Home Blog Page 1836

მზად ვართ ომის გაგრძელებისთვის – ბენი განცი

ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი ეცდება მაქსიმალურად ისარგებლოს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებით, მაგრამ მზადაა განაახლოს ბრძოლა შეთანხმების ვადის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე.

„რთულ მომენტში ვართ, შეთანხმების ჩარჩოში დროის ფანჯრით ჩვენი გატაცებულების დასაბრუნებლად. ვიმუშავებთ, რომ ამით მაქსიმალურად ვისარგებლოთ. ამავდროულად, მომზადებულები ვართ და მზად ვართ ბრძოლას დავუბრუნდეთ, ნებისმიერ მომენტში, მათ შორის ამ მომენტშიც“, – აღნიშნა განცმა.

მისი თქმით, 1948 წლის დამოუკიდებლობის ომიდან ისრაელი მის „ყველაზე მნიშვნელოვან ომში“ იბრძვის.

„მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა”- ოდიშარია

„მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარია „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს, ლევან ხაბეიშვილი პარტიაში დატოვონ.

„ლევან ხაბეიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” უკანასკნელ ლურსმნებს ურტყამს პოლიტიკურ კუბოში. ამ ადამიანს სხვა გაქანება არ აქვს, ის ვერასოდეს იქნება შემკრები. ადამიანს, რომელსაც შეუძლია სხვებს ცილი დასწამოს და ეს ყველამ ჩვენს თავზე ვიგემეთ, ის მოუვა, რაც ლევან ხაბეიშვილს დაემართა.

„ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ერთი თხოვნა მაქვს – ლევან ხაბეიშვილი 2024 წლამდე არაფრით არ გაუშვან და არჩევნებს მასთან ერთად შეხვდნენ, რადგან მისი დამფინანსებელი არჩევნების შედეგების შეტყობის შემდეგ, მას ერთი ტყვიით დამუხტულ იარაღს შეუტანს, კაბინეტში დაუტოვებს და შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი, ეგ სერია ნანახი არ მაქვს,”- განაცხადა ოდიშარიამ.

„ნაცმოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია უნდა გასამართლდეს და პოლიტიკური საქმიანობის უფლებაც აეკრძალოს”- სუბარი

„როგორი ლანძღვაც იცის „ნაცმოძრაობამ“ და როგორც ამკობენ ერთმანეთს, ჩვენ რომ იგივე შეგვეძლოს, მათი სახსენებელი დიდი ხანია არ იქნებოდა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, თავისი დანაშაულებისთვის აუცილებლად უნდა გასამართლდეს.

„ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ დიდხანს ვერ გაძლებდა, იმ ფონზე, როცა ორი მმართველი ჰყავს. ერთი – კეზერაშვილი საზღვარგარეთ და მერაბიშვილი ქვეყანაში და მეორე – საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად პატიმარი, სააკაშვილი. რაც ყველაზე კარგია, თვითონ ამხელენ ერთმანეთს იმ უკანონობებსა და საძაგლობებში, რასაც წლების განმავლობაში სჩადიოდნენ და სჩადიან. როგორი ლანძღვაც იცის „ნაცმოძრაობამ“ და როგორც ამკობენ ერთმანეთს, ჩვენ რომ იგივე შეგვეძლოს, მათი სახსენებელი დიდი ხანია არ იქნებოდა. რომ არა დიდი მოთამაშეების ინტერესები, კეზერაშვილს არც იმ იარაღით საერთაშორისოდ ვაჭრობასა და არც იმ პენსიონერების ძარცვას, რასაც ახლა უხსენებენ „ნაცმოძრაობაშიც“, არავინ არ აპატიებდა და „ნაცმოძრაობაც“ დიდი ხნის გამქრალი იქნებოდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ მთელი საქმიანობა შესწავლილ იქნას და პარტია გასამართლდეს, არა იმიტომ, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს, არამედ იმიტომ, რომ მომავალში ვერავინ ვერ გაბედოს იმავეს გაკეთება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

იაგო ხვიჩია უცხოურ აგენტებთან დაკავშირებულ კანონზე საუბრობს

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით თბილისსა და ბრიუსელში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობდნენ.

„რომელ ქვეყნებშიც ის [უცხოურ აგენტებთან დაკავშირებული] კანონი არსებობს, არსებობს იმისთვის, რომ არის ლობიზმის მომაწესრიგებელი კანონი. მოგეხსენებათ, ჩვენთან ლობიზმი აკრძალულია, შესაბამისად, ევროპასა და საქართველოში ერთი და იმავე კანონის მიღება ფუნდამენტურად განსხვავდება, რადგან ერთგან [ევროპაში] დაშვებულია ის, რის მოსაწესრიგებლადაც ეს კანონი უნდა მიიღონ და მეორეგან აკრძალულია. თუ საქართველოში „ქართული ოცნება“ შემოიტანს პაკეტს, რითაც ლობიზმიც იქნება დაშვებული და თან ამ კანონსაც მოაყოლებენ, მხარს დავუჭერ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ე.წ. რუსულ კანონს ევროკომისია ახალ წლამდე დაამტკიცებს. უცხოური აგენტების შესახებ პროექტის დეტალები მიმდინარე კვირას გასაჯაროვდება. ეს რომ ის ვერსიაა, რომელიც ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილმა საქართველოში მწვავედ გააკრიტიკა, ევროპაშიც ადასტურებენ.

,,ღაზა ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის ეპიცენტრშია”- გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზა ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის ეპიცენტრშია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

“ჩვენ არ უნდა ავარიდოთ თავი გაუარესებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელმაც მოიცვა ღაზა”, – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

გაეროს გენერალური მდივანი მიესალმა ისრაელსა და “ჰამასს” შორის მოლაპარაკებებს ზავის გახანგრძლივების თაობაზე.

“მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ზავის გასახანგრძლივებლად, რასაც ჩვენ მტკიცედ მივესალმებით, მაგრამ მივიჩნევთ, რომ გვჭირდება ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტა”, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

კონტრშეტევის წარუმატებლობის გამო ზელენსკისა და ზალუჟნის შორის კონფლიქტი გამწვავდა – The Economist

 

„უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის შორის დღეს საშინელი ურთიერთობები ჩამოყალიბდა“, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Economist უკრაინის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას აცნობა, ეს კონფლიქტი მოსალოდნელი იყო და ის კონტრშეტევითი ოპერაციის დროს სერიოზული შედეგების არარსებობის გამო გაჩნდა. ჩინოვნიკი იუწყება, რომ კონტრშეტევა „გეგმის მიხედვით არ წარიმართა“.

ის, რომ ზალუჟნისა და ზელენსკის შორის კონფლიქტი არსებობს, მედია ჯერ კიდევ 2022 წელს იუწყებოდა, მაგრამ ღია ეს კონფლიქტი ახლა გახდა. რამდენიმე კვირის წინ სწორედ The Economist-მა ვალერი ზალუჟნის რეზონანსული ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაცია ჩიხში შევიდა.

„ბატონმა ზელენსკიმ საჯაროდ გააკრიტიკა თავისი გენერალი ასეთი განცხადებებისთვის. შემდეგ მან ზალუჟნი გააფრთხილა, რომ ის სამხედრო, და არა პოლიტიკური საკითხებით უნდა იყოს დაკავებული“, – წერს ბრიტანული გამოცემა.

The Economist-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზალუჟნი, შესაძლოა, დაუფიქრებლად მოიქცა, როდესაც პრეზიდენტის ოპტიმისტურ პოზიციას ღიად დაუპირისპირდა.

„ახლა პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ფრონტზე წარუმატებლობა – გენერლების ბრალია, რომლებიც საბჭოთა სამხედრო სკოლებში სწავლობდნენ, ხოლო გენერლები აცხადებენ, რომ მათ ბრიყვი პოლიტიკოსები ხელს უშლიან. გამარჯვებას ბევრი მამა ჰყავს, ხოლო არავის სურს, რომ ჩიხში შესული სიტუაციის მშობელი იყოს,“ – წერს The Economist.

უკრაინის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს შორის ურთიერთობები გამოძიებამაც გაართულა, რომლის ფარგლებში 2022 წლის თებერვალში და მარტში უკრაინის სამხრეთ ნაწილში თავდაცვის ჩავარდნის მიზეზების გამოძიება ხდება, მაშინ რუსეთმა სულ რამდენიმე კვირაში ყირიმისკენ სახმელეთო დერეფანი გაჭრა. მაშინ აუცილებელი იყო რამდენიმე ხიდის აფეთქება, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ სიტუაციას მომზადებულები ვერ შეხვდნენ. ზალუჟნი ამ საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს, თუმცა ეს ეტაპზე.

ასევე, გამოცემა სოციოლოგიურ კვლევების შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით უკრაინის მთავრობაში კორუფციული სკანდალების ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 32%-მდე შემცირდა, ხოლო ზალუჟნის პოპულარობის რეიტინგი 70%-ია. „ის, რომ ზალუჟნი პოლიტიკურ ნაბიჯებს არ დგამს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ამ მხრივ ზელენსკისთვის გარკვეულ საფრთხეს არ წარმოადგენს“, – წერს ბრიტანული გამოცემა The Economist.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის − რკინიგზის მოდერნიზაციის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და საქართველოს აეროპორტების განვითარების პროექტები.
ანაკლიის პროექტზე საუბრისას აღინიშნა, რომ 2024 წელს დაიწყება საზღვაო საამშენებლო სამუშაოები. ამავე წელს გამოვლინდება კერძო პარტნიორი, რომელთანაც  გაფორმდება კონცესიის ხელშეკრულება.  2024 წელს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით განავითარებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას.
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტების განვითარების პროექტს, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება. საკითხზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ახალ აეროპორტს ექნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ფუნქცია მაღალი დონის სამგზავრო და  სატვირთო ტერმინალებით, რათა შესაძლებელი იყოს ნებისმიერი ზომისა და ტიპის როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღება და მომსახურება.
საუბარი  შეეხო თელავში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, რომელიც წელიწადში 50,000-ამდე მგზავრს მოემსახურება. გეგმაზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ სრულიად განახლდება და 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა, ასევე მთლიანად განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თელავის აეროპორტი პირველ მგზავრებს 2024 წელს უმასპინძლებს. პირველადი შეფასებით მისი განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს.
ყურადღება დაეთმო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ ღონისძიებებს და ხაზი გაესვა, რომ აშენდება  3.5 კმ სიგრძის ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს ნებისმიერი ზომის საჰაერო  ხომალდის მომსახურებას, შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას, ამავდროულად უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების ოპერირებას შეზღუდვების გარეშე. პროექტზე მუშაობა უნდა დასრულდეს 2023 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც უმოკლეს ვადაში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
მთავრობის წევრებმა  ასევე იმსჯელეს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე. 2024 წელს დასრულდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას, შეამცირებს ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს, ხოლო რკინიგზის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონას მიაღწევს.
საუბრისას განიხილეს  დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგები.  აღინიშნა, რომ ზიანი დეტალურად დაითვლება  და  ინფრასტუქტურა მოკლე ვადებში  აღდგება.  ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“რეკომენდაცია მაქვს, თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში – მელია” – მაჭარაშვილ

„ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ისეთი სიხშირით ატარებენ, რომ, მგონი, პარლამენტის მორიგი არჩევნები საერთოდ გამორჩებათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ რეკომენდაცია მაქვს – თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში – მელია, შაბათ-კვირას კი ხელჩაკიდებულებმა იარონ ხან კვიპროსში, ხან „ვივამედში“. ასე ერთიანად პარტიას გადაარჩენენ და არჩევნებამდე მივლენ. სხვა გამოსავალი არ არის, თუმცა ერთი მაინც არის: თავმჯდომარის პოსტი გააუქმონ და თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში, სააკაშვილთან მიიტანონ, სადაც დახვდებათ ბოტასები და ამ თანამდებობისთვის ბრძოლა აღარ იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა იმართება. პარტიამ პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.

კრემლს სურს ქვეყანაში შესვლისას უცხოელებმა “ლოიალურობის შეთანხმებას” მოაწერონ ხელი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ  კანონპროექტი მოამზადა, რომელიც უცხოელებს აიძულებს ხელი მოაწერონ “ლოიალურობის შეთანხმებას”, რომელიც კრძალავს ოფიციალური პოლიტიკის კრიტიკას, საბჭოთა სამხედრო ისტორიის დისკრედიტაციას ან “ტრადიციული” ოჯახური ღირებულებების დარღვევას.

უცხოელებს ეკრძალებათ კანონების მიღების ან გაუქმების წახალისება, ბუნებრივი რესურსებისადმი დაუდევრად მოპყრობა, კულტურული ფასეულობების უგულებელყოფა. კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოელებს მოეთხოვებათ, არ გამოიჩინონ “უპატივცემულობა რუსეთის მოსახლეობის რეგიონული და ეთნოკულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების, ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულებების მიმართ”.

უცნობია, გავრცელდება თუ არა უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, ან რა სასჯელი იქნება გათვალისწინებული მისი დარღვევისთვის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობისმცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

,,ავტორს ან წარმოდგენა არ აქვს ჟურნალისტიკაზე ან სტატია მილიონებით არის დაფინანსებული”- ოდიშარია

ყველა რედაქციაში, მათ შორის, საქართველოშიც არის ერთი-ორი უნიჭო, რომელიც თავის თავს ჟურნალისტს უწოდებს და ამ დროს არის თხუპნია – ურჩევნიათ ენას კბილი დააჭირონ, კალმები ჩაიდონ ჯიბეებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ POLITICO-ს სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამრევი პირების სიაშია და ოლიგარქად არის მოხსენიებული.

ოდიშარია მიიჩნევს, რომ ავტორს ან წარმოდგენა არ აქვს ჟურნალისტიკაზე ან სტატია მილიონებით არის დაფინანსებული. ოდიშარია ასევე არ გამორიცხავს მის მიერ დასახელებული ორივე მიზეზის არსებობას.

„ვიცნობ ამ უნიჭო, აბსოლუტურად არაკორექტულ და არაპროფესიონალ პუბლიკაციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, განპირობებულია ერთი ან მეორე მიზეზით ან ორივეთი ერთად. ერთი არის ის, რომ ადამიანი (ავტორი) არის გაუთვითცნობიერებელი და ყველა რედაქციაში, მათ შორის, საქართველოშიც არის ერთი- ორი უნიჭო, არაპროფესიონალი, რომელიც თავის თავს ჟურნალისტს უწოდებს და ამ დროს არის თხუპნია და წარმოდგენა არ აქვს ჟურნალისტიკაზე ანდა დაფინანსებულია მილიონებით, რომლითაც ფინანსდებოდა სააკაშვილის გამოცხადებული სიკვდილის ვითომცდა ეს ქრონიკა. ფულს იხდის ხალხი, რომ დაზიანდეს ქვეყანა. ჰო, ბიძინა ივანიშვილი თურმე ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მიგვიძღვის რუსეთისკენ და ამ დროს მისი გაპრემიერების შემდგომ საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, ახლა კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. Politico- ს, ვიღაცის მიერ ნაყიდ ხელის ბიჭს თუ გოგოს თუ რედაქციის იმ ნაწილს, რომელიც წარმოდგენას არ იქონიებს და არც აინტერესებს საქართველოს ბედ-იღბალი, ნამდვილად სერიოზულად ვერ აღვიქვამთ. ურჩევნიათ ენას კბილი დააჭირონ, კალმები ჩაიდონ და შეინახონ თავიანთ ჯიბეებში,”- განაცხადა ოდიშარიამ.

 

 

,,ვინც „არც იქანა მიიღონ, არც აქანა მიიღონ“ და არსად უნდათ, ამას მე ვერ მოვაგვარებ”- ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ძლიერი ორგანიზმია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ვერ მოერევა იმ წარმატებას, რომლისკენაც მივდივართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ვისაც პარტიასთან ერთად ბრძოლა უნდა, კარი ყველასთვის ღიაა.

„ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალურად მოქმედების უფლება. ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა პარტიასთან ერთად ბრძოლა, იბრძოლოს პარტიასთან ერთად. ვინც „არც იქანა მიიღონ, არც აქანა მიიღონ“ და არსად არ უნდათ, ამას მე, ლევან ხაბეიშვილი ვერ მოვაგვარებ.

ძალიან მარტივს რამეს გეტყვით, ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ინსტრუმენტი ივანიშვილის, კორუფციის და რუსული ოცნების დამარცხებისთვის არის გამარჯვების კოალიცია „ნაციონალური მოძრაობა“. კონკრეტული ადამიანები მაწუხებს თუ არა? ყველა ადამიანი მაწუხებს აბსოლუტურად და მინდა, რომ ყველა ერთად ვიყოთ, თუმცა თუ მათ ეს არ სურთ, ეს დაგვაზიანებს თუ არა? ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ძლიერი ორგანიზმია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, როცა იდეოლოგიაზე და ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ვერ მოერევა ამ წარმატებას, რომლისკენაც მივდივართ ჩვენ. ამიტომ როცა კონკრეტულ სახელსა და გვარებზე ვლაპარაკობთ, მათზე მნიშვნელოვანი ადამიანებიც არიან სხვადასხვა რეგიონში და ქალაქებში, რომლებიც ხმის ამოუღებლად 24 საათი მუშაობენ. ამიტომ ჩვენი საქმე ის კი არ არის, რომ კონკრეტულ ადამიანებს ნერვებზე მასაჟები ვუკეთოთ, ჩვენი საქმეა ბრძოლა და ამას ვაკეთებთ. ვისაც უნდა მოგვყვება. სხვა ბრძოლის ხერხს ირჩევს? ღმერთმა გაუმარჯოს. ჩვენ მხოლოდ დავეხმარებით ყველას და საარჩევნო უბნებზე ჩვენს ინფრასტრუქტურას ვთავაზობთ. დავიცვათ ყველას ხმა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში კიდევ შეიკრიბება პოლიტსაბჭო და 23 ნოემბრის მანიფესტს კონკრეტული ადამიანები შემოუერთდებიან, მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრებთან.

„23 ნოემბერს ძალიან კარგი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ეძღვნებოდა „ვარდების რევოლუციას“ 20 წლისთავს. ზოგი კონკრეტული ლიდერი დაიმალა ამ დროის განმავლობაში. ყველა მიხვდება რაზეც ვსაუბრობ.

ამის შემდეგ ჩვენ ვმუშაობდით ამ კონკრეტულ ადამიანებთან, ვინც დღეს თქვენს წინაშე იყო და მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები, თუმცა ყველა ერთად ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. ყველა ადამიანთან იყო საჯარო და პირადი კომუნიკაცია. ვინც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს, დღეს თქვენ აქ ნახეთ ეს ადამიანები. გარწმუნებთ, უახლოეს პერიოდში, შემდეგ პოლიტიკურ საბჭოზე კიდევ კონკრეტული ადამიანები ამ მანიფესტს შემოუერთდებიან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლიტიკური საბჭოს ყოფილ წევრებთან. კარი არის ღია.

ღია კარის მტვრევას ყველა უნდა შეეშვას. „ნაციონალური მოძრაობა“ შანტაჟს არ ექვემდებარება. ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, შეუძლიათ ეს აკეთონ „ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.