Home Blog Page 1852

“ერის თქვენდამი სიყვარული, ერთგულება და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს როგორც ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს ულოცავს.

როგორც პატრიარქისადმი პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული, წლები, რომლებიც პატრიარქმა, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარა, რთული იყო როგორც საქართველოსთვის და ასევე მისთვის, საქართველოს სულიერი მამისათვის.

„უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, აღსაყდრების 46 წლის იუბილეს. თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს სამწყსოს, სრულიად საქართველოს!

ეს წლები, რომლებიც თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარეთ, რთული იყო საქართველოსთვის და ასევე რთული იყო თქვენთვის, საქართველოს სულიერი მამისათვის. თქვენი ლოცვა და თანადგომა აძლიერებდა და განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, გვანუგეშებდა ძნელბედობისას. დღესაც თქვენი მზრუნველობა სწვდება ყველას, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად და შთააგონებს სიკეთისა და სამართლიანობის, მშვიდობისა და პატივისცემის იდეალებს. ერის თქვენდამი სიყვარული, ერთგულება და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს როგორც ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში.

სულ ახლახან, ჩვენმა სამშობლომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სანუკვარი მიზნისაკენ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ვესწრაფოდით. კვლავ თქვენი ლოცვითა და თანადგომით ღირსეულად განვაგრძობთ ამ გზას და განვამტკიცებთ ჩვენი საზოგადოების ერთობას, შემწყნარებლობასა და ურთიერთსიყვარულს.

სრულიად საქართველოს სახელით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. დაე, თქვენი ლოცვით დაისადგუროს სიმშვიდემ ჩვენს გულებში, კეთილდღეობამ ჩვენს სახლებში, მშვიდობამ მთელს დედამიწაზე. მრავალი ბედნიერი ახალი წელი ეზეიმოს თქვენი ლოცვითა და მზრუნველობით გაძლიერებულ საქართველოს!“,- აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

“დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის”

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის; თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები, სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა, თავმდაბლობა, სულგრძელება, მოთმინება, სიკეთე და მიმტევებლობა დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ,-ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 46-ე წლისთავზე ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, 1977 წლის 25 დეკემბერი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის უდავოდ ეპოქალური მნიშვნელობის თარიღია.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს გამორჩეული და განსაკუთრებული დღეა – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 46-ე წლისთავს აღნიშნავს.

ქართველ ერზე ღმერთმა დიდი წყალობა მოიღო. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში ეკლესიის საჭეთმპყრობლად და სულიერ წინამძღოლად თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა მოავლინა.

ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელო და სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით, გულითადად მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე.

1977 წლის 25 დეკემბერი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის უდავოდ ეპოქალური მნიშვნელობის თარიღია.

,,მახსენდება ის პერიოდი, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამირჩიეს და ის კურთხეული დღე, როცა შედგა ჩემი ინტრონიზაცია სვეტიცხოველში. როცა კათედრაზე მოვიყარე მუხლი და ლოცვებს კითხულობდნენ ჩემს თავზე, კარგად მესმოდა ის პასუხისმგებლობა და სიმძიმე ჯვრისა, რომელიც უფალმა მარგუნა, მაგრამ ვიცოდი და თქვენც უნდა იცოდეთ, რომ როდესაც უფალი ადამიანს ჯვარს ანიჭებს, იგივე უფალი შველის მის ტვირთვაში და მეც მუდამ ვგრძნობდი ღვთის მარჯვენის შემწეობას,“ – იხსენებთ თქვენ და ჩვენც მოწმენი ვართ იმ ხილული საოცრებისა, როდესაც ღვთის შეწევნითა და თქვენი დიდი ღვაწლით საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის ურთულეს პერიოდში ეკლესიისგან დაშორებული ჩვენი ერის უფლისკენ შემობრუნება დაიწყო.

მას შემდეგ თქვენ დღითიდღე თავდაუზოგავად შრომობთ და ნათელ მაგალითს გვაძლევთ იმისა, „თუ ვითარ იგი ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სვლა, რომელ არს ეკლესია, ღვთისა ცხოველისა, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“.

თქვენი სულიერი შვილები მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ თქვენი მრავალწლიანი ღვაწლის ნაყოფს, რომელიც ეკლესიის ცხოვრების ყველა სფეროში გამოვლინდა:

სამღვდელო და სამონაზვნო დასის გამრავლება, ეკლესია-მონასტრებში მიმდინარე აღმშენებლობა, საგანმანათლებლო, მისიონერული თუ სოციალური საქმიანობა, ახალგაზრდობასთან მუშაობა და მრავალი სხვა კეთილი საქმე, რაც ეკლესიაში თქვენი ლოცვა-კურთხევით წარიმართება, მოწმობს იმას, რომ თქვენი უპირველესი საზრუნავი ყოველთვის იყო და არის – „სიტყვა იგი ღმრთისა, აღორძინდეს და განმრავლდეს რიცხვი იგი მოწაფეთა“.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის; თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები, სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა, თავმდაბლობა, სულგრძელება, მოთმინება, სიკეთე და მიმტევებლობა დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ აღსაყდრების დღე. გისურვებთ უფლის შემწეობას, სულიერ სიმხნევესა და სიხარულს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სადიდებლად ღვთისა და საკეთილდღეოდ ჩვენი ქვეყნისა.

ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა მრავალჟამიერ, ისპოლა ეტი დესპოტა!-აღნიშნა მეუფე შიომ.

“მაცხოვრის შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკე ქრისტიანებს შობას ულოცავს.

„მაცხოვრის შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.
დაე, ეს დღე მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!“, – აქვეყნებს პრემიერის მილოცვას მთავრობის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.

27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება

27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 27-28 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა 28 დეკემბერს მაღალმთაში ზოგან კვლავ ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს. 28 დეკემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 28 დეკემბერს იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით მოთოვს. 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29 დეკემბრამდე ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. 28 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29 დეკემბრამდე ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. 28 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 29 დეკემბრამდე ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 29 დეკემბრამდე ზოგან მოთოვს. 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +4 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 6 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 6 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ პატიმრობაში დატოვების მიზანშეწონილობა განიხილა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით პატიმრობა ამ ეტაპზე ძალაში უნდა დარჩეს. მისივე განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი გარემოება და მტკიცებულება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ექვსი ბრალდებულიდან წარდგენილ ბრალი აღიარა და თავი დამნაშავედ სრულად ცნო ხუთმა პირმა: ბექა ავსაჯანაშვილი, ლაშა ამირანაშვილი, მირიან სვანიძე, ელგუჯა ჩოხელი და გიორგი ქიშმარია. ტატო ხუნდაძე კი, დუმილის უფლებას იყენებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გამოაცხადა, ბრალდებულთა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. ამის მოტივად დაასახელეს ის, რომ ირაკლი ეძგვერაძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, საქმეს მისი სახით დაზარალებული არ ჰყავს, შესაბამისად, საქმის წარმოება საერთოდაც უნდა შეწყდეს. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურამ ექვსივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. პროკურორის თქმით, დანაშაულის ჩადენისას ექვსივე ბრალდებული მიმალვას ცდილობდა, ამიტომ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები ყველა ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩეს.

აღნიშნულ პოზიცია არ გაიზიარა დაცვის მხარემ და ბრალდებულების მიმართ 3000 და 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. ადვოკატის მტკიცებით, არ არსებობს ახალი დანაშაულის, მოწმეზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები და აქედან გამომდინარე, არც პატიმრობაში დატოვების არანაირი წინაპირობა. მოსამართლემ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„ჩვენ ამ ცირკში არ მივიღებთ მონაწ%

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის კმ35-კმ60 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის კმ35-კმ60 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (სოფელ თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

“წლის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა”

მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე.

„2023 წელს, ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში, შეიმჩნეოდა მმართველი პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები. მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2023 წელს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან ერთ საქმეზე გამოძიება შეწყდა, 4 საქმე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე კი – გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, განმარტავენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები, მათ მიმართ მუქარა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინებისა და დისკრედიტაციის მცდელობების გახშირებული შემთხვევები, დანაშაულების გამოუძიებლობა და დაუსჯელობა კლეპტოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციისა და 2024 წლის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების პირისპირ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ მმართველმა პარტიამ უზრუნველყოს შიშისგან თავისუფალი და უსაფრთხო მედიაგარემო, სადაც ჟურნალისტები დაუბრკოლებლად შეძლებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და შესაბამისად, საზოგადოების სათანადო ინფორმირებას. ამის ერთ-ერთი წინაპირობა კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დროული გამოძიება და დამნაშავეთა დაუსჯელობის დასრულებაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

თბილისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა – დეტალები

თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევა ღამით მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟი.

“ამერიკა-ევროკავშირის დახურულ შეხვედრაზე გადაწყდა: რეზიდენტი – კოდური სახელით “დემოკრატიის შუქურა” ჩანაცვლდეს “კომკავშირული გულით” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს:

“🇺🇸 და 🇪🇺 “მეგობართა ჯგუფთან” დახურულ შეხვედრაზე გადაწყდა:

რეზიდენტი – კოდური სახელით “დემოკრატიის შუქურა”, ჩანაცვლდეს
“კომკავშირული გულით”!

რუსეთის აგრესიის გამოსაწვევად დამტკიცდეს “🇬🇪 დაცვის აქტი”!

ეკონომიკური სტაგნაციის უზრუნველსაყოფად – “მარშალის გეგმა”!

აღსრულება დაევალა ლელოს!” – წერს ხაინდრავა.

„უკრაინას წარმოუდგენელი დანაკარგები ექნება, თუ ვაშინგტონი კიევისადმი დახმარებას შეწყვეტს“ – რას წერს „ინდეფენდენთი“

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) პოლიტიკური მიმომხილველის არპან რაის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად (სათაური – „უკრაინას წარმოუდგენელი დანაკარგები ექნება, თუ ვაშინგტონი კიევისადმი დახმარებას შეწყვეტს“), უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები შიშობენ, რომ რიგი ქალაქები, რომლებსაც ამჟამად ისინი აკონტროლებენ, მაგალითად, ავდეევკა, შეიძლება მალე მტერს ჩაუვარდეს ხელში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ფრონტზე ბოლო კვირეებში შექმნილი სიტუაციის მიხედვით, არის იმის რეალური საფრთხე, რომ რუსეთის არმიას შეუძლია უკრაინის თავდაცვის ზღუდეები გაარღვიოს და რამდენიმე დღეში უკრაინის არმია კრახის წინაშე დააყენოს – თუ ამერიკა უკრაინას დამატებით დახმარებას არ გაუწევს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აგრძელებს ოპტიმისტური ტონით განცხადებების გაკეთებას და მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინა არ დაივიწყონ, მაგრამ რეალობა კიევისათვის მწარეა: ვერც  აშშ-ის კონგრესმა ვერ შეძლო უკრაინისადმი მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა, ვერც ევროკავშირმა. უკრაინელ მეთაურებს ისეთი სავალალო წინათგრძნობა უჩნდებათ, რომ ქვეყანას ახლო მომავალში მტრის წინააღმდეგ ბრძოლა მარტოდმარტო მოუწევს.

უკრაინელი სამხედროები და ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ქალაქი ავდეევკა [რომელიც რუსების მიერ თითქმის ალყაშია მოქცეული]. თუ დასავლური დახმარება შეწყდება, ეს უამრავ დანაკარგს გამოიწვევს ქალაქში მყოფი სამხედრო გარნიზონი საბრძოლო მასალების მწვავე დეფიციტს განიცდის.

დასამალი არაა, რომ რუსეთის არმია, უკრაინასთან შედარებით, უკეთ არის მომზადებული მეორე საომარი ზამთრისათვის. კიევმა, მართალია, დიდი რესურსები დახარჯა  კონტრშეტევის მომზადებისა და მის განსახორციელებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში, დიდი იმედებით დაწყებული ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. უკრაინას რესურსები ეწურება…

უკრაინის არმიის 47-ე მექანიზებული კორპუსის ერთ-ერთი ოფიცრის თქმით, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დღეისათვის უკრაინელი სამხედროებისათვის იარაღის მიმწოდებელი მხოლოდ დასავლეთია – ეს განსაკუთრებით ეხება მძიმე ტექნიკას: „

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის დასავლურ დახმარებას უაღრესად დიდ მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ბრიგადა ძირითადად მხოლოდ ამერიკული „ბრედლებითა“ და თვითმავალი ქვემეხებით – „პალადინებით“ იბრძვის და თუ ჭურვებს არ მოგვაწოდებენ, ჩვენი მეომრების სულისკვეთება უშედეგო იქნება“, – ამბობს ოფიცერი.

ერთ-ერთმ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვით, „ინდეფენდენთს“  აცნობა, რომ რუსეთმა უკრაინის სამხედრო მრეწველობა თითქმის გაანადგურა, განსაკუტრებით კიევის ქარხნები, რომლებსაც არ აქვთ რესურსები და შესაძლებლობები საბრძოლო მასალების წარმოებისათვის ქვეყნის შიგნით.

„ეს ომი მართლაც უკრაინის რესურსების გამოფიტვისაკენ მიმართულ ომს წარმოადგენს. ჩვენ, გარკვეული დროით, სანამ ახალ დახმარებას მივიღებთ დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სამხრეთ კორეადან, იძულებულნი ვიქნებით როგორღაც ფრონტის ხაზი შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს ძალზე რთული იქნება“, – ამბობს უკრაინელი ოფიცერი.

წყარო

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.

ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „საქართველოს რკინიგზა“ ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“, – ნათქვამია განცხადებაში.

“მის უწმინდესობას, ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს ულოცავს.

მთავრობის მეთაურმა ოჯახთან ერთად პირადად მიულოცა მის უწმინდესობას ღირსშესანიშნავი თარიღი.

„მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს.

თითქმის ხუთი ათწლეულია მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე, საკუთარი მაგალითით ამკვიდრებს და განამტკიცებს რწმენის, თანამოძმეთა სიყვარულის, ქვეყნისა და ხალხისადმი მსახურების უნივერსალურ ღირებულებებს.

მისი სახელი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანულ ღირებულებათა დაბრუნებასთან; დედა-ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებასთან; საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების, სულიერი განათლების აღორძინებასა და მრავალ სხვა სიკეთესთან. ეს უდიდესი ღვაწლი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ოჯახთან ერთად შევხვედროდი მის უწმინდესობას და პირადად მიმელოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი.

დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.