Home Blog Page 18

თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს – დონალდ ტრამპი ირანს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არაფერი აქვს საერთო ირანზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმასთან და ირანს აფრთხილებს, მისი ქვეყანა კონფლიქტში არ ჩართოს.

ამასთან, ტრამპი მიმართავს ირანს, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა და სისხლიანი კონფლიქტის დასრულება.

„აშშ-ს არაფერი აქვს საერთო წუხელ ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან. თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა და ძლიერება ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი!!!“- წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მარტში ბირთვულ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად 60 დღე მისცა და გააფრთხილა, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, შედეგები მოჰყვებოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელეს.

მათივე ცნობით, რომ სამიზნეებს შორისაა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაცია.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე დაარტყეს სხვა სამიზნეებს, რომლებიც „ხელს უწყობდნენ ირანის რეჟიმის მცდელობებს ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და სადაც ირანის რეჟიმი ბირთვულ არქივს მალავდა“.

ამასთან, ირანის ნავთობის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა თეირანში საწვავის ორ საწყობზე დარტყმები განახორციელა. უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმები თეირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე შაჰრანის ნავთობის საწყობებსა და ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეზერვუარს მიაყენეს.

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილიდან რთული და დაძაბული დღე გელით. ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. სირთულეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, რაც პრობლემების გარდა არაფერს მოგიტანთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ამ დღეს თავი შეიკავეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანისგან და თუ შესაძლებელია, ეს ვიზიტი რამდენიმე დღით გადადეთ. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, თუმცა გასავალიც სწრაფი და დაუგეგმავი იქნება. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

სავარაუდოდ, ამ დღეს საქმიანი წინადადებით მოგმართავენ, მაგრამ გირჩევთ დაუფიქრებლად არ დაეთანხმოთ – სავარაუდოდ, შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ გაუგებრობას აღმოფხვრის. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ არა საქმისთვის – დღეს გადაღლილი ხართ და ყურადღების მოკრეფა გიჭირთ. თუ შესაძლებელია, საქმიანი მივლინება რამდენიმე დღით გადადეთ და დაწყებული საქმეები დაასრულეთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ლომი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაგამახსოვრდებათ. ეცადეთ, სათქმელი ყველასთვის გასაგებად ჩამოაყალიბოთ, რომ არაკეთილგანწყობილმა ადამიანმა თქვენი ნათქვამის ინტერპრეტირება ვერ მოახერხოს. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ურთიერთობის დროს.

ქალწული

ეს დღე უახლოეს ხანებში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, მოულოდნელად შემოსავალს მოგიტანთ. სავარაუდოდ, ახალი სასიყვარულო გატაცება გელით.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდი დიდი შესყიდვებისთვის. ტყუილად ნერვიულობთ – წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. თქვენმა კაპრიზებმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. გირჩევთ კომპრომისი მონახოთ და ვითარება არ გაამწვავოთ.

მორიელი

ეს დღე სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებას, სასიამოვნო შეხვედრებს და ოჯახურ წვეულებებს უკავშირდება. სავარაუდოდ, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ სასურველია, უახლოესი ადამიანების რჩევებიც გაითვალისწინოთ.. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთ გაუმკლავდებით. საღამოს ეცადეთ კარგად დაისვენოთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ზედმეტმა თავდაჯერებამ შესაძლოა, ფინანსურად დაგაზარალოთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. ბინის გარემონტებას ცდილობთ, მაგრამ შესაძლოა ოჯახმა მხარი არ დაგიჭიროთ, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს. მოერიდეთ თვითმფრინავით მგზავრობას.

თხის რქა

მშვიდი დღეა, რომელიც საინტერესოს არაფერს გპირდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად რელიგიით დაინტერესდეთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

მშვენიერი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. სიახლე, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

თევზები

ამ დღეს შეგიძლიათ, ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. ამ დღეს შეძენილი ნივთი მალე იმედებს გაგიცრუებთ. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული კავშირი გელით.

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

ირანი აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს მათი სამხედრო ბაზებისა და გემების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს ირანის მიერ საპასუხო იერიშის ფარგლებში გაშვებული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ვრცელდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 ივნისს, ირანზე ისრაელის იერიშების პირველი ტალღის შემდეგ Fox News-თან საუბრისას თქვა, რომ “საჭიროების შემთხვევაში” აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. პარალელურად, მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ამერიკული ძალები ისრაელს ირანის მიერ საპასუხოდ გაგზავნილი დრონების ჩამოგდებაში ეხმარებოდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 ივნისს ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელს ირანის თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარებოდა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 13 ივნისს განაცხადა, რომ მის შეიარაღებულ ძალებს ისრაელისთვის რაიმე სახის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა დეესკალაციის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

ამასთან, The Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელის თავდაპირველი იერიშების გეგმის შესახებ წინასწარ არ იცოდა.

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ვლადიმერ პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, ლიდერებმა 50 წუთის განმავლობაში ისაუბრეს. როგორც უშაკოვმა აღნიშნა, პრეზიდენტები არ გამორიცხავენ, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში დაბრუნების საკითხს.

მისივე ინფორმაციით, საუბრის დროს, პუტინმა დაგმო, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაცია. უშაკოვის თქმით, სიტუაცია საკმაოდ საგანგაშოდ შეაფასა დონალდ ტრამპმაც, თუმცა ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები ეფექტიანად მოიხსენია.

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს”- ლევან მაჭავარიანი

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს. აბნევენ ჩვენს მოქალაქეებს,„ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა მას ჰკითხა, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება დასავლელi პარტნიორების მიმართ მათი ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებების ფონზე.

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს. აბნევენ ჩვენს მოქალაქეებს. შეწყვეტას სჭირდება 27-ვე ქვეყნის თანხმობა და კარგად ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეგობრები ევროკავშირში, რომლებიც ამას არასდროს დათანხმდებიან. შეჩერებასთან დაკავშირებითაც იქ არის უამრავი პროცედურა და ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არავისთვის მიგვიცია ამასთან დაკავშირებით. 

შესაბამისად, ეს არის უბრალოდ შანტაჟის ენით საუბარი, რომ კიდევ მეტი ქაოსი შემოიტანონ საზოგადოებაში. 

პოლონეთი გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრობით. მათი მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „დემოკრატიის შუქურა“ და სააკაშვილმა ააღორძინა დემოკრატია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. რანაირად უნდა ვესაუბროთ მათ?! ქართველებს ვერავინ დასჯის, როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეთ და ჩვენ ამ თემასაც გადავლახავთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

,,გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ ”- ვახტანგ გომელაური

გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ – ჩვენ რომ გავიგეთ, ვალდებული ვიყავი და პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე,- ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდის შესახებ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გომელაურის თქმით, ზოგადად, როდესაც საქმე მსგავს საკითხებს ეხება, ის თანხმდება, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ისე სხვა ხელმძღვანელებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, თუმცა გომელაური აზუსტებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მისი სამსახური ინფორმირებული არ იყო.

„ვიყავი თუ არა საქმის კურსში საგუშაგოს აღმართვის შესახებ, შევთანხმდით თუ არა… გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიაა, აქედანაც და იქიდანაც, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. ხდებოდა ხოლმე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება, ისინი მერე უკვე ამ საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ყოფილა დათანხმება იქითა მხრიდან: გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ასე ხდებოდა. ასე რომ, მარტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რომ ჩააყენო საქმის კურსში ან რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა, უსაფრთხოების სამსახური, შემდეგ ჩვენ ვაყენებთ საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასე ხდებოდა ყველაფერი. ამ შემთხვევაში გავიგეთ პოსტ-ფაქტუმ.

ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა და პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ, გზის დამუშავება დაიწყო, გაყვანა, მოსწორება. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო თუ არა, როგორც ვიცი, არ იყო. ჩვენ მოვახსენეთ ეს, როგორც მე მახსოვს.

ჩვენ რომ გავიგეთ, ვალდებული ვიყავი და პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე. მაინც გაკეთდა ეს. რატომ არ გამოიყვანეთ უკან, რატომ დავტოვეთ, ამაზე დღეს პასუხს ვერ გეტყვით. ამაზე მოკვლევა მიდის“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

,,ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული”- ბიძინა გიორგობიანი

ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათი პლატფორმა ამ საფრთხეებს რეალურად თვალნათლივ ხედავს.

„ამ რეგიონში ძალიან ცუდია, როდესაც სახელმწიფო რომელიმე მხარეს ხარ და ეს იწვევს ძალიან დიდ საფრთხეებს. თქვენ ხედავთ, რომ ეს სავაჭრო-სატარიფო ომი, რომელიც რამდენიმე თვე იყო მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, უცებ გადაიზარდა და გადავიდა ორ სისხლის მღვრელ კონფლიქტში – ერთი არის აღმოსავლეთ ევროპა და მეორე – ახლო აღმოსავლეთი. ეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას მოახდენს საქართველოზე და ჩემი სურვილია, ალბათ, ყველა გონიერი ადამიანი ამის მხარეს იქნება, რომ საქართველომ და საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ერთი, აქამდე არსებული კონფლიქტთან მიმართებაში ძალიან სწორი პოზიციონირება და თავი აარიდა ამ კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას. ამ შემთხვევაშიც ჩვენი პოზიციონირება უნდა იყოს ანალოგიური და მე იმედი მაქვს, ამ შემთხვევაშიც მოხერხდება, რომ საქართველოს გვერდს აუვლის ეს დიდი განსაცდელი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ხალხებს თავს დაატყდათ – როგორც ირანში, ასევე – ისრაელში და მეზობელ სახელმწიფოებში. ეს ისტორიული მტრობა, რომელიც პერიოდულად თავს იჩენს და ათწლეულებში ერთხელ მძაფრდება, გადავიდა იმ ეტაპზე, რომელსაც დღეს ვხედავთ. ლამის, საუბარია, რაღაც ატომური მუხტების გამოყენებაზე, თუმცა, ოფიციალურად არც ერთ და არც მეორე მხარეს ატომური იარაღი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბრძოლა მიდის წესების გარეშე. დიპლომატია, ფაქტობრივად, გამოთიშულია დღევანდელ სამყაროში და არის ძალის პოლიტიკა. ამ ძალის პოლიტიკის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. ჭუჭყიანი ატომური მუხტი იხმაროს რომელიმე მხარემ“, – განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ საქართველოს სიახლოვეს მიმდინარე ამ მეორე კონფლიქტის ტალღა ქვეყანაში არ შემოვიდე.

,აშშ-სა და რუსეთს ძალიან თბილი დიალოგი აქვთ, მაგრამ პუტინი ტრამპს მოატყუებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის საკითხი აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ უნდა განიხილებოდეს. მან ამის შესახებ ტელეარხ „Newsmax“-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს „ძალიან თბილ დიალოგი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება, აშშ-ს უთხრას, თუ როგორ აწარმოოს დიალოგი რუსეთთან.

„ვფიქრობ, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება და, საბოლოოდ, ის ტრამპს მოატყუებს. თქვენც ნახავთ ამას, ყველა, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას. ის ასეთი ადამიანია“, – განაცხადა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ დასძინა, რომ არასწორად მიიჩნევს ასეთ მოლაპარაკებებში უკრაინის საკითხის განხილვას უკრაინის გარეშე. 

„მე ვფიქრობ, რომ უკრაინაზე უკრაინის გარეშე საუბარი არასწორია, უკრაინაზე საუბარი და ზოგიერთი საკითხის ჩვენს გარეშე გადაწყვეტა, უსამართლობაა“, – აცხადებს ზელენსკი. 

ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტრამპს აქვს ბერკეტები რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად, მაგრამ ამისათვის მან უნდა გაიგოს თუ რა თამაშს თამაშობს კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი.

,,ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ყველაზე, მასშტაბური საჰაერო ოპერაცია ჩაატარა”- ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი

ისრაელმა ჩაატარა ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეჩერებას, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.

„70-ზე მეტმა საბრძოლო თვითმფრინავმა შეძლო ორსაათ-ნახევრის განმავლობაში თეირანის თავზე ფრენა და 40-ზე მეტ სამიზნეზე დარტყმა. თეირანამდე გზა გახსნილია“, – განაცხადა დეფრინმა.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს ირანის საჰაერო თავდაცვა. დეფრინის თქმით, ეს ირანის ყველაზე ღრმა ტერიტორიაა, სადაც ისრაელის საჰაერო ძალებს მანამდე უმოქმედიათ.

„ჩვენ დავამყარეთ საჰაერო თავისუფლება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიმოქმედოთ და ავიცილოთ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები“, – განაცხადა დეფრინმა.

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოკითხვაზე დაბარების თაობაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჩორჩანას ეპიზოდის შესწავლა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება.

„საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“,- ნათქვამია განცხადებაში.

სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შს მინისტრმა, გელა გელაძემ ახალი ხელმძღვანელი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე მინისტრმა, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და კონკრეტული დავალებები გასცა. გელა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ნიკოლოზ შარაძეს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.