Home Blog Page 1829

“სააკაშვილის მეგობრობა ან მისი ლობირება ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს დანაშაულის, ძალადობისა და კრიმინალის მეგობრობასა და ლობირებას”

ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონი“ – ე.წ. FARA აღმოჩნდა პანდორას ყუთი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ფაქტობრივად, ის მავნებლური საკითხები, რაც „ნაცმოძრაობაში“ უხვად არის ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე საბოლოოდ ცნობილი გახდა, თუნდაც ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც სინამდვილეში არა სააკაშვილის გადასარჩენად, არამედ საქართველოს გასაშავებლად იყო წარმოებული,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ საჭიროა ახსნა-განმარტებები ამ პროცესში საქართველოს აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის ჩართულობასთან დაკავშირებით.

„სააკაშვილის მეგობრობა ან მისი ლობირება ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს დანაშაულის, ძალადობისა და კრიმინალის მეგობრობასა და ლობირებას და არა ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების. ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ სააკაშვილის მხარეზე დგომა პირველ რიგში უსამართლობისა და მორალური ბარიერების წაშლის მხარეზე დგომაა. ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ვინც ამ არჩევანს აკეთებს, უპირისპირდება სამართლიანობას, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში საუბარია საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელზე. FARA-ს დოკუმენტების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, ნიუ-იორკში სალომე ზურაბიშვილთან უნდა გამართულიყო შეხვედრა და შუამავლად მითითებულია შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი.

“ამ კონტრაქტით ქართული საზოგადოება მიხვდა, ვინ, სად და რა საქციელს სჩადიოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”

„ამ კონტრაქტმა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ძალიან ბევრს შეუქმნა, სულ ცოტა, უხერხულობა, მაგრამ, სამაგიეროდ, საზოგადოებას აქვს კომფორტი, რადგან მიხვდა, ვინ, სად და რა საქციელს სჩადიოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქის უფლებაა იცოდეს, ვინ და რისთვის იღებს თანხებს პოლიტიკაში.

„დაფინანსებულებს შორის, სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი, მარგველაშვილიც მოხვდა. საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ დაფინანსებები მიმდინარეობს და ძალიან ბევრი, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტიც იღებს თანხებს.

ეს იყო და არის, ზოგადად, მოქალაქის ინტერესი, რომ იცოდეს, რომელი იურიდიული თუ ფიზიკური პირი რაში იღებს თანხებს. ფაქტობრივად, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვიხილეთ რადიკალური ოპოზიციისა და მისი პატრონების დღის წესრიგი. როდესაც ელჩი ამბობს, რომ ის არ იცნობს ამ ინფორმაციას, ეს არის სულ ცოტა ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა.

თებერვალში ამერიკულიდან გადმოთარგმნილ კანონსა და მის შერბილებულ ვარიანტზეც კი ამბობდა ელჩი დეგნანი, რომ რუსული კანონია, მაგრამ ეს „რუსული კანონი“ დღეს ძალიან კარგად მოქმედებს ამერიკაში და სწორედ მისი წყალობით გავიგეთ ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ. საქართველოში ჟურნალისტი და მედია კი არა, ალბათ, მოქალაქე აღარ დარჩა, რომ ამ კონტრაქტის შესახებ არ გაეგო. უფრო სწორად გიული ალასანიასა და ელჩის გარდა თურმე ყველამ გაიგო, მხოლოდ მათ ვერ გაიგეს, რა არის ეს კონტრაქტი. ეს, სულ ცოტა, შეურაცხყოფაა! ეს დამოკიდებულება არ არის არც დიპლომატიური და არც – პარტნიორული, როდესაც არ იცი იმის შესახებ, რომ შენი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მილიონიანი კონტრაქტი, სადაც შენ ხარ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს სამხედრო რეზერვისტებისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის სამხედრო რეზერვში ყოფნის ასაკობრივ ზღვარს, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, 5 წლით ზრდის.

„სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ ფედერალურ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ჯარისკაცებისთვის, მეზღვაურებისთვის და სერჟანტებისთვის ასაკობრივი ზღვარი ადრე არსებული 35-დან 40 წლამდე იზრდება, ზემდეგებისთვისა და “პრაპორშჩიკებისთვის”, 45-დან 50 წლამდე, ხოლო მიჩმანებისთვის 50-დან 55 წლამდე.

გარდა ამისა, კანონი ახანგრძლივებს სამობილიზაციო რეზერვში მყოფთა ასაკობრივ ზღვარსაც.

ახალი წესები 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ბათუმში ისტორიული შენობის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ბათუმში ისტორიული შენობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, საგამოძიებო ორგანოებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში „საყდრისის კომიტეტი“ აღნიშნავს, ბათუმში XX საუკუნის დასაწყისით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რესტავრაციის ნაცვლად დაზიანდა, რასაც ადასტურებს სამხარაულის ბიუროს დასკვნაც.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ცნობილი გახდა ბათუმში XX საუკუნის დასაწყისით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტის შესახებ.

სამწუხაროდ, რუსთაველის ქ. #7-ში მდებარე შენობის „რეაბილიტაცია“ სავალალო შედეგებით მიმდინარეობს – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტური იერსახის შენარჩუნებაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „იორ ბუილდინგ კომპანის,“ უნდა ეზრუნა, თუმცა, რეაბილიტაციის ნაცვლად, სამშენებლო კომპანიის ე.წ. რესტავრატორებმა ძეგლი თავდაპირველ მდგომარეობაზე მეტად დააზიანეს.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად ცხადია, რომ შენობაში მოხდა დიდი რაოდენობით წყლის ჩადინება, სავარაუდოდ, სამუშაოების დროს დაზიანდა სახურავი. ამასთან, გაურკვეველია, რა ვითარებაში დააზიანეს უძველესი კედლის დეკორი (რომელიც ვანდალურადაა ჩამოფხეკილი) და სადარბაზოში არსებული ჩუქურთმები.

მნიშვნელოვნად დასველდა კედლები, რის შედეგადაც გაჩნდა ბზარები. ამას ადასტურებს სამხარაულის ბიუროს დასკვნაც. შენობის დათვალიერების შედეგად, ექსპერტიზამ დაადგინა არაერთი დაზიანება, რომელიც სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

ზემოხსენებული საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სტანდარტების დარღვევით, არასაკმარისად კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ტარდებოდა. უცნობია, რა პრინციპით შეირჩა ეს კომპანია ტენდერში გამარჯვებულად და ჰქონდათ თუ არა მის სპეციალისტებს საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება. ამასთან, რამდენად ეფექტური ზომები მიიღო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ძეგლზე უხეშად ჩატარებული სამუშაოების შედეგად სავალალო შედეგი დადგა. ვფიქრობთ, ამ კითხვებზე პასუხი უკვე გამოძიებამ უნდა გასცეს.

სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის დაზიანებას და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საჯაროდ მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, ბ-ნ ირაკლი შოთაძეს, საგამოძიებო ორგანოებმა მოახდინონ მყისიერი რეაგირება და პირად კონტროლზე იქნას აყვანილი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი, რადგან საქმე ეხება ბათუმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ქალაქის უძველეს ნაწილში მდებარე შენობას, რომლის ხელყოფაც პირდაპირ ნიშნავს მისი ისტორიული იერსახის დამახინჯებას. სამწუხაროდ, სახეზეა „ისტორიული“ ვანდალიზმის მძიმე შემთხვევა.

ცნობისთვის, ბათუმში, რუსთაველის ქ. #7-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 1904 წელს აშენდა. სახლი რენესანსულ-ბაროკულ სტილშია აგებული, გარე ფასადი შემკულია ქვაში ნაკვეთი ორნამენტებით, გირლანდებით, სვეტებით. ინტერიერში აღსანიშნავია ცენტრალური სადარბაზოს მოზაიკური იატაკი, ლითონის ჭვირული მოაჯირი, კედლებისა და ჭერის დეკორი”, – ნათქვამია განცხადებაში.

„საყდრისის კომიტეტი“ შესაბამის ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბმულზე: https://youtube.com/shorts/g7rB2IfYXak?feature=share

ბერდიანსკის მიმართულებაზე რუსეთის ჯარმა 1.4 კილომეტრით უკან დაიხია – უკრაინის თავდაცვის ძალები

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბერდიანსკის მიმართულებაზე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე რუსეთის ჯარმა 1.4 კილომეტრით უკან დაიხია.

„გვაქვს წარმატება, ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მელიტოპოლის მიმართულებაზე საგრძნობი ცვლილებები არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბ ჯაფარიძის ცემისთვის ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცემისთვის დაკავებული პირი გორის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავად ჯაფარიძე წერს.

„გორში რომ ჩამარტყა, ის კაცი გაუშვიათ გირაოთი, ან აქამდე რას აწვალეს“, – წერს ჯაფარიძე.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ცნობისთვის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს გორში, „სმარტთან“ 17 ივნისს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ჯაფარიძემ დაზიანება თვალის არეში მიიღო. ის რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

“მხიარული პასუხი მაქვს, თუ გადავწყვიტე ამ სიბერეში მექრთამეობა, რატომ დამიწერეს 11 500 დოლარი, ცოტა შეურაცხმყოფელი თანხაა”- მარგველაშვილი

ბინძურ ტყუილებსა და პროპაგანდაზე კომენტარს სერიოზულს და სიღრმისეულს არ ვაკეთებ და უფრო მხიარული პასუხი მაქვს: თუ გადავწყვიტე ახლა მე ამ სიბერეში მექრთამეობა, რატომ დამიწერეს 11 500$, ცოტა შეურაცხმყოფელი თანხაა, ასე დავიწყო ჩემი მექრთამეობრივი ბიოგრაფია? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, დეტალებში შესვლა და საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით რა კომენტარის გაკეთებაც მინდოდა, ის ვთქვი. ბინძურ პიარზე და ტყუილზე კომენტარს არ ვაკეთებ. თქვენ რასაც მთხოვთ, ეს არის, რომ სიღრმისეულად შევიდე ამ თემაში. პოლიტიკური პოზიციაა ეს ჩემი, რომ ბინძურ ტყუილებზე კომენტარი არ უნდა ვაკეთო. ხაზს ვუსვამ, ბინძურ ტყუილებზე კომენტარს არ ვაკეთებ. მე არ შევალ დეტალების განხილვაში, ბინძური ტყუილია, ბინძურ ტყუილებზე არ ვაღრმავებ თემას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივლისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6003 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6003 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5771 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0232 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8837 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8673 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა

“სოფო ჯაფარიძეს ვთხოვე, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ”

სოფო ჯაფარიძის მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად გამომიგზავნის თავის ანალიზს. ასევე ვთხოვე, პერიოდულად იქამდე, სანამ ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში და არ მაქვს საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სოფო ჯაფარიძეს საზოგადოების დიდი ნდობა აქვს.

„ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს ბევრ სხვა სასარგებლო საქმესთან ერთად, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ. ასევე მაქსიმალურად გვერდში დამიდგეს ჩემთვის და ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროს, ეს არ ანაცვლებს პარტიის რაიმე ფუნქციას (თუმცა სოფო პარტიის აქტიური ლიდერია საკრებულოში).

არსებობს ბევრი სხვა საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს, ან არ ეხებოდეს პოლიტიკას. სოფოსთან ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია. ის არის უნიჭიერესი და აქვს საზოგადოების დიდი ნდობა. მიხარია, რომ დათანხმდა.

სოფოს მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად გამომიგზავნის თავის ანალიზს. ასევე ვთხოვე, პერიოდულად იქამდე, სანამ ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში და არ მაქვს საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს“,- წერს სააკაშვილი.

“ამერიკიდან ვიგებთ, თუ ვინ არიან უცხო ქვეყნის აგენტები ჩვენთან” -თამარ ჩიბურდანიძე

მართალია, FARA-ს კანონი, რომელიც ამერიკაში საუკუნეა, წარმატებით მოქმედებს, საქართველოში თავად ამერიკელებმა არ მიგვაღებინეს, მაგრამ სწორედ ამ ამერიკამ გაგვაგებინა, თუ ვინ არიან უცხო ქვეყნის აგენტები საქართველოში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საეჭვოა, რომ მარგველაშვილი რამდენიმე ათასი დოლარის სანაცვლოდ იცავდეს სააკაშვილის მილიარდებს.

„წინაპრების გამონათქვამია: სირცხვილი (ცუდი ქმედება) რამდენიც არ უნდა მალო, თავს მაინც ვერ დამალავსო. ასე მოუვიდათ უცხო ქვეყნის აგენტებს საქართველოში. მართალია, FARA-ს კანონი, რომელიც ამერიკაში საუკუნეა, წარმატებით მოქმედებს, საქართველოში თავად ამერიკელებმა არ მიგვაღებინეს, მაგრამ სწორედ ამ ამერიკამ გაგვაგებინა, თუ ვინ არიან უცხო ქვეყნის აგენტები საქართველოში.

არ მეგონა, 11 000 დოლარადაც თუ აწერდნენ ხელს აგენტობაზე, ვფიქრობდი, უფრო „სარფიანად“ მუშაობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, თურმე სინდისი ყველანაირ თანხაზე იყიდება. სააკაშვილმა მილიარდები წაართვა საკუთარ ხალხს და მარგველაშვილი რამდენიმე ათას დოლარად იცავს მის მილიარდებს? ასე გაუჭირდა? თუ დამკვეთები არაფერს გეკითხებიან და თანხების რაოდენობასაც თავად განსაზღვრავენ? ასე იცის მონობამ, აგენტობამ და საკუთარი თავის დაკარგვამ.

რადგან ამერიკული კანონი არ მიგვაღებინეს საქართველოში სიმართლის გასაგებად და სხვისი მტრული ზრახვების დასამალად, ისევ გიული ალასანიას უნდა ვთხოვოთ, რაც შეიძლება მეტი ფული დახარჯოს და ამერიკიდან გაგვაგებინოს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მოღალატე. ეს ისედაც ვიცით, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდიდან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციას სულ სხვა ძალა აქვს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ცინცაძის ქუჩაზე კიდევ ერთი სკვერი განახლდა

საბურთალოს რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციასა და მოწყობას განაგრძობს.

ამჯერად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცინცაძის ქ. N3-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში განხორციელდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სამუშაოების შედეგად, სკვერის ტერიტორია გაიზარდა. 1 200 კვ. მ ფართობზე განთავსდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა. დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემაც.

კეთილმოწყობის დასკვნით ეტაპზე, დაირგო 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და გამწვანდა დასასვენებელი სივრცე.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 253 427 ლარი გამოიყო. სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მონოლითი 2005“ შეასრულა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

“მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით”-მამუკა მდინარაძე

გიორგი მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით და წარმოიდგინეთ რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 11 500 დოლარი სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციაზე მუშაობისთვის ჩაერიცხა.

„მხოლოდ იმაში, რომ ერთ დღიანი რაღაც პეტიცია და კოალიცია შექმნა მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის დასახსნელად თუ რაღაც სათაური რომ იყო ხომ გახსოვთ, აი ამ ნიუსის, ერთ საათიანი ტყუილის გავრცელებაში 11,500$ ია გადახდილი. ანუ მარგველაშვილის მხარდაჭერა ამ თანხით იყო ერთი „ფეიკის“ გავრცელებაში და თქვენ წარმოიდგინეთ მთლიან კამპანიას რამხელა ფინანსები სჭირდება, რომლის ფორმალიზებაც არ მომხდარა. როგორც ჩანს, ფულის გადახდა ხელშეკრულებაში ამის გაწერის გარეშე ვერ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ თანახმად, რომ მარგველაშვილის მდაბიო, ერთ საათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით. ერთ საათიანი ტყუილი და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ და მარტო ფული ამას არ ჰყოფნის. ამას მხარს და ზურგს უმაგრებენ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.