Home Blog Page 1848

„კატასტროფა პლანეტარული მასშტაბით“ – რა ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს კახოვკის ჰესის აფეთქება

„კატასტროფა პლანეტარული მასშტაბით“ – ასე აფასებენ ექსპერტები უკრაინაში ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის ფაქტს, რომლის აფეთქებაც, 6 ივნისის ღამეს, ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია კახოვკაში, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში მოხდა.

ბოლო მონაცემებით, დაიტბორა 80-მდე დასახლებული პუნქტი, რომელთა ნაწილიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ნაწილი კი უკრაინის კონტროლის ქვეშ. უკრაინულ სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგოში“ აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგური მთლიანად განადგურდა და მისი აღდგენა შეუძლებელია.

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ტერაქტის განხორციელებაში ადანაშაულებენ, ექსპერტები ხელოვნური კატასტროფის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

კატასტროფის შედეგად, უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში, ჯამში დაახლოებით ათასი ჰექტარი მიწა წყლის ქვეშ აღმოჩნდა.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა , – ამ ინფორმაციას კი, მედიასაშუალებები უკრაინის მიერ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სინჯებმა აჩვენა, რომ ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ შემცირდა.

ეკოლოგ ევგენი სიმონოვის განმარტებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ კაშხლის განადგურების გამო ზღვაში მტკნარი წყალი შევიდა.

”დნიპროში წყლის ყოველწლიური ნაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრს შეადგენს და ახლა კი უეცრად პლუს 10 – ერთ კვირაში“, – განაცხადა მან.

მანამდე გარემოსდამცველებმა განაცხადეს, რომ შავი ზღვის გამტკნარება ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების აყვავების საფრთხეს ქმნის, რომლებიც თრგუნავენ წყალსაცავის ბუნებრივ ფლორას. ასევე, კაშხლის განადგურების გამო, კანალიზაციისა და ნაგავსაყრელებიდან ტოქსიკური ნივთიერებები შეიძლება ზღვაში შევიდეს. დაბინძურება უზარმაზარია – ნიტრატები, ფოსფატები, ნავთობპროდუქტები. იმის გამო, რომ წყალმა ცხოველთა დიდი რაოდენობა გაანადგურა, არსებობს წყლის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების საშიშროებაც.

რა საფრთხის შემცველია კაშხლის აფეთქების შედეგად არსებული მდგომარეობა და რას უნდა ველოდეთ მომავალში? – ამ კითხვებით „ჯორჯიან თაიმსი“ ეკოლოგ კახა ბახტაძეს ესაუბრა.

როგორც ეკოლოგმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად, შავ ზღვაში საკმაოდ დიდი მოცულობის წყალი ჩავიდა, რამაც, წყლის გამტკნარება გამოიწვია.

„ეს გახლავთ დაახლოებით 18-20 კუბური კილომეტრი წყლის მოცულობა. აქედან გამომდინარე, ცხადია, უკრაინის სანაპირო ზოლში გარკვეული ეკოლოგიური ცვლილებები იქნება. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შავი ზღვის მოცულობიდან გამომდინარე, ეს საკითხი მომავალში აუცილებლად დაბალანსდება“, – აცხადებს ის.

ეკოლოგის განმარტებით, ამ ეტაპზე, განსაკუთრებული ყურადღება წყლის დაბინძურების საკითხს უნდა მივაქციოთ.

„წყლის დაბინძურების შესახებ, სამწუხაროდ, ამ დროისთვის, ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. მოგეხსენებათ, ამ ტერიტორიაზე გადის ფრონტის ხაზი. შესაბამისად, საკმაოდ დიდი რაოდენობის საბრძოლო-სამხედრო მასალა იყო თავმოყრილი. ის, თუ რა ტიპის მასალაა და რას გამოიწვევს მომავალში, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. თუმცა, რეალური შანსი, რომ სახიფათო ნარჩენებით დაბინძურდეს წყალი, ნამდვილად არსებობს. მოგეხსენებათ, შემდეგ ამ დაბინძურებული წყლის ჩადინება ხდება შავ ზღვაში, რაც კიდევ ახალ საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, დაიტბორა ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები, დაახლოებით 350 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და აქაც, ძალიან აქტიურად მოხდა ნიადაგის დაბინძურება“, – განაცხადა კახა ბახტაძემ.

როგორც ბახტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ჯერ არც იმის შესახებ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ტიპის სახიფათო ნარჩენები იყო განთავსებული აღნიშნულ ტერიტორიაზე.

„ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, კიდევ რა ტიპის სახიფათო ნარჩენები იყო განთავსებული აღნიშნულ ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, ეს იყო უკრაინის დასახლებული პუნქტი, მიმდინარეობდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები; იქ აუცილებლად იქნებოდა სასუქები და ის პრეპარატები, რომლებიც სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის, ან მრეწველობისთვის გამოიყენება და არის რეალური მოცემულობა იმისა, რომ ეს სახიფათო ნივთიერებები მოხვდა წყალსა და ნიადაგში, რაც, მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანებსა და ცოცხალ ორგანიზმებს.

ზუსტი ეკოლოგიური ცვლილებების შეფასება მაშინ მოხდება, როდესაც წყლის დონე დაიწევს. ამის შემდეგ მოხდება სინჯების აღება და შესაბამისი კვლევის ჩატარება. აქტიური მონიტორინგი იქნება ჩასატარებელი ახლაც, თუმცა, მიმდინარე ომის გამო, ეს ძალიან რთულია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა. ეკოლოგიური საფრთხის კვალი, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც ნელ-ნელა აისახება. ამ ეტაპზე, რაც ეკოლოგების მხრიდან უნდა განხორციელდეს, ეს არის წყლის ხარისხის მონიტორინგი და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მოხდეს შესაბამისი რეაგირება, – მოსახლეობის გაფრთხილების კუთხით“, – განაცადა მან.

ეკოლოგი საფრთხეს ხედავს შავ ზღვაში თევზჭერის კუთხითაც.

„მოგეხსენებათ, შავ ზღვაში აქტიურად მიმდინარეობს თევზის მოპოვება. თევზი კი, სიბინძურის ერთ-ერთი უმთავრესი გამავრცელებელია. ამ კუთხითაც აუცილებლად უნდა მოხდეს დაკვირვება მოპოვებულ თევზზე და მის ხარისხზე“, – აცხადებს ბახტაძე.

მისივე განმარტებით, საყურადღებოა ზაფხულის სეზონზე, ზღვაზე დამსვენებლების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საკითხიც.

„როდესაც ვსაუბრობთ ადამიანების ინფორმირება/გაფრთხილების საკითხზე, აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შავი ზღვის ქვეყნებში, კომპეტენტურმა პირებმა არსებული ინფორმაცია გაცვალონ და ერთმანეთს გაუზიარონ. ამ მიმართულებით კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ შეიქმნას უსაფრთხო გარემო და ასეთ გარემოსთან ხელმისაწვდომობა“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში კახა ბახტაძემ.

 

/თამუნა დუღაშვილი/

ირაკლი ღარიბაშვილის შარლ მიშელთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო – მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით.

„ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რა ეტაპზეა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებები? – Voice of America

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით „რა ეტაპზეა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებები?“, რომელშიც განხილულია ვაშინგტონის შუამავლობით მიმდინარე ერვან-ბაქოს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცე – არის თუ არა პროგრესი და თუ არ არის, რა უშლის ხელს წარმატების მიღწევას.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ვაშინგტონში, მიმდინარე თვის დასაწყისში უნდა გამართულიყო. ჯერ კიდევ 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა თქვა, რომ შეხვედრა, მართალია, ცოტა დაგვიანდა, მაგრამ უახლოეს დღეებში აუცილებლად გაიმართებაო, თუმცა, მოგვიანებით, 8 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი ვაშინგტონში გადაიდო.

ბაქო-ერევნის პოზიციები

ამ დროისთვის გაურკვეველია, რატომ გადაიდო მოლაპარაკებები. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის გადადება აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. დღეს სომხეთის პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გადადება შესაძლოა აზერბაიჯანში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ვიზიტს უკავშირდებოდეს. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გადადების მიზეზების შესახებ, ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ვაშინგტონს და ბაქოს. ამ დრომდე ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის დაგეგმვის შესახებ.

ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ასევე საუბრობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. შარლ მიშელმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ვაშინგტონში მოლაპარაკებები 12 ივნისს იყო დაგეგმილი. ამის შემდეგ, 21 ივლისს, სომხეთ-აზერბაიჯანის სამიტს ბრიუსელი უმასპინძლებს.

სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს სულ უფრო ხშირად დასავლეთის დედაქალაქებში ხვდებიან, ვიდრე მოსკოვში. ასევე გახშირდა განცხადებები, მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ.

გარდამტეხ მოვლენად, მაისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება მიიჩნევა, როცა მან მზადყოფნა გამოთქვა, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს. თუმცა, ბაქომ ამისთვის გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილოს.

“სომხეთი მზადაა, აღიაროს [აზერბაიჯანის] ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვადრატულ კილომეტრზე და ჩვენი აზრით, აზერბაიჯანი მზადაა, ცნოს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29 800 კვადრატულ კილომეტრზე. აზერბაიჯანის ტერიტორიის 86 600 კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღს. მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი, სტეფანაკერტი-ბაქოს დიალოგის ფარგლებში უნდა განიხილოს. ვგულისხმობ იმას, რომ მათი უფლებები შესაძლოა უბრალოდ დავიწყებას მიეცეს, აზერბაიჯანმა კი ძალის გამოყენებით, სომხების ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკა განაგრძოს. მნიშვნელოვანია არსებობდეს საერთაშორისო გარანტიები, რომ ეს პოლიტიკა არ გაგრძელდება,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, საპასუხოდ ვლადიმირ პუტინთან მაისში გამართულ შეხვედრისას თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროცესი გაცილებით მარტივად წარიმართება: „ვფიქრობ, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის კონკრეტული ციფრების მითითებით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ სომხეთის ხელმძღვანელობის ბოლო განცხადებების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულების სხვა პუნქტებზე შეთანხმების საკითხი გაცილებით მარტივად წარიმართება, რადგან ეს იყო მთავარი ფაქტორი, რაზეც ჩვენ წარსულში ვერ შევთანხმდით“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მაისის ბოლოს, კრემლში ბოლოს გამართული სამმხრივი შეხვედრა ერთობლივი განცხადების, ან რაიმე დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ცნობით, ხელმოსაწერად სულ მცირე ორი დოკუმენტი მზადდებოდა – ერთი სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენას ეხებოდა, მეორე კი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი განცხადება უნდა ყოფილიყო.

„შესაძლებლობების ფანჯარა“

მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვი სომხეთს კარგავს და ამის ერთ-ერთი ნიშანი, რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მყიფე შეთანხმების შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ცენტრის ერთგვარად ბრიუსელსა და ვაშინგტონში გადმოტანაა. ვაშინგტონი ორ ქვეყანას შორის მშვიდობის მისაღწევად, შესაძლებლობების ფანჯარას ხედავს.

„თავად სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ახლა, ამ ორ ლიდერთან, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან, რომლებიც გამბედაობას და მონდომებას აჩვენებენ, შესაძლებლობის ფანჯარას ხედავს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია სამშვიდობო შეთანხმება, რაც კარს გაუღებს ნორმალიზებას და შესაძლებლობებს მთელ რეგიონში“ – თქვა „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში, სამხრეთ კავკასიის საკითხებში აშშ-ის ყოფილმა უფროსმა მომლაპარაკებელმა, ფილიპ რიკერმა.

თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ნებისმიერი ღია ფანჯარა შეიძლება დაიხუროს, ამიტომ მხარეებმა არსებული შესაძლებლობები სრულად უნდა გამოიყენონ. რიკერი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ცხადია გავლენას ახდენს მთელ რეგიონზე. ეს გვახსენებს, რომ სამხრეთ კავკასია რთული სამეზობლოა და რომ რთული მეზობელი ჰყავს. რა თქმა უნდა, ამის დემონსტრირება უკვე ვიხილეთ 2014 წელს, რუსეთის ყირიმში შეჭრით და უკანონო ანექსიით. რა თქმა უნდა, ამის მაგალითია საქართველო, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვთ და ეს 2008 წლის შემდეგ, ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ასე რომ, ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს მოტივაციას უნდა აძლევდეს, წინსვლისთვის საკუთარი გზა იპოვონ. ორმა ლიდერმა ერთმანეთს უნდა მოუსმინოს, ერთმანეთთან რაც შეიძლება მეტი ჩართულობით უნდა ისაუბრონ. უსაფრთხოება ყველას სურს, უსაფრთხოებას მოაქვს კეთილდღეობის შესაძლებლობა. ჩვენ ვხედავთ რეგიონს, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს. თუ უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება, ამ რეგიონს სავაჭრო, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული განვითარების და სატრანსპორტო კავშირების დამყარების პოტენციალი აქვს, შუა აზიიდან შავი ზღვის გავლით, რაც ყველას მოუტანს სარგებელს,“ – ამბობს რიკერი.

ერევანში არსებობს მოლოდინი, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლომდე მოეწეროს. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ამის რესურსს საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელებაში ხედავს.

წყარო

ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს

ევროპული საბჭო შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს ბრიუსელში დღეს შეხვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოში გუშინ გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, დღეიდან ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

“მათ კარგად დაინახეს, რომ „ოღონდ ნაცი არ მობრუნდეს“ უკვე აღარ იქნება საკმარისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად” – ირაკლი მელაშვილი

“ერთი წელი რჩება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, პოლიტიკური პროცესი თითქოს გაიყინა და სტაგნაციის ეტაპზეა. იმიჯ შერყეული ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოკითხვის მიხედვით, სტაბილურად კარგავს მხარდამჭერებს და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია, რომლის მიმართ უნდობლობაც, ასევე ქვეყანაში ჩატარებული ყველა ბოლო გამოკითხვის მიხედვით, პიკს აღწევს. როგორც ჩანს, ამ სიტუაციაში პირველი ისევ ხელისუფლება იწყებს გამოფხიზლებას და გამოსავლის ძებნას”- წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი.

მისი თქმით,  ხელისუფლებაში  კარგად დაინახეს, რომ „ოღონდ ნაცი არ მობრუნდეს“ უკვე აღარ იქნება საკმარისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„ქართული ოცნება“ ცდილობს გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მათ კარგად დაინახეს, რომ „ოღონდ ნაცი არ მობრუნდეს“ უკვე აღარ იქნება საკმარისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამიტომ, ახალ ტაქტიკას მიმართეს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნება“ იდეოლოგიურად აბსოლუტურად ეკლექტური ორგანიზაცია, განსხვავებული პლატფორმის მქონე პოლიტიკოსების გაერთიანება იყო. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ პარტიას, რომელიც სოცინტერნის წევრი იყო, ანუ მემარცხენე ცენტრისტული მიმდინარეობის უნდა ყოფილიყო, პრემიერ მინისტრად ჰყავდა ჯერ კვირიკაშვილი, შემდეგ და გახარია, რომლებიც აშკარად პოზიციონირებდნენ როგორც ლიბერალური, მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის მიმდევრები და ამაყობდნენ კიდევაც ამით.
„ქართული ოცნების“ ახალმა ლიდერშიფმა, ელექტორალური მიმზიდველობის გასაძლიერებლად ახალი კურსი გამოკვეთა, თავიანთი ახალი მესიჯები დააფუძნა ულტრა კონსერვატიულ პოპულიზმსა და რიგ საკითხებში საკმაოდ რადიკალურ, მემარცხენე, ასევ პოპულისტურ, ეკონომიკურ იდეოლოგიას. შესაბამისად ოცნების ლიდერები ცდილობენ საჯარო სივრცეში ოპონენტები დისკუსიაში ისეთ თემებში ჩაითრიონ , სადაც ოპოზიციას არ აქვს შემუშავებული მოსახლეობისათვის გასაგების და მისაღები მესიჯები, ხოლო ხელისუფლების გზავნილები და პოზიცია ყველა გამოკითხვით აპრიორი მისაღები ჩანს მოსახლეობის უმრავლესობისთვის.
– არა ლგბტ პროპაგანდას,
– ტრადიციული ოჯახის ღირებულებების დაცვა,
– ეკლესიის და პირადად პატრიარქის მხარდაჭერა,
– მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით თუ საბაბით სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკურ პროცესებში პირველადი დანიშნულების პროდუქტებზე ფასების რეგულირების კუთხით, ბიზნესმენებზე დაწოლა საწვავზე, წამლებზე თუ ჯანდაცვის სერვისებზე ფასების დაწევის მიზნით.
– ანტილიბერალიზმი, დასავლური აღვირახსნილობის და ლიბერალური თავისუფლებების კრიტიკა
როგორც ჩანს, რეიტინგ შერყეული ხელისუფლება ეცდება მომავალ საარჩევნო კამპანიაში სწორედ ამ თემებში დისკუსიაში ჩაითრიოს ოპოზიცია, რასაც დაემატება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების დასაცავად რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელების, ეკონომიკური კავშირების, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის რუსეთის ბაზრის შენარჩუნების აუცილებლობა, რუსეთთან კონფრონტაციის და ომის არდაშვების წარმატებული პოლიტიკა და შეიძლება ფრთხილად (რუსეთი რომ არ გავაღიზიანოთ და რაიმე საპირისპირო განცხადების გაკეთება რომ არ ვაიძულოთ) აქცენტი გაკეთდეს მოსახლეობაში რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის გაჩენაზეც.
ჩემი აზრით, ხელისუფლება ეცდება მომავალ არჩევნებში აქ გაავლოს მოსახლეობის თვალში წყალგამყოფი ხაზი პატრიოტ, ქართული იდენტობის დამცველ, მოსახლეობის ინტერესებზე მზრუნველ, მშვიდობის მომხრე ხელისუფლებასა და გარყვნილ, პატრიარქის თუ ეკლესიის მაგინებელ, ლგბტ მხარდამჭერ და ზოგადად დასავლეთის ულტრალიბერალური ძალების ინსტრუქციების ბრმად მიმდევარ ოპოზიციას შორის. მოკლედ, ევროპის ბევრ ქვეყანაში საკმაოდ ტრენდულ მემარჯვენე, ანტილიბერალურ პიარ ტექნოლოგიას მიმართავენ.
შეიძლება მოგწონდეს, ან შეიძლება ძალიან არ მოგწონდეს ხელისუფლების ეს კურსი, მაგრამ თუკი გადავხედავთ ამ თემებს და ლოზუნგებს, გავაანალიზებთ მათ, ძნელი დასანახი არ უნდა იყოს, რომ ხელისუფლების ეს ახალი, საკმაოდ პოპულისტური პიარ სტრატეგია ელექტორალურად მისთვის საკმაოდ მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. ეს „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ბევრი მომხრის მობილიზების შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოპოზიცია ამომრჩეველს არაფერზე ელაპარაკება, მიშას ჯანმრთელობის, ყოფილი პრეზიდენტის თუ გვარამიას ციხიდან გამოშვების, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის აუცილებლობის გარდა.
არც ერთი ეს საკითხი, რაზეც ბოლო თვეების განმავლობაში ამომრჩეველს ოპო- ტელეარხების ეთერებიდან განუწყვეტლივ ესაუბრება ოპოზიცია , მოსახლეობის თვალში ახლოსაც კი არაა უბრალო მოქალაქეების წინაშე მდგარი რომელიმე პრობლემის გადაჭრასთან, რუსეთის დასანქცირების მოთხოვნა კი მოსახლეობაში პირდაპირ იწვევს შიშს, რომ მათი უმრავლესობის ისედაც მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო მკვეთრად გაუარესდება.
პარტიები თუკი ვერ მიხვდნენ, რომ ხელისუფლების ამ იდეოლოგიას, მესიჯებს, პოლიტიკას არა ხელისუფლების წარმომადგენლების რუსეთი აგენტებად და მოღალატეებად მონათვლა, არამედ ალტერნატიული, რეალისტური ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხედვების შემუშავება, მათი კარგად შეფუთვა, მოსახლეობისთვის მიწოდება, გააზრებული კონტრპროპაგანდა, პიარულად და პოლიტიკურად სწორად გათვლილი ნაბიჯები, მოსახლეობის რეალური პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ინიციატივები ჭირდება, მაშინ მომდევნო არჩევნებში ოპოზიცია მძიმე მარცხისთვის არის განწირული,”- წერს ირაკლი მელაშვილი

https://www.facebook.com/irakli.melashvili.7/posts/pfbid036QvhyXB9fM7BCDup8GJ6XSCuCM5b8eipUukGW8rVbzaSdS7CCEuwbyURrtgA4nrQl

 

“ჩვენ არასდროს გვითქვამს, როგორია სწორი მიდგომა დეოლიგარქიზაციის საკითხზე” – პაველ ჰერჩინსკი

გუშინწინ ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა თავისი შეფასება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის თანახმად, ეს კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული, რადგან არსებობს სერიოზული რისკები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკომისია მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას.

პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი.

„ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად. დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს იყო ქართველების გადაწყეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ, ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს ყველაფერი კი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, რაზეც მუშაობისთვის ჩვენ მოწადინებულები ვართ კოლეგებთან ერთად, რათა ამას მივაღწიოთ, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

“კიევს ვაშინგტონის დახმარების შანსები შეიძლება შეუმცირდეს” – უცხოური პრესა

იაპონური ჟურნალი „შიუკან ჯენდაი“ (Shūkan Gendai – 週刊現代) აქვეყნებს სტატიას სათაურით „აშშ-ის არჩევნების მოახლოების ფონზე რუსეთ-უკრაინის ომი ცეცხლის შეწყვეტის სცენარს უახლოვდება: კიევს ვაშინგტონის დახმარების შანსები შეიძლება შეუმცირდეს“ (ავტორი – აკიო კავატო, საგარეო საქმეთა სამინისტროს ექს-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„უკრაინა შეავიწროებს რუსეთის არმიას თანამედროვე შეიარაღების წყალობით, რომელსაც კიევს დასავლეთი – ვაშინგტონი და ბრიუსელი აძლევს. ვლადიმერ პუტინის რეჟიმი სახელმწიფო გადატრიალებით დაემხობა“ – ეს ის მანტრებია, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ არსებობას აშშ-ში და ევროპაში, თუმცა მათ დასაბუთებულ აზრს ძნელად თუ ვუწოდებთ. ეს უფრო სასურველის სინამდვილედ წარმოჩენის მცდელობას წარმოადგენს.

სამი მიზეზი ცეცხლის შესაწყვეტად

რადგანაც უკრაინის ფრონტზე ამჟამად შექმნილი სიტუაცია რეალურად სამხედრო ჩიხში შედის, ამიტომ ორივე მხარეს უჩნდება ცეცხლის დროებითი შეწყვეტის აუცილებლობა.

ამისათვის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს:

პირველი – მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში არაერთგზის იქნა გაცხადებული, უკრაინის არმია კონტრშეტევას აპრილში ან მაისში დაიწყებსო, მხოლოდ ივნისის პირველ კვირაში გაჩნდა იმის ნიშნები, რომ კიევი რაღაც შეტევის მსგავსს ახორციელებს, თუმცა ცალკეული ოპერაციებით, თანაც ჯერ-ჯერობით რაიმე მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწია;

მეორე – აშშ-ში სულ უფრო ხშირად ისმის ხმები ცეცხლის შეწყვეტაზე, ხოლო ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს, სავარაუდოდ, მთლიანად უკრაინის კონფლიქტის შემდგომ უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება;

მესამე – აშშ-ში, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია, რომლის ჩარჩოებში დემოკრატები, ალბათ, ომის ცეცხლს როგორღაც მიანავლებენ. მათ სამართლიანად ეშინიათ, რომ კიევისადმი სულ უფრო გაზრდილი დახმარების ფონზე დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებს წააგებს.

თავდაცვა თავდასხმაზე იოლია

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისთანავე, 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის არმია ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს. ზოგიერთი დაკავებული მიწებიდან მოსკოვმა უკან დაიხია (ხერსონი, ხარკოვის ოლქი, დონბასის ჩრდილოეთი ნაწილი) და, შესაბამისად, კიევმა გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, ისინი უკან დაიბრუნა. მაგრამ სხვა ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, უკვე ქვეყნის შემადგენლობაში იურიდიულად შედიან და აქედან გამომდინარე, მოსკოვი მათ დასაცავად რესურსებს და ცოცხალ ძალას არ დაზოგავს.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსეთი ამჟამად ძირითადად მხოლოდ თავდაცვაზეა გადასული და შეტევაზე ჯერ არ ფიქრობს, თუმცა ფრონტის ცალკეულ უბნებზე მცირე ლოკალურ შეტევებს მაინც ახორციელებს. როგორც ცნობილია, სამხედრო მეცნიერების თანახმად, თავდაცვა ყოველთვის უფრო შედარებით ადვილია, ვიდრე თავდასხმა. რუსები თხრიან სანგრებს, ტრანშეებს, აშენებენ ღრმად ეშელონირებულ თავდაცვის ზღუდეებს, ნაღმავენ გზებს და სხვადასხვა ობიექტებს. უკრაინის არმიას სრულიად უახლესი დასავლური ტანკებიც რომ ჰქონდეს, ასეთი მტკიცე თავდაცვის ზღუდის გარღვევა მაინც ძალიან გაუჭირდება.

რასაკვირველია, დასავლური იარაღი პანაცეა არ არის: ევროპული და ამერიკული მძიმე ტექნიკა – ტანკები და ჯავშანმანქანები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან თავიანთი საბრძოლო მონაცემებითა და დანიშნულებით. მათი უბრალო დაზიანება და მექანიზმის მოშლაც კი უკრაინელებისათვის ზარალს წარმოადგენს – კიევი იძულებული იქნება ტექნიკა გასარემონტებლად საზღვარგარეთ გაგზავნოს. გარდა ამისა, დასავლური ტანკები (რომლებიც კიევს 200 ცალი აღუთქვეს) უკრაინამ ერთად, ერთი მუშტის სახით უნდა გამოიყენოს, თორემ თუ ტანკებით კიევი დანაწილებულად ისარგებლებს, ეფექტი ისეთი არ იქნება, როგორიც საჭიროა.

დასავლეთი კრიზისში. რუსეთის სიცოცხლისუნარიანობა

დღეისათვის, ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე ძირითადად პატური სიტუაციაა შექმნილი. უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგისათვის კიევს ჯერ არ მიუღწევია. რა ხდება ამ დროს უკრაინის ეკონომიკაში? ამ საკითხის მიმართაც დასავლეთში პოპულარული მანტრები არსებობს: „რაო, უკრაინაში სტაგნაცია არისო? არავითარ შემთხვევაში; რუსეთმა თითქმის ათასი ტანკი დაკარგა, ვერც ჭურვებს და ვერც რაკეტებს ვეღარ უშვებს საჭირო რაოდენობით; რუსი ახალგაზრდობა საზღვარგარეთ გარბის, ამიტომ კრემლს ცოცხალი ძალის რესურსები ფაქტობრივად აღარ აქვს“. ასეთი მსჯელობები ჩვენთანაც, იაპონიაში, ყველგან ისმის.

მაგრამ საინტერესო, იცით, რა არის? მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი რუსეთზე უკეთეს ტექნოლოგიებს და უფრო ძლიერ საწარმოო სიმძლავრეებს ფლობს, მაგრამ მაინც არ შეუძლია მოსკოვს კონკურენცია გაუწიოს სამხედრო რეზერვების შევსების საკითხში. ამ მხრივ დასავლეთის „ჩამორჩენილობა“ იმით არის განპირობებული, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-მა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა მკვეთრად შეამცირეს თავდაცვითი მრეწველობის დაფინანსება. შედეგმაც არ დააყოვნა…

ვინმემ თუ შეამჩნია ის ფაქტი, რომ უკრაინის არმიაში ახალგაზრდების წილი უფრო ნაკლებია, ვიდრე უფროსი ასაკის მქონე მამაკაცებისა. რა თქმა უნდა, არც რუსეთში არ არიან მობილიზაციით გახარებულები, ბევრმა არმიაში გაწვევას საზღვარგარეთ გაქცევა ამჯობინა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა – დაკანონდა მაღალანაზღაურებადი კონტრაქტები, მაღალი ხელფასები, შემოღებული იქნა მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათები ჯარისკაცთა ოჯახებისათვის…

დასავლეთში ბევრი თვლის, რომ რუსეთის ეკონომიკა ეს-ესაა დაინგრევა, რადგან ევროპამ რუსულ ნავთობზე და გაზზე უარი თქვა და ენერგომატარებლებზე ფასები მცირდებაო. არ დავმალავ, რომ ადრე მეც ასე მეგონა, სტატიებიც კი დავწერე, მაგრამ თურმე ვცდებოდი. როგორც აღმოჩნდა, რუსეთში ვალუტის შედინება (ჩინური იუანების ჩათვლით) არ შეჩერებულა. მოსკოვი დღესაც აქტიურად ვაჭრობს ენერგორესურსებით ინდოეთთან და ჩინეთთან და მიუხედავად იმისა, რომ მათ შედარებით იაფად აძლევს, მაინც კარგ შემოსავალს იღებს. დიაც, რუსეთი უცხოური მაღალი ტექნოლოგიების გარკვეულ დეფიციტს განიცდის, აკლია სამხედრო ტექნიკისათვის აუცილებელი დასავლური ნახევარგამტარები, მაგრამ ბოლო დროს მათი ჩანაცვლება საკუთარი და ჩინური პროდუქციით ხდება…

სახელმწიფო გადატრიალება გამორიცხულია

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ზოგიერთები სერიოზულად ფიქრობენ – ვლადიმერ პუტინის დამხობა სახელმწიფო გადატრიალებით შეიძლებაო, ასეთი რამ საეჭვოა რომ მოხდეს. დიახ, რუსეთის თანამედროვე ისტორიაში იყო მსგავსი მაგალითი, როცა 1991 წლის დეკემბერში ბორის ელცინმა ტრიუკი ჩაატარა – მიხეილ გორბაჩოვი თანამდებობას ჩამოაცილა, დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა და რუსეთის პრეზიდენტი გახდა, მაგრამ იმ დროს, ამჟამინდელისაგან განსხვავებით, სხვა სიტუაცია იყო. 1991 წელს სახელმწიფოში სერიოზული განხეთქილება არსებობდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრაბახა, სმის მოყვარული, მაგრამ იმავდროულად რუსული ფეთქებადი ხასიათით გამორჩეული ბორის ელცინისაკენ იხრებოდა, ვიდრე სუსტი, მაგრამ ინტელექტუალური მიხეილ გორბაჩოვისკენ. დღეს რუსეთში ბორის ელცინის მსგავსი ადამიანები აღარ არიან.

წყარო

როგორ დარეგულირდება პარაპლანით ფრენები

„საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პარაპლანით ფრენის განსახორციელებლად, იქნება ეს  სამოყვარულო თუ სასწავლო ფრენა,  ნებისმიერ ადამიანს  დასჭირდება, რომ აიღოს ფრენის შესაბამისი მოწმობა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ განისაზღვრება ე.წ. უსაფრთხო საფრენოსნო ბარიერები, ხოლო ფრენების ოპერატორებს მოუწევთ  სერტიფიცირების უზრუნველყოფა იმ კონკრეტულ არეალებზე, საიდანაც უშუალოდ მოხდება პარაპლანების სერვისის მიწოდება” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა  პარლამენტში განაცხადა, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებში „საქართველოს საჰაერო კოდექსში” ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული  ცვლილები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს.

კანონპროექტი ეხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და პარაპლანის ფრენების რეგულირებას, რაც აქამდე ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული არ იყო.   პროექტის მიხედვით, პარაპლანით კომერციული ფრენები შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრენად ვარგის ლოკაციაზე და გამოყოფილ საფრენ არეალში. საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც ექნებათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მინიჭებული ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია და  შესაბამისი ლიცენზიები. ოპერატორები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან პარაპლანით ფრენის წარმოების წესები, ზედამხედველობა გაუწიონ ფრენების წარმოებას იმ საფრენ ლოკაციაზე, რომელზეც მოიპოვეს სერტიფიკატი.

„აღნიშნული კანონის პროექტით შემოგვაქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული რეგულირების მიმართულება, რაც უზრუნველყოფს, უპირველესად, ფრენების უსაფრთხოებას და იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც ახორციელებენ  სერვისის მიწოდებას და მოხმარებას. ხაზგასასმელია, რომ მოხდება კონტროლი უშუალოდ პარაპლანების აღჭურვილობის მონიტორინგზე, ასევე მფრინავებს ექნებათ მნიშვნელოვანი ახალი მოთხოვნა, რაც გულისხმობს შესაბამისი დაზღვევის ქონას” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პარაპლანით ფრენის რეგულირებას, საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებას, გაუქმებას თუ  პარაპლანის ვარგისიანობის დადგენას განახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული  იურიდიული პირი, რომელსაც ზედამხედველობას  და კონტროლს გაუწევს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

„ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საერთაშორისო, ევროპული, საუკეთესო პრაქტიკით, ასევე,  რა თქმა უნდა, საბაზისოდ გამოვიყენეთ  პარაპლანის საერთაშორისო ფედერაციის მთავარი მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, გვქონდა არაერთი დისკუსია, დიალოგი კერძო სექტორთან, შევჯერდით მათთან და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კანონპროექტი ასახავს საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ ყველაზე საუკეთესო მიგნებებს, რაც მინიმუმამდე შეამცირებს პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ რისკებს” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საკომიტეტო განხილვების შემდეგ კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დამტკიცდა.

რუსთაველის სამეცნიერო ფონდი ISTC-ის მმართველი საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალური დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი  ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართულ  საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის  მმართველი  საბჭოს  76-ე  სხდომაში მონაწილეობდა,  რომელზეც    განიხილეს ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტები და  ინიციატივები, უახლოესი წლების სამოქმედო   სტრატეგია,  პროექტების, პროგრამების  დაფინანსების საკითხები.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის მიზანია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება,  მკვლევართა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა, მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში.  შეთანმებას ხელი მოაწერეს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე სარგის ჰაიოციანმა.

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ISTC) დაარსდა 1992 წლის შეთანხმებით, როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. საქართველო ISTC-ის 1994 წელს შეუერთდა. ISTC წარმოადგენს საქართველოს მეცნიერების მხარდამჭერ  ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას, რომლის მიერ დაფინანსდა 160-მდე სამეცნიერო პროექტი საერთო ბიუჯეტით 32 მილიონი აშშ დოლარამდე.

 

თიბისი საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის მხარდამჭერია

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში, მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის (WRO) რეგიონული ფინალი გაიმართა.

საქართველოში გამართული ოლიმპიადის მიზანია, ჩვენს ქვეყანაში, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების პრინციპების დანერგვას, ისეთი დისციპლინების განვითარებას, როგორიცაა: პროგრამირება, რობოტიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, მათემატიკა და სხვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

წლევანდელ ოლიმპიადაში, საქართველოს რვა სხვადასხვა რეგიონიდან, 41 გუნდი, სულ 123 ბავშვი და მოზარდი იღებდა მონაწილეობას. ფინალში 3 გამარჯვებული გუნდი, სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდები საქართველოს სახელით, 2023 წლის ნოემბერში, პანამაში გამართულ WRO-ს საერთაშორისო ფინალზე გაემგზავრებიან.

მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა გამოწვევებით სავსე, შემეცნებითი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც 75 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს მსოფლიოს 85  ქვეყნიდან. WRO 2004 წლიდან ტარდება და ემსახურება ახალგაზრდების STEM (S-მეცნიერება, T-ტექნოლოგია, E-ინჟინერია, M-მათემატიკა) საგნებით დაინტერესების გაზრდას და მათ შთაგონებას გახდნენ მომავალი ინოვატორები.

რობოტების ოლიმპიადა, რომლის  თითოეული აქტივობა რობოტექნიკის შეჯიბრებებს გულისხმობს, მოიცავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ზოგადი განათლების სხვადასხვა სფეროს. კონკურსის შემოქმედებითი დავალებები ახალგაზრდებს ეხმარება მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებაში, უვითარებს მათ დამოუკიდებელ, შემოქმედებით, გამომგონებლურ, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას.

საქართველოში მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან: WRO Georgia, Edutus University, Ug-Limes რობოტექნიკის აკადემია.

გენერალური სპონსორები არიან თიბისი და საქართველოს უნივერსიტეტი.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

(R)

“ბენდუქიძემ, ნაყოფიამ რუსეთში იშოვეს ფული, ისინი არ არიან რუსულ კავშირებში მხილებული, სამაგიეროდ, თურმე რუსი ოლიგარქი ყოფილა ივანიშვილი”

„ნაცმოძრაობას“ არაფერზე პასუხი არ აქვს, არ აინტერესებთ, რომ ხოშტარია 5 მილიონ რუბლს იღებს რუსეთის ბიუჯეტიდან, არ აინტერესებთ, რომ ბენდუქიძემ და ნაყოფიამ რუსეთში იშოვეს ფული. ნაყოფია, ბენდუქიძე და სხვები არ არიან რუსულ კავშირებში მხილებული, სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილი ყოფილა თურმე რუსი ოლიგარქი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხდაა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ფედერაციაში არ აქვს არავითარი აქტივი.

„ბენდუქიძემ სად იშოვა ფული? ბენდუქიძე იყო თუ არა რუსი ოლიგარქი? ბენდუქიძემ იშოვა ფული რუსეთში, ნაყოფიამ იშოვა ფული რუსეთში – არის თუ არა კობა ნაყოფია რუსი ოლიგარქი? „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არცერთ კითხვაზე პასუხი, ყველაფერში გაჭედილები არიან. „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არაფერზე პასუხი, რადგან არაფერში მართალი არ არის. არ აინტერესებთ, რომ ხოშტარია 5 მილიონ რუბლს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ აინტერესებთ, რომ კახა ბენდუქიძემ და კობა ნაყოფიამ რუსეთში იშოვეს ფული. ნაყოფია, ბენდუქიძე და სხვები არ არიან რუსულ კავშირებში მხილებული, სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილი ყოფილა თურმე რუსი ოლიგარქი. თქვენ ყველაფერში ხართ მტყუანი. ბენდუქიძეს ხომ აქვს რუსეთში ნაშოვნი ფული? რა შუაშია, რომ ცოცხალი არ არის, სურათები უკიდიათ ოთახებში და ბენდუქიძე დღემდე ითვლება „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ბელადად და კობა ნაყოფია დღემდე არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი. თქვენ ოდესმე დაინტერესებულხართ ბენდუქიძის, კობა ნაყოფიას ფლის წარმომავლობით? თქვენი პარტიის წევრია. ბენდუქიძე იყო თქვენი პარტიის წევრი და კობა ნაყოფიაც არის თქვენი პარტიის წევრი, მაგიტომ არ გაინტერესებთ. ხოშტარიაც მაგიტომ არ გაინტერესებთ, რომ თქვენი პარტიის წევრია, „ტვ პირველი“ არის ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ბავშვებს ყვირილის შეეშინდათ”- გრეტა წიწავა

სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა შშმ ბავშვებს (სტუმრებს), ამ დროს ერთ-ერთმა ქალმა დაიწყო ყვირილი და გადმოფინა ნაჭერი წარწერით…ბავშვებს ყვირილის შეეშინდათ…აი ასეთი მავნებელი ადამიანია დამგეგმავ-შემსრულებელი, როდესაც ისინი შშმ ბავშვებს ამოეფარნენ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის. – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი გრეტა წიწავა  პარლამენტის პლენარულ დარბაზში მომხდარ ინციდენტს

“დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. პარლამენტში ტრადიციულად გვქონდა ღონისძიება – წლებია ვმეგობრობთ და ვთანამშრომლობთ შშმ პირებთან და ორგანიზაციებთან .სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა შშმ ბავშვებს (სტუმრებს), ამ დროს ერთ-ერთმა ქალმა დაიწყო ყვირილი და გადმოფინა ნაჭერი წარწერით…ბავშვებს ყვირილის შეეშინდათ…აი ასეთი მავნებელი ადამიანია დამგეგმავ-შემსრულებელი, როდესაც ისინი შშმ ბავშვებს ამოეფარნენ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის. ბავშვები რომ დაისტრესდნენ ამ ქალის გაურკვეველ ავ კივილზე იმაზე ვწუხ, თორემ მისი ქმედება შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს ეს მის დამოკიდებულებაზე მეტყველებს, თუ როგორ არ სცემს პატივს და არ აღელვებს შშმ პირები…”- წერს გრეტა წიწავა.

https://www.facebook.com/gretatsitsava/posts/10219200200915638?ref=embed_post