Home Blog Page 1847

„ნამდვილად სურს თუ არა ამერიკას უკრაინის რუსეთზე გამარჯვება?“ – უცხოური პრესა

ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნამდვილად სურს თუ არა ამერიკას უკრაინის რუსეთზე გამარჯვება?“ (ავტორი – დევიდ ბრენანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინა 2023 წლის საომარი მოქმედებების სეზონს შეუსრულებელი მოლოდინებისა და განუხორციელებელი გეგმების ტვირთის ქვეშ ამთავრებს: უკრაინელი ჯარისკაცებისა და მოქალაქეების მახსოვრობაში 2023 წელი არასასიამოვნო მოგონებების წლად დარჩება – დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც, საბოლოო ჯამში ქვეყნის არმიის სარდალმა ვალერი ზალუჟნიმაც აღიარა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

კიევი მთელი ძალისხმევით ცდილობს დასავლელი მოკავშირეების სიმპათიები შეინარჩუნოს და მათ ერთიანობაში უთანხმოება არ დაუშვას. მაგრამ ოდესღაც მონოლითური დასავლეთის სიმტკიცეში ბზარები გაჩნდა, რომლებიც სულ უფრო ფართოვდება. ევროპაში მომრავლდნენ ულტრმემარჯვენე ლიდერები, რომლებიც ანტიუკრაინულ პოზიციებს ამჟღავნებენ და ქვეყნის ლიდერები ხდებიან, აშშ-ში კი უკროსკეპტიციზმი ძლიერდება – ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. „უკრაინელები აშკარად ხედავენ მოკავშირეების გაუბედაობას და შეშფოთებას ომის შესაძლო ესკალაციის გამო. უკრაინელები ხედავენ, რომ დასავლეთს რუსეთის პროვოცირება არ სურს“, – ამბობს  Newsweek-თან ინტერვიუში დენიელ ვეიდაჩი, კომპნია Yorktown Solutions-ის ხელმძღვანელი, რომელიც ვაშინგტონში უკრაინის ინტერესების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტად ითვლება. „ამერიკა ფრთხილად მოქმედებს, რის გამოც კიევს ეჭვნარევი კითხვები უჩნდება: მართლაც სურს ვაშინგტონს, რომ უკრაინამ რუსეთზე გაიმარჯვოს? დიდი ალბათობით, პასუხი ასეთი იქნება: არ სურს. იმიტომ, რომ თუ უკრაინა გამარჯვებს, დამარცხებულ რუსეთში შეიძლება დიდი არეულობა დაიწყოს“, – ამბობს დენიელ ვეიდაჩი.

თეთრი სახლი უკრაინის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში თანდათანობის პრინციპს ინარჩუნებს. ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, თუ უკრაინას ძალიან ბევრს ძალიან სწრაფად მისცემენ, არავინ იცის, როგორ ისარგებლებს ამით უკრაინა. შესაძლოა ისეთი ესკალაცია მოხდეს, რომ კარიბის კრიზისი მონაგონი იქნება.

დასავლურ პრესაში გახშირდა პუბლიკაციები, რომ უკრაინა, ზამთრის დადგომისა და წარუმატებელი კონტრშეტევის გამო, შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებაზე დათანხმდეს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ვარაუდებს უარყოფს. კრემლის პოზიციის თანახმად, მოსკოვი ღიაა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ ერთი პირობით: უკრაინამ უნდა აღიაროს რეალური სიტუაცია და შეურიგდეს ტერიტორიულ ცვლილებებს.

დენიელ ვაიდიჩის თქმით, ისეთი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება, რომელსაც უკრაინული საზოგადოება არ მოიწონებს, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დასასრულს ნიშნავს – „არჩევნებით ან არჩევნების გარეშე“.

აქსიომაა, რომ უკრაინას არ შეუძლია ბრძოლა დასავლეთის დახმარების გარეშე. დღეს უკრაინის ეკონომიკა დანგრეულია, უკრაინის ბიუჯეტი ძირითადად დასავლურ ფინანსურ გადასხმებზეა დამოკიდებული, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებულ შტატებზე. კიევი ბრიუსელისა და ვაშინგტონის იმედით სულდგმულობს.

ამას წინათ ამერიკელმა ექსპერტებმა რიჩარდ ჰაასმა და ჩარლზ კუპჩანმა ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ წარუმატებელი კონტრშეტევის გამო უკრაინას და მის მოკავშირეებს თავიანთი სტრატეგიის გადაფასება მოუწევთ. ორივე ექსპერტმა Newsweek-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით უკრაინა ახალ რეალობებს კარგად ვერ აცნობიერებს. „უკვე მომწიფთა სიტუაცია, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსია დაიწყოს. ეს აუცილებელია. სამწუხაროდ, კიევმა მსგავს დისკუსიებს ტაბუ დაადო. სწორედ ასეთი მოქმედება უწყობს ხელს ომების დაუსრულებლობას და გაჭიანურებას“, – ამბობს ჩარლზ კუპჩანი.

რიჩარდ ჰაასის მოსაზრებით, შექმნილ სიტუაციაში საჭიროა გარკვეული შუალედის ძიება, რომლის ჩარჩოებში სტრატეგია უნდა შემუშავდეს. მაგალითად, უკრაინა უარს არ ამბობს ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაგრამ ამ პროცესში პაუზას აკეთებს: „შეიძლება პაუზა წლები და ათწლეულები გაგრძელდეს. შეიძლება ეს საკითხი რუსეთში ხელისუფლების ცვლილებამდე გადაიდოს – პოსტპუტინური პერიოდის დადგომამდე, ან სულაც პოსტ-პოსტპუტინურ ეპოქამდე“.

როგორც რიჩარდ ჰაასი ამბობს, სამხედრო ბალანსის გათვალისწინებით, უკრაინა თავის ტერტორიებს სრულად ვერ დაიბრუნებს: „ჩვენ უკვე საომარი მოქმედებების ორწლიანი შედეგების მოწმენი ვართ. ძალიან საეჭვოა, რომ გაისად, სხვა მსოფლიო მოვლენების ფონზე, როცა უკრაინისადმი დასავლეთის ყურადღება სუსტდება, კიევი რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს. ამიტომაც, რუსეთის გეგმების გასანეიტრალებლად, აუცილებელია უკრაინამ შეისვენოს და ძალა მოიკრიბოს“.

„ადრე თუ გვიან, მაგრამ მაინც დადგება მომენტი, როცა უკრაინელები საკუთარ თავს ასეთ კითხვას დაუსვამენ: რა ვაკეთოთ? სავარაუდოდ, ამჟამად ყველაზე გონივრული იქნება უკრაინამ რესურსები დააგროვოს იმ ტერიტორიის აღსადგენად, რომელსაც დღეს თვითონ აკონტროლებს (ანუ ქვეყნის ფართობის 82%).

აშკარაა, რომ ბევრი უკრაინელისათვის მიუღებელია დასავლელი პარტნიორების სავარაუდო მოწოდება სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისათვის, ტერიტორიების დაბრუნების გარეშე – ანუ თუნდაც მოკლევადიან კაპიტულაციაზე. მაგრამ დროა დანაკარგებიც გაანალიზდეს: ზოგიერთი შეფასებით, უკრაინამ ორწლიან საომარ მოქმედებებში 100 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, რაც დემოგრაფიულ კატასტროფას ნიშნავს.

ამასთან, უკრაინელები აცნობიერებენ, რომ დასავლეთი მათი მდგომარეობის გამო დიდ დისკომფორტს განიცდის. დასავლური საზოგადოება ჯერ კიდევ ითმენს და იტანს ამ დისკომფორტს, მაგრამა მათი მოთმენა უსასრულო არ იქნება.

„უკრაინისათვის რუსეთისადმი ნდობა დიდ პრობლემას წარმოადგენს“, – ამბობს „ნიუსვიქთან“ საუბარში ივან სტუპაკი, უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის მრჩეველი, – როგორ უნდა აიძულო რუსეთი, რომ კრემლმა დაპირებული სიტყვა შეასრულოს?“.

რა თქმა უნდა, საქმე არც რუსეთში არ არის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის პროპაგანდა რუსეთს ომში წარმატებულ მხარედ წარმოაჩენს, მოსკოვს ბევრი პრობლემა აქვს შექმნილი. ვლადიმერ პუტინმა უკრაინა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა იგი [დასავლეთისაგან] პრიზს ელოდება უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის სახით. „კრემლი თვლის, რომ ამჟამად პოლიტიკური სიტუაცია მის სასარგებლოდაა“, – ამბობს რიჩარდ ჰაასი, – მოსკოვი კარგად ხედავს ულტრამემარჯვენე პოპულისტურ ტენდენციებს ევროპაში, კარგად ხედავს აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს, რომ უკრაინის მიმართ ამერიკელთა მხარდაჭერა სუსტდება… ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ასეთია: „მოდით, ვნახოთ, რა იქნება ერთი წლის შემდეგ“. შეიძლება ითქვას, რომ რუსები სანთელს ანთებენ და დონალდ ტრამპის გამარჯვებისთვის ლოცულობენ“.

ჩარლზ კუპჩანის თქმით, უკრაინამ რუსეთს უნდა მიბაძოს და გრძელვადიანად იმოქმედოს, როგორც ამას ვლადიმერ პუტინი აკეთებს: „კიევმა მოლაპარაკების გზით უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, უნდა აღადგინოს ეკონომიკა (დასავლეთის დახმარებით), დაელოდოს პუტინის წასვლას და ტერიტორიების დაბრუნებაზე იფიქროს. დღეს ჰორიზონტზე მსგავსი იმედი არ ჩანს, მაგრამ მოდით გავიხსენოთ: განა ვინმეს სჯეროდა 35 წლის წინ, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ნატოს წევრები გახდებოდნენ? არავის არ სჯეროდა, მაგრამ ისინი გახდნენ. აშკარაა, რომ პუტინი ითმენს და იმედი აქვს, დასავლეთი მის პირობებს დათანხმდება. მოდით, როლები გავცვალოთ და ჩვენც დაველოდოთ მის წასვლას“.

წყარო

“არსებობს ნატოთი და ევროკავშირით გამტკიცებული მშვიდობა და ამას მოუტანს ოპოზიციური კოალიცია ხალხს” – პაატა მანჯგალაძე

„ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო „რუსული პროპაგანდა“, ვინაიდან ევროპა შეუქცევადი პროცესია და ეს ჩვენი არჩევანია. ახლა გინდათ, რომ თქვენც გადმოხვიდეთ ამ ნათელ მხარეს. მანამდე 18 თვის განმავლობაში ვხედავდით აღვირახსნილ კამპანიას, რომ ევროკავშირი სათაგურია, თავი ძალით შეგვაყოფინეს, ევროკავშირს ჩალის ფასი აქვს, არაფერს არ იძლევა და ასე შემდეგ – ეს ფართომასშტაბიანი პროპაგანდა დამარცხდა, ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის მონდომებითა და დამსახურებით, რომელიც არ აჰყვა პროპაგანდას, რომ თურმე დასავლეთი არის მტერი და რუსეთი არის მეგობარი“, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ძალიან კარგად არჩევს მტერს და მოყვარეს და სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ საქართველო ელოდება ევროპული საბჭოსგან დადებით რეკომენდაციას.

„რადგან არ არსებობს იმაზე მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც არის გარანტირებული ევროპით და ნატო-თი და საქართველოსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ გახდეს ამ თანამეგობრობის ნაწილი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში შეყვანა შეუძლია მხოლოდ კოალიციურ მთავრობას.

„ვერანაირ ევროპას თქვენ ვერ მოუტანთ საქართველოს, ამიტომ გამოსავალი მარტივია – პროდასავლური ოპოზიციის მოსვლა. ორი თვე სჭირდება ყველა იმ რეფორმის მიღებას, რომელიც საქართველოს გაუხსნის პერსპექტივას გახდეს ევროპის ნაწილი. არც კი მოვიკითხავთ თქვენ სად იქნებით, რას გააკეთებთ, მთავარია ხელი არ შეგვიშალოთ“, – მიმართა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

მტრისას – ასე იტყვიან ხოლმე ჩვენთან იმაზე, რაც ხდება “ნაცმოძრაობაში” – ჩვეულებრივი ბარდაგია -ირაკლი ზარქუა

ერთი კაცი, ის ჯიგარი ევროპელებს რომ ძარცვავს [კეზერაშვილი], იქიდან დირიჟორობს და ჩვეულებრივ მასხარად ჰყავს დაქირავებული ჩემი „ხაბე“. რაღაც შტერობებს აკეთებინებს, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ​„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე განაცხადა.

ზარქუას თქმით, დავით კეზერაშვილს ლევან ხაბეიშვილი მასხარად ჰყავს დაქირავებული.

„მტრისას – ასე იტყვიან ხოლმე ჩვენთან იმაზე, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვეულებრივი ბარდაგია. ბატონ გუბაზს [სანიკიძეს] უყვარს ეს სიტყვა. ვინ – ვისთან, ვინ – როგორ, რატომ, რანაირად, სად მიდიოდა [გაუგებარია]. ერთი კაცი, ის ჯიგარი ევროპელებს რომ ძარცვავს [კეზერაშვილი], იქიდან დირიჟორობს და ჩვეულებრივ მასხარად ჰყავს დაქირავებული ჩემი „ხაბე“. რაღაც შტერობებს აკეთებინებს. გაკოტრებულ, მწვალებელთა პარტიას [„ნაციონალური მოძრაობა“] ჩაუყენეს „ხაბე“. რა უნდა ქნას ახლა, რეიტინგი არ აქვს პარტიას „ხაბე“ ხომ არ აამოძრავებდა?!“ – აღნიშნა ზარქუამ.

 

რუსთავში კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსის დაჯილდოებით დასრულდა!

10 დან 27 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ამჯერად უკვე მესამედ გაიმართა.

ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია. რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” აცხობეს, ფესტივალზე წელს  რუსთავს თეატრალური 12 დასი  ეწვია, ამასთანავე ფესტივალის ფარგლებში წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გაიმართა, რომელში მონაწილეობაც, სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლოთ. მათ კონკურსის ფარგლებში ევალებოდათ წარმოედგინათ ეპიზოდი კომედიური ჟანრის პიესიდან ეტიუდის სახით.  კონკურსანტები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ შეაფასა  და გამარჯვებული ფესტივალის დახურვაზე, რუსთაველის თეატრის სპექტაკლის ,,ძუნწი“ დასრულების შემდეგ რუსთავის თეატრისა და კომედიის თეატრალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ დაასახელა. წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული ახალგაზრდა რეჟისორი თეიმურაზ დვალია, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტია. გამარჯვებული რეჟისორის  სპექტაკლი რუსთავის თეატრში დაიდგმება, მიღებული ჰონორარით კი ის სწავლის ერთი წლის საფასურს სრულად დაფარავს. კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს,  3 საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი გამოვლინდა, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში სპექტაკლის დადგმა რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე შეეძლებათ. ასევე ფულადი პრიზით დაჯილდოვდა მსახიობი ვატო სანიკიძე.

კომედიის თეატრალური ფესტივალი 2023 -ზე წარმოდგენილმა სპექტაკლებმა სრული ანშლაგით ჩაიარა, ფესტივალი მაყურებელს ერთი წლით დაემშვიდობდა და უკვე შეუდგა საიუბილეო წლის სამზადისისთვის, მომავალ წელს კომედიის ფესტივალი 10 წლის იუბილეს იზეიმებს.

“აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროექტი უკანონო და მიუღებელია”

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროექტი სრულიად უკანონო და მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, პასუხი იმაზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.

„ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. პასუხი იმაზე, თუ რაც ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროექტი სრულიად უკანონო და მიუღებელია“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

“ხალხი ფიქრობს, „კაცო, ამ რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო“, ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე” – მამუკა მდინარაძე

ხალხი ფიქრობს – „კაცო, ამ რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო“, ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე, ოპოზიციის მომხრეებიც დაბნეულები არიან,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ხელისუფლებად წარმოეჩინა, ჩავარდა.

„ჩვენი მხრივ ვუერთდებით ევროკავშირის ელჩის განცხადებას და ჩვენც მოვუწოდებთ (ოპოზიციას ერთობლივად მუშაობისკენ), თუმცა, პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს. მათ შეუძლიათ არაფერი ქნან, საერთოდ გაჩერდნენ, ამითაც კი დაეხმარებიან ხელისუფლებას პრიორიტეტების შესრულებაში. თუმცა, მათი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ სიტყვით თითქოსდა იზრუნებენ პრიორიტეტების შესრულებაზე, საქმით კი დაიქირავებენ ლობისტებს და საბოტაჟის რეჟიმში იქნებიან. თუმცა, მათი გეგმები ჩავარდა. ჩავარდა ეს პიარული გარუსების გეგმა ხელისუფლების, ქვეყნის, საზოგადოების არჩევანის, რადგან რუსეთისკენ მიაქანებთ ქვეყანასო და ამ დროს შემდეგ ეტაპზე გადავდივართ დაწყებული ასოცირების შეთანხმებით, ვიზალიბერალიზაციით და კანდიდატის სტატუსამდე მოვედით, ამ გზაზე დავდივართ და მიაქანებთ ქვეყანას რუსეთისკენო. ეს ხალხი ფიქრობს – „კაცო, ამ რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო“, ვეღარ ხვდებიან უკვე რაშია საქმე, მათი მომხრეებიც დაბნეულები არიან. გარუსების გეგმა აბსოლუტურად ჩავარდნილია, აბსოლუტურად გაცვეთილი, გოიმური მესიჯია და ამ დროს მათგან პოზიტიური მოლოდინი ვერ იქნება, მაგრამ როგორც მინიმუმ, იქნებ, ხელი მაინც არ შეგვიშალონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

“აღარ მესმის, მელია როგორ დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, შეანგრევს კარს და თავის კაბინეტში დაჯდება?”

ნიკა მელია ფიზიკურად როგორ დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, აღარ მესმის. შეანგრევს ოფისის კარს და თავის კაბინეტში დაჯდება? ცალკე გასვლა მოუწევს. აჯობებდა, ეს გადაწყვეტილება თვითონ მიეღო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ჰერმან საბოს თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემები ღრმავდება.

„არ ვიცი, საბოლოოდ რა ბედი ეწევა „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ, უფრო და უფრო ღრმავდება. ეს იმის შედეგია, რომ საჯაროდ არ საუბრობენ თუნდაც იმ პრობლემებზე, რომლებზეც ნიკა მელია, ამდენი ხანია, აპელირებს. რეალურად ხომ არაფერი ვიცით, მელიასთან რა პრეტენზიები აქვთ. პასუხისმგებლობის არაღება საბოლოოდ მიგვიყვანს ამ შედეგამდე, რა შედეგიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ვიცი, რამდენად მოახერხებენ ერთად დარჩენას. მიუხედავად იმისა, რომ სამი წევრი გარიცხეს, ალბათ ეს ხალხი პარტიაში დარჩება და პრეტენზია ექნებათ გარიცხვის ამ ფორმასთან დაკავშირებით.

ნიკა მელია ფიზიკურად როგორ დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, აღარ მესმის. შეანგრევს ოფისის კარს და თავის კაბინეტში დაჯდება? ცალკე გასვლა მოუწევს. ალბათ აჯობებდა, რომ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიეღო და ლაპარაკი დაეწყო კონკრეტულ თემებზე, რატომ, ვის გამო, რის გამო წამოვიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არა ახლა, გარიცხული რომ დაიწყებს რაღაცაზე ლაპარაკს. ცოტა განაწყენებულის ლაპარაკს უფრო ჰგავს, ვიდრე საქმიან საუბარს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებული კომპანია „სიდერის“ წარმატებები

ლურჯი მოცვის, თხილისა და ჩაის მწარმოებელი კომპანია „სიდერი“ 2022 წლის ბიზნეს დაჯილდოების სპეციალური ჯილდოს – „მწვანე ინიციატივის“ გამარჯვებულია. თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებამ კომპანიას საშუალება მისცა, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში გამართულ გამოფენა FRUIT LOGISTICA 2023-ში მიეღო მონაწილეობა, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში გაერთიანებულიყო და GLOBAL G.A.P -ის სერთიფიკატი მოეპოვებინა.

კომპანიის წარმატებაზე მისი დირექტორი, რუსუდან ხარგელია გვიამბობს:

„ლურჯი მოცვის, თხილისა და ჩაის წარმოებაზე ფიქრი 2018 წელს დავიწყეთ, როცა ოზურგეთში, დაბა ლაითურში 33 ჰა მიწა  შევიძინეთ. ამ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩაის კულტურა იყო გაშენებული, თუმცა 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მოუვლელობის გამო, პლანტაციები მთლიანად გავერანდა.

 

ჩვენ შევისწავლეთ ტერიტორია, ლანდშაფტი, გავაკეთეთ ნიადაგის ანალიზი, რელიეფის და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმა ტერიტორიის განაშენიანება.  გადავწყვიტეთ, გაგვეშენებინა ლურჯი მოცვისა და თხილის ბაღები, ნაწილზე კი აღგვედგინა ქართული ჩაის კულტურა. თხილი და ჩაი შედარებით მცირე რაოდენობით მოგვყავს, ჩვენი ძირითადი პროდუქტი ლურჯი მოცვია. ამ საქმიანობაში ძალიან დაგვეხმარა დანერგე მომავალი და შეღავათიანი აგრო სესხი.

16 ჰა-ზე გაშენებულმა მოცვმა მომდევნო წელს 10 ტონამდე მოსავალი მოგვცა, რაც უკვე იყო იმის  ნიშანი, რომ ჩვენს მიერ დაწყებულმა საქმემ და ამ საქმეში ჩადებულმა შრომამ გაამართლა. მეორე წელს სამჯერ მეტი, მესამე წელს კი უკვე  60 ტონა მოცვის მოსავალი ავიღეთ.

მეურნეობის ტერიტორიაზე გვაქვს განთავსებული მოცვის შესანახად საჭირო მაცივარიც,  მზის პანელები და ფუტკრის 70 ოჯახი, რომლებიც დამტვერვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად შევიძინეთ და ამავდროულად, ჩვენს წარმოებას კიდევ ერთი პროდუქტი, თაფლი დავუმატეთ.

ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა 2022 წელს პირველად მივიღეთ და მოულოდნელად სპეციალური ჯილდოც დავიმსახურეთ ნომინაციაში „მწვანე ინიციატივებისთვის“.

გარდა იმისა, რომ ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის დიდი სტიმული და მოტივაცია იყო, ამ ჯილდომ კომპანიას სამომავლო წარმატებებისკენაც გაუხსნა გზა.

2023 წელს ბერლინში გაიმართა სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა FRUIT LOGISTICA 2023. აღებული ჯილდოს დახმარებით გავემგზავრეთ ამ გამოფენაზე, სადაც მივიღეთ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გავიცანით ბევრი საინტერესო ადამიანი და კომპანია. იქვე გადაწყდა საქართველოში მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დაარსება, რომელშიც 20 ფერმერთა შორის ერთ-ერთი „სიდერია“.

2023 წლის გაზაფხულზე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობით მოხდა კენკროვნების იმპორტიორი კომპანიის Wonderland Farmers-ის წარმომადგენლის აჰმეტ აკტასის ვიზიტი საქართველოში, რის შემდგომაც ასოციაციის წევრებმა ექსპორტზე გავიტანეთ 36 ტონა მოცვი გერმანიაში, აქედან 10 ტონას „სიდერის“ მოცვი შეადგენდა. ასოციაციის წევრების მიერ გაგზავნილმა საცდელმა პარტიამ ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა და წელს მადრიდში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასოციაციასა და Wonderland Farmers-ს შორის, რომლის მიხედვითაც  მომდენო წელს ჩვენი ასოციაციის წევრი ფერმერებისგან 800 ტონამდე მოცვის ექსპორტი განხორციელდება გერმანიაში.

გარდა ამისა, ბიზნესდაჯილდოებაში აღებული ჯილდოს დახმარებით გავიარეთ აკრედიტაცია, სულ მალე მივიღებთ GLOBAL G.A.P – ის და GRASP – ის საერთაშორისო  სერთიფიკატსაც, რაც ჩვენი კომპანიისთვის კიდევ ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.“

(R)

 

“მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება” – პრეზიდენტი

რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყვარელში, „ევროკლუბში“

ხელმოწერების კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო ჩართულობის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ საფუძველზე.

„იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი მიღწეული იყოს, საჭიროა ყველას ჩართულობა. რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს. ეს იწყება ყოველ ქალაქში, სოფელში, თემში, საიდანაც წამოწყებული ყველა ინიციატივა არის ძლიერი. საქართველოს ისტორია მე ძალიან კარგად ვიცი. ხშირად კითხვას ვსვამთ, როგორ გადავრჩით და როგორ მოვედით დღემდე? – იმიტომ გადავრჩით, რომ ყველა ადგილს ჰქონდა თავისი ძალა, თავისი იდენტობა, თავისი თავდაჯერებულობა…

თურმე ყვარელში ბიბლიოთეკაც არ არის, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ის, რომ დღეს აქ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა სხვადასხვა მიზეზის გამო, ესეც გამაოგნებელია მაშინ, როცა ასეთი საზოგადოება ჩამოვიდა თბილისიდან და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. თქვენი წამოწყება არის პირველ რიგში ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობა, რომლის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ საფუძველზე. რაც შეგვიძლია თქვენს გვერდით ვიდგებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

“ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გარკვეული პოლიტიკა გვაქვს სანქციებთან დაკავშირებით, არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე იცავს იმ პოლიტიკას, რომელიც გაცხადებული აქვს.

„ჩვენ გარკვეული პოლიტიკა გვაქვს სანქციებთან დაკავშირებით. სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ. ამ პოლიტიკის ფარგლებში იდება ნებისმიერი გარიგება. სადმე გადახვევა თუ იქნება, ნებისმიერმა სუბიექტმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, მაგრამ გადახვევა თუ არ არის, პრეტენზიებსაც ვერ ექნება საფუძველი. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიცავთ იმ პოლიტიკას, რომელიც გაცხადებული გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა ამოიჩემა, ჩვენი ხმა ევროპასო, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ხმას ევროპა ვერ გაიგებს”

ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა ამოიჩემა, ჩვენი ხმა ევროპასო. მის ხმას ევროპა ვერ გაიგებს. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ხმას ევროპა ვერ გაიგებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, დღის წესრიგიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის ხმას გაიგებს რადიკალური ოპოზიცია.

„მის ხმას მხოლოდ ნიკა გვარამია გაიგებს, რომლის ხმა გაიგო და ციხიდან გამოუშვა. მის ხმას გაიგებს რადიკალური ოპოზიციაც, რომელიც მის დღის წესრიგშია. მის ხმას ვერც ქართველი ხალხი და ვერც ევროპა ვერ გაიგებს. სჯობს, დროზე მოეგოს გონს და გაჩერდეს, სულ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი და შეირგოს. სალომე ზურაბიშვილს ემიგრანტები არ უშველის. სჯობს, საარჩევნო კანონმდებლობას ჩახედოს, სადაც წერია, რომ ხმის მიცემა უზრუნველყოფილია და გაყალბება ნულოვან დონეზეა დაყვანილი. ამას საერთაშორისო აუდიტი ამბობს. ვის დაუჯერებს ევროპული საზოგადოება, კონსტიტუციის დამრღვევ ზურაბიშვილს თუ საერთაშორისო აუდიტს?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელ  არაიკ ჰარუთიუნიანს შეხვდა.
საუბრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს.
რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრისას   პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა,რომ საქართველო ღიაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება  გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.