Home Blog Page 1785

,,ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია”- დევიდ კრამერი

ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია – საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

„არაჩვეულებრივია ის, რომ საქართველოში დავბრუნდი, თუმცა სამწუხაროა, რომ კვლავ აქ (საოკუპაციო ხაზთან) დგომა გვიწევს. მას შემდეგ რაც რუსეთი შემოიჭრა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელა, 15 წელი გავიდა. ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია და საერთაშორისო საზოგადოებამ არასდროს არ უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიის აღება, რისი მოწმეც ჩვენ 15 წლის წინ გავხდით”, – აღნიშნა კრამერმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდში დგომას.

„მე და ჩემი კოლეგები, რომლებიც ჩამოვედით კონფერენციისთვის, რომელიც ხვალ იწყება, აქ იმისთვის ვართ, რომ ვუზრუნველყოთ, რომ არასოდეს დავივიწყოთ რა მოხდა აქ და შევახსენოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ტერიტორია, რომელიც ჩვენს უკანაა, საქართველოს ტერიტორიაა. გავაგრძელებთ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდში დგომას, რომლებიც, აგრძელებენ დემოკრატიულ, დასავლეთზე ორიენტირებულ გზას”, – აღნიშნა კრამერმა.

მისი თქმით, რუსეთის აგრესია საქართველოში დაიწყო, შემდეგ გადავიდა უკრაინაში, მაგრამ საქართველო არასდროს დაუტოვებია.

„სანამ საქართველო აღადგენს კონტროლს მთელ თავის ტერიტორიაზე, საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე”, – აღნიშნა კრამერმა.

„მოვუწოდებ დიპლომატებს, ამ საკითხით დაინტერესდნენ”- ხაბეიშვილი

როცა ვლაპარაკობთ ნოდარ დუმბაძის სკვერის გადარჩენაზე, გვახვედრებენ „ტიტუშკებს“, „ნასედკებს“, ქალებსაც არ ინდობენ, სცემენ და ფიზიკურად უსწორდებიან პოლიციელების თანდასწრებით,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის კოლეგებთან ერთად პირადად აპირებს ჩოხატაურში ჩასვლას და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა დიპლომატებს მოუწოდა, ჩოხატაურში მომხდარი ინციდენტით დაინტერესდნენ.

„რუსული პარტიის წარმომადგენლებმა და ჩოხატაურის ადგილობრივმა ოლიგარქმა, რომელმაც სხვათა შორის, რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, რუსმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა, ჩოხატაურის რაიონში გააუქმოს ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი. როცა ამ გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩოხატაურელების და გურულების დაცინვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კამპანია წამოიწყო ჩოხატაურში, სადაც ბუკლეტზე ხატია რუსი ოლიგარქი ჩიგოგიძე, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, ასევე ადგილობრივი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. უკან საინფორმაციო მასალაა, რომ ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერს ასხვისებენ. ამ საინფორმაციოო ბუკლეტებს არიგებდა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ჩოხატაურში, როცა მიაგზავნეს „ნასედკები“, ესენი არ არიან „ზონდერები“. როცა პოლიციელებთან ერთად ფიზიკურად უსწორდები ადამიანებს და პოლიცია არ რეაგირებს, მეტიც გეხმარება. იძალადეს მათ შორის ქალებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე. ფიზიკურად გაუსწორდნენ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარეს დავით მჟავანაძეს, ასევე ჩოხატაურის საკრებულოს წევრს, არჩილ სიხარულიძეს და კიდევ რამდენიმე ჩვენს თანამებრძოლს. ჩიგოგიძის მიგზავნილი „ნასედკები“ პირდაპირ ეთერში ძალადობდნენ. მინდა მოვუწოდო საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატებს, ჩემო ძვირფასებო, როცა 12 პუნქტზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გესმოდეთ, როგორ ხალხთან გვაქვს საქმე“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ „თავს არავის დააჩაგვრინებენ“.

„მოვუწოდებ დიპლომატებს, ამ საკითხით დაინტერესდნენ. ცხადია, ჩემს კოლეგებთან ერთად პირადად ვაპირებ, რომ ჩოხატაურში ჩავიდე. მასალას, რომელიც დასარიგებელია, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად დავარიგებ. აბა, მობრძანდით, თუ ბიჭები ხართ. რომ „დაჩმორდით“ მარტვილში და სამტრედიაში, ქვებით რომ მოგვდევდით, აბა თუ მაგარი ბიჭები ხართ, მოდით ჩოხატაურში. ჩვენ ძალადობას ვერ წავახალისებთ და არც მოგვწონს, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს- ვერავის თავს ვერ დავაჩაგვრინებთ და ვერც იმის შესაძლებლობას მივცემთ, თავ-ყბა დაგვიმტვრიონ. აუცილებლად დავიცავთ საკუთარ თავს, როგორც მარტვილში, სამტრედიაში და საგარეჯოში, მერე წკმუტუნით რომ გაიქეცით“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

,,50-ზე მეტი ხელმოწერა ყველა შემთხვევაში იქნება”- გივი მიქანაძე

50-ზე მეტი ხელმოწერა ყველა შემთხვევაში იქნება და შესაბამისი განაცხადი გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში – ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ყველა გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია. პარალელურად კონსულტაციები გვექნება და ვნახავთ ასევე, ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ვინ იქნება კანონის უზენაესობის მხარეს და ვინ მიიღებს პოლიტიკურ, სუბიექტურ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ ვინც წავა, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა თანამდებობა უკავია ადამიანს. ადამიანი, რომელიც კანონის უზენაესობის წინააღმდეგ წავა, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, ყველა შემთხვევაში ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება. სწორედ ამიტომ მმართველი გუნდის მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა. 50-ზე მეტი ხელმოწერა ყველა შემთხვევაში იქნება და შესაბამისი განაცხადი გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის მოქმედება, რომელიც პრეზიდენტმა განახორციელა არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მითუმეტეს, მიუღებელია იმ ადამიანისგან, რომელმაც პრეზიდენტად არჩევის დროს კონსტიტუციაზე დაიფიცა და მის მიერ წარმოთქმულ ფიცში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ის, რომ ის არის გარანტი და დამცველი კონსტიტუციის. როდესაც ეს ადამიანი არღვევს კონსტიტუციას, რაზეც დაიფიცა და რისი გარანტი წესით თვითონ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არის მყისიერი რეაგირება. ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ყველა გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია. პარალელურად გვექნება კონსულტაციები და ვნახავთ ასევე, ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ვინ იქნება კანონის უზენაესობის მხარეს და ვინ მიიღებს პოლიტიკურ, სუბიექტურ გადაწყვეტილებას. ეს საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო მომენტი იქნება, იმიტომ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს ვინ დგას კანონის უზენაესობის მხარეს, რომელზეც უკვე 12 წელიწადია ეს ქვეყანა შენდება, რომლის პრინციპების გამყარებას და განმტკიცებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

უმრავლესობის პოზიცია არის ერთიანი და ურყევი, ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება პრეზიდენტის წინააღმდეგ უნდა მოხდეს. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით პროცესების განვითარებას. ზოგმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ალბათ დაუჭერენ მხარს, ნაწილმა განაცხადა, რომ არ დაუჭერს, ნაწილის პოზიცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ამიტომ ჩვენ დაველოდებით ამ პროცესების განვითარებას და ვნახავთ საზოგადოებასთან ერთად ვინ დგას კანონის უზენაესობის მხარეს და ვინ დგას სუბიექტურობის მხარეს, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესებს ატარებს“, – განაცხადა მიქანაძემ.

გამოაშკარავდება, ვინ უჭერს მხარს იმას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – სარჯველაძე

„დღეს ხელისუფლება მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ საქართველო შარშანაც, წელსაც ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამით გამოაშკარავდება რეალურად, ვინ უჭერს მხარს იმას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„ამ პროცედურის დადებითი მხარე არის, რომ კიდევ ერთხელ გამოაშკარავდება, რეალურად ვინ უჭერს მხარს იმ რიტორიკის ლობირებას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. დღეს ხელისუფლება მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ საქართველო შარშანაც, წელსაც ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

ყველა, ვინც ოპოზიციიდან იძახის საპირისპიროს, შეუძლია ახლა დადგეს და შეეწინააღმდეგოს იმპიჩმენტის პროცედურას. ამას გამოააშკარავებს რეალურად ეს პროცედურა და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან კარგად დაინახავს, ვისთვის ევროინტეგრაცია ლოზუნგია მხოლოდ და ვისთვის ნაკეთები საქმე და წინ წაყვანილი ქვეყანა“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

სსსტც „დელტა” – განცხადება

ორ სექტემბერს ჩრდილო- დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში 2 სექტემბერს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1404კმ2 შეადგინა (140400 ჰა) სულ დამუშავდა 10 სეტყვასაშიში კერა, გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა.
აღნიშნული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე დელტას მიერ დამატებითი ძალები იქნა მობილიზებული კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს.

,,ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროვოკაცია მოაწყეს”- ავთო მეგრელიძე

ჩოხატაურში, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის, “ქართული ოცნების” წევრის ავთო მეგრელიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს.

როგორც მეგრელიძემ აღნიშნა, მის თანმხლებ პირს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხელი დაარტყა, რაზეც პასუხი მიიღეს.

„ჩემს პირად საქმეზე მივდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად, რა დროსაც ნაცმოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლები ბაზრობაზე არიგებდნენ რაღაც ფურცლებს. ერთ-ერთმა მათგანმა როდესაც დამინახა, ეგრევე გადავიდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მოაწყო პროვოკაცია და ხელი დაარტყა ჩემს თანმხლებ პირს. ცხადია, ამ პროვოკაციის ავტორებმა მიიღეს საკადრისი პასუხი. არავინ აპირებს ნაცმოძრაობას გინება და ცემა შეარჩინოს.” – განაცხადა ავთო მეგრელიძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება. სპეციალისტები ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის ვარდნას ელოდებიან.

„დღის მეორე ნახევრიდან, ხვალ დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა იქნება 28-33 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – 26-31 გრადუსი. თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ველოდებით დღის მეორე ნახევარში. 5 სექტემბრიდან გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს“, – განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.

თქვენი განწყობა პირდაპირ განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას – ზურა მხეიძე

“როცა სცენარის ავტორობას უთმობ სხვას, მეუღლეს, თუნდაც მთავრობას მაშინ დამოკიდებული ხარ ის როგორ სცენარს დაწერს, რომ მის სცენარში ჩაჯდე”- ამის შესახებ ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ განაცხადა.

“ციცინათელა ლამაზია თუ მახინჯია? ლამაზი მახინჯია. თუ ციცინათელა ახლოს გინახავთ, გეცოდინებათ, რომ ნამდვილად მახინჯია. ანუ ადამიანი ვინც ამბობს, რომ ციცინათელა არის მახინჯი -მართალია, მაგრამ ვინც ამბობს რომ ციცინათელა ლამაზია, ისიც მართალია. ამ ორ ადამიანს შორის რა განსხვავებაა? ერთი ხედავს სულ სილამაზეებს, მეორე სულ სიმახინჯეებს. და ცხოვრების ბოლოს ვის როგორი ცხოვრება ექნება? ერთს ლამაზი, მეორეს მახინჯი. ანუ თქვენი განწყობა პირდაპირ განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას, თავიდან ბოლომდე. აი ეს არის ამოსავალი წერტილი. ამიტომ თქვენი ცხოვრების სცენარის ავტორი, რეჟისორი, ოპერატორი და გამნათებელი უნდა იყოთ თქვენ. როცა თქვენ სხენარის ავტორობას უთმობ სხვას, მეუღლეს, თუ დაც მთავრობას მაშინ დამოკიდებული ხარ ის როგორ სცენარს დაწერს, რომ მის სცენარში ჩაჯდე. მაგრამ როცა შენი ცხოვრების სცენარის დამწერი შენთვითონ ხარ, მაშინ თავისუფალი ხარ”,- განაცხადა ზურა მხეიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კახეთში ძლიერი სეტყვის შედეგად მოსახლეობის უმეტესობას ვენახები დაესეტყვა.

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული დღეა, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მაინც იგრძნობა. ასე რომ, შეიძლება იმაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ, ვიდრე ელოდით. ბევრ ვერძს ფულთან და შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებში გაუმართლებს.

ადამიანებთან საერთო ენის პოვნას ადვილად ახერხებთ. შესაძლოა, საინტერესო ღონისძიებაზე აღმოჩნდეთ, სადაც თანამოაზრეებს იპოვით.

კურო

ეს დღე ნებისმიერი თამამი იდეის განხორციელებისთვის შესაფერისია. ახალი იდეების გარდა, შეგიძლიათ, ძველი, კარგად დავიწყებული გეგმა გაიხსენოთ – ამჟამად მისი განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოებებია.

შესაძლოა, სასიამოვნო ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს – ამ დღეს ახალი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება, რაც განსაკუთრებით მოგწონთ.

ტყუპები

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. სირთულეები და დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის. წარმატებისკენ სწრაფად მიიწევთ და გარშემომყოფებს თქვენი ენთუზიაზმით აინფიცირებთ. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრის, ერთობლივი შვებულებისა და მოგზაურობისთვის.

ძველ მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ. ხელსაყრელი დღეა ძველი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს ნამდვილად გჭირდებათ.

კირჩხიბი

შესაფერისი დღეა სამომავლო გეგმების შედგენის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და თანამოაზრეებთან ერთობლივი მოქმედებების შეთანხმებისთვის. მნიშვნელოვანია საკუთარ შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ და არ აიღოთ ვალდებულებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ.

თუ ხვდებით, რომ რთულ დავალებებს მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარებისთვის ახლობლებს უნდა მიმართოთ.

ლომი

ნათელი, საინტერესო და მოვლენებით მდიდარი დღეა. უამრავი სხვადასხვა საქმე გაქვთ ერთზე ყურადღების გამახვილებას ვერ ახერხებთ. სერიოზულ შეცდომებს არ უშვებთ, მცირე ხარვეზებს კი მალე გამოასწორებთ და შესაბამისად, კარგ შედეგს მიაღწევთ.

საკუთარ წარმატებებზე საუბარს მოერიდეთ – მიეცით გარშემო მყოფებს საშუალება, რომ თქვენი მიღწევები თავად შეამჩნიონ და შეაფასონ. დღის მეორე ნახევარი საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ.

ქალწული

ნაკლებად ნაყოფიერი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო დღეა. დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ და ცდილობთ საყვარელ ადამიანს ასიამოვნოთ.

მოგზაურობა სასიამოვნო ემოციების გარდა, ძველი პრობლემის მოგვარებასაც გპირდებათ. თავს გაუფრთხილდით – დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მოერიდეთ ფულის უაზრო ხარჯვას, თორემ ფინანსურ სირთულეებს თავიდან ვერ აიცილებთ.

სასწორები

დილაობით უფრო ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ – ეს მარტივი საქმეების დასაწყებადაც კი არახელსაყრელი დროა. გამორიცხული არ არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან ავტომობილის გაფუჭება. პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან იზრდება.

დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. შეგიძლიათ დაგეგმოთ დიდი შესყიდვები, ასევე შეხვედრები თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან.

მორიელი

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ და თქვენთვის ძვირფასი ადამიანები სასიამოვნოდ გააკვირვოთ. იქ, სადაც სხვები იბნევიან, მიზნის მისაღწევად სწრაფ და ეფექტურ გზას იპოვით. თუ მოინდომებთ, არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ გადაწყვეტთ.

კარიერისა და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო იდეა გაქვთ, მაგრამ მათი განხორციელება არ უნდა იჩქაროთ. ჯერ დამხმარეები იპოვეთ – მათთან ერთად საქმე ბევრად უფრო გაიოლდება.

მშვილდოსანი

ფრთხილად იყავით. შეიძლება შეცდომა დაუშვათ, რომელიც გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით. ნუ იზარმაცებთ და იმედი ნუ გექნებათ, რომ ყველაფერი თავისთავად ან სხვა ადამიანების ძალისხმევით გამოვა.

საყიდლებზე წასვლა სამომავლოდ უნდა გადადოთ, სავარაუდოდ, ამ დღეს შეძენილი მალე იმედს გაგიცრუებთ.

თხის რქა

დღის დასაწყისი ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დროა. ამ დროს ნებისმიერ ადამიანს დაარწმუნებთ და კეთილად განაწყობთ. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ გრძნობებში გარკვევას შეძლებთ და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან შეთანხმებას შეძლებთ.

დღის მეორე ნახევარში ახალი საქმე და საზრუნავი გაჩნდება, მაგრამ საკუთარ საქმეებში ჩაფლული ირგვლივ ვერაფერს ამჩნევთ.

მერწყული

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. რის გაკეთებასაც არ უნდა გეგმავდეთ, სასურველი შედეგის მიღწევას ადვილად ახერხებთ. ადრე მიღებული ცოდნა და უნარები ძალიან გამოგადგებათ. ბევრი მერწყული გარშემო მყოფებს რთული და უჩვეულო საქმეების კეთების უნარით გააოცებს.

მარტოხელა მერწყულებს სასიყვარულო თავგადასავალი ელით. მისი ფინალი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და ძვირფასი საჩუქრები.

თევზები

ამ დღეს საჭირო ინფორმაციის დროულად მიღებას და მათზე დაყრდნობით სწორი დასკვნების გამოტანას ადვილად ახერხებთ, შესაბამისად, არც რთული საკითხების გადაწყვეტა გიჭირთ.

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და გარე აქტივობებისთვის. ხელიდან არ გაუშვათ საკუთარ ცხოვრებაში სიახლეებისა და მრავალფეროვნების შეტანის შესაძლებლობა და არ ინანებთ.

ხერსონის რეგიონში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ნაკრძალი იწვის

ხანძარია „ასკანია-ნოვას“ ბიოსფერულ ნაკრძალში, რომელიც ხერსონის რეგიონში, ამჟამად რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახური Telegram-ზე ავრცელებს და წერს, რომ ხანძარმა იუჟნის ტერიტორიაზე დაახლოებით 7000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.

ცნობისთვის, 2022 წელს რუსმა დამპყრობლებმა „ასკანია-ნოვას“ მეცხოველეობის ინსტიტუტი აიღეს. 2023 წლის 25 მარტს კი ხერსონის რეგიონში „ასკანია-ნოვას“ ბიოსფერული ნაკრძალი დამპყრობლების კონტროლის ქვეშ მოექცა.

„ასკანია-ნოვა“ უნიკალური კომპლექსია, რომელიც ყამირი ველის ევროპაში ერთადერთ მასივს, ასევე სააკლიმატიზაციო ზოოპარკსა და სარწყავ დენდროპარკს მოიცავს. ამ დრომდე ის, მიუხედავად ტერიტორიის ოკუპაციისა, ასევე სატრანსპორტო ლოგისტიკის სრულად მოშლისა და ორგანიზაციული პრობლემებისა, უკრაინულ ფორმატში ფუნქციონირებდა.

თენგიზ ცერცვაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თენგიზ ცერცვაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

,,მიგრაციის გააქტიურება და აივ ინფექციის ეპიდსიტუაცია საქართველოში.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნებში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ ა.წ. 11 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ პოსტი, სადაც მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებიდანვე შიდსის სამსახურმა გააძლიერა აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა (მათ შორის მიგრანტებზე).  აგრეთვე გაზარდა აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდება (მათ შორის მიგრანტებისთვის). მივუთითეთ შესაბამისი ფაქტებიც და რიცხვებიც.

საკითხის აქტუალობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე გვინდა კიდევ ერთხელ მივაწოდოთ მოსახლეობას განახლებული ინფორმაცია.

უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში სადღეისოდ მცხოვრებ აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა 8500-ია და არა 10 ათასზე მეტი, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს. ეს რიცხვი (10 170) მათ სავარაუდოდ აიღეს შიდსის ცენტრის მორიგი პრეს რელიზიდან (რომელსაც რეგულარულად ვაქვეყნებთ) და იგი ასახავს არა დღეისთვის საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულების რაოდენობას, არამედ საქართველოში აივ/შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან (1989 წ) დღემდე შიდსის ცენტრში  ოფიციალურად რეგისტრირებული აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობას, რომელთა რიცხვში შედიან გარდაცვლილები და ქვეყნიდან წასულებიც.

რაც შეეხება 2023 წლის პირველი 6 თვის (იანვარი-ივნისი) პერიოდში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლადგამოვლენილი შემთხვევეების 6%-ით ზრდას, ჩვენ ანალიზის საფუძველზე ვუთითებდით, რომ ეს დაკავშირებული იყო არა იმდენად მიგრაციის პროცესების გაძლიერებასთან, რამდენადაც COVID-19-ის პანდემიის დასრულებასთან, რეგულაციების მოხსნასთან და ტესტირების რაოდენობის ზრდასთან. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2023 წლის პირველი 8 თვის (იანვარი-აგვისტო) განმავლობაში გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობა (393) პრაქტიკულად არ განსხვავდება 2022 წლის ანალოგიური პერიოდში გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობისგან (394).
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მიგრანტებთან, რათა ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში და შედეგიც გვაქვს. ბოლო 20 თვის მანძილზე მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 226 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 96 და უკრაინის 81 მოქალაქეს. ამასთან ამ პაციენტებს გლობალურ ფონდთან შეთანხმებით ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ.

აივ/შიდსის ახალი შემთხვევების პრევენციისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ე.წ. პრეექსპოზიციური პრევენციის (PREP) პროგრამის წარმატებულ განხორციელებას, რომელიც გულისხმობს, რომ მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელი (არა აივ ინფიცირებული) პირები, მათი სურვილის შემთხვევაში უფასოდ იღებენ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს, რაც აივ ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი მათ საიმედოდ იცავს აივ დაინფიცირებისგან. საქართველო ერთადერთია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც 2017 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს ამ პროგრამას. დღემდე ამ პროგრამით ისარგებლა სულ 1532 მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელმა (არა აივ ინფიცირებულმა) პირმა და არცერთი მათგანი აივ-ით არ დაინფიცირებულა. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში შიდსის ცენტრი PREP-ის ფარგლებში მოემსახურა უცხოეთის 300-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის და უკრაინის 289 მოქალაქეს.

რაც შეეხება მიგრანტებისთვის აივ ინფექციაზე კვლევის აქტიურ შეთავაზებას, ეს სენსიტიური საკითხია და მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების, მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზღვარზე შემომსვლელთა სავალდებულო ტესტირებას ან მათ მიერ აივ სტატუსის შესახებ დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებას, რადგან ითვლება, რომ ეს იქნებოდა მიგრანტების ძირეული უფლებების დარღვევა. ევროპის მხოლოდ 15 ქვეყანა აძლევს მიგრანტებს რეკომენდაციას (მხოლოდ რეკომენდაციას) აივ ინფექციაზე ტესტირებაზე და მათგან მხოლოდ 3 ქვეყანა სთავაზობს მიგრანტებს აივ-ზე ნებაყოფლობით ტესტირებას. ამავე დროს რიგი ქვეყნები (ისინი უმცირესობაში არიან), მაგ.: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუსეთი, სინგაპური, მალაიზია და სხვ. ითხოვენ თავშესაფრის მაძიებლებისათვის, მოქალაქეობის და ბინადრობის მთხოვნელთათვის, ხანგრძლივი დროით (3 თვეზე მეტი) დამრჩენთათვის აივ ნეგატიური სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
გარკვეულ უხერხულობასთანაა დაკავშირებული აგრეთვე იზოლირებულად რუსი მიგრანტების აივ/შიდსზე გამოკვლევა. მით უმეტეს, რომ საქართველოში შემოდიან მიგრანტები, მათ შორის სტუდენტები, ისეთი ქვეყნებიდანაც, სადაც აივ/შიდსის პრევალენტობა და ახალი შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელი სიტუაციის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, როცა აივ-ზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრაცია გაზრდილია, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის (მოქალაქეობის ან ბინადრობის მოთხოვნა, თავშესაფრის მაძიებლები, ხანგრძლივი დროით, მათ შორის სასწავლებლად ჩამოსულები და სხვ.) საჭირო იყოს აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება. ამასთან აივ დადებითი სტატუსი არ იქნება დაბრკოლება ქვეყანაში შემოსასვლელად, უბრალოდ მათ შევთავაზებთ პრევენციულ და სამკურნალო პროგრამებში ჩართვას.
მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, კერძოდ: თავი აარიდონ შემთხვევით დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს, არ დაუშვან არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება და საეჭვო კონტაქტის ან კლინიკური გამოვლინების მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი მიმართონ ტესტირებისა და კონსულტირებისათვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ან ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ საქართველოს შიდსის სამსახურის და არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენმა ქვეყანამ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით თავიდან აიცილა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე  უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით და რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიგრაციის პროცესების გაძლიერებამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს ამ საშვილიშვილო შედეგის მიღწევა.

და კიდევ ერთი. საერთო საქმისთვის კარგი იქნება, თუ კერძო კლინიკები და არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები სიტყვიდან საქმეზე გადავლენ და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ხელს შეუწყობენ აივ/შიდსის პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის მიგრანტებთან, კერძოდ: გაზრდიან აივ/შიდსზე სკრინინგს, შეიმუშავებენ და გაავრცელებენ (მათ შორის მიგრანტებში) ვიზუალურ, აუდიო და ბეჭდურ მასალას აივ/შიდსის პრევენციის საკითხებზე და იმუშავებენ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების ცნობიერების ამაღლებაზე“