Home Blog Page 1801

“თავი სამყაროს ღმერთებად გამოგვიცხადეს, საქართველო კი თავიანთ ნადავლად აქციეს”-დავით ჭიჭინაძე

სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ ქვეყანა ძარცვონ.

„თავი სამყაროს ღმერთებად გამოგვიცხადეს, საქართველო კი თავიანთ ნადავლად აქციეს. ხელისუფლებაშიც ხომ მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ ეს ქვეყანა ძარცვონ და დაინაწილონ. თუ დასავლეთი ჯერ კიდევ ელოდება, რომ კობახიძე-ივანიშვილის „ოცნებაში” კეთილშობილება გაიღვიძებს, გამორიცხულია, ეს არ მოხდება!

ასე რომ, თუ ყველა ერთად არ დავირაზმებით, უსამართლობის პრობლემა ყველასთან მოვა, არავის დატოვებს. ბოლოს ყველას დაგვიჭერენ, ყველას, დაგვსჯიან, ვისი განსხვავებული აზრიც არ მოეწონებათ, მაგრამ სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც „ტრიბუნა“ ავრცელებს

შსს-მ ერთ-ერთ კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციისას 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციისას 8 პირი დააკავეს.

როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაა დაწყებული, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას გულისხმობს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, უწყების თანამშრომლებმა 8-ვე პირი ერთ კლუბში დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ჩვენებმა კრემინას მიმართულებაზე ურდოს შეტევა ადგილზე დაადუღეს” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“გუშინდელი სტატუსი უკვე დაწერილი მქონდა, რომ კიდევ 1 კა-52 ვერტმფრენი “კრაკადილის” ჩამოგდება დაადასტურეს ჩვენებმა! ასეთი ამბები არასდროს ძველდება. ძირს რუსული “კრაკადილები”.

ჩვენებმა კრემინას მიმართულებაზე ურდოს შეტევა ადგილზე დაადუღეს. გვიტევდნენ იამპოლოვკის, ტორსკოეს და ბელოჰოროვკის მიმართულებებით, მაგრამ განადგურდნენ რამდენჯერაც შემოგვიტიეს იმდენჯერ. ბრძოლები კიდევ გრძელდება;

ასევე მარიინკას უტევენ მერამდე თვეა თავგადაკლულად, მაგრამ ბიშტი მაგათ მარინკა კი არა;

ბახმუტის ფლანგებზე ყოველდღიურად 200-300 მეტრით მივიწევთ წინ. ფაქტია, რომ ურდოს ოპერატიულ ალყაში მოქცევა სულ უფრო რეალური ხდება;

ზაპოროჟიეში პიატიხატკაზე სცადეს რამდენიმეჯერ კონტრიერიშის განხორციელება. ოჰ რა მშვენიერი სანახავია ვიდეოები, როგორ გიზგიზებს ურდოს ტანკები. უჰელდარი-2 ცხვება ვატყობ. პიატიხატკი-ჟერებიანკის და ლუჰოვე-ჟერებიანკის ტრასები მოფენილია ურდოს მძიმე ტექნიკით და მკტარი ურდოსებით.

ურდოს ასეთი გააფთრება აიხსნება ერთი ცნობით: პუტლერს გაცემული აქვს ბრძანება, რომ ნატოს სამიტამდე (11-12 ივლისი ვილნიუსი) ფრონტი არ უნდა გაირღვეს, რომ ალიანსის ლიდერების არ ჰქონდეთ განცდა, რომ უკრაინა დიდ წარმატებას აღწევს. ამ ავადმყოფს ძალიან კი უნდა, რომ გენერალი ზალუჟნი და გენერალი ბუდანოვი გამოეთიშონ, მაგრამ მისი გულის გასახეთქად, ერთიც და მეორეც უმაღლეს დონეზე ახორციელებს თავის საქმიანობას და გეგმების რეალიზების შესახებ მუდმივ კონტაქტზე კოლეგებთან. მაგალითად, გენერალი ზალუჟნი და გენერალი მარკ მილი, რაც ჩვენ ვიცით, კვირაში 1 მაინც საუბრობენ ტელეფონით.

აკი დაიჭექა თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა, რომ მომავალ წელს, 18 ივნისს ჩემს დაბადების დღეს ყირიმში აღვნიშნავო და რამშტაინის ფორმატის მინისტრები ყველა!!! დაპატიჟებულიაო.

ახლა დახმარებები: დღეს იწყება უკრაინის რეკონსტრუქციაზე 2-დღიანი კონფერენცია. სახ.მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის ახალ დახმარების პაკეტს აანონსებს. პენტაგონის ბუღალტრები გლიჯავენ. გასული წლის დახმარებები გადავჩოთქეთ, 6.2 მილიარდით მეტი გამოგვიცხადებიაო და შესაბამისად სექტემბრამდე ამ თანხის დახმარების გამოყოფა შეგვიძლიაო. მთლად ბუღალტრებში არ მგონია საქმე იყოს, მაგრამ იკოს ასე კარგი განწყობისთვის;
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ვონ დერ ლეიენის ოფისმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი ლონდონში 4 წლიან 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს გამოაცხადებს;

ამ ციფრების ფონზე მოკრძალებულად ჩანს, მაგრამ პორტუგალიის თავდაცვის სამინისტრო გადასცემს 14 ჯავშანმანქანა მ113-ს და ბუქსირებად 105 მმ-იან საარტილერიო ჰაუბიცებს;

გერმანია აპირებს შეისყიდოს 30 ათასამდე ჭურვი თვითმავალი პანცერჰაუბიც 2000 ჰაუბიცებისთვის, ჯამში 120 მილიონი ევროს ღირებულების;

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ ისრაელი აპირებს “მერაკავა”-ს ტანკების მიყიდვას უკრაინის, მაგრამ…. “უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ისურვა ჩვენგან ტანკების შეძენა. საკითხი განხილვის პროცესშია. საჭიროა თავდაცვის სამინისტროს დასტური”. ზნაჩიტ ბუდეააა! კვიპროსს – მერკავები, ჩვენებს – ტ-80-ები! ესეც პურია!

ლონდონში სახელმწიფო მდივანი ბლინკენი პირველად შეხვდება თურქ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრ ფიდანს. სხვა რამეებზეც იქნება საუბარი, მაგრამ ცხადია ერთ-ერთი მთავარი თემა შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხის ვილნიუსის სამიტამდე გადაწყვეტა იქნება;

ფრანგული “ლე მონდი” იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი სულ უფრო იხრება უკრაინაში ნატოს გაწევრიანების გადაწყვეტილებისკენ. მისი პოზიცია ახლა პოლონეთთან უფრო ახლოს არის, ვიდრე გერმანიასთან. ეს საკითხი 12 ივნისს საფრანგეთის თავდაცვის საბჭოზე განხილულა და როგორც ამბობენ, რამდენიმე მიმართულებაზე მიდიოდა მსჯელობა: უკრაინის მოწვევის დაჩქარება, ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა და ა.შ.

და ბოლოს შავი ოქროს ამბები: ევროპულმა კავშირმა 90%-ით შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვა. გუშინ გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა ყაზახ კოლეგა ტოყაევთან შეათანხმა ყაზახური ნავთობის მოცულობების შესყიდვის 6-ჯერ ზრდა. 100 ათასი ტონა ყოველ თვე ყარაჩაგანაკის საბადოდან – ასეთია ხელმოწერილი შეთანხმების პირობა!

ევროპელებს ვინ ჩივა, აგერ ჩინელებს მაისთან (670 ათასი ტონა) შედარებით ივნისში (260 ათსი ტონა) თითქმის 3-ჯერ შეუმცირებიათ რუსული ურალს-ის მარკის ნავთობის შესყიდვა. ა შტო სლუჩილსა? აღმოსავლეთი ფაქიზი რამ არის. ირანელებს უფრო იეფობაში შეუთავაზებიათ ჩინელებისთვის და წავიდა ჰეე!

ბლინკენმა მოიარა ჩინეთი, ხვალ ინდოეთის პრემიერის ნარენდრა მოდის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტია დაანონსებული ვაშინგტონში! მოსკოვიას მოკავშირეობა არის გზა #რუსკივაენიკარაბლიდინახუი სკენ! ნუ შობით ეგრე!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, რას ვაპირებთ 2023-ში?! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ივნისს საქართველოში

21 ივნისს ქუთაისში +25 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ფოთში დღისით წვიმა და +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +24 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც დღისით წვიმა და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +22, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +14, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. სიღნაღში დღისით +23 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

რუსეთი სამხედრო ძალისხმევას შავ ზღვაში ააქტიურებს – ომის 483-ე დღე

კიევსა და კიდევ რამდენიმე ოლქში, ღამით საჰაერო განგაში მოქმედებდა. განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავის, კირივოგრადისა და ჩერკასის ოლქებშიც. ხმელნიცკის ოლქში კი, აფეთქებების ხმა ისმოდა.

ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილად, ისევ დონეცკის ოლქი რჩება. უკრაინის „სამხრეთ სარდლობის“ ცნობით, რუსეთი სამხედრო ძალისხმევას შავ ზღვაში ააქტიურებს. ვრცელდება ცნობა რაკეტმზიდის, „ადმირალ მარკოვისა“ და კიდევ 8 ხომალდის მზადყოფნაში მოყვანის შესახებ.

„სამხრეთსა და აღმოსავლეთში უკრაინელი მებრძოლები ფიზიკურად წმენდენ უკრაინას. ტერორისგან დაცვა – ეს ტერორისტების განადგურებაა და გარანტიაა, რომ ბოროტ სახელმწიფოს, არასდროს ექნება უკრაინაში ბოროტების შესაძლებლობა. უკრაინელი მებრძოლები აუცილებლად გასცემენ ტერორისტებს პასუხს. ყოველი ასეთი რუსული დარტყმა, ყოველი რუსული ტერაქტი – ყოველ ჯერზე არგუმენტია, რომ ოკუპანტებს სადმე უკრაინულ მიწაზე დარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ და არც ექნებათ. მკვლელებისა და ტერორისტების ადგილი აქ არ არის და არასდროს იქნება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 40 შეტევა მოიგერიეს, – ­ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება – გასული დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, წუხელ რუსეთის ფედერაციამ ირანული Shahed-ის დრონებით უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელა.

„ინფორმაცია ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ზუსტდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსები უკრაინას თავს 33 Shahed-ის ტიპის ირანული დრონით, 7 საზენიტო მართვადი რაკეტით და ერთი „ისკანდერ-მ“ სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტით.

„საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა Shahed-ის 30 დრონი გაანადგურეს. გარდა ამისა, მტერმა 83 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 58-ჯერ გაუხსნა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც რუსების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, 9 დარტყმა მიაყენა, 3 დარტყმა კი მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაყენა.

„დამცველებმა ასევე გაანადგურეს მტრის 4 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მართვის 3 პუნქტს, პერსონალის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ერთ ტერიტორიას, 18 საარტილერიო დანადგარს, საჰაერო თავდაცვის ერთ საშუალებას და მტრის კიდევ 6 მნიშვნელოვანი სამიზნეს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

 

 

 

ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, გოდერძი აფრასიძე კლინიკაში გარდაიცვალა.

გოდერძი აფრასიძე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების გამო და ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

13 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც ის თბილისში სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

“ვიცით, რომ არსებობს პოლიტიკური თამაშები, რომელიც კამერების წინ სრულდება, მაგრამ ახლა დროა, საქართველოს ინტერესები დადგეს წინ”-კელი დეგნანი

არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი საჭირო ნაბიჯებთან დაკავშირებით. თუ პარლამენტი გადადგამს ამ ნაბიჯებს, ეს საქართველოს დაახლოებს იმასთან, სადაც ყველა ჩვენგან სურს მისი ყოფნა, დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, ევროკომისია გააკეთებს ფრთხილ შეფასებას, რამდენად ინკლუზიური იყო პროცესი, რა პროგრესი იქნა მიღწეული 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით.

„მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ განვსაჯო ანგარიში, ევროკომისიის შეფასება პროგრესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ისინი გააკეთებენ ძალიან ფრთხილ შეფასებას იმ სამუშაოსას, რომელიც აქ მიმდინარეობდა, თუ რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რა პროგრესი იქნა მიღწეული ამ კონკრეტულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ფაქტი, რომ ვენეციის კომისიამ გამოსცა მოსაზრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონსა და დეოლიგარქიზაციის კანონზე, ძალიან მკაფიო გზამკლვევის თანხლებით, თუ რა არის საჭირო მოლოდინების შესასრულებლად, არის ნიშანი იმისა, რამდენად ერთგულია ევროკომისია ამ პროცესში საქართველოს წარმატების მიმართ. არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი საჭირო ნაბიჯებთან დაკავშირებით. თუ პარლამენტი გადადგამს ამ ნაბიჯებს, ეს საქართველოს დაახლოებს იმასთან, სადაც ყველა ჩვენგან სურს მისი ყოფნა, დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ამასთან, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ 30 წელია, მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის ასაშენებლად, რაც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, თავისუფალ, ძლიერ, პასუხისმგებლიან მედიას. მისივე თქმით, რაც უფრო დაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს, რუსეთია.

„საქართველო იყო პოლარიზებული, როდესაც სამ-ნახევარი წლის წინ აქ ჩამოვედი. იყო ქართველების გაერთიანების მცდელობები. ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო დაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს, რუსეთია. რუსული დეზინფორმაცია და პრორუსული დეზინფორმაცია, რომელიც აგრძელებდა ამ ქვეყნის დაბნევასა და დაყოფას გასული სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, ეს ძალიან სახიფათოა. ქართველებმა იციან ამ ტაქტიკის შესახებ. თქვენ გამოგიცდიათ რუსეთის მცდელობები, დაენაწევრებინა, დაებნია და დაეშინებინა მოსახლეობა მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ არის ძალისხმევა გაერთიანებისთვის, არა მხოლოდ ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომელიც დაგაახლოვებთ ევროპულ ინტეგრაციასთან, ქართველი ხალხის უმრავლესობის მკაფიო არჩევანთან, არამედ ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინაშე. ახლა დროა ქართველი ხალხისთვის, გაერთიანდეს, მიყვეთ „ძალა ერთობაშიას“ მოდელს. რთული არ არის ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული მოსაზრებების მიღება. აშშ 30 წელია, მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის ასაშენებლად. ეს მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ეს მოიცავს თავისუფალ, ძლიერ, პასუხისმგებლიან მედიას. ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი – პოლიტიკოსებს, მედიას, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ინტერესების წინ დაყენება, პოლიტიკური დაპირისპირებების გვერდით გადადება. პოლიტიკოსები იტყვიან იმას, რაც უნდა თქვან, ვიცით, რომ არსებობს პოლიტიკური თამაშები, რომელიც კამერების წინ სრულდება, მაგრამ ახლა დროა, საქართველოს ინტერესები დადგეს წინ. აშშ-ს ყველაფერზე მეტად სურს საქართველოს წარმატების ხილვა, მიაღწიოთ წარმატებას თქვენს ძალისხმევაში, გახდეთ ევროკავშირის წევრი. ყველაზე მნიშვნელოვანია გაერთიანება და საქართველოს მომავლისთვის ერთად მუშაობა. ძალა ერთობაშია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აკონტროლეთ თითოეული ნაბიჯი და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისას, იყავით ობიექტური. იყავით რაციონალური და სწორად დაგეგმეთ დღე.

კურო

ელოდეთ პოზიტიურ ცვლილებებს, დღეს, იოლად მოახერხებთ წერტილი დაუსვათ კონფლიქტებს და უთანხმოებებს. ნუ შეგაშფოთებთ ფინანსური პრობლემები, თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით.

ტყუპები

დღეს, შესაძლოა, ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს გარკვეული უთანხმოებები მოჰყვეს, როგორც ოჯახში ასევე, სამსახურში. იყავით ზომიერი და ეცადეთ, თავი შეიკავოთ გარჩევებისა და სიტუაციის გამწვავებისგან.

კირჩხიბი

ნებისმიერი ინფორმაცია, სჯობს, გადაამოწმოთ, მოერიდეთ ნეგატიურ ემოციებს, ამით ნაკლებ საფრთხეს შეუქმნით თქვენს ჯანმრთელობას. ისეირნეთ, მოინახულეთ მეგობრები.

ლომი

მატულობს თქვენი ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი, დახმარებისა და რჩევებისთვის შესაძლოა, მოგმართონ არა მხოლოდ ახლო ადამიანებმა, არამედ, ხელმძღვანელმა პირებმა. ნუ მოგერიდებათ თავის წარმოჩენა.

ქალწული

დღეს, გაქვთ საშუალება, მოაწესრიგოთ სამსახურთან დაკავშირებული საქმეები. თქვენი მოქმედება, არჩეული სტრატეგია კარგ შედეგს გამოიღებს.

სასწორი

ახალი ნაცნობობა,  ტრენინგები, შემოთავაზებები…საკმაოდ ნაყოფიერი და მშვენიერი პერსპექტივებით აღსავსე დღეა.

მორიელი

დღეს, ელოდეთ საინტერესო შემოთავაზებას ძველი მეგობრებისგან, ან კოლეგებისგან. გახსოვდეთ, ცხოვრება დღესასწაულია, თქვენ კი იმსახურებთ საუკეთესოს.

მშვილდოსანი

ენდეთ თქვენს შინაგან ოპტიმიზმს, იყავით შეუპოვარი და შრომისმოყვარე, ერიდეთ ავანტიურას, მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ კოლეგებთან ურთიერთობაში და ახალ გატაცებებთან.

თხის რქა

დღეს, მეტად წარმატებული იქნება მოლაპარაკებები და თანამშრომლობის საკითხების განხილვა, თქვენს ყოველდღიურობაში უკვე შესამჩნევია პოზიტიური ცვლილებები. არ დაგავიწყდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

მერწყული

განსაკუთრებით შედეგიანი იქნება საქმეები, რომელიც უცხოელებს უკავშირდება. მოიძიეთ ახალი კლიენტები და საქმიანი პარტნიორები, პროგრესი და წინსვლა თქვენს საქმეებში უკვე რეალურია.

თევზები

ახალი შემოსავლის წყაროს მოძიება აგიმაღლებთ განწყობას, გახდებით უფრო თავდაჯერებული და ნებისმიერ დაბრკოლებას მარტივად გადალახავთ.

თბილისის მერი ,,ტაბულას” დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს ასე პასუხობს

„რაც შეეხება კამპანიას, ის ჩემი მეუღლის წინააღმდეგ წამოიწყო ქალბატონმა, რომელიც ვითომ „იცავს“ ამ ხალხის უფლებას და იცავს ვისგან? – ჩემგან და ჩემი მეუღლისგან. ეს სამწუხარო რეალობაა. ყველა ხედავს, ვინ არის ეს ადამიანი. მისი მეუღლე წლების განმავლობაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი. ის სიბინძურე, ბოროტება, რაც ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში 2012 წლამდე, ამ ყველაფრის მთავარი იდეოლოგი იყო მისი მეუღლე. არ ვიცი, რამდენი ფაქტი ჩამოვთვალო: ოჯახების გაუბედურება, მკვლელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, შეურაცხყოფა. გახსოვთ, ოდესმე გამოსულიყო და დაეგმო ეს ყველაფერი? დღეს ეს ადამიანი გამოდის და ვითომ იცავს ადამიანის უფლებებს და იცავს ჩემგან და ჩემი მეუღლისგან. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა არ მიკვირს, რადგან ისინი აგრძელებენ ყველაფერ იმას, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დღეს რა რესურსი და შესაძლებლობაც აქვთ, იმას აკეთებენ – ცდილობენ, დააბულინგონ ადამიანები, შეუვარდნენ ოჯახებში, შეურაცხყოფა მიაყენონ და ა.შ. საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს“.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც კახა კალაძემ ,,მაკდონალდსის” შესახებ განცხადება გააკეთა, ჩერგოლეიშვილმა მის მეუღლეს სოციალურ ქსელში მიმართა:

,,ანუკი არეშიძემ უპასუხოს კითხვას ეთანხმება თუ არა თავის ჯაგა ქმარს, რომ ელტონ ჯონის ცხოვრების ამბავი სიბინძურეა.

დაურეკავენ ჟურნალისტები.

კალაძის განცხადებას უნდა ავაკრა, და ყველა გეი (ანუ ყველა) დიზაინერთან გავაგზავნო, ვისაც ეტენებიან უსაპნოდ.

იცოდნენ, რომ ამ ვიღაც გორსალა ნუვო რიშებს ბინძურებად მიაჩნიათ, სანამ შეიტენიან.

პ.ს. სამწუხაროდ თამარ ივერი უფრო წარმატებულია თავის საქმეში, ვიდრე ეს ქალი – ამიტომ ისეთ სიამოვნებას ვერ მივიღებ, როგორიც თამარის დიდი სცენებიდან ჩახსნით მივიღე.”

,,კიდევ ერთხელ ჩანს, რომ აშშ სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეშად ერევა”- ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ აშშ სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეშად ერევა.

„აშშ-ის საელჩოს აზრით, საქართველოში „ქმედითი დემოკრატია“ და „მედიის თავისუფლების დაცვა“ განპირობებულია ნიკა გვარამიას „პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნით“ და საჭიროებს მის დაუყოვნებლივ „აღკვეთას“.

საელჩოს „აღშფოთებული შეშფოთების“ თანახმად, ნიკა გვარამიას მიმართ ადგილი აქვს „მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზებულად აღქმას“, რაც „რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს“ და „ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას“, ასევე „კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა“ და „თავად დემოკრატიას“.

ახლა კი მორიგი და ასევე (დიდი ალბათობით) პასუხგაუცემელი შეკითხვები:

რას ნიშნავს „ამერიკულ ენაზე“ – სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა, თუ არა ეს აღმაშფოთებელი განცხადება?

რა „გეოგრაფიული უფლებით“ ერევა ოკეანის მიღმა კონტინენტური სახელმწიფო საქართველოს ევროპულ და არა – „ცენტრალურ-ამერიკული“ პერსპექტივების განხილვაში?

რას ნიშნავს შანტაჟი, ზეწოლა, ზემოქმედება „დემოკრატიულ ფასეულობათა“ ამერიკულ რეესტრში, თუ არა მსგავსი განცხადება?“ – წერს დავით ქართველიშვილი.

,,საინტერესოა, პოლარიზაციაზე საუბრისას რომელ შემთხვევებს მოიყვანენ მაგალითებად?”- ჩიბურდანიძე

ხალხისთვის პოლიტიკის წესები მანამდეა გასათვალისწინებელი, სანამ ორივე მხარე იცავს ამ წესებს და სანამ მოთმინების ფიალა აევსებათ. დღეს კი საზოგადოებას მოთმინების ფიალა უკვე აევსო და ცდილობს, იგივე ძალადობით უპასუხოს იმ ძალადობას, რაც ოპოზიციიდან მოდის, ეს კი საშიშ ფაზას უახლოვდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის„ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, აგრესია, რომელიც ოპოზიციამ და მათმა ქომაგმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა საზოგადოებისგან მიიღეს, მათივე შექმნილი პოლარიზაციის შედეგია.

„ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ სავალ გზაზე. საინტერესოა, პოლარიზაციაზე საუბრისას რომელ შემთხვევებს მოიყვანენ მაგალითებად? იქნება თუ არა მათ ჩამონათვალში ოპოზიციის მიერ ჩადენილი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ძალადობა და „ბულინგი“ ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ, რაც ხლეჩს და აპირისპირებს საზოგადოებას?

ასევე იქნება თუ არა შენიშვნის სახით მითითებული ის გარემოება, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ევროპელი პოლიტიკოსები არც ერთ განცხადებას არ აკეთებენ ამის შესახებ?

მე ამას არ ველი, რადგან პოლარიზაციაც და საზოგადოების განხეთქილებაც სწორედ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი პროექტია. მათი სურვილია, საქართველომ ვერ მიიღოს სტატუსი და ამასთანავე, პოლარიზაციის შედეგად მიღებული არეულობით, შეცვალონ ხელისუფლება.

საინტერესო ის არის, რომ პოლარიზაცია, რაც ოპოზიციამ და მათმა ქომაგმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა შექმნეს საქართველოში, ისევ მათ მიუბრუნდათ ცუდად. ზურა ჯაფარიძის ცემა, ლევან ბერძენიშვილის საჯარო შეურაცხყოფა თუ სხვა, შედეგია უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძისა და მისი სტუდენტების მიმართ მოწყობილი ძალადობრივი ქმედებისა, „ბულინგისა“ და შეურაცხყოფისა; შედეგია, ასევე, პრემიერისა თუ სხვა სახელისუფლებო პირების საჯარო შეურაცხყოფებისა; ოპოზიციური ლიდერების ღია მოწოდებებისა რევოლუციაზე, დაპირისპირებაზე, ძალადობაზე და, რაც მთავარია, პატრიარქსა და რელიგიურ გრძნობებზე.

ამ ყველაფერს აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი წყობიდან გამოიყვანონ და პასუხად უფრო ძლიერი ძალადობა მიიღონ. შედეგად კი ევროპიდან გაგვაკრიტიკონ, თითქოსდა დეპოლარიზაციას ხელისუფლება არ ცდილობს.

ხალხისთვის პოლიტიკის წესები მანამდეა გასათვალისწინებელი, სანამ ორივე მხარე იცავს ამ წესებს და სანამ მოთმინების ფიალა აევსებათ. დღეს კი საზოგადოებას მოთმინების ფიალა უკვე აევსო და ცდილობს, იგივე ძალადობით უპასუხოს იმ ძალადობას, რაც ოპოზიციიდან მოდის, ეს კი საშიშ ფაზას უახლოვდება“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეა – ღარიბაშვილი

გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

„ჩემთვის პატივი და სიამოვნებაა, ვიმყოფებოდე აქ და გულითადად ვულოცავდე მონარქის დაბადების დღეს მის უდიდებულესობას მეფე ჩარლზ III-ს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ხალხს ამ ისტორიულ დღეს.

გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების ფონზე. ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და ჩემი მთავრობის სახელით, უდიდესი მადლიერება გამოვხატო გაერთიანებული სამეფოს მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეა.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა 1919 წლიდან იღებს დასაბამს, როდესაც სერ ჯონ ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივ მეგობრობას. ამდენად, მხოლოდ სიმბოლური არ არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში. ამ პლატფორმამ  შესაძლებლობა მოგვცა,  გავაგრძელოთ წინაპართა ტრადიცია და საერთო ინტერესების ირგვლივ გავმართოთ სისტემატური დისკუსიები.

საქართველოში ახლახან იმყოფებოდა მდივანი ჯეიმს ქლევერლი და ამ ვიზიტით დადასტურდა გაერთიანებული სამეფოს მიერ რეგიონისადმი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისადმი ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებს. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში ჩართულობისათვის და, ჯეროვანი მმართველობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, ჩვენი დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს.

„სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას 2019 წელს მოეწერა ხელი. ეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენად იქცა ჩვენს ურთიერთობებში. ამ დოკუმენტით განმტკიცდა ჩვენი პარტნიორობა და შეიქმნა მტკიცე იურიდიული ჩარჩო თანამშრომლობისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ფართო შესაძლებლობების რეალიზებისათვის.

გაერთიანებული სამეფო ყოველთვის გვაძლევდა შესანიშნავ მაგალითებს იმისა, თუ როგორ შეიძლება საუკუნოვანმა ტრადიციებმა კიდევ უფრო გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუტები ინდივიდის თავისუფლების დათმობის გარეშე. თქვენმა დიდმა კულტურამ და ტრადიციებმა, ისევე როგორც თქვენმა მტკიცე პოზიციამ თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხებთან დაკავშირებით განაპირობა ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა.

დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, ჩვენ რამდენიმე ომი გამოვიარეთ და კარგად ვიცით მეგობრების გვერდში დგომის ფასი. დიდად ვიმედოვნებთ, რომ გაერთიანებული სამეფო ურყევად გააგრძელებს ჩვენს დახმარებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, საქართველო ყოველთვის იცავდა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წყობას და ყოველთვის ემხრობოდა საერთაშორისო ფუნდამენტურ ნორმებსა და ადამიანის უფლებებს, რადგან ესაა მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნის გარანტი.

ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სფეროში თავდაცვა და უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ნაწილია და მოიცავს ტრადიციულსა და არატრადიციულ მიმართულებებს. დიდად მადლობელი ვართ მისი უდიდებულესობის მთავრობის იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს მედეგობის გაძლიერებას ემსახურება.

იმავდროულად, თანამშრომლობა კულტურისა და განათლების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის საკვანძო კომპონენტებია, რადგან წამყვან როლს თამაშობს ხანგრძლივი კავშირების დამყარებაში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის.

მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაღრმავებთ კავშირებს და ახალ სამიზნე ორიენტირებს დავსახავთ ჩვენი პარტნიორობის გზაზე, რათა იყოს მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკური აღმავლობისა და ჩვენი ერების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო სტუმრებო, კიდევ ერთხელ გულისხმიერად და გულწრფელად ვულოცავ მის უდიდებულესობას მეფე ჩარლზ III-ს! დაე, მისი მმართველობა დალოცვილი ყოფილიყოს მშვიდობით, კეთილდღეობითა და სიხარულით! ღმერთმა დალოცოს მეფე!“, – განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა.

საზეიმო მიღებას,  რომელიც გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.