Home Blog Page 1827

“ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიებმა ტენდერებით 2,6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს”

ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 49 სახელმწიფო შესყიდვით, 2014-2022 წლებში 2,687,008 ლარი მიიღეს – აქედან 1,928,488 ლარი (71.7%) დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი რძლის ძმა იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ხაჩიკ მოსოიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები, შპს „ვემი“ და შპს „გოლდ 777“ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს.

„ხაჩიკ მოსოიანი 2013-2014 წლებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, 2018-2019 წლებში კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ხაჩიკ მოსოიანის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, მისი კომპანიები, შპს „ვემი“ და შპს „გოლდ 777“ სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ.

შპს „ვემ“ მისმა რძალმა, ერანუჰი ალექსანიანმა 2014 წლის მაისში დააფუძნა და სახელმწიფო შესყიდვების მიღება დაიწყო ახალქალაქის მერიაში, სადაც მის ძმას, ხაჩატურ ალექსანიანს იურიდიულ სამსახურში ჯერ სპეციალისტის, 2015-2021 წლებში კი უფროსის პოზიცია ეკავა. შპს „ვემს“ ხაჩიკ მოსოიანის ოჯახი 2019 წლამდე ფლობდა. სხვადასხვა დროს კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი იყო თავად ხაჩიკ მოსოიანიც და მისი შვილი, ვარდ მოსოიანიც.

შპს „ვემმა“, 2014-2018 წლებში 23 სახელმწიფო შესყიდვით 1,324,297 ლარი მიიღო. აქედან, 18 შესყიდვით, ჯამში, 1,144,874 ლარზე (86.4%) ხელშეკრულებები ახალქალაქის მერიამ გაუფორმა. ასევე, 497 957 ლარი (37.6%) კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა.

მოსოიანებმა კომპანია 2019 წლის იანვარში მას შემდეგ გაყიდეს, რაც შპს „ვემის“ მიერ 2014 წელს ახალქალაქის მერიაში, ოთხი სოფლის წყლის რეაბილიტაციაზე 75 000 ლარად მოგებული ტენდერის გამო, ახალქალაქში გაერთიანებული წყალმომარაგების ოფისის მენეჯერი ვარდ მოსოიანი დააკავეს. მას, 2018 წელს, მითვისება–გაფლანგვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. გამოძიების მტკიცებით, ვარდ მოსოიანის მეუღლის, ერანუჰ ალექსანიანის სახელზე რეგისტრირებულმა კომპანიამ სამუშაოები ახალქალაქის წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკით და მუშა-ხელით განახორციელა.

შპს „ვემის“ გაყიდვის შემდეგ, ხაჩიკ მოსოიანმა, 2019 წლის აპრილში, შპს „გოლდ 777“ დააფუძნა. დღემდე შპს „გოლდ 777“-ს 26 შესყიდვით 1,362,711 ლარი დაერიცხა. აქედან ახალქალაქის მერიამ, 15 შესყიდვაზე, ჯამში, ხელშეკრულებები 783,614 ლარზე (57.5 %) გაუფორმა. ასევე, 655,632 ლარი (48.1%) ხაჩიკ მოსოიანის კომპანიას უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, მისი კონკურენტების დისკვალიფიკაციითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა.

ჯამში, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ორივე კომპანიამ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით 1,153,589 ლარი (ჯამურად მიღებული თანხის 42.9%) მიიღო.

ხაჩიკ მოსოიანმა, 2021 წლის 12 აგვისტოს მმართველი პარტიის ანგარიშზე 5 000 ლარი შეიტანა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შიესწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“რიკოთზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და გადაადგილება პარალიზებულია”- თაზო დათუნაშვილი

საქართველო ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი თაზო დათუნიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილზე უამინდობის გამო პრობლემებია შექმნილი.

„გიზიარებთ თვითმხილველების მოწოდებულ ინფორმაციას – დაახლოებით, ერთი საათის წინ, რიკოთის უღელტეხილზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია. საქართველო ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში. ვისაც რამე საქმე გქონდათ, იცოდეთ რომ რიკოთი დაკეტილია გაურკვეველი ვადით – ახლა რა პასუხი ექნება უტიფარ და უსახელო მინისტრს? შემდეგ მეწყერამდე სისულელეების ბოდვაში გაატარებს? რიკოთზე მომუშავე ჩინური კომპანიები არიან საშიშები და მძიმე რეპუტაციის. ეს არ არის პოლიტიკური დავის საგანი, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ქვეყნის ცენტრალურ გზას. ნუთუ ამდენს ვერ ხვდებით? სანამ მსხვერპლი არ იქნება არ გამოფხიზლდებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო?” – აცხადებს დათუნიშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.

“რა წვიმა, რის წვიმა, შოტლანდიელებისათვის მზე ანათებდა?” – ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში საქართველო-შოტლანდიის მატჩს ეხმაურება:

“ვიცი დაიწყებენ… მაგრამ მაინც უნდა დავწერო! როგორც მშობელი ცდილობს ყოველთვის გულის სიღრმეში თავისი 100%-ით დამნაშავე შვილი გაამართლოს, ისე ვცდილობთ ჩვენ ჩვენი საფეხბურთო ნაკრების გამართლებას!
არადა სიმართლეს ვიტყვი რა წვიმა რის წვიმა, შოტლანდიელებისათვის მზე ანათებდა?

და რა ვუქენით “ლივერპულს” სუფთა ინგლისურ ამინდში 1979 წლის 3 ოქტომბერს არ გახსოვთ სტაჟიანებს?
და როგორ მოვუგეთ უსირცხვილო, უნამუსო “ფეიენოორდს”!

და რაც მთავარია ჩვენ 30 წელია თავს მოხვეულ ომებში დამარცხებული, ოკუპირებული, ჭყონიებისნაირებისაგან ეკონომიკა გაძარცული და მეგობრებად წოდებულნი ყოველი დღე, რომ უნამუსოდ გვამცირებენ ის ერი ვართ!

ამიტომაც ამ სინდრომიდან გამოსვლას აუცილებლად სჭირდება სულ მცირე, სულ მცირე, მაგრამ მაინც გამარჯვებები!

ამიტომაც ნახეთ რა აჟიოტაჟი გამოიწვია ხალხში წუხანდელმა ჩვენი ახალგაზრდულის ყრმა კაცობაში ფეხშედგმული ქორთუების გამარჯვებამ!

ქება და დიდება მწვრთნელების მეთაურობით თითოეულ მათგანს! ოეულ
ქება და დიდება იმ საბა საზონოვს, რომელსაც ბურთის დიდებულ ფლობასთან ერთად დედის მშობლიური ენა შესანიშნავად შეუსისხლხორცებია! ქება და დიდება იმ ბიჭებს, რომლებიც მიუხედავად ჯოჯოხეთური გრაფიკისა შოტლანდიიდან ჩამოფრინდნენ და საქართველოს გვერდით დაუდგნენ!

რა დააკლდათ ამით პირიქით მოემატათ!
ასევე რომ მოქცეულიყვნენ “ვარსკვლავური ავადმყოფობით” დაავადებული ის, ორი მობურთალი რა დაუშავდებოდათ?
არაფერი, პირიქით! უფრო მეტიც – მილიონჯერ სიყვარული და დაფასება მოემატებოდათ!
მათი გამოსვლა და სტადიონზე ყოფნა ათასობით პატარა ბიჭუნას აუჩქროლებდა გულს სამშობლოს მსახურებაზე!

მაგრამ ამას უნდა ერთი რამ, რომელიც არ და ვერ ისწავლება ქვეყნისადმი – ჯიგარის დადება, ჯიგარის!
ერთი ეს გაეკეთებინათ იმ კლუბებში, სადაც თამაშობენ!
წარმოგიდგენიათ რა დღე დაადგებოდათ!
უბრალოდ ვერ, არ გაბედავდნენ და არც არავინ გააბედვინებდათ!
ამიტომაც მართალი იყო აბელი, სეთური და არქიფო, როდესაც ამბობდა:
სპირიდონა სულანჯიასათვის იმ ათიდან ორი გოჭი კი არ უნდა მიმეცა, არამედ ერთი და მაშინ არ დაიწყებდა…..
ჭეშმარიტი ქართველები ამ ქვეყნისათვის შვილებს სწირავდნენ და დარწმუნებული იყავით თუ დასჭირდება კიდევ გასწირავენ!

თქვენ კი ბიჭებო რა ნახეთ ისეთი და რა იშოვეთ, რომ საბურთაოდ სტადიონზე გამოსვლაზეც კი უარს ამბობთ!
დავიღალეთო!
რამ დაგღალათ საქართველოს უმძიმესი სიტუაციიდან გამოსვლაში თქვენი უმცირესი წვლილის დადების სურვილმა?!
გაიხსენეთ რას ამბობდა წმინდა ილია მართალი: “სამშობლოს მსახურება ყველგან მსხვერპლია და არა სეირიო”!
მე მაპატიეთ!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.

40-ზე მეტი შეტაკება დღე-ღამეში – რა ხდება ომის 484-ე დღეს უკრაინაში

ომის 484-ე დღეს, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინული მხარის მტკიცებით, კონტრშეტევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების კარგად ორგანიზებული თავდაცვა და დანაღმული ტერიტორიები აფერხებს, თუმცა შენელებული ტემპის მიუხედავად, ოპერაცია გეგმის მიხედვით ტარდება და ოკუპანტები ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მძიმე დანაკარგს განიცდიან.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს კრემლის ლიდერი, რომლის თქმითაც, უკრაინის კონტრშეტევის ყოველგვარი მცდელობა დამარცხებისთვისაა განწირული.

უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალების დისლოცირების 13 ტერიტორია და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერმა, გასული დღის განმავლობაში, 44 საჰაერო და სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ თავდასხმებისთვის ირანული Shahed-ის დრონები გამოიყენეს. ყველა მათგანი ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს. მტერმა ასევე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გახსნა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებზე და მძიმე ბრძოლა გრძელდება. აღნიშნული მიმართულებებით, რუსებსა და უკრაინელებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

„თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 12 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოცირების ტერიტორიებს და 6 – მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს. ასევე, ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს რუსული “მი-24“ ტიპის ვერტმფრენი და 7 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, 1 საზენიტო-სარაკეტო სისტემას, მტრის პერსონალი და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 ტერიტორიას, 13 საარტილერიო დანადგარს და მტრის საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

 

“თუ ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ შეერთებული შტატების ელჩი გამოვა და ღიად იტყვის, რომ საქართველოს ომში მონაწილეობის როლი აქვს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება”-ხუნდაძე

„ხელისუფლება რომ ვერ ამბობს სათქმელს ბოლომდე, სწორედ ამიტომ იყო ჩვენს შორის გარკვეული აცდენა (არა ღირებულებითი), ჩვენ ეს თავიდანვე განვაცხადეთ, როდესაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, სწორედ „ხალხის ძალის” დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრ სიცრუეს აეხადა ფარდა და დღეს საზოგადოება ბევრად ინფორმირებულია, ხელისუფლებამ კი შეძლო ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვის რისკი.

„თუ ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ შეერთებული შტატების ელჩი გამოვა და ღიად იტყვის, რომ საქართველოს ომში მონაწილეობის როლი აქვს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. ხელისუფლება რომ ვერ ამბობს სათქმელს ბოლომდე, სწორედ ამიტომ იყო ჩვენს შორის გარკვეული აცდენა (არა ღირებულებითი), ჩვენ ეს თავიდანვე განვაცხადეთ, როდესაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სიმართლის ხარისხი არ იყო იმგვარი, რაც სჭირდებოდა საზოგადოებას. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულირების სცენარი და ჩვენ ვნახეთ ლობისტური კომპანიების დაქირავება, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფი, არაერთი ექსპერტი, სქელტანიანი სამედიცინო დასკვნები (გაყალბებული) და ევროკავშირის ქვეყნების 27-ვე ელჩის თუ არა, უმეტესობა მათგანის ხან მარში, ხან დემარში.

ერთ კაცის გარშემო იყო აურზაური, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ერთი კაცის დაცვისთვის, ან მხოლოდ მისი ინტერესებისთვის, ისევე, როგორც მისი შემოყვანა საქართველოში არ იყო მხოლოდ ის, რომ სააკაშვილს საქართველო მოენატრა. ჩვენ ვნახეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სპეკულაციური სცენარი სტრასბურგმა დაასრულა, ახლა კი პოლიტიკური სპეკულაციური სცენარი წამოვიდა, თუმცა ის პოლიტიკაში ყოველთვის იყო. იგი საზოგადოებას სთავაზობს, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოვიდეს, უარყოფს საქართველოს მოქალაქეობას, ქართულად არ საუბრობს და უკრაინული ენიდან თარჯიმანს ითხოვს სასამართლო პროცესზე. პრაქტიკულად, ქვეყნის იმიჯი შელახა არა მხოლოდ მან, არამედ მთლიანად ამ ჯგუფმა, რომელიც საქართველოში დესტრუქციული სცენარის შემქმნელი და ორგანიზატორია. დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ ჯგუფისთვის მიუღებელია მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – ის არ ასრულებს გარე დაკვეთებს. მესმის, რომ უკრაინაში ომის სასურველი დასასრულისთვის საქართველოს, შესაძლოა, საჭირო როლი ჰქონდა, მაგრამ საქართველოს აქვს უფლება, რომ პრიორიტეტად საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიტოვოს და არა მხოლოდ სხვის ინტერესებზე იყოს მორგებული. დღეს არ არის პოლიტიკური კეკლუცის დრო, დღეს უნდა ითქვას სიმართლე და სწორედ ამ სიმართლით საზოგადოებამ ხელისუფლებასთან ერთად (მაგრამ უმთავრესი როლი საზოგადოებას ჰქონდა) უზრუნველყო ის, რომ დღეს საქართველოს არ აქვს უკრაინის ბედი გაზიარებული.

რაც შეეხება ელჩ დეგნანის განცხადებას, ამის საპასუხოდ მე გამოვიყენებ საერთაშორისო ასპარეზზე გაკეთებულ განცხადებებს. მაგალითად, მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთი ვერ იქნება აშშ-ს ვასალი; ისრაელი ყოველთვის ძალიან დიდ დახმარებას იღებს აშშ-სგან, მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი აფიქსირებს, რომ ის არ არის ერთ-ერთი ვარსკვლავი ამერიკის დროშაზე; თურქეთის პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი პირდაპირ ამბობენ, რომ თურქეთში ამერიკის ელჩი ცდილობს, რევოლუციური გზით შეცვალოს ხელისუფლება და ომისკენ ექაჩება თურქეთს.

მოდით ასე ვთქვათ – თუკი ჩვენ ვართ სუბიექტურები, ან ვუშვებთ შეცდომებს, ან სხვა მიზნები გვაქვს, მაშინ რა ხდება თურქეთში, რა ხდება ევროპულ ქვეყნებში? ისინიც ხომ გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ დემოკრატია არის საფრთხის ქვეშ. მე მახსოვს არა მხოლოდ უნგრეთის, არამედ პოლონეთის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებიც. ამდენად, ერთი მიზანი საქართველოს მიღწეული აქვს (მაგრამ რისკები მაინც არსებობს), რომ ქვეყანა არ გაეხვეს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში. მეორე მიზანია ის, რომ ევროკავშირში მივიღოთ ღირსეული სტატუსი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო

აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეეძლებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

ცენტრი ყველა მონაწილეს სთხოვს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია ასეთია: გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

22 ივნისის ამინდის პროგნოზი

22 ივნისს ქუთაისში +22 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. ბათუმში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ფოთში დღისით წვიმა და +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +21 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

მესტიაში დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც დღისით წვიმა და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +19, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +13, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. სიღნაღში დღისით +18 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +21 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

“საქართველომ ზუსტად ისევე უნდა დაიცვას თავი ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან, როგორც ომისგან იცავს დღეს თავს”-ზაზა შათირიშვილი

საქართველომ ზუსტად ისევე უნდა დაიცვას თავი ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან, როგორც ომისგან იცავს დღეს თავს, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, არავის უნდა მიეცეს საშუალება, რომ ლგბტ პროპაგანდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პირობად დაუყენოს.

„საზოგადოებას არაერთხელ გავუზიარე ჩემი ანალიზი იმის შესახებ, როგორ ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები ერთპოლუსიანი სამყაროს შექმნას. ამ მიმართულებით მათ უკვე სერიოზულ წინსვლას მიაღწიეს. ოლიგარქიულმა ოჯახებმა გადამწყვეტი კონტროლი მოიპოვეს ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე.

ოთხი კომპანიის – „ბლექროკის“, „ვანგარდის“, „სტეიტ სტრიტისა“ და „ფიდელიტის“ სახით, მათ შექმნეს საერთაშორისო ფინანსური მონოპოლია, რომელიც მართავს უმსხვილეს აქტივებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული კომპანიები ფიგურირებს ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის უკან, რომელიც დღეს მსოფლიოში წარიმართება – უკრაინის ომით დაწყებული და ევროკომისიის კორუფციული სკანდალებით დამთავრებული.

ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც ოლიგარქიულ ოჯახებს აქვთ დასახული და რისთვისაც ისინი კომპანიებს იყენებენ, მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაა. ზემოხსენებული ოთხი კომპანია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ისეთი კამპანიების წარმოებაში, რომლებიც ლგბტ პროპაგანდას, გენდერულ თანასწორობას, ე.წ. ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტს, აბორტისა და ევთანაზიის წახალისებას, ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დანერგვას და საზოგადოებაში სხვა მანკიერი შეხედულებების დამკვიდრებას უკავშირდება. ამ კამპანიების უმთავრესი ამოცანა საზოგადოების მორალური სტერილიზაცია და მსოფლიო მოსახლეობის ათჯერ შემცირებაა. თუ ვინმეს ეს მიზანი არარეალისტურად ეჩვენება, მინდა შევახსენო – რამდენიმე ათეული წლის წინ ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ დღეს სერიოზულად მოგვიწევდა საუბარი ისეთ თემებზე, როგორიცაა არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლა, ერთსქესიანი წყვილის მიერ ბავშვის აყვანა, ნეიტრალური სქესის არსებობა-არარსებობა და სხვ. რამდენიმე ათეული წლის წინ, ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამერიკისა და საფრანგეთის 18-25 წლის მოსახლეობაში ლგბტ პირთა რაოდენობა 20 და 22 პროცენტს მიაღწევდა.

ოლდოს ჰაქსლის „ახალ საოცარ სამყაროში“ აღწერილია მსოფლიო, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართება, სადაც აღარ არსებობს ერი, ქვეყანა და რელიგია, სადაც ყველა ბავშვი ინკუბატორში იბადება, სადაც დედობა და მამობა სათაკილო მოვლენაა, ხოლო ბუნებრივი გზით ბავშვის ჩასახვის შემთხვევაში აბორტის გაკეთება ქალის ვალდებულებაა, სადაც ადამიანები ყველა ადამიანური ემოციისგან ნარკოტიკული თრობით იცავენ თავს. ასეთ სამყაროში, რომელიც, როგორც ამბობენ, ჰაქსლიმ ათეულობით წლის წინ სწორედ ოლიგარქიული ოჯახების დაკვეთით აღწერა, საზოგადოება მორალურად სტერილურია, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა სამყაროს მმართველთა შეხედულების მიხედვით განისაზღვრება. თუ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ჩავუღრმავდებით, იოლად გამოვიტანთ დასკვნას, რომ მისი მიზანი მსოფლიოს ამ მიმართულებით გარდაქმნაა, რასაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა აღუდგეს წინ. ოლიგარქიული ოჯახები მსოფლიო მოსახლეობის ათჯერ შემცირებას და მის ფასეულობებისგან დაცლილ ბიოლოგიურ მასად გარდაქმნას ისახავენ მიზნად. ამგვარი მოსახლეობა უნდა იქცეს ოლიგარქიული ოჯახების მომსახურე პერსონალად, რომელიც მის ყველა ინტერესს და დავალებას უსიტყვოდ დაემორჩილება. ​

როგორც უკვე ითქვა, ახალგაზრდა ამერიკელებსა და ფრანგებს შორის ლგბტ პირთა რაოდენობამ, შესაბამისად, 20 და 22 პროცენტს მიაღწია და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე უსწრაფესად იზრდება. არსებული ტენდენციით, ორიოდე ათეულ წელიწადში რეპროდუქციული ასაკის ამერიკელებსა და ფრანგებს შორის ლგბტ პირთა რაოდენობა 50 პროცენტს გადააჭარბებს. პარალელურად წარმოებული ე.წ. ოჯახის დაგეგმვისა და აბორტის წამახალისებელი კამპანიების ფონზე, ამერიკასა და საფრანგეთს ჰაქსლის „ახალ საოცარ სამყარომდე“ ბევრი არაფერი უკლია. ანალოგიური მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც ფსევდოლიბერალურმა იდეოლოგიამ სხვებზე მეტად დაიმკვიდრა თავი. ამ იდეოლოგიის გავრცელება ნებისმიერ სხვა ქვეყანასაც ზუსტად იმავეს უქადის. ევროპისთვის არანაკლებ მძიმე პრობლემაა ტოტალური იმიგრაცია, რომელსაც ტრადიციული ევროპული ქვეყნები, თანმიმდევრულად და სწრაფი ტემპით, ეროვნული და რელიგიური იდენტობის სრულ წაშლამდე მიჰყავს.

როგორც მოგეხსენებათ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰოლივუდია. ლგბტ პროპაგანდაში აქტიურად არიან ჩართული ჰოლივუდის მსახიობები, რომლებიც ლგბტ შვილებით იწონებენ თავს, საკუთარი არასრულწლოვანი შვილების მიერ სქესის შეცვლას საჯაროდ მხარს უჭერენ, არასრულწლოვან ბიჭებს გოგოს ტანსაცმელს, ხოლო გოგოებს ბიჭის ტანსაცმელს აცმევენ და ა.შ. ბოლო დროის განმავლობაში, თითქმის არ შექმნილა ჰოლივუდის პროდუქტი, სადაც ლგბტ პროპაგანდა უხეში ფორმით არ არის შეტანილი. ამის თვალსაჩინო მაგალითია უოლტ დისნეის სტუდიის მიერ გადაღებული საბავშვო ანიმაციური ფილმები, სადაც საყოველთაოდ ცნობილი ზღაპრების პერსონაჟები განსხვავებული სქესით ან სექსუალური ორიენტაციით არიან წარმოჩენილი. ამ ფონზე, ახალგაზრდა ამერიკელების 20-პროცენტიანი ლგბტ მაჩვენებელი არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი და ეს მაჩვენებელი მომდევნო წლებში უსათუოდ ძალიან სწრაფი ტემპით გაიზრდება.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჰოლივუდისა და მისი ლგბტ პროპგანდის უკან ზუსტად იგივე ოლიგარქიული ოჯახები და კომპანიები დგანან, რომლებიც ომებიდან და პანდემიებიდან ყველაზე დიდ ხეირს ნახულობენ. საკმარისია „გუგლის“ საძიებო სისტემას მიმართოთ და დარწმუნდებით, რომ ჰოლივუდის უმსხვილესი სტუდიების – „უოლტ დისნეი სტუდიოს“, „უნივერსალ პიქჩერსის“, „ფარამაუნთ ფიქჩერსის“, „უორნერ ბრაზერსის“ უმსხვილესი მეწილეები სწორედ „ბლექროკი“ და „ვანგარდი“ არიან, რაც იმის უტყუარი დასტურია, რომ გლობალური ფსევდოლიბერალური ომის ავტორიც გლობალური ომის პარტიაა. „ბლექროკი“ და „ვანგარდი“ არიან „კოკა კოლას“ და „მაკდონალდსის“ უმსხვილესი აქციონერებიც და ქართული „მაკდონალდსის“ საბავშვო პროდუქციაში ლგბტ პროპაგანდის შემცველი ტექსტებიც სწორედ ამას უკავშირდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველომ ზუსტად ისევე უნდა დაიცვას თავი ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან, როგორც ომისგან იცავს დღეს თავს. ფსევდოლიბერალების გამარჯვება საქართველოს იმაზე მძიმე შედეგებსაც კი უქადის, ვიდრე მას თუნდაც ცხელმა ომმა და უკრაინიზაციამ შეიძლება მოუტანოს.

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ლგბტ პროპაგანდა ევროკავშირში ინტეგრაციის პირობად დაგვიყენოს. ფსევდოლიბერალების გარდა, ყველა დაგვეთანხმება, რომ ლგბტ პროპაგანდის ზემოთ აღწერილი შედეგების პირობებში, ჩვენი ქვეყანა იმდენად დაზიანდება, რომ ასეთ დროს ვერავითარ ევროკავშირის წევრობას ვეღარ ექნება ღირებულება. შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ იქით უნდა დააყენოს პირობა, რომ საქართველოში ლგბტ პროპაგანდას არაფრის ფასად არ დაუშვებს“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

მისივე განცხადებით, როგორც ცნობილია, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას საქართველოში უცხოური აგენტურა და შესაბამისი პარტიები, „ენჯეოები“ და ტელევიზიები უწევენ პროპაგანდას.

„თითოეული ჩვენგანის ვალია, დავუპირისპირდეთ ამ იდეოლოგიას, რომელიც რამდენიმე ოლიგარქიული ოჯახის აპოკალიპტური გეგმის რეალიზებას ემსახურება. ოჯახების სურვილია, საზოგადოება აქციონ ბიოლოგიურ მასად, რომელსაც არ ექნება არავითარი ფასეულობები და შესაბამისად, ოლიგარქიული ოჯახების გეგმების წინაშე სრულიად დაუცველი იქნება. ამისათვის, უნდა გაქრეს ყველაფერი, რასაც საზოგადოებისა და პიროვნების იდენტობა ეფუძნება. ისეთი კატეგორიები, როგორიცაა სამშობლო, ეროვნება, რელიგია, ისტორია, ოჯახი, მშობელი, შვილი, სქესიც კი, უნდა წაიშალოს და ისტორიას ჩაბარდეს. თუ მრავალ ქვეყანაში უკვე დაინერგა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ადამიანს ნეიტრალური სქესის მითითების უფლება აქვს, ძალიან მალე პასპორტში სქესის მითითება საერთოდაც აიკრძალება, როგორც ეს, თავის დროზე, ეროვნებასთან დაკავშირებით გაკეთდა.

ოლიგარქიულ ოჯახებს მიაჩნიათ, რომ ეს სამყარო მათ ეკუთვნით და თავის ჭკუაზე უნდა მართონ. ამაში კი, მათ ხელს უშლით 8-მილიარდიანი მოსახლეობა და მოაზროვნე საზოგადოებები. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ მოცემულობის შეცვლას ემსახურება: მსოფლიო მოსახლეობა ათჯერ უნდა შემცირდეს და მოაზროვნე სოციუმიდან ბიოლოგიურ მასად უნდა გარდაიქმნას. უნდა გაქრეს საზოგადოება და პიროვნება, როგორც ასეთი. უნდა გაქრეს კრიტიკული აზროვნება. ასეთი საზოგადოება მზად იქნება, იქცეს ოლიგარქიული ოჯახებისა და მათი შთამომავლების მომსახურე პერსონალად, რომელიც გაწვრთნილი ცხოველივით იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან. მოსახლეობის რაოდენობა, ანუ სამუშაო ძალა, ოლიგარქიული ოჯახების საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება. თუ დღევანდელი გათვლით, ოლიგარქიული ოჯახები მოსახლეობის ათჯერ შემცირებას მიიჩნევენ მიზანშეწონილად, ეს რაოდენობაც ნებისმიერ დროს, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე შეიძლება გადაიხედოს. ოლიგარქიული ოჯახების დიქტატის პირობებში, სად შეიძლება იყოს საქართველოს და ქართველების ადგილი, არავინ იცის. შესაბამისად, ჩვენ მთავარ ამოცანად საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის დაცვა და შენარჩუნება უნდა ვაქციოთ“, – აღნიშნავს ზაზა შათირიშვილი.

“აშშ-სა და ნატო-ს აგრესიულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს”-მარია ზახაროვა

შეერთებული შტატები და ნატო აგრძელებენ სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას, მათმა აგრესიულმა პოლიტიკამ, შეიძლება, ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის სტრატეგიული მარცხის მიყენების აგრესიული პოლიტიკით მათ საკუთარი თავის პროვოცირება მოახდინეს. აშშ და ნატო აგრძელებენ ფსონების აწევას და სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას. აშკარაა, რომ ასეთ პოლიტიკას შეუძლია გამოიწვიოს პირდაპირი შეიარაღებული შეტაკება ბირთვულ ძალებს შორის. ვფიქრობ, არ არის საჭირო კიდევ ერთხელ ავხსნათ ამ კუთხით წარმოქმნილი სტრატეგიული რისკების არსი და მოვლენების შემდგომი განვითარების პოტენციურად კატასტროფული ხასიათი უარესი სცენარის შემთხვევაში“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, რუსეთი სრულად აცნობიერებს სიტუაციის სერიოზულობას და დასავლეთის ქვეყნებს სისტემურად უგზავნის გამაფრთხილებელ სიგნალებს.

„სიტუაციის შემდგომ გაუარესებაზე მთელი პასუხისმგებლობა დასავლეთის დედაქალაქებს ეკისრება. ჩვენი მხრივ, მხოლოდ მტკიცედ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოების ინტერესები და არ ვურჩევდით დასავლეთს ამაში ეჭვის შეტანას“, – დაასკვნა ზახაროვამ.

ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის  შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა“, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,მსგავსი ფაქტი ზაფხულის სეზონზე ყოველწლიურად ხდება და ახალი არ არის”- გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გონიოში, შავი ზღვის მიერ გამორიყული მკვდარი ცხოველი, დელფინია.

მათი განცხადებით, მსგავსი ფაქტი ზაფხულის სეზონზე ყოველწლიურად ხდება და ახალი არ არის.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ყოველ წელს მსგავსი ფაქტების გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, რის გამოც წელიწადში ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, ძირითადად კი ზაფხულში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სპეციალური ჯგუფი იმყოფებოდა, რომელმაც შავი ზღვის მიერ გამორიყული 1 დელფინი აღმოაჩინა. ამ დროისთვის, გამორიყული დელფინის დათვალიერება და გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც მოქალქის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გამორიყა შავმა ზღვამ მკვდარი ცხოველი.

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენს გონებაში უჩვეულო იდეების ქარბუქი ტრიალებს, გაქვთ სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად განახორციელოთ თქვენი გეგმები, მეტი ყურადღება დაუთმეთ იმ იდეებს, რომლებსაც საკუთარი ძალებით განახორციელებთ.

კურო

ნუ შეეცდებით, ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას, შესაძლოა, გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი დეტალები და შედეგიც არადამაკმაყოფილებელი იყოს.

ტყუპები

მშვიდი და სასიამოვნო პერიოდია, შეგიძლიათ, იფიქროთ საკუთარ თავზე, ახალ შესაძლებლობებზე, მაგრამ ძალიანაც ნუ გაშლით ფრთებს და ნუ მოწყდებით რეალობას.

კირჩხიბი

შესაძლოა, მლიქვნელი და ვითომდა კეთილგანწყობილი ადამიანების გამო, მოადუნოთ თქვენი ყურადღება და მათ საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენონ, ამიტომ, მათთან საუბრისას, რაციონალურ შინაარსზე კონცენტრირდით, გაიგეთ მათი რეალური ზრახვები.

ლომი

შესაძლოა, ნეგატიურად განწყობილი ადამიანების გავლენის ქვეშ მოექცეთ, დიდ დროს ნუ დაუთმობთ ამა თუ იმ ვითარების გარკვევას, გვერდიდან შეხედეთ სიტუაციას და ის მეტად ცხადი გახდება.

ქალწული

ინტრიგების ალბათობა მატულობს, ამიტომ, შეეცადეთ, გულმოდგინედ შეარჩიოთ სიტყვები და ფრთხილად გამოთქვათ თქვენი აზრი, სიფრთხილე გამოიჩინეთ, ასევე, ფინანსურ საკითხებთან.

სასწორი

შესაძლოა, ამ დღემ მყუდროება დაგირღვიოთ და ძველ პრობლემასთან დაგაბრუნოთ, ან დაგაკისრონ ნაკლებად სასიამოვნო ვალდებულება. ნუ აღშფოთდებით, ეს ყველაფერი დროებითია.

მორიელი

პირველ რიგში, იზრუნეთ ოჯახის წევრებზე, შემდეგ მეგობრებზე, შესაძლოა, მთელი დღე სხვათა საქმეების მოგვარებას დაუთმოთ. მოსალოდნელია ფინანსური დანახარჯებიც.

მშვილდოსანი

იმოქმედეთ მშვიდად და დამაჯერებლად, თქვენ გაქვთ საკუთარი შეხედულებები და პრინციპები და მიჰყევით მათ. ერიდეთ ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტს და ნუ გამოავლენთ აგრესიას სხვების მიმართ.

თხის რქა

შესაძლოა, დღეს, ისეთმა საკითხებმა მოგიტანოთ წარმატება, რომელიც სხვისთვის დროის უნაყოფო ხარჯვა და ზედმეტი ტვირთია. ახლა მოკლევადიანი გეგმები თქვენთვის მეტად მოგებიანია.

მერწყული

შესაძლოა, გამოაშკარავდეს ძველი ურთიერთობები და დაშვებული შეცდომები, როგორც პირად, ასევე სამსახურებრივ საქმიანობაში. შეეცადეთ, მზად იყოთ ასეთი სიტუაციებისთვის.

თევზები

ნუ იწუწუნებთ, მიენდეთ სამყაროს, შეეცადეთ, მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ ამ პერიოდისგან, მიაქციეთ ყურადღება მოსაგვარებელ საკითხებს. დღე მეტად ჰარმონიულად და პოზიტიურად წარიმართება.