Home Blog Page 18

დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი” ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს – პრემიერი

გარდა ტაკერ კარლსონისა, ასეთი განცხადება გააკეთა უშუალოდ დონალდ ტრამპმა, მან პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი” ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის, ტაკერ კარლსონის განცხადებას შეეხებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „პროქსი ომის” წარმოებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი.

„ეს არის რეალობა, რაც ყველამ ისედაც კარგად იცოდა, ხელის გულზე დევს ყველაფერი. ამიტომაც არის დამატებით მნიშვნელოვანი ის, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ბუნებრივია, რუსეთისა და დასავლეთის ომს ვერ ეყოლება გამარჯვებული. ორივე მხარეს არის ბირთვული ძალა, შესაბამისად, გამარჯვებული ვერ ეყოლება ამ ომს და უნდა დასრულდეს ომი, რომ მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეების ძალისხმევა მაქსიმალურად იქნება მიმართული უკრაინაში ომის დასრულებისკენ,”- განაცხადა პრემიერმა.

ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები და ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე, ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს – პრემიერი

დღეს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ ოთხი ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას.

კობახიძე ბრიტანულ სანქციებს ტრაგიკულ მოვლენას უწოდებს.

„ეს არის გაუგონარი მოვლენა. ეს არის ჯონ ლოკის და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა. ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები და დღეს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, ტრაგიკულია იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც ბრიტანეთმა გამოიარა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო“,- განაცხადა კობახიძემ.

ანტალიის დიპლომატიის ფორუმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ანტალიის დიპლომატიის ფორუმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან

მადლობას გადავუხდი ჩვენს თურქ მეგობრებს მოწვევისთვის და შესაძლებლობებისთვის, მონაწილეობა მივიღოთ ანტალიის დიპლომატიის ფორუმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც საინტერესო თემაზე გაიმართა მსჯელობა. 

„ვესწრებით ანტალიის დიპლომატიის ფორუმს. ეს არის ძალიან საინტერესო ღონისძიება, მადლობას გადავუხდი ჩვენს თურქ მეგობრებს, მადლობა მოწვევისთვის და შესაძლებლობებისთვის, მონაწილეობა მივიღოთ საინტერესო ფორუმში. დილიდან მქონდა ღონისძიებები, მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, სადაც საინტერესო თემაზე გაიმართა მსჯელობა, ეს იყო დიპლომატიის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში. ასევე დავესწარი გახსნით ღონისძიებას, სადაც საინტერესო სიტყვით მიმართეს აუდიტორიას, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე დღეს მქონდა შესაძლებლობა, გამემართა ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. ამ ფორმატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რუსეთმა უნდა იმოქმედოს – ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ამ საშინელ და უაზრო ომში – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო გააკრიტიკა.

„რუსეთმა უნდა იმოქმედოს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება – ათასობით კვირაში – საშინელ და უაზრო ომში. ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შედეგად, რამდენიმე საპარლამენტო ინსტრუმენტი გაუქმდება.

უქმდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც მთავრობის წევრები წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე გაწეული მუშაობის ანგარიშით გამოდიოდნენ და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო. მათივე განმარტებით, „მინისტრის საათის“ სანაცვლოდ, ახალი რეგლამენტით ინტერპელაციების გამართვის ინტენსივობა გაიზრდება და პარლამენტის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მთავრობის ნებისმიერი წევრის და სხვა ანგარიშვალდებული პირებისგან პლენარული სხდომების ყოველ კვირაში კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები მოისმინონ.

ცვლილებები პარლამენტის სათათბირო ორგანოებსაც შეეხება – უქმდება ღია მმართველობის, ბავშვის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები. როგორც რეგლამენტის პროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, იმის მიუხედავად, რომ მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები საკონსულტაციო ფორმატით ფუნქციონირებდნენ, ისინი კომიტეტების ფუნქციებს ითავსებდნენ, რაც მათ სამართლებრივ სტატუსს არ შეესაბამებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოების საპირწონედ, პარლამენტის „სხვა დროებითი კომისიების“ საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები დაიხვეწა და დროებით კომისიასთან დაკავშირებული ნორმების ახლებურად განსაზღვრა შესაძლებელს ხდის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები დროებითი კომისიის ინსტრუმენტის გამოყენებით იქნას შესწავლილი.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში თემატური მოკვლევის ინსტიტუტი აღარ იარსებებს – ახალი რეგლამენტის პროექტით, პარლამენტში თემატური მოკვლევის მექანიზმი უქმდება.

გარდა ამისა, კომიტეტებს აღარ მოუწევს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომლის შედგენა, მომზადება და პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება მათი ყოველწლიური ვალდებულება იყო.

ასევე, თუკი რეგლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით, კომიტეტი ვალდებული იყო კანონის პროექტზე თემატური მომხსენებელი დაენიშნა, რეგლამენტის ახალი რედაქციით, ეს ვალდებულებაც უქმდება. თემატური მომხსენებლის განსაზღვრა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი – 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

დაპირება იყო, რომ ოპოზიცია ქედსაც მოხრის, თავსაც დახრის და ყურსაც მოიჭრის, თუ შერჩეული იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მათი ალტერნატივა რადიკალური ოპოზიციის სახით- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დაპირება იყო, რომ ოპოზიცია ქედსაც მოხრის, თავსაც დახრის და ყურსაც მოიჭრის, თუ შერჩეული იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მათი ალტერნატივა რადიკალური ოპოზიციის სახით.

გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში, პოზიტიური ტენდენციების განვითარებით, მსოფლიოს ათეულშია და მას, რომ ისეთი პრეტენზიები წაუყენო, რომ ევროინტეგრაციას ასცდა და მით უმეტეს, რომ არჩევნები გააყალბა და ოპოზიციას ავიწროებს, ეს არის არათუ ორმაგი სტანდარტი, არამედ გაუგონარი უსამართლობა, რომელსაც წინ რაღაც ქედმოხრილ პოზიციაში ვერ დავუდგებით. დაპირება იყო, რომ ქედსაც მოიხრიან, თავსაც დაუხრიან და ყურსაც მოიჭრიან, თუ შერჩეული იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მათი ალტერნატივა რადიკალური ოპოზიციის სახით. ეს ფორმულა ჩანს, როცა როცა პარტნიორს და რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს ესაუბრები, ჩვენს უკან რადიკალური ოპოზიცია დგას, რომელიც თავის თავს სთავაზობენ ნებისმიერი დავალების მონურ შემსრულებლად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7558 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7558 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0518 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0741 ლარი შეადგინა

სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, ეს ბავშვები გადარჩნენ და აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს -თეა წულუკიანი

სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, ეს ბავშვები გადარჩნენ და აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს, – ასე მიმართა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს ბავშვები ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა.

„სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, რადგან ეს ბავშვები გადარჩნენ და ცოცხალია გიორგი აფრასიძეც. მათ ჰყავთ კიდევ ორი დედმამიშვილი და ეს ბავშვები აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს, გიორგი ბარამიძის ნებისდა მიუხედავად. ისინი ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებზე.

2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს, მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე დატოვეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, „რამშტაინის ფორმატის“ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში „რამშტაინის ფორმატში“ გამართულ რიგით 27-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას დაესწრნენ ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები.

საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ჰილიმ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გახსნეს.

სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.

„რამშტაინის ფორმატი“ ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბარამიძემ მეზობლის ქალებისთვის გაბედა ეთქვა, სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ გაგვიმასპინძლდეთო – წინ სახლი იწვოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო დაცხრილული -ლედი აფრასიძე

“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ლედი აფრასიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004 წლის 24 მარტს მის ოჯახში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა, კერძოდ კი, იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი ბარამიძის შესახებ ისაუბრა. როგორც ლედი აფრასიძემ აღნიშნა, ბარამიძემ იმ დროს, როდესაც მის წინ სახლში ევგენი აფრასიძე იწვოდა, ხოლო გვერდით, დაცხრილული ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო, აფრასიძეების სახლთან შეკრებილ მეზობლებს სთხოვა, სპეცოპერაციაში მონაწილე ადამიანებს კუბდარით გამასპინძლებოდნენ, რასაც არაერთი მოწმე ადასტურებს.

“სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, როდესაც ცეცხლი ეკიდა სახლს და ბაბუაჩემის ცხედარი იწვოდა, ამ დროს ბარამიძე, რომელიც დღეს ბედავს და ამბობს, რომ ვითომ არ ესწრებოდა ამ სპეცოპერაციას, სინამდვილეში იქ ბრძანდებოდა და ამას კადრებიც ადასტურებს, ასევე ადასტურებს მეზობლების ჩვენებებიც, რომლებიც ჩვენს სახლთან სპეცოპერაციის შემდეგ იყვნენ. რაც შეეხება კუბდარის საკითხს, გიორგი ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან და მეზობლის ქალებისთვის, ვინც შეკრებილები იყვნენ, გაბედა ეთქვა, სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ აქ მყოფ ადამიანებს გაგვიმასპინძლდეთო – ესეც კი იკადრა, მაშინ, როდესაც წინ სახლი იწვოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხ აფრასიძის ცხედარი იყო ქუჩაში დაცხრილული. ის უკადრისობს და უარყოფს ამ ფაქტებს, თუმცა, ამ ფაქტის ძალიან ბევრი მოწმე არსებობს.” – განაცხადა ლედი აფრასიძემ.

 ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს რვა გვამი, თუმცა მალე დადასტურდა, რომ ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, მე-19 საუკუნის ნეშტები იყო -ლედი აფრასიძე

ჩვენი სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იყო მე-19 საუკუნის საგვარეულო სასაფლაო, რომელიც გათხარეს, იქიდან აიღეს ძვლების ფრაგმენტები და წაიღეს ექსპერტიზაზე, – ამის შესახებ სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა, ლედი აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ლედი აფრასიძის თქმით, ძვლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის პარალელურად, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აფრასიძეების ოჯახში იპოვეს გვამები, რომლებიც იმ პერიოდში გატაცებულ ადამიანებს ეკუთვნოდათ.

„პარალელურად, როდესაც ეს ხდებოდა, ბრიფინგი ჩაატარეს ზურაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა და საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს რვა გვამი, რომელიც ეკუთვნოდათ იმ პერიოდში გატაცებულ ადამიანებს. ძალიან მალე დადასტურდა, რომ ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, მე-19 საუკუნის ნეშტები იყო“, – აღნიშნა ლედი აფრასიძემ.

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი

გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ერთ-ერთ ყველაზე განხილვად საერთაშორისო თემად იქცა. სატარიფო პოლიტიკის მრავალჯერადი ცვლილების პარალელურად, გლობალურ ბაზრებზე გაურკვევლობის დონე მნიშვნელოვნად არის მომატებული. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენც, როგორც სხვა ეკონომისტები მსოფლიოს მასშტაბით, მოსალოდნელი ეფექტების შეფასებას შევეცდებით. ტარიფების დაწესება, თავისთავად, გასაკვირი არავისთვის ყოფილა – 10-20%-იანი უნივერსალური ტარიფი და შედარებით მაღალი გადასახადი ცალკეული ქვეყნისთვის პრეზიდენტ ტრამპის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. მაშინ, რა შეიცვალა და რას ნიშნავს მიმდინარე მოვლენები ლარი/ევრო/დოლარის არჩევანის სტრატეგიისა და საქართველოს ეკონომიკისთვის?

უპირველეს ყოვლისა, გვსურს დავუბრუნდეთ ჩვენს ნოემბრის პუბლიკაციას „აშშ-ის არჩევნები და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია”, სადაც სწორედ ამავე თემებზე გვქონდა საუბარი. შეგახსენებთ, რომ, არჩევნების შემდეგ, აშშ დოლარი მნიშვნელოვნად გამყარდა, რისი მიზეზიც აშშ-ში, ძლიერი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების ფონზე, სავაჭრო ბალანსის პოტენციური გაუმჯობესებისა და საპროცენტო განაკვეთების მაღალ დონეზე შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნების მოლოდინები იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში მოლოდინები, სავაჭრო ომის მზარდი საფრთხის შედეგად, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შენელებისკენ შეიცვალა, რაც, ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე პოლიტიკური გავლენების შესაძლო ზრდასთან ერთად, ჩვენს პუბლიკაციაში ერთ-ერთ უმთავრეს რისკად იყო გამოყოფილი. შედეგად, აშშ-ში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნების ნაცვლად, ტარიფებისგან გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის მიუხედავად, საპროცენტო განაკვეთის შემცირების ალბათობა გაიზარდა, რასაც აშშ დოლარის გაუფასურება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ, ნოემბრის მსგავსად, აშშ დოლარის დინამიკა ჯერჯერობით მხოლოდ მოლოდინების ცვლილებას ასახავს. შესაბამისად, პროგნოზის კუთხით მთავარი რისკი სწორედ ამ მოლოდინების მატერიალიზების ხარისხს უკავშირდება. აგრეთვე, ჩვენი პუბლიკაციიდან კვლავ გამოვყოფთ არგუმენტს, რომ, მართალია ტარიფები როგორც აშშ-ში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში, დიდი ალბათობით, ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, სად შემცირდება ზრდა მეტად. როგორც აშშ დოლარის გაუფასურებიდან ირკვევა, ამჟამად ბაზარი აშშ-ზე უფრო ძლიერ დარტყმას ელის, ეს კი მომდევნო თვეებში, შესაძლოა, შეიცვალოს. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, მოკლევადიან პერიოდში ევროს მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენი საბაზო სცენარი არ არის. საშუალოვადიან პერიოდში კი, რომელიც ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს, კვლავ ევროს გამყარებაა მოსალოდნელი, რადგან, ჩვენი შეფასებით, ევრო/დოლარი საშუალო-გრძელვადიან ტრენდთან შედარებით ჯერ კიდევ სუსტი რჩება, მათ შორის, უკვე შედარებით ნაკლებად, თუმცა საქართველოსთვის რისკიანობისა და ეკონომიკური კავშირების თავისებურებების გათვალისწინებითაც.

საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის კუთხით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა და შესაბამისი საპასუხო ზომები, რადგან ამ ეტაპზე მდგომარეობა, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლება. გარდა ამისა, შოკის კომპლექსურობისა და მრავალწახნაგოვნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მასშტაბური მეორადი ეფექტები. მიუხედავად ამისა, გამოვყოფთ გავლენის ძირითად არხებს.

საქართველო, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკა, საგარეო გარემოს ცვლილების მიმართ საკმაოდ მოწყვლადია. აშშ-ის ტარიფების გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის შეფასება კვლევების მიხედვით განსხვავდება, თუმცა არსებობს კონსენსუსი, რომ საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხება ზრდის ფართო მასშტაბით შენელებას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ, იდიოსინკრატულ ფაქტორებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობაა. უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროებიდან, შედარებით მძიმე დარტყმის წინაშე, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ევროკავშირი, აშშ, ისრაელი და ჩინეთი აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, სხვა პარტნიორები, მაგალითად მეზობელი თურქეთი და სომხეთი, ევროკავშირის ეკონომიკასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და, შესაბამისად, მეორადი ეფექტების მიმართ მოწყვლადი არიან. ამავდროულად, ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები – რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საუდის არაბეთი – უცხოური ვალუტის შემოდინებებში ერთობლივად ევროკავშირზე მაღალ წილს აღწევენ. ბოლო პერიოდში ნავთობის ფასები, რეცესიის საფრთხის მატების ფონზე, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის დაბალი ფასებით პირდაპირ სარგებლობს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით დაბალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. აგრეთვე, გამოვყოფთ, რომ ევროს გამყარება ისტორიულად საქართველოში უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ემთხვევა, თუმცა ამჯერად გასათვალისწინებელია მოთხოვნის შესუსტების ეფექტიც.

საერთო ჯამში, სხვადასხვა სცენარში მრავალგვარი განვითარებაა მოსალოდნელი,  თუმცა პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელება საქართველოს ეკონომიკისთვის ცალსახად ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენი შეფასებით, თუკი უტარიფო სცენართან შედარებით 2025 წელს ჩინეთში ეკონომიკური ზრდა 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება, აშშ-ში 1 პროცენტული პუნქტით და ევროკავშირში – 0.5 პროცენტული პუნქტით, საქართველოში ზრდა 0.4-0.5 პროცენტული პუნქტით დაიკლებს, ჩვენს საბაზო სცენართან შედარებით. დარჩენილ ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე მოსალოდნელი გავლენის გათვალისწინებით კი, ჯამური გავლენა 0.6-0.7 პროცენტულ პუნქტამდე გაიზრდება.

მსგავსი საგარეო შოკები, რასაკვირველია, ლარის კურსზეც ახდენს გავლენას, თუმცა, ჩვენი შეფასებით, ლარზე მოქმედ წამყვან ფაქტორად შიდა კომპონენტი რჩება, მოკლევადიან პერიოდში მაინც, რის გამოც მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილება. თავისთავად, დოლარის დასუსტება ლარის გამყარების არგუმენტია, თუმცა მნიშვნელოვანია საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებზე ზეგავლენაც. სავალუტო შემოდინებების შესაძლო კლება, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ლარისთვისაც ნეგატიური განვითარებაა. ამასთან, თუ სამომავლოდ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები ტარიფების საპასუხოდ გაუფასურდება, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (ქართული საქონლის რეალურ გამოსახულებაში გაძვირება) აგრეთვე ნეგატიური ფაქტორი იქნება, რადგან, ჩვენი შეფასებით, რეალური გაცვლითი კურსი წონასწორულ ნიშნულთან ახლოსაა. მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი აზრით, ლარის გამყარების უარყოფითი ეფექტი კონკურენტუნარიანობაზე მაკრო დონეზე ნაკლებად იკვეთება, ეს დასკვნა, შესაძლოა, სხვადასხვა სექტორისთვის განსხვავებული იყოს. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების შევსების მიმდინარე დინამიკა.

რაც შეეხება ეფექტს ინფლაციაზე, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის დინამიკასთან. ზოგადად, ცალკე აღებული ტარიფები ინფლაციური უფრო შეერთებულ შტატებში იქნება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ამასთან, დაბალი ზრდა სუსტ ერთობლივ მოთხოვნას მოიაზრებს და დეზინფლაციურია, ამიტომ, შესაძლოა, სრულად გადაწონოს მიწოდების მხრიდან გაზრდილი ინფლაციური რისკები. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ აშშ დოლარი არ გამყარდება. უშუალოდ საქართველოს კუთხით, მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ნავთობის ფასების გლობალური კლების ეფექტის სწრაფი გადაცემა ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი შეფასებით, ბენზინის ფასის კლება ინფლაციას უკვე მომდევნო თვეში 0.1-0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს, ხოლო, თუ გლობალური ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდა, ინფლაციის შემცირების კუთხით კონტრიბუცია პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტს მიაღწევს.

დასასრულ, აშშ-სთან უშუალო ეკონომიკური კავშირების მხრივ, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი დიდწილად ფეროშენადნობებისგან შედგება, რომლებიც ტარიფებისგან განთავისუფლებულია. ამავდროულად, საქართველოს სავაჭრო ბალანსი აშშ-სთან ისტორიულად თითქმის ყოველთვის უარყოფითი იყო, ბოლო წლებში კი, ავტომობილების მზარდი იმპორტის ფონზე, მნიშვნელოვნად გაუარესდა. შედეგად, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომელთაც მინიმალური, 10%-იანი ტარიფი დაუწესდათ. საერთო ჯამში, მეორადი ეფექტებისგან განსხვავებით, პირდაპირი ეფექტის მოსალოდნელი გავლენა უმნიშვნელოა.

 იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006774-macro-update-georgia

(R)