Home Blog Page 1821

“რაც არ უნდა ისაუბროს მელიამ, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც იმ პარტიას, სადაც იყო და არის”

რაც არ უნდა ისაუბროს მელიამ, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც იმ პარტიას, სადაც იყო, არის და რომელსაც ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს გამოეხმაურა დავით კეზერაშვილის მიერ პარტიის არაფორმალურ მართვაზე.

ოხანაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ნაციონალური მოძრაობის” გაერთიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც გიორგი ვაშაძე და არც ლევან ხაბეიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არიან.

“მელიას ამ ნათქვამით დადასტურდა, რასაც ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვიწროპარტიულ ინტერესებზე ორიენტირებული პარტიაა. მეორე, რაც დადასტურდა, არის ის, რომ მელიამ ამის შესახებ ან გვიან შეიტყო (და ეს ერთი უბედურებაა, თუ პარტიის თამჯდომარემ არ იცის, რა ხდება პარტიაში) ან მან ძალიან კარგად იცოდა, ვის რა ინტერესები ჰქონდა, მაგრამ იყო იმ მოცემულობაში და სიხარბესა და ანგარებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად აკეთებდა იმ საქმეს, რასაც ჰქვია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება. ამიტომ რაც არ უნდა ისაუბროს, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც იმ პარტიას, სადაც იყო და არის და რომელსაც ხელმძღვანელობდა.

გაერთიანებას რაც შეეხება, ხმამაღალი ნათქვამია, რომ ხაბეიშვილი და ვაშაძე გაერთიანდნენ. რა თქმა უნდა, არც ხაბეიშვილს და არც ვაშაძეს არ ეკითხებიან ამ პარტიაში გადაწყვეტილებებს. ისინი არიან გამხმოვანებლები და რადიკალიზაციის მუხტის შემქმნელები დავალებების გათვალისწინებით. ვაშაძე დიდი ხანია არის ამ პარტიის აქტივისტი. ის ამ პარტიაში იყო მაღალ თანამდებობაზე და არაერთ საქმეში იყო პოლიტიკურად ჩართული, როცა კონკრეტულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

“დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ”

დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, ოპოზიციაში რომ არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, ახალი არ არის.

ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, ჰქონდა შესაძლებლობა, პარტიისგან მსგავსი ადამიანები ჩამოეშორებინა.

„კეზერაშვილმა და ბატონმა მერაბიშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ნიკა მელია, უამრავ სხვა ადამიანთან ერთად, რომელ გზას დაადგება? გგონიათ, ამისკენ მივისწარფით? ადამიანებს, რომლებსაც დროის აღქმა აქვთ დაკარგული და არ იციან, მომავალ წელს კალენდრით რომ 2024 წელია, ჰგონიათ, გარეთ 2004 წელია. მიხეილ სააკაშვილმა ის პროცესი, რომელიც დააგვირგვინა გამარჯვებით, სიმართლით, ღირსებით, ახლებური მიდგომით დაიწყო და არა სიძველით, სიყალბით, სიყალბის ლაბორატორიად გადაქცეული ორგანიზმიდან იდეების მსხვრევით. ამიტომ დაგვირგვინდა მაშინ წარმატებით. ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს, ზაზა გოროზიას რა უნდათ ენმ-ში? ფულის შოვნის გარდა, არაფერი არ უნდათ. ვერცერთ მეგრელს ვერ იპოვი, რომელიც ალალად გეტყვის, ზაზა გოროზია იბრძვის იმიტომ, რომ ნებისმიერი მეგრელის, ქართველის თუ არაქართველის კეთილდღეობა გაზარდოსო. ხშირად მეკითხებიან, რა არის პრობლემა, რომლის განვითარებისთვის ხელის შეშლა შემეძლო, რაზეც ჩემი პასუხია: შემეძლო პარტია სარეველასაგან გამეთავისუფლებია, რიგი ადამიანები ჩამომეშორებია, მაგრამ ერთობა მიმაჩნდა ძალიან ძვირფასად ბიძნა ივანშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ სწორი ერთობაა მნიშვნელოვანი, რომელიც 24 საათი იმაზე კი არ ფიქრობენ, როგორ იშოვონ და მოიპარონ ფული. სამწუხაროდ, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლო შტოების წარმომადგენლები, ეს ახალია? შეუძლებელია, იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ათი წლის განმავლობაში და მილიონობით შეფასებულ სახლს მიმდინარე წელს ამთავრებდე. ანატომიურად ვიცნობ ამ ადამიანებს“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი ბიზნესპარტნიორია.

„ივანიშვილი არის ბედნიერი, როდესაც ამათ უყურებს, რადგან იცის, გოროზია არის უახლოესი მოკავშირე ფრიდონ ინჯიასი. ზაზა გოროზიასთან ერთად სამეგრელოში რა უნდა მოხდეს? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გოროზიამ, ინჯიას უახლოესმა ბიზნესპარტნიორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები რამდენიმე სოფელში არ დააყენა. ადგილობრივ პარტიას მოელაპარაკა, ინჯიას პარტიის წარმომადგენლები დაეყენებინათ. დაუჯერეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კანდიდატები არ დააყენა ინჯიასა და გოროზიას შეთანხმების საფუძველზე. ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატი მოიპოვა მარტვილის საკრებულოში, მაგრამ ინჯია-გოროზიას კანდიდატებმა, რომლებიც დეპუტატები გახდნენ, რა ქნეს პირველივე დღეს? ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩან დანიელ ვოდეს განცხადებით, ქვეყანაში არსებული რუსეთის ფედერაციის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება.

მისივე თქმით, დიპლომატიური თანამდებობების რაოდენობა 10-მდე, ხოლო ტექნიკური თანამშრომლების – 15-მდე შემცირდება.

“ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომლის შესახებ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი უკვე ინფორმირებულია”, – განაცხადა ვოდემ.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციას, უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ოფიციალური კიშინიოვი დასავლეთის სპონსორების გასახარებლად, რუსოფობიაზე მიმართულ ძალისხმევას აორმაგებს.

შეგახსენებთ, რომ დაძაბულობა მოლდოვასა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კიშინიოვში მდებარე რუსეთის საელჩოს სახურავზე ათეულობით ანტენის და სატელიტური თეფშის შესახებ გახდა ცნობილი, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები თვალთვალისთვის იყენებდნენ.

“ხან მელია დაიმალება და ხაბეიშვილი ეძებს, მერე გამოვარდება მელია და ამბობს – „დაგასტუკე“

ხან მელია დაიმალება და ხაბეიშვილი ეძებს, მერე გამოვარდება მელია და ამბობს – „დაგასტუკე“, ახლა ვაშაძემ „დაასტუკა” ხაბეიშვილი და ასე არასერიოზულად მივლენ 2024 წლამდე. საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა „დაასტუკებს” ამ რადიკალებს,- ამის შესახებ ხალხის ძალის” წევრმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებაზე და დავით კეზერაშვილის არაფორმალურ მართვაზე.

მისივე თქმით, კეზერაშვილს და მერაბიშვილს პარტია ფინანსური მაქინაციების განსახორციელებლად სურთ.

„მას შემდეგ, რაც „რუსული კანონის” მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტმა საჯარო გახადა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და მისი დასანქცირებისთვის იბრძვიან, პოლიტიკურ შოკში ჩავარდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და გადაწყვიტეს პოლიტიკური დახუჭობანას თამაში – ხან მელია დაიმალება გარკვეული ვადით და ხაბეიშვილი ეძებს, მერე მელია გამოვარდება და ამბობს – „დაგასტუკე”, ახლა ვაშაძემ “დაასტუკა” ხაბეიშვილი და ასე არასერიოზულად მივლენ 2024 წლამდე. საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა “დაასტუკებს” ამ რადიკალებს, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

“პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს – სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვას ეხება,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ორივე დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

„ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება, ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს.

სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, სექტორზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას.

საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კი, შეიძლება ითქვას, რომ მათი მიღებით ჩვენი კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება.

თუმცა, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.

ეს სქემა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს: ეს მექანიზმი შესაძლოა, რუსეთის ხელში ინსტრუმენტი გახდეს, რათა ფინანსური ბერკეტების კონტროლით, საკუთარი რბილი ძალა და გავლენა გააძლიეროს იმ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სექტორზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს.

ამდენად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცვლილებების ავტორებს, ხელისუფლებასა და ამ ცვლილებების მხარდამჭერებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ეს საფრთხე.

პრეზიდენტი ორივე მიმართულებით სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

“ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო” – ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე

რაც არ უნდა კარგი იყოს ავტომობილი, თუ დროის გასვლის შემდეგ ამ ავტომობილს ზეთს არ გამოვუცვლით, მისი ძრავა აუცილებლად გაჩერდება, ასევეა პოლიტიკაშიც – თუ ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის მისთვის საინტერესო.

„ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა. იმ ქვეყანაში, სადაც 100 ათასი ბავშვი შიმშილობს, 400 ათას პენსიონერს აწუხებს საპენსიო სესხის პრობლემა, აწუხებს დაბალი პენსია, ადამიანებს არ აქვთ სამსახური, გულწრფელად გეუბნებით, ერთი ადამიანის ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო და არ მგონია ხალხისთვისაც. ამ საეთერო დროის გამოყენება ბევრად ეფექტურად შეიძლება, მათ შორის, ჩვენი ხალხის პრობლემებზე რომ ისაუბრონ ადამიანებმა, მათ შორის პოლიტიკოსებად ვინც მიიჩნევენ თავს და არა საკუთარი პრობლემების მოსაყოლად. რამდენიმე საათის განმავლობაში ურთულესი საყურებელია კონკრეტული ადამიანის წუწუნის, მოთქმის და ჯუჯღუნის ყურება. შესაბამისად, დიდი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე ჩემი მხრიდან არ იქნებოდა მართალი.

რუსულ პარტიას, პუტინის დავალებით, ბიძინა ივანიშვილს, დიახ, ტყვეობასა და იზოლაციაში ჰყავს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელზეც არათუ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებში არის კონსენსუსი, ეს არის სიმართლე. დანარჩენი, კონკრეტული ადამიანები პირადი გამორჩენის გამო, პირადი წუწუნის, წუხილის, ჯუჯღუნის გამო აკეთებენ გარკვეულ განცხადებებს, რაც მათი საქმეა. თუ რამე დამატებით იციან, სჯობს მათ ისაუბრონ თავის წუწუნსა და ჯუჯღუნზე, ვიდრე ვაკეთო კომენტარი. ჩემთვის მნიშვნელოვანია 100 ათასამდე ბავშვი რომ შიმშილობს, 7 ათასამდე სტუდენტს რომ აქვს სტატუსი შეჩერებული, პენსიონერებს საპენსიო სესხის განულებას რომ ვპირდები და ასეთი 400 ათასი რომაა, საპენსიო ასაკმა როგორ დაიწიოს, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რაც არ უნდა კარგი იყოს ავტომობილი, თუ დროის გასვლის შემდეგ ამ ავტომობილს ზეთს არ გამოვუცვლით, მისი ძრავა აუცილებლად გაჩერდება, ასევეა პოლიტიკაშიც. წარმოუდგენელია ერთი და იგივე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება, ასე არ გამოვა. ამიტომ კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ეს გზავნილი. ავტომობილს ზეთს გამოცვლა სჭირდება, რომ ძრავა არ გაჩერდეს და თუ ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა, ნიკა მელიას განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომლის მიხედვითაც გიორგი ვაშაძის პარტიაში ინტეგრირება ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილება არ ყოფილა.

„რომ არ დამიზუსტოთ ვინ ისაუბრა, აუცილებლად გეტყოდით, რომ ეს განცხადება გააკეთა კობახიძემ, ზარქუამ, ან „პოსტივიზე“ გავიდა, ან ტელეკომპანია „იმედზე“ და რომ მეუბნებით, ეს გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ეს მხოლოდ წუხილს აღძრავს ჩემში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, თუ ნიკა მელია გააგრძელებს კობახიძის, ზარქუას „პოსტივის“ ნარატივებით, “სფიჩებით” და მესიჯბოქსით საუბარს, გაუღრმავდება დეპრესია.

დედაქალაქი საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი“ მასპინძლობს

თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში 18 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ შეჯიბრში მონაწილე ჩოგბურთელებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„თბილისში არაერთი საერთაშორისო ტურნირი ტარდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში და თითოეული მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას მივესალმებით და ვცდილობთ, სპორტის მიმართულებას მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს. ამჯერად, დედაქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში 18 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი“. შეჯიბრში მონაწილეობს 15-მდე ქვეყნის 150-ზე მეტი სპორტსმენი. ღონისძიების მიზანია, ხელი შევუწყოთ ჩოგბურთის პოპულარიზაციას, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა სპორტსმენებს, აიმაღლონ ოსტატობა და ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული შეჯიბრი მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სარეიტინგო ქულების ამაღლების მხრივაც. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ჩოგბურთელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპორტულ აქტივობებს მუდმივად შეუწყობს ხელს.

აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული ღია კაფეების მესაკუთრეებს მერია სანებართვო დოკუმენტების მოწესრიგებას სთხოვს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებს გონივრულ ვადას აძლევს, რათა გარეთ მოწყობილი დასაჯდომი სივრცეები მოაწესრიგონ.

კალაძის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიას რეაგირება და საკითხში მუნიციპალური ინსპექციის ჩართვა მოუწევს.

„აღმაშენებლის გამზირზე, ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის კვეთამდე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია 40-მდე ღია კაფე. ქაოსურად განთავსებული ღია კაფეები პრობლემას უქმნის გადაადგილებისას, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ყველა იმ პირს, ვინც ამ ქუჩაზე დღის განმავლობაში გადაადგილდება. ჩვენ ბიზნესს რატომ უნდა შევუშალოთ ხელი, რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ? მაგრამ ამგვარი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში აღნიშნული სივრცე განახლდა და ერთი სიამოვნება იყო იქ გასეირნება. დღეს ვხედავთ გარე კაფეებს ყოველგვარი ნებართვის გარეშე. პანდემიის პერიოდში ყველანაირად გვერდში დაგიდექით, რომ აღნიშნული სივრცეები მოგეწყოთ გარეთ, რადგან შიგნით შეზღუდვა იყო. იმისთვის, რომ ბიზნესის თვალსაზრისით პრობლემები არ შეგქმნოდათ, მოგეცით შესაძლებლობა, გარე სივრცეები გამოგეყენებინათ. თუმცა, მძიმე მდგომარეობაა ვიზუალური თვალსაზრისითაც, გემოვნების თვალსაზრისითაც, ასევე, ორივე მხარეს იმდენადაა გამოწეული დასაჯდომი სივრცეები, გავლა შეუძლებელია; ამასთან, სახანძრო საჭიროების ან სასწრაფო დახმარების თვალსაზრისითაც პრობლემაა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. გეძლევათ ვადა, რომ მოაწესრიგოთ აღნიშნული პრობლემა – როგორც ვიზუალური მხარე, ასევე, ნებართვების თვალსაზრისით, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირება მოგვიწევს და ჩართული იქნება მუნიციპალური ინსპექცია. გაქვთ დრო, რათა აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იყოს. ვიზუალური მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, თქვენთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია სადგურის დაკეტვის გარეშე განხორციელდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჩაკეტვა ჯერჯერობით არ დაგვჭირდება – ის ჩვეულებრივად მოემსახურება მგზავრებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ძალიან გაჭიანურდა და გეგმის მიხედვით, მეტროს რეაბილიტაცია 2024 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

კალაძემ რეაბილიტაციის პროცესში განხორციელებულ და ასევე, დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.

„სიმართლე უნდა ვთქვათ, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია ძალიან გაჭიანურდა. ჯერ იყო გამარჯვებული კომპანია „მამისონი“, რომელმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა. შესაბამისად, მოგვიწია აღნიშნული კომპანიის გაშვება და დღეს ამ სამუშაოებს ახორციელებს „ბადა კონსტრაქშენი“.

სადგურის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ დაგვჭირდება, ისე ჩატარდება და განხორციელდება სამუშაოები. სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს მომდევნო წლის ზაფხულში.

ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გეტყვით – შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, მეტროსადგურის დაბლა, ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი, სრულად მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები. განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის.

უახლოეს პერიოდში, მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილი შემდეგი სამუშაოები – ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი, ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და პროექტით გათვალისწინებული ფილების მონტაჟი. როგორც გითხარით, სამუშოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დროებით დახურვას და ჩვეულებრივად მოემსახურება მგზავრებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება, თუმცა ამის შესახებ ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას,“ – განაცხადა კალაძემ.

გადაჭარბებულ ხმაურის რეგულაციაზე სანქციები მკაცრდება

გადაჭარბებულ ხმაურის რეგულაციაზე სანქციები მკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თქვენ იცით როგორ აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში.

არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ზოგ ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 11:00 საათამდე, ხოლო ღამის 11:00-დან დილის 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე.

რაც შეეხება რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს, როგორც ტურისტული ქალაქისათვის აქტუალურ ობიექტებს, აქ ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს.

რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მოვუწოდე და ვთხოვე ყველა მსგავს ობიექტს, დაიცვან ხმაურთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, ასევე დავავალე მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, რომ ამ მიმართულებით გაემკაცრებინა მონიტორინგი.

ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის დადგენილი სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შემთხვევაში ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს.

სწორედ იმ ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს გადაჭარბებული ხმაური, მოვამზადეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას და დარღვევების პრევენციას.

კანონპროექტის მიხედვით:

ა) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით;

ბ) იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით;

გ) მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10000 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ კანონპროექტს ჩვენ უახლოეს მომავალში მივაწვდით საქართველოს პარლამენტს და იმედი გვაქვს რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას“,- აღნიშნა კალაძემ.

სუს-მა ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს. გრძელდება აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საქმეში თანამშრომლობისთვის.

მზიურის პარკთან მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 40 წლამდე ბიზნესმენია, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.