Home Blog Page 18

რუმინეთში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას ხუთი ადამიანი შეეწირა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სტიქიამ გალაცისა და ვასლუის რეგიონები დააზარალა. დატბორილი დასახლებებიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ძლიერმა ქარმა ხეები ფესვებიანად მოგლიჯა. დაზიანებულია მანქანები და ბლოკირებულია გზები.

სტიქიას გამოეხმაურა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ის სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახის წევრებს. მისი თქმით, ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ერთად მუშაობს, რათა სტიქიის შედეგებს გაუმკლავდეს. იოჰანისის მტკიცებით, უხვი ნალექი რუმინეთში კლიმატის ცვლილების შედეგია.

,,ეკა ტყეშელაშვილი თქვენ ვინ გგონიათ? – სააკაშვილის მწვალებელთა პარტიის მაღალჩინოსანი იყო”- ირაკლი ზარქუა

ეკა ტყეშელაშვილი თქვენ ვინ გგონიათ? – სააკაშვილის მწვალებელთა პარტიის მაღალჩინოსანი იყო, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თემაზე ბერლინში გამართულ ფორუმს გამოეხმაურა, რომელშიც „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ეკა ტყეშელაშვილი მონაწილეობდნენ.

„ეკა ტყეშელაშვილი თქვენ ვინ გგონიათ? – ჩვეულებრივი, სააკაშვილის მწვალებელთა პარტიის მაღალჩინოსანი იყო. მგონი, არ დარჩა არც ერთი უწყება, სადაც ეს ქალბატონი არ იყო ხელმძღვანელი. ახლა მოვიკითხე, სად არის-მეთქი და აბა თუ გამოიცნობთ? უკრაინაში, ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობს-თურმე, USAID-ის მიმართულებით. Pink Floyd-ის ერთ-ერთმა წევრმა (როჯერ უოტერსი) თქვა – იმ კაცამდეც კი დავიდა, პოლიტიკაში არ არის საერთოდ, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოაო“, – განაცხადა ზარქუამ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ბერლინში, ფორუმზე იმსჯელეს – დისკუსიას ანა ნაცვლიშვილი და ეკა ტყეშელაშვილი დაესწრნენ.

ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგოდ პირველი ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

პრეპარატი, რომლის მწარმოებელია კომპანია Bavarian Nordic-ი, დამტკიცებულია 18 წელს ზემოთ უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორ დოზიანი ვაქცინა, თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ორსულებმა და არა სრულწლოვნებმა.

ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებასა, მაგრამ ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობას.

„მაიმუნის ყვავილს“ წელს აფრიკაში სულ მცირე 643-ი ადამიანი შეეწირა.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა -ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა.

როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, დღეიდან, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები დაიწყო, თუმცა პროცესში, რომელიც სრულად ორიენტირებულია საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული უნარების განმტკიცების ხელშეწყობაზე და კენჭისყრის პროცედურების შესახებ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ჩართული მხარეების ნაწილის მხრიდან დაფიქსირდა ხელის შეშლის მცდელობები.

„სატრენინგო პროგრამების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და კომისიების წევრები მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას, შეიძენენ/გაიღრმავებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს, დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში.

სამწუხაროდ, აღნიშნულ პროცესში, რომელიც სრულად ორიენტირებულია საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული უნარების განმტკიცების ხელშეწყობაზე და კენჭისყრის პროცედურების შესახებ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ჩართული მხარეების ნაწილის მხრიდან დაფიქსირდა ხელის შეშლის მცდელობები. საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, დააკვირდნენ აღნიშნულ ტრენინგებს. რა თქმა უნდა, პროცესზე დასწრების და დაკვირვების საშუალება აქვთ საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს ტრენინგის მიმდინარეობისთვის ხელის შეშლის გარეშე. ამ შესაძლებლობით სარგებლობს კიდეც მათი დიდი ნაწილი და დღეს დაწყებულ ტრენინგების პროცესს აკვირდებიან როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნული წევრები.

რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაურკვევლობას, თუმცა ამ დროისთვის ყველა უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა აქვს დააკვირდეს ტრენინგის მიმდინარეობას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი არაუფლებამოსილი პირი დღეს ცდილობდა საკითხი წარმოეჩინა იმდაგვარად თითქოს მათ არ მიეცათ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მათ არა საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი, არამედ უბრალოდ კანონი არ აძლევთ პროცესზე დასწრების უფლებას. ამასთან, დღეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტი ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციის მიზნითაც იქნა გამოყენებული. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი როგორიც არის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, წარმოჩინდეს როგორც არჩევნების გაყალბების მცდელობა. სრულიად უარგუმენტოდ ამ ბრალდების გაჟღერება კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება.

თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ გააგრძელებს როგორც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების, ისე საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობებს და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროცესი ყველა ჩართული მხარის მიერ იქნება ხელშეწყობილი და არ გახდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო, ხმაურიანი და დისკრედიტაციული ბრალდებების საგანი.

დასასრულს, გვინდა, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ სულ ცოტა ხნის წინ პარტიებს და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესთავაზა ტრენინგი, თუმცა სამწუხაროდ, უმრავლესობამ არ გამოიყენა შესაძლებლობა, მიეღო კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ქართული ოცნება” 14 მილიარდ ევროზე მეტ ზიანს აყენებს ქვეყანას არასწორი პოლიტიკით, უბრალოდ, “ნაცებს” ყოველთვის არ გააჩნიათ კვალიფიკაცია და სწორად არ აკრიტიკებენ -იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნება“ 14 მილიარდ ევროზე მეტ ზიანს აყენებს ქვეყანას არასწორი პოლიტიკით, უბრალოდ, „ნაცებს“ ყოველთვის არ გააჩნიათ კვალიფიკაცია და სწორად არ აკრიტიკებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო კარგავს იმ რეპუტაციას, რომელიც აქვს, როგორც ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას.

„მგონია, 14 მილიარდ ევროსთან დაკავშირებით ყველაფერი მთლად ზუსტი არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მარტო საქართველოს ფული არ არის, კონკრეტულ პროექტებს ეხება. ასევე, მგონია, ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ გასაკრიტიკებელი არ არის. ისინი 14 მილიარდზე მეტ ზიანს აყენებენ ქვეყანას საკუთარი არასწორი პოლიტიკით ჩვენს პარტნიორებთან. უბრალოდ, „ნაცებს“ ყოველთვის არ გააჩნიათ კვალიფიკაცია და სწორად არ აკრიტიკებენ, თორემ განა 14 მილიარდზე მეტით არ არიან „ქოცები“ გასაკრიტიკებლები? ის 14 მილიარდი, რაზეც ლაპარაკობენ, ყველა საქართველოსი არ არის.

მე ამ კამპანიას სრულად ვერ ვადევნე თვალი, მაგრამ ევროკავშირთან დაახლოების ფულად ღირებულებებზე გადაყვანა და რაოდენობებში თვლა, მგონი, სწორი არ არის. ჩვენ ბევრად მეტ მორალურ ზიანს ვიღებთ და ვკარგავთ იმ რეპუტაციას, რომელიც გაგვაჩნია, როგორც ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას. ეს, ცხადია, ბევრ პრობლემას გამოიწვევს, მათ შორის, საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. ასე პირდაპირ დათვლა, ეს 14 მილიარდია თუ სხვა, მე მგონი, ცოტა რთულია, შეიძლება, უფრო მეტიც იყოს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

 ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო-ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.

მან სცენაზე გამოჩენიდან მალევე შეძლო საკუთარი ნიჭიერებითა და ინდივიდუალიზმით ქართველი მაყურებლის მოხიბვლა. ზურაბმა, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ღირსეული და მნიშვნელოვანი სახელი დატოვა არა მარტო თეატრალურ წრეებში, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში.

ვიზიარებთ ზურაბ ბერიკაშვილის ოჯახის, მეგობრების, კოლეგების დიდ მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ომი შეიძლება, რამდენიმე დღეში დასრულდეს, დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას თუ ახლავე შეწყვეტს -დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ „მოთმინება ამოიწურება“, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ მან „ტელეგრამის“ არხზე დაწერა.

მედვედევის თქმით, რუსეთი არ იყენებს ბირთვულ იარაღს მოწინააღმდეგის შეტევებზე საპასუხოდ, რადგანაც აცნობიერებს ასეთი კონფლიქტის საფრთხესა და შეუქცევადობას. მედვედევის განცხადებით, ჯერჯერობით მოსკოვი მოთმინებას იჩენს, თუმცა ის შეიძლება ამოიწუროს.

„რას ფიქრობენ დასავლელი უფროსები და მათი ომში გართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ჩვენი ქვეყნის რეაქციაზე „ტერიტორიის სიღრმეში“ შესაძლო სარაკეტო დარტყმებზე? აი, რას: რუსები ბევრს საუბრობენ მასობრივი განადგურების იარაღით პასუხის შესახებ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ეს მხოლოდ „სიტყვიერი ინტერვენციებია“. რუსები ზღვარს არ გადაკვეთენ. ისინი უბრალოდ გვაშინებენ. ბირთვული კონფლიქტი მათთვის არაფრის მომცემია, მათ შეიძლება უფრო მეტი დაკარგონ, მათ შორის, გლობალური სამხრეთის მხარდაჭერა. და საერთოდ, ვის სჭირდება აპოკალიფსი? და ა.შ.“ – წერს მედვედევი.

მედვედევმა აღნიშნა, რომ ბირთვული კონფლიქტი მართლაც არავის სჭირდება.

„სწორედ ამიტომ ჯერჯერობით არ მიღებულა გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ (არასტრატეგიული ან, მით უმეტეს, სტრატეგიული). რუსეთი მოთმინებას იჩენს, რადგან, ცხადია, ბირთვული პასუხი უკიდურესად რთული გადაწყვეტილებაა შეუქცევადი შედეგებით. თუმცა გაბღენძილ ანგლო-საქს კაცუნებს არ სურთ ერთი რამის აღიარება: ნებისმიერ მოთმინებას აქვს დასასრული“, – წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.

ნატოს უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად მეტის გაკეთება შეეძლო -იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს მეტის გაკეთება შეეძლო, რათა თავიდან აეცილებინა რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ჩვენ ახლა [უკრაინას] სამხედრო ტექნიკას ომის საწარმოებლად ვაწვდით, მაშინ, როცა ჩვენ შეგვეძლო სამხედრო ტექნიკა მიგვეწოდებინა ომის თავიდან ასაცილებლად“, – თქვა მან.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო ომამდე კიევს იარაღს არ აწვდიდა რუსეთთან მოსალოდნელი ესკალაციის შიშით. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ნატომ კიევის იარაღით მომარაგება დაიწყო.

სტოლტენბერგმა, რომელსაც ოქტომბერში ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე შეცვლის, ინტერვიუში აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.

„იმისათვის, რათა ეს ომი დასრულდეს გარკვეულ ეტაპზე მოსკოვთან დიალოგის გამართვა საჭირო გახდება, თუმცა ის უკრაინის სიძლიერეს უნდა ეყრდნობოდეს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მან არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელის პოსტზე დაიწყებს მუშაობას. სტოლტენბერგის თქმით, მას ბევრი შემოთავაზება აქვს, თუმცა ცხოვრების გაგრძელებას ის ოსლოში აპირებს.

ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და მიმაჩნია, ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი -გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს.

„ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული. ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, – წერს გენო პეტრიაშვილი.

https://www.instagram.com/p/C_4xhqpsyc4/?utm_source=ig_embed

“ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასაარჩევნო კამპანია ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო, რადიკალები 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან -გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების, „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის მომხრეებზე გახშირებული თავდასხმების ფაქტები ფიქსირდება, ასევე ადგილი აქვს სააგიტაციო მასალის განადგურებასა და გაყალბებას, რაც მიქანაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო სისტემატურ ხასიათს იღებს.

როგორც უმრავლესობის წევრმა ბრიფინგზე აღნიშნა, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ არაერთგზის დაფიქსირდა ხელოვნურად დადგმული ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელების მიზნით, სადაც კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფასა და ბულინგის მცდელობას.

„უფრო მეტიც, თითოეულ ასეთ შემთხვევაში ე.წ. აღშფოთებულ მოქალაქეს წარმოადგენდნენ უცხო ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და აქტივისტები, რომელთა მიზანია პოლიტიკური ექსტრემიზმის, ტერორის დამკვიდრება ოპონენტებთან მიმართებაში. ამის უტყუარი დასტურია შემდეგი ფაქტები:

·  25 აგვისტოს, მიუნხენის აეროპორტში, უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს, რომელიც ოჯახთან ერთად საზღვარგარეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, თავს დაესხა ვითომ „აღშფოთებული მოქალაქე“ ნინო შველიძე და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მალევე დადგინდა, რომ ამ სიტყვების ავტორი რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია, ამასთანავე იგი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის, ტიმოთი ბლაუველთი მეუღლეა. საყურადღებოა, რომ ამ შეურაცხყოფისა და ბულინგის ამსახველი ვიდეოც სწორედ ტიმოთი ბლაუველთი მიერ არის გადაღებული და გავრცელებული.

·  განსაკუთრებით მძიმე, შემზარავი და ტრაგიკულია 4 სექტემბერს წყალტუბოში მომხდარი ფაქტი, რასაც ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალება მოჰყვა შედეგად. სოფელ გეგუთში „ქართული ოცნების“ წევრებს შტაბში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე მიუვარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს უკანასკნელი ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

· 9 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გურიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს ე.წ. აღშფოთებული მოქალაქე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და მოძრაობა „ტალღას“ წევრი ლევან ბროძელი შეხვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

· 10 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამართა საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაცია. ახალ სახეებს შორის წარდგენილ იყვნენ დამსახურებული ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. ოლიმპიური ჩემპიონების მისამართით მმართველი გუნდის ოპონენტების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან მყისიერად დაიწყო სიძულვილისა და ზიზღის კამპანია.

·  დესტრუქციული ძალების აგრესია საჯარო მოხელეებსაც შეეხო. 10 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა მიაყენა და ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენით შეეცადა ზეწოლა განეხორციელებინა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ მედიის თანდასწრებით. საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ ლაშა ფარულავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ს ხელმძღვანელობდა და აღნიშნავდა, რომ იყო მიუკერძოებელი და ნეიტრალური“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო.

„მათ მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო ბანერებზე ამომრჩევლის მოტყუების და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, საკუთარ თავს „ევროპაში კეთილდღეობასთან“ აიგივებენ, ხოლო „ქართულ ოცნებას,“ რომლის ხელისუფლების დროსაც მოხდა ევროკავშირის მიმართულებით ხელშესახები პროგრესი, ასოცირებას უკეთებენ „იზოლაციაში სიღატაკესთან“. 7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები „სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრებისა და მისი წარმომადგენლის, ნიკო მანაგაძის მიერ, რომელიც ამავდროულად კამპანია „აირჩიე ევროპის“ მონაწილეც არის რეგიონებში დეზინფორმაციული ხასიათის პოსტერების გაკვრის თაობაზე, რომლებზეც „ქართული ოცნების“ არჩევა გაიგივებულია „საქართველოს რუსეთიზაციასთან“. 8 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჯანო ჟვანიამ „ქართული ოცნების“ ბანერებზე არსებული წარწერების ტექსტი შეცვლა და გააყალბა და შემდეგ გაყალბებული ინფორმაციის მატარებელი ვიდეომონტაჟი სოციალურ ქსელში გაავრცელა“, – განაცხადა მმართველი გუნდის დეპუტატმა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, 5 სექტემბრიდან დღემდე მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალის განადგურების კუთხით დაფიქსირდა არაერთი ფაქტი.

„ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც მკაფიოდ ჩანს, სამგორში, აეროპორტის დასახლებაში როგორ ხევენ და ანადგურებენ კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლები მმართველი გუნდის გაკრულ პლაკატებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საბურთალოზე „ქართული ოცნების“ პლაკატებს „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატები გადააკრეს. სამგორში, აეროპორტის დასახლებაში, აგრეთვე ვარკეთილის მე-3 მასივში, ნაძალადევში ცოტნე დადიანის ქუჩაზე და დიდუბეში 147-ე სკოლისა და მეტრო „წერეთლის გამზირის“ მიმდებარედ დაუდგენელმა პირებმა ჩამოხიეს „ქართული ოცნების“ პლაკატები. ტელეკომპანია „მთავარის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას. კერძოდ, ტელეკომპანიამ ეთერში არ გაუშვა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამა, რაზეც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოლიტიკური საქმიანობა სულ უფრო აქტიურ სახეს იღებს. მიქანაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე შეუძლებელია დესტრუქციულ ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამყოფი ხაზის დანახვა.

„აღნიშნულის ერთ-ერთი დასტურია კოალიციის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ წევრების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობაც. ამ კოალიციის ინიციატივით 8 სექტემბერს დედაენის ბაღში გაიმართა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ პრეზენტაცია. კოალიციის შემადგენლობაშია 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შორის არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში პირდაპირ არიან ჩართული. კოალიციაში გაერთიანებულია „სოროსის ფონდიც“. ამ ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევის არაერთი მაგალითი სრულებით საკმარისია იმის არგუმენტად, რომ კოალიციის მთავარი მიზანია საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პროპაგანდის წარმოება. აღნიშნულს ასევე ადასტურებს კოალიციის Facebook-გვერდზე განთავსებული ვიდეოები წარწერით, „რაც აღარ მუშაობს, უნდა შეცვალო“ და 8 სექტემბრის პრეზენტაციისთვის გამოყენებული მასალა, რომლის შინაარსიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, – აღნიშნა მიქანაძემ.

რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, მედიასივრცეში 10 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხელ ახალგაზრდებს ღია ცის ქვეშ ასაწყობი აუზი დაუდგა უფასოდ სარგებლობის მიზნით.

გივი მიქანაძე უწყებათაშორისმა კომისიის საკითხსაც შეეხო, რომელმაც 15 ივლისიდან ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით დაიწყო ფუნქციონირება და დღეის ჩათვლით ჩატარებულ კომისიის 5 სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მიქანაძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ „რადიკალები არ არიან სამართლებრივ პროცესებზე ორიენტირებული და მათთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის.“

„ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არცერთ ზემოხსენებულ ფაქტთან მიმართებით დასავლელ დიპლომატებს, დონორ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არათუ რეაგირება არ მოუხდენიათ, კონკრეტული ფაქტების დაგმობის განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ.

აქვე მსურს, დავაანონსო, რომ 16 სექტემბრის კვირაში გამოქვეყნდება „ქართული ოცნების“ ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და გარე ძალების წარმომადგენელთა მიერ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ასახავს პერიოდს 2024 წლის პირველი ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. ანგარიშის ქართული და ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ქართული ოცნების Facebook-გვერდზე და იგი დაეგზავნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს“, – განაცხადა მიქანაძემ

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სავარაუდოდ, მეგობრებისგან ფინანსურ შეთავაზებას მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ფულის გამომუშავების შესაძლებლობა ან სესხის მოთხოვნა თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით. უარის თქმას ნუ იჩქარებთ, ამ წინადადებაზე კარგად უნდა დაფიქრდეთ. ხელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. ეცადეთ ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული – ამ გზით წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვთ.

კურო

ეცადეთ, თქვენ სამუშაო უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოთ. ამაში პრობლემების გადაჭრის ახლებური ხედვა დაგეხმარებათ. მეგობრების გულისხმიერი დამოკიდებულება ძალიან გაგახარებთ. გირჩევთ საღამოს ქალაქგარეთ გასვლა დაგეგმოთ – გარემოს შეცვლა განწყობას გააუმჯობესებს და შთაგონებით აგავსებთ.

ტყუპები

ეს დღე აქტიური, ინტელექტუალური საქმიანობისა და სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელია. არ არის გამორიცხული, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით აზრი შეიცვალოთ. ახალი გამოცდილების მისაღებად შესაფერისი დროა. ეს შეიძლება იყოს ხანმოკლე მოგზაურობა ან შემეცნებითი საქმიანობა. ინტუიცია გიკარნახებთ, სწრაფად როდის იმოქმედოთ და როდის უნდა გააკეთოთ პაუზა, რომ ინიციატივა სხვებს დაუთმოთ.

კირჩხიბი

ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, სახლში ცვლილებები განახორციელოთ. ეს შეიძლება ინტერიერის შეცვლა ან სახლის უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება იყოს. გამორიცხული არ არის, რომ დაასრულოთ ურთიერთობა, რომელიც უსიამოვნო და მოსაბეზრებელი გახდა. ამ დღეს იპოვით გზას, რომ საქმიანი კავშირები გააძლიეროთ და იმ ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რომლებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ლომი

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობა განსაკუთრებით აქტუალური იქნება. ამ მხრივ გარკვეული სიურპრიზები გელით. არც საკუთარ თავს და არც სხვებს არ ატყუებთ და ამჩნევთ იმას, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. ადრე თუ გვიან ეს წარმატებას მოგიტანთ. მშვენიერი დღეა სასიყვარულო პაემნებისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის.

ქალწული

გირჩევთ, ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, როგორც სახლში, ისე სამსახურში მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულეთ და დაისვენეთ. ყველაზე კარგი იქნება, თუ დახმარებას ახლობლებსა და კოლეგებს სთხოვთ. სახლისთვის შეიძლება დაუგეგმავი შესყიდვები მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნება, რომ ძალები აღიდგინოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

სასწორი

მშვენიერი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის. გირჩევთ საყვარელ ადამიანთან ერთად, ლამაზ ადგილზე წახვიდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ეს განწყობას აამაღლებს და თქვენს შორის ურთიერთობას გააუმჯობესებს. საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა მოგიწევთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. შესაძლოა, რჩევამ, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, ცხოვრება გაგიადვილოთ. თანამოსაუბრის განწყობას ადვილად ხვდებით და საერთო ენას არაკეთილგანწყობილ ადამიანებთანაც კი ადვილად პოულობთ. ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

მშვილდოსანი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. ხელსაყრელია ინტელექტუალური საქმიანობა, დისკუსიებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, რადგან პროცესი თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება. გამორიცხული არ არის, რომ ახალი მოკავშირეები იპოვოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ.

თხის რქა

თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარებას შეძლებთ. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის. ეცადეთ ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ.

მერწყული

დროა საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყოთ. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, გარდერობზე, ჯანმრთელობაზე. გააკეთე ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ, მაგრამ სამომავლოდ ინახავდით. ბოლოს და ბოლოს, ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. ხელსაყრელი დროა სამსახურში ინიციატივების გამოჩენისა და ლიდერის თვისებების დემონსტრირებისთვის.

თევზები

ეს დღე მუშაობისთვის არის ხელსაყრელი, თუმცა მუშაობისთვის განწყობილი საერთოდ არ ხართ. შეიძლება ვიღაცის სატელეფონო ზარმა ან რაღაც სიახლემ ძალიან გაგაოცოთ. ახლობელი ადამიანის სიტყვების ან საქციელის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ – შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.

14-19 სექტემბერს დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით ყოველ-დღე 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება სოფ. ყიტაანზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით.