Home Blog Page 1852

“რას ნიშნავს ლობისტები? დიახ, იურიდიული ფირმა დავიქირავეთ, რომელიც ჩვენზე მუშაობდა”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ იცნობს.

ალასანიას თქმით, დაქირავებული ჰყავდათ იურიდიული ფირმა, რომელთან მუშაობას უკვე დასრულებულია.

„რას ნიშნავს ლობისტები? იურიდიული ფირმა იყო, რომელი დიახ, დავიქირავეთ და რომელიც ჩვენზე მუშაობდა. ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს. ეს დამთავრდა.

მე საქმის კურსში არ ვარ და არ წამიკითხავს. არ ვიცი, არ ვიცნობ ამ დოკუმენტს. ეს იყო დიდი ხნის წინ და მათთან ურთიერთობა დავამთავრეთ. ეს იყო მედიაჯგუფი, რომელიც ასევე დავიქირავე და მერე რა?“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ განახორციელა, მათ შორის არის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და ა.შ.

“პატიმარი ციხეში რჩება, ეს აჩვენებს, რომ ლობისტურ კამპანიაში ფული არაეფექტურადაა დახარჯული” – იაგო ხვიჩია

პატიმარი ციხეში რჩება, ეს აჩვენებს, რომ ლობისტურ კამპანიაში ფული არაეფექტურადაა დახარჯული, ამიტომ სააკაშვილს მოვუწოდებდი, რომ ასე ფულის ხარჯვას თავი დაანებოს და სხვანაირად ხარჯვას მიჰყოს ხელი, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, როცა ადამიანი ციხეშია, პიარ-კამპანიაში ფულის ხარჯვა შედეგის მისაღწევად სწორი გამოსავალი არ არის.

“რაც არ უნდა ეწეროს შიგნით და რამდენი ფულიც არ უნდა იყოს დახარჯული, რასაც შედეგი გვაჩვენებს, არაეფექტურად არის დახარჯული, ამიტომ სააკაშვილს მოვუწოდებდი, რომ ასე ფულის ხარჯვას თავი დაანებოს და სხვანაირად მიჰყოს ფულის ხარჯვას ხელი, რადგან მოგეხსენებათ, ძირითადად ეს ფული იხარჯება პიარ კამპანიებში და როცა ციხეში ზიხარ, პიარ კამპანიაში ფულის ხარჯვა არ არის მაინც და მაინც სწორი გამოსავალი. შეიძლება არ ყრის ფულს, ამით სხვა იმიჯს ქმნის დასავლეთში, პოლიტიკური დევნილის, პუტინის პატიმრის და ა.შ. მაგრამ შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ პატიმარი ისევ ციხეში რჩება, მიღწეული არ არის. დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” ტაქტიკის შეცვლა იყო აუცილებელი, დიდი ხნის წინ ვითხოვდით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას და სხვები ითხოვდნენ გორის ციხეში გადაყვანას თბილისიდან, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, როცა ერთი მილიონი დაიხარჯა საადვოკატო საქმიანობაში, ვიძახდით, რომ უცნაურად იქცევიან ეს ადვოკატები, მაგრამ არ გვიჯერებენ, მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი არ არის დამჯერი ადამიანი, მით უმეტეს, ჩვენს მიმართ, ამიტომ როგორც თვითონ მიაჩნია საჭიროდ თავის ფულის ხარჯვა, წარმატებას ვუსურვებ ამაში,”- განაცხადა ხვიჩიამ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ განახორციელა, მათ შორის არის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და ა.შ.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პეტრ მიკისკასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პეტრ მიკისკასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ”

ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“, რათა სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ. მივესალმებით ყველას, ვინც ამ გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს, თუ ცალკე პროდასავლური პარტიებიც გააკეთებენ ერთობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ.

„ჩემი მთავარი დაპირება, მათ შორის ჩვენი ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად, ყველა ჯერზე, ინფრასტრუქტურულად, ლოჯისტიკურად გაძლიერდებოდა. ამას უახლოეს დღეებში საზოგადოება ნახავს. ცხადია, ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ. მივესალმებით ყველას, ვინც ამ გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს თუ ცალკე პროდასავლური პარტიებიც გააკეთებენ ერთობას. ჩვენ საქმეს განახებთ უახლეს დღეებში. გამიხარდებოდა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები და ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გააკეთონ გამარჯვების პლატფორმა და ჩვენ ღია ვართ, ან თავად გააკეთონ, აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი. მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სარაჯიშვილის გამზირზე არსებული გამყოფი ზოლის, კუნძულების, სარაჯიშვილისა და ლიბანის სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა

სარაჯიშვილის გამზირზე არსებული გამყოფი ზოლის, კუნძულების, სარაჯიშვილისა და ლიბანის სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული 2,5 კილომეტრიანი შუა ზოლის, გამწვანებული კუნძულების და სარაჯიშვილის სკვერის, ასევე, ლიბანის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

აღნიშნულ პროექტსა და რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„არაერთხელ მითქვამს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რეკრეაციული სივრცეების არსებობას თბილისში. ამასთან, ყველას კარგად გვახსოვს რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების განხორციელების მავნე პრაქტიკა, რომელიც დანერგილი იყო. უამრავი ნებართვა იყო გაცემული და ამ ტერიტორიების დაბრუნება ადგილმონაცვლეობის გზით მოგვიწია, რათა ქალაქს შევუნარჩუნოთ მწვანე სივრცეები. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული პროექტი განხორციელდეს, ეს იქნება ახალი პარკების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია თუ სკვერების განახლება. ბოლო წლების განმავლობაში, უამრავი ასეთი პროექტი განხორციელდა და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. სადაც შესაძლებელია, ყველგან გავაკეთებთ ახალ პარკებს, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ სკვერებს, რათა მეტი მწვანე სივრცე იყოს. ყველა სივრცეში, სადაც ამგვარ პროექტებს ვახორციელებთ, გათვალისწინებულია შესაბამისი სავარჯიშო მოედნები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას სარაჯიშვილის გამზირზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციის დეტალებიც გააცნო.

„სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა ზოლში, რომლის ფართობიც 25 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, წლების წინ გადიოდა ტრამვაის ხაზი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში გაუქმდა, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა და დანაშაული იყო. ამ სივრცის ასე დატოვება შეუძლებელი იყო. ადგილობრივი მოსახლეობაც გვთხოვდა, რომ გამწვანება მოგვეწყო. ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ზოლში მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დამცავი ღობე, გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკო ავეჯი; ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: დაირგო 5 ათასზე მეტი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, აღნიშნული შუა ზოლისა და ლიბანის ქუჩის მიმდებარედ მოეწყო ახალი გამწვანებული კუნძულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სარაჯიშვილის სკვერს, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, თბილისის მერის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსდა საპარკო ავეჯი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 21 000 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებულ ლიბანის სკვერში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, შეიცვალა გარეგანათების ქსელი და მოეწყო ახალი სისტემა.

მისივე თქმით, დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის კამერები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო სკეიტ პარკი.

თბილისის მერია იუსტიციის სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს

ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა – LED სანათების მონტაჟი დაავალა.

„მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. მგონი, რომ ქალაქის ცენტრში ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც ჩაბნელებულია და განათებების მხრივ პრობლემა არსებობს. ამიტომ, დავიწყოთ სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს ყველაფერი. კონკრეტულად მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მთლიანად უნდა მოვაწესრიგოთ. ამასთან, იუსტიციის სახლის წინ არსებულ სივრცეში არის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი გამწვანების სამუშაოები ჩატარდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

“იყიდეთ! ვინც გინდათ ევრო-ამერიკულად!” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დედის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ირგვლივ გამოქვეყნებულ სიახლეს ტვიტერით ეხმიანება.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა, სამშობლოს ღალატის გაცხადებული ქრონიკა! ანუ, იყიდეთ! იყიდეთ! იყიდეთ! ვინც გინდათ ევრო-ამერიკულად“, – განაცხადა ხაინდრავამ.

თბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 25 ივლისიდან დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგისტრაციის წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა პროცესის ეფექტიანად წარმართვა უზრუნველყო.

„წელს პირველად დაინერგა სამეტაპიანი რეგისტრაცია, რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაციას. აღნიშნული ეტაპი 10 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა, დარეგისტრირდა 2 621 აღსაზრდელი და მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 17 ივლისს დაიწყო რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელშიც მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები მონაწილეობენ.

თბილისის მერის ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპიც წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებულია 5 000-მდე აღსაზრდელი.

კახა კალაძის განცხადებით, 25 ივლისიდან დაიწყება მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნულ ეტაპზე 7 500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს.

„უამრავი ახალი ბაღი ავაშენეთ. განხორციელდა ძველი ბაღების დემონტაჟი, ახლის მშენებლობა, მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები. იცით, თუ როგორი სტანდარტია ახალაშენებულ ბაღებში სისუფთავის თვალსაზრისით. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული მოთხოვნა და სტანდარტები მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია. ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რადგან საქმე ეხება ჩვენს შვილებს, პატარებს, მომავალ თაობებს“, – განაცხცადა კახა კალაძემ.

კომპანია PSP-ს ორგანიზებით წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი – PSP Beauty Fair ქუთაისსა და ბათუმში იმართება

PSP-ს ორგანიზებით წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი PSP Beauty Fair 21, 22 და 23 ივლისს ქუთაისში, ხოლო 30, 31 ივლისსა და 1 აგვისტოს ბათუმში იმართება. უკვე ქუთაისსა და ბათუმში სამი დღის მანძილზე, ფესტივალზე მოსული მომხმარებელი შეძლებს ყველა იმ საინტერესო გამოცდილების მიღებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ყველა თავის მოვლის მოყვარულ ადამიანს. ადგილზე დაგხვდებათ მსოფლიოს ცნობილი ფრანგული, კორეული თუ იტალიური ბრენდების კუთხეები.

ფესტივალის განმავლობაში PSP, როგორც ზრუნვის ადვოკატი, არღვევს სტანდარტებს და გარდა სააქციო თუ სასაჩუქრე შეთავაზებებისა, მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს პირადი გამოცდილებებისა და სასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად: სტუმრები გაივლიან უფასო კონსულტაციებს დერმატოლოგიურ და თმის მოვლის სივრცეებში, დაესწრებიან ცნობილი და ადგილობრივი სპეციალისტების მასტერკლასებს, მათ შორის ვიზაჟის სივრცეში, ჩაიტარებენ თავის მოვლის და ესთეტიკურ პროცედურებს. პატარებს საბავშვო სივრცეში სხვადასხვა სახალისო აქტივობები ელოდებათ; ორივე ქალაქში 50 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს თითოეულ სივრცეში სასაჩუქრე ჩანთა გადაეცემა სამგზავრო ზომის პროდუქტებით.

ფესტივალების ჩატარების ადგილებია:

ქუთაისი: ახალგაზრდობის გამზ. N96ა, სპორტის სასახლე

ბათუმი: ლადო ასათიანის ქუჩა N27, სპორტის სასახლე

ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://pspbeautyfair.ge/registration

We are Beauty – ამ სლოგანით სილამაზის ფესტივალი საქართველოში პირველად PSP-მ ჩაატარა. ფესტივალმა მასშტაბით გაიმეორა და რიგ შემთხვევებში გაუსწრო კიდეც უცხოურ ანალოგებს, რამაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია.

PSP-ს მეშვეობით, თითქმის 30 წელია მედიკამენტები და მოვლის საშუალებები ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ფაქტს PSP Beauty Fair-ის შემთხვევაშიც ამყარებს და ფესტივალს ქუთაისსა და ბათუმშიც მართავს.

R

დედაქალაქის მერია სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას იწყებს

დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის მიზნით, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი განისაზღვრება.

„დედაქალაქის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც, უამრავ ადამიანს ვეხმარებით. ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს მათთვის, ვინც საჭიროებს ენდოპროთეზირებას, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. სექტემბრიდან დავიწყებთ დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას, რაც მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების არჩევის შესაძლებლობა ექნება.

„თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება ვაუჩერული სისტემით განხორციელდება. შესაბამისად, მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. მსოფლიოს მასშტაბით, სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ეს თითოეული მათგანისთვის სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი შესაძლებლობაა. ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ და ფინანსური ტვირთი შევუმსუბუქოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმა Bloomberg მილიონობით მაყურებელსა და სოციალური ქსელების მომხმარებელს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გააცნობს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ინფორმაციის თანახმად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მასშტაბური კამპანია Bloomberg-ზე, წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„კამპანიის ფარგლებში, Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის (ე.წ Lifestyle) შესახებ ორ ვიდეორგოლს განათავსებს, ამ მიზნით, პოპულარული გადაცემის “Sorted Food” ორი წამყვანი საქართველოში იმოგზაურებს. კამპანიის ფარგლებში განთავსდება ვიდეორგოლი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ.

მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Bloomberg საქართველოს შესახებ ორ ახალ სტატიას გამოაქვეყნებს. საქართველოს შესახებ რეკლამა გავრცელდება სოციალურ მედიაში (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok)

Bloomberg-ის აუდიტორიის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისგან შედგება, კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

https://sponsored.bloomberg.com/article/georgia-a-destination-that-offers-year-round-adventure

პაციენტის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება „ნინოს“ მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ ერთ-ერთ ექიმს შეჩერებული ჰქონდა „მეანობა-გინეკოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი პაციენტს უშუალო მეთვალყურეობა აღარ გაუწია.

„მშობიარობის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ლიცენზია-შეჩერებულმა ექიმმა ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც 2018 წლის 11 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა. მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო მეორე პირს 246-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო საექიმო საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს 3 წლით და 6 თვით, ხოლო მეორეს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულები სასამართლო დარბაზში დააკავეს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.