Home Blog Page 1860

,,რეგულირების სააგენტოს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს კლინიკაში”- თამარ გაბუნია

რეგულირების სააგენტოს სჭირდება ოპერატიული რეაგირების ბერკეტი – მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს კლინიკაში პაციენტის საჩივარის, ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლია.

„რეგულირების სააგენტოს მთავარი ფუნქცია პაციენტის უსაფრთხოება და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვაა. დღეს, როდესაც რეგულირების სააგენტოში პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის საჩივარი შემოდის, სააგენტოს უწევს მიმართოს სასამართლოს. ჩვენი მიმართვის დაკმაყოფილება 72 საათის განმავლობაში ხდება.

ამ დრომდე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვეღოს სასამართლოსგან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, კლინიკა გასაჩივრებისთვის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ამ დროის განმავლობაში კი იქმნება გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დოკუმენტაციის ან სხვა ტიპის მტკიცებულებების გარკვეულწილად შეცვლას.

ეს რეგულირების სააგენტოსთვის არის მნიშვნელოვანი საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დაინახოს ობიექტური სურათი, თუ რა მოხდა კონკრეტულად პაციენტთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ, რეგულირების სააგენტოს სჭირდება ოპერატიული რეაგირების ბერკეტი და ეს ცვლილებები, რაც პარლამენტში განსახილველადაა წარდგენილი, სწორედ ამას ითვალისწინებს“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რეგულირების სააგენტოს მანდატი გავრცელდება ყველა კლინიკაზე, რომელსაც მან მიანიჭა ნებართვა საქმიანობის ან მიანიჭა ლიცენზია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის.

„ეს იქნება ყველა კლინიკა, კერძო თუ სახელმწიფო, რომელიც დღეს ქვეყანაში ოპერირებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წყაროდან იღებენ ისინი დაფინანსებას.

ჩვენ გვაქვს ერთიანი მარეგულირებელი სივრცე, რომელიც თანაბრად ეხება ყველას, შესაბამისად ცვლილებებიც შეეხება ყველას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,საქართველოში თუ რამე არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება”- სუბარი

„ფაქტი ერთია, ამ ქვეყანაში მდიდარი „ენჯეოები“ ჩამოყალიბდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები“, – ამის შესახებ, მედიასთან ისაუბრა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, „ენჯეოებს“ სურთ, არჩეულმა პარტიებმა პარლამენტში ის კანონები მიიღონ რაც მათ სურთ, რაც ვერანაირად ვერ მოხდება.

საქართველოში თუ რამეა გაუმჭვირვალე, ეს „ენჯოების“ დაფინანსებაა. ყველა არჩეულმა პარტიამ უნდა მოუსმინოს მათ და პრაქტიკულად პარლამენტმა ბეჭედი უნდა დაარტყას იმ კანონებს, რომლებსაც ისინი ჩათვლიან, რომ უნდა მიიღოს ქვეყანამ. ამ ფონზე სრულიად გაუმჭვირვალეა მთელი მათი საქმიანობა. ფაქტი ერთია, ამ ქვეყანაში მდიდარი „ენჯეოები“ ჩამოყალიბდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები. მათი ინტერესის გათვალისწინება ვერანაირად ვერ მოხდება, ვერცერთ კანონში. ზოგადად, თუ მათი ლოგიკით ვიმსჯელებთ, გამჭვირვალობა ეს რუსული პროექტი და თემაა და გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო რუსული კანონი. გამოდის, მათი დღევანდელი კანონიც, ყოფილა რუსული კანონი“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილს „ნაცმოძრაობის“ დაშლის გარდა სხვა გასაღები არ გააჩნია და ამას პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებაც ხედავს.

„ლევან ხაბეიშვილი არის გასაღები დაშლის. როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ვერ ასწავლის.მაგრამ, მე ამ ფონზე რომ ვუყურებ მართლა საცოდავ დღეშია ვაშაძე – მანჯგალაძის ჯგუფი იმიტომ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი დარჩა, რომელიც დღემდე რაღაცნაირად ებღაუჭება „ნაცმოძრაობას“. პარტიების უმრავლესობა აფასებს საღად, რომ აღარ გამოვა მათი გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ. ალბათ, დაიწყებენ ახალი ალიანსების ძებნას. თუმცა, ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ ეს მაინც არის – „მკვდარი, მკვდარს აეკიდა“ თემა იმიტომ, რომ არანაირი იდეა, რეიტინგი, შანსი მათი მხრიდან არ მოდის“, – განაცხადა, სოზარ სუბარმა.

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში შეტევა მოიგერია

უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ისევე როგორც ბახმუტის გარშემო, თავდასხმის წარუმატებელი მცდელობები განახორციელეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

მოსკოვი აღნიშნავს, რომ მათ „ყველა შეტევა მოიგერიეს“.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინამ კონტრშეტევა ოფიციალურად დაიწყო, მაგრამ დიდი დანაკარგები განიცადა და მიზნებს ვერ მიაღწია.

იმავდროულად, 10 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა კონტრშეტევა დაიწყო და რუსები მის შედეგებს მალე იგრძნობენ.

,,ჩვენი ერთმანეთზე თავდასხმა ,,ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა“ – მანჯგალაძე

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ შიდა ოპოზიციურ გარჩევებსა და კინკლაობებში არ ვმონაწილეობთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ამ საკითხს რაც შეეხება, „ლელოს“ რა სურს, აქ მარტივი გადაწყვეტა არის – არ სურს და არც არავინ აძალებს. ისე არ უნდა დაგვიტაცოს შიდა ოპოზიციურმა კინკლაობამ და ტალახის სროლამ, რომ დაგვავიწყდეს მთავარი პრობლემა „ქართული ოცნების“ სახით. მაშინ, როდესაც ხალხის დაკვეთაა ერთიანობა საქართველოსთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ თავს ვესხმით ერთმანეთს – ეს „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ვიდრე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 2024 წლის არჩევნების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან, წინასწარ ცნობილია, რომ ნაწილი „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ ემიჯნება.

მრავალსართულიანი სახლი ხერსონიდან ოდესის სანაპიროებამდე „მიცურდა“ (ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელდა მრავალსართულიანი შენობის ვიდეო, რომელიც ხერსონიდან ოდესის სანაპიროებთან „მიცურდა“. ვიდეოს და ინფორმაციას Ukraina.ru ტელეგრამის არხზე აქვეყნებს.

„წყალდიდობის შედეგები: ხერსონიდან ოდესის ნაპირებისკენ მრავალსართულიანი შენობა მიცურავდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ სამსართულიანი შენობა, რომელიც ტალღებზე ცურავს.

6 ივნისს რუსეთმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს, მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ კიევმა “საბოტაჟი მოაწყო”

.

,,ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ძალიან საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა” – ქართველიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს მიერ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების ნაწილს აქვეყნებს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გამოკითხვა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანაში ჩატარდა და ეხებოდა ამ ქვეყნებში საზოგადოების განწყობებს რუსეთთან მიმართებით.

„ევროსაბჭოს მიერ ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანაში (ავსტრია, ბულგარეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, იტალია და შვედეთი) ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის ძალიან საინტერესო გამოკითხვა, რომლის ზოგიერთ შედეგსაც წარმოგიდგენთ:

✔️ EU-ს მოქალაქეების 4% – თვლის რუსეთს მოკავშირედ, 19% – აუცილებელ პარტნიორად, 9% – მოწინააღმდეგედ, 55% – მტრად, 13% – გაუჭირდა პასუხის გაცემა

✔️ ბულგარეთში 18% – თვლის რუსეთს მოკავშირედ, 47% – აუცილებელ პარტნიორად, 3% – მოწინააღმდეგედ, 17% – მტრად

✔️ დანიაში რუსეთს მტრად თვლის – 74%, პოლონეთში – 71%, შვედეთში – 70%, ნიდერლანდებში – 67%, ავსტრიასა და უნგრეთში – 46%, იტალიაში – 37%

✔️ ერთ-ერთი შეკითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: „რუსეთიდან ენერგომატარებლებისა და ბირთვული საწვავის შესყიდვისას – რა დომინირებს: სარგებელი თუ რისკები“. პასუხები: ძირითადად რისკები – 23%, უფრო რისკები – 26%, სარგებელი აღემატება რისკებს – 9%, ძირითადად სარგებელი – 6%, რისკებთან ერთად სარგებელიც – 20%, გაუჭირდა პასუხის გაცემა – 16%

✔️ შემდეგი საინტერესო შეკითხვა: „ომის, სამშვიდობო ზავით დასრულების შემთხვევაში, რა ტიპის ურთიერთობები უნდა დაალაგონ ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთთან“: გაწყვიტონ მასთან ყველა ურთიერთობა – 18%, დაამყარონ შეზღუდული ურთიერთობები – 48%, აღადგინონ სრული ურთიერთობები – 21%, გაუჭირდათ პასუხის გაცემა – 13%

✔️ ურთიერთობების სრული გაწყვეტის მომხრეა: პოლონეთში – 39% (სრული აღდგენის მომხრე – 8%), დანიაში – 26% (სრული აღდგენის მომხრე – 9%), შვედეთში – 26% (სრული აღდგენის მომხრე – 8%), ესტონეთში – 23% (სრული აღდგენის მომხრე – 13%)

✔️ ურთიერთობის სრული აღდგენის მომხრეა – ბულგარეთში 51% (სრული გაწყვეტის მომხრე – 3%), ავსტრიაში – 36% (სრული გაწყვეტის მომხრე – 13%), უნგრეთში – 32% (სრული გაწყვეტის მომხრე – 5%)

✔️ „უკრაინის რუსეთზე გამარჯვების შესაძლებლობა“: დიდი ალბათობა – 8%, სავსებით შესაძლებელი – 25%, უფრო შეუძლებელი – 28%, თითქმის შეუძლებელი – 17%, გაუჭირდათ პასუხის გაცემა – 22%“ , – წერს, ქართველიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ”- მდინარაძე

ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ. სიტყვა „ნაცი“ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოიცავს, არამედ სხვა პარტიებს, რომლებიც მათი კლასტერები არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რაიმე რისკი არსებობს, ამაში დამნაშავეები „გარე დავალებების შემსრულებლები“ არიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოლო დროს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ. პრობლემა მხოლოდ პარტიაში არ არის, პრობლემა „ნაცობაშია”, რაც უფრო ფართო ცნებაა. ეს ტერმინი არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოიცავს, არამედ სხვა პარტიებს, რომლებიც მათი კლასტერები არიან. მათი საერთო ნიშანი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, დავალებების შესრულება და უსამშობლობაა. ამ სართო ნიშანში გაერთიანებულ ადამიანებს ვეძახით „ნაცებს“. რამდენად არ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, რომ ამბობდე, კანდიდატის სტატუსისთვის არაფერი კეთდებაო, მაშინ, როდესაც კეთდება. ოდნავ მაინც რისკი თუ არსებობს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება განვიხილოთ, ამაში დამნაშავეები გარე დავალებების შემსრულებლები არიან. ამას საზოგადოება კარგად ხედავს, თორემ დღეს „ქართულ ოცნებას“ 11 წლის მმართველობის შემდეგ მზარდი რეიტინგი არ ექნებოდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე შეაფასა ოპოზიციის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „დაიბარა“.

მდინარაძის განცხადებით, თავმოყვარეობამ არ უნდა მოგცეს იმის საშუალება, რომ საკუთარი ქვეყნის პირველ პირზე მსგავსი კომენტარი გააკეთო, რომ ის სხვა ქვეყანაში დაიბარეს.

„ალბათ, თავმოყვარეობამ არ უნდა გაგიშვას ადამიანი, რომ როგორც არ უნდა უარყოფითი განწყობა გქონდეს შენი ქვეყნის, მისი ლიდერის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, რომ აკადრო საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს. ეს უბრალოდ არ უნდა აკადრო არც ჟურნალისტმა, არც პოლიტიკოსმა და არცერთმა მოქალაქემ, რომ შენი ქვეყნის ლიდერი სადმე დაიბარეს. მათ ლიდერებს, მათ პარტიულ ლიდერებს იბარებდნენ, ეს აკადრეს საკუთარ ქვეყანას და ამ ძველი ნაკადრებიდან გამომდინარე, დღესაც იგივე ფსიქოლოგიით დარჩნენ. ამას ლაპარაკობს ყველა ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი და მეც იგივე აზრზე ვარ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ბრიუსელში პოლიტიკურად ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ და ამისთვის მათ საკმარისი საფუძველი აქვთ.

„ამბავი, რომელიც გაგაცნობს ღმერთს“ – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ახალ პროექტს იწყებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იწყებს მორიგ პროექტს: „ამბავი, რომელიც გაგაცნობს ღმერთს“.

პროექტის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ მოზარდებთან ურთიერთობისა და მათთვის ცოდნის გადაცემისა.

🔴 პროექტში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ, გახდეთ სულიერი მეგობარი და ფასეულობათა გზამკვლევი ახალგაზრდა თაობისთვის.

🔴 თუ შეგიძლია მარტივად და ნათლად გადმოსცე ქრისტიანული სწავლების მთავარი ღირებულებები.

🔴 შეგიძლია მოზარდებისთვის ნაცნობი ლიტერატურიდან, იგავებიდან, ფილმებიდან ან ზღაპრებიდან პარალელების მოყვანა მნიშვნელოვანი თემების შესახებ, როგორებიცაა: რწმენა, ერთგულება, სამშობლო, სიყვარული, თანადგომა, თანაგრძნობა, მეგობრობა, სამყარო და სხვა.

🔴 თუ შეგიძლიათ დააინტერესოთ მოზარდი და ჩართოთ შემეცნებით პროცესში, მაშინ მოამზადე 5-10-წუთიანი ვიდეოჩანაწერი, რომლითაც გაგვიზიარებ იმიტირებული საგაკვეთილო პროცესის მცირე მაგალითს, პრეზენტაციას ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებით.

🔴 ეს პროექტი დაგვეხმარება სამომავლო აქტიურ ურთიერთთანამშრომლობაში, ცოდნის გაღრმავებაში, ჩართული იყოთ სხვადასხვა ერთობლივ აქტივობაში და რაც ყველაზე მთავარია, გაგიჩნდებათ საშუალება შეაყვაროთ მოზარდებს ის, რაც თავად გიყვართ.

რეგისტრაციისა და ვიდეოს გამოსაგზავნად გადადით ქვემოთ მითითებული ბმულზე:

https://forms.gle/hbYqpGSjTUX3uewC9

რეგისტრაციის ვადა სრულდება 23.06.2023 18:00-ზე.

საუკეთესო პრეზენტაციების ავტორები დაჯილდოვდებიან 27.06.2023.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 55697793

რამდენიმე „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდა იყო, რომელთა ორიენტაცია ყველანაირად არის არეული- კობახიძე

ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ისინი იყვნენ მოსული და იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში, მოსული იყო რამდენიმე ფორმულასთან აფილირებული ახალგაზრდა, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს.

კობახიძის განცხადებით, აღნიშნული ახალგაზრდები, რომლებიც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ არიან დაკავშირებული, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ პარლამენტის წინ გამართული აქციიდან. “ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა, მე მგონია, რომ მათი გადარჩენა შესაძლებელია, დარწმუნებული ვარ, მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა შესაძლებელია. ეს ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის წინ იდგნენ, რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, არაფერ შუაშია მათი სტუდენტობა ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მათი ორიენტაცია, სამწუხაროდ, ყველანაირად არის არეული.

მგონია, რომ ეს ადამიანები სწორ რელსებზე უნდა მოექცნენ, საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის, ამ ახალგაზრდების გადასარჩენად.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საჭიროა, ამ ახალგაზრდების ორიენტაცია სწორ რელსებზე დადგეს და ისინი ჩადგნენ არა უცხოელი აგენტების, არამედ ქვეყნის სამსახურში. “როცა ხარ “ნაცი”, “გირჩელი” და ა.შ.

ეს ნიშნავს პოლიტიკური ორიენტაციის არევას, ჩვენი მიზანია, რომ ეს ახალგაზრდები სწორ გზას დაადგნენ, ჩადგნენ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და არა იმ პოლიტიკური ძალების სამსახურში, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები და ასევე, მათი ყველანაირი ორიენტაცია არის გამოსასწორებელი, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, სწორ ჩარჩოებში მოვაქციოთ.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,დღეს ისინი ითხოვენ იმავეს საჯარო მოხელეებისგან, რასაც ასე აქტიურად გაურბოდნენ”- კობახიძე

წელს დაინიცირდა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა არასამთავრობო ორგანიზაციების, „კოლექტიური გიგაურების“ გამჭვირვალობას და ამ კანონს დაარქვეს რუსული კანონი. დღეს ისინი ითხოვენ იმავეს საჯარო მოხელეებისგან, რასაც ასე აქტიურად გაურბოდნენ თავის დროზე, როცა რუსულ კანონად მონათლეს ამერიკულიკანონი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ეს მეტყველებს მათ პოლიტიკურ მიზნებზე: თვითონ არ სურთ გამჭვირვალობა და მათი ფინანსური საქმიანობა ბუნდოვანი უნდა დარჩეს. დღეს ვერავინ იტყვის, თუ ვინ, რისთვის და საიდან იღებს დაფინანსებას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გვაქვს ასეთი მოცემულობა. ამ დროს, როდესაც თვითონ გაურბიხარ გამჭვირვალობას და ითხოვ მეტ გამჭვირვალობას საჯარო მოხელეებისგან, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ“, – აცხადებს კობახიძე.

ჭიათურაში მე-4 დღეა, რაც მაღაროელები გაფიცულები არიან

ჭიათურაში 3 ათასზე მეტი მაღაროელი მე-4 დღეა გაფიცულია.

მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გაფიცულები აქციას ჭიათურის ცენტრში მართავენ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიას კრიზისის გამო, თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია.

მაღაროელები მათი მოთხოვნების შესრულებამდე, მუშაობის განახლებას არ აპირებენ.

,,შეიძლება ასობით საიდუმლო საბუთის დაკარგვის შესახებ ამ დროის მანძილზე არ სცოდნოდათ?”- სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში აფასებს.

სალუქვაძის განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, ტრამპის აგარაკზე, მის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ აღმოეჩინათ საიდუმლო დოკუმენტები და ბაიდენის ადმინისტრაციას მანამდე არაფერი სცოდნოდა. ექსპერტი ასევე პარალელს ავლებს სააკაშვილის საქმესთან და სვამს კითხვას, გადახედონ, თუ რა დანაშაულებს აარიდეს თავი მესამე პრეზიდენტმა და მისმა მაღალჩინოსნებმა კოჰაბიტაციის საშუალებით.

„ტრამპს 400 წელი ციხე ემუქრება. ბრალდება 38 პუნქტისგან შედგება. 400 წელი საიდუმლო საბუთების არასწორად შენახვის და სავარაუდო შპიონაჟის გამო. საიდუმლო საბუთს როცა შემომიტანდა გასაცნობად/სამუშაოდ საიდუმლო ნაწილის უფრისი, სანამ უკან არ დავუბრუნებდი, სახლში არ მიდიოდა. აშშ-ში როგორაა საიდუმლო საქმისწარმოება ორგანიზებული, არ ვიცი. ეჭვი მეპარება, რომ ბაიდენი მის მიერ წაკითხული საიდუმლო საბუთების შენახვაზე ზრუნავდეს. როგორც ამ თვეების მანძილზე გაირკვა, წინა ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებსაც უპოვეს „ბღუჯა-ბღუჯა“ საბუთები, ზოგს აგარაკზე, ზოგს ავტოფარეხში.

შეიძლება თანამდებობიდან წასვლიდან 2 წლის შემდეგ აღმოაჩინონ, რომ ათობით, შეიძლება ასობით (ტრამპის აგარაკზე ათობით მუყაოს ყუთი აჩვენეს) საიდუმლო საბუთის დაკარგვის შესახებ ამ დროის მანძილზე არ სცოდნოდათ? საიდუმლო საბუთებზე მკაცრი აღრიცხვა და კონტროლია. უზარმაზარი ადმინისტრაცია, პლუს სპეცსამსახურები… ხმაური ატყდა ძველი ადმინისტრაციის წასვლიდან 2 წლის შემდეგ. ერთდროულად აღმოუჩინეს ყოფილ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს და ა.შ. ცალკე საკითხია კაპიტოლიუმის შტურმისთვის 900-ზე მეტი პირის გასამართლება და ძალიან დიდი სასჯელების გამოტანა. ჰოდა, იქნებ სააკაშვილის ბრალდებები უკეთ გადაიკითხონ და თქვან 6 წელი ხომ არ ეცოტავებათ? ასევე გადახედონ რა დანაშაულებს აარიდეს თავი სააკაშვილმა და მისმა მაღალჩინოსნებმა დასავლეთიდან თავსმოხვეული თანაცხოვრების (კოჰაბიტაციის) გამო?! ახლა მეორე სერიაა დაწყებული, დეპოლარიზაციის სახელით“, – წერს სალუქვაძე Facebook-ზე.