Home Blog Page 1790

“პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ მოვა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე” – შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება არის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე. სხვა შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს წლიური ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარუდგინოს. აღნიშნული თარიღი რეგლამენტით არის განსაზღვრული. რეგლამენტში ნათქვამია, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში ეს ბოლი წლიური ანგარიში იქნება.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

“როგორი ფოლოვერი მყოლია „ტიკ-ტოკზე“, ვურჩევ ირაკლი კობახიძეს, გააგრძელოს ჩემი ვიდეოების ყურება” – ანა ბუჩუკური

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მინიონი გამოვა და რას იტყვის, რადგან ეს ადამიანები ვერ შეძლებენ, გადაეფარონ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ.

„ეს როგორი ფოლოვერი მყოლია „ტიკ-ტოკზე“. ვურჩევ ირაკლი კობახიძეს, გააგრძელოს ჩემი „ტიკ-ტოკ“ ვიდეოების ყურება, კიდევ უფრო მძიმე პერიოდი დაუდგება და იქნებ, რაღაცნაირად განიმუხტოს. ეს ნახევრად ხუმრობით. შედარებით სერიოზულზე რომ გადავიდეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მინიონი გამოვა და რას იტყვის, რადგან ეს ადამიანები ვერ შეძლებენ, გადაეფარონ ბიძინა ივანიშვილს. მთავარი აქ არის, რომ გამოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილი, საზოგადოებას აჩვენებს ანგარიშვალდებულებას და იმ მნიშვნელოვან კითხვებს გასცემს თუ არა თავად პასუხს, თუ კვლავ დაიმალება.

გუშინ მინიონთა ერთი ჯგუფი გამოიყვანეს, დღეს მეორე და ალბათ გაგრძელდება მინიონების მცდელობები, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანები რას იტყვიან. მთავარია, ანგარიშვალდებულებას აიღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, თუ ისევ დაიმალება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება, ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან“.

“უკრაინისთვის „პატრიოტის“ დამატებით შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონში და ოდესაში არ დაიღუპებოდა”

უკრაინისთვის „პატრიოტის“ დამატებით ტიპის შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონში და ოდესაში არ დაიღუპებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რიგაში, მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იარაღის მიწოდების შეფერხება რუსეთის მიერ უამრავი ადამიანის მკვლელობას იწვევს.

„ჩვენ გვსურს, ჩვენი პარტნიორები იყვნენ რეალისტები და გაიგონ, როგორ მოქმედებს ეს ვადები ჩვენს რისკებსა და ზარალზე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა საიდუმლო შორი მოქმედების იარაღზე, რომელმაც ერთ დღეში 26 რუსული ვერტმფრენი და 12 თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ფრონტზე ფართო ნაბიჯებით ვერ მიიწევს წინ, რადგან ვერ აკონტროლებს ცას.

„ფრონტზე ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი. რუსები თუ ვერ გააკონტროლებდნენ ჰაერს და ჩვენ გვექნებოდა საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, გავანადგურებდით მათ თვითმფრინავებს. ჩვენ ეს ვცადეთ, მუშაობს. როცა მათ ცაში ანადგურებ, წინ მიიწევ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

“სინამდვილეში, ქართველი ფსევდოლიბერალები არიან მაუზერიანი ბოლშევიკების რეინკარნაცია, რომელთაც ერთი სული აქვთ, გუმბათები მოანგრიონ ქართულ ეკლესიას”

შობის ღამიდან მოყოლებული რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, ეს არის დაგეგმილი კამპანია რელიგიური კონფესიის წინაააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუნცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ კამპანია, როგორც ჩანს, წინასწარ იყო დაგეგმილი.

„მინდა, ზოგადი კომენტარი გავაკეთო იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელსაც შობის ღამიდან ვადევნებთ თვალყურს. რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, ეს არის დაგეგმილი კამპანია რელიგიური კონფესიის წინაააღმდეგ. ეს რელიგიური კონფესია ჩვენს ქვეყანაში არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც არის ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაცია. ეს არის ეკლესია, რომელიც კონსტიტუციის მიერ არის აღიარებული, როგორც საქართველოს ისტორიაში და განვითარებაში განსაკუთრებული როლის მქონე რელიგია. სწორედ ამ რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ მიდის კამპანია, რომელიც ჩანს, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი.

ფაქტია, რომ შობის აღნიშვნის დღესთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ისტერიული მცდელობა, რომ სამოქალაქო პირები, ენჯეოს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, სხვა დროს სეკულარიზმს რომ ქადაგებენ, ჩაერიონ საეკლესიო კალენდრის განსაზღვრებაში. რაც არის მათივე პრინციპებიდან გამომდინარე, წითელი ხაზების გადასვლა და ჩარევა ეკლესიის შიდა საკითხებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველამ ნახა წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით ისტერია.

„ერთი, რომ საეკლესიო კალნედრის სპეციალისტი აღმოჩნდა რატომღაც ყველა ენჯეოს წარმომადგენელი და პოლიტიკოსი, მეორე – უცებ ყველა იკონოგრაფიის სპეციალისტებიც აღმოჩნდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შორის ეკლესიის მხრიდანაც იყო განცხადება, რომ ეს ხატი უკვე თვეებია, თუ წლებია, რაც იქ არის. დიდი ალბათობით, ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, ასეთ ანტიქართულ საქმეებში გიორგი კანდელაკი გამოირჩევა და ვნახეთ, რომ მან დაიწყო ეს კამპანია და „სოვლაბმა“. ესეც ცალკე ისტორიაა, რომ გიორგი კანდელაკი ახლა ენჯეოშნიკად გვევლინება და „სოვლაბის“ სახით საუბრობს. ეს იყო დაგეგმილი კამპანია. დაგეგმეს, რომ შობის საღამოსთვის ისტერია აეტეხათ სოციალურ ქსელში, როგორც აკეთებენ ხოლმე ამ ყველაფერს, რათა ის დღესასწაული, რომელიც უნდა ეზეიმა ქართველ ხალხს, ჩაეშხამებინათ.

სინამდვილეში, მათ არც ის აინტერესებთ, შობა რომელ დღეს აღინიშნება, ისინი არც 25-ში აღნიშნავენ და არც 7-ში, სანთელი ხელში მათ არ უჭირავთ და არც ის ადარდებთ, ხატზე რა არის გამოსახული. სინამდვილეში, ეს არის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ და სინამდვილეში, ქართველი ფსევდოლიბერალები არიან მაუზერიანი ბოლშევიკების რეინკარნაცია თანამედროვე ეპოქაში, რომელთაც ერთი სული აქვთ, გუმბათები მოანგრიონ ქართულ ეკლესიას.

პოლიტიკოსების განმარტებები, „ნაციონალური მოძრაობა“ და გარშემო მისი მთელი ანტურაჟი, ის, რომ ქართული ეკლესია არის რუსული ინტერესების გამტარებელი, შობა რომ რუსულია და იმაში ვერ ერკვევიან, რუსული ეკლესია როდის ჩამოყალიბდა და საერთოდ რუსეთი როდის ჩამოყალიბდა, ავტოკეფალია როდის მიიღო, ეს ცალკე საკითხია. ის, რომ ვასალები არიან და მათ შორის პატრიარქზე მიდის უშუალოდ დარტყმა, ეს არის ჩვეულებრივი კამპანია. ყველამ უნდა შევხედოთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. პოლიტიკოსი გიორგი კანდელაკი და „სოვლაბის“ წარმომადგენელი. შევხედოთ, ვინ აფინანსებს „სოვლაბს“ და ვინ დგას ამ კამპანიების უკან. ასე რომ, კითხვები მიემართება მათკენ, ვინც აფინანსებს ამ კამპანიას ქართული ეკლესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“გახარიას და მისი პარტიის აქტივობები უკვე კომიკურობამდე არის მისული განცხადებებში” – შალვა პაპუაშვილი

გიორგი გახარიას და მისი პარტიის აქტივობები უკვე კომიკურობამდე არის მისული განცხადებებში, აბსოლუტურად,  დამსგავსებული არიან კომიკური ჟანრის მხატვრულ თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს, უბრალოდ, თავად საყურებლადაც კი აღარ არის საინტერესო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დეპატებში გამოწვევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რენეგატის გზა რთულია, ეს ის გზაა, როდესაც შუბლის ძარღვი წყდება და ამ დროს უკვე ბევრი რამის კადრება შეიძლება.

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა, აბსოლუტურ ისტერიას ვხედავთ – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი რამდენად აქტიურად არის ჩართული, იქნება ეს თავად „ნაციონალური მოძრაობა“, თუ მისი ფლანგები „ლელოს“, გახარიას პარტიის სახით. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მის პარტიას, ვფიქრობ, მათი აქტივობები უკვე კომიკურობამდე არის მისული განცხადებებში, ქცევებში, სტილში, ტონალობაში, აბსოლუტურად დამსგავსებული არიან კომიკური ჟანრის მხატვრულ, თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს. უბრალოდ, თავად საყურებლადაც კი აღარ არის საინტერესო. რენეგატის გზა რთულია, ეს ის გზაა, როდესაც შუბლის ძარღვი წყდება და ამ დროს უკვე ბევრი რამის კადრება შეიძლება. მგონი, ვინმე თუ დააკვირდება გიორგი გახარიას და აღწერს მის სახეცვლილებას, ვფიქრობ, კარგი აღწერა გამოვა, რას ნიშნავს შუბლის ძარღვის გაწყვეტა და რენეგატის გზაზე შედგომა. საბოლოო ჯამში, ასეთი პერსონაჟები ამთავრებენ იმით, რომ ხდებიან კომიკური პერსონაჟები. წინა და ძველ საკითხებთან დაკავშირებით გუნდის ის წევრები უფრო კომპეტენტურად ისაუბრებენ, რომლებიც მაშინ იყვნენ. ის გუნდიდან წავიდა მას შემდეგ, რაც იკადრა და აკადრა საქართველოს, საკუთარ გუნდს. ვგულისხმობ ნიკა მელიას დაკავება-არდაკავების საგას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

“ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია” – შალვა პაპუაშვილი

ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია  პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკადრო გადაწყვეტილებები თავად ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მიიღება.

„გუშინ შეხვედრა მქონდა ბატონ გიორგი კეკელიძესთან. ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები, თითქმის 200 წლოვანი ისტორიით, ამიტომ ის საქმე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან დგას ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი, რომელმაც ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენამდე მოგვიტანა იმ სახით, როგორიც არის და ასევე მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს. მე ბატონი გიორგის მადლობელი ვარ, ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან მის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. მე დამატებით განცხადებას, განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, რადგან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია. კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია საერთოდ პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს რაიმე შუაში. ეს მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მემკვიდრეობა და მომავალი, მათ შორის ერთ ორგანიზაციაში და ერთ შენობაში. რაც შეეხება, ცვლილებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე, ეს ცვლილებების საკითხი არის და მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას. უახლოეს დღეებში მოხდება მისი ოფიციალური დანიშვნა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად ინიშნება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში.

„ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენერგია და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ახალი ხელმძღვანელი მუშაობს. მე მგონი, არ სჭირდება ახსნა, კონსტანტინე გამსახურდია რამდენად შეეფერება ამ ახალ თანამდებობას. ვფიქრობ, საზოგადოებაში ამ მხრივ კითხვები არ არსებობს. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო. ეროვნული ბიბლიოთეკა არის დიდი კოლექტივი, პროფესიონალები, რომლებიც წლებია, ათწლეულებია, მუშაობენ, ემსახურებიან ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას, ემსახურებიან ჩვენი მომავალი თაობის განათლებას. ეს არის, უპირველესად, დამსახურება მთლიანად კოლექტივის. იმ მიღწევებში, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ბატონ გიორგი კეკელიძის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, წვლილიც არის. დეტალებში არ შევდივარ, რადგან ეს არის საკადრო გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“რატომ განიცდის დასავლეთი დაცემას? – განმეორდება არა ძველი რომის დაღუპვის პრეცედენტი”-Die Welt

გერმანული გაზეთი „დი ველტი“ (Die Welt) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ განიცდის დასავლეთი დაცემას? განმეორდება არა ძველი რომის დაღუპვის პრეცედენტი“ (ავტორი ჰანეს შტაინი), რომელშიც თვითკრიტიკულადაა გადმოცემული დასავლური ცხოვრების წესის ნეგატიური მხარეები.

მოასწავებს თუ არა ევროპული კულტურის დღევანდელი სიტუაცია მის დაკნინებასა და კრიზისს? რამდენად ჰგავს ამჟამინდელი მდგომარეობა ძველი რომში არსებულ ვითარებას?

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„განწირულნი ვართ თუ არა ჩვენც დაღუპვისათვის – ძველი რომის მსგავსად? დიახ, ამას ბევრი ისტორიკოსი და ეკონომისტი გვიწინასწარმეტყველებს… მათი აზრით, ევროპა ამჟამად სწორედ ისეთ პერიოდში იმყოფება, რომელიც ძველი რომის იმპერიის დაღუპვის წინ დადგა.
თვითონ განსაჯეთ: დღეს დასავლეთში – ევროპაში და აშშ-ში – ახალგაზრდობა თითქმის ხელჩაქნეულია, ისინი საკუთარი სიამოვნებისათვის ცოცხლობენ – პარიზის, ბერლინისა და ნიუ-იორკის ქუჩებში ისეთი ადამიანები დასეირნობენ, რომლებსაც სხეული უაზროდ აქვთ მოხატული, თმები გაწეწილი-დაუვარცხნელი, ნარკოტიკებით არიან გაჟღენთილნი…

ირგვლივ უზნეობა და ამორალიზმია გაბატონებული: ჰომოსექსუალისტების ქორწინება თანდათან ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. ჰომოსექსუალისტები მოდიან უმაღლეს პოლიტიკაშიც – ისინი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები ხდებიან. მიმდინარეობს ქალების ფემინიზაციის დაჩქარებული პროცესი, ნეგატიური სახით – ისინი მამაკაცებზე დომინირებას იწყებენ.

იმავდროულად დასავლეთისაკენ მიიწევს სულ უფრო მეტი მიგრანტი – მშივრები, ამბიციურები და ისეთები, რომლებიც ღიად იმუქრებიან. ისინი მიჩვეულნი არიან რთულ პირობებში ყოფნას და პრობლემებისა არ ეშინიათ. ამასთან ერთად, ევროპას და ამერიკას ახალი კონკურენტი გამოუჩნდათ ჩინეთის სახით. ამიტომ მათ სულ უფრო მეტი ფულის ხარჯვა უწევთ, რომ პეკინმა არ აჯობოს.
ისტორიკოსების თქმით, ასეთი სიტუაცია სულ უფრო მეტად ემსგავსება გვიანდელ რომის იმპერიაში განვითარებულ დეკადენსს, როცა ერთი მხრივ, რომაული საზოგადოება კრიზისში ჩავარდა, მეორე მხრივ კი, ბარბაროსების შეჭრის საფრთხის წინაშე დადგა პერიფერიებში, ხოლო სპარსეთი ძლიერდებოდა და რომს ემუქრებოდა. ეს ყველაფერი იმპერიის მხრიდან მუდმივ სიფხიზლეს და სამხედრო მზადყოფნას მოითხოვდა, რის შედეგადაც რომის რესურსები იფიტებოდა.

საკითხავი ის კი არ არის – გადაიტანს თუ არა ამ კრიზისს დასავლეთი, არამედ იმაში, თუ რა დარჩება სამომავლოდ მისგან. ამ მხრივ თითქოსდა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს: ისტორია მეტ-ნაკლებად დამამშვიდებელ პრეცედენტს გვამცნობს: ჩვენ ხომ ვსარგებლობთ ძველი რომაელების ლათინური ენით (თუნდაც მეცნიერული თვალსაზრისით)? გარდა ამისა, რომის იმპერიის ეპოქაში შექმნილი და ჩამოყალიბებული სამართლებრივი პრინციპები ევროპაში დღესაც მოქმედებს. ამრიგად, თანამედროვე ცივილიზაციას გადარჩენის შანსი აქვს.

წყარო:

“რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება ახლა შეჩერებულია” – ჯონ კირბი

რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება ახლა შეჩერებულია, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც კირბიმ აღნიშნა, ვაშინგტონში გრძელდება მოლაპარაკებები დახმარების პაკეტზე და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, კონგრესმა დაფინანსების გაგრძელება დაამტკიცოს უკრაინის დასახმარებლად.

„ჩვენ მიერ გაწეული დახმარება ახლა შეჩერებულია. თავდასხმები, რომლებსაც რუსები ახორციელებენ, მხოლოდ ძლიერდება. ისინი იყენებენ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ რაკეტებს თავიანთი ბინძური საქმის შესასრულებლად. ასე რომ, დახმარების საჭიროება დიდია, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

“კეკელიძის მსგავს ადამიანებს „სუპერ პაკში“ ვისურვებდი, ასეთი ადამიანებია საჭირო პოლიტიკაში” – პაატა მანჯგალაძე

პაპუაშვილმა კეკელიძეს უთხრა, კარგად მუშაობ, მაგრამ 11 წელი ბევრია და განახლების დროაო და ეს არაფრისმაქნისები რომ 12 წელი არიან ხელისუფლებაში, კიდევ უნდა იყვნენ?! – კეკელიძის მსგავს ადამიანებს „სუპერ პაკში“ ვისურვებდი, ასეთი ადამიანებია საჭირო პოლიტიკაში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონსტანტინე გამსახურდიას ადგილზე, ასეთი ფორმით თანამდებობაზე დანიშვნას არ ისურვებდა.

„კეკელიძე გამორჩეული ადამიანია, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი თავის საქმის. ხშირად მეკითხებიან „სუპერ პაკში“ როგორი ადამიანები უნდა იყვნენ, ვისურვებდი კეკელიძის მსგავსი კეთილსინდისიერი ადამიანები იყვნენ. ასეთი ადამიანებია საჭიროა, მათ შორის პოლიტიკაში. არჩევნები მოდის და თუ სადმე რაიმე გავლენის ჯგუფია, „ქართული ოცნება“ მის კონსოლიდირებას ცდილობს. როგორც ვიცი დადასტურდა, რომ კოკო გამსახურდია უნდა დაინიშნოს, „ქართულ ოცნებას“ ახლა ზვიადისტების ხმებზე ნადირობა დასჭირდა, მანამდე სტალინისტების ხმებზე ნადირობდნენ. არ უშველით მათ კოსმეტიკური ცვლილებები, „ქართული ოცნება“ განწირულია. რაც შეეხება კოკო გამსახურდიას, ამ ფორმით, მის ადგილზე არ ვისურვებდი თანამდებობაზე დანიშვნას. წესიერი კაცია, ბევრი კარგი საქმე გააკეთა, კარგი იდეები ჰქონდა, ამ ფორმით დანიშვნას რაც შეეხება, თავს ვიკავებ მასთან დაკავშირებით, რადგან უდიდეს პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, ამ ოჯახს და არ მაქვს განწყობა რაიმე ნეგატიური ვთქვა ახლა მასზე. თუმცა, მე მის ადგილას არ ვისურვებდი, ამ ფორმით ვინმეს დავენიშნე თანამდებობაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და უთხრა, რომ უნდა წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მუშაობდა და განახლების დროა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“. გიორგი კეკელიძეს თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის, ამის შესახებ მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

“ავიაიერიშები ვერ შეაკავებს იემენს, მხარი დაუჭიროს ღაზას და პალესტინელებს” – „ჰუსიტები“

„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში ისრაელისკენ მიმავალ ან ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმებს განაგრძობენ.

„ჩვენი სამიზნე იყო და იქნება ისრაელის გემები ან ის გემები, რომლებიც მიემართებიან ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ“, – წერს დაჯგუფების პრესსპიკერი, მუჰამედ აბდულსალამი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი მტკიცებით, იემენის წინააღმდეგ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებულ თავდასხმას გამართლება არ აქვს.

„ვადასტურებთ, რომ იემენის წინააღმდეგ ამ აგრესიას აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან წითელ და არაბეთის ზღვებში საერთაშორისო ნავიგაციისთვის საფრთხე არ არსებობს“, – აცხადებს მუჰამედ აბდულსალამი.

მისი თქმით, აშშ და გაერთიანებული სამეფო ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ დარტყმები შეაკავებს იემენს, მხარი დაუჭიროს ღაზას და პალესტინელებს.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარტყმები თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან მოხდა.

მედიაში გავრცელებული ცნობით, დარტყმები დედაქალაქ სანში, „ჰუსიტების“ წითელი ზღვის პორტ ჰუდაიდაში, დამარსა და საადაში განხორციელდა.

„ჰუსიტების“ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ამ აგრესიისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „დარტყმები აშშ-ის ძალების მიერ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით განხორციელდა“.

როგორც ბაიდენმა განმარტა, ავიაიერიშები იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

„მე არ მოვერიდები, მივმართო შემდგომ ზომებს ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის დასაცავად საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კი აღნიშნა, რომ დარტყმები იყო „აუცილებელი და პროპორციული“.

პარალელურად, საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ ვითარებას „დიდი შეშფოთებით“ აკვირდებიან.