Home Blog Page 18

,,სამედიცინო ცნობით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო”- ადვოკატი

სამედიცინო ცნობის მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო. დაცვის მხარემ მანამდეც ვთხოვეთ სასამართლოს, რომ შეეცვალა სხდომათა დარბაზი, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ დაცვის მხარეს ნორმალურ ვითარებაში გაგვეგრძელებინა მუშაობა. ამის მიუხედავად ბატონმა მოსამართლემ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, – ამის შესახებ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განაცხადა, რომელმაც სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, სასამართლო სხდომაზე ადვოკატის დასწრება აუცილებელია და როდესაც სამუშაო პირობების იქნება დამაკმაყოფილებელი, ის და სხვა ადვოკატებიც სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღებას კვლავ გააგრძელებენ.

„საქმის განხილვის დასაწყისში მაშინ, როდესაც მოსამართლე ბრალდებულთა ვინაობას ადგენდა, ერთ-ერთი ბრალდებული ცუდად გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამედიცინო ცნობის მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებულის ცუდად გახდომის მიზეზი უჟანგბადობა იყო. დაცვის მხარემ მანამდეც ვთხოვეთ სასამართლოს, რომ შეეცვალა სხდომათა დარბაზი, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ დაცვის მხარეს ნორმალურ ვითარებაში გაგვეგრძელებინა მუშაობა. ამის მიუხედავად ბატონმა მოსამართლემ უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

პროცესზე წარმოდგენილია ქართული ენის არ მცოდნე პირი და საქმეც ისეთი სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს, სადაც ადვოკატების ყოფნა სავალდებულოა. მათ სახაზინო ადვოკატები დაენიშნებათ. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, როცა შესაბამისი სამუშაო პირობები იქნება შექმნილი. ჩვენი მოქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ მომხდარიყო და არა იმისკენ, რომ სასამართლო სხდომის მიმდინარეობა ჩაშლილიყო“,- განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასამართლოში რამდენჯერმე დააყენეს შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატების განცხადებით, დარბაზის სიმცირის გამო ბრალდებულები შეუძლოდ ხდებიან და დარბაზის შეცვლა აუცილებელია.

სასამართლო სხდომაზე მყოფი პირები სკანდირებდნენ – „მონებო“, „რუსებო“, „რევოლუცია“.

ამ წუთებში სასამართლოს დერეფანში, სადაც დაკავებული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან ხმაურია.

,,არ ვართ მარტივ სიტუაციაში – საფრთხე არ არის ვირტუალური”- მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მთავარი სამართლებრივი საყრდენის – ასოცირების შეთანხმების შესრულებით, ხელისუფლებამ ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციისთვის მყარი საფუძველი შექმნა.

„ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ევროინტეგრაციისკენ სვლა და ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ, ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მთავარი სამართლებრივი საყრდენის – ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, რამაც შექმნა მყარი საფუძველი ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

ჩვენი გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დროებით არ დადგეს დღის წესრიგში, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს ან არ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ არ დავუშვათ ამ თემის გამოყენება შიდა პოლარიზაციისთვის და იმ ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელთა მოქმედებებიც საქართველოში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც ევროპისთვის, ასევე ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით უკრაინაში რუსული აგრესიისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე.წ. „შუა დერეფანში“. მეორეს მხრივ, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგული პარტნიორები, სანდო პარტნიორები და ვასრულებთ ყველა პირობას, რაზეც შეთანხმებულები ვართ”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნისთვის მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ არ ვართ მარტივ სიტუაციაში, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება ჩვენს რეგიონში. ჩვენ ჯერ კიდევ ორი ოკუპირებული რეგიონი გვაქვს რუსეთის მიერ, ჯერ კიდევ სამხედრო შენაერთებია განლაგებული და საფრთხე არ არის ვირტუალური. ეს ძალიან რეალურია და ამიტომაც ძალიან ფრთხილად ვუდგებით ბევრ საკითხს, რათა არ შევიდეთ ისეთ სიტუაციაში, რამაც შეიძლება ეგზისტენციალური პრობლემები და გამოწვევები შექმნას.

მშვიდობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ომი გამოვიარეთ და ჯერ კიდევ გვყავს თბილისში მცხოვრები დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან. ეს არის ღია ჭრილობა ქართული საზოგადოებისთვის. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გაიგოს, რატომ გვამოძრავებს ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების შენარჩუნების მტკიცე სურვილი. „ქართული ოცნების“ მთავრობა უკვე 12 წელია ხელისუფლებაშია, და რუსეთის სასარგებლოდ მიღებულ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ დაასახელებთ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.

„მე ვიტყოდი, რომ, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან, როდესაც საკითხი ეხება საქართველოში მომხდარი მოვლენების შეფასებას ან საქართველოსა და სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედარებას. შედეგი ძალიან ნათელია – არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და დაახლოებით 1,2 მილიონმა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ამ ხელისუფლებას აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ბოლო არჩევნების შედეგის ეჭვქვეშ დაყენების რეალური მიზეზი არ არსებობს. არავის სურს დაინახოს როგორ ხდება სიტუაციის ესკალაცია და ვინ უწყობს ამას ხელს. ხშირად ვხედავთ ცალმხრივ შეფასებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქმნის არასწორ წარმოდგენას საქართველოსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანა, ვისთანაც წლების მეგობრობა გვაკავშირებს, საბოლოოდ, დაუბრუნდება მეგობრულ ურთიერთობას და დაველოდებით ამ მომენტს. სტრატეგიული მოთმინება არის ჩვენი მთავარი პოლიტიკა, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებთან ურთიერთობას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

,,ოპოზიციამ ვერ შეძლო, მოსახლეობაში შესაძლო ომის საფრთხის შიშს გაანეიტრალებდა”- ზურაბ ჯაფარიძე

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო, შეემუშავებინა მოკლე გზავნილი, რაც მოსახლეობაში შესაძლო ომის საფრთხის შიშს გაანეიტრალებდა.

ოპოზიციონერის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ მისივე კოალიციიდანაც. ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს: “უნდა ჩამოვყალიბდეთ, “ოცნებამ” ეფექტური მესიჯით – აბა, ომი გინდა? მოიგო არჩევნები, თუ არჩევნები გაყალბდა?!”.

პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვეს. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ვეფხია კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ დააყენა. მისი განმარტებით, არსებობს ეჭვი, რომ მოსამართლე არ არის ობიექტური და მიუკერძოებელი.

როგორც კოჟორიძე აღნიშნავს, მოსამართლის აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

როგორც ადვოკატმა განმარტა, სასამართლოს სწორედ აღნიშნულმა შემადგენლობამ შეუფარდა დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ყოველგვარი არგუმენტისა და იურიდიული საფუძვლის გარეშე. კოჟორიძის თქმითვე, კითხვა ჩნდება, თუკი, სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობს, რა გახდა იმის წინაპირობა, რომ სასამართლომ დაკავებულების მიმართ უსაფუძვლოდ გამოიყენა პატიმრობა.

კოჟორიძის შუამდგომლობას დაეთანხმნენ დანარჩენი ადვოკატებიც. შოთა თუთბერიძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, საქმე სხვა მოსამართლემ განიხილოს, რომელზეც მინიმუმ განცდა არ იქნება, რომ გადაწყვეტილება წინასწარ აქვს მიღებული.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და აღნიშნა, რომ ეს შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განმარტა, თუ რატომ არ აიცილა საქმე. როგორც მან განმარტა, მის მიერ დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ზემდგომმა ინსტანციამ ძალაში დატოვა, შესაბამისად, ეს გარემოება, რომ წინა აღკვეთი მან განიხილა, ვერ გახდება მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

ამ წუთებში, სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და კიდევ ექვსი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის მთავარი თემები, ამერიკის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ერთი პაკეტი და უკრაინის საჰაერო უსაფრთხოება იყო.

„მან ომის ფასი, პირდაპირ საკუთარ ჯიბეზე უნდა იგრძნოს“, – განაცხადა ზელენსკიმ სანქციებზე საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს თითქმის სამწლიან ომში ვაშინგტონის მუდმივი მხარდაჭერისთვის და იმ როლისთვის, რაც ამერიკამ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებაში შეასრულა.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას, რათა უკრაინელმა ხალხმა უზრუნველყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელსაც იმსახურებს.

„ახლა აშკარაა, რომ პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ კატასტროფა იყო რუსეთისთვის. უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერით, რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს უკრაინაში. პრეზიდენტმა პუტინმა როდესაც დაიწყო ეს ომი, იფიქრა, რამდენიმე დღეში დაიკავებდა კიევს. თითქმის სამი წლის შემდეგ კიევი კვლავ თავისუფალია. რუსეთს სურდა უკრაინელი ერის განადგურება. დღეს უკრაინა რჩება თავისუფალ და აქტიურ დემოკრატიად. რუსეთს სურდა უკრაინის ჯარის განადგურება. ახლა ეს არმია უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. რუსეთს სურდა ნატო-ს დაშლა, ამის ნაცვლად, ნატო უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანია, ვიდრე მისი ისტორიის განმავლობაში ოდესმე“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ოცნებამ” ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ”- გახარია

„ოცნებამ” ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ფასი არ აქვს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კი ფორმალურად გამოუგზავნა ახალი წლის მისალოცი ბარათი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

“უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ხომ ფასი არ აქვს არა? ნატოს ხელმძღვანელმა, როცა ფორმალურად, მიყოლებით აგზავნიან [მისალოცი გამოაგზავნა]. ჩვენ ხომ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ?!” – აღნიშნა გახარიამ. წამყვანის თქმით, ქართულმა მხარემ რამშტაინის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მის დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა, გადახდილი ფულით ჩამოდიოდა საქართველოში, გახარიამ უპასუხა: “შემოტყუებით როგორც მინიმუმ”.   

გრენლანდიას არ უნდა არც ამერიკა და არც დანია, გრენლანდიას დამოუკიდებლობა უნდა – გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი

გრენლანდიას არ უნდა არც ამერიკა, არც დანია. გრენლანდიას დამოუკიდებლობა უნდა, – განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ. იგი აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კუნძულზე კონტროლის დამყარების ინტერესი გამოხატა და ამ მიზნით სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა, – იუწყება Financial Times-ი.

მისი თქმით, სტატუს-კვოს შენარჩუნება „მიუღებელია“. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ კუნძულს, რომელზეც 57 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დამოუკიდებლობა სურს.

„ჩვენ არ გვსურს ვიყოთ დანიელები, არ გვსურს ვიყოთ ამერიკელები. ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები“, – განაცხადა ეგედემ და აღნიშნა, რომ „გრენლანდია არ იყიდება“.

მისი თქმით, კუნძული ღიაა მოლაპარაკებებისთვის აშშ-სთან, თუმცა, მის ბედს გადაწყვეტენ თავად გრენლანდიელები. მან ტრამპის განცხადებას სერიოზული უწოდა, თუმცა, კუნძულის მაცხოვრებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ ესმის გრენლანდიის სურვილი იყოს, დამოუკიდებელი, თუმცა იქვე დაამატა, რომ მას აქვს სურვილი შეინარჩუნოს დანიის სამეფოს მთლიანობა, დანიის, გრენლანდიის და ფარერის კუნძულების სახით.

Financial Times – ის ინფორმაციით, გრენლანდიაში უკვე განთავსებულია აშშ-ს სამხედრო ბაზა, რომელიც განიხილება, როგორც არქტიკის უსაფრთხოების ცენტრი. სტატიაში აღნიშნულია, რომ გრენლანდიას დიდი ხანია სურს დამოუკიდებლობა, თუმცა, არასაკმარისი ეკონომიკური ზრდის გამო, ვერ წყვეტს კავშირებს კოპენჰაგენთან.

ცნობისთვის, ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიაში იმყოფებოდა. ის კუნძულის მკვიდრებს შეხვდა. მათ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ქუდები ეხურათ და აცხადებდნენ, რომ გრენლანდიის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლა ძალიან გაუხარდებათ.

როგორი ამინდი იქნება 11 იანვარს საქართველოში

11 იანვარი, საქართველოს მასშტაბით,უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +15 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +16 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +16 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია +8 – უმეტესად მზიანი

ფოთი +15 – უმეტესად მზიანი

ბათუმი +16 – უმეტესად  მზიანი

ოზურგეთი +17 – უმეტესად მზიანი

ქუთაისი +17 – უმეტესად მზიანი

ამბროლაური +13 – უმეტესად მზიანი

ახალციხე +7 – უმეტესად მზიანი

ბორჯომი +7 – უმეტესად მზიანი

ბაკურიანი +4 – მზიანი

გორი +10 – მზიანი

ცხინვალი +9 – უმეტესად მზიანი

სტეფანწმინდა +6 – მზიანი

გუდაური +2 – მზიანი

თელავი +12- მზიანი

რუსთავი +12 – მზიანი

თბილისი +12 – მზიანი

11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი):

დღეს შესაძლოა მოულოდნელად წარმოშობილი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. თქვენი ენერგია საკმარისია ყველა საკითხის წარმატებით გადასაჭრელად. მნიშვნელოვანი სიახლეები გავლენას მოახდენს თქვენს სამომავლო გეგმებზე.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი):

დღეს შესაძლოა მოულოდნელად წარმოშობილი პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. თქვენი ენერგია საკმარისია ყველა საკითხის წარმატებით გადასაჭრელად. მნიშვნელოვანი სიახლეები გავლენას მოახდენს თქვენს სამომავლო გეგმებზე.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი):

დილიდანვე თავდაუზოგავად ჩაეშვებით მუშაობაში. მიუხედავად სწრაფი ტემპისა, კარგად ახერხებთ რთული საკითხების გადაჭრას და შეცდომების თავიდან აცილებას. საღამოს განწყობა გაუმჯობესდება მხიარული შეხვედრების ან პაემნების მოლოდინში. კარგი დროა ახალი ცოდნის მისაღებად, უცხო ენების შესასწავლად.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი):

ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. მათგან სასარგებლო რჩევებს მიიღებთ და რთულ მომენტებში მხარდაჭერას იგრძნობთ. მუშაობისას დიდი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებსა და დეტალებს.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი):

ხელსაყრელი დღეა, ბევრი დადებითი მომენტი იქნება. შესაძლოა, ახლობლებმა ვერ შეასრულონ ყველაფერი დაგეგმილი, მაგრამ ეს არ გაგიფუჭებთ განწყობას. მეგობრებისგან მაცდურ შეთავაზებას მიიღებთ, რომლის განხილვაც ღირს. საღამოს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო):

თუ მშვიდი განწყობის შენარჩუნებას შეძლებთ, ყველა პრობლემას სწრაფად გადაწყვეტთ. დღის განმავლობაში პატარა გაუგებრობები განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. მოგიწევთ ბევრი დრო დაუთმოთ სხვებს და მათი საკითხების მოგვარებას. შეგიძლიათ შთაბეჭდილების მოხდენა საჭირო ადამიანზე.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი):

უამრავი ვალდებულება გამოგიჩნდებათ. ეცადეთ, არაფერი აგერიოთ და არ დაივიწყოთ. გამოცდილი და მცოდნე ადამიანებისგან დახმარების თხოვნა არ იქნება ზედმეტი. დროულად მიდით საქმიან შეხვედრებზე: დაგვიანებამ შეიძლება ზედმეტი პრობლემები შეგიქმნათ. შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავლის მიღება.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი):

ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ დაგეგმოთ ახალი საქმეები, დაასრულოთ დაწყებულები და გადაჭრათ ყველაზე რთული ამოცანები. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად ვითარდება. ნუ ისაუბრებთ საყვარელ ადამიანებთან ძველ წყენებზე, რათა თავიდან აიცილოთ ახალი კონფლიქტი.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი):

ჯობია თავი შეიკავოთ ძალიან მაღალი საქმიანი აქტივობისგან. გჭირდებათ ენერგიის დაზოგვა. უჯობესია მარტო იყოთ, იფიქროთ თქვენს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე. ყურადღება მიაქციეთ შეგრძნებებს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი):

გამძლეობისა და შეუპოვრობის გამოვლენით შეგიძლიათ მიაღწიოთ შესანიშნავ შედეგებს. კარგი დროა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მისაღებად ან დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების საბოლოოდ მოსაგვარებლად. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი თვალსაზრისი.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი):

სამსახურში ყველაფერი დაგეგმილი შესრულდება და ძირითადი საკითხებიც წარმატებით მოგვარდება. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო სამუშაოს ან პარტნიორობის შეთავაზება. ახალი ცოდნა ან უნარები მალე გამოგადგებათ.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი):

დღე არახელსაყრელი და დაძაბულია. არ არის გამორიცხული სამუშაო ადგილზე შეცდომები და კონფლიქტები კოლეგებთან. რთული იქნება სიმშვიდისა და ემოციური წონასწორობის შენარჩუნება. დღეს სასარგებლოა უფრო მეტი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან: ისინი დაგეხმარებიან დამშვიდებაში და სასარგებლო რჩევების მიცემაში.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი):

დღეს ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და სულიერი განვითარებისთვის. ახლობლებთან ურთიერთობა ჰარმონიული და დადებითი იქნება. კარგი დროა ოჯახური გეგმების განსახილველად.მოულოდნელად შეიძლება მიიღოთ მცირე, მაგრამ სასიამოვნო შემოსავალი. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და მშვიდ გარემოში ყოფნას.თუ იგრძნობთ, რომ გადაღლილი ხართ, დასვენება და ძალების აღდგენა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს.

პოლიციელი გმირია. ყოველგვარი ცდა, შეცვალონ ამ ადამიანთა გმირობა ისევ კოლექტიურ „ნაცებს“ ამხელს და აკნინებს – თამთა მეგრელიშვილი

x

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პოლიციელების მიმართ სოციალურ ქსელში განხორციელებულ თავდასხმას და ბულინგს ეხმიანება.

იგი წერს, რომ „დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია და საპოლიციო ძალები ეროვნული მისიით მოქმედებენ – იცავენ ქართულ სახელმწიფოსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას“.

მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი აზროვნება არა წვრთნას არამედ პატრიოტიზმის განცდას მოაქვს. ასეთი განცდის მქონე ადამიანებითაა დღეს ძლიერი სახელმწიფო და ომის პარტიის სისხლიან თამაშს მხოლოდ კანონს და ადამიანურ სიყვარულს უპირისპირებს.

„სახელმწიფოს და ხალხის მსახურება არის ღირსება! მონობაა კოლექტიური დასავლეთის დაუწერელი კანონების ბრმად მორჩილება და მათი აღსრულებისათვის სისხლზე წასვლა!

დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია და საპოლიციო ძალები ეროვნული მისიით მოქმედებენ- იცავენ ქართულ სახელმწიფოს და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

პოლიციელი გმირია! მათ მოახერხეს და მოლოტოვის კოქტეილებს სამშობლოსადმი თავდადება და სიყვარული დაუპირისპირეს.

სახელმწიფოებრივი აზროვნება არა წვრთნას, არამედ პატრიოტიზმის განცდას მოაქვს. ასეთი განცდის მქონე ადამიანებითაა დღეს ძლიერი სახელმწიფო და ომის პარტიის სისხლიან თამაშს მხოლოდ კანონს და ადამიანურ სიყვარულს უპირისპირებს.
პოლიციელი გმირია!

ყოველგვარი ცდა, შეცვალონ ამ ადამიანთა გმირობა ისევ კოლექტიურ ნაცებს ამხელს და აკნინებს.

მადლობა მათ ამ თავდადებისათვის!“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

„ქართულმა ოცნებამ“ პასუხი უნდა გასცეს რატომ არის ქვეყანაში არეულობა, რატომ ხელყო დემოკრატია, რატომ არიან სანქცირებულები – გიორგი ვაშაძე

სანქციები და კონკრეტული ნაბიჯები, ხელისუფლების არ აღიარება და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, ძალიან დიდი შედეგია, რომელიც ამ აქციებს აქვს. გამარჯვების ფორმულა – მეტი წნეხი, სანქციები, აქციები და აქტიურობაა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” მოპასუხის რეჟიმშია გადასული, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს თუ რატომ არის ქვეყანაში არეულობა და რატომ ხელყო დემოკრატია.

“ამ აქციებს ძალიან დიდი შედეგი აქვს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უპრეცედენტო აქტივობა საქართველოსთან მიმართებაში. სანქციები და კონკრეტული ნაბიჯები, ხელისუფლების არ აღიარება და სალომე ზურაბიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა – ეს ძალიან დიდი შედეგია, რომელიც ამ აქციებს აქვს. გამარჯვების ფორმულა: მეტი წნეხი, სანქციები, აქციები და აქტიურობაა.

დღეს “ქართული ოცნება” მოპასუხის რეჟიმშია გადასული, მან პასუხი უნდა გასცეს თუ რატომ არის ქვეყანაში არეულობა, რატომ ხელყო დემოკრატია, რატომ არიან სანქცირებულები და რატომ არ აღიარებენ არჩევნებს. ამის სანაცვლოდ ეს საკითხი შემოაგდეს, რომ ყურადღება გადაიტანონ. გამოსაძიებელი ვინც არიან, თავიანთ გუნდში მოძებნონ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.