Home Blog Page 18

ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია – თუ გავთიშე, მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება – ილონ მასკი

ვლადიმერ პუტინი, უკრაინის გამო, ფაქტობრივად, ფიზიკურ ორთაბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია. მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ გავთიშე, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა შეჩერდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს.

„რაც გულს მირევს, არის წლების ხოცვა-ჟლეტა ჩიხში, რომელსაც უკრაინა აუცილებლად წააგებს. ვისაც ნამდვილად აინტერესებს, ნამდვილად ფიქრობს და ნამდვილად ესმის, სურს ხორცსაკეპი მანქანის გაჩერება. მშვიდობა ახლავე!!“, – წერს მასკი.

ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ კავშირს ამერიკულ გუნდთან. ვემზადებით შეხვედრისთვის საუდის არაბეთში – მწამს, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს – ვოლოდიმირ ზელენსკი

2 დღე აშშ-უკრაინის მოლაპარაკებამდე. საუდის არაბეთში ჩანიშნულ შეხვედრაზე, ორი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეიკრიბებიან. საუდის არაბეთში მიემგზავრება, თუმცა მოლაპარაკებებში მონაწილეობას პირადად არ მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი წარმოადგენენ. შტატების დელეგაციის შემადგენლობაში კი, სახელმწიფო მდივანი- მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის წარმომადგენელი- სტივ ვიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი იქნებიან.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ შტატებთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მზად არის. დონალდ ტრამპი კი, კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დროულად დასხდომისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ კავშირს ამერიკულ გუნდთან. ვემზადებით შეხვედრისთვის საუდის არაბეთში. მწამს, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს: პოზიტიურად ვართ ამისთვის განწყობილნი — ეს უდავოა. უკრაინის მხრიდან წარმოდგენილი იქნებიან დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები: პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა, უკრაინის დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე გამორჩეული წევრი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისა — გამოცდილი საბრძოლო მეთაური, რომელიც სრულყოფილად იცნობს ფრონტის ხაზს და საფუძვლიანად ერკვევა ბრიგადების მდგომარეობაში. ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა უკრაინის ინტერესები სრულად იყოს გათვალისწინებული — გათვალისწინებული ზუსტად ისე, როგორც მათი მნიშვნელობა მოითხოვს.

ასევე, ველოდები თავდაცვის მინისტრის მოხსენებას დახმარების ახალ პაკეტზე, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ჩვენი თავდაცვითი წარმოებისთვის განკუთვნილ ინვესტიციებზე. ეს ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტებია, რაც უეჭველად ასეა. ამჟამად, თითქმის ყოველდღიურად, ჩვენი ევროპელი პარტნიორები იღებენ ახალ გადაწყვეტილებებს მხარდაჭერის შესახებ. გადამწყვეტია, რომ ეს გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ განხორციელდეს. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სირიაში უსაფრთხოების ძალებმა ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – მედია

ბრიტანეთში დაფუძნებული “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის” ინფორმაციით, სირიის უსაფრთხოების ძალებმა, სავარაუდოდ, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, – ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც „ალავიტების“ რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რელიგიურ სექტას მიეკუთვნება გადაყენებული პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადიც.

BBC-ი წერს, რომ “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის” ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სულ 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს რიცხვი მოიცავს ათობით სამთავრობო ჯარისკაცსა და ასადის მხარდამჭერ შეიარაღებულ პირს, რომელთა შორის შეტაკებები ლატაკიასა და ტარტუსის პროვინციებში ხუთშაბათიდან მიმდინარეობს.

საფრანგეთი უკრაინას, რუსული აქტივების ხარჯზე, 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, რომლის გადახდა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტის გამოყენებით მოხდება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, საფრანგეთი უკრაინას 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის AASM-ის საავიაციო ბომბებს მიაწვდის.

გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს AMX-10RC-ის ტიპის მსუბუქი ტანკების და VAB-ის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას, რომლებსაც ადრე საფრანგეთის ჯარები იყენებდნენ.

ქვეყანა ასევე გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას, როგორც უკრაინის, ასევე საკუთარი არმიის მხარდასაჭერად. სებასტიან ლეკორნუს თქმით, Dassault Aviation-ი, რომელიც 2024 წელს თვეში ორ ერთეულ Rafale-ის მოიერიშე თვითმფრინავებს აწარმოებდა, 2026 წელს წარმოებას 4-5 ერთეულამდე გაზრდის.

მათ ასევე სურთ, 2026 წლისთვის გააორმაგონ AASM-ის საავიაციო ბომბების წარმოება. ამასთან, 2025 წელს გაორმაგდება MBDA-ის (Akeron MP) ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება.

რუსული თავდასხმების ბოლო ტალღას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა – BBC

რუსული თავდასხმების ბოლო ტალღას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო დონეცკის ოლქის ქალაქი დობროპილია და ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ბოჰოდუხივი.

“კონფლიქტის შემსუბუქების ნიშნები ჯერ არ ჩანს”, – წერს BBC.

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ არ იჩქარებთ, ამ დღეს საქმეების დაწყება მარტივად გამოგივათ და იღბალიც თქვენს მხარეს იქნება. პრობლემების სწრაფად გადაჭრას ნუ ეცდებით – უმჯობესია, ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ. ყურადღება არ მოადუნოთ, რომ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არ გამოგრჩეთ. არსებობს შანსი, რომ ძველი, დაკარგული ნივთი იპოვოთ. მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება ურთიერთობებში მცირე პრობლემები ან დანაკარგები გამოიწვიოს.

რჩევა: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს.

კურო

მშვიდი და გაწონასწორებული დღეა. შესაძლოა, სასიამოვნოსა და სავალდებულოს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს, საეჭვო ნაცნობებს და ყველაფერს, რაც ჯანმრთელობას დაგიზიანებთ. თუ სიფრთხილეს და მიზანდასახულობას გამოიჩენთ, დღემ სასიამოვნოდ და უპრობლემოდ ჩაიაროს.

რჩევა: ფრთხილად – დიდი ფულის ადვილად შოვნის სურვილმა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

ტყუპები

მოვლენებით დატვირთული, წინააღმდეგობრივი დღეა, როცა იღბალი და მცირე სირთულეები ერთმანეთს ენაცვლება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს და არავის მისცეთ დაპირება, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ. კარგი დროა ურთიერთობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გახსოვდეთ რომ ცხოვრება ომია და თუ გამარჯვება გსურთ, მხოლოდ წინ უნდა იაროთ.

რჩევა: ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

ემოციურად რთული დღეა. შესაძლოა, მოულოდნელმა შემთხვევამ დაგაბნიოთ. მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ და პრობლემა მშვიდად განიხილოთ. ახლობლებთან ურთიერთობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატარეთ. ბავშვებთან ურთიერთობა ენერგიით აგავსებთ.

რჩევა: ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და საყვარელი ადამიანების რჩევები გაითვალისწინოთ.

ლომი

დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. იღბალი როგორც შემოქმედებით, ისე პირად საქმეებში თქვენს მხარესაა, თუმცა გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ შესაძლოა, ურთიერთობებში სირთულეები შეგიქმნათ.

რჩევა: ეცადეთ, პირად ცხოვრებაში დიდსულოვნება გამოიჩინოთ და წყენა დაივიწყოთ.

ქალწული

თუ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ ზედმეტად კრიტიკული არ იქნებით, ეს დღე ნაყოფიერი გამოდგება. გამორიცხული არ არის, რომ სასურველსა და სავალდებულოს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. პლანეტები გირჩევენ, რომ დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ.

რჩევა: გაზრდილია ინფექციური დაავადების რისკი, ამიტომ ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.

სასწორი

ეს დღე ხელსაყრელია შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლოა, მცირე გაუგებრობები წარმოიშვას, მაგრამ მათი მოგვარება არ გაგიჭირდებათ. დაუსრულებელი საქმე მძიმე ტვირთს ჰგავს, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ ამ ტვირთისგან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეთ.

რჩევა: ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

მორიელი

წინააღმდეგობრივი დღეა. თქვენი ძლიერი მხარე — ინტუიცია — მოულოდნელობებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, თუმცა მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ემოციურ კონფლიქტებს, რადგან შეიძლება მნიშვნელოვანი ურთიერთობა დააზიანოს.

რჩევა: ემოციებს ნუ მისცემთ უფლებას, რომ თქვენს გადაწყვეტილებებზე იმოქმედოს. ენდეთ ინტუიციას და იმპულსურ ქმედებებს მოერიდეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს იღბალი გაუღიმებს მათ, ვისაც მოგზაურობა და ურთიერთობები უყვარს. თქვენი გეგმები და იდეები გარშემომყოფებისთვის მიმზიდველი იქნება, თუმცა გადაჭარბებული ოპტიმიზმი შეიძლება, არასწორი გადაწყვეტილების მიზეზი გახდეს.

რჩევა: ეცადეთ, გარშემო მყოფებს კრიტიკული შენიშვნებით თავი არ მოაბეზროთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ისე გააკეთეთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

თხის რქა

მშვიდი და სტაბილური დღეა. შესაძლოა, გავლენიანი ადამიანებისგან მხარდაჭერა მიიღოთ, თუმცა შეიძლება თქვენი ემოციური დაძაბულობა გამოიწვიოს. თუ თქვენს ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

რჩევა: ეცადეთ მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი დაიცვათ.

მერწყული

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ. მცირე წინააღმდეგობაზე მზად ხართ დენთივით იფეთქოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს კონტაქტები შეზღუდოთ და ნაკლები ისაუბროთ.

რჩევა: სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

თევზები

ემოციურად დატვირთული დღეა. მოულოდნელი მოვლენები შეიძლება სტრესის მიზეზი გახდეს, თუმცა დღის ბოლოს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და შრომის ნაყოფიერება იმდენად გაიზრდება, რომ ყველა რთული და უსიამოვნო დავალების დასრულებას შეძლებთ.

რჩევა: შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი და თვითკრიტიკას მოერიდეთ.

როგორი ამინდი იქნება 9 მარტს საქართველოში

9 მარტს საქართველოს ყველა ქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი  ტემპერატურა, +20 გრადუსი ზუგდიდშია მოსალოდნელი. დედაქალაქში კი +17 მზიანი ამინდია ნავარაუდევი. 

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +18 – უმეტესად ღრუბლიანი 

სოხუმი +16 – უმეტესად მზიანი 

ზუგდიდი +20 – უმეტესად ღრუბლიანი 

მესტია +12 – უმეტესად ღრუბლიანი 

ფოთი +16 – მზიანი 

ბათუმი +14 – მზიანი 

ოზურგეთი +18 – მზიანი 

ქუთაისი +20 – მზიანი 

ამბროლაური +17 – უმეტესად მზიანი 

ახალციხე +13 – მზიანი 

ბორჯომი +12 – უმეტესად მზიანი 

ბაკურიანი +9 – მზიანი 

გორი +16 – მზიანი 

ცხინვალი +14 – მზიანი 

სტეფანწმინდა +6 – მზიანი 

გუდაური +2 –  მზიანი 

თელავი +15 – მზიანი 

რუსთავი +19 – მზიანი 

თბილისი +17 – მზიანი 

ბელგიამ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების დაწყება 2026 წლამდე გადადო

ბრიუსელში ევროკავშირის სხვა ლიდერებთან შეხვედრის წინ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდება 2026 წლამდე გადაიდო. 

შეფერხება გამოწვეულია იმით, რომ ბელგია ელოდება ახალი F-35 გამანადგურებლების მიღებას, რომლებიც უნდა შეიცვალოს. 

ბელგიის პრემიერს დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 

F-16-ები განკუთვნილია უკრაინაში საბრძოლო გამოყენებისთვის, მაგრამ მიწოდების განახლებული განრიგი ნიშნავს, რომ გამანადგურებლებს უკრაინა 2026 წლამდე ვერ მიიღებს. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტის წინ ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

„მადლობა გადავუხადე მთავრობას და ყველა ბელგიელს გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებით F-16 თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ვაფასებთ ამ მტკიცე ნაბიჯებს უკრაინის სიცოცხლის დასაცავად“, – დაწერა მან Telegram-ზე შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების, დანიისა და ნიდერლანდების მეთაურობით 2023 წელს შექმნილმა მებრძოლთა კოალიციამ უკრაინაში F-16 გამანადგურებლების მიწოდება 2023 წელს დაიწყო. 

აშშ ევროპაში სამხედრო წვრთნების დაგეგმვაში მონაწილეობის შეწყვეტას განიხილავს

შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ აპირებს, შეწყვიტოს მონაწილეობა ევროპაში მომავალი სამხედრო წვრთნების დაგეგმვაში. ამის შესახებ შვედური გამოცემა Expressen წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება შვედეთში რამდენიმე სწავლებასაც შეეხება.

ამერიკული მონაწილეობის გაყინვა გავლენას არ მოახდენს წვრთნების დაგეგმვაზე, რომელიც უკვე შეთანხმებულია და 2025 წელს გაიმართება, აცხადებენ წყაროები.

„ეს ეხება წვრთნებს, რომლებიც ამჟამად „სახატავ დაფაზეა“, ანუ ცოტა მოგვიანებით“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

თუ განზრახვები განხორციელდება, ეს ნიშნავს, რომ შვედეთი და ნატოს სხვა ქვეყნები იძულებულები იქნებიან, დაგეგმონ წვრთნები ამერიკის მონაწილეობის გარეშე, ან მხოლოდ მცირე ამერიკული ქვედანაყოფებით.

აშშ-ს სურს ევროპაში სამხედრო ხარჯების შემცირება და სხვაგან მიმართვა. ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, უპირატესობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს მიანიჭოს, განსაკუთრებული აქცენტით ჩინეთზე.

ამასთან, The Telegraph-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანისა და უნგრეთში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავს.

,,გუდაურში მიმდინარე სნოუბორდ კროსის შეჯიბრის ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა” – მარიამ ქვრივიშვილი

დღევანდელი შეჯიბრის ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა, – ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო.

მისი შეფასებით, ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა მნიშვნელოვანია სამთო-ტურისტული კურორტების პოპულარიზებისთვის.

„საქართველოში ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრი მიმდინარე ზამთრის სეზონზე უკვე მესამედ ტარდება. წელს გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. დღევანდელი შეჯიბრის ორგანიზება მაღალ დონეზე შეფასდა. დადებითი შეფასებები მიიღო ორგანიზებისთვის მთის ტრასების სააგენტომ და სათხილამურო ფედერაციამ. ასეთი ღონისძიებების მასპინძლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და სამთო-ტურისტული კურორტების პოპულარიზებისთვის. მით უფრო, რომ საერთაშორისო მედია აქტიურად აქვეყნებს სიუჟეტებსა და სტატიებს მსოფლიო თასის მიმდინარეობაზე. გამონაკლისი არც დღევანდელი შეჯიბრია, რომელიც ევროსპორტზე პირდაპირი ტრანსლირებით გადაიცემოდა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ სნოუბორდ კროსში გამარჯვებული სპორტსმენები – იაკობ დუშეკი (ავსტრია), ადამ ლამბერტი (ავსტრალია) და ელიოტ გრონდინი (კანადა) დააჯილდოვა. სულ მსოფლიო თასის ეტაპზე 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი ასპარეზობს. მათ შორისაა, კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, უნგრეთი, იაპონია და სხვა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) ეგიდით მაღალი რანგის შეჯიბრების ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს, როგორც განვითარებული სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას. მისი თქმით, აღნიშნული პოზიტიურად აისახება როგორც უშუალოდ ტურიზმის სექტორზე, ასევე სამთო კურორტების პოპულარიზებასა და ტურისტული ნაკადების ზრდაზე.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

აღსანიშნავია, რომ წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ საქართველო, კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი, მუდმივ კალენდარში ჩასვა.

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა.

აღნიშნულის თაობაზე დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. მანამდე, დამსწრეებს წარუდგინეს ვიდეო-რგოლი მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებიდან პარტიად ჩამოყალიბებამდე გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, პარტიის წევრებმა დაამტკიცეს პარტიის წესდება, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა.

როგორც პარტიის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ქმნის, „ნამდვილი თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია იქნება, რომლის ამოცანასაც სახელმწიფოს დაბრუნება წარმოადგენს“.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ წამყვანი პოლიტიკური ძალა საქართველოში. ეს იქნება ნამდვილი თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია. ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება სახელმწიფოს დაბრუნება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ სახელმწიფო, რომელსაც გვართმევს „ქართული ოცნება“ და ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. ამ ბრძოლაშიც „თავისუფლების მოედანი“ ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტია იქნება. შემდეგ, სახელმწიფო უნდა გავხადოთ დემოკრატიული. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ნამდვილი, მრავალპარტიული დემოკრატია. ეს აქამდე, სამწუხაროდ, არასდროს გაგვიკეთებია. შემდეგ მრავალპარტიული დემოკრატიული საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ასე დამკვიდრდება ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ყველა ამ საქმეში „თავისუფლების მოედანი” იქნება წამყვანი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

აღსანიშნავია, რომ „თავისუფლების მოედანი“, როგორც მოძრაობა, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი იყო.

,,ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს”- პეტრე ცისკარიშვილი

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ამბობს, რომ ამით საერთო საქმეს დააზიანებენ და ბიძინა ივანიშვილის თამაშში შევლენ.

„ასეთ არჩევნებში ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ. ზოგ მუნიციპალიტეტში ერთ, ორ საკრებულოს წევრს შეიყვანენ და თუ ამით ბედნიერები იქნებიან ღმერთმა ხელი მოუმართოთ, უბრალოდ საერთო საქმეს ძალიან დააზიანებენ. ძალიან ცუდი თუ აპირებენ. ანუ, ბიძინა ივანიშვილის თამაშში შედიან და მისი ძალაუფლების ლეგიტიმაციას ახდენენ უკვე ადგილობრივ დონეზე. ამ არჩევნებთან თუ პრობლემა არ გაქვს, ე.ი არც წინა არჩევნებთან გქონია დიდი პრობლემა“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

ცისკარიშვილის თქმით, ვინც მართლა ოპოზიციონერად თვლის თავს ამ თამაშში არ უნდა შევიდეს.

„ეს ამდენი ხალხი, გახარიას თუ არ ჩავთვლით გაუგებარია მისი პოზიცია, ნახევრად არის თუ არ არის. 61 დეპუტატი პარლამენტში არ შევიდა, ბოიკოტი გამოუცხადა, ამით მათი ლეგიტიმაცია არ მოახდინა და როგორ შეიძლება ქართველმა, დეპუტატად არჩეულმა სუბიექტმა მოახდინოს იმ ადამიანების ლეგიტიმაცია და მათთან ერთად ერთ დარბაზში იჯდეს, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სტრასბურგში ევროპელმა პარლამენტარებმაც კი არ ისურვეს მათთან საერთო დარბაზის გაზიარება და ლეგიტიმაცია მერე ამათ თავისით მოიხსნეს ვითომ, დატოვეს იქაურობა, თორემ არც ისინი აძლევდნენ.

ასე რომ, სწორი გადაწყვეტილება იყო პარლამენტში რომ არ შევედით. პარლამენტში არ შედიხარ, არჩევნებს არ აღიარებ, მაგრამ ამ ადგილობრივ არჩევნებზე რა, “ნიჩურტა” მაქვს და მოდი ვცადოთ ბედი, იქნებ ერთი ორი საკრებულოს წევრი სადმე გავაძვრინო და ამ თამაშში მოგყვები? ეს იქნება სწორი მესიჯი ბიძინა ივანიშვილის გასაგონად ისევე, როგორც მთელი დასავლური სამყაროს მიმართ? მე არ ვფიქრობ, რომ ვინც მართლა ოპოზიციონერად თვლის თავს ამ თამაშში უნდა შეყვეს იმ მოცემულობაში, რაც დღეს გვაქვს, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მაგრამ მოდი იქამდე დაველოდოთ, იქნება და ფეხზე დადგეს ის ცოცხალი ორგანიზმი რუსთაველის გამზირზე, გაიზარდოს, მეტი ჯანი შეემატოს და საქმეც ბოლომდე მივიდეს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.