Home Blog Page 1821

თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება – ჯანდაცვის სამინისტრო

ლარის გამყარების ფონზე თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, თურქეთის რესპუბლიკაში მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი თურქულ ლირასთან მიმართებით 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მედიკამენტების ფასები 2022 წელს რამდენჯერმე დაკორექტირდა, თუმცა ლირასთან მიმართებით ლარის კურსის გამყარების გამო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოში თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია.

თურქული ფარმაცევტული ბაზარი საქართველოსთვის 2022 წლის იანვარში გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა.

თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად საქართველოს მოსახლეობა წლიურად დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე ზოგავს“, – აცხადებენ სამინისტროში.

სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩად რობინ დანიგანი ოფიციალურად დაამტკიცა.

შესაბამისი ინფორმაცია სენატში უმრავლესობის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 14 იანვარს წარადგინა.

კრობინ დანიგანი დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა. 2018-2021 წლებში იყო ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. 2014-2017 წლებში რობინ დანიგანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.

დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.

რობინ დანიგანი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მუშაობს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საგარეო მიმართულებას ზურაბ ჭიაბერაშვილი უხელმძღვანელებს

ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს წარადგინა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „გამარჯვების პლატფორმის“ გაძლიერების პარალელურად, ძლიერდება პარტია „ნაციონალური მოძრაობა“.

„მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც დათანხმდა შეთავაზებას და, შესაბამისად, ამ მიმართულებით გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, ჟენევაში, გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში. აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და, დიახ, ამ პირობებში, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი, პრეზიდენტი სააკაშვილი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საგარეო მიმართულებით გავძლიერდეთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფოკუსირებული იქნება სამ მნიშვნელოვან საკითხზე.

„მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელსაც წინ ეღობება „ქართული ოცნება“. პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა არის მთავარი წინაღობა ამ გზაზე. ამიტომ ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და, ამავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა. კიდევ ერთი საკითხია უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება, უკრაინისადმი სოლიდარობა. გამარჯვების შემდეგ უკრაინა იქნება ლიდერი და გამწევი ძალა, რათა მოხდეს საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სიამაყით ვაცხადებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ -პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში სიამაყით ვაცხადებ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ამაღლებას სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ  დარწმუნებული ვარ, რომ ეს საეტაპო მოვლენა მოგვცემს პარტნიორობის გამყარებისა და არსებული შესაძლებლობების სრული რეალიზაციის საშუალებას“, – წერს პრემიერი.

“ხალხთან დიალოგის მიზნით, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ გაიხსნება”- სოფო ჯაფარიძე

უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ გაიხსნება – ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სოფო ჯაფარიძემ განაცხადა , მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების წერილებსა და მოსაზრებებს ადვოკატების მეშვეობით, ყოველდღიურად მიიღებს და ყველას უპასუხებს.

„მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოქალაქეებთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში. გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და გიპასუხებთ.

საზოგადოებრივ მისაღებში“ მოსვლა ყველას შეეძლება. ყველას შეეძლება წერილის მოტანა, მოსაზრების გაზიარება, რასაც ჩვენი ადვოკატების მეშვეობით, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად მიიღებს და ყოველდღიურად გასცემს ჩვენს მოქალაქეებს პასუხს. სულ რამდენიმე დღეში იქნება ოფისი მზად და დეტალებს გაგაგებინებთ,“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

” ჩინეთმა და საქართველომ მხარი უნდა დაუჭირონ ერთმანეთს იმ საკითხებში, რომლებიც მათ ძირითად ინტერესებს ეხება”- სი ძინპინი

ჩინეთმა და საქართველომ უნდა გაიგონ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს იმ საკითხებში, რომლებიც მათ ძირითად ინტერესებს ეხება, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი და საქართველო უნდა იყვნენ კარგი მეგობრები და პარტნიორები ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და თანასწორობის საფუძველზე.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზად არის, იმუშაოს საქართველოსთან, რათა ერთობლივად ხელი შეუწყონ მაღალი ხარისხის თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის“ პროექტის ფარგლებში.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი მიესალმება საქართველოს მხრიდან ჩინეთში მაღალი ხარისხის პროდუქციის ექსპორტის გაფართოებას და ჩინურ საწარმოებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

“საქართველო აფასებს ჩინეთთან მეგობრობას” -პრემიერი

საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც, მიმაჩნია, კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ჩინეთთან  სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი ერთგულია.

„ბატონო პრეზიდენტო, უდიდესი პატივი და სიამოვნებაა დღეს თქვენთან შეხვედრა. ეს ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. პირადად თქვენდამი ვარ დიდად მადლობელი. ძალიან დიდი პატივი მერგო და უზომოდ მადლობელი ვარ ჩინეთში მოწვევისთვის. მახარებს ასევე 2023 წლის მსოფლიო საზაფხულო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნით ცერემონიაზე დასწრება აქ, ჩენგდუში, ჩინეთში. ამიტომ კვლავ მოგახსენებთ  მადლობას. ნამდვილად დიდად ვაფასებ ამ მოწვევას. ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი და თქვენი მთავრობისადმი  მადლობელი ვარ ასევე ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას, და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენ მიერ  მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც, მიმაჩნია, კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის. ნება მიბოძეთ, კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან  სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა.

შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინს „სარტყელის და გზის გლობალური ინიციატივისთვის“ მადლობა გადაუხადა.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. მიღება მსოფლიო საუნივერსიტეტო ზაფხულის თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

“ნაცმოძრაობა” პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში”-ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA-ს დოკუმენტებით. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

FARA-ს დოკუმენტები რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი. პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA-ს დოკუმენტებით. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა შეიძლება იყოს, უბრალოდ არ ვიცი. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია. პირდაპირ ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას, დასჯას და არამარტო ითხოვდნენ, ამაში იხდიდნენ ფულს. ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება, გამოვიტანოთ FARA-ს დოკუმენტებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციები იყო უსამართლო და გაირკვა ისიც, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა ფული.

„ჩვენ საუბარი გვქონდა ყოველთვის ევროპარლამენტის რეზოლუციებზე. როდესაც ვაკრიტიკებდით ამ რეზოლუციებს, ამაზე ჰქონდათ შეფასება, თითქოს ეს იყო ევროპაზე თავდასხმა, ანტიდასავლური განცხადებები და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს რეზოლუციები იყო უსამართლო. გარდა იმისა, რომ ეს რეზოლუციები იყო უსამართლო, გაირკვა, რომ ამ ყველაფრის უკან, გარდა სხვა რაღაცებისა, თურმე მდგარა ფულიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია, რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში შემოსვლა”-პრეზიდენტი

ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის.

„ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა “Astoria Grande”, ბათუმის პორტი დატოვა

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.

აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.

ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, “დატოვეთ ჩვენი ქვეყანა”.

აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.

ბათუმის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.