი იქნება, მეორე ხაბეიშვილი თუ მესამე ხაბეიშვილი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნატო-მ რუსეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას

ნატო-მ მოუწოდა რუსეთს, დაუბრუნდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას, – ამის შესახებ ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული.

ნატო-ს წევრი ქვეყნები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, რომელიც აწესებს იურიდიულად სავალდებულო შეზღუდვებს წევრი ქვეყნების სამხედრო იარაღის ძირითად კატეგორიებზე.

ალიანსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში არ იცავდა CFE-ის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ  და ბელარუსის თანამონაწილეობა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მიზნებს.

„რუსეთის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსკოვის მიერ შეიარაღების კონტროლის უგულებელყოფას, მათ შორის, ურთიერთგაგების, გამჭვირვალობის, შესაბამისობისა და გადამოწმების მიმართ. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთს, შეასრულოს ხელშეკრულებით დადგენილი წესები. მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულებები და გამოიყენოს დარჩენილი დრო გადაწყვეტილების მისაღებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები თვლიან, რომ რუსეთის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ძირს უთხრის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს CFE-ის ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლის შედეგებისა და ალიანსის უსაფრთხოებაზე მისი გავლენის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნებს შორის არსებული კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ვისაუბრეთ”

ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნებს შორის არსებული კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ვისაუბრეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მადლობას უხდის.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ბერლინში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა დღეს გაიმართა.

“საკუთარ კარში გაიტანა “გოლი” “ლელოს” წევრმა ბუაძემ”- თაკო ჩარკვიანი

არ შეიძლება ბრძოლა ხალხის ცრემლებზე გამდიდრებულ მევახშეებთან ერთად, რადგან ღირსების „გაპროცენტებას“ მიჩვეულნი არიან, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, „პოლიტმევახშეები ვაჭრობენ და ქვეყნის მართვის სადავეებზე ოცნებობენ“.

„ვინმეს ოდნავ მაინც თუ ეპარებოდა ეჭვი და რაღაც პაწია იმედი ჰქონდა გულში, რომ წლების მანძილზე ხალხის მძარცველი მევახშე პატრიოტ პოლიტიკოსად გადაიქცეოდა, ნახევარი საქართველო რომ გასულია ქვეყნიდან, რადგან მათი მევახშეობით დაქცეული ოჯახების განადგურების ავტორ-შემსრულებლები სწორედ ეს „მოგონილი ბიზნესმენები“ არიან (ბანკირის -საბანკო სისტემის მანტიით მოსილნი) სწორედ საბანკო სისტემის და ქვეყნის წინააღმდეგ „საბოტაჟნიკები“ და ვინმეს თუ კიდევ ოდნავ მაინც ეგონა, რომ თივისგან აგურის სახლი აშენდება, აი, ბატონო, სრული ლუსტრაცია ხომ მოხდა გუშინ „ტვ პირველზე“, ღია ეთერში (ცოტა წვლილი ამ ლუსტრაციაში მეც ხომ მიმიძღვის?). ჰოდა, ასეა, არ შეიძლება ბრძოლა ხალხის ცრემლებზე გამდიდრებულ მევახშეებთან ერთად, რადგან ღირსების „გაპროცენტებას“ მიჩვეულნი არიან.

ოკუპანტი კარზეა მომდგარი, 12 პუნქტი შესასრულებელი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამ დროს პოლიტმევახშეები ვაჭრობენ და ქვეყნის მართვის სადავეებზე ოცნებობენ. იმ მოსახლეობის მართვაზე ოცნებობენ, იმ ადამიანების მართვაზე, რომლებიც ჯერ არ გაქცეულან ამ ქვეყნიდან „მათი წყალობით“, ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და ჯოჯოხეთად ქცეულ მევახშეთა ბანკებში დაგირავებულ ცხოვრებას ებრძვიან. ჩემი მეგობარი მეუბნება, ახლა ეს ახალგაზრდა „კამო“ ეთერში რომ იჯდა გუშინ, მისი ლიდერის, მევახშის ახალგაზრდობას მაგონებს ძლიერო. ხომ გაგიგონია, „ძაღლი პატრონს ჰგავსო“. ვინ ვის ჰგავს, არ ვიცი და „ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობს“ ამ ქვეყანაში, ეგ ზუსტად ვიცი. „ლელო“ არ ვიცი და გუშინ ღია ეთერში საკუთარ კარში კი გაიტანა „გოლი“ პარტია „ლელოს“ წევრმა ბუაძემ, თან ისე გაიტანა საკუთარ კარში, ზუსტად ისე დარჩება ეს მისი „შეცდომა გოლი“, როგორც ფეხბურთში რჩება ხოლმე საკუთარ კარში გატანილი „გოლები“ მოთამაშის ლაქად. დიდ ფასად დაუჯდება „ახალგაზრდა კამოს“ მიერ „საკუთარ კარში“ დარტყმული გოლი მის ლიდერს, მევახშეს. ხალხი ბრძენია“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

ბელგოროდში, საოფისე შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეცა

ბელგოროდში, საოფისე შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

მისი ცნობით, დეტონაცია არ მომხდარა, თუმცა თავად დრონს ცეცხლი გაუჩნდა.

გუბერნატორის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირედით დაზიანებულია შენობის სახურავი. ნამსხვრევებმა ასევე დააზიანა ორი ავტომობილი.

მანამდე უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟში საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა სამი ადამიანი. დრონი ჩამოვარდა ასევე კურსკში, ნავთობის საცავთან.

ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში ოლაფ შოლცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს გააცნო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

“დატბორილი ტერიტორიებიდან ხალხის ევაკუაცია გრძელდება, რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე”

რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე ადამიანების, ბუნებისა და თავად სიცოცხლის წინაშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკაში კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, წყალდიდობის ზონიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესი გრძელდება.

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ. ევაკუაცია გრძელდება. სადაც კი შეგვიძლია ხალხის გამოყვანა წყალდიდობის ზონიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ. სახელმწიფოს საგანგებო სამსახური, პოლიცია და სამხედროები დიდ საქმეს აკეთებენ. მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა აგროვებს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რა ზიანი მიაყენა რუსეთმა კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად.

„40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება დანგრეულია. ბევრ ქალაქსა და სოფელში ასობით ათასი ადამიანისთვის სასმელ წყალზე წვდომა მნიშვნელოვნად შეფერხებულია. რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე ადამიანების, ბუნებისა და თავად სიცოცხლის წინაშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

“მარინა კალიურანდი გვეუბნება, რომ დაიღალა საქართველოში დემოკრატიისგან” – თამარ ჩიბურდანიძე

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჯერ საბჭოეთის ტყვეობაში, 70 წელი ხმას ვერ ვიღებდით, მანამდე – რუსეთის მონობაში და ბოლო 30 წელი, დამოუკიდებლები რომ გვგონია თავი, როგორც კი ვთქვით, რომ ჩვენთვის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებია უპირატესი, დასავლეთი თურმე უკვე დავღალეთ, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

თამარ ჩიბურდანიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ“.

„ევროპარლამენტარების ტერმინებს ჩვენ მიმართ „დაღლა“ დაემატა. აქამდე ვიცოდით, რომ „შეშფოთება-აღშფოთება“ ჰქონდათ, ახლა უკვე თურმე დაიღალნენ კიდეც. პირიქით ვეტყოდი – ჩვენ დავიღალეთ ძალიან. დავიღალეთ მათი კაპრიზებით, პრეტენზიებით, ცრუ ბრალდებებით, მათგან წამოსული დეზინფორმაციით საქართველოში და ჩვენს შესახებ გაშვებული დეზინფორმაციის მასშტაბით მსოფლიოში, განსაკუთრებით, ევროპასა და დასავლეთში. ქართველი ხალხი, მართალია, დინჯია და მოთმინების უნარი აქვს, მაგრამ ეს მოთმინების უნარიც ალბათ სადღაც გაწყდება. არ შეიძლება ასეთი ქმედება ქვეყანასთან და ერთან, რომელსაც მრავალათასწლოვანი ისტორია აქვს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჯერ საბჭოეთის ტყვეობაში, 70 წელი ხმას ვერ ვიღებდით, მანამდე – რუსეთის მონობაში და ბოლო 30 წელი, დამოუკიდებლები რომ გვგონია თავი, როგორც კი ვთქვით, რომ ჩვენთვის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებია უპირატესი, დასავლეთი თურმე უკვე დავღალეთ. კიდევ ერთხელ მინდა დიფერენცირება გავაკეთო – ყველაზე არ ვსაუბრობ. ვინც დაიღალა, მან ღიად თქვა. ვფიქრობ, დაიღალნენ ისინი, ვისთვისაც მიუღებელია, საქართველოს ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება და ვისთვისაც მისაღებია, საქართველოს ჰყავდეს ისევ სააკაშვილის სისხლისმსმელი, მტარვალი ხელისუფლება, რომლებიც დემოკრატიისგან ძალიან შორს იყო. ანუ, ევროპარლამენტარი, ქალბატონი მარინა კალიურანდი გვესაუბრება, რომ ის დაიღალა დემოკრატიისგან, ადამიანის უფლებების დაცვისგან, კანონის უზენაესობისგან, ეკონომიკური წინსვლისგან საქართველოში და ყველა იმ სიკეთისგან, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ამ 11 წლის განმავლობაში მიაღწია და რაც სახეზეა. ისინი დაიღალნენ ჩვენი რეალური დამოუკიდებლობით – ეს არის სიმართლე“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

“შეწყვიტეთ საზოგადოების პოლარიზაცია, რადგან ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ” – ზურაბ აბაშიძე

„როდესაც ამბობთ, რომ ეს ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია, ამით თქვენ არამარტო ჩვენ გვაყენებთ შეურაცხყოფას, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციას და განსაკუთრებით მის ახალგაზრდა წარმომადგენლებს მოუწოდა შეწყვიტონ მსგავსი რიტორიკა, რათა ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება ოპოზიციის იმ განცხადებებზეც გაამახვილა, თითქოს ხელისუფლება ყველა აზრის გაკონტროლებას ცდილობს.

ზურაბ აბაშიძე დაინტერესდა თუ რომელი მედიასაშუალებებით ცდილობს ხელისუფლება ამის გაკეთებას.

„თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება ქვეყანას მიაქანებს იქითკენ, რომ ყველა აზრი გაკონტროლდეს. თქვენი აზრით, რომელი მედიასაშუალებებით აკეთებს ამას ხელისუფლება? იმ პლურალისტური მედიით ხომ არა, რომელიც ქვეყანას სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოუტანა? მსგავსი საუბრები ქვეყნისთვის დამაზიანებელია. პარტიაში გადიხართ ამ გზავნილებს, თუ მართლა ასე ფიქრობთ? თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ოპოზიციური ფლანგი დეგრადაციას განიცდის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მსგავსი იაფფასიანი განცხადებები და არაფრის მომცემი ეპატაჟი შედეგს ვერ მოიტანს. მისი თქმით, ამით საზოგადოებას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება.

„თქვენი აზრით, ჩვენ ვართ რუსები და თქვენ ევროპელები? შეწყვიტეთ საზოგადოების პოლარიზაცია, რადგან ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

” ჩვენ გვაქვს ის ძალა და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს” – მამუკა ხაზარაძე

ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს, ჩვენ გვაქვს ის ძალა და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს, „თუ ქვეყანაში ისეთი რაღაც არ მოხდა, რომ მთელი საზოგადოება გამოვა ქუჩაში და მივხვდებით, რომ უკვე პარტიული ინტერესები ბოლო პლანზე გადადის“.

„ბოლო პერიოდში, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები განვითარდა და წინა პლანზე წამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან იმ ცხრაწლიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კერძოდ, მერაბიშვილი და ძმანი მისნი, ჩვენ ამ პარტიასთან ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ. თუმცა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს საზოგადოების, აკადემიური წრეების, დოპლომატიის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, რომელთაც უნდათ, აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში და ჩვენ ახლა ამით ვართ დაკავებული.

რას ნიშნავს პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანება -კანონმდებლობით ბლოკები აკრძალულია, შესაბამისად, სამი პარტიაც რომ გაერთიანდეს, სამი ნომერი და სამი სია ვერ იქნება, ამიტომ, თუ მივალთ ამ კონკრეტიკამდე, იქნება ერთი პარტია და იქნება ერთი ნომერი, ერთი სია. შესაბამისად, ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს. ვისაც ფერი არ მოსწონს, ყვითელი ან რაღაც სახელი, ეს არის ტექნიკა და შეგვიძლია, კომპრომისზე წავიდეთ. მაგრამ როდესაც ლაპარაკია, როგორ დავამარცხოთ ის რუსული მთავრობა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი კარი არის ღია. მობრძანდნენ, კონსულტაციები დავიწყოთ. ზოგიერთთან ეს ყველაფერი დაწყებული გვაქვს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ პარტიას პლუს პარტია არ ნიშნავს ამომრჩევლის ავტომატურ გადმოტანას. ახლა რომ არის ლაპარაკი, გაერთიანდით, გაერთიანდით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარ გაერთიანებაზე და თანამშრომლობაზეც არ არის საუბარი, თუ ქვეყანაში ისეთი რაღაც არ მოხდა, რომ მთელი საზოგადოება გამოვა ქუჩაში და მივხვდებით, რომ უკვე პარტიული ინტერესები ბოლო პლანზე გადადის“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, „ლელო“ აგრძელებს დამოუკიდებელ განვითარებას.

„ჩვენი კარი ღიაა და მოვუწოდებ საზოგადოებას, შემოგვიერთდნენ, რადგან ჩვენ გვაქვს ის ძალა, ინტელექტი და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.