Home Blog Page 1823

„რა გამოცდები ელოდება ევროკავშირს 2024 წელს“ – Deutsche Welle

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 2024 წლის პროგნოზები, რომლებიც ევროკავშირის პერსპექტივას ეხება. სტატიის სათაურია „რა გამოცდები ელოდება ევროკავშირს 2024 წელს“ (ავტორი – ბერნდ რიგერტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროკავშირი, თავისი 27 წევრი ქვეყნით, უკრაინას დაჰპირდა, რომ მხარს დაუჭერდა რუსეთის აგრესიის მოგერიებაში „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ – იმიტომ, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინასთან ომში მთელ ევროპას საფრთხეს შეუქმნის. მაგრამ რამდენად ერთგული იქნება ევროკავშირი 2023 წელს მიცემული თავისი დაპირებისა 2024 წელს?

ბრიუსელში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ომის გამოწვეული საერთო დაღლილობაზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოლიდარობის შესუსტებაზე უკრაინის მიმართ. ცოტა ხნის წინათ, 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირს დიდი ძალისხმევა დაჭირდა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობის მისაღწევად, კიევისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით. მაგრამ 2024 წელს, იმის მიუხედავად, დაიწყებს თუ არა უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ცეცხლის შესაწყვეტად, დახმარების გაწევა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება.

ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის გაყინვა, არამედ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება. ეს მიზანი უკრაინის ევროკავშირში მიღებით იქნება გარანტირებული“.

ევროკავშირის გაფართოება:

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ევროკავშირის გაფართოებისადმი ბევრ წევრ ქვეყანას განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ზოგი მიიჩნევს, რომ გაფართოება სწრაფი ტემპით არ მოხდეს, ამ საკითხში აჩქარება ზიანის მომტანი იქნება. არადა, ომით დანგრეულ უკრაინასთან და ღარიბ მოლდოვასთან ბრიუსელმა მოლაპარაკება უკვე მიმდინარე 2024 წელს უნდა დაიწყოს, რაც უდიდეს ხარჯებს მოასწავებს. ამიტომაც უკრაინის ისეთი მეგობრებიც კი, როგორებიც პოლონეთი და ბალტიისპირა ქვეყნები, კიევის დაჩქარებულ მიღებას ჯერ-ჯერობით არ იწონებენ: ამჟამად ისინი ევროკავშირისაგან საბიუჯეტო დახმარებას იღებენ და თუ უკრაინა და მოლდოვა წევრები ბლოკის გახდებიან, მთელ დახმარებას ისინი „მიიზიდავენ“. ვარშავას, რიგას, ვილნიუსს და ტალინს ევროკავშირელი ჩინოვნიკები ამშვიდებენ – „დაწყნარდით, უკრაინისა და მოლდოვას მიღების პროცესი ათწლეულობით გაგრძელდება და ამიტომ თქვენ ნუ ღელავთო“.

ამასობაში კი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკვე 20 წელი ელოდებიან თავიანთ რიგს ევროკავშირში მიღებისათვის და ამრეზით უყურებენ უკრაინასა და მოლდოვას მცდელობებს, რომ როგორმე დააჩქარონ თავიანთი მიღება. ჩერნოგორიისათვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთისათვის ზუსტად უნდა დასახელდეს მიღწევის ვადა იმიტომაც, რომ ამ ქვეყნებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენები შემცირდეს. ხერბიისათვის, კოსოვოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინისათვის კი ევროკავშირში მიღების პერსპექტივები ჯერ მკაფიო არ არის, რადგანაც მათში არსებული ეთნიკური კონფლიქტები გაწევრიანებისათვის ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

ევროკავშირის რეფორმირება

ახალი წევრების მიღებამდე ბრიუსელში რეფორმირების პროცესი უნდა დასრულდეს და დაფინანსების საკითხები უნდა გადაწყდეს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის არგუმენტაციით, ახალი წევრების მიღება მხოლოდ სუვერენულ და ეკონომიკურად ძლიერ ევროპას შეუძლია. გერმანიის მთავრობა ცდილობს ევროკავშირის რეფორმირება ისე მოხდეს, რომ გადაწყვეტილების მიღება ხმების უმრავლესობით მოხდეს და არა ისე, როგორც ახლა ხდება – კონსენსუსით, ანუ წევრი ქვეყნების სრული თანხმობით. მაგრამ, ექსპერტების თქმით, საეჭვოა, რომ ევროკავშირში 2024 წელს ამგვარი რეფორმირება განხორციელდეს.

საერთოდ, კონსენსუსის პრინციპი ევროკავშირში ბევრი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელია: ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ერთი ან ორი წევრი ქვეყანა რომელიმე გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ გამოდის. მაგალითად, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი… სხვათა შორის, თავიანთი მოქმედებით, ისინი შიდა ევროპულ კანონმდებლობასაც ხშირად არღვევენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვის თვალსაზრისით. ბრიუსელი რამდენჯერმე შეეცადა უნგრეთისა და პოლონეთის დარწმუნებას, რომ ასეთი მოქმედება ზიანს აყენებს ევროკავშირს, მაგრამ უშედეგოდ. 2024 წელს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, როგორც ჩანს, თავის პოზიციებს არ დათმობს. რაც შეეხება პოლონეთს, იქ უკვე კონსერვატორები – იაროსლავ კაჩინსკის პარტია „პრავო ი სპრავედლივოშჩის“ წევრები – ხელისუფლებას ჩამოშორდნენ და პროევროპელი პრემიერი დონალდ ტუსკი, ალბათ, ევროკავშირის ცენტრის მხარდამჭერი იქნება, თუმცა კაჩინსკის მომხრე ჯერ კიდევ მოქმედი პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა შეეცდება „ვარშავა-ბრიუსელის“ მატარებელს ბარიერები შეუქმნას.

ოცი წლის წინ, როცა ევროკავშირის შემადგენლობაში ერთბაშად 8 ქვეყანა გაწევრიანდა, მათ შორის მალტა და კვიპროსი, ლისაბონის ხელშეკრულება („ევროკავშირის კონსტიტუცია“) შემუშავდა და ცოტა მოგვიანებით, დამტკიცდა კიდეც. მაგრამ განა დაიცავენ მის დებულებებს 2024 წელს?

დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნება

თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, ყველაფრის მიუხედავად, თეთრ სახლში მაინც დაბრუნდება, ნატოსა და ევროკავშირისათვის მძიმე დრო დაიწყება. ევროპა აშშ-ის სახით, ალბათ, უმნიშვნელოვანეს მოკავშირეს დაკარგავს უკრაინის დახმარებისა და რუსეთის შეკავების საკითხში. დაუდეგარი დონალდ ტრამპი რომ კონტროლის ქვეშ ჰყავდეს, ევროკავშირი მას უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას შესთავაზებს. სამაგიეროდ, აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირს, ალბათ, საჯარიმო გადასახადებს მოსთხოვს, ევროკავშირი კი ამერიკული იმპორტის ბაჟს მოამატებს, რაც ამერიკისათვის უარყოფით შედეგის მომტანი იქნება.

ვის გაუხარდება ევროკავშირში ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა? ვის და მის მეგობარს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, აგრეთვე, ალბათ, მის სლოვაკ კოლეგას რობერტ ფიცოს…

ევროპარლამენტის არჩევნები

2024 წლის ივნისის დასაწყისში ევროკავშირის დაახლოებით 400 მილიონი ამომრჩეველმა ევროპის პარლამენტი უნდა აირჩიოს, თუმცა ბოლო არჩევნების დროს ურნებთან მხოლოდ 200 მილიონი მივიდა. როგორც მოსალოდნელია, დაგეგმილ არჩევნებში გაიმარჯვებენ ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიები, თუმცა ასევე ვარაუდობენ, რომ ევროპარლამენტში მოიმატებს მემარჯვენე პოპულისტურისა და ულტრამემარჯვენეთა ფრაქციების რაოდენობაც.
ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დღეს ევროპელ ამომრჩევლებს აღელვებთ, „ევრობარომეტრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, არის თავიანთი საკუთარი ეკონომიკური სიტუაცია და სასიცოცხლო სტანდარტები. უკრაინა, მიგრაცია, რეფორმები და ევროკავშირის გაფართოება – მეორეხარისხოვან თემებს წარმოადგენენ.

როგორც ამბობენ, 2024 წელს გერმანელი პოლიტიკოსი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის თავმჯდომარედ დარჩება, მაგრამ მისი კანდიდატურა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მის კანდიდატურას ევროკავშირის ყველა 27 წევრმა ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს… მაგრამ დაუჭერს?

ევროპელთა მოლოდინი: პესიმისტები და ოპტიმისტები

ხუთი ძირითადი გამოწვევის გარდა, მომავალ წელს ევროკავშირს სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრაც მოუწევს: ისინი ეხებიან თავშესაფრის მიცემის უფლებას და მიგრაციული პაქტის ძალაში შესვლას. ევროკავშირს ასევე ჭირდება ახალი წესების შემოღება, რომლებიც ეხება დაფინანსების პროცედურას, ხელოვნურ ინტელექტს, კლიმატის დაცვას და ასე შემდეგ. ევროკავშირის შიგნით უნდა გადაილახოს უთანხმოებები ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს (რომლებიც ფულის დონორები არიან) და სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის (რომლებიც დონორებისგან ფულს იღებენ). თავის მხრივ, ევროკავშირი გეგმავს თავისი შვიდწლიანი ბიუჯეტი 1,1 ტრილიონი ევროს ოდენობით კიდევ 66 მილიარდით გაზარდოს.

მაგრამ ეს ყველაფერი ევროკავშირის მოსახლეობას ნაკლებად აღელვებს. როგორც სოციოლოგიური გამოკითხვით ირკვევა, მართალია, ისინი ჩივიან გარკვეული პრობლემების გამო, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი – გამოკითხულთა დაახლოებით 60%. ყველაზე ნაკლები ოპტიმიზმი აქვთ ფრანგებს – 50%-ზე დაბალი, ყველაზე მაღალი კი – დანიელებს (86%) და გერმანელებს (58%).

წყარო

“სასიხარულოა, რომ პირველი ახალი წელია, როდესაც იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა”

წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როდესაც პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, წლევანდელი ახალი წელი იყო სრულიად გამორჩეული.

„პიროტექნიკასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არაერთი გაფრთხილება იყო, თუმცა მე არ მახსოვს, ბოლო წლების განმავლობაში, ახალი წლის ღამეს იაშვილში არ მიგვეღოს მძიმედ დაზიანებული ბავშვები, ოპერაციის აუცილებლობა, მძიმე სისხლდენები, ტრავმები. ეს იყო 31 დეკემბრის ღამის თანმდევი. წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი და ძალიან სასიხარულოა, რომ იაშვილის კლინიკაში პირველი ახალი წელია, როცა პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა. არ ვიცი, ამის უკან რა დგას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის უკან დგას ის ელემენტარული სიფრთხილის შეგრძნება და სიფრთხილე, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მშობელს, როცა ახალ წელს ვხვდებით.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, პიროტექნიკის გარდა, ახალი წლის ღამეს ჩვენ სხვა დაზიანებებიც გვქონდა ბავშვებში, წლევანდელი ახალი წელი კი იყო სრულიად გამორჩეული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და ჩვენ მივიღებთ უსაფრთხო ახალი წლის ღამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წლის მართლაც სიხარულით აღნიშვნისთვის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

“რუსეთი პასუხს აგებს სამხედრო დანაშაულებებზე” – ჯოზეფ ბორელი

რუსეთი პასუხს აგებს თავის სამხედრო დანაშაულებებზე, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რუსეთმა ახალი წელი დაიწყო კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში ასზე მეტი რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატების გასროლით, მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნებით, საცხოვრებელი უბნების განადგურებითა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის განადგურებით.რუსეთი პასუხს აგებს თავის სამხედრო დანაშაულებებზე“ – წერს ბორელი „ტვიტერზე“.

“უკრაინამ ბელგოროდს რაკეტებითა და დრონებით ისევ შეუტია” – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინამ ბელგოროდს ისევ შეუტია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით, უკრაინამ რუსეთის სამხრეთ რეგიონის, ბელგოროდის მიმართულებით 12 რაკეტა და რამდენიმე უპოლოტო საფრენი აპარატი გაუშვა.

ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდში დაძაბული ვითარება ამ დრომდე გრძელდება.

გლადკოვის თქმით, უკრაინის შეტევის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა მთელი დღის განმავლობაში შეფასდება.

დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.4 პროცენტი შეადგინა

2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილებამ მოახდინა. კონკრეტულად კი დეკემბერში, ფასები 19 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე, ბოსტნეული და ბაღჩეული კი, 10 პროცენტამდე გაიაფდა. 8 პროცენტიანი კლებაა პურსა და პურპროდუქტებზე.

“2023 წელს ფასები გაიზარდა ხილზე, ხორცზე, ნატურალურ წვენებზე და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს გასულ წელთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, შაქარზე, ფასები შემცირდა.

ამასთან, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფასები წინა წელთან შედარებით, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე, ხილზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა და საავადმყოფოების მომსახურებაზე კი გაიზარდა.

„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-9.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბათუმში ცოლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მეუღლე – 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ”

ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ენტონი ბლინკენსა და დევიდ კამერონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – დეტალები

ენტონი ბლინკენსა და დევიდ კამერონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს.

„ასევე, მათ წითელ ზღვაში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედების მნიშვნელობა განიხილეს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„უკრაინისათვის ახალი 2024 წელი შეიძლება ღალატით დასრულდეს” – რას წერს „დეილი ტელეგრაფი“

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) თავის 3 იანვრის ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით „უკრაინისათვის ახალი 2024 წელი ღალატით შეიძლება დასრულდეს: უხერხემლო დასავლელი ლიდერები პუტინს გამარჯვებაში ხელს უწყობენ“ (ავტორი – რობერტ კლარკი, სამხედრო მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

შარშან ამ დროს, 2023 წლის იანვრის დასაწყისში, უკრაინა ძალიან იმედიანად იყო განწყობილი: მისმა ჯარმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა ჯერ ხერსონთან, შემდეგ კი ხარკოვთან, რუსი ოკუპანტებისაგან ტერიტორიები გაათავისუფლა და დაიბრუნა. მოვლენებს ისეთი პირი უჩანდა, რომ დასავლეთის დედაქალაქები დარწმუნდნენ – კიევის გამარჯვება მოსკოვზე ახლოს იყო. დასავლელი ლიდერები იმას კი არ ლაპარაკობდნენ, გაუგზავნონ თუ არ გაუგზავნოს კიევს რაკეტები, ქვემეხები, ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა, არამედ იმას, თუ რამდენი გაუგზავნონ და როდის.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისადმი მრისხანე „ჩელენჯერების“ გაგზავნით დაადასტურა, რომ ლონდონი კიევისათვის წარმატებული სამხედრო დონორი გახდა. ალბიონმა ერთგვარი დიპლომატიური ზეწოლა განახორციელა ვაშინგტონ-ბერლინზე და ისინი აიძულა კიევისათვის „აბრამსები“, „ბრედლები“ და „ლეოპარდები“ გადაეცა. ამ ტანკებზე დიდი იმედები იყო დამყარებული დაგეგმილი კონტრშეტევისათვის.

სამწუხაროდ, 2024 წლის იანვრის დასაწყისში განწყობა სრულიად განსხვავებულია: კონტრშეტევა ჩაშლილია – უკრაინამ ვერ მოახერხა ვლადიმერ პუტინის არმიისათვის გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა. რუსულმა ეკონომიკამ დასავლეთის სანქციებს გაუძლო და სწრაფად გადავიდა სამხედრო რელსებზე, რათა ფრონტი უწყვეტად მოემარაგებინა იარაღით. დასავლეთი ამ მხრივ რუსეთს ჩამორჩება და დაყოვნებულად მოქმედებს. ამასობაში კი უკრაინა ახალი წლის დღეებში მასირებულ დაბომბვას განიცდის, მისი ფრონტი შესუსტებულია, არმიას ჯარისკაცები აკლია, მობილიზაცია პრობლემების წინაშე დგას.

არადა, გვახსოვს, რომ სულ რამდენიმე თვის წინათ უკრაინის მედგარი მებრძოლები დასავლეთმა ლიბერალური ფასეულობებისა და თავისუფლების დამცველებად შერაცხა, დღეს კი დასავლელ მთავრობებს ემჩნევათ, რომ უკმაყოფილონი არიან, გაჩნდა ეჭვები კიევისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევის საკითხებში.

უკრაინელი ხალხისაგან დღეს ზურგით შებრუნება, თანაც ასე სწრაფად და მით უმეტეს, ბოლო თვეების სისხლისმღვრელი ბრძოლების ფონზე – ეს დასავლეთის მორალურ კრახსა და სტრატეგიულ გულგრილობას ნიშნავს.

გასაგებია, რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს გარკვეული ეჭვი შეეპარათ დამანგრეველი ომის გაგრძელებაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. შესაბამისად, უკეთეს შემთხვევაში, ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე მოკლევადიან ან საშუალოვადიან ჩიხს უნდა ველოდოთ.

დასავლური ეკონომიკა ჯერაც ვერ გამართულა წელში გასული წლების პანდემიისა და ენერგეტიკული კრიზისისაგან. საერთაშორისო სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, წითელი ზღვის აკვატორიაში (იემენელი ხუსიტების თავდასხმები სავაჭრო გემებზე) – ეს ყველაფერი მყიფე მსოფლიო ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან დარტყმას წარმოადგენს. შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომელიც უკრაინისადმი დახმარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

და ამ დროს, როცა აშშ-ის ხელისუფლებაში სპილოების – ამერიკელი რესპუბლიკელების დაბრუნების პოტენციური შესაძლებლობაა გაჩენილი 12 თვის შემდეგ, დღის წესრიგში დგება უკრაინისადმი ამერიკული დაფინანსების შეწყვეტის საფრთხე. ვაშინგტონში ჯო ბაიდენი ამბოხებულ კონგრესს ებრძვის და აგებს, ბრიუსელში კი ევროკავშირს ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება და იგებს – უკრაინისადმი დახმარების გამოყოფას ბლოკავს.

ერთობლიობაში საკმაოდ შავბნელი სურათი იხატება. უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევა, ჩიხური სიტუაცია თითქმის მთელ ფრონტზე, რუსეთის ეკონომიკის ამტანობა და სიმტკიცე, დასავლეთის ყურადღების გადატანა უკრაინის მიღმა… დღეს კიევი ბევრად უფრო ცუდ სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე შარშან ამ დროს იყო.

თუმცა მდგომარეობა მთლად უიმედოდ არ არის: უკრაინა თავის სამხედრო მრეწველობას ავითარებს, რათა დასავლეთზე დამოკიდებულება შეასუსტოს. კიევს შესწევს იმის ძალა, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები დაიბრუნოს, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა. უკრაინის არმია ბრძოლისუნარიანია, ათასობით ჯარიკაცი მომზადდა ნატოს მიერ, საზღვარგარეთ. მათი ერთ მუშტად გაერთიანება ფრონტზე წარმატების მომტანი იქნება. მთავარია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფა და არტილერიის რეზერვების შევსება.

თავის მხრივ, რუსეთის ემზადება ომის გასაგრძელებლად – მისი სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედი სამხედრო დანიშნულებისაა. კრემლი ცდილობს მიტაცებული ტერიტორიები შეინარჩუნოს. თუ მოსკოვი ამას მოახერხებს, მაშინ დრო მის სასარგებლოდ იმუშავებს, უკრაინის ეკონომიკა კი, დასავლეთის დაუხმარებლად, მძიმე ტვირთს ვერ გაუძლებს და გამოიფიტება.

რუსეთს სწორედ ამის იმედი აქვს. ვლადიმერ პუტინი ფსონს იმაზე დებს, რომ დასავლეთი გამოცდას ვერ გაუძლებს და წელში გაწყდება. მაგრამ თუ ჩვენ მტკიცედ დავდგებით, შეგვიძლია მას ხელი შევუშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი 2024 წელს არამარტო უკრაინის დამოუკიდებლობას დაასრულებს, არამედ ევროპის სუვერენიტეტსაც.

წყარო

“ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით, რუსეთის ციხეებიდან სამშობლოში ჩვენი ოფიცრების დაბრუნების საკითხი დაიძრა”

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და გაიხსენა 2014 წელს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით რუსული ციხეებიდან აგვისტოს ომის შემდეგ პატიმრობაში მყოფი ქართველი ოფიცრების საქართველოში დაბრუნება.

„მაშინ “თლა” არ გამოგვივიდა. ვერ მოვასწარით. ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ახალ 2014 წელს ჩვენი ოფიცრები, რომლებიც სააკაშვილმა 2008 წელს ოკუპანტის ზურგში ჩატოვა და ვინც ციმბირის ციხეებში 20-წლიან პატიმრობას იხდიდა “ჯაშუშობის” მუხლით, საქართველოში დაგვებრუნებინა.

2014 წლის იანვარში ჩავფრინდი მოსკოვში. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით, რუსეთის ციხეებიდან სამშობლოში ჩვენი ოფიცრების დაბრუნების საკითხი დაიძრა მკვდარი და მივიწყებული წერტილიდან. ერთხელ ჩემმა ბაჩომ და დანიელმა მოკრძალებულად მკითხეს, ჩემი სუს-ში მოღვაწეობის პერიოდიდან რაზე შემიძლია მოვუყვე და რა მეამაყება…

ამ ბიჭების დაბრუნებაში მეამაყება ჩემი მოკრძალებული როლი. ჩემს მოყოლილზე ბაჩოს ცრემლიც არ დამავიწყდება არასდროს. პირველი “პარტია” – 2014 წლის იანვარი – სამი პირველი პატიმარი. მოსკოვის “ლეფორტოვოს” ციხეში წინასწარ ჩამოყვანილი პირველი სამი ქართველი ოფიცერი. ჰაერის ტემპერატურა – მინუს 31 გრადუსი ყინვა. “ვნუკოვოს” აეროპორტში მხვდებიან ადგილობრივი წარმომადგენლები…

სასტუმროში? – მეკითხებიან. შეიძლება მანამდე “ქრისტე მაცხოვრის ტაძარში” მივიდეთ? გაოცებულები მთანხმდებიან. შევდივართ ტაძარში. ჩემთვის უცხო აქ რა უნდა იყოს…უკან დამდევს მოსკოველი “კოლეგა”. უცებ მიახლოვდება და მეკითხება: “გარდაცვლილ მამაზე სად უნდა დავანთო სანთელი?” – მივიყვანე ჯვარცმასთან, დავანთებინე სანთელი, მადლობა გადამიხადა. მივხვდი, რომ უფლის წყალობით, მოწინააღმდეგის მოედანზეც პირველი უპირატესობა მოვიპოვე…

მეორე დღე – “ლეფორტოვო”. ჩვენს ბიჭებს აცნობეს დილიდან, რომ დღეს “სადღაც” გადაიყვანდნენ. სამივეს ეგონა, რომ ФСБ-ში დამატებით დაკითხვაზე. КПП-სთან ვხვდები მე. ჩემს მიმართ გაუგებარი, უნდობლობით აღსავსე მზერა. მე – ქართული თეატრალური პაუზა და ტექსტი: “საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით, დღეიდან თავისუფალი ადამიანები ბრძანდებით. და თუ სხვა რაიმე გეგმები არ გაქვთ – მაქსიმუმ ოთხ საათში, თბილისის შოთა რუსთაველის სახ. აეროპორტში ვიქნებით…”

ვაჟკაცების ცრემლი გინახავთ? ჩემი ცრემლი? ბევრი რამე არ გინახავთ! მთავარი პრობლემა რა იყო იცით? ერთს ფეხსაცმელზე ზონარი არ ჰქონდა – თბილისში შევუძინე. სამივეს კი – პასპორტი არ ჰქონდა. სამივე უპასპორტოდ ავიყვანე “ვნუკოვოს” აეროპორტში ბორტზე. მანამდე კი მოსკოვის რესტორანში საუზმე მოვასწარით. რამ გამახსენა? ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა – მათ მიერ გაუხმაურებელმა (ჯერჯერობით) სიქველემ. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!” – წერს ქართველიშვილი.

პუტინი, როგორც 2023 წლის გამარჯვებული – რას წერს „ლე პარიზიენი”

ფრანგული გაზეთი „ლე პარიზიენი(Le Parisien) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომი უკრაინაში და რუსეთის ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა. პუტინი როგორც 2023 წლის გამარჯვებული“ (ავტორი – ანრი ვარნიე). აქვე შევნიშნავთ, რომ მასალაში გადაჭარბებული ოპტიმიზმია გამოხატული.

„2024 წლის მარტში ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აქვს განზრახული – მან თავისი კანდიდატურა უკვე წამოაყენა. იგი მეხუთედ აპირებს ბალოტირებას რუსეთის მეთაურის პოსტზე. ზოგიერთები ამბობენ, რომ მას კონკურენტები ჰყავსო, მაგრამ ეს ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი და გადაჭარბებულად. „ვლადიმერ პუტინი არასდროს არ ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორიც ახლაა. დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – გვითხრა ამას წინათ პარიზში ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. შეიძლება ეს ნათქვამი ვინმემ ისე ჩათვალოს, რომ რუსი „აპარატჩიკი“ პრეზიდენტისადმი ერთგულებას გამოხატავს, მაგრამ არა, ეს სინამდვილეა. 2023 წელი კრემლის ბატონ-პატრონისათვის საკმაოდ კარგი შედეგით დასრულდა. იგი 2023 წლის გამარჯვებულად შეიძლება ჩაითვალოს“, – ასე იწყება „ლე პარიზიენში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც   ვლადიმერ პუტინის საქმიანობის შეფასებაა მოცემული.

2023 წელს რუსეთის არმიამ ჩაშალა უკრაინის არმიის კონტრშეტევა. რუსეთის ეკონომიკა, ომისა და მკაცრი დასავლური სანქციების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვითარდებოდა. რუსულმა დიპლომატიამ დასავლეთის მიერ გამოცხადებული იზოლაცია გაარღვია. რუსული საზოგადოება, შეიძლება ითქვას, ერთიანია და მხარს უჭერს პრეზიდენტს. „მოკლედ, 2023 წელს თამამად შეიძლება ეწოდოს „პუტინის წელი“, – წერს ავტორი ანრი ვარნიე.

აქედან გამომდინარე, 2024 წლის მარტისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები კრემლის ბინადარისათვის მხოლოდ უბრალო ფორმალობაა – მას პრეზიდენტად ყოფნა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. ბოლო დროს რუსეთის ფედერაციამ, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, დაადასტურა, რომ იგი სიცოცხლისუნარიანია და ყველა გამოცდას უძლებს.

„პუტინი იღბლიანია, რომელსაც  შეუძლია ყველაზე რთული და მძიმე სიტუაციებიდან პრაქტიკულად უვნებლად გამოვიდეს და მის წინააღმდეგ მიმართული მოვლენები თავის სასარგებლოდ შეაბრუნოს“, – ნათქვამია სტატიაში.

„გასულმა წელმა პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ იგი სწორად მოქმედებს რამდენიმე მიმართულებით:

პირველი – რუსეთი ძველებურად ლიდერის პოზიციებს იკავებს უკრაინის ომში. კიევის კონტრშეტევა ჩაიფუშა, უკრაინის ელიტაში განხეთქილება გაჩნდა, დასავლეთში ეჭვები მატულობს. რუსეთს მობილიზაციის თვალსაზრისით, პრობლემები არ აქვს. რუსეთის არმიას ისევ აქვს დაკავებული უკრაინის ტერიტორიის 20%, მისი თავდაცვის ზღუდეები ურყევია და უკრაინის არმიას გამაგრებული ხაზის გადალახვა არ შეუძლია;

მეორე – რუსეთის ეკონომიკამ, ექსპერტთა გასაკვირად, მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოამჟღავნა. ბიუჯეტი უძლებს როგორც ომის ხარჯებს, ასევე მოსახლეობისათვის სოციალურ ტრანსფერტებს. გარდა ამისა, როგორც დრომ აჩვენა, რუსეთი წარმატებით უვლის გვერდს დასავლურ სანქციებს, რითაც დასტურდება, რომ ვერც აშშ და ვერც ევროკავშირი თავიანთი შეზღუდვებით რუსულ ეკონომიკას ვერ დაანგრევს;

მესამე – რუსულმა დიპლომატიამ მოხერხებულად ისარგებლა იმ პოლიტიკური თამაშებით, რომლებშიც გლობალური სამხრეთია ჩაბმული და რომელიც გარკვეულწილად დასავლეთისადმი წყენით არის განპირობებული. რუსეთმა ტავი დააღწია საერთაშორისო იზოლაციას. ვლადიმერ პუტინის ამასწინანდელმა ვიზიტმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და საუდის არაბეთში აჩვენა, რომ იგი ისეთი „გარიყული“ არ არის, როგორც ამის წარმოდგენას დასავლეთი ცდილობს.

„მოკლედ, 2023 წელი კრემლის ბინადარისათვის საკმაოდ მაღალ ნოტაზე დამთავრდა“, – ასკვნის სტატიის ავტორი, – დრო ვლადიმერ პუტინის მხარეზეა, რუსეთი თავს მტკიცედ გრძნობს შინაც და გარეთაც. შესაბამისად, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მას ქვეყანა სტაბილური და სწორი კურსით მიჰყავს“.

წყარო