Home Blog Page 1801

“ყველა ერთად რომ დააჯგუფო, მათ შორის – ბესელია, გახარია, ხუხაშვილი, – ერთად ალბათ, 1%-ს ვერ აიღებენ”

ყველა ერთად, რომ დააჯგუფო, მათ შორის, საუბარი იყო ბესელიაზე, გახარიაზე, ხუხაშვილზე და ა.შ. ყველა ერთად ალბათ, 1%-ს ვერ აიღებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პარტიიდან გასული წევრების გაერთიანებაზე კითხვას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ამ საკითხს სერიოზულად ვერ განიხილავს.

„მათი მაქსიმუმი არის 1% და შესაბამისად, სერიოზულად ვერ განვიხილავდი მათ დაჯგუფებას“, – აღნიშნა კობახიძემ.

“ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ არაკეთილმოსურნეები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა” – ირაკლი კობახიძე

გუშინ გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2023 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 7,6 პროცენტით გაიზარდა, ამ ტემპით, წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8200 დოლარს მიაღწევს, მაშინ, როდესაც 2021 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 4250 დოლარი იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „სულ რაღაც სამ წელიწადში, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა, რაც საქართველოს მთავრობის ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ეკონომიკური ზრდა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საქართველოს ყველა პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად – მათ შორის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკური გამოწვევების მიმართ საქართველოს სიმტკიცის გასამყარებლად, ასევე, თუნდაც, ქვეყნის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. საქმეში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 10 ათას დოლარს მაინც უნდა გადაცდეს, რომ მის ევროინტეგრაციაზე სერიოზულად დაიწყოს საუბარი. არსებული ტემპების გათვალისწინებით, ამ მაჩვენებელს საქართველო უკვე 2025 წელს გადააბიჯებს. როგორც ცნობილია, საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის სექტორი. ამა წლის იანვარ-ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლები 58 პროცენტით, ანუ 662 მილიონი დოლარით გაიზარდა. გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, პირველ რიგში – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად.

ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ყველას გვახსოვს, როგორ საუბრობდნენ „ნაცმოძრაობის“ სახეები – ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები იმავე პერიოდში რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდოანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორის გუშინ ბათუმში გამართული აქცია, მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის დაკარნახევი. თუმცა, საზოგადოება ხედავს და სწორად აფასებს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ გუშინდელ აქციაზე, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ – პარტია „ნაციონალური მოძრაობის“, ლელოს, გახარიას პარტიის, გირჩის და ევროპული საქართველოს რამდენიმე ათეული აქტივისტის გარდა, არავინ მივიდა.

რაც შეეხება უშუალოდ კრუიზს. როგორც მოგეხსენებათ, გემი დარეგისტრირებულია პალაუში და ცურავს პალაუს დროშის ქვეშ. მასზე, რუსი ტურისტების გარდა, იმყოფებოდნენ ტურისტები სხვა ქვეყნებიდანაც. გემი არ შესულა აფხაზეთში, შესაბამისად, გემს და გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ. ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას. სინამდვილეში, ახსნა ერთადერთია – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“და მისი პატრონები ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რისი მიზანიც ქვეყანაში თუნდაც მცირე არეულობის შემოტანა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 100 ათასს შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 ათასს – გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა. „ნაციონალებმა“ იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც „ნაციონალებისა“ და მათი პატრონების გადმოსახედიდან, უკვე საქმეა.

ამასთან, მათი მთავარი მიზანი არა იმდენად საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება, რამდენადაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა და საქართველოსთვის პოლიტიკური რისკების შექმნაა. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს პროვოკაციაზე სათანადო რეაგირებისათვის. პროვოკაციის სიმძიმისა და შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევის მიუხედავად, პოლიციელებმა იმოქმედეს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფოს ინტერესები. საზოგადოებას მოვუწოდებთ, კვლავაც ყურადღებით დააკვირდეს ომისა და ღალატის პარტიის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თითოეულ ქმედებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 2024 წლის ოქტომბერში საზოგადოებამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გამოუტანოს გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი, რაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების და საქართველოს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა კობახიძემ.

2024 წლის არჩევნებში აშშ-ის „რესპუბლიკელების“ კანდიდატად დონალდ ტრამპის დასახელებას მხარს გამოკითხულთა 54% უჭერს

აშშ-ში “რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატების პრაიმერის დაწყებამდე, სადაც გამოვლინდება თუ ვინ იქნება „რესპუბლიკელების“ კანდიდატი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, New York Times-მა და Siena College-მა გამოკითხვა ჩაატარეს.

გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარს გამოკითხულთა 54% უჭერს, მის მთავარ მოწინააღმდეგეს, რონ დესანტისს კი, 17%. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მაიკ პენსს, ტიმ სკოტსა და ნიკი ჰეილის, მათი მხარდამჭერთა რაოდენობა 3%-ს არ აღემატება. მედიის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების ფონზე, მისი მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა.

უკრაინის არმიამ უპილოტო აპარატებით მოსკოვის ცათამბჯენი დაბომბა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე სცადა თავდასხმა

უკრაინის არმიამ უპილოტო აპარატებით მოსკოვის ცათამბჯენი დაბომბა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე სცადა თავდასხმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, კიდევ ერთი უპილოტო თვითმფრინავმა რადიოელექტრონული საშუალებების ზემოქმედებით კონტროლი დაკარგა და „მასკვა სითის“ ტერიტორიაზე დაეცა.

მანამდე, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი კომპლექსის ერთ-ერთ კოშკს შეეჯახა და მინები დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა სამხედრო ხომალდებმა უკრაინის სამი საზღვაო უპილოტო აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მათზე თავდასხმას ცდილობდნენ.

უკრაინის სამიზნე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდები, „სერგეი კოტოვი“ და „ვასილი ბიკოვი“ აკონტროლებენ გემებს შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სევასტოპოლიდან 340 კილომეტრში.

“უკრაინა – ამოწურული, თუმცა, ჯერ კიდევ დიდი მოცულობის “საზარბაზნე ხორცის” მფლობელია” – დემურ გიორხელიძე

უკრაინა – ამოწურული, თუმცა, ჯერ კიდევ დიდი მოცულობის “საზარბაზნე ხორცის” მფლობელია, – ამის სესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი დემურ გიორხელიძე წერს.

მისი თქმით, საომარი მოქმედებების ასპარეზში ორი რეგიონია.

“ორი ყველაზე პერსპექტიული და, ალბათ, დიდი ალბათობით, ყველაზე რეალური საომარი მოქმედებების ასპარეზი:

(ა) ევროპაში – კოსოვო (ინტენსიურად მუშაობს “ცნობილი ლომი კულისებისა”, თავისი “სამშვიდობო კონტინგენტის” გააქტიურებით პროვოკაციული მიზნით) და (ბ) სამხრეთ კავკასია!

ორივე რეგიონი ბმაშია, რადგან ორივეს ერთდროული აფეთქება დიდი ძალების გადასროლას მოითხოვს!
მიზანიც ეს არის!

უკრაინა – ამოწურული, თუმცა, ჯერ კიდევ დიდი მოცულობის “საზარბაზნე ხორცის” მფლობელია:
საკმაო ხანი იკმარებს, მაგრამ – წაშველება გადაწყვიტეს! კოსოვო – არა მხოლოდ სერბეთის წინააღმდეგაა! ბოსნია-ჰერცოგოვინაში დაძაბული მდგომარეობის გათვალისწინებით, ორივე ერთად ბალკანეთს ააფეთქებს, – თუ თავისას მიაღწიეს პროვოკატორებმა!“

სამხრეთ კავკასიაში კი ჭკუიდან გასული ორი ქვეყანაა, ერთნაირი გავლენების ქვეშ და ერთნაირად
უპასუხისმგებლო საკუთარი ქვეყნის მომავლის წინაშე: ორი არშემდგარი სახელმწიფო: საქართველო და სომხეთი!

დრო არ გაიწელება, მაგრამ, იმედია, არც ერთი და არც მეორე არ/ვერ განხორციელდება!”– წერს დემურ გიორხელიძე.

“მოღალატეების, „ნასედკებისა“ და მექრთამეების „არაჩვეულებრივი“ პარტია შეიკვრება” – ზურაბ ქადაგიძე

რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელიამ დააანონსა, რომ თავის დროზე „ქართული ოცნებიდან“ გასულები 2024 წლის არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე თვლის, რომ “ქართული ოცნებიდან” წამოსული პირების გაერთიანება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ერთ პროცენტსაც ვერ აიღებს.
მისი თქმით, მოღალატეების სიას თუ სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება, არაჩვეულებრივი წრე შეიკვრება, თუმცა, რთული სათქმელია, რამდენად დათმობს ის პრეზიდენტის პოსტს ვადის ამოწურვამდე ორი თვით ადრე.

„რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელიამ დააანონსა, რომ თავის დროზე „ქართული ოცნებიდან“ გასულები 2024 წლის არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებენ.

ერთი წამით გავიხსენოთ, ვინ შეიძლება იყოს მოაზრებული ასეთ გაერთიანებაში: ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი, გიორგი გახარია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დათო ჭიჭინაძე, თამარ ჩუგოშვილი, ზვიად ძიძიგური.

დამეთანხმებით, რომ მოღალატეების, „ნასედკებისა“ და მექრთამეების „არაჩვეულებრივი“ პარტია შეიკვრება. ჩამოთვლილთაგან თითოეულს ამ სამი ეპითეტიდან მინიმუმ ერთი მაინც მიესადაგება.

მოღალატეების ამ „თანავარსკვლავედს“ სალომე ზურაბიშვილსაც თუ დავუმატებთ, არაჩვეულებრივი წრე შეიკვრებოდა. თუმცა, რამდენად შეელევა ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობას ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე, რთული სათქმელია.

მოღალატეების, „ნასედკებისა“ და მექრთამეების ეს პარტია საპარლამენტო არჩევნებში ერთ პროცენტსაც ვერ აიღებს. ამიტომ, პრინციპში, მის შექმნაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

“გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი”

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სოცოცხლის უფლების დარღვევა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კი, შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია“, – ასე ეხმიანება როინ შავაძის საქმეს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი.

მისი თქმით, შავაძის მვკლელობის დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და შესაბამისად, სუბარი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესი.

„როინ შავაძის მკვლელების დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს. მოკლული შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს დაემუქრნენ, რომ თუ იჩივლებდა, მის მოკლულ ქმარს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მთელი ცხოვრება მის შვილებს ამ დაღის ტარება მოუწევდათ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სოცოცხლის უფლების დარღვევა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კი, შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია. ნაციონალურ მოძრაობას იგივე პოზიცია აქვს მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზეც, მაგრამ შავაძის საქმეს განსაკუთრებით ჰგავს ორი – თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას და რეინჯერი დავით ცინდელიანის უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის საქმეები. ორივე მათგანი იმავე პერიოდში, 2008 წლის აგვისტოში დააკავეს ყოველგვარი ბრალის გარეშე, სასტიკად აწამეს, დახვრიტეს და ბეტონის ბოძებთან ერთად ზღვაში ჩაძირეს. ამ ბოროტების ჩამდენი, კუდის მაღალჩინოსანი რომან შამათავა ამჟამად სასჯელს იხდის, ნაციონალური მოძრაობის წევრები კი ამ სასტიკ მკვლელს უსირცხვილოდ აცხადებენ ეროვნულ გმირად. ნაციონალურ მოძრაობაში სამკვდრო-სასიცოცხლო შინაომია პარტიული თანამდებობების, გავლენებისა და ფულის გამო, ზოგი ტოვებს პარტიას და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება, მაგრამ შინაარსში არაფერი იცვლება: ყველა ამართლებს მათ მიერვე ჩადენილ სასტიკ მკვლელობებს, სისტემურ წამებას, უკანონო პატიმრობებს, სასამართლოს სრულად დამორჩილებას და სხვა სისტემურ დანაშაულებს.

და მხოლოდ იმას ნანობენ, რომ მსგავსი დანაშაულების ჩადენის საშუალება დღეს არა აქვთ. ნაციონალური მოძრაობა არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა გასამართლდეს მის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატური დანაშაულების გამო. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი. ახლახან ჩვენ ვნახეთ მაგალითი, როცა მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა ოპოზიციური პარტია „შორი“. მოლდოვას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპამ მას მოუწონა ეს ნაბიჯი. შესაბამისად, თუ ეს არის ევროკავშირში შესასვლელი ბილეთი, რომ ავკრძალოთ დანაშაულებრივი პარტიები, მაშინ ჩვენც დროზე დავიწყოთ ეს პროცესი. იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები პარლამენტში მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას“, – წერს სოზარ სუბარი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

“ვაშაძე ძალიან ჰგავს ამერიკელების მთავარ აგენტს” – ზაზა შათირიშვილი

ვაშაძის თვისებებს თუ დავაკვირდებით, ამერიკულ ხელწერას იოლად ამოვიკითხავთ. თავისი თვისებებით, ვაშაძე ძალიან ჰგავს ამერიკელების მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს – ხაბეიშვილისგან განსხვავებით, თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, სააკაშვილივით ექსცენტრულია და რაც მთავარია, სააკაშვილივით, მასაც შუბლის ძარღვის ნატამალი არა აქვს. შესაბამისად, როგორც უცხოელი აგენტი და უსამშობლო კაცი, ვაშაძე მზადაა უფროსების ნებისმიერი დავალება უყოყმანოდ შეასრულოს, როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ეს დავალება ქვეყნის ინტერესებისთვის, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

მისი თქმით, ყველაზე კარგი კი ის იქნება, თუ კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთიანი სიით გავა საპარლამენტო არჩევნებზე. ასე ამომრჩეველს დასკვნების გამოტანა და უცხოური აგენტურისთვის კუთვნილი ადგილის მიჩენა კიდევ უფრო გაუადვილდება.

„ცოტა ხნის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიაში გიორგი ვაშაძის დაბრუნების შესახებ გვამცნო. აშკარაა, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში, ნაციონალები და მათი პატრონები ულიდერობაზე ნერვიულობდნენ და ვაშაძის წინა პლანზე წამოწევა ამ ნერვიულობის ლოგიკური გამოძახილია.

ისიც აშკარაა, რომ ახალი როლისთვის ამერიკელები ვაშაძეს უკვე დიდი ხანია ამზადებენ: გასული წელიწადნახევრის განმავლობაში რამდენჯერმე წაიყვანეს ამერიკაში; ერთხელ იქიდან ათქმევინეს, შეხვედრებიდან გამოსული გეუბნებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდებაო; სათავეში ჩაუყენეს ძალადობრივ ქმედებებს 7-8 მარტის აქციების დროს და ა.შ.

ვაშაძის თვისებებს თუ დავაკვირდებით, ამერიკულ ხელწერას იოლად ამოვიკითხავთ. თავისი თვისებებით, ვაშაძე ძალიან ჰგავს ამერიკელების მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს – ხაბეიშვილისგან განსხვავებით, თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, სააკაშვილივით ექსცენტრულია და რაც მთავარია, სააკაშვილივით, მასაც შუბლის ძარღვის ნატამალი არა აქვს. შესაბამისად, როგორც უცხოელი აგენტი და უსამშობლო კაცი, ვაშაძე მზადაა უფროსების ნებისმიერი დავალება უყოყმანოდ შეასრულოს, როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ეს დავალება ქვეყნის ინტერესებისთვის.

ე.წ. კოლექტიური ნაცმოძრაობა სულ ექვს პარტიას მოიცავს, საიდანაც ორი უკვე გაერთიანდა. როგორ გავლენ საპარლამენტო არჩევნებზე ლელო, გახარია, ჯაფარიძის გირჩი და ევროპული საქართველო, ჯერ უცნობია. იმის გათვალისწინებით, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რესურსი არცერთ ამ პარტიას არა აქვს, პატრონები მათ დაჯგუფებას აუცილებლად შეეცდებიან.

პარტიების გაერთიანების შესახებ ლოგიკურ მსჯელობას დიდად აზრი არა აქვს, რადგან ეს ყველაფერი ერთადერთ ლოგიკას – პატრონის დავალებას ექვემდებარება. მაგალითად, პატრონი თუ დაავალებს, ხაზარაძე და გახარიაც კი უყოყმანოდ გაერთიანდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთს თაღლითად და თვალთხარიად მოიხსენიებდნენ.

ყველაზე კარგი კი ის იქნება, თუ კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთიანი სიით გავა საპარლამენტო არჩევნებზე. ასე ამომრჩეველს დასკვნების გამოტანა და უცხოური აგენტურისთვის კუთვნილი ადგილის მიჩენა კიდევ უფრო გაუადვილდება“, – წერს ზაზა შათირიშვილი.

6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. 2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348,461,374 აშშ დოლარი).

2022 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია + 661,999,720 (+57.9%) აშშ დოლარით.
წელს, მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1,009,112,957 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 115%-ით აღდგენაა.

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +260,291,106 (+34.8%) აშშ დოლარით.

ვლადიმერ პუტინი 10 წელსაც ვერ იცოცხლებს -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “კიდევ 10 წელიწადსაც” ვერ იცოცხლებს.

ბრაზილიურ გამოცემა Globo-სთან ინტერვიუში ზელენსკის ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სირიის ომის მსგავსია და შეიძლება თუ არა, უკრაინა სირიას დაემსგავსოს.

„არა, ეს შეუძლებელია, რადგან პუტინი ამდენ წელს ვერ იცოცხლებს. ის სირიაში არ იბრძოდა ისეთი ტემპით, როგორითაც ჩვენ გვებრძვის. სირიაში ომი განსხვავებულია. რუსეთის პრეზიდენტი კიდევ 10 წელსაც ვერ იცოცხლებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსული ჯარების მოქმედებები ბრძოლის ველზე ადასტურებს, რომ დღეს რუსეთს არ შეუძლია უკრაინის სრული ოკუპაცია და უკრაინელების განადგურება.

რუსები ხარკოვს დრონებით დაესხნენ თავს

რუსულმა ძალებმა ხარკოვს „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონმა ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ორი სართული გაანადგურა.

„ოკუპანტებმა ხარკოვს „კამიკაძე” დრონებით შეუტიეს. შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე საგანგებო სიუტუაციების სამსახურები მუშაობენ”, – აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთს მოვუწოდებთ, უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეწყვიტოს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ისინი, ვინც უკვე წაიყვანა, სახლებში დააბრუნოს.

“ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ინციდენტი, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ომში, არის უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დეპორტაცია რუსეთში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს სასტიკი ქმედებები და დააბრუნოს უკრაინელი ბავშვები“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.

რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლებების რწმუნებულის, მარია ლვოვა-ბელოვის განცხადებით, 2022 წელს უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 700 ათასზე მეტი ბავშვი იქნა გაყვანილი.