Home Blog Page 1817

ბათუმში, 31 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ

ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

კერძოდ, როგორც მედია წერს, Astoria Grande-ს მგზავრებს შორის, რომელიც ბათუმში 31 ივლისს ჩავა, იქნება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერი “Zа Россию” მარათონის მონაწილე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი, 2018 წლის არჩევნებში პუტინის მომხრე და ჯგუფი Hi-Fi-ს ყოფილი სოლისტი, მიტია ფომინი, რომლის წინააღმდეგ უკრაინას სანქციები აქვს შემოღებული.

“[ფომინმა] მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსულ პროპაგანდაში და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამომთხრელ რუსულ პოლიტიკას, ყირიმის ანექსიას”, – წერია უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს პროექტის “ომი და სანქციები” ვებგვერდზე.

ასევე მოსალოდნელია, რომ ლაინერზე იქნება რუსული მუსიკალური ჯგუფი “ტესტოსტერონი,” რომელიც ნიჟნი ნოვგოროდში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში რუსული არმიის მოსამსახურეების წინაშე გამოდიოდა. Astoria Grande-ზე კიდევ ერთი არტისტი ბელარუსი დმიტრი კოლდუნი იქნება, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და 2018 წელს ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში” კონცერტიც ჩაატარა.

განრიგის თანახმად, საკრუიზო ლაინერი სოჭს 29 ივლისს დატოვებს და ბათუმში 31 ივლისს ჩავა. მის მგზავრებს არ შეუძლიათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და ბათუმის პორტიდან გასვლამდე გემზე უნდა დარჩნენ.

”ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელიც მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსეთის ახალ პროვოკაციას” – სალომე ზურაბიშვილი რუსულ საკრუიზო ლაინერზე

ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელიც მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსეთის ახალ პროვოკაციას, – ამის შესახებ საქართვერლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.

“ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელიც მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსეთის ახალ პროვოკაციას – რუსული საკრუიზო ლაინერი სტუმრობს საქართველოს პორტს ბათუმში, მაშინ როცა პუტინი ბლოკავს მარცვლეულის გადაზიდვებს და აფერხებს თავისუფალ გადაადგილებას შავ ზღვაში. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, უკრაინისა და ევროკავშირისთვის”, – წერს პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის განცხადებით, დაპატიმრების შემთხვევაშიც გააგრძელებს პრეზიდენტის პოზიციისთვის ბრძოლას

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი დაპატიმრების შემთხვევაშიც გააგრძელებს პრეზიდენტის პოზიციისთვის ბრძოლას. ამის შესახებ მან ჯონ ფრედერიქსთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ მოპყრობის საქმეზე მის წინასაარჩევნო კამპანიას, ტრამპმა უპასუხა, რომ “არავითარ შემთხვევაში.”

“კონსტიტუციაში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება მოხდეს და მემარცხენე რადიკალური ჭკუაშეშლილებიც ამბობენ, რომ არა, არ შეაჩერებს… და მეც ეს არ შემაჩერებს. ეს ხალხი ავად არის. ის, რასაც ისინი აკეთებენ, სრულიად საშინელია”, – განაცხადა ტრამპმა.

“ამ დღეებში დაეწყობიან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველა ერთხმად გაილაშქრებს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგ”

ჩვენ რომ უარი არ გვეთქვა იმ ინვესტიციებზე, რომლებზეც ხშირად ჩვენი პარტნიორების ხათრით ვამბობდით უარს, დღეს საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა არა 80 მილიარდი, არამედ მინიმუმ 1.5-ჯერ და შეიძლება, 2-ჯერ მეტიც”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა.

სუბარის შეფასებით, ახლა არის ის ისტორიული შანსი, რომელსაც სჭირდება გამოყენება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღეს, როდესაც იქმნება ახალი მსოფლიო დღის წესრიგი, ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქამდეც, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე საერთო გადალაგებისა და არეულობის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა სწორედ სი ძინპინის პირადი მოწვევით და უახლოეს მომავალში გაფორმდება სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ამანაც გამოიწვია „შეშფოთება”, რომელიც გარკვეულწილად აგენტურის დაკვეთაა და მეტი არაფერი.

ჩინეთი დღეს არის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე, მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, რომელიც ძალიან მალე გახდება მსოფლიოს პირველი ეკონომიკა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ტემპებით თუ განვითარდება. მისი ეკონომიკა უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთად აღებული ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა. მაგრამ 15 წლის წინ საერთოდ სახსენებელიც კი არ იყო ჩინეთის ეკონომიკა თავისი მოცულობითა და მასშტაბებით ევროკავშირის, ან აშშ-ის ეკონომიკასთან შედარებით. დღეს ამ ახალ რეალობაში, როდესაც მრავალპოლარული სამყაროსკენ მიდის ყველაფერი, ჩინეთის როლი არის უმნიშვნელოვანესი. დაახლოებით ერთი თვის წინ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის პრეზიდენტი იყო შეკრებილი. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს მოეწერა ხელი და დღეს საქართველო არის ამ სარტყლის გაგრძელება – ჩინეთი, ცენტრალური აზია და შემდეგ – საქართველო – ეს არის მართლა ერთი გზა და ერთი სარტყლის კონცეფციის მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავხდეთ.

ქართველებს ხშირად წარმოგვიდგენია ხოლმე, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ჭიპი და ამის იქით გზა აღარსად გადის. მილიონი გზა გადის ჩვენთვის გვერდის ავლით და შეიძლება, წმინდა ლოჯისტიკურად ეს გზები უფრო მოხერხებულიც იყოს. ჩვენ თუ არ გამოვიყენეთ ახლა ის შესაძლებლობა, რაც პოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა, ისე გაიკვალება ეს გზები ჩვენი გვერდის ავლით, რომ დავრჩებით განზე და მოვექცევით ჩიხში. ვერც შავი ზღვა გვიშველის და ვერც ნავთობსადენები, თუ გაზსადენები, რომლებიც გადის საქართველოზე. ახლა არის ის ისტორიული შანსი, რომელსაც სჭირდება გამოყენება“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ჩინეთი დღეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა და საქართველოსთვის ჩიენთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ჩინეთი არ არის მხოლოდ ეკონომიკური სუპერ „დერჟავა“. დღეს ის არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე. აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად ჩინეთი არის ამ დიდ სამეულში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოთამაშე და მისი მხარდაჭერა საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ახლო, თუ შორეულ მომავალში. მისი გავლენა არის უაღრესად დიდი როგორც მსოფლიო პოლიტიკაზე, ისე რუსეთზე და ამ ფონზე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა”, – აცხადებს სუბარი.

მისივე თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ, უკვე გამოიწვია ერთგვარი წინააღმდეგობა ქართულ ოპოზიციაში.

„პირველი, ვინც გამოვარდა, გახარიას, ყოფილი პრემიერის პარტია იყო და დარწმუნებულნი იყავით, რომ ამ დღეებში დაეწყობიან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველა ერთხმად გაილაშქრებს ჩინეთთან ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგ. რატომ? – იმიტომ, რომ ისინიც იღებენ შეკვეთებს იმავე ცენტრიდან, რომელზეც ვსაუბრობთ.

ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობდით ჩვენი დასავლელი პარტნიორების ბევრ მოთხოვნას. ზოგ შემთხვევაში ეს მოთხოვნები არ იყო საქართველოს სასარგებლოდ, პირიქით, ზოგჯერ საზიანოც კი იყო. თუნდაც ის, რომ უარს ვამბობდით ინვესტიციებზე ვთქვათ, ჩინეთიდან, არაბული სამყაროდან, აღარაფერს ვამბობ რუსულ და ირანულ ინვესტიციებზე. ასე უბრალოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე უარს ვამბობდით იმიტომ, რომ არ სიამოვნებდათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს.

აშშ-სთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში, რომელსაც 2009 წლის აპრილში მოეწერა ხელი, საუბარია ორმხრივ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე, სამხედრო და საგანმანათლებლო სფეროებში დახმარებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ ამერიკული ინვესტიციები ძალიან ცოტა ვნახეთ საქართველოში. ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც ჩაიდო, იყო „თელასი”, რომელიც შემდეგ მიიყიდა რუსულ სახელმწიფო კომპანია „რაოზე” და ეს ამერიკული კომპანიაც გავიდა საქართველოდან.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც არის თუნდაც განათლების, ან თავდაცვის სფეროში. თავდაცვის სფეროში საუბარია ყოველწლიურად დაახლოებით 35-40 მილიონი დოლარის დახმარებაზე. მეორე მხრივ, ჩვენც ასევე შევისყიდით ამერიკულ შეიარაღებას, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯება საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა. დაახლოებით ორნახევარი მილიარდი ლარი დახარჯა საქართველომ აშშ-ის თხოვნით, იმ საერთაშორისო მისიებში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ასე რომ ვალში ამ ნაწილშიც არ ვართ. ერთი რამის თქმა მინდა, ამიტომაც ჩამოვთვალე ეს ციფრები: მიუხედავად იმისა, რომ მადლობელნი ვართ ამ დახმარებისა იმ სფეროში, რაშიც გვიწევს, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ენჯეოების დაფინანსებასა და რევოლუციის დაგეგმვას.

ჩვენ რომ უარი არ გვეთქვა იმ ინვესტიციებზე, რომლებზეც ხშირად ჩვენი პარტნიორების ხათრით ვამბობდით უარს, დღეს საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა არა 80 მილიარდი, რომელსაც წლის ბოლოს ველოდებით, არამედ მინიმუმ 1.5-ჯერ და შეიძლება, 2-ჯერ მეტიც. 120, ან 160 მილიარდი რომ ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკა დღეს, პენსია, ხელფასები საჯარო სამსახურებში და თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება იქნებოდა მინიმუმ 2-ჯერ მეტი, ბიუჯეტი იქნებოდა არა 21 მილიარდი, არამედ 30 მილიარდი და შეიძლება, მეტიც და ეს არის ის ფული, რომელიც ჩვენ დაგვაკლდა. სამუშაო ადგილების პრობლემაც საერთოდ აღმოფხვრილი იქნებოდა და იმ სამუშაო ადგილებზეც ხელფასი იქნებოდა ბევრად მეტი, ვიდრე ახლა. ეს არის რეალურად ის რიცხვები, რომლებზეც ვსაუბრობ და რომელთა ზარალიც რეალურად განვიცადეთ. ამ ფონზე ამ პრიზმაში რომ დავინახავთ იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახლა იწყება ჩინეთთან, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს ისტორიაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: უახლოესი 1-2 კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრდება სატელევიზიო სეზონები, ჩვენ დავინახავთ, როგორ გამოვა ოპოზიცია ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ და ესეც იქნება დაკვეთა!” – განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც “ხალხის ძალა” ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩენგდუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, Sport Park Stadium-ზე, სადაც საუნივერსიტეტო თამაშები იმართება, მაღალი დონის სტუმრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა.

მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში წელს 40 ქართველი სტუდენტი იღებს მონაწილეობას. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სტუდენტებმაც, რომლებიც საუნივერსიტეტო თამაშებში იასპარეზებენ ძიუდოში, წყალბურთში, წყალში ხტომასა და ცურვაში. სპორტსმენები, საქართველოში არსებული აკრედიტებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან.
გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კოშკას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები თავისუფლები არიან” – სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით.

პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. გარდა ამისა, მათი უკანონო დაკავებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“გამარჯვების ფორმულა ნამდვილად იქმნება, ოღონდ „ქართული ოცნების“ გამარჯვების ფორმულა” – დავით ჭიჭინაძე

გამარჯვების ფორმულა ნამდვილად იქმნება, ოღონდ „ქართული ოცნების“ გამარჯვების ფორმულა , – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, 2024 წლის არჩევნევის შემდეგ, შესაძლოა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.

„კიბატონო, გამარჯვების ფორმულა ნამდვილად იქმნება, ოღონდ „ქართული ოცნების“ გამარჯვების ფორმულა, რადგან ესენი არიან შუამავლები ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის – ქვეყნის კი არა, ივანიშვილის უსაფრთხოების გარანტიებისთვის, „ნაციონალებმა“ რომ ვერასოდეს გაიმარჯვონ. არჩევნების შემდეგ კი, სავარაუდოდ, სააკაშვილსაც გაათავისუფლებს.

სააკაშვილის გაშვება კი, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის იქნება ერთ-ერთი ვაჭრობის თემა.

ასე გამოიყურება ივანიშვილის მიერ მართული კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფორმულა, რომლის სახე ახლა ვაშაძე-ხაბეიშვილია და რაც სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის“ , – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“ახალმა მსოფლიო პოლიტიკურმა რეალობამ საქართველოს ახალი ფუნქცია შემატა” – თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ის, რომ საქართველომ განვითარების დასავლური კურსი აირჩია, არ ნიშნავს იმას, რომ უარი ითქვას სხვა უძლიერეს სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე.

„ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, დღეს დასავლეთი საქართველოში ებრძვის არა იმდენად რუსეთს, რამდენადაც – ჩინეთს. ახალ გიგანტ სახელმწიფოსთან მჭიდრო პარტნიორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტია, ეკონომიკური სიძლიერე კი ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობაა. სწორედ ამიტომ იბრძვიან დღეს დასავლეთიდან, რომ საქართველო არ გახდეს რეალურად დამოუკიდებელი, არ დაკარგოს მართვის სადავეები ჩვენს ქვეყანაზე, რაც ფაქტობრივად დაისაკუთრა სააკაშვილის ხელისუფლებამ.

ის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი ავირჩიეთ, არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ სხვა უძლიერეს სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე. პირიქით, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ვალდებულებიც კი ვართ დავაბალანსოთ ყველა ვექტორთან პარტნიორობა და ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი აქვს – საქართველოს გაძლიერება.

ახალმა მსოფლიო პოლიტიკურმა რეალობამ საქართველოს ახალი ფუნქცია შემატა – შუა დერეფნის დატვირთვა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო რეალურად არის გეოპოლიტიკური კარიბჭე. ასეთი სასურველი პირობები ჩვენს ქვეყანას არასოდეს ჰქონია. ახლა გვჭირდება ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი აზროვნება და ამ შანსის სრულად გამოყენება, რასაც აკეთებს კიდეც დღევანდელი ხელისუფლება.“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

2024 წელს ევროპარლამენტში დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება – POLITICO

2024 წელს ევროპარლამენტში დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება.ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

კერძოდ, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტში ამჟამინდელი 705-ის ნაცვლად 720 ევროპარლამენტარი იქნება წარმოდგენილი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდებს ახალი მოწვევის ევროპარლამენტში ორით მეტი ევროპარლამენტარი ეყოლება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დამტკიცება ევროპული საბჭოსა და თავად ევროპარლამენტის მიერ.

რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში სავარაუდოდ რაკეტა აფეთქდა

რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში “სავარაუდოდ რაკეტა” აფეთქდა. ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა.

მისი თქმით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილები არ არიან.

სასწრაფო სამსახურების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 12 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი.

აფეთქების შედეგად ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს მოყოლილი.

რუსეთმა აფრიკის ქვეყნების 23 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ჩამოწერა

რუსეთმა აფრიკის ქვეყნების 23 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ჩამოწერა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთი-აფრიკის სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“რუსეთი ასევე მონაწილეობს აფრიკის ქვეყნების დავალიანების ტვირთის შემსუბუქების მცდელობებში. ამ მომენტისთვის ჩვენს მიერ ჩამოწერილი დავალიანების საერთო ჯამი 23 მილიარდ დოლარს შეადგენს”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ “აფრიკული ქვეყნების ბოლოდროინდელი მოთხოვნებით” რუსეთი მათ კიდევ 90 მილიონ დოლარს გამოიყოფს.

“კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი” – თინა ბოკუჩავა

კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი – კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ კოლაბორაციონისტი მოღალატეები არიან და პუტინთან ერთად აბრალებენ ომს საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ პარლამენტში, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც მან “ქაჯობა” უწოდა.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მოქალაქეები ყველა საკვანძო მომენტში აჩვენებენ თავიანთ პოზიციას და ბათუმშიც მათ ქვეყნის ღირსება დაიცვეს.

“მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მხრიდან პატრიოტების რეაქციებს თუ ქაჯობას უწოდებს ვინმე, ეს მგონი, უფრო მეტად ამხელს მათ პოლიტიკურ მოტივაციას. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ საქართველოს პატრიოტები იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას, რომელზეც უარი თქვა და გაყიდა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა.

მე დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე იქნება და ყველა საკვანძო მომენტში საქართველოს მოქალაქე აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმს, რომ რუსიფიკაციის მცდელობა წარუმატებელი იქნება ყოველთვის.

მისი (კობახიძის) განცხადება არის ქვეყნის ღალატი და მორიგ ჯერზე საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაბრალება, რასაც თავისუფალ სამყაროში არავინ აკეთებს პუტინის რუსეთის გარდა. ისინი ამ განცხადებებით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ კოლაბორაციონისტი მოღალატეები არიან და პუტინთან ერთად აბრალებენ ომს საკუთარ ქვეყანას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე 2008 წლის შემდეგ რატომ არ დაწესდა შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, ბოკუჩავა აცხადებს, რომ “მაშინ იყო სულ სხვა (სავიზო) რეჟიმი, განსხვავებით დღევანდლისგან”.

” ასეთი სავიზო რეჟიმი არსად არ მოქმედებს. ის, რასაც “რუსული ოცნება” აკეთებს, არის ღია კარის პოლიტიკა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, მათ შორის, სასათბურე ეკონომიკური პირობებით, სადაც რუსეთის მოქალაქეები იკავებენ საქართველოს მოქალაქეების ადგილებს,ათ შორის სამუშაო ადგილებს და ჩვენი მოქალაქეების ტოტალური გაღარიბების ფონზე რუსეთის მოქალაქეები მდიდრდებიან საქართველოში და ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული შედეგი,”- განაცხადა ბოკუჩავამ.