Home Blog Page 1806

მიმაჩნია, რომ იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან, დააკნინონ ქართული ეკლესია -ანდრია ჯაღმაიძე

დავუკვირდეთ, ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას. გავიხსენოთ, საეკლესიო დღესასწაული როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მიმაჩნია, რომ იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ. შეეცდებიან, დააკნინონ ქართული ეკლესია.

200 პროექტი განახორციელა საპატრიარქომ წელს, რომელიც ეხებოდა კომუნისტურ პერიოდში მოწამე ქართველ წმინდანებს, დახვრეტილებს, დევნილებს, არცერთი მათგანი არ გაუშუქებიათ იმ ტელევიზიებს, რომლებმაც შობის დღესასწაულის მოგონილი სკანდალით გადაფარვა სცადეს. დავუკვირდეთ, ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას? გავიხსენოთ, საეკლესიო დღესასწაული როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე?

დღეს ინტერვიუ მთხოვა რადიო „თავისუფლებამ“. აქ ვდებ კომენტარს:

პირველი შეკითხვაა, რატომ ატეხეს ასეთი ამბავი მაინცდამაინც შობის ღამეს? ამ დღისთვის რატომ შემოინახეს ეს თემა? რას მიაღწიეს? ხალხს წაართვეს სიხარული და ეს უფრო მეტი ბოროტებაა არაა, ვიდრე, დავუშვათ, სტალინის ხატზე გამოსახვა? ასეთი რამ ბოლო წლებში არაერთხელ გაუკეთებიათ, როდესაც სადღესასწაულო დღეს სკანდალის გამოგონებაში იყვნენ. ეს უკვე ერთგვარი ტექნოლოგიაა.

მხოლოდ ერთს დავამატებ, მატრონასთან სტალინის მისვლის ისტორია, ჩემი აზრით, უფრო მითია, ვიდრე რეალობა. მისი ცხოვრების აღმწერი ახსენებს ამას. ჩემი პირადი აზრით, რადგან წმინდანის ცხოვრება მის ღვაწლს უნდა უკავშირდებოდეს, მატრონას შემთხვევაში ნაკლებად შეიძლება ასეთი ღვაწლის გამოკვეთა, თუმცა მრავალი მორწმუნე, და არამხოლოდ რუსეთში, მისადმი ლოცულობს.

გარდა იმისა, რასაც მისი ცხოვრების აღმწერი გადმოსცემს, არის ბევრი მითქმა-მოთქმა, რაც მისი ღვაწლის შესახებ მსჯელობას ნაკლებად შესაძლებელს ხდის, არამხოლოდ ჩემი აზრით. ასე რომ, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

რაც შეეხება სტალინის ხატზე გამოსახვას, პირველ რიგში, სათქმელია – ეს არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, რადგან ხატზე შეიძლება, უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს, მაგალითად, დიოკლიტიანე, თუმცა აქ განსხვავებული შინაარსია, ამ ხატზე სტალინი უარყოფით კონტექსტში არაა. იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის სტალინის ხატი და სტალინი აქ არ არის პირი, რომელზეც ლოცულობს ვინმე, როგორც ეს ამ ატეხილ აჟიოტაჟში დახატეს.

მთლიანობაში, ეს ორი დღეა, მათი მსმენელი სტალინზე ფიქრობს, ხოლო მორწმუნეები იესო ქრისტეს სასწაულებრივ განკაცებაზე და კაცობრიობის ხსნის დასაწყისზე. თქვენ აირჩიეთ, ვისი სიახლე სჯობს. გილოცავთ შობას!“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

https://www.facebook.com/andriajagmaidze/posts/pfbid02rgaHqTfF9R8zAEuL3E1C4oRrw8VM2RnJhkjzafE9Aqtkp8sRQWZb3UKQsbmmqavql

ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა

78 წლის ასაკში, გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა

ფრანც ბეკენბაუერი 1972-1976 წლებში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

იგი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელი იყო ქვეყნის ისტორიაში.

ბეკენბაუერმა ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. ის ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში.

ფრანც ბეკენბაუერის კოლექციაშია სამი ჩემპიონთა თასი და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი (1972).

1972 და 1976 წლებში გაიმარჯვა „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში და მოიპოვა ოქროს ბურთი.

საერთო ჯამში, ფრანც ბეკენბაუერმა ყველა ტურნირზე 620 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 74 გოლი და 75 საგოლე გადაცემა

გააკეთა.

 

 

რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას სუროგაციის აკრძალვისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ფრანცისკე საერთაშორისო საზოგადოებას სუროგაციის „საზიზღარი“ პრაქტიკის საყოველთაო აკრძალვისკენ მოუწოდებს და ორსულობის „კომერციალიზაციის“ წინააღმდეგ გამოდის.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Independent-ი ავრცელებს.

მისი თქმით, სუროგატი დედობა დედისა და ბავშვის უფლებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს და საერთაშორისო საზოგადოებამ ეს პრაქტიკა უნდა აკრძალოს.

„საზიზღრად მიმაჩნია ე.წ. სუროგატი დედობის პრაქტიკა, რომელიც წარმოადგენს ქალისა და ბავშვის ღირსების მძიმე შელახვას დედის მატერიალური საჭიროებების სიტუაციის ექსპლუატაციის საფუძველზე. ბავშვი ყოველთვის საჩუქარია და არასდროს არის კომერციული ხელშეკრულების საფუძველი“, – განაცხადა მან.

ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად -შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და „ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად“.

„პოლიტიკური ნება თუ არსებობს, მრავალი ინსტრუმენტია ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად. მინდა, მკაფიო იყოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიღებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილება კი ივლისში იქნება. ამიტომ საბჭოსთვის მარტივია გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზირება, რომ ჩემი შემცვლელი დაიკავებს თანამდებობას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელმა ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი შაბათს გამოთქვა, რის გამოც მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტის დატოვება ნოემბრის ნაცვლად, ნაადრევად მოუწევს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა კი, მიმდინარე წლის ივლისიდან დეკემბრამდე პერიოდში, როტაციული სისტემის გამო, უნგრეთზე გადადის. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო შარლ მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევს, სხდომებს უხელმძღვანელებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინიციატივებს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის იანვრის „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის იანვრის „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია წარმოდგენილი.

„გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.1%-ით გაიზარდა. დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება.

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია დეკემბერში 3.6%-მდე შემცირდა.

ნოემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.3%-ით გაიზარდა.
უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით გაიზარდა და 50.8% შეადგინა. ნოემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით გაიზარდა და 45.5%-ს გაუტოლდა.

საგარეო სექტორი

იმპორტი – ნოემბერში საქონლის იმპორტი წლიურად 7.6%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად შუალედური სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. სამომხმარებლო და საინვესტიციო საქონელის იმპორტი კი ზომიერად გაიზარდა.

ექსპორტი – ნოემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 1.8%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად შუალედური საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, ხოლო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტმა მნიშვნელოვნად მოიმატა.

ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების არსებითი ცვლილება არ ყოფილა, წინა თვესთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „პუბლიკაციების“ რუბრიკაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს” – ჯოზეფ ბორელი

გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ისრაელ-პალესტინას კონტექსტში ბორელმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული სამშვიდობო ინიციატივა განიხილა.

„ფეისალ ბინ ფარჰან ალ-საუდთან ჩვენი ერთობლივი სამშვიდობო ინიციატივა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მოქმედებაში მოყვანის ნაბიჯები განვიხილე. გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ პრინცი ფეისალი 22 იანვარს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიიწვია.

“2026 წლის საჯარო სერვისების გაეროს მსოფლიო ფორუმის მასპინძელი საქართველო იქნება” – რატი ბრეგაძე

2026 წლის საჯარო სერვისების გაეროს მსოფლიო ფორუმის მასპინძელი საქართველო იქნება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„2023 წლის დეკემბერში, გაეროში, გენერალური მდივნის მოადგილესთან გვქონდა საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ საქართველოში საჯარო სერვისების განვითარებაზე მიმართული რეფორმები.

ახალი წლის დადგომასთან ერთად კი მივიღეთ ბატონი ლი ჯინჰუას წერილი, რომლითაც გვემცნო, რომ ჩვენი თხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო სერვისებზე გაეროს მსოფლიო ფორუმი 2026 წელს საქართველოში ჩატარდება!

მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ჩვენი სახელმწიფოს ასეთი დიდი ქმედითი მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მძლავრი მოტივაციაა.

დიდი სიხარულია, რომ ათასობით საჯარო მოსამსახურის მიერ მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის, სწრაფი და ეფექტიანი სახელმწიფო სერვისების განვითარებისთვის გაწეული შრომა უმაღლეს დონეზე იქნა აღიარებული და დაფასებული.

გაეროს მსოფლიო ფორუმზე ყველა კონტინენტის წარმომადგენელი ერთმანეთს გაუზიარებს ცოდნას საჯარო სერვისებზე და გაჩნდება ახალი იდეები, რაც ადამიანების ცხოვრების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

საქართველო ნიჭიერი და მონდომებული ადამიანების ქვეყანაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს.
წინ ბევრი გამარჯვებაა“, – წერს ბრეგაძე.

ბოლნისში ავტომობილი ძმებს დაეჯახა, ორივე ადგილზე დაიღუპა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გზაზე ძმებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

“ღაზაში ომის სწრაფად დასასრულებლად „დიდი შვიდეული“ ისრაელთან ერთად მუშაობს” – იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ღაზაში ომის სწრაფად დასასრულებლად „დიდი შვიდეული“ ისრაელთან ერთად მუშაობს , – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ერთ მიზანს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირება წარმოადგენს, მეორეს კი ისრაელის მთავრობაზე ზეწოლა, რათა მან ღაზაში სამხედრო ოპერაციები დაასრულოს“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების თავიდან დაწყება.

ანტონიო ტაიანიმ დევიდ კამერონთან და კატრინ კოლონასთან სატელეფონო საუბრისას „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ჩინეთში თოვლისგან დამზადებული ქანდაკებების საერთაშორისო კონკურსი მიმდინარეობს

ჩინეთში თოვლისგან დამზადებული ქანდაკებების საერთაშორისო კონკურსი მიმდინარეობს. ჰარბინის პროვინციაში საუკეთესო ნამუშევრის ტიტულის მოსაპოვებლად, 12 ქვეყნიდან ჩასული მოქანდაკეები იბრძვიან.

ყინულის ქანდაკებების საერთაშორისო კონკურსი, ჰარბინის ყინულის და თოვლის ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს.

ღონისძიება პანდემიის შემდეგ წელს პირველად იმართება. ფესტივალთან დაკავშირებით ჰარბინის პროვინცია რეკორდული რაოდენობის ტურისტს მასპინძლობს.

“ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩრდილოეთში უსაფრთხოება აღვადგინოთ და თქვენს ოჯახებს, რადგან ბევრი თქვენგანი ადგილობრივია, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება მივცეთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ეს ფართო სამხედრო კამპანიის გარეშე გაკეთდეს, მაგრამ ხელს ვერაფერი შეგვიშლის“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუ ისრაელ-ლიბანის საზღვართან მდებარე ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზას ესტუმრა და ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მათ იმის მაგალითი ვაჩვენეთ, თუ რა ემართებათ მათ მეგობრებს სამხრეთში, მსგავსი რამ მოხდება აქ, ჩრდილოეთშიც. ჩვენ უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

იაპონიაში, მიწისძვრისგან დაზარალებულ რაიონებში დიდთოვლობაა

იაპონიის მიწისძვრისგან დაზარალებულ რაიონებში დიდთოვლობაა. უამინდობამ იშიკავის პრეფექტურაში, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო და სამძებრო ოპერაცია გაართულა.

ადგილობრივი ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ მიწისძვრისგან დაზიანებულ შენობებს, რადგან ჰაერის დაბალმა ტემპერატურამ და თოვლის მაღალმა საფარმა შესაძლოა მათი ნგრევა გამოიწვიოს.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის იშიკავის პროვინციაში მიწისძვრის დროს 168 ადამიანი დაიღუპა, 323 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურები უხვ ნალექს ვარაუდობენ, რაც გზებზე მიმოსვლის შეფერხებასა და სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას გაართულებს.