Home Blog Page 1817

“არც მელია, არც მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და მათ გარშემო შეკრებილი ძალები არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა”

არც ნიკა მელია, არც ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და მათ გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალები, გიორგი ვაშაძის ჩათვლით, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„მთავარი, რაც მათ აინტერესებთ, ეს არის დესტაბილიზაცია, რისთვისაც სჭირდებათ ეს ფინანსები, რათა პოლიტიკურ ველზე მერე დამატებით კიდევ გარკვეული პრივილეგიები მიიღონ. არც ნიკა მელია, არც ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და მათ გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალები, გიორგი ვაშაძის ჩათვლით, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა“, – „განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის მისამართით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ბარამიძეს მწვავედ აკრიტიკებს და ბრალს ფაქტების დამახინჯებაში სდებს. მელია თანაპარტიელს პოლიტიკური კორუფციის ჭაობად ქცეულ და პროგრესის მოწინააღმდეგედ მოიხსენიებს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გია ბარამიძეს უპრინციპობაშიც ადანაშაულებს.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ – რუსეთი შავი ზღვის ბლოკადას ვერ შეძლებს

Military Media Center-ის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი შავ ზღვაში „უკრაინის ბლოკადის უზრუნველსაყოფად“ სამხედრო ხომალდების დაჯგუფებას ზრდის. ამის მიზეზი – უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო გემების იძულებით გაჩერებისთვის და გაჩხრეკისთვის, და ასევე ამ რეგიონში კონტროლის გაძლიერებისთვის პირობების შექმნაა.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მიმოხილვის მიხედვით, უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ზომების გაძლიერების მიუხედავად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინის სრულ ბლოკადას ვერ შეძლებს.

„შავ ზღვაში უკრაინის სრული ბლოკადა ნიშნავს, რომ რუსულ ფლოტს უკრაინაში მიმავალი გემების დაკავების და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ცეცხლის გახსნის საშუალებაც კი მიეცემოდა. რუსეთი კი ამაზე ვერ წავა, რადგან ამან შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს, მათ შორის ნატოს წევრებთან – რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია UVT AERO-ს ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია UVT AERO-ს ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა. აღნიშნული ავიაკომპანია სანქცირებულია და ევროკავშირის შავ სიაში იმყოფება. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით კლუბის წევრებს საქართველოში ყაზახური ავიაკომპანია ჩამოიყვანს.

„ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დილის 08:45 წუთზე ჩამოფრინდება,“ – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

“გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველო დგამს რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ აკრძალული საქონლის რუსეთში გადაზიდვა”

ვფიქრობ, გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში განაცხადა.

ჯიმ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა საქართველოში მისი ვიზიტის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, იმედის მომცემია, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი. ამისთვის ბევრი დახმარების გაწევა ხდება, მაგრამ ისინი კარგი პარტნიორები არიან. საკითხი ახლა არის ის, რომ მოხდეს წინსვლა და მკაფიო შეფასება იმაზე, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ საჰაერო ფრენებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ამის შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ჯიმ ო’ბრაიენს დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა ფრენების განახლება ის საკითხი, რომლის გამოც აშშ შეშფოთებულია, რადგან ის გააჩენს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, რაზედაც ჯიმ ო’ბრაიენმა უპასუხა:

„არ ვიტყოდი, რომ შეშფოთებულები ვართ, მაგრამ აშკარად არის შესაძლებლობა და ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვიცით, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

სოჭიდან წამოსული გემი Astoria Grande დღეს დილით ბათუმში შემოვიდა

საკრუიზო გემი Astoria Grande დღეს დილით ბათუმში შემოვიდა. გემი 22 ივლისს სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც მოიცავს, – ამის შესახებ რეპორტაჟი ტელეკომპანია Россия 1-მა მოამზადა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემზე 850 მგზავრი, მათ შორის რუსი ტურისტები იმყოფებიან.

„მათ ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი რეისის მიმართ. უფრო მეტიც, მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტები“, – ნათქვამია ტელეკომპანია Россия 1-ის რეპორტაჟში.

ცნობისთვის, თავად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აღნიშნულ საკრუიზო გემთან დაკავშირებით განცხადება 25 ივლისს გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ პალაუს დროშის ქვეშ ცურავს და მას თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International”-ი ემსახურება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

მათივე ცნობით, აღნიშნული საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.

“მავნებლები ხართ და ვერც კი აცნობიერებთ!” – გოგა ხაინდრავა გახარიას პარტიას

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმიანება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის წევრის მიერ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში გაკეთებულ შეფასებას:

“ღარიბაშვილი არის ჩინელი ორბანი”, – ბერდია სიჭინავა.

ოთხ სიტყვაში სამ სახელმწიფოს შეურაცხყოფა რომ მიაყენო, გახარიას თანამოაზრე და ოპოზიციონერი უნდა იყო!

მავნებლები ხართ და ვერც კი აცნობიერებთ! პოლიტიკა რა თქვენი საქმეა!
ეე, ყოფილო პრემიერო
არ გრცხვენია?!”- წერს ხაინდრავა.

 

ათენის არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

როგორც ემიგრანტები აცხადებენ, ერთ-ერთ ქართველს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ის საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებს.

ემიგრანტის, ხატია მახარეიშვილის თქმით, მათთან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან.

„გოგონა გვყავს ქართველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ყურადღება არ გვაქვს წამლის მხრივ, ექიმის მხრივ. რომ რაიმე დასჭირდეს გოგოს, ძალიან რთულად ხდება ექიმთან მიყვანა, საავადმყოფოში გადაყვანა. არც არავინ მოსულა. წესით დღეს დილით აქ უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს საელჩოდან წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა ეკითხათ, რა მდგომარეობა იყო ან ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ, სად ვცხოვრობთ. არავინ მოსულა, არც დაურეკავთ იმის მერე, რაც გაიგეს, რომ ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტებთან,“ – აცხადებს ხატია მახარეიშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო. ემიგრანტების თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე პაკისტანის მოქალაქე გარდაიცვალა. მათივე განცხადებით, არეულობის დროს, სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

“პრემიერის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას”-საქართველოს ელჩი ჩინეთში

უმნიშვნელოვანესია ეს ვიზიტი, რაც უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის განცხადებით, შეხვედრები გაიმართება როგორც ქალაქ ჩენდუში, ისე პეკინში.

„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები. დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, ვიზიტის პირველი ნაწილი შედგება ქალაქ ჩენდუში, სადაც არის ახალგაზრდული, სტუდენტური ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. ასევე დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები. უმნიშვნელოვანესია ეს ვიზიტი და უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. მოგეხსენებათ, საქართველო არის „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის მონაწილე ქვეყანა, იზრდება ბიზნესკონტაქტები, ჰუმანიტარული ურთიერთობები, ასევე კულტურისა და ტურიზმის მიმართულებები, ასე რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს და დიდ ბიძგს მისცემს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. შემდეგ უკვე ჩენდუდან გადავინაცვლებთ ქალაქ პეკინში, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები და შეხვედრებია დაგეგმილი, ასე რომ საკმაოდ დატვირთული და შინაარსიანი ვიზიტი იქნება“, – განაცხადა ელჩმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო.

ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ.

დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენი სტუდენტები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

“მართლა გარდაუვალი ომისგან ვიხსენით ქვეყანა”-მამუკა მდინარაძე

მართლა გარდაუვალი ომისგან ვიხსენით ქვეყანა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ევროპული გზა და ეროვნულობა დაპირისპირებაში მოვიდეს იდეურად და იდეოლოგიურად ერთმანეთთან.

„კულისებში ათასჯერ მეტი რამ ხდება, ვიდრე საჯაროდ გამოდის ხოლმე. სამწუხაროდ, საჯაროდ ყველაფრის გამოტანა არ ხდება. სამწუხაროდ, ხანდახან ცოტა სიყვითლეც რომ დაჰკრავს ისეთი ინფორმაციები უფრო საინტერესო ხდება ხოლმე ზოგიერთი მედიისთვის. ამ დროს კულისებში ბევრი რამე ხდება, კარგიც და ცუდიც. ცუდი, რომელზეც ვერ ვლაპარაკობთ და არ ვლაპარაკობთ. ათასჯერ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამის გახმოვანება, ვიდრე არ გახმოვანება. საზოგადოება თავისით ხვდება ყველაფერს იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაც ხდება და ეს მშვიდობა ცოტა რთული შესანარჩუნებელია. ჩვენ ახლა სემინარზე ვართ, მეგობრები ვსაუბრობდით და ლევან მგალობლიშვილი ამბობდა, სხვა რომ არაფერი გაგვეკეთებინა, ჩვენმა ხელისუფლებამ იხსნა ეს ქვეყანა გარდაუვალი ომისგანო და მართალია, ვეთანხმები ყველა ადამიანს, ვინც ასე ფიქრობს. მართლა გარდაუვალი ომისგან ვიხსენით ქვეყანა. მაქსიმალურად ცდილობენ ცრუ ნარატივების შემოტანას. ვერ გაიმარჯვებს ის აზრი, ის ნარატივი, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე. ვიღაცას თუ მცდელობა აქვს, რომ ეროვნული ინტერესების გატარება, შენი ტრადიციების, შენი რწმენის, შენი ქვეყნის პატივისცემა და სიყვარული არ არის თავსებადი იმ გზასთან, რასაც ჭეშმარიტი ევროპული გზა ჰქვია, ძალიან ცდება. ჩვენ ამას გავიტანთ. ყველამ დაიმახსოვროს ჩემი სიტყვები, ჩვენ ამას გავიტანთ, გამორიცხულია, რომ არ გავიტანოთ და წარმოუდგენელია, რომ ევროპული გზა და ეროვნულობა დაპირისპირებაში მოვიდეს იდეურად და იდეოლოგიურად ერთმანეთთან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“ამერიკაში მოქმედმა კანონმა ამხილა ქართული ომისა და ღალატის პარტია”-მამუკა მდინარაძე

რა არის FARA? რა შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რისი გადმოღებაც საქართველოს უნდოდა და რასაც დაერქვა რუსული. ეს არის კანონი, რომელსაც საქართველოში ეწოდება „რუსული“. სინამდვილეში ეს არის ამერიკული კანონი, რომლის საფუძველზეც არსებობს ვალდებულება, ლობიზმთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდეს შესაბამის საიტზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კანონმა „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ გააშიშვლა.

„ამერიკაში მოქმედმა რუსულმა კანონმა ამხილა ქართული ომისა და ღალატის პარტია და დაგვანახა მტკიცებულებებით გამყარებულად, რომ თურმე სააკაშვილი და მისი პარტიისა და ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტები ცდილობდნენ საქართველოს დასანქცირებას, მაშინ, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსს. საქართველოს დასანქცირების მცდელობა არის გარანტიის მიღებაა, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი, ამ გარანტიის მიღებას ცდილობდნენ სააკაშვილის დაქირავებული ლობისტები და, სამწუხაროდ, მგონია, რომ ეს მხოლოდ მათი მცდელობა არ იყო. როცა ვხედავთ, რომ მარტო ლობისტების იმედად არ არიან ამ მიმართულებით, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ შეტევებს და უფრო აშიშვლებს იმ რეალობას, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია. ეს იყო მთავარი, ყველაზე დამაზიანებელი პუნქტი, რაც გამოქვეყნდა ამერიკაში მოქმედი რუსული კანონის შესაბამისად იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე და ამან საბოლოოდ გააშიშვლა „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა.

შესაბამისი რეზოლუცია იტალიის პარლამენტის ზედა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინული ერის გენოციდად აღიარების თაობაზე რეზოლუციას 130-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 4-მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთი არ წასულა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 1932-1933 წლებში სსრკ-მა იოსებ სტალინის მეთაურობით “მიზანმიმართულად გამოიწვია შიმშილი, რომელსაც მილიონობით სიკვდილი მოყვა, უმეტეს წილად გლეხებისა და მცირე მიწათმფლობელების”, უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში.

“ჰოლოდომორისა და უკრაინული ერის წინააღმდეგ საბჭოური დანაშაულების შესახებ ხსოვნა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იღებს დღეს რუსული შეჭრისა და უკრაინული ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობების ფონზე” ,- აღნიშნულია დოკუმენტში.