Home Blog Page 1794

საპატრიარქოს მოწოდებას უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა ვინმეს უნდა ვაპატიოთ -ირმა ინაშვილი

საპატრიარქოს მოწოდებას უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა ვინმეს უნდა ვაპატიოთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საპატრიარქოს პოზიცია სრულიად მისაღებია.

„ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი, ეკლესია თუ გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს. ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“, – წერს ირმა ინაშვილი.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.

რაც არ უნდა სპეკულაციები და სიბინძურე მოვისმინოთ, საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდება -კახა კალაძე

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ყველა პარტიას საარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმოების შესაძლებლობა ექნება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას ითხოვენ.

„ჩვეულებრივი სპეკულაციებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვლენ და არჩევნებიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება. ეს პირველ რიგში, ჩვენს ინტერესში შედის, რომ არავის მიეცეს იმის შესაძლებლობა, რასაც კადრულობდნენ 2020 წელს – გახსოვთ ყველას, როგორ გააყალბა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) პარალელური დათვლის შედეგები იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია და გადატრიალება მოეწყოთ. ვინ აფინანსებდა და საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, საზოგადოებამ იცის. რაც არ უნდა სპეკულაციები, ზოგიერთი ე.წ. ევროპარლამენტის მხრიდან სიბინძურე და მსგავსი განცხადებები მოვისმინოთ, ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე. არჩევნები ჩატარდება უმაღლეს დონეზე, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია აწარმოოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – როდის აპირებს ხელისუფლება ქვეყანაში გრძელვადიანი, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას, თბილისის მერი პასუხობს, რომ დამკვირვებლები ოქტომბრამდე ჩამოვლენ, როგორც ამას საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„როცა ამის დრო და საჭიროება დადგება, გაცხადებული იქნება ეს ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე ყველა განვითარებულ ქვეყანაში. დღეს გინდათ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ? არის ამის აუცილებლობა?“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“უკრაინის სამხედრო ძალისხმევა ჩიხშია შესული”- The Wall Street Journal

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის სამხედრო ძალისხმევა ჩიხშია შესული: კონტრშეტევის დროს ელიტური სამხედრო ქვედანაყოფები განადგურდნენ, რაც კიევისათვის გაკვეთილი უნდა იყოს“ (ავტორები – ჯეიმს მარსონი და ოქსანა გრიცენკო). ვრცელ პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის არმიის მდგომარეობა კონტრშეტევის დროს, მისი წარუმატებლობის მიზეზები და დღევანდელი სიტუაცია ფრონტის ხაზზე.

სტატიაში გადმოცემულია ერთ-ერთი ელიტური ქვედანაყოფის (პირობითი სახელით – „ხარჩენკოს ასეულის“) ტრაგიკული ბედი, რომელიც თითქმის მთლიანად ისე განადგურდა, რომ ნორმალურად არც ჩაბმულა ბრძოლაში. ჟურნალისტები ესაუბრებიან ქვედანაყოფის რამდენიმე გადარჩენილ მებრძოლს, რომლებიც 2023 წლის აგვისტოს დღეების ჯოჯოხეთურ დაბომბვებს იხსენებენ.

„ის ადამიანები, რომლებიც გასული წლის ზაფხულში დაწყებულ უკრაინის არმიის კონტრშეტევას გეგმავდნენ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სამხედრო ოპერაცია კიევის ტრიუმფით დასრულდებოდა. მათი გათვლებით, უკრაინის არმიის ელიტურ ქვედანაყოფებს რუსეთის ჯარისათვის ისეთი ძლევამოსილი ფინალური დარტყმები უნდა მიეყენებინათ, რომ მათ წელში გატეხდნენ და აზოვის ზღვის ნაპირებზე სწრაფად გავიდოდნენ. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

სამწუხაროდ, კონტრშეტევა ისე არასასურველი ტემპებით წარიმართა, რომ უკრაინის სარდლობა იძულებული გახდა ჯერ ოპერაციის მიზნების კორექტირება მოეხდინა, შემდეგ კი მთლიანად შეეცვალა. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის არმია კარგად მომზადებული აღმოჩნდა: უკრაინის სამხრეთის ველ-მინდვრების თითოეული მეტრი დანაღმული იყო, ფრონტი ხაზზე უამრავი საფორტიფიკაციო ნაგებობა იქნა მომზადებული რკინა-ბეტონის დოტებით, ღრმა ტრანშეებით, სანგრებითა და საცეცხლე წერტილებით, ციდან კი დრონებისა და ავიაციის მიერ ბომბები განუწყვეტლივ ცვიოდა. უკრაინის არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა კონტრშეტევის ჯერ კიდევ პირველი ტალღის დროს. უკრაინელი ქვეითები რუსული არტილერიისა და ავიაციის სინქრონული მოქმედების შედეგად ყოველდღიურად ასობით და ათასობით იხოცებოდნენ. რასაკვირველია, უკრაინელები რუს ჯარისკაცებსაც ანადგურებდნენ, მაგრამ დანაკარგების პროპორცია მაინც კიევის საზიანოდ იყო.

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის კონტრშეტევა ისე დასრულდა, რომ ნორმალურად არც დაწყებულა. წინასწარი არაოფიციალური დასკვნები უკვე გაკეთებულია: ექსპერტების აზრით, უკრაინის არმიის ძირითადი პრობლემა ისაა, რომ რუსულ ჯართან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება. უკრაინელები არასაკმარისად არიან შეიარაღებულები რუსეთის თავდაცვითი ზღუდეების გასარღვევად.

დასავლელმა მოკავშირეებმა დახმარება კი გაუწიეს, მაგრამ კიევს არ მისცეს თანამედროვე ავიაგამანადგურებლები, რომლებიც შეტევის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
„კარგად მესმის დასავლეთის მოტივები, რომ ჩვენ ყველაფერს არ მოგვცემდნენ, რაც მათ აქვთ… მაგრამ რას იზამენ იმ შემთხვევაში, როცა თვითონ მოუწევთ ბრძოლა?“, – წყენით ამბობს „უოლ სთრით ჯორნელის“ ჟურნალისტებთან საიბარსო ოსტაპ ხარჩენკო, 45 წლის ოფიცერი, მეტსახელად „ხოროლი“ (თავისი წინაპრების მშობლიური ქალაქის სახელის მიხედვით). იგი ადრე უკრაინის საჰაერო-სადესანტო ჯარებში მსახურობდა, რომლებიც 1960-იანი და 1970-იანი წლების ტექნიკით იყო შეიარაღებული. ომის პირველივე თვეების შემდეგ საჰაერო-სადესანტო ნაწილები ფაქტობრივად აღარ არსებობდა.

„დღეს არც მეორე მსოფლიო ომია და არც გენერალი გუდერიანი არ გვყავს“, – ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში უკრაინის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც მხედველობაში ჰყავდა გერმანელი გენერალი ჰაინც გუდერიანი, „ბლიცკრიგების“ (ელვისებური ომებისა და საომარი ოპერაციების) პიონერი. – „სამწუხაროდ, ჩვენ ახლა უფრო შორეულ წარსულში ვიმყოფებით, პირველი მსოფლიო ომისდროინდელ პერიოდში“.

დღემდე გაუგებარია, შეძლებენ თუ არა უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები ალტერნატიული გადაწყვეტილების მოძებნას. უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები პოლიტიკოსებისაგან ითხოვენ, რომ მათ დასავლელ მოკავშირეებს მეტი თანამედროვე, მეტი ახალი იარაღი მოსთხოვონ.

ცხადია, პრეზიდენტი, მინისტრები, დეპუტატები ცდილობენ სამხედროების სურვილის შესრულებას, მაგრამ ამერიკა და ევროპა თავს იკავებენ გარკვეული გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოსაზრებებით, პლუს ისინი თავიანთ შიდაპოლიტიკურ პრობლემებს აწყდებიან. ამასობაში კი უკრაინის არმია კარგავს თავის ყველაზე გამოცდილ და მოტივირებულ, ყველაზე ბრძოლისუნარიან მებრძოლებს, რომელთა გმირობა ფაქტობრივად უშედეგოა, მათი სამხედრო ძალისხმევა ჩიხშია შესული.

წყარო:

“დანიის ელჩის განცხადება უპასუხისმგებლო და თავხედურია” – ირაკლი ზარქუა

დანიის ელჩის განცხადება უპასუხისმგებლო და თავხედურია, მგონი, ავიწყდება უფლებამოსილებები და ვალდებულებები – ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს – პოლარიზაციის გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ დანიის ელჩის ოპ-ედს გამოეხმაურა.

ზარქუა ელჩს ურჩევს ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს და მომავალში უფრო ფრთხილი იყოს.

„როგორ გელანდებათ ყველაფერში სანქციები და როგორ გინდათ, მაგრამ ვერ ეღირსებით. ქალბატონი ელჩის განცხადებას რაც შეეხება, უპასუხისმგებლოს, მე ვიტყოდი, სიცრუეს, დეზინფორმაციას, თავხედურ განცხადებას დავარქმევდი, პირდაპირ უნდა ვთქვათ. მგონი, ავიწყდება ქალბატონ ელჩს უფლებამოსილებები და ვალდებულებები. თქვენ, ქალბატონო ელჩო, აქ დანიშნულო ხართ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს დაეხმაროთ ევროპულ ინტეგრაციაში. ჩვენ როცა მთელი რიგი წარმატებები გვაქვს და შევახსენებ ქალბატონ ელჩს, რომ კანონის უზენაესობით ჩვენ ვუსწრებთ კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყანას და ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს, ბიუჯეტის ღიაობით და გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, თქვენს სახელმწიფოსაც ვუსწრებთ, ეს მათ შორის, თქვენმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, კორუფციის აღქმის ინდექსით 11 სახელმწიფოს ვუსწრებთ ევროკავშირის და ესაა მოცემულობა, რაც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა შექმნა, მოიტანა. ასე რომ, თქვენს ამ განცხადებებს ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს – პოლარიზაციის უფრო გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა, რის საპირისპიროდაც ვმუშაობთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი. შემდეგში მოგიწოდებდით უფრო ფრთხილი იყოთ. არ ვიცი, ეს შეცდომით თუ გამიზნულად ქენით, ორივე შემთხვევაში დანაშაულია და მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიბარებს ამ ელჩს და მოსთხოვს ახსნა განმარტებებს. მე კი ჩემი მხრიდან, ვურჩევდი ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას ამ განცხადების გამო”, – განაცხადა ზარქუამ.

მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში ან ამას ჩვენ  გავაკეთებთ -საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

„წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:

საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება  დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.

ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში ან ამას ჩვენ  გავაკეთებთ“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

თბილისის აეროპორტში ნისლის გამო რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა

ნისლის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავმა დაფრენა ვერ განახორციელა.

ამის შესახებ საიტი Flighradar 24 იუწყება.

კერძოდ, ავიაკომპანია Georgian Airways-ის მოსკოვი-თბილისის რეისი თბილისი აეროპორტში ვერ დაფრინდა და იძულებული იყო ქუთაისში დამჯდარიყო.

სომხური ავიაკომპანიის, Air Dilijans-ის რეისი ერევანში დაბრუნდა. ასევე თბილისში ვერ დაფრინდა აზერბაიჯანული ავიაკომპანიის, AZAL-ის თვითმფრინავი და ის ბაქოში დაბრუნდა, ხოლო Qeshm Air-ის რეისი, რომელიც თეირანიდან თბილისში მიფრინავდა, იძულებული იყო ისევ ირანის დედაქალაქში დაბრუნებულიყო. პრობლემები სხვა ავიარეისებსაც შეექმნა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მაინც ველით ლარის სეზონურ გაუფასურებას?

მიგრაციის ეფექტის ეტაპობრივი შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებულია. ამასთან, სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციაში, როგორც ჩანს, იკვეთება სეზონური გაუფასურების მოლოდინები. კერძოდ, ბოლო პერიოდში, თვე-თვეზე გაანგარიშებით, ვალუტის დეპოზიტების ზრდა უფრო მეტია, საკრედიტო აქტივობის კუთხით კი, ლარი პრევალირებს. ისტორიულად, მსგავსი განვითარება ხშირად ლარის გაუფასურებას იწვევდა, თუმცა სადღეისოდ ეს ტენდენცია არ ჩანს. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა, რომ სექტემბერ-ოქტომბრისგან განსხვავებით, როდესაც სებ-მა 155 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ნოემბერში მართალია ინტერვენციები კვლავ ამავე მიმართულებით განხორციელდა, თუმცა ოდენობა უკვე საკმაოდ ზომიერი, მხოლოდ 15 მილიონი აშშ დოლარი იყო. ლარის სასარგებლოდ, საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გრძელვადიანი განაკვეთების გარკვეული შემცირებაც მოქმედებს. კერძოდ, 2023 წლის მე-4 კვარტალში, ლარში დენომინირებულ მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი აღარ შემცირებულა.

ლარის სეზონური მერყეობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მართალია სავალუტო შემოდინებების კუთხით სეზონურობის არგუმენტები არსებობს, თუმცა თუ ბაზრის მონაწილეების უმეტესობაც ასე ფიქრობს, სინამდვილეში გაცვლითი კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება.

 იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

R

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს” – ბექა დავითულიანი

როდესაც ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია, რეაქცია რომ ადეკვატური და სამართლიანი იყოს, მსგავს ფაქტებზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის გამკაცრება საჭიროა იმისთვის, რომ მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებსა და ქუჩის პროტესტს.

„ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა როცა ხდება, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია, რეაქცია რომ ადეკვატური და სამართლიანი იყოს, მსგავსს ფაქტებზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს. კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებს და ქუჩის პროტესტს. ამას სჭირდება, რომ კანონი იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლობა – ზომიერი“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.

“სტალინი და მატრონა, ძაღლების და ადამიანების დაპირისპირების შესახებ მითები ხელისუფლების მიერ წახალისებული მგონია’

რელიგიური შენობა ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც რეალურად არავის სჭირდება, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ეჭვობს, რომ “გუშინდელი ოპერაცია” მთლიანად ხელისუფლების ინიცირებული და წახალისებულია.

„ეს ცვლილებები პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, რომელიც ყველას ესმის, რომ არავის სჭირდება. ზოგადად, მე მაქვს ეჭვი, რომ მთელი ეს გუშინდელი ოპერაცია: სტალინი და მატრონა, ძაღლების და ადამიანების დაპირისპირების შესახებ მითები, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ვისმენდით, თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მიერ ინიცირებული და წახალისებული მგონია იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღება გადავიდეს ასეთ უაზრობებზე, რასაც ორი დღეა ვისმენთ,”- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.

მმართველი გუნდის ინიციატივით, რელიგიური ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.

თითქოს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ, მაგრამ მთლიანობაში რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა

რუსეთის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თვალსაზრისით ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„თითქოს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ და გვანადგურებენ, მაგრამ მთლიანობაში ეკონომიკის მოცულობით ევროპაში პირველები გავხდით. ჩვენ გავუსწარით გერმანიას და მსოფლიოში მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, იაპონია, რუსეთი – ევროპაში ნომერ პირველი ვართ”, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მხრივ, მთელ ევროპას უსწრებს, მაგრამ ჯერ კიდევ არის სამუშაო.

„ერთ სულ მოსახლეზე ჯერ კიდევ მეტი უნდა შევეცადოთ, ამიტომ ჯერ კიდევ არის რაღაც, რაზედაც უნდა ვიმუშაოთ“, – აღნიშნა პუტინმა.

გაძვირდება თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება – სტომატოლოგთა ასოციაციის განცხადება

სტომატოლოგთა ასოციაციაში განმარტავენ, გამოიწვევს თუ არა კლინიკების მიმართ შემოღებული ახალი რეგულაციები სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასების ზრდას.

როგორც ასოციაციაში განაცხადეს, განახლებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლითაც სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება, სტომატოლოგიური მომსახურების ფასებზე არ აისახება.

მათივე ინფორმაციით, როგორც C ჰეპატიტის სკრინინგი, ისე B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება. ამასთანავე, როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, ტექნიკური რეგლამენტი არ ეხება ინფრასტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნებს, ტექნიკურ განახლებებს და შიდა მენეჯმენტის საკითხებს მოიცავს.

„რაც შეეხება ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებისას სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფასების გაზრდის საკითხს, მინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ვერ მოხდება. როგორც C ჰეპატიტის სკრინინგი, ისე B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან; ამასთანავე, ტექნიკური რეგლამენტი არ ეხება ინფრასტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნებს, ასევე, ტექნიკურ განახლებებს და შესაბამისად, შიდა მენეჯმენტის საკითხებს მოიცავს“,- აღნიშნავენ სტომატოლოგთა ასოციაციაში.

ინფორმაციისთვის, ახალი ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, სტომატოლოგიური კლინიკების პერსონალისთვის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, პერსონალს 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზეც – თანამშრომლებს მოეთხოვებათ გრიპის და წითელა – წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაციაც.

ამასთან, ყველა კლინიკა ვალდებულია, ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი.

„მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა ინსტრუმენტების სასტერილიზაციო სივრცეში ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი კასეტების ქონა:

კლინიკას უნდა გააჩნდეს თავდახურული კონტეინერები, რითაც ხორციელდება გამოყენებული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სასტერილიზაციოში ტრანსპორტირება და ყოველი გამოყენების შემდეგ ხდება მათი დეკონტამინაცია. ყველა სამუშაო ოთახში უნდა იყოს მარკირებული კონტეინერ(ებ)ი.

ხაზგასასმელია, რომ ტექნიკური რეგლამენტით წინასასტერილიზაციო დამუშავების ეტაპები შედგება შემდეგნაირად:

წინასასტერილიზაციო დამუშავება უნდა მოიცავდეს შემდეგ თანმიმდევრულ ეტაპებს: დახარისხება, გაწმენდა, დალბობა, დალბობის შემდგომი რეცხვა, დეზინფექცია, დეზინფექციის შემდგომი რეცხვა და გაშრობა.ანუ, ეს ჩანაწერი ხაზს უსვამს, რომ წინასასტერილიზაციო დამუშავება უნდა იყოს ორ ეტაპიანი.ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია ინსტრუმენტების შენახვის შემდეგი პირობები:

ინსტრუმენტები ინახება განსაზღვრულ ტემპერატურასა (არაუმეტეს 240C-ისა) და ტენიანობაზე (არაუმეტეს 70%-ისა)

ზემოაღნიშნულისთვის კლინიკას დასჭირდება შესაბამისი საზომი საშუალებები (ტემპერატურის + ტენიანობის)

სიახლე, რომელსაც ვხვდებით ტექნიკურ რეგლამენტში, არის ინსტრუმენტების სტერილიზაციის ბიოლოგიური კონტროლის ჩატარების ვადები:

სტერილიზაციაზე ბაქტერიოლოგიური კონტროლი უნდა განხორციელდეს არანაკლებ 6 თვეში ერთხელ და ეპიდჩვენებით.

დაზუსტდა კლინიკის პერსონალისთვის ნარჩენების მართვის საკითხებზე ჩასატარებელი ტრენინგების ჯერადობა (ვადები):

სამედიცინო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალს რეგულარულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) უნდა ჩაუტარდეს ტრენინგები, სამედიცინო ნარჩენების მართვისა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირების, პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ ცოდნის განახლების მიზნით.

დაზუსტდა იმ პროტოკოლების ჩამონათვალი, რომელიც ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს:

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პროცედურების პროტოკოლები (მ/შ, ქაღალდის მატარებელზე) შემდეგი საკითხების თაობაზე:

  1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება,
  2. ხელის ჰიგიენა,
  3. კონტამინირებული საგნების დეზინფექცია/სტერილიზაცია,
  4. ნარჩენების მართვა,
  5. დაწესებულების/ერთეულის დალაგება-დასუფთავება,
  6. მაღალი რისკის ექსპოზიციის მართვა

განახლებული ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის − ალერგიული რეაქციებისა) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი:

კორტიკოსტეროიდული ჰორმონები (ადრენალინი, პრედნიზოლონი და სხვა), ანტიჰისტამინური პრეპარატები (სუპრასტინი, დიმედროლი და სხვა), საგულე საშუალებები (კოფეინი, ნიტროგლიცერინი და სხვა), ნიფედიპინი, გლუკოზის ხსნარი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ნიშადურის სპირტი, ბამბა, სპირტი, ლახტი, არტერიული წნევის საზომი აპარატი

ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც – სტომატოლოგიური დაწესებულებაში დასაქმებული ყველა ექიმი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, და ყოველწლიურად აგროვებდეს ქულებს. აღნიშნული მოთხოვნა ძალაში შედის 2025 წლიდან:

დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში.

საზოგადოებაში აქტიური განხილვის საკითხი გახდა სავალდებულო იმუნიზაციის კომპონენტი. ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სავალდებულოდ განსაზღვრულია B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ექიმს/ასისტენტს/ექთანს, ასევე სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებაზე/შეკრებაზე/გატანაზე დასაქმებულ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სამედიცინო პერსონალს, ასევე, მოეთხოვება გრიპის (სეზონურად)წითელას და წითურას საწინააღმდეგო ვაქცინები სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის შესახებ მინისტრის 2019 წლის ბრძანების მიხედვით.

აქვე, დაზუსტდა C ჰეპატიტის სკრინინგის საკითხი:

6 თვეში ერთხელ – დაწესებულებაში/ერთეულში დასაქმებულ პერსონალს უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – აცხადებენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

“კლასიკური პოლიტიკური ფარისევლობის ნიმუშია” – იაგო ხვიჩია საკანონმდებლო ინიციატივაზე

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ეს ინიციატივა არის კლასიკური პოლიტიკური ფარისევლობის ნიმუში. გეგონება, ძალიან მორწმუნეები არიან, ძალიან ღელავენ ხატი არ წაიბილწოს და ვინმეს შემთხვევით, ჯოჯოხეთში არ წაუცდეს ფეხი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.