Home Blog Page 1798

კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება

დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

„თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო ცვლილებების განხორციელება არ შეიძლება” – ბექა დავითულიანი

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო ცვლილებების განხორციელება არ შეიძლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანს საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„საარჩევნო ბარიერის დაწევაზე როცა ვსაუბრობდით, მაშინ ოპოზიციამ პირში წყალი ჩაიგუბა. საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე თვე და ახლა ისევ წყალი ჩაიგუბონ და არჩევნებისთვის მოემზადონ. იყვნენ და გვლანძღონ, როგორც ამას შარშან აკეთებდნენ. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო ცვლილებების განხორციელება არ შეიძლება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანმა ოპოზიციის გაერთიანების საკითხზეც გააკეთა კომენტარი.

„მათ გაერთიანებას რაც შეეხება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, თუმცა ამ შემთხვევაში, გაერთიანდნენ ისინი, რომლებსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

“სტალინის გამოსახულების ხილვა საკათედრო ტაძარში მიუღებელია” – თინა ბოკუჩავა

ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის „ალტ ინფო“, თავისუფლად და დაუსჯელად ოპერირებენ, რადგან ისინი არიან ხელისუფლების სატელიტი და ატარებენ ხელისუფლების პოლიტიკას,- ამის შესახებ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე „ალტ ინფოს“ აქციას, სადაც იოსებ სტალინის გამოსახულებით სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატზე საღებავის შესხმას აპროტესტებენ.

ბოკუჩავას თქმით, სტალინის გამოსახულების ხილვა საკათედრო ტაძარში ნებისმიერი ფორმით და კონტექსტით მისთვის მიუღებელია.

„რუსული ოცნების ერთ-ერთი ძალადობრივი სატელიტია „ალტ ინფო“, არსებობს ასევე სხვა პრორუსული, ანტიდასავლური, ძალადობრივი სატელიტები, რომლებიც ძალადობენ, მათ შორის, ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე და საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც შეიძლება გააჩნდეთ განსხვავებული აზრი ან იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ბუნებრივია, ისინი ასე თავისუფლად და დაუსჯელად ოპერირებენ სწორედ იმიტომ, რომ ისინი არიან ხელისუფლების სატელიტი, წარმოადგენენ ხელისუფლების ინტერესს და ატარებენ ხელისუფლების პოლიტიკას. ამიტომ არის დაუსჯელობის სინდრომი ამ ძალების მიმართ. იოსებ სტალინი იყო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორი, რომელიც ებრძოდა მათ შორის, ქართულ ეკლესიას და ჩემთვის, როგორც ქრისტიანი მართლმადიდებლისთვის, მიუღებელია, რა თქმა უნდა, მისი გამოსახულების ხილვა საკათედრო ტაძარში ნებისმიერი ფორმით, კონტექსტით, დარწმუნებული ვარ ასეა საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის. მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, არსებობს საკითხები, რაზეც უნდა ვთანხმდებოდეთ როგორც საზოგადოება და დარწმუნებული ვარ, ვთანხმდებით კიდეც და ეს არის სწორედ ასეთი საკითხი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა პროტესტის ეს ფორმა, ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ფორმა მისთვისაც მიუღებელია“.

შსს ფერაძის სახლთან შეკრებილებს მოუწოდებს, “არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს”

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილ ალტ-ინფოს წევრებს მოუწოდებს, “კანონით დადგენილ ნორმებს” არ გასცდნენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ხატს საღებავი შეასხეს.

მანამდე, ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 7 იანვარს გავრცელდა – დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.

საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინვე დაიწყო – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

 

“ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა” – ვოლსკი

ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა, ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ივანიშვილის დიდ ფინანსურ რესურსს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

„დემოკრატიის ციტადელის, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერშიფში არ ყოფილა ადამიანი, ვის ოჯახსაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. გადახედეთ ევროკავშირის სტრუქტურებს – არიან ადამიანები მმართველობაში, მაგრამ არავინ არასდროს ფინანსურ რესურს ნეგატიურად არ იყენებს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილი. დიდ ფინანსურ რესურსზე თუ არის საუბარი, გაიხსენეთ „ლელო“, დავით კეზერაშვილი უშველებელი თანხებით, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან აქვს მოპარული. ბიძინა ივანიშვილის დიდი ფინანსური რესურსი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენება, მაგრამ ამ დიდი ფინანსური რესურსის უკან არის პოზიტიური პროექტების უშველებელი ჩამონათვალი, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა. ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როცა მის გამგებლობაში დიდი ფინანსური რესურსის არსებობა ნეგატიურად იყოს დახასიათებული.

ოლიგარქია, მაგალითად, დავით კეზერაშვილი, რომელიც არაფერს წარმოადგენს, არც არასდროს არაფერს წარმოადგენდა, გარდა უცბად გამდიდრებული თავდაცვის მინისტრისა, რომელმაც ჯარისკაცები დატოვა ბრძოლის ველზე. კეზერაშვილია რაღაც დიდი ფინანსური გაერთიანების ხელმძღვანელი, რომელიც მართავს ტელევიზიებს და პოლიტიკურ პარტიებს. აი, ეს ოლიგარქიაა. ოლიგარქია ნეგატიურ კრიტერიუმებთან არის დაკავშირებული, როცა გაქვს ფინანსური რესურსი და გარკვეული მოქმედებების ან პროცესების მობილიზებას ახდენ, რაც ქვეყანას აზიანებს, მაგრამ გაძლიერებს, როგორც პოლიტიკურ სტრუქტურას და პოლიტიკურ ძალას, ან მართავ ქვეყანას ისე, რომ შენი სიტყვაა მთავარი, საბოლოო და გადამწყვეტი. ასეთი რამ არ მომხდარა, იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პოლიტიკური რესურსი ჰქონდა, როცა ის პრემიერ-მინისტრი და პარტიის ხელმძღვანელი იყო. ახლაც ასე იქნება. ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა, ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილი – ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავანის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა” – ბექა ლილუაშვილი

ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა – ეს არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, ივანიშვილმა, შესაძლოა, გარკვეული უხერხულობები და დიპლომატიური დაძაბულობა შექმნას სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის დაკავებით.

„საზოგადოებას შეიძლება პოლიტიკურმა სპექტრმა სიტყვა „ოლიგარქის” ძალიან მრავალფეროვანი განსაზღვრება მიაწოდა, ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა. დეფინიცია ნიშნავს ჭარბი ნდობის კი არა, როგორც ივანიშვილი იტყოდა, არამედ ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას იმ ადამიანის ხელში, ვისაც აქვს პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ ეს, ყოველ შემთხვევაში რა თანამდებობაც ახლა უჭირავს, ვფიქრობ, არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის, თუმცა გარკვეულ უხერხულობებს შექმნის.

უხერხულობების შექმნის მთავარი საკითხი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება ფარად ივანიშვილის მხრიდან და ამ შესაძლო სცენარში დიპლომატიური დაძაბულობის შექმნა საქართველოს მხრიდან. გვახსოვს, ივანიშვილის ფულის დაცვაზე რა ხდებოდა, როგორ ჩამწკრივდნენ პრემიერით დაწყებული, პარლამენტის თავმჯდომარით დამთავრებული ყველა თანამდებობის პირი და როგორ იცავდნენ მის ფინანსურ ინტერესებს, როცა ის საერთოდ საჯარო ფიგურას არ წარმოადგენდა, წარმოიდგინეთ, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, როგორ შეიძლება მან გამოიყენოს სახელმწიფო ინსტიტუტები და გადაიყვანოს ეს საკითხი დიპლომატიურ უხერხულობებში.

სხვათა შორის საინტერესოა, დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობის ახლა მოქმედების შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა ივანიშვილი საჯაროდ დაბრუნებულიყო?”- განაცხადა ლილუაშვილმა.

“ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ფლობს საქართველოს მთავრობის 100%-იან წილს” – პაატა მანჯგალაძე

პარტიის პოლიტსაბჭოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ერთპიროვნულად წარდგენის უფლებით ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის საკონტროლო პაკეტი 100%-ით მიიტაცა და მიისაკუთრა, რაც მის არაფორმალურ ბუნებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ პარლამენტში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამედ დაბრუნებით „კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის არაფორმალური მმართველია, ხოლო პარტია „ქართულ ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებით წილი 100%-ით გადაიფორმა“.

„პოლიტიკაში შემოსვლით ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ის არის არალეგიტიმური, არაუფლებამოსილი ლიდერი, ვისთვისაც ხალხს ძალაუფლება არ მიუნიჭებია. ის კულუარებში იქნებოდა თუ კულუარებს გარეთ მნიშვნელობა არა აქვს – რჩება ოლიგარქად. ოლიგარქია დაკავშირებული არ არის კულუარებში ყოფნა-არყოფნასთან. ოლიგარქია დაკავშირებულია არალეგიტიმური ძალაუფლების ფლობასთან დიდი ფინანსური რესურსის გამოყენებით.

ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ფლობს საქართველოს მთავრობის 100%-იან წილს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“საქართველოდან შედის აკრძალული საქონელი რუსეთის ტერიტორიაზე” – რომან გოცირიძე

საქართველოდან შედის აკრძალული საქონელი რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის აქსიომა და ამას სტატისტიკაც ადასტურებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, იზრდება საქართველოს ექსპორტი შუა აზიის ქვეყნებში, საიდანაც უფრო ადვილად ხდება საქონლის შეღწევა რუსეთში.

რომან გოცირიძეს კითხვა დაუსვეს „ფაქტ-მეტრის“ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა, სიმართლეა.

„რაკეტებს, რომლებიც უკრაინაში ეცემა, როცა გახსნიან, აღმოაჩენენ დასავლური წარმოების ტექნოლოგიებს – ამერიკულს, ევროპულს, იაპონურს. რაკეტებშიც კი შესულია აკრძალული და სანქცირებული საქონელი. ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ჩვენი მეზობელი თურქეთი ღიად აცხადებს, რომ ეწევა ე.წ. პარალელურ იმპორტს. ანუ, აკრძალული საქონლის შეტანას რუსეთში. ამ საქონლის შეტანის ძირითადი მარშრუტია საქართველო ხმელეთით და ნოვოროსისკი, შავი ზღვა გემებით. საქართველოდან შედის აკრძალული საქონელი რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის აქსიომა და ამას სტატისტიკაც ადასტურებს. არნახულად იზრდება საქართველოს ექსპორტი შუა აზიის ქვეყნებში, როგორებიცაა ყაზახეთი, ყირგიზეთი და ა.შ. საიდანაც უფრო ადვილად ხდება საქონლის შეღწევა რუსეთში. მართლა ყაზახეთში მიდის ასეულობით მილიონის ავტომობილები? ყაზახეთიდან რუსეთში გადადის. ანუ, საქართველო გამოიყენება რუსეთისთვის დასავლური საქონლის მისაწოდებლად. თურქეთი ოფიციალურად მოიხსენიება, როგორც რუსეთის მომმარაგებელი ჰაბი. ამიტომ ერთია ფორმალურად თქმა, რომელი სანქცირებული საქონელი გამოავლინა ხელისუფლებამ, მაგრამ თუ ხელისუფლება ამაზე არ მუშაობს, ვერც სანქცირებულ საქონელს დაიჭერენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეს და ხვალ სამების საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება

ორი დღის განმავლობაში, სამების საკათედრო ტაძარში მხოლოდ მედიასაშუალებების ის წარმომადგენლები დაიშვებიან, რომლებსაც შესაბამისი აკრედიტაცია გააჩნიათ. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.

მათივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად.

„გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ, სამების ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.

“ლიბერალური დემოკრატიის ზეიმია ევროპაში! საფრანგეთს “გეი” პრემიერ-მინისტრი ჰყავს!” – ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით საფრანგეთში ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის საკითხს ეხმაურება:

“ლიბერალური დემოკრატიის ზეიმია ევროპაში!

საფრანგეთს “გეი” პრემიერ-მინისტრი ჰყავს! Vive Le France!

ეს ისტორიული მოვლენა მადამ პღეზიდენტს უნდა მივულოცოთ!  აღსრულდა საუკუნოვანი ოცნება ფრანგი რაინდების, მუშკეტერების, ნაპოლეონის და მისი მარშლების.

შინ ევროპისკენ!” – წერს გოგა ხაინდრავა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო

Medical supplies, pills and capsules

ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები, შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას, უფასოდ იღებენ.

„13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს.

ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, ჯანდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულება უკვე გააფორმა მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“. უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით 8 დასახელების მედიკამენტს, მიიღებენ.

ასევე, გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 400 000- მდე ბენეფიციარს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.