Home Blog Page 1794

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

იწყება სამოცდამერვე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი და CD დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი და CD დისკით.

 

საკონტაქტო ტელეფონი: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს“, რათა „დაფარონ თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსი“.

ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„ეს უკიდურესად ამაზრზენს ხდის სიტუაციას, რომ ეთნიკური ებრაელი იფარავს ნაციზმის ჰეროიზაციას და მათ, ვინც ოდესღაც უკრაინაში ჰოლოკოსტს მეთაურობდა, ეს კი, მილიონ-ნახევარი ადამიანის განადგურებაა. და ეს ყველაზე კარგად ესმით ისრაელის რიგით მოქალაქეებს. ნახეთ, რას ამბობენ ინტერნეტში“, – განაცხადა პუტინმა.

თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რას ამბობენ ისრაელის მოქალაქეები ინტერნეტში.

ცნობისთვის, ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის „ებრაელ მეგობრებზე“ დაყრდნობით თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ებრაელი კი არა, ებრაელი ხალხის სირცხვილია“.

მოგვიანებით პუტინის სიტყვებს უკრაინის მთავარი რაბინი მოშე რუვენ აზმანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის და უკრაინის მთელი ებრაული საზოგადოება ამაყობს და მხარს უჭერს ზელენსკის.

,,სააკაშვილის მხრიდან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მაქვს მოსმენილი”- თალაკვაძე

არასერიოზული იქნება, რომ პატიმრობაში და საავადმყოფოში მყოფი ადამიანის განცხადებებზე სერიოზული პოლიტიკური მსჯელობა გავმართოთ. მით უმეტეს, როდესაც სააკაშვილი ხან ამბობს, რომ პოლიტიკიდან გავიდა, ხან ბრუნდება, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტის შეფასებისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გვაქვს მოსმენილი.

„ამიტომ არასერიოზული იქნება, რომ ახლა საავადმყოფოში მყოფი ადამიანის რაღაც პოლიტიკურ განცხადებებზე მსჯელობა გავმართოთ. რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, სადავოა, სააკაშვილის გზა ჯობია თუ ბოკერიასი. მე თუ მკითხავთ, საქართველოსთვის ის გზა ჯობია, რომელსაც ახლა მიჰყვება ქვეყანა. ესაა გზა, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, სადაც სახელმწიფო, პირველ რიგში, თავის მოქალაქეს ანიჭებს პრიორიტეტს, სადაც საქართველოს ხელისუფლება იცავს ეროვნულ ინტერესებს და სადაც საქართველოს აქვს რეალური წარმატებები ევროინტეგრაციის მიმართულებით. მეორეა, რომ დღეს ბევრი საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელებას ცდილობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დრო ყველაფერს წერტილს დაუსვამს და, საბოლოო ჯამში, შეფასებები ობიექტური იქნება და ის ასახავს სიმართლეს. ეს სიმპტომი, რაც შიდაპარტიული რღვევის ნაწილია, უფრო სერიოზულ კომენტარს, არ მგონია, იმსახურებდეს. უკვე არასერიოზულად მიმაჩნია, რომ თანმიმდევრული მსჯელობა და ანალიზი გავმართოთ იმ ადამიანზე, ვინც ბევრი ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. ის არის პატიმრობაში, ისაა პაციენტი, მკურნალობს, ამიტომ სჯობს, ექიმებს საშუალება მივცეთ, მის ჯანმრთელობაზე იზრუნოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა. მისი თქმით, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება. ამას გამოეხმაურა თავად „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეც. გიგა ბოკერიას თქმით, როცა შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

,,ამ მდგომარეობამდე ბელადომანიამ მიიყვანა”- ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც „ვინც ბოკერიას გზას დაადგება, განულდება და დაამთავრებს, როგორც გიგა ბოკერია“.

„გზამ შავრაზმული პოპულიზმის, პოპულიზმში „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან შეჯიბრის, ეთნორელიგიურში, ჯვრების ქნევასა თუ სოციალიზმში – ამ გზამ, უპრინციპობამ და ბელადომანიამ, რომ ბელადი ყოველთვის მართალი უნდა იყოს – ამან მიიყვანა „ნაციონალური მოძრაობა ამ კრიზისამდე და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობამდე, სადაც ის არის“, – აცხადებს ბოკერია.

ბოკერიას თქმით, ერთ წამს იმის ძახილი, რომ „უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, საქართველოში აღარ ჩავერევი, მეორე წამს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი და მესამე წამს ისევ ბრძოლაზე საუბარი,“ მორალური კატასტროფაა.

დავით სერგეენკო პარლამენტში რჩება

პარლამენტში დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატების, ქეთევან დუმბაძისა და დავით სერგეენკოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყარეს კენჭი. ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილება შეუწყდა, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა კი ვერ მოხერხდა. კენჭისყრისას საკითხს მხარი ორი დეპუტატმა დაუჭირა 12 კი წინააღმდეგი იყო. ორივე დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების შესახებ დადგენილების პროექტები დღეს პლენარულ სხდომაზე ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

სადახლოსა და ვალეში ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

სადახლოსა და ვალეში ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ: პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე, ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა შექმნა

ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა.

ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აქტივიზმით წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ აინტერესებთ და აწუხებთ საქართველოს პერსპექტივა, ევროპული მომავალი, საქართველოს განვითარება, ჩაერთონ სამოქალაქო აქტივიზმში და წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში; საკუთარი აქტივობებით ხელი შეუწყონ საქართველოს ევროინტეგრაციას. ეს არის პლატფორმა არა მხოლოდ კონკრეტული დარგის პროფესიონალებისა და გამოჩენილი თუ წარმატებული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ეძებს პლატფორმას და შესაძლებლობას საკუთარი აქტივიზმისთვის, რომ ეს საზოგადოებრივი ენერგია გარდაიქმნას ქმედებებად, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას და წინ წაგვწევს ამ პროცესში. ჩვენი პირველი აქტივობა შემდეგია: მხარი დავუჭიროთ და ერთად ვიმოქმედოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. რამდენიმე თვეა დარჩენილი სტატუსის მიღებამდე და ამ დროს, როდესაც საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარებაა, საზოგადოების პოლარიზება და ა.შ., გვინდა, ჩვენი აქტივობებით საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება მოვახდინოთ იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ სტატუსი. კონსოლიდირებული საზოგადოებრივი აზრი, მოქალაქეების ხმა ყოველგვარი ბარიერების გარეშე პირდაპირ მივაწვდინოთ ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენი ანუ ქართველი ხალხის ხმა არ ჟღერდება ან არ ისმის ისე ხშირად ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში ჩვენი მთავრობის მხრიდან ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ ისმოდეს, შეგვიძლია, თავად მივიტანოთ ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებამდე და უპირველესად, ევროკავშირამდე. ვფიქრობთ, რომ სტატუსის მიღება არის საკითხი, რომელიც შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დგას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ევროპას საზოგადოების კონსოლიდირებას ვუჩვენებთ ამ გადაწყვეტილების გარშემო, ეს მათ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. კონკრეტული ქმედებების შესახებ ღონისძიებაზე ვისაუბრებთ, სადაც ჩვენს ხედვებს წარვადგენთ, თუმცა ეს იქნება ისეთი აქტივობები, რაც ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც სვამს კითხვას, რა შემიძლია მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რომ გავაკეთო, რომ ჩემი ხმა ევროპას მივაწვდინო, საშუალებას მისცემს ამ ტიპის აქტივობებში ჩაერთოს სხვადასხვა ფორმით. გვინდა, რომ დარჩენილ პერიოდში შევქმნათ ისეთი შესაძლებლობები, სადაც ყველა ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არიან.

„ეს არის სამოქალაქო პლატფორმა და გვინდა, რომ ასე პოზიციონირებდეს, თუმცა ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ პოლიტიკოსს შეგვიძლია ჩვენი ხედვები გავუზიაროთ. იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, მივესალმებით, თუ ამ განწყობებს გაიზიარებენ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ საჯარო პოლიტიკურ დღის წესრიგზე მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება იმას, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ „საქართველოს ევროპული ორბიტა“ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, ლომჯარია ამბობს, რომ ეს არ იგეგმება და განმარტავს, რომ თავადაც სამომავლო გეგმები აღნიშნულ პლატფორმასთან დაკავშირებით აქვს.

„საქართველოს ევროპული ორბიტა“ სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმაა და არ ვაპირებთ ის პოლიტიკურ მოძრაობად ან გაერთიანებად გადაიქცეს. მე გეგმები მაქვს ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. წინ მნიშვნელოვანი პერიოდი გველოდება და ვფიქრობ, რომ სწორედ სამოქალაქო ტიპის გაერთიანებიდან პოზიციონირება არის დღეს მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პრეზიდენტი რადიკალებთან ერთად დეპოშია – ლადო მგალობლიშვილი

პრეზიდენტი რადიკალებთან ერთად დეპოშია, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლადო მგალობლიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ვერანაირად ვერ დაეხმარება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას.

„სახელმწიფო მმართველობაში გადაწყვეტილება მიიღება ორ პრიზმაში – კანონიერებითა და მიზანშეწონილობით. როდესაც სალომე ზურაბიშვილი, თავის მიერ მოწყობილ ინოვაციურ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ გასულ წელს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება არ იყო შეცდომა, ასევე ევროპარლამენტში გამოსვლისას დასძენს, რომ 12 პუნქტი სრულდება ნაწილობრივ, არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს ის გაემგზავროს საზღვარგარეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრის მიზნით. ვინაიდან, მისი პოზიციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ვერანაირად ვერ დაეხმარება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ხოლო, კონსტიტუციის შესაბამისად, ის ცალსახად დამოუკიდებლად, მთავრობის გარეშე ვერ გაემგზავრება. როდესაც “ქართულმა ოცნებამ” პირველად განაცხადა, მის მიერ, კონსტიტუციის დარღვევის გამო, იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის შესახებ, პრეზიდენტმა მატარებლიდან ფოტო ატვირთა სოციალურ ქსელში, რაც სიმბოლურია. აღნიშნული მატარებლით პრეზიდენტი, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, დეპოში შევიდა”, – აცხადებს ლადო მგალობლიშვილი, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6279 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6279 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6279 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6248 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8239 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8356 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0117 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია”- მიხეილ სააკაშვილი

მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენ შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამ გზაზე ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ძალები, მაგრამ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს.

ამასთან, როგორც სააკაშვილი წერს, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება.

„მინდა, მივმართო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ჩვენს გმირულ აქტივს!

ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრა თქვენთან პირადი კონტაქტი, მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენ შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამისთვის გავუძელი ყველაფერს აქამდე.

ამ გზაზე ჩვენ ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ჩვენი ძალები, მაგრამ იმისთვის, რომ სხვებთან გვქონდეს მისასვლელი პირი, თვითონ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე. ამავე დროს, მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია.

სამიზნე უნდა გავასწოროთ ყველამ, ჩვენი მთავარი და ამ ეტაპზე ერთადერთი სამიზნე რუსული რეჟიმია!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/pfbid0xwr76qADXvPUNgLKhJxEfg5Kb23Kfmkwvi5B5fob284Q9hFypRJ7WmZwpTePjNXSl

“ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება”

ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება. რისი იმპიჩმენტი, სირცხვილი არ არის პრეზიდენტს რომ იმპიჩმენტი გავუკეთოთ? მე უნდა ვლაპარაკობდე ამაზე? რაც მოსულია, თქვენ რომ მოგყავდათ, მაშინ მე (პ)რეზიდენტს ვეძახდი, მაგრამ თქვენ თქვით, რომ ავიღეთ და დავდეთო, რა ვიცი, მდინარაძემ თქვა. სულ ფაქტებით გესაუბრებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქვეყანა ჩაიძირა, სახელმწიფო თავზეა ჩამოლეწილი“.

„ხალხნო, არ არსებობს ისეთი გაჭირვება, რაც დღეს ხდება: უშუქობა, უპატრონობა, პენსია, შიმშილი. როგორ უნდა იყიდოს იმ პენსიით, იმას, რა კალათა ეყოფა, საშინელი მდგომარეობაა! როგორ უნდა ბედავდეს ნინო წილოსანი ამდენ ლაპარაკს?! არ მინდოდა, მაგრამ ასეთი ცინიზმით, რომ არ გამოსულიყო არაფრით ვიტყოდი, გეფიცებით, არაფრით არ შევეხებოდი. ადამიანებს ყოველთვის ვპასუხობ ხოლმე, მე თვითონ არასდროს ვიწვევ. ამხელა მშენებლობა ზურგზე გაქვს მოკიდებული ნაძალადევში, სამარცხვინო, რას ლაპარაკობ, რომელ კორუფციაზე ლაპარაკობ? ქვეყანა ჩაიძირა, სახელმწიფო თავზეა ჩამოლეწილი და აქ, ვიღაცა ლაპარაკობს, ერთი და ორი კომლი – ის ერთი და ორი კომლი უნდა შევინარჩუნოთ, რომ „მიწისაგან პირისა, თითოეული სოფელი არ აღიგავოს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების 22 წევრი დააკავეს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ზაფხულის განმავლობაში 7 კრიმინალური დაჯგუფება დაშალა, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და სახლებისა და სხვა შენობების ძარცვაში ედებათ ბრალი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ივლისსა და აგვისტოში აღნიშნული დაჯგუფებების 22 წევრი დააკავეს, რომლებსაც, საერთო ჯამში, 17 სახლი გაძარცვეს.

გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და პოლიცია არ გამორიცხავს, რომ კიდევ მეტი ადამიანი დააკავონ.

ბოლო ოპერაცია 23 აგვისტოს განხორციელდა, როცა პოლიციამ დაჯგუფების 6 წევრი დააკავა.

ესპანური მედია წერს, რომ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ სევილიაში, მადრიდში, ბარსელონაში და ესპანეთის სხვა ქალაქებში და მათ სათავეებში ე.წ. კანონიერი ქურდები დგანან. დაჯგუფებები შედგება ორი-ოთხი წევრისგან და მათი ასაკი 25-40 წელია.