Home Blog Page 1801

“დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, ჩვენი დამსახურება” – პრემიერი

დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, ჩვენი დამსახურებაა, 2012 წლამდე მხოლოდ ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის საშუალება, საკონსულოებში რიგებში დგომა უწევდათ და ხშირ შემთხვევაში, პასუხი იყო უარი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების” დამსახურებაა, რომ ქვეყანამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა.

„ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელში გავაკეთეთ მაქსიმუმი. თუ რაიმე გააკეთა ვინმემ ოდესმე, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, როცა მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს. დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში უვიზოდ, ეს არის ჩვენი დამსახურება, მეგობრებო, ეს არის „ქართული ოცნების” დამსახურება. ეს რა თქმა უნდა, იყო მიუღწეველი ოცნება, გახსოვთ და ალბათ დამეთანხმებით ყველანი, 2012 წლამდე მხოლოდ, ვთქვათ პირდაპირ, მხოლოდ ელიტა მოგზაურობდა, გადაადგილდებოდა ევროპის მიმართულებით შეუფერხებლად. ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის საშუალება იმიტომ, რომ უწევდათ რიგებში დგომა, საკონსულოებში და ხშირ შემთხვევაში, ვიცით კარგად, რომ ეს პასუხი იყო უარი.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს იყო გარღვევა, შეიძლება ასე ითქვას. ეს არის დამსახურება ჩვენი ხელისუფლების, კიდევ ვიტყვი. თუ ვინმემ გააკეთა რაიმე ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება” კონკრეტული შედეგებით: ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ისტორიული გადაწყვეტილება იყო ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა” – პრემიერი

ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით, ყველა მონაცემით წინ ვუსწრებდით და ვუსწრებთ დღესაც მოლდოვას, უკრაინას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისტორიული გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებ პირადად მე და საგარეო საქმეთა მინისტრი. ბოლო პერიოდი მოგეხსენებათ, საკმაოდ დატვირთული იყო. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ჩვენს პარტნიორებთან მთავარი პრიორიტეტი რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა. მთავრობამ, პარლამენტთან ერთად მაქსიმუმი გააკეთა პრიორიტეტების შესრულების ნაწილში. ჩვენ სრულად ჩართულები ვიყავით ამ პროცესში. ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით, ყველა მონაცემით წინ ვუსწრებდით და ვუსწრებთ დღესაც მოლდოვას, უკრაინას. ამის დასტურია დაახლოებით ორი თვის წინ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ჩანს, რომ საქართველო უსწრებს დღესაც ორივე ხსენებულ ქვეყანას. მაგრამ ჩვენთვის მთავარი, ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ასე შეაფასეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლების დროს ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტურად აბსტრაქტული, მიუღწეველი მიზანი და ოცნება”, – განაცხადა პრემიერმა.

“არ მივცემთ მეტ ფულს უკრაინას, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო”- ვიქტორ ორბანი 

გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს უნდა მიეცეთ ფული საბრძოლველად, რათა რუსები დაამარცხონ, შეცდომაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტში ფული აღარ არის და ორ-ნახევარი, სამი წლის შემდეგ ევროკავშირი ფინანსური გაკოტრების ზღვარზე მივიდა.

„არ მივცემთ მეტ ფულს უკრაინას, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო. გავიდა წელიწად-ნახევარი, შედეგი არის ნულოვანი, თუნდაც უარყოფითი. ჩვენ რუსეთი ვერ დავამარცხეთ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ადგილზეა, რუსეთის ეკონომიკა ძალიან კარგად მუშაობს ამის წყალობით. შედარებით მაღალი ინფლაცია გვაწუხებს, ფული აღარ გვაქვს უკრაინელების მხარდასაჭერად. ევროკავშირმა მიაღწია თავისი შესაძლებლობების ლიმიტს. ევროკავშირის ბიუჯეტში ფული არ არის. სად წავიდა ფული? ვფიქრობთ, პასუხი ვიცით, ის სადღაც უკრაინაშია. სად არის უნგრელების ფული? სად არის პოლონელების ფული? უკრაინაში. მათ გასცეს ის ომისთვის, რომელიც არ უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, თუ ევროკავშირი არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას, ამიტომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებებია საჭირო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი დაიღუპება.

“მივიღეთ გადაწყვეტილება ევრო-5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღების შესახებ, რითიც დარეგულირდება ავტომობილების იმპორტი”

კვლევებმა აჩვენა, რომ გარემოს მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილების გამონაბოლქვია, მივიღეთ გადაწყვეტილება ევრო-5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღების შესახებ, რითიც დარეგულირდება ავტომობილების იმპორტი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონში არც ერთი ქვეყანა არ დარჩა საქართველოს გარდა, რომელმაც ევრო-5-ის სტანდარტი არ შემოიღო.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ასევე აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტიც.

“გარემო,რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ზოგადად, ჰაერის ხარისხი, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბოლოს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგულირდება ავტომობილების იმპორტი. ჩვენ შევისწავლეთ ევროპული გამოცდილება, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება. რეგიონში არც ერთი ქვეყანა არ დარჩა ჩვენს გარდა, რომელმაც ეს სტანდარტი არ შემოიღო. მე ვგულისხმობ ევრო-5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღებას. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი უნდა შეიზღუდოს. მთავარი დამაბინძურებელი, ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ კვლევებით, გარემოს სააგენტომ დაამუშავა ეს საკითხი, სერიოზული გამოწვევაა სწორედ და ეს გამოწვევა უკავშირდება კონკრეტულად ავტომობილების გამონაბოლქვს. ჩვენ სისტემატიურად ვამოწმებთ საწვავის ხარისხს. ბოლო რამდენიმე წელია ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს შემოწმება და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ კვლავაც, მაგრამ მთავარი გამოწვევა, რომელიც რჩება ამ სფეროში, არის სწორედ ჰაერის დაბინძურება, რომელიც გამომდინარეობს გაუმართავი ავტომობილებიდან. მათ შორის, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჩავკეტეთ ე.წ. კატალიზატორების ექსპორტიც, რომელიც ერთგვარ ბიზნესად იქცა. ხდებოდა ამ კატალიზატორების ამოღება მანქანებიდან და ამის გასხვისება. ეს ჩაიკეტა. მოლოდინი არის, რომ რამდენიმე წელიწადში მკვეთრად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი, დედაქალაქში თუ მსხვილ ქალაქებში. ქვეყანა უნდა გახდეს განვითარებული, მოვლილი, გაციფრულებული, მწვანე ეკონომიკა და ეს რა თქმა უნდა, არის მიმართულება, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს ზოგადად ევროკავშირისგან და ზოგადად, ამ მიმართულებით მიდის ყველა განვითარებული ქვეყანა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში საქართველოს ჩემპიონატი ჯომარდობასა და მშვილდოსნობაში გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” საზაფხულო ფაზამ , რომელსაც ახალგაზრდული მედიაკავშირი ახორციელებს, ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში გადაინაცვლა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200–მდე შშმ პირს_ საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა.

პირველ ეტაპზე გაიმართა აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჩემპიონატი ჯომარდობაში და ტურნირი მშვილდოსნობაში საქართველოს პირველობაზე, რომლებშიც ქვეყნის 11 მუნიციპალიტეტისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 6 კაციანი გუნდები ასპარეზობდნენ. მონაწილეები ძალებს არ ზოგავდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, თუმცა, შეძახილებით მოწინააღმდეგე გუნდის წევრებსაც ამხნევებდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ტურნირებში ყველა გამარჯვებულია.

აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ინტეგრირებული ჩემპიონატი ჯომარდობაში მეტად აზარტული აღმოჩნდა. რამდენიმე ეტაპად გამართულ ჩემპიონატში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები; პირველობა არავის დაუთმო გორის გუნდმა და გარდამავალმა თასმაც, ერთი წლით, გორში დაიდო ბინა. რაც შეეხება მშვილდოსნობის ჩემპიონატს, – ეს აქტივობა არანაკლებ აზარტულად წარიმართა; გამარჯვებისთვის ყველა გუნდმა თავდაუზოგავად იბრძოლა, თუმცა, გამარჯვება წილად ხვდა ქუთაისის ერთ-ერთ გუნდს; მათ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს და მშვილდოსნობის ტურნირის გარდამავალი თასი, ერთი, წლით კვლავ ქუთაისში დაბინავდება.

ჩემპიონატების გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, თასები, დიპლომები და მედლები.

ღონისძიებათა გენერალური სპონსორი „პლატფორმა ინიციატივა”, სპონსორები კი „სოკარი” და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი”გახლავთ.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.

ხვალ, „დინამო არენას“ მიმდებარედ მოძრაობა დროებით შეუზღუდება

უეფა-ს 21 წლამდე ევროპის  ჩემპიონატის ფარგლებში, პირველ ივლისს,  14:00 საათიდან მომდევნო დღის 00:00 საათამდე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ღონისძიების პერიოდში სლავა მეტრეველის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეძლებათ, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე კი მოძრაობა სრულად აიკრძალება. გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს განლაგებული პარკინგით კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ისარგებლებენ.

აკაკი წერეთლის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ გიორგი ცაბაძისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, შემდეგ მოუხვევენ მარჯვნივ და დავით აღმაშენებლის გამზირის, მურმან ლებანიძისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ წერეთლის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის, თამარ მეფის გამზირისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით; ალტერნატიული გზის გამოყენების შემთხვევაში, დავით ყიფიანის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტი ბათუმის ქუჩის ან დავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით იმოძრავებს; წერეთლის გამზირზე გზის მარცხენა, სტადიონის მხარე განკუთვნილი იქნება ფეხით მოსიარულეთათვის, საპირისპირო მხარეს კი ავტომობილები ორმხრივად გადაადგილდებიან.

შეზღუდვის პერიოდში დავით ყიფიანის, გიორგი ცაბაძისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე განთავსებული საზოგადოებრივი ავტოსადგომები დაეთმობა ტურნირის მონაწილეებს, რის გამოც შეზღუდვის პერიოდში მოქალაქეები ავტოსადგომებით სარგებლობას ვერ შეძლებენ.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

N306, N308, N320 ავტობუსები წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც N306 ავტობუსი იმოძრავებს დადგენილი სქემის მიხედვით, ხოლო N308 და N320 ავტობუსები გადაინაცვლებენ აღმაშენებლის გამზირზე, შემდეგ კი გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

N315, N327, N384, N386 ავტობუსები წერეთლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების მიმართულებით და ბოლო გაჩერებამდე მგზავრებს სადგურის მოედნის გავლით მიიყვანენ; N320 ავტობუსი აღმაშენებლის გამზირიდან იმოძრავებს თამარ მეფის გამზირსა და წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემის მიხედვით.

მიკროავტობუსები: N431, N536, N538, N541, N551 წერეთლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც, იმოძრავებენ დადგენილი სქემით; N458 მიკროავტობუსი დავით ყიფიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ბათუმის ქუჩის მიმართულებით და წერეთლის გამზირიდან სადგურის მოედნისკენ დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

სადგურის მოედნიდან მოძრაობისას, N458 და N476 მიკროავტობუსები მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ წერეთლის გამზირზე, ასევე, გვეტაძისა და აგლაძის ქუჩებზე, რის შემდეგაც, მგზავრებს დადგენილი მარშრუტით მოემსახურებიან.

სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მთავრობა 4700 ოჯახს დაეხმარა

სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მთავრობა 4700 ოჯახს დაეხმარა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაგეგმილია ამ პროგრამის გაფართოვება იმისთვის, რომ უფრო მეტ ოჯახს დაეხმაროს მთავრობა.

„ორი წლის წინ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის ამოქმედება. ეს არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები. ეკონომიკის სამინისტრო გასცემს ამ პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებულ სესხებს, უფრო სწორედ, ბანკებთან თანამშრომლობს. პროგრამით სარგებლობას შეძლებს ოჯახი თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 1 წლამდე ასაკის შვილი და ამ პროგრამის მოდიფიცირებაც არის დაგეგმილი. გვინდა, რომ ეს გავაფართოვოთ, უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ დღეს ამ პროგრამის ფარგლებში ჩართული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 4,700 და ბენეფიციარებს ჯამურად 500 მლნ ლარზე მეტი სესხი დაუმტკიცდათ და ჩვენ დავუსუბსიდირეთ. 4700 ოჯახს დავეხმარეთ აი ამ პროგრამის ფარგლებში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

“ველით, რომ ეს იქნება ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება” – პრემიერი

„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელის” პროექტს რული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება.

„რაც შეეხება ენერგეტიკას და ტრანსპორტს, მე მინდა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე. შარშან ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დავაინიცირეთ. ეს არის ქართული ინიციატივა, ეს შეეხება „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელს”. ეს პრიოექტი ჩვენ განვიხილეთ და მე ვიყავი პირადად ჩასული ბრიუსელში. 2021 წლის აპრილში და ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ ეს იყო, როდესაც ჩვენ ვარჩევდით მსხვილ პროექტებს. ჩვენ თავიდანვე მივიღეთ სრული მხარდაჭერა ევროკავშირისგან. შემდეგ აქტიური თანამშრომლობა გავაგრძელეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და შარშან ხელი მოეწერა მემორანდუმს. ახლა აქტიურად მიმდინარეობს შესწავლა. ჩვენ ველით, რომ სექტემბერში გვექნება უკვე კვლევის შედეგები და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მეორე ფაზაზე. სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობის – 103 მილიონ ლიტრამდე, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო”

ექსპორტის ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება; 5 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 33%-იანი ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის – 103 მილიონ ლიტრამდე, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო.

„ღვინის ექსპორტი გაიზარდა სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში გვაქვს 30%-იანი ამერიკაში 28%-იანი ზრდა, ლატვიაში – 20%, გერმანია -34%, ესტონეთი 50%, იაპონია -68%, რუსეთი -50 %. ასე რომ, სულ, ჯამურად, კიდევ ვიმეორებ, შარშან გვქონდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონი ლიტრი ღვინის ექპორტი, ამით 250 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს ქართველმა მეწარმეება.

ასევე იზრდება სპირტიანი სასმელები. აქ ზრდა გვაქვს 57%-იანი, 48 მილიონ დოლარს აჭარბებს მიღებული შემოსავალი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს.

სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც დედამ ბავშვი, ტკივილების გამო, კლინიკაში წაიყვანა. გაირკვა, რომ ბავშვი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია.

არსებული ინფორმაციით, დედამ გოგონა ქუთაისის კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა, თუმცა ექიმებმა ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს.

ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ბავშვმა და დედამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა. ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა დაკავებულსაც. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კაცმა გაიგო, რომ მომხდარს შსს იძიებდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმალვას ცდილობდა, რა დროსაც დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

“რეკორდულ მაჩვენებელს – 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ”

რეკორდულ მაჩვენებელს – 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაფიქსირდა ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდა.

„რეკორდულ მაჩვენებელს – 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ; დაინერგა ინოვაციური მიდგომები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ჩვენი ქვეყნის პოტენციალით უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოს უმსხვილესი და მრავალმილიარდიანი კორპორაციები. შარშან, ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა; გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 107.6%-ით გადააჭარბა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2021 წელს, ზრდამ 182.5% შეადგინა. წელს, არა მხოლოდ ვუბრუნდებით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არამედ მთავრობის სწორი სტრატეგიის შედეგად, რეკორდული მოცულობის შემოსავალს ველით ტურიზმის ინდუსტრიიდან: პირველი კვარტლის მდგომარეობით 1.2 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლეთ, რაც მნიშვნელოვანი აღდგენაა 2019 წელთან შედარებით. მიღებული შემოსავალი არის რეკორდული პირველ კვარტალში, თითქმის, 800 მლნ აშშ დოლარი, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 38%-იანი მატებაა. საფუძვლიანი მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით, 6 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლებთ და ქვეყანა ელოდება დაახლოებით, 4.5 აშშ დოლარის შემოსავალს, რაც 2019 წელთან მიმართებაში 134% მატებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობის დაფინანსებით წელს დაიწყება” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იმ ინვესტორის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესი გამოხატა.

ამის შესახებ მან პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

„ანაკლიის პორტის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა. ამ საკითხების დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი. თუმცა, ამ ეტაპზე, არ ვართ იმ კონდიციაში, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით. მინდა გითხრათ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ წელს ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად, პარალელურად გავაგრძელებთ ინვესტორებთან მოლაპარაკებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.