Home Blog Page 1846

“სად ბრუნდება?! როგორ ბრუნდება?! ფიზიკურად რომ დაბრუნდა რა ქნა?!”-მდინარაძე სააკაშვილზე

სად ბრუნდება?! როგორ ბრუნდება?! ფიზიკურად რომ დაბრუნდა რა ქნა?! ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება მერე რას იზამს?! ვის დაჰკარგვია?!, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ წაადგება.

„იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მან საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. შესაბამისად, ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მოითხოვოს შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ. ახლა წმინდა წყლის მდარე ფეიკ პიარია. სად ბრუნდება? როგორ ბრუნდება? ფიზიკურად რომ დაბრუნდა რა ქნა?! ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება მერე რას იზამს?! ვის დაჰკარგვია?! დამნაშავეა სისხლის სამართლის და გულწრფელად გეტყვით, „ქართული ოცნებისთვის“ მისი დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში საჩუქარი იქნება და ძალიან გამოადგება იმიტომ, რომ რამდენჯერ ქართველი ადამიანი მიხეილ სააკაშვილს დაინახავს, ეს კაცი ბოროტების სიმბოლოა და მიხვდება როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ბრუნდება. მისივე თქმით, “ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი აჭარის უზენაეს საბჭოში”.

“საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად,” – აღნიშნავს სააკაშვილი.

“დაასრულეთ ეს ტრაგიკული ომი ახლავე”- ვირჯინიის შტატის ყოფილი სენატორი

ვირჯინიის შტატის ყოფილი სენატორი, რიჩარდ ბლექი უკრაინის კონტრშეტევას გამოეხმაურა და მას უაზრო სისხლისღვრა უწოდა.

როგორც ის Twitter-ზე წერს, სულ რაღაც 1 კვირის განმავლობაში, უკრაინის არმიამ 7 000 სამხედრო, 170 ტანკი და 360 ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა.

„ეს უაზრო სისხლისღვრაა. ყველგან დამწვარი „ლეოპარდის“ ტანკები და „ბრედლის“ მანქანები ყრია. უთხრა უკრაინას, იომოს იმდენხანს, „რამდენიც საჭირო იქნება“, არაადამიანურია.

დაასრულეთ ეს ტრაგიკული ომი ახლავე“, – წერს ბლექი.

“საქართველოს ახსნა-განმარტების გარეშე პრორუსულობის გამო აკრიტიკებენ” – შალვა პაპუაშვილი 

რუსეთის მიერ უკრაინაში ხელმეორე შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და, ამასთან ერთად, დასავლეთის დამოკიდებულებაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Civili.ge-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ, შესაძლებლობების ფარგლებში, მხარი დაუჭირა უკრაინას.

მისი თქმით, საქართველო იყო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ინიციატივის თანაავტორი და მხარდამჭერი.

,,ამჯერად, დასავლეთი რეალურად შეეწინააღმდეგა რუსულ პოლიტიკას. საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ, შესაძლებლობების ფარგლებში, მხარი დაუჭირა უკრაინას. ჩვენ ვიყავით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ინიციატივის თანაავტორი და მხარდამჭერი. აგრეთვე, მივიღეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად.ჩვენი რთული გეოსტრატეგიული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს რუსეთის მიმართ მხოლოდ სტრატეგიული მოთმინების იმ პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შენარჩუნება შეეძლო, რომელსაც წლების განმავლობაში ფრთხილად ატარებდა. ეს პოლიტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ასევე, გულისხმობს უარის თქმას რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებაზე. ის, აგრეთვე, გულისხმობს იმას, რომ საქართველომ არ დააწესოს სანქციები საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების თაობაზე რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პოლიტიკა კვლავ მტკიცედ პროუკრაინული, ევროკავშირსა და ნატოზე ორიენტირებულია, ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოს ახლა უკვე პრორუსულობის გამო აკრიტიკებენ. ჩვენი მოქალაქეები ნეგატიურად აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მსგავს არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას. თავად განსაჯეთ: ისინი, ვინც წლების განმავლობაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მხრივ ზედმეტად ფრთხილები იყვნენ, ახლა ცდილობენ იყვნენ ხმამაღალი თავიანთ ანტირუსულ პოლიტიკაში და მეტიც, აკრიტიკებენ საქართველოს, უკრაინასთან დაკავშირებულ კონფრონტაციაში თავით არ გადაშვების გამო. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამ კრიტიკოსებს არ მოუხდენიათ რეაგირება რუსეთის საქართველოში შემოჭრაზე, რაც ქართველი ხალხისთვის არანაკლებ სასტიკი და დამაზიანებელი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ დროინდელ რუსეთის აგრესიას თითქმის არანაირი საპასუხო წნეხი არ მოჰყოლია,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილი, ასევე, საუბრობს საქართველოს გადაწყვეტილებაზე, არ შეერთებოდა დაწესებულ ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

მისი თქმით, არასდროს მომხდარა საქართველოს ტერიტორიისა, ან ინსტიტუტების მეშვეობით სანქციების რეჟიმის გვერდის ავლა.

„მეორე, იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების პრაქტიკულად არანაირი გარანტია არ აქვს, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ „გაბედული“ ქმედებებისკენ. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი, რუსეთს გაუწიოს ისეთივე წინააღმდეგობა, როგორც ალიანსის წევრ ქვეყნებს, რომლებიც ნატო-ს მეხუთე მუხლით არიან დაცული. ამ ზედმეტად მონდომებულმა აქტივისტებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რამდენად წააქეზებდნენ ისინი თავიანთ ქვეყნებს გაეკეთებინათ ის, რისკენაც საქართველოს მოუწოდებენ, ოღონდ ნატო-ს უსაფრთხოების დაცვის ქოლგის გარეშე.

მესამე, ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი გვემდურება რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების არ დაწესების გამო. მართალია, საქართველომ უარი თქვა ორმხრივი სანქციების დაწესებაზე, მაგრამ არასდროს დაგვიშვია საქართველოს ტერიტორიისა, ან ინსტიტუტების მეშვეობით სანქციების რეჟიმის გვერდის ავლა. ყველასთვის, პირველ რიგში, კი ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას პირდაპირი უსაფრთხოების რისკები მოჰყვებოდა და საქართველოს ეკონომიკაზე დამანგრეველი ეფექტი ექნებოდა. სანაცვლოდ, მსგავსი ნაბიჯი რუსეთს ფაქტობრივად ზიანის გარეშე დატოვებდა. რუსეთის საპასუხო ქმედებები საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფოებრიობისთვის დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა.

მეოთხე, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში შედარებით მცირე ხნის წინ გაწევრიანებული ქვეყნები არიან საქართველოს პოლიტიკის ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსები. ამ ქვეყნებმა, რომლებიც თავის დროზე საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერები იყვნენ, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების მოპოვების შემდეგ, უნდა გაიხსენონ, რამდენად არასრულყოფილი იყო მათი დემოკრატიები და ეკონომიკები გაწევრიანების დროს. მხარდაჭერის ნაცვლად იდეოლოგიური, ზოგჯერ კი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან კრიტიკა უსამართლოა და აზიანებს ჩვენს საერთო მიზნებს.

ბოლო ათწლეულში, საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნისა და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული დიდი ძალისხმევის მიუხედავად, არასდროს მიგვიღია დამსახურებული საპასუხო ნაბიჯები. გასულ წელს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის პოტენციურ წევრობაზე მიღებული იქნა რეალური გადაწყვეტილება, ჩვენ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის გარეშე დაგვტოვეს იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ასოცირებულ ტრიოს შორის აშკარა ლიდერები ვიყავით. ამ გადაწყვეტილებამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია ქართველ ხალხში, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, უსამართლო კრიტიკის ნაცვლად, დაგვეხმარონ, გავუმკლავდეთ ჩვენს რთულ უსაფრთხოების გარემოს და მივიღოთ ნატო-სა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა. უკვე 15 წელია, ბურთი დასავლეთის მხარესაა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მოედანზე. დროა, განსაკუთრებით ევროკავშირისთვის, იზრუნონ გრძელვადიან მშვიდობაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზით,”- წერს შალვა პაპუაშვილი.

“ყველაზე დიდი საფრთხე დასავლეთს დაუდგება მაშინ, თუ რუსეთი ნატოს ომს გამოუცხადებს” – დემურ გიორხელიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

რისთვის და ვისთვის იღებს უკრაინა კოლოსალურ მსხვერპლს? პასუხი გონიერების ფარგლებში არსებობს?! როცა ეს ყველაფერი დასრულდება, – და ყველაფერი გაცხადდება, ამ უბედურების მომტანთ რა ელის?! დღეს მოვისმინე ევრონიუსზე:

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ოსტინმა: “რუსებმა 5 ტანკი ააფეთქეს და ათასჯერ გვიჩვენესო სხვადასხვა რაკურსით. უკრაინას საკმარისი საბრძოლო ძალა აქვსო და…”.

მეტი ცხვირი დაგიმშვენდა, ოსტინ! რა გინდა, საერთოდ განადგურდეს ეს ხალხი?! ხომ ხედავ, ნადგურდება! ახლა იმერულად გეტყვი: “უკრაინა რომ გაიმარჯვებს, ისე გაიმარჯვა აშშ-ს ყველა დამაწყევარმა”

(ჩემმა ბებია ნინამ იცოდა ასეთი რამეები, კეთილაძის ქალი იყო ზემო ცხუნკურიდან, მას კი ნაღდად დაეჯერებოდა.”

ჰოდა, დალოცვა გამომივიდა იმერულად! ვალდებული ვარ ვიყო ამერიკის პატრიოტი, ვარ კიდეც ბავშვობიდან, შესანიშნავად ვიცი ეს ქვეყანა “მეიფლაუერის” მგზავრებიდან დაწყებული!
ახლა მით უფრო, – ოჯახი მაქვს ამერიკული!) რაიმეს თავი რომ გქონდეთ:

(ა) აიღებდით და ერთი თვის შემდეგ, ნატოს სამიტზე საქართველოსაც და უკრაინასაც მიიღებდით ნატოს წევრად, მაგრამ არ გაქვთ ამის ტრაკი!

(ბ) რაზეც წამოიწყეთ უკრაინის პროვოკაცია, – სოლიდური ამერიკული გამოცემები და საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოღვაწეები სწორედ აშშ-ს სდებენ ბრალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროვოცირებაში, მათ შორის, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი- დემოკრატი რობერტ კენედი, უმ, – ანუ რუსეთის გასანადგურებლად, რაც გჭირდებათ შემდეგ ჩინეთის გასანადგურებლად! რუსეთს მიწასთან გაასწორებდით, როგორც გეგონათ რომ მოახერხებდით!

არ გამოვიდა და არ/ვერ გამოვა, თუმცა, უტვინო პროქსი-ქვეყნები ჯერ კიდევ დარჩა – საკუთარ თავს რომ გაინადგურებენ, – ასე იცის იდეოლოგიურმა ყეყეჩობამ, – ათაყვანებს და ათახსირებს ადამიანებს. მე შორს წასვლა არ მჭირდება, – ჩემს ქვეყანაში ვუყურებ ამ წამხდარ უპასუხისმგებლო და არაფრისმაქნის ხალხს, დასავლურმა ფულმა, ზედაპირზე რომ ამოატივტივა და დღემდე ატივტივებს ათწლეულებია, მაგრამ შეგახსენებ, ჩემო მეგობარო:

“მძღნერია ის ნივთიერება, რომელიც ტივტივებს!” თქვენ სწორედ ეს მძღნერები გამოზარდეთ და ახლა უკვე ისე ყარან, სუნთქვაც კი ჭირს. მაგრამ, მოგეხსენება, ჩემო მეგობარო, – მძღნერი დაშლადია და ჩარეცხვადი!

p.s. მთავარი, რასაც უფრთხის დასავლეთი და ამაზე უკვე ღიად საუბრობენ საღი ამერიკელები, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ თავს უმრავლესობაში, რომ ყველაზე დიდი საფრთხე დასავლეთს დაუდგება მაშინ, თუ რუსეთი ნატოს ომს გამოუცხადებს, რადგან თუ რუსები კუთხეში იქნებიან შედენილნი (ვფიქრობ, ეს არ გამოვა არანაირად), და რუსები თავის შიგნით პარაზიტ-გამყიდველ მე-5 კოლონას მოერევიან(თითქმის, ჰა და ჰა, გაანეიტრალეს, მაგრამ არა იქამდე, რომ საფრთხე არ იყოს), მაშინ რუსები იძულებით ამას გააკეთებენ და ევროპას რა ელის, აქ არ მინდა ამაზე საუბარი! მაგრამ მანამდე დაბრიყვებული უკრაინაა, -მიუხედავად იმისა, მილიონობით ადამიანმა გაასწრო და გაიქცა საკუთარი ქვეყნიდან, იდეოლოგიით შეშლილები

იბრძვიან “გმირი მხედართმთავრის” მეთაურობით და იხოცებიან საბრძოლო მოქმედებებისას, – მაგრამ ეს მათი არჩევანია და განსჯას არ ექვემდებარება!

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა.

გარდაცვლილები დეიდა და დისშვილი არიან. დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

“ველოდებით, რომ ევროკომისია სამართლიანად შეაფასებს საქართველოს პროგრესს და შემოდგომაზე გასცემს რეკომენდაციას”

ველოდებით, რომ ევროკომისია სამართლიანად და დამსახურების პრინციპის საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის შეფასებისას გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა ასევე ისაუბრა, 2022 წლის 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და რის საფუძველზეც საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა. გარდა ამისა, მან ვრცლად ისაუბრა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესსა და ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

ამ კონტექსტში, დარჩიაშვილმა განმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და კოორდინაციით, 2022 წელს შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი ინტეგრაციის პროცესში ჩართული ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის სპიკერის კაბინეტის, დარგობრივი სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს ევროპულ ინსტიტუციებში, ასევე, წევრი ქვეყნების დედაქალაქებში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შარშანაც იმსახურებდა და ის მაშინაც სრულად აკმაყოფილებდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ წინაპირობებს, იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ფორმალურად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას ქვეყნის შიგნით და იქნება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო და დღესაც ინარჩუნებს წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში და მნიშვნელოვნად წინ არის ევროკავშირის მოთხოვნებთან როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების ხარისხით.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო განაგრძობს თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დგამს ნაბიჯებს როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაციის და ინსტიტუციური ინტეგრაციის მაღალი დონის მისაღწევად.

მინისტრის თქმით, საქართველო განაგრძობს ასოცირების შეთანხმების წარმატებულ განხორციელებას და ამ ეტაპზე, შესრულებული აქვს შეთანხმების ვალდებულებების, დაახლოებით, 50% (ხოლო DCFTA-ის ვალდებულებების 60%-ზე მეტი). საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხი დადებითად ფასდება ევროკომისიის მიერ.

სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროპული მომავლისადმი მკაფიო და პირდაპირი მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირების საჯარო გამოსვლებსა თუ ორმხრივ შეხვედრებზე ჩანს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ხაზგასასმელია ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისადმი, რომელიც, ქართული მხარის ძალისხმევით და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციაშია ასახული.

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალური პირების განხორციელებულ მნიშვნელოვან ვიზიტებზე ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტები ბრიუსელსა და ბერლინში, რომლის დროსაც მან შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ დაფიქსირებულ მტკიცე მხარდაჭერაზე.

ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან აქტიურ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ელექტრო კაბელის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ საკვანძო საფლაგმანო ინიციატივას წარმოადგენს.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რათა საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად მოხდეს პოლიტიკური და ინსტიტუციური რესურსების მობილიზება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, ევროკომისიასთან საქართველოს შეფასების მომდევნო ანგარიშისთვის. ამასთან, დარგობრივ უწყებებთან აქტიური კომუნიკაციით, გაგრძელდება ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის კუთხით ახალი შესაძლებლობების მოძიება. ასევე, გაძლიერდება ძალისხმევას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

“ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ” – მიხეილ სააკაშვილი

ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც ის ამბობს, ყველა იმ სასამართლო პროცესს დაესწრება, სადაც მისვლას ფიზიკურად შეძლებს.

„ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.

უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოოთ, მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით. დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ.

ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“,- წერს სააკაშვილი.

“მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ ურთიერთობებზე”

მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს.

„ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რა მიმართულებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონსტრუქციული დიალოგის მიმართულებით. გამოვთქვამთ მზაობას, მომავალშიც გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩართულობა, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს ბუნებრივი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გამოვთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შევიტანოთ ჩვენი ღირებული წვლილი. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობა ამ პროცესში და ის კონკრეტული შედეგები, რომლებიც მისმა ძალისხმევამ მოიტანა ჩვენი ორი სამხრეთელი მეზობლის დაახლოებასა და, ასე ვთქვათ, ურთიერთობების გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, ფესტივალისთვის მზადება იწყება და ამისათვის ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყოფა.

პრემიერის თქმით, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, კერძოდ, – ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, ასევე თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ინფრასტრუქტურა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს 25 მლნ ლარი უკვე გამოყოფილია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ტაბიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე ესწრებოდნენ.

“საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგეტიკის განვითარების და მისი სწორად ათვისება-გამოყენების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს”

„საქართველოს ეკონომიკისთვის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკის როლი. საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგეტიკის განვითარების და მისი სწორად ათვისება-გამოყენების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს თბილისში განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაზე, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო ენერგოსექტორის წარმომადგენლებმა, კონფერენცია ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის და USAID-ის მისიის დირექტორის ჯონ პენელი გამოსვლებით გაიხსნა. ეკონომიკის მინისტრმა თავის სიტყვაში განახლებადი ენერგიის სფეროში არსებული საერთაშორისო ტენდენციები მიმოიხილა და მათი გათვალისწინებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და მისი სწორად გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„დღევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება – განახლებადი ენერგიის წყაროებში ჩვენ რა საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები გვაქვს, როგორია მათი გამოყენების გზები და ფორმები. საქართველოს არამარტო შიდა წყაროებიდან – ჰიდრო ელექტროენერგიის, ქარის, მზის, ბიომასის და სხვადასხვა წყაროებიდან გენერაციის შესაძლებლობა გააჩნია, არამედ სხვადასხვა ალტერნატიული, ინოვაციური ენერგეტიკის მიმართულების საშუალებებიც. ამასთან, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ საქართველო გახდეს ეგრეთ წოდებული ენერგო მაკუმულირებელი ცენტრი, სადაც თავს მოიყრის ჰიდროენერგია სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენ კი შეიძლება ვიყოთ სავაჭრო პლატფორმა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შესაბამისი, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება და სისტემების დანერგვა სჭირდება, რაზეც სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ასევე ინტენსიურად მუშაობს ენერგოპოლიტიკასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც საბოლოოდ ქვეყნის მდგრადი ენერგოსისტემის საფუძველი იქნება. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ მხარდამჭერ ორგანიზაციას და სახელმწიფოს, რომლებიც საქართველოს ამ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ეხმარება. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, სახელმწიფო მზად არის, იყოს ინვესტორი, პარტნიორი საერთაშორისო, ადგილობრივ ინვესტორებთან ერთად, რათა ქვეყანაში მსხვილმასშტაბიანი ენერგო პროექტები განვითარდეს და გამოჩნდეს სახელმწიფოს მკაფიო მხარდაჭერა ამ სექტორის მიმართ.

ლევან დავითაშვილმა ენერგოსექტორის რეფორმირების და ამ კუთხით სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლის კონტექსტში ასევე ისაუბრა პირველი ივლისიდან საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნის საკითხზე, რაც გულისხმობს ვაჭრობას ღია ბაზარზე კონკურენტული პირობებით. ამასთან, მისი თქმით, შემუშავებულ იქნა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა: სიმძლავრის აუქციონი და ფასთა სხვაობის ხელშეკრულება. მინისტრის ინფორმაციით, პირველი ასეთი აუქციონი უკვე წარმატებით დასრულდა და გამოვლინდა 27 გამარჯვებული პროექტი ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.

„აუქციონის შედეგებმა გვიჩვენა, რომ საკმაოდ მაღალია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან და ჩვენს მიერ შეთავაზებული მხარდაჭერის სქემა მათთვის მისაღები და საინტერესოა. მწვანე ენერგეტიკის განვითარების კიდევ ერთი სტიმული იქნება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონს ევროპის ბაზრებთან დააკავშირებს და რომელსაც მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა – დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.
საუბარი შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ორ დოკუმენტს, რომელთაგან პირველი მოიცავდა 2014-2020 წლებს, ხოლო მე-2 მოიცავს 2022-2030 წლებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

“იმედი მაქვს, დასავლეთში იქნება კანდიდატის სტატუსისთვის პოლიტიკური მზაობა”- ჰერმან საბო

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ჰერმან საბოს განცხადებით, იმედი აქვს, რეფორმების გაუტარებლობის მიუხედავად, მზაობა იქნება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ.

მისი თქმით, ამით შეიძლება, ჰქონდეთ შეცდომის გამოსწორების მცდელობა, რაც 2008 წელს საქართველოს მიმართ დაუშვეს.

„დიდი იმედი მაქვს, რეფორმების გაუტარებლობის მიუხედავად, რაც გვაფერხებს ევროკავშირთან მოძრაობაში, რაღაცნაირი პოლიტიკური მზაობა იქნება დასავლეთში, რათა კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. ისინი ხვდებიან, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ შეცდომა დაუშვეს და სტატუსის მოცემით ამის გამოსწორების მცდელობა შეიძლება, ჰქონდეთ. გამოკითხვა ცალსახად აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს ევროპა უნდა და ამის ფონზე, იმედია, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, თუმცა ეს იქნება ბევრი დათქმით და შეპირებით. ბევრი რეფორმა გვექნება გასატარებელი“, – განუცხადა საბომ საქართველოს პირველ არხს.