ევროპული კრუიზის ნაცვლად, მივიღეთ რუსული კრუიზი ბათუმში, ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს სურთ, საქართველო გადააქციონ რუსეთის უკანა ეზოდ, გუშინ საღამოდან ვიხილეთ გმირი ბათუმელების, აჭარლების, ადგილობრივების, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ადამიანების გმირული პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, სახალხო დამცველმა უნდა შეისწავლოს ყველა იმ ადამიანის დაზიანება, რომლებიც ბათუმის პორტში მიმდინარე აქციისას დააკავეს.
„განსაკუთრებით ახალგაზრდებმა იაქტიურეს და ჩვენდა სამწუხაროდ, ამ დროისთვის დაკავებულია პუტინის, ოკუპანტის გაპროტესტებისთვის 23 ადამიანი. აქედან 10-მდე არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, არიან სამოქალაქო აქტივისტები, არიან რიგითი მოქალაქეები. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. წარმოუდგენელია, ქვეყნის 20% იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის გაპროტესტებისთვის, პუტინის გაპროტესტებისთვის ადამიანებს ციხეში უშვებდნენ. აქედან მოვუწოდებ, თუ რამე ასეთი ინსტიტუტი არსებობს სახალხო დამცველის, ხანდახან ხმას თუ ამოიღებს, კარგი იქნება, შეისწავლოს თითოეული ადამიანის დაზიანება. ადგილზე ვუყურეთ ამ ყველაფერს, როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად დგებუაძე, ბესელია, მაღრაძის ტროიკა ჩვენს მოქალაქეებს. მინიმალური გამარჯვება უკვე მოპოვებულია, ამ კრუიზის ქალაქებიდან ამოღებულია ბათუმი. ჩამოვა თუ არა კიდევ ორ კვირაში, ეს არავინ იცის, თუმცა სიიდან რომ ამოიღეს, ეს უკვე კარგია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მოგვიწევს, ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ანწუხელიძის მკვლელებს საქართველოში ია-ვარდით ვერ დახვდებიან.
„ყველა ჯერზე, ხმელეთით შემოსულსაც გააპროტესტებს ქართველი ხალხი, ზღვით შემოსულსაც და თვითმფრინავით შემოსულსაც. თქვენ გინახავთ ყველა სახის პროტესტი ხმელეთით შემოსულ პუტინისტებზეც, ზღვით შემოსულ პუტინისტებზე და ცით შემოსულ პუტინისტებზეც. ანწუხელიძის მკვლელებს ამ ქვეყანაში ია-ვარდით ვერ დახვდებიან, ამას უნდა შეეგუოს რუსული პარტიაც. გემი კანონდარღვევით შემოვიდა. ვნახე უმძიმესი კადრები რუსული კრუიზის გემზე ქართველი პოლიციელების, წარმოუდგენელი რამეა, რა ესაქმებოდათ საქართველოს მოქალაქეების დამცველებს და კანონის დამცველებს რუსულ კრუიზზე, იქ იცავდნენ პუტინისტებს, რუსებს და მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ აღიარებს იმას, რომ პუტინი ტერორისტია, ჩვენს ოკუპაციას, ანწუხელიძის მკვლელობას, ტერიტორიის მითვისებას და ამ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, აქ ფიანდაზად ეგებიან. ყველა ასეთი ტექნიკური უკანონობა ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს პირადი დაპირება მიცემული პუტინისთვის, რომ აქ ფიანდაზად გაეგებიან ყველა პუტინისტს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.