Home Blog Page 18

დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს

დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს , – ამის შესახებ CBS News-ს აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განუცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია ჩემი კაბინეტის შემადგენლობაში გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე თავმჯდომარე ელის სტეფანიკი წარვადგინო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ელის სტეფანიკი, რომელიც 2021 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის თავმჯდომარეა, „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკისთვის ძლიერი და ჭკვიანი მებრძოლია.

ელის სტეფანიკმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დონალდ ტრამპის შეთავაზება მიიღო.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება მივიღე, მის კაბინეტში ვიმსახურო, როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში აღვნიშნე, თუ როგორი მადლიერი ვარ დავთანხმდე მის ნომინაციას და აშშ-ის სენატში ჩემი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას მოუთმენლად ველი“, – განაცხადა ელის სტეფანიკმა.

ელის სტეფანიკი თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 ნოემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7288 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7288 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9138 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9345 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0207 ლარი შეადგინა.

ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი მხარს უჭერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს, გახარიას პარტია ერიდებოდა ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს – პრემიერი

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი, ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი მყარად უჭერს მხარს ამ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ ისმის გახარიას პარტიისგან მოწოდებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით ახლა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათგან არ ისმოდა მსგავსი განცხადებები, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ისინი ერიდებოდნენ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას, ახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს.

„ისინი ერიდებოდნენ ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა დასრულებულია არჩევნები და უფრო თამამად ასრულებენ იმ დავალებას, რომელსაც გარედან იღებენ. ისინი, რეალურად, ხედავენ, რომ მათ არაფერში აწყობთ ამ კანონის წინააღმდეგ გალაშქრება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილებებს იღებენ არა ისინი, არამედ, ასე ვთქვათ, მათი პატრონები, გარედან, მათ უწევთ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც არის აბსოლუტურად არაპოპულარული. გახსოვთ, თავის დროზე მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, როცა ის მიიღებოდა პარლამენტში. ესეც, რა თქმა უნდა, იყო დავალების შესრულება, არაფერში აწყობდათ მათ ამ ნაბიჯის გადადგმა, ახლაც მოქმედებენ გარე დავალებების შესაბამისად,“- განაცხადა პრემიერმა.

ბიუროკრატიის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შთამბეჭდავია, რაც მსოფლიო ბანკმა შესაბამის ინდექსში ასახა – ირაკლი კობახიძე


ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ ძალიან ხშირად უსწრებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბიუროკრატიის ინდექსის მიხედვით, საუკეთესო ქვეყნებს შორის მე-20 ადგილზე საქართველოს დასახელებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც ბიუროკრატიისგან იღებს საქართველოს მოქალაქე, იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და სამართლიანი.

„ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, ყველა ობიექტური ინდექსი ადასტურებს, რომ გვაქვს წინსვლა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ ბიუროკრატიის მიმართულებას, იცით, რომ გვაქვს დახვეწილი პროცედურები, რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს სამუშაო, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც ბიუროკრატიისგან იღებს საქართველოს მოქალაქე, იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და სამართლიანი, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა არის უკვე შთამბეჭდავი, რაც შესაბამის ინდექსშიც აისახა,”- განაცხადა პრემიერმა.

როთების გუნდი ჩამოდის და გვარამიებს, მელიებს, ანა მასწავლებელს, ასეთ უთავმოყვარეოებს აძლიერებს, საკუთარ ქვეყანაში არ სცემენ პატივს და ქართველებს გვიკითხავენ მორალს -ირაკლი ზარქუა

როთების გუნდი ჩამოდის და გვარამიებს, მელიებს, ანა მასწავლებელს, ასეთ უთავმოყვარეოებს აძლიერებს, საკუთარ ქვეყანაში არ სცემენ პატივს და ქართველებს გვიკითხავენ მორალს, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ზარქუა სხვადასხვა ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ჩამოსვლას და ოპოზიციასთან შეხვედრას გამოეხმაურა.

საქართველოში უსამშობლოების მოწვევით როთების გუნდი ჩამობრძანდა. საკუთარ ქვეყნებში მოსახლეობამ მათ მმართველობას უარი უთხრა. როთი შოლცის პარტიიდან არის და მათ კოალიცია საერთოდ დაეშალათ. ეტყობა, ისეთი უავტორიტეტოა, რომ იქ ქუჩაში საერთოდ არ გაესვლება. გერმანელი ხალხი პრინციპულია. ეს როთები იქაც არ მოსწონთ, აქ ჩამოდიან და ამ უსამშობლოებს: გვარამიებს, მელიებს, ანა მასწავლებელს და ასეთ უთავმოყვარეოებს აძლიერებენ. მოგმართავთ, თქვე გზააბნეულებო, საქართველოს ნახვა თუ გინდათ, ამ უსამშობლოებთან დგომით ვერაფერს იზამთ. სამეგრელოში ჩადით, იქაური სტუმართ-მასპინძლობა ნახეთ, სუფთა ჰაერი, იქნებ, აზრზე მოხვიდეთ და გაიაზროთ, რომ ლგბტ პროპაგანდა ქართველ ხალხს არ სჭირდება. იქნებ, კახელებსაც დაელაპარაკოთ, რომ ღვინო უძველესი ცივილიზაციაა და მას გაფრთხილება სჭირდება. შემდეგ იქნებ გაიაზროთ, რომ არ უნდა დადგეთ გვარამიასთან ერთად, რომელმაც საქართველოს და ჩვენს მაიდენტიფიცირებელ ქართულ ღვინოს შეურაცხყოფა მიაყენა. მივმართავ როთს, რადგან ჟიგიმანტასი უკვე გიჟიმანტასია და მას არაფერი ეშველება, ასევე მივმართავ დანარჩენ როთებს – ეს ქვეყანა უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანაა, შეურაცხყოფას გვაყენებთ, როცა თქვენისთანები მილიონზე მეტ ადამიანს ეუბნებით, რომ შეცდომა დაუშვით და რუსი ხართო. ასეთებს არ მიგიღებთ. რომ დგახართ და მათხოვრობთ, შეგვხვდით და შეგვხდითო, არ შეგხვდებით, რადგან თქვენისთანებისთვის არ რჩება დრო. ამიტომ ბიძიებო, დღეს, 19:00 საათზე რომ გამოხვალთ და ლობისტური კომპანიების დაწერილ ტექსტებს წაიკითხავთ, გაბრძანდით უკან და თქვენს ხალხს მიხედეთ.

გერმანიაში პრობლემა გაქვთ, ჩამოშლილი გაქვთ კოალიცია, საფრანგეთში იმ კაცს ლეგიტიმაცია არ აქვს – ოპოზიციური პარტიებია პირველ და მეორე ადგილას. სად არის კუბილიუსა, პარტია დაგეშალა? ევროპარლამენტიდან რომ გვმოძღვრავდი, გითხრეს ხომ, რომ პოლიტიკა შენი თემა არ არის და კოსმოსს მიხედეო – კოსმოსური რაღაცის შემსწავლელი კომიტეტის თუ კომისიის წევრია. ფოტიგა სად არის, მორალს რომ გვიკითხავდა? რაისა სად არის? აი, ასეთები ხართ – ხალხი საკუთარ ქვეყანაში არ გცემთ პატივს და ჩვენ, ქართველებს გვიკითხავთ მორალს დემოკრატიაზე, კულტურაზე, განვითარებაზე. უძველესი ცივილიზაციის ხალხს გვასწავლიდით ჭკუას. ჭკუა თქვენმა მოსახლეობამ გასწავლათ და დაგტოვეს ხელისუფლების გარეშე. ახლა რუსთაველის გამზირზე იარეთ, ჩვენ სტუმარ-მასპინძლობა არ შეგვშლია და არც არასდროს შეგვეშლება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები იმყოფებიან, მათ შორის არიან ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი. მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

ბაქოში კონფერენციის ფარგლებში, პარტნიორებთან ვისაუბრებთ ჩვენს გამოცდილებაზე, მოვისმენთ მათ გზავნილებს, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს -ირაკლი კობახიძე

x

საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.

პრემიერ-მინისტრი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში იმართება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებამ, თავის დროზე, კონსტიტუციის დონეზე გაწერა შესაბამისი გარანტიები, რაც გარემოს დაცვის სფეროში უფლებებს შეეხება და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს გამოცდილების გაზიარება, ისე პარტნიორების გზავნილების მოსმენა, კონფერენციის ფარგლებში.

„საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ჩვენ, თავის დროზე, კონსტიტუციის დონეზე გავწერეთ შესაბამისი გარანტიები, რაც უკავშირდება ეკოლოგიას, ეკოლოგიურ უფლებებს, გარემოს დაცვის სფეროში უფლებებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს გამოცდილებაზეც გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან. მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ასევე ჩვენი პარტნიორების გზავნილები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

უკრაინაში ომი დასრულდება ძალიან მალე და შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან – ირაკლი კობახიძე

გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან და ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით არჩევნებს საქართველოში, არჩევნებს აშშ-ში და მესამე იყო ომის დასრულება უკრაინაში, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში ომი დასრულდება ძალიან მალე და შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან.

„ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან და ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით სამ მოვლენას – ერთი, ეს იყო არჩევნები საქართველოში, მეორე იყო არჩევნები აშშ-ში და მესამე იყო ომის დასრულება უკრაინაში. ორი არჩევნები უკვე დასრულდა და დასრულდა ისე, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, რაც შეეხება მესამე თემას, უკრაინაში ომის დასრულებას, ვფიქრობთ, რომ ომიც დასრულდება ძალიან მალე. შესაბამისად, ძალიან მალე შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით და ამის შემდეგ დასრულდება ისეთი ტიპის სპეკულაციები, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე გნებავთ კანონებთან, გნებავთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ძალიან კარგად განვითარდება პროცესები, განსაკუთრებით ეს იქნება დაკავშირებული უკრაინაში ომის დასრულებასთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრა ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის.

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საქართველოში მყოფი დელეგაციის წევრები არიან უსაქმური ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სიცრუით დაამახსოვრეს თავი -კახა კალაძე

ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, მათ საქართველოს მოსახლეობას თავი სიცრუით დაამახსოვრეს.

„ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. ამ ადამიანებმა რითი დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? – სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ვისმენდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, დღესაც აგრძელებენ. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი და, როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული დელეგაციის წევრები პატივს არ სცემენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს.

„ევროკავშირი დაფუძნებულია სხვადასხვა ღირებულებაზე, ერთ-ერთია მშვიდობა. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ამ დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დაძაბულობა. არამხოლოდ ახლა, ადრეც, თუ გავიხსენებთ, რამდენიმე თვის წინ რა გაცხადებებს აკეთებდნენ. ჩვეულებრივი მავნებლები არიან, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს. მათ განცხადებებს, ქმედებებს, ყველაფერს აქვს ჩალის ფასი. ზურაბიშვილი და სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსები – რადიკალები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ და ისინი, ვინც გარედან აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ერთნი არიან, ერთი ფრთის ქვეშ არიან და ერთი პატრონი ჰყავთ. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა სრული სურათი და მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში გარკვეული ცვლილებები უკვე დაიწყება და ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თუ ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული?- კახა კალაძე

თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? რატომ ზეიმობდით რვა საათზე, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული? – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, კალაძე საარჩევნო პროცესში ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებულ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი სისულელეა“.

„სისულელეა ეს ყველაფერი. უამრავი ფაქტი იქნა მოყვანილი, როგორ ტარდება მოლდოვაში, პოლონეთში. იცით რა არის მთავარი? – მილიონ 120 ათასმა მოქალაქემ მკვლელებს, მწამებლებს და აგენტურას უთხრა არა. თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? რატომ ზეიმობდით რვა საათზე, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული? – თუ ეს პრობლემა იყო მთელი დღის განმავლობაში, რამდენი უცხოელი დამკვირვებელი იყო, ზოგადად, 25 ათას დამკვირვებელზეა საუბარი, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განცხადებები, რატომ კეთდებოდა მხოლოდ და მხოლოდ კარგი შეფასებები? რატომ დადო ეუთო/ოდირმა კარგი შუალედური დასკვნა? თქვენ იზეიმეთ ნაადრევად. ჯერ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენ გატყუებდნენ, რომ საოცარი პროცენტები ჰქონდათ. თუ დააკვირდებით თქვენი კვლევების სტატისტიკას 2012 წლიდან, ის აცდენილია რეალობას, ეგზიტპოლები აცდენილია რეალობას. გატყუებდნენ და დღესაც იმავეს აგრძელებენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ. თქვენც მიყვებით ამ ყველაფერს და იჯერებთ. მერწმუნეთ, სხვა რეალობა გვაქვს და მოგიწევთ ამ რეალობაზე შეგუება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არასერიოზულია კითხვები საარჩევნო უბნებზე კამერებთან დაკავშირებითაც.

„კამერები არ ვიცი, მაგრამ ყველაზე საშიში იყო ბეჭდებიანი მილიონერი ქალბატონი. ეს ქალბატონი ძალიან საშიში იყო, ბეჭდებით ასხივებდა და თვალებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევდა ამომრჩეველს, რომელიც შემოდიოდა არჩევანის გასაკეთებლად. არასერიოზულია ეს ყველაფერი!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ოპოზიციის სახელით მოქმედი ჯგუფები, მათი წამქეზებლები ითხოვენ, გამოიგონონ მექანიზმი, რომელიც „ოცნებას“ აიძულებს, ხელისუფლება აჩუქოს, მილიონზე მეტ მოქალაქეს კი „რუსის“ იარლიყს მიაკერებენ -მაკა ბოჭორიშვილი

ოპოზიციის სახელით მოქმედი ჯგუფები და მათი წამქეზებლები ითხოვენ, გამოიგონონ ისეთი „საერთაშორისო“ მექანიზმი, რომელიც აიძულებს „ქართულ ოცნებას“, აჩუქოს მათ ხელისუფლება, სანაცვლოდ მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს „რუსის“ იარლიყს მიაკერებენ, მერე სანიმუშოდ დასჯიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოჭორიშვილი წერს, „ამგვარად ამოაბრწყინებენ კავკასიის მთებიდან დემოკრატიის ახალ შუქურას“.

„ოპოზიციის სახელით მოქმედი ჯგუფები საქართველოში და მათი წამქეზებლები ითხოვენ, სასწრაფოდ გამოიგონონ ისეთი „საერთაშორისო“ მექანიზმი, რომელიც აიძულებს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ „ქართულ ოცნებას“, აჩუქოს მათ ხელისუფლება, ისე რომ ამისთვის არც ხალხის მხარდაჭერა იყოს საჭირო, არც საარჩევნო ადმინისტრაცია და არც არჩევნების სამართლიანობის მტკიცება. სანაცვლოდ ისეთ დემოკრატიას ჰპირდებიან სამყაროს, სადაც მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც გაბედა და 41 გააფერადა, მიაკერებენ „რუსის“ იარლიყს და მერე სანიმუშოდ დასჯიან. ასე და ამგვარად ამოაბრწყინებენ კავკასიის მთებიდან დემოკრატიის ახალ შუქურას. სადმე common sense თუ არის შემორჩენილი, ამ ხალხს შველა სჭირდება“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

არავის აქვს ისეთ საქმეებში ჩარევის უფლება, სადაც მათ არ ესაქმებათ – დავით მათიკაშვილი ევროპელი პარლამენტარების ვიზიტზე

26 ოქტომბრის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა – ამიტომ ჩვენს გარე თუ შიდა მეგობრებს, პარტნიორებს მოვუწოდებთ, შეეგუონ და მიიღონ ეს ფაქტი! – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა, ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტზე საუბრისას გააკეთა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის “მწარე მარცხის შემდეგ”, რეალობის გააზრების ნაცვლად, ოპოზიციას გამხნევება ხდება.

“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – როცა ეს პოლიტიკოსები იმაზე საუბრობენ, რომ ქვეყანას არ მტრობენ, მათი საქმე საპირისპიროს ამტკიცებს.

ჩვენი მეგობარი ქვეყნების პარლამენტის წევრები არჩევნების წინ, აშკარად ანტიქართული განცხადებებით, აქციებზე დგომით და სხვა მსგავსი ნაბიჯებით ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას არღვევდნენ, წინასაარჩევნო პროცესებში ერეოდნენ, ხოლო დღეს, როცა რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნებში მწარე მარცხი იწვნია, ეს ადამიანები კვლავ ჩამოვიდნენ, რადიკალურ ოპოზიციას მაშველ რგოლად შეეგებნენ და მათ გამხნევებას ცდილობდნენ.

დიპლომატია საკმაოდ რთული და ფაქიზი საქმეა. ვიდრე ისეთ პროცესში ჩაერევი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნისთვის მიუღებელია, ნებისმიერ მხარეს ბევრი დაფიქრება მართებს.

არავის აქვს ისეთ საქმეებში ჩარევის უფლება, სადაც მათ არ ესაქმებათ, რადგან ეს არის შიდა პოლიტიკური დუღილი და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის ჩარევა არის კონტრპროდუქტიული და ასევე კანონით აკრძალული”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოში გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან. ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.

მათთან შეხვედრაზე უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.